7.27.2014

კონტროლი და მიღწევის მოთხოვნილება

წარმატების 365 დღე
65–ე დღე
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი უ.გლასერის თანახმად ადამიანს აქვს კონტროლის მოთხოვნილება: ადამიანი მით უკეთ გრძნობს თავს, რამდენადაც აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას; მას ეუფლება საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების განცდა, თუკი გრძნობს, რომ დაკარგა კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე ან მოექცა სხვისი კონტროლის ქვეშ.  ფსიქოლოგმა როტერმა შემოიტანა „კონტროლის ლოკუსის ანუ ადგილის“ ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრებისადმი კონტროლის წყარო მისი „ადგილმდებარეობის“ მიხედვით ორ ნაწილად იყოფა: 1) კონტროლი, რომლის წყარო გარეგანი მოვლენებია. მაგალითად, ჩვენში ბევრი თვლის, რომ მათი ცხოვრება ხელისუფლებასა და ქვეყანაში არსებული მოვლენებითაა მთლიანად განსაზღვრული, კონტროლი მოდის სხვა ადამიანებიდან, ბანკებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საერთაშორისო ურთიერთობებიდან და პროცესებიდან და ბოლოს ბუნების მოვლენებიდან. ეს არის ე.წ. გარე განპირობებულობის თვალსაზრისი. ამ პოზიციის უკიდურესი გამოვლენაა, როცა ადამიანი გარემოებათა მსხვერპლის როლში მოიაზრებს საკუთარ თავს. ამ კატეგორიის ადამიანებს ექსტერნალებს უწოდებენ, რადგან მათი კონტროლის ადგილი ანუ ლოკუსი მათი პიროვნების გარეთაა. უკიდურესი ექსტერნალური პოზიცია გამოხატავს იმას, რომ ადამიანს საკუთარი თავის კონტროლისა და მართვის სადავეები ხელთ არა აქვს. ეს იმითაა მომგებიანი, რომ პასუხიმგებლობას საკუთარი თავიდან იცილებს და სხვებზე გადაამისამართებს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთიდან ამგვარ თავისუფლებას თავისი საზღაური აქვს.  საზღაური კი ის არის, რომ ექსტერნალები რახან გარე ძალების კონტროლს ქვეშ იმყოფებიან და მათზე არაფერია დამოკიდებული, განწირული არიან განიცდიდნენ სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას, აწუხებდეთ უძილობა და სხვადასხვა ფსიქოსომატური აშლილობები; ისინი ხშირად განიცდიან ჩიხში ყოფნას და გარემოებათა მსხვერპლობის გრძნობას; ასეთი გარე განპირობებულობის გამო მათ უყალიბდებათ ე.წ. შეძენილი უსუსურობის ან უმწეობის სინდრომი; ხშირად ეს ქმნის ხელჩაქნეულობისა და წარუმატებლობის ფსიქოტიპს; ექსტერნალი წარმატების მიღწევის ნაცლად იმედს იღბალსა და გამართლებაზე ამყარებს; 2) კონტროლის მეორე წყარო თვითონ პიროვნების შინაგან სამყაროშია, „მე“ თვითონ აკონტროლებს და მართავს საკუთარ ცხოვრებას. ამით მაღლა იწევს რწმენა საკუთარ ძალებში, იზრდება თვითპატივისცემისა და ღირსების გრძნობა,  იზრდება მიზანდასახულობა, ადამიანი ცდილობს თვითონ განაგოს საკუთარი ცხოვრება და დაგეგმოს მომავალი წარმატება, იზრდება ბედნიერების ინდექსი. კონტროლის ეს სახეობა ინტერნალური ლოკუსის სახითაა ცნობილი. მასაც აქვს თავისი საზღაური: უკიდურესი ინტერნალი შეიძლება განიცდიდეს ჰიპერტროფირებული ბრალეულობის გრძნობას და გადამეტებულად იღებდეს პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების ტვირთს საკუთარ მხრებზე, რამაც იგი შეიძლება დეპრესიაში შეიყვანოს. საბედნიეროდ სუფთა ინტერნალი და სუფთა ექსტერნალი ნაკლებად გვხვდება, ადამიანთა უმეტესობას ექსტერნალობისა და ინტერნალობის თვისებები ნარევი სახით აქვთ მოცემული.
არც ექსტერნალობაა  და არც ინტერნალობა არ არის თანშობილი და გენეტიკურად განპირობებული თვისება. კონტროლის ლოკუსის თუ რა თავისებურებები ექნება ადამიანს განსაზღვრულია სოციალიზაციისა და აღზრდის პროცესით. ერთი კი ცხადია: წარმატებების მიღწევა იმ ადამიანთა ხვედრია, ვინაც თვითონ და საკუთარი ძალისხმევით აკონტროლებს თავის ცხოვრებას. ეს კი ინტერნალური ლოკუს–კონტროლის თვისებიდან მომდინარეობს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ წარმატებით გაართვათ თავი ჯანმრთელობის პრობლემებს, გარდა ექიმისა და მედიკამენტების მოძიებისა შეეცადეთ გაარკვიოთ რა ქმედებებს უნდა მიმართოთ, რათა საკუთარი ძალისხმევით დაძლიოთ დაავადება. თუკი ფინანსების სფეროში გაქვთ პრობლემები, დაუშვით, რომ ამ ფინანსური დაბრკოლების მოხსნა თქვენზეა მთლიანად დამოკიდებული და დაჟინებით ეძებეთ ის ქმედებები, რაც ამ ამოცანას გადაგაწყვეტინებთ. თუკი თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნებებთან აგერიათ ურთიერთობები, ნაცვლად მათთვის გადაბრალებისა ისევ და ისევ თქვენს საკუთარ თავში შეეცადეთ იპოვოთ ურთიერთობის გაუმჯობესების გზები. თუ სამუშაო ვერ გიპოვიათ, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად აკეთოთ აპელირება თუ რა მძიმე ვითარებაშია ეკონომიკა და ქვეყანა, თუ რა ულმობლები დ უსამართლონი არიან დამსაქმებლები, გაანალიზეთ საკუთარი ქმედებები სამუშაოს მოძიებისას, ინტერვიუს გავლისას, ტესტების შევსებისას, მოიფიქრეთ ახალი გზები და განავითარეთ თქვენივე კომპეტენციები ან უნარ–ჩვევები. მაგრამ შინაგანი ლოკუს–კონტროლის შესამუშავებლად ყველაზე ნაყოფიერი გზა არის პრობლემურ სიტუაციებში (პრობლემებს კი წარამარა ვეჯახებით) საკუთარი თავს რეგულარულად დაუსვათ შემდეგი ეფექტური კითხვები:
·         თუკი დავუშვებთ, რომ ყველაფერი ჩემზევეა დამოკიდებული, რა უნდა ვაკეთო, რომ მე თვითონვე გადავწყვიტო მოცემული პრობლემა?
·         რა არის ჩემზე დამოკიდებული და რა გავაკეთო, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა თუ 100%–ით არა, 70%–ით მაინც ჩემზე იყოს დამოკიდებული?
თუ გნებავთ იყოთ წარმატებული და ბედნიერი, თქვენს ცხოვრებაზე კონტროლი თქვენს ხელთ აიღეთ. როგორც ინტერნალური, ისე ექსტერნალური ლოკუს–კონტროლის დროს ყველაფერი ჩვენი აზრებიდან იწყება: ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენივე აზრები. რასაც ვფიქრობთ სიტუაციაზე და როგორც ვფიქრობთ მასზე, სწორედ ეს ფიქრები წარმოშობენ იმ გრძნობებს, რომლებიც განაგებენ ჩვენს ქცევებსა და ქმედებებს. თვითკონტროლი, ემოციათა და ქმედებათა თვითმართვა იწყება საკუთარი აზრების მართვითა და კონტროლით. როგოც იტყვიან, „ვერავინ გაიძულებთ თავი იგრძნოთ დამცირებულად, თუკი ამის თანხმობა თვითონ არ მიეცით სხვას“. რახან ყველაფერი კონტროლის ხელიდან გასხლტომიდან მომდინარეობს, არსებობს ორი გზა კონტროლი განახორციელოთ სიტუაციაზე, რომელსაც მიჰყავხართ სტრესამდე ან უსიამოვნებამდე. პირველი გზაა რაიმე მოიქმედო, რათა ცვლილებები  შეიტანო სიტუაციაში. ამისათვის საჭიროა ახლებურად მოიაზრო იგივე სიტუაცია, განსხავებული საზრისი ჩასდო მასში, სხვა კონტექსტში ჩართო იგი, შეუცვალო მას ჩარჩო და ახალ კალაპოტში წარმართო ქმედებები.  მეორე გზაა გახვიდე ამ უკონტროლო სიტუაციიდან, განერიდო მას. კონტროლის არ ქონის სიტუაციის მიტოვება და მისგან განრიდება შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ კონტროლი აიღო იმაზე, რისი მართვაც ძალგიძს. ამით კი ხელახლა აღადგენთ კოტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.
ნაბიჯ–ნაბიჯ აიღეთ კონტროლი და პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებსა, გრძნობებსა და ქმედებებზე და მიღწევათა სულისკვეთებაც გაძლიერდება!


Комментариев нет :

Отправить комментарий