4.14.2014

ოცნება–რეალობა–კრიტიკა ანუ უოლტ დისნეის წარმატების სტრატეგია

წარმატების 365 დღე       
22–ე დღე 
ცხადია, ყველას გვსმენია ლეგენდარული უოლტ დისნეის შესახებ: გენიალური მულტიპლიკაციური ფილმების ინდუსტრიის მამა, დისნეი–ლენდის შემქმნელი, რომელმაც აშშ–დან სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა (მე , მაგალითად, ტოკიოში ვეწვიე იქაურ დისნეი–ლენდს), დიდი ბიზნესმენი და ხელოვანი. მაგრამ ალბათ, ძალზე ცოტამ თუ იცით, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული წარმატების მიღწევის ერთი ტექნოლოგია, რომლის სახელწოდება შეიძლება ასე დავაფორმულიროთ –  მეოცნებე–რეალისტი–კრიტიკოსი. უ. დისნეი თვლიდა, რომ ყველა შემოქმედებით და წარმატებულ პიროვნებას ან ადამიანთა ჯგუფს აქვს სამი ნაწილი: მეოცნებე, რეალისტი, კრიტიკოსი. მეოცნებე ნაწილის ფუნქციაა შექმნას „ტვინის შტურმითა“ თუ სხვა საშუალებებით ფანტასტურ იდეათა კასკადი, დაახვავოს რაც შეიძლება მეტი ისეთი შემოქმედებითი იდეა, რაც ოცნებებისა და ფანტაზიის სფეროა; რეალისტი ნაწილის ფუნქციაა –  რეალობის პრინციპიდან (ზ. ფროიდის ტერმინოლოგიით) გამომდინარე მოხაზოს ის რეალური პირობები, რესურსები  თუ გარემოებები, რაც ხელს უწყობს ან ხელს უშლის ოცნებების ახდენას, მათ ცხოვრებაში რეალურ გატარებას; ხოლო კრიტიკოსი ნაწილის ფუნქციაა – წამოაყენოს კრიტიკული არგუმენტები როგორც ოცნებათა მიმართულებით, ისე მათი ცხოვრებაში რეალურად გატარების ხერხების მიმართ ანუ კრიტიკა წარიმართება როგორც მეოცნებე ნაწილის, ისე რეალისტური ნაწილის მისამართით. უ.დისნეი რაიმე ამოცანის გადაწყვეტის დროს თავის თანამშრომელთა ერთ ნაწილს ანიჭებდა მეოცნების როლს, მეორეს – რეალისტისა, ხოლო მესამეს კრიტიკოსის როლს. ადამიანთა ეს სამი ჯგუფი თავიანთი როლური პოზიციებიდან გამომდინარე ერთმანეთთან დისკუსიისა და იდეების ან არგუმენტების ურთიერთგაცვლის შედეგად აგნებდა პრობლემათა გადაწყვეტის ყველაზე შემოქმედებით, რეალისტურ და კონკურენტუნარიანი იდეებს. ამის საფუძველზე უ.დისნეი და მისი თანამშრომლები ღებულობდნენ შებამის ეფექტურ გადაწყვეტილებებს. თქვენ ეს მეთოდი შეგიძლიათ თქვენს პირად ცხოვრებაში გამოიყენოთ: ჯერ ააგეთ ოცნებათა კოშკები; შემდეგ დაძებნეთ ამ ოცნებათა განხორციელების რეალური გზები; ხოლო ამის შემდეგ, კრიტიკულად შეხედეთ როგორც ოცნების საგანს და ღირებულებებს, ისე მისი განხორციელების რეალურ გზებსა და საშუალებებს. სცადეთ, აუცილებლად გამოგივათ: ამოდენა გენიოსმა ხომ თქვენთვისაც შეიმუშავა ეს საინტერესო ინსტრუმენტი! დააკვირდით რა მოხდა ქართულ სინამდვილეში: ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ახდენის სლოგანით მოვიდა ხელისუფლებაში თავის გუნდთან ერთად, ხოლო ახლა დგება დრო ამ ოცნებათა რეალიზაციის რელური გზები გაიკვალოს და კრიტიკული დამოკიდებულების საფუძველზე კეთილდღეობის დონის ამაღლების კონკურენტუნარიანი იდეები დაინერგოს.
ბოლოს აქაც მინდა ამ მეთოდის იდეურ საწყისებზე ვთქვა ორიოდე სიტყვა. აქაც პირველ რიგში ძია ზ.ფროიდის ფსიქოანალიზი მახსენდება. ამ მოძღვრების თანახმად ხომ პიროვნებაში 3 ინსტანცია გამოიყოფა: არაცნობიერი („იგი“), ცნობიერი („ ეგო“) და ზე–ცნობიერი („სუპერ–ეგო“). ასევე მახსენდება ცნობილი ტრანზაქციული ანალიზის ავტორი ერიკ ბერნე, რომელმაც პიროვნებაში  როგორც სხვა პიროვნებებთან ურთიერთობაში ჩართულ არსებაში გამოჰყო ასევე სამი პოზიცია: მშობლის, ზრდასრულისა და ბავშვის პოზიციები. ე. ბერნემ პიროვნებათაშორისი ურთიერთობები განიხილა თამაშის პრინციპზე და აღმოაჩინა 200–ზე მეტი ტრანზაქციული თამაში; ცნობილმა ამერიკელმა მწერალმა ჯონ აპდაიკმა ტრანზაქციულ კონცეპციაზე დაყრდნობით თქვა, რომ მწერალთა მთელ თაობებს ეყოფათ რომანების საწერად თამაშთა სიუჯეტური ხაზის ის სახეები, რაც ასე უხვად აღწერა ე. ბერნემ. ოდესმე, თუ დრო მექნა და თუ დაინტერსებაც იქნა, შეიძლება ამ კონცეპციის შესახებაც მოგიყვეთ. ახლა კი, გმადლობთ!!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



4.10.2014

დრო და მისი მართვა: დრო მეგობარია

წარმატების 365 დღე
29–ე დღე
 „დრონი მეფობენ და არა მეფენი“–ო, ნათქვამია. მაგრამ მაინც შესაძლოა დროის მენეჯმენტი. დროის დასტრუქტურების თვალსაზრისით ბევრნაირ ბლოკნოტებს და ორგანაიზატორებს შეხვდებით. მაგრამ მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო დროის მენეჯმენტის ერთ ფრიად სასარგებლო ინსტრუმენტზე.  დროის ადექვატურ მენეჯმენტში მთავარია იმოქმედოთ პრიორიტეტების გამოყოფისა და მათთვის უპირატესობის მინიჭების პრინციპით და ამასთან ერთად დრო კარგად გადაანაწილოთ ოპერატიულდ ანუ სწრაფად   და ნელი ტემპით გასაკეთებელი საქმეებისათვის. დავყოთ გასაკეთებელი საქმეები მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით ორად: 1) ფრიად მნიშვნელოვანი საქმეები და 2) ნაკლებ მნიშვნელოვანი ანუ მეორეხარისხოვანი საქმეები. საქმეთა გაკეთების დროითი განზომილება ასევე ორად დავყოთ: 1)სწრაფად, ოპერატიულად ანუ გადაუდებლად გასაკეთებელი და 2) მდორე ტემპით, ნელ–ნელა გასაკეთებელი საქმეები.  თუკი ამ მოცემულობების ცხრილს ავაგებთ, მივიღებთ დროისა და მნიშვნელობის მიხედვით გასაკეთებელი საქმეების 4 ვარიანტს:
1.      ფრიად მნიშვნელოვანი და თანაც სასწრაფოდ გასაკეთებელი საქმე;
2.      ფრიად მნიშვნელოვანი, მაგრამ დროში გაწელილად, დიდი ხნის განმავლობაში ნელ–ნელა გასაკეთებელი საქმე;
3.      მეორეხარისხოვანი და თანაც სწრაფად, ოპერატიულად გასაკეთებელი საქმე;
4.      მეორეხარისხოვანი და თანაც დროში გაწელილად, დიდი ხნის განმავლობაში ნელ–ნელა გასაკეთებელი საქმე;
შესაძლოა თქვენ მიმდინარე მეორეხარისხოვან საქმეებს მეტ ყურადღებას უთმობთ, ვიდრე იმას, რაც თქვენი თვითრეალიზაციისათვის მნიშვნელოვანია; ისიც შესაძლოა, პირიქით, იმდენად ჩაფლული ხართ თქვენს არსებით და ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში, რომ ბევრი რამ, რაც მიმდინარე მომენტს ეხება, საერთოდ ამოვარდნილია თქვენს ცხოვრებაში; არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ არსებითსაც ასწრებთ და შედარებით მეორეხარისხოვანი საქმეებიც არ გრჩებათ უყურადღებოდ; მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ იმდენად ქაოტურად ხართ გაბლანდული ყველაფერში, რომ სულ ჩქარობთ, მაგრამ არც მნიშვნელოვანი  და   არც მიმდინარე მეორეხარისხოვანი საქმეები არ გაქვთ მოგვარებული. დრო არ არის თქვენი მტერი, იგი თქვენი მეგობარია, ოღონდ ერთი პირობით:
·         თუკი პრიორიტეტებს დაააგებთ გასაკეთელ საქმეთა მნიშვნელობის ხარისხის მიხედვით და თუკი ისე ააგებთ  დროით გრაფიკს, რომ პირველ რიგში გააკეთებდით იმას , რაც ერთდროულად ფრიად მნიშვნელოვანიცაა და სასწრაფოც;
·         თუკი ფრიად მნიშვნელოვანი საქმე დროში გაწელილად და ნელ–ნელა ხორციელდება და თუკი ყოველდღიურად გამოყოფილიც გაქვთ სათანადო,თუნდაც შედარებით მცირე დრო ამ ფრიად მნშვნელოვანი საქმისათვის;
·          თუკი მეორეხარისხოვან ოპერატიულად გასაკეთებელ საქმეებს მხოლოდ მაშინ მიეძალებით, როცა  ამით არ ზიანდება არც სწრაფად და არც ნელა გასაკეთებელი ფრიად მნიშვნელოვანი საქმენი;
·         თუკი მეორეხარისხოვანი, მაგრამ ნელა გასაკეთელ საქმეებისთვის თავისუფალ შუალედებში გამოყოფდით დროს.
იმეგობრეთ დროსთან და დროც თქვენზე იმუშავებს!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.







საღამოსეული გამაძლიერებელი კითხვები

წარმატების 365 დღე
28–ე დღე
წარმატებული ცხოვრებისათვის სრულიად აუცილებელია შეიძინოთ ყოველი დღის ბოლოს მთელი განვლილი დღის შეჯამების ჩვევა. გახსოვთ დიდი ილიას შეგონება, რომ დღის ბოლოს თქვენს თავს უნდა ჰკითხოთ: „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“ ჩამოვთვლი საღამოს ჟამისათვის ყველაზე სასარგებლო და გამაძლიერებელ კითხვებს:
·         „აბა, დღეს მე ვის რა ვარგე?“ რა მომიტანა დღევანდელმა დღემ და რა მოვუტანე დღეს მე ჩემს ახლობლებს, საზოგადოებას ადამიანებს? რა არის ჩემი დღევანდელი წვლილი ამ ცხოვრებაში?
·         რა ვისწავლე დღეს? რა გავაკეთე განსხვავებულად და სასარგებლოდ? რით გამდიდრდა ჩემი გამოცდილება?
·         დღეს რით აიწია მაღლა ჩემი ცხოვრების დონე? რანაირად გამოვიყენებ დღევანდელი დღის შედეგებს ჩემი მომავლის უკეთ აგებაში?
ამ სამი კატეგორიის კითხვას შეგიძლიათ დაამატოთ დილის გამაძლიერებელი კითხვებიც (იგი მოტანილია 27 დღის სავარჯიშოში), რაც კიდევ ეფრო გაზრდის პოზიტიურად თვითდაპროგრამირების პროცესს. თუკი ამ ფიქრებით გაეშურებით ძილისაკენ, წარმოგიდგენიათ რა ძალით გააგრძელებს შემდგომში ძილი ამ პოზიტიური აზრების გაღრმავებას? მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ისედაც წარამარა ვაპროგრამებთ საკუთარ თავს; არ სჯობია, რომ პოზიტიური და გამაძლიერებელი კითხვებით თვით–დაპროგრამდეთ, ვიდრე დამასუსტებელი და უნიათო კითხვებით?
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



„ეძიებდე და ჰპოვებდე“: გამაძლიერებელი კითხვები.

წარმატების 365 დღე
26–ე დღე
კითხვები ცნობიერების ლაზერული შუქია და მას დიდი ძალა აქვს.   „ეძიებდე და ჰპოვებდე“ – გახსოვდეთ ეს ბიბლიური გამონათქვამი: კითხვები ძიებას გამოხატავს, რაც პასუხს გაპოვნინებს (აქ ისიც მინდა გავიხსენო, რომ არსებობს ამ ბიბლიური ფორმულის 2 ანტითეზა, რომელთაგან ერთი ეკუთვნის ფრანც კაფკას და მეორე პიკასოს; ფრანც კაფკა: “ეძიებდე და ვერ ჰპოვებდე“. პიკასო: “მე არ ვეძებ, მე ვპოულობ“).   ისიც ცნობილია, რომ კაცობრიობის ყოველი პროგრესული მოვლენის ძირი თვისობრივად ახალი კითხვების დასმასა ან ძველი კითხვების ახლებურად დასმაშია. ბავშვები მართლაც საოცარი ოსტატები არიან კითხვების დასმაში და ამიტომაც ესოდენ სწრაფია ზრდასრულებთან შედარებით მათი განვითარების ტემპები.  ბავშვების მიერ დასმული კითხვები უმეტესწილად გამაძლიერებელი კითხვებია.  დღეს სწორედ გამაძლიერებელ კითხვებს შევეხებით. გამაძლიერებელია ის კითხვები, რომლებიც წამახალისებელია და შეიცავენ ახლებურად მოქმედების სტიმულს, ქმნიან ახლებურ ხედვებს და მიდრეკილნი არიან პრობლემის ნაღდ გადაწყვეტაზე და არა პრობლემის მიჩუმათებაზე.
მთავარი პრინციპი გამაძლიერებელ კითხვებში არის ის, რომ კითხვის მეოხებით ნეგატივი უნდა შეიცვალოს პოზიტივით. ამდენად სასურველია ხშირად დასვათ კითხვა: „რა არის ამაში ყველაზე მაგარი? დიდებული? ყველაზე ფანტასტური?“ და სხვა...(რაგინდ მიუღებელიც არ უნდა ჩანდეს თქვენთვის ესა თუ ის სიტუაცია). ან კიდევ: „ როგორ შეიძლება გამოვიყენო შექმნილი ვითარება?“ (რაგინდ უსარგებლოცა და უვარგისი არ უნდა ჩანდეს სიტუაცია). თქვენი ტვინი, რომელიც თქვენი განუსაზღვრელი სიძლიერის მენტალური კომპიუტერია, მზადაა ყოველთვის გემსახუროთ. რაგინდ კითხვებიც არ უნდა დაუსვათ მას, იგი აუცილებლად მოგართმევთ შესაბამის პასუხს. თუ  დასვამთ უვარგის კითხვას – „რატომ უნდა მეჭიროს თავი მაგრად?“, მიიღებთ შესაბამის უვარგის პასუხს (მაგალითად, „თუ მაგრად დავიჭერ თავს, ხალხს ეგონება კარგად ვარ და არ ამომიდგებიან მხარში“). მაგრამ თუ დაუსვამთ თქვენს თავს კითხვას „ როგორ შეიძლება შექმნილი მძიმე მდგომარეობა გამოვიყენო ჩემთვის სასარგებლოდ?“, მაშინ ავტომატურად წახვალთ პრობლემის გადაწყვეტის მიმართულებით. მოდით ჩამოვთვალოთ კითხვები, რომლებიც გაგაძლიერებთ პრობლემის სწორედ რომ გადაწყვეტის ( და არა პრობლემის პრობლემად დატოვების და მისი დაგროვების) მიმართულებით.
·         რა არის ამ პრობლემაში მაგარი? დადებითი?
·         რა არ არის კარგად გაკეთებული და რისი გაუმჯობესება შეიძლება?
·         რის გაკეთებას მოვისურვებდი ამ სიტუაციაში, რათა ისე გამომივიდეს ყველაფერი, როგორც მე მინდა?
·         როგორ შემიძლია ეს არახელსაყრელი სიტუაცია ისე გამოვიყენო, რომ სწორედ ამან მიმიყვანოს ამ პრობლემის გადაწყვეტამდე?
·         როგორ შემიძლია ვისიამოვნო და გავიხარო იმის კეთებით, რაც სრულიად აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღწევად?
პრობლემის გადასაწყვეტად ეს კითხვები უმჯობესია, ვიდრე „რა მეშველება“, „რაღა მაინცადამაინც მე შემემთხვა?“, „რა იყო ამის მიზეზი ან ვისი და რისი ბრალია?“, „ყველას ასე მოსდის?“, „ხალხი რას იტყვის?“ და სხვა ამგვარი; ეს უკანასკნელნი პრობლემას კი არ წყვეტენ, არამედ მას აღრმავებენ ან, სულ ცოტა, ინახავენ მაინც. ზოგიერთ ადამიანს, ალბათ, პრობლემების დაგროვება უფრო ეხერხება ან აწყობს კიდეც, ვიდრე პრობლემათა  გადაწყვეტა. რას იზამ? თქვენ რას ირჩევთ, ჩემო მკითხველო?
ცოტა რამ ემოციათა მართვაზე, რაზეც შემდგომ დღეებში უფრო ვრცლად გვექნება საუბარი. დადექით ცუდ ხასიათზე ან მთელი დღე მძიმე ფიქრები შემოგესიათ? გადართვის საუკეთესო საშუალებაა კითხვები: რა არის ჩემი ტკბილად მოსაგონარი დღეები? კიდევ რომელი დღე შეიძლება გავიხსენო, როგორც წარმატების მიღწევით გახარების დღე?  ვისი მადლიერი შეიძლება ვიყო? რითი ვარ მადლიერი? რით ვარ ბედნიერი დღეს? როგორ შემიძლია ჩემს თავს ბედნიერად ვაგრძნობინო თავი? ვინ შემიძლია და რით შემიძლია გავაბედნიერო? ვის მივანიჭე სიხარული?  ამდაგვარ კითხვებს შეუძლია ყურადღების ფოკუსი შეცვალოს და შესაბამისად უკეთესი  ემოციური მდგომარეობა გამოიწვიოს.    
თუ თქვენ გინდათ დაიკლოთ წონაში, ხომ არ უსვამთ თქვენს თავს შემდეგ უსარგებლო და უშედეგო კითხვებს: “ რა მასუქებს ყველაზე უფრო? რა ტკბილეული ან კალორიანი კერძი არ უნდა მივიღო არავითარ შემთხვევაში?“.  ამას სჯობია დასვათ შემდეგი გამაძლიერებელი კითხვები: „ რა საკვებია ჩემთვის მართლაც სასარგებლო?“; ”რა არის ჩემთვის სრულიად სამყოფი საკვების ოდენობა?“; „რა მსუბუქი და გემრიელი კერძი შეიძლება მივირთვა, რაც მომცემს საკმაო ენერგიას?“; „ეს კერძი გაწმენდს ჩემს კუჭ–ნაწლავს თუ კიდევ უფრო დაანაგვიანებს?“. თუკი ბევრის ხარბად შეჭმის ცდუნების წინაშე დგახართ, დასვით კითხვები: „რა არის ის გარდაუვალი საზღაური, რასაც ახლა უკვე ვიხდი იმით, რომ ცდუნებას ავყევი? თუკი ამ ცდუნებას ავყევი, ხომ არ დადგა დრო უარი ვთქვა წონის დაკლების მიზანზე?“. მართალია ვინმე მეტყვის, რომ მარტო კითხვების დასმა არ შველის ამ საქმესო, და მეც დავეთანხმები, მაგრამ იქვე გავუმეორებ, რომ გამაძლიერებელი კითხვების დაბეჯითებით და რეგულარულად დასმა გააძლიერებს არსებულ გადაწყვეტილებასა და მიზანდასახულობას, ხოლო ეს უკანასკნელი საქმეს მაინც ლოგიკური სასრულისაკენ წაიყვანს.
იმუშავეთ თქვენს თავზე გამაძლიერებელი კითხვებით და ღმერთი გაგაძლიერებთ!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ  მომწეროთ nodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



განთავისუფლდით დამასუსტებელი კითხვებისაგან!

წარმატების 365  დღე                                                                                                25–ე დღე                                                                                                                                                                 
აზროვნება კითხვების დასმისა და პასუხების გაცემის პროცესია. მეთანხმებით? ჩვენ წამდაუწუმ ვფიქრობთ და ამდენად სხვას ან თავისთავს განუწყვეტლივ ვუსვამთ კითხევებს. კითხვების ერთი ნაწილი არკვევენ ან შეაფასებენ მოვლენებს („რა არის ეს?“ ან “როგორ მოხდა ეს?“), ან დაუშვებენ რაღაც შესაძლებლობას ან კიდევ უარყოფენ რაიმის შესაძლებლობას („როგორ არის ეს შესაძლებელი?“, „რა შეიძლება მოხდეს?“  ან „რა არ შეიძლება მოხდეს?“), ან კიდევ მიუთითებენ რაღაც გადაწყვეტილებას ან მოქმედებას („რა უნდა გავაკეთო?“). რასაც არ უნდა ეხებოდეს კითხვები, ისინი შეიძლება დაიყოს კიდევ ორ ჯგუფად: 1) დამასუსტებელი კითხვები, რომლებიც ასუსტებენ ადამიანს, უქვეითებენ სტიმულირებას, კიდევ უფრო ჩაფლობენ მას გაჭირვებისა და უსუსურობის ჭაობში; და  2) გამაძლიერებელი კითხვები, რომლებიც იძლევიან ახალ ძალებსა და შეიცავენ ახალ მასტიმულირებელ იმპულსებს, ადამიანები გაჰყავთ ახალი გამოწვევების მიღებისა და პრობლემათა დაძლევისაკენ. დღეს მხოლოდ დამასუსტებელი კითხვების ნუსხას მოგცემთ და მათგან განთავისუფლების გზას მივუთითებ.
დამასუსტებელი კითხვები:
1) რაიმე გვეშველება? სადაა გამოსავალი? და სიტუაციის გამოუსავლობის სხვა ამგვარი დამაფიქსირებელი კითხვები;
 2) რაღა მაინცადამაინც მე შემომეყარა? რაღა მანდამაინც ახლა მოხდა? რატომ მოხდა ასე? ხომ შეიძლება სხვანაირად მომხდარიყო? და სხვა ამგვარი ვითომდაც მიზეზების მაძიებელი, რეალურად კი უნაყოფო ყოყმან–ჩივილ–წუწუნის აღმნიშვნელი კითხვები;
3)   ეს უბედურება კიდევ განმეორდება? რა იქნება, რომ არ შეწყდეს? უფრო უარესი ხომ არ მოხდება? და სხვა ამგვარი კატასტროფების მომლოდინეობის და წინასწარმეტყველების კითხვები;
4) ვინაა დამნაშავე, ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ამისთანა რა ჩავიდინე? როგორ მომივიდა ეს? და სხვა ამდაგვარი ბრალეულობის საძიებო კითხვები;
5) ვის შევჩივლო? რატომ ვერავინ ვერ მიგებს?  და სხვა ამდაგვარი კითხვები, სადაც უკიდურესად განზოგადოებულია მარტოსულობა;
6) სადაა სამართალი? რატომ არ მწყალობს ბედი? და სხვა, როცა პიროვნების მიერ არანაირად კონტროლირებადი აბსტრაქტული ძალებია მითითებული, როგორც პირადი უძლურების ან გაჭირვების წყარო;
 7) ნეტავ, ვინმე ოდესმე მხარში ამომიდგება? რატომ არიან ადამიანები ასე გულგრილები (ბოროტები, გულღვარძლიანები, შურიანები......)? და სხვა კითხვები, სადაც გააბსოლუტებულია ცხოვრების ნეგატიური მხარეები, თითქოსდა არავითარი პოზიტივი არ არსებობდეს;
8) რა აზრი აქვს ამის და ამის გაკეთებას, თუკი მაინც არაფერი გამოვა? ეს და ეს რომ ვცადო, რაიმე გამომივა? და სხვა პესიმიზმისკენ მაბიძგებელი ან საკუთარი უძლურების დამადასტურებელი კითხვები.
ყველა აქ ჩამოთვლილი კითხვათა ტიპები ნეგატიური აზროვნების ნიმუშებია, სადაც „არა“, „შეუძლებლობა“, „უსუსურობა“, „სიტუაციის გამოუსავლიანობა“, „ მოვლენებზე არავითარი კონტროლის არ–ქონა“ და ჯამში კი თვით–გაუცხოების ან თვით–ნგრევის ტენდენცია წინა პლანზეა წამოწეული.  ჩვენში ადამიანთა დიდ ნაწილს ამდაგვარი აზროვნების სტილი ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი; ამას ისინი იმითაც კი აძლიერებენ, რომ ჩავარდებიან უსაშველოდ პოლიტიზირების ჭაობში, ახალი მხსნელის, ლიდერისა თუ მესიის ძიების პროცესში, რითაც საფუძველს უყრიან კიდევ ახალ და უფრო მძაფრ იმედ–გაცრუებებს.
მოგიწოდებთ განთავისუფლდეთ ნეგატიური აზროვნებისა და დამასუსტებელი კითხვების მავნე ჩვევისაგან. არსებობს საკუთარ თავზე მუშაობის ორი გზა, რითაც შეიძლება ამ მავნე ჩვევისაგან განთავისუფლება. პირველი გზაა: როგორც კი შემოფრინდება ტვინში ჩვეული ნეგატიური კითხვა ( მაგალითად, „რა მეშველება?“ ან სხვა ბევრი ზემოთჩამოთვლილი), იმწუთსავე გადაისროლეთ იგი თქვენი ტვინიდან, როგორც კომპიუტერში გადაისვრით რაიმე არასაჭირო ფაილს სანაგვეში. მეორე გზაა უარმყოფელის უარყოფის გზა: თქვენ ეს ნეგატიური და რაღაცის უარმყოფელი კითხვა უნდა უარჰყოთ იმგვარად, რომ ეჭვის ქვეშ დააყენოთ ამ კითხვაში მოცემული ვითარება. მაგალითად, კითხვა „რა მეშველება?“ შეგიძლიათ გაანეიტრალოთ, თუ საკუთარ თავს დაუსვამთ შემხვედრ კითხვას: „ნუთუ არ არის საშველი იმის, რომ მე აღარ დავსვა კითხვა რა მეშველება?“  ან მაგალითად, თავში მოგივიდათ კითხვა: „რა აზრი აქვს ამის და ამის გაკეთებას, თუკი მაინც არაფერი გამოვა?“– შეაგებეთ ნმას გამანეიტრალებელი კონტრ–კითხვა: „კი მაგრამ, რა აზრი აქვს იმას, რომ არაფერი არ გავაკეთო, რათა არაფერი არ გამომივიდეს?“ ან კიდევ, მაგალითად, თავში ამოტივტივდა ჩვეული კითხვა: „რატომ ვერავინ ვერ მიგებს?“ – შეაგებეთ მას შემხვედრი კითხვა: “რატომ არ მესმის, რომ მეც ყველას ვერ ვუგებ?“ ან კიდევ “მე თვითონ როგორ შევძლებ, რომ ყველას ყოველთვის გავუგო?“ მე პრინციპები ჩამოგითვალეთ, დანარჩენი თქვენ თვითონ მოიფიქრეთ. შემდეგში კი შევეხებით გამაძლიერებელ კითხვებს.
განთავისუფლდით დამასუსტებელი კითხვებისაგან და მოიცილებთ სისუსტეებსა და უსუსურობას!!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.





კითხვების მაგიური ძალა ანუ წარმატებული აზროვნების ძირითადი წყარო


წარმატების 365 დღე
24–ე დღე
სოკრატე გენიალურად უსვამდა თავის მოსწავლეებს კითხვებს და სწორი კითხვების დასმით მოსწავლეები თვითონ მიდიოდნენ ჭეშმარიტებამდე. ამიტომაც სოკრატეს ფილოსოფოსობა იმაში მდგომარეობდა, რომ იგი დააბადებინებდა მოსწავლეს სწორ იდეას კითხვების დასმის მეოხებით. ამაზე აიგო სოკრატეს მოსწავლის პლატონის გენიალური დიალოგები, რომელიც თვლიდა, რომ შემეცნება გაკვირვებით იწყება, ხოლო გაკვირვება კითხვების დასმას გულისხმობს. ანეკდოტურ ამბავს ჰყვებიან დიდი არისტოტელეს გენიალური მოსწავლის ალექსანდრე მაკედონელის შესახებ. მან აისრულა ოცნება და მიაღწია ინდოეთს. როგორც ფრიად განსწავლული კაცი, ალექსანდრე მაკედონელი ეცნობოდა ყველა დაპყრობილ ქვეყნებში იქაურ სიბრძნეს და ბრძენებს. ინდოეთშიც გასცა ბრძანება, რომ მოეყვანათ მასთან აქაური ბრძენები. მიიყვანეს სამი ინდოელი. ალექსანდრემ ჰკითხა:“ რაში მდგომარეობს თქვენი სიბრძნე?“; ინდოელმა ბრძენებმა უპასუხეს: „ჩვენ გვაქვს პასუხი ყველა კითხვაზე, რაც კი შეიძლება დაისვას“–ო. ალექსანდრემ გამოსაცდელად ჰკითხა: „დღე უფრო ადრე იყო ღამე“–ო; ბრძენებმა სხარტად უპასუხეს: „დღე უფრო ადრე იყო , ორი ღამით უფრო ადრე“–ო; ალექსანდრე ჰკითხა: „ეს რა სულელური პასუხი მივიღეო“–ო; ინდოელმა ბრძენებმა უპასუხეს: „რა სულელური კითხვაც დასვი, ისეთივე შესაფერისი სულელური პასუხი მიიღე“–ო. რაც აქამდე ვისაუბრეთ, დაიყვანება ერთ დასკვნამდე: „ სწორ კითხვებს მივყავართ სწორ, ხოლო არასწორ კითხვებს –არასწორ პასუხებამდე“. ამჯერად ა.აინშტეინის სიტყვები მინდა მოვიტანო: „ არ შეწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა – უზარმაზარი რამაა. ადამიანი ყოველთვის წმინდა თრთოლვით ჭვრეტს მარადიულობას, სიცოცხლეს, სამყაროს გასაოცარ აგებულებას. კარგია ისიც, რომ ყოველდღე ვიღაც ცდილობს ამ უზარმაზარი საიდუმლოდან გაიგოს თუნდაც უმცირესი რამ. წლების მსვლელობასთან ერთად არ დაკარგოთ კავშირი წმინდა ცნობისმოყვარეობასთან“. მაგრამ ჩვენ არა მარტო სხვებს ვუსვამთ კითხვებს, არამედ საკუთარ თავსაც. ხშირად ეს ისეთი ელვის სისწრაფით ხდება, რომ ვერც კი ვასწრებთ დაფიქსირებას. ტვინი დიალოგური სისტემაა და საკმარისია დასვათ კითხვა, ტვინი თვითონ ცდილობს მოიპოვოს და მოგაწოდოთ შესაბამისი პასუხი. წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის განსხვავება სწორედ იმაშია, რომ ისინი განსხვავებულ კითხვებს უსვამენ საკუთარ თავს და შესაბამისად სხვადასხვა პასუხებსა და შედეგებს ღებულობენ. თუ თქვენ ისედაც ისე ხართ მოწყობილი, რომ ტვინი მუდმივად (კომპიუტერივით) კითხვა–პასუხის დიალოგურ რეჟიმში მუშაობს, მაშინ ბარემ დაუსვით თქვენს თავს ისეთი კითხვები, რომლებიც წარმატებამდე მიგიყვანთ და არა წარუმატებლობის ჭაობში ჩაფლობთ. ეს ხომ თქვენზეა დამოკიდებული! 25–ე  და 26–ე დღეს ანუ ხვალ და ზეგ ზუსტად იმ კითხვების შესახებ ვისუბრებთ, რაც განვითარებისა და წინსვლისათვისაა განკუთვნილი. მანამ კი განეწყვეთ და შეემზადეთ.
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვებ–გვერდზე www.fdhr.ge  ან მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.





გონების რუქა ანუ წარმატებული აზროვნების კიდევ ერთი ინსტრუმენტი

წარმატების 365 დღე
23–ე დღე
ინგლისელი ბეზანტი გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან ძალიან ბევრს წერს მეთოდზე, რომელსაც „გონებრივი რუქის“ (mind map) მეთოდი ეწოდება. ეს გახლავთ დაახლოებით „ტვინის შტურმის“ (Brain-Storming) მსგავსი რამ; განსხვავება კი იმაშია, რომ აქ იდეები და მათ შორის კავშირები თვალსაჩინო გრაფიკული ან პირობითი ნიშნებით ან ნახატებით გადმოიცემა.  მნიშვნელობა არა აქვს იცით თუ არა კარგად ხატვა ან კარგად გეხერხებათ თუ არა გრაფიკული გამოსახულების ან პირობითი ნიშნების ქაღალდზე გამოსახვა. მთავარია სწრაფი და უშუალო ასოცირება, ისევე როგორც  „ტვინის შტურმის“ დროს. დადგენილია, რომ რაც უფრო მეტი თვალსაჩინოება იქნება გამოყენებული იდეების გენერირებისა და პრობლემათა გადაწყვეტის გზების ძიების დროს, რაც უფრო მეტად იქნება გადმოცემული აზრები და მიზნის მიღწევის საშუალებები არა სიტყვებით, არამედ ნახატებით, გრაფიკებით, სქემებითა და სხვა თვალით დანახვადი და არა ყურით მოსმენადი მასალებით, მით მეტია პრობლემის უფრო ღრმად დანახვის, სწორი გადაწყვეტილების მიღების ან მთელი სააზროვნო მასალის უკეთ დამახსოვრების შანსი. ამიტომაც თქვენც თუ გირჩევნიათ პრობლემის გადაწყვეტა მის გადაუწყვეტ მდგომარეობაში გადანახვას, თუ გირჩევნიათ მიზნის მიღწევა ერთი ადგილის ტკეპნას – გირჩევთ შეიმუშავოთ აზრების ნახატებით–სქემებით–გრაფიკული საშუალებებით–პირობითი ნიშნებით გადმოცემის ჩვევა. სცადეთ ამიერიდან პრობლემა და მიზნის მიღწევის გზა ნახატებით ან პირობითი ნიშნებით ან სქემებით გადმოსცეთ.
·         მაგალითად, აიღეთ ფურცელი, მის ცენტრში ჩახაზეთ წრე, წრის შიგნით რაიმე პირობითი ნიშნით ან ნახატით ან სქემით ჩახატეთ თქვენი თავი უკვე მიზან–მიღწეულ ან უკვე პრობლემა–გადაწყვეტილ მდგომარეობაში;
·         ამის შემდეგ  ამ ცენტრალური წრიდან გამომდინარე ხაზები ისრებით დააკავშირეთ ახალ წრეებთან, ხოლო ეს უკანასკნელნი კიდევ ახალ წრეებთან და ა.შ. ყველა ამ წრეში ჩახატეთ ის, თუ რასთან ასოცირდება ეს წარმატება, რა საშუალებებს გამოიყენებთ მის მისაღწევად, რა შედეგებს გამოიღებენ ისინი, რა რესურსებს მოიხმართ, ვინ დაგეხმარებათ, რა დაბრკოლებების დაძლევა მოგიწევთ, რა ემოციები აღმოცენდებიან – ყველაფერი ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ ნახატებით, გრაფიკული ნიშნებით ან სქემებით გადმოეცით სპონტანურად. აქ მთავარია, თქვენთვის იყოს ეს ნამუშევარი გასაგები; ნუ დაეძებთ იმას, რომ მაინცადამაინც სწორად გადმოსცეს თქვენმა ნახატმა ან სქემამ საქმის ვითარება: მთავარია – თქვენთვის სუბიექტურად ეს იყოს გასაგები და მისაღები. თუ ვინიცობაა საჭიროდ ჩათვალეთ, ცალკე ამოწერეთ ან ნახატს მიაწერეთ ერთი სიტყვით, თუ რა არის აქ გადმოცემული.
·         შეხედეთ ამ ნამუშევარს როგორც თქვენს სუბიექტურ კომპასს მიზნის მიღწევის გზაზე. შეინახეთ იგი და დღეში ერთხელ სულ რამდენიმე წუთით გადახედეთ. თუ საჭირო  იქნა, მიახატეთ მას რაიმე ახალი შტრიხი. შეინახეთ ეს ნამუშევარი მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.
და კიდევ დამატებით ერთი რამ. შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს ახსოვს მე–8 დღის რჩევები ჩვენი პროგრამიდან. იქ მე ცოტა განსხვავებულ კონტექსტში გთხოვეთ დაგეხატათ თქვენი თავი უკვე მიზან–მიღწეულ მდგომარეობაში. და ამის შესახებ გწერდით: „აიღეთ ქაღალდი და ფანქრები, დახატეთ თქვენი ცხოვრება იმ დროში, როცა უკვე მიაღწიეთ მიზანს. ვინ არის თქვენს გვერდით, სად ხართ, რა ხდება ნახატში, რას საქმიანობთ, რა ხასიათზე ხართ, რა პრობლემებს აგვარებთ, როგორია გარემოცვა, რას ფიქრობენ და გრძნობენ ადამიანები? დაარქვით ნახატს: „ჩემი ერთი დღე მიზნის მიღწევის შემდეგ“. შეინახეთ ეს ნახატი, ხშირად დაუბრუნდით მას და, თუ მოგესურვებათ, დრო და დრო ჩაახატეთ და დაამატეთ კიდეც რაიმე დეტალები“. ახლა შეგიძლიათ მთელი დღევანდელი ნამუშევარი მიაბათ თქვენს მაშინდელ ნახატს ან დაიწყოთ თქვენი მიზნის მიღწევის მცირე ალბომის შექმნა. ყოველდღე დაუთმეთ ამ ალბომს რამდენიმე წუთი. დაე, თქვენმა ტვინმა დააპროგრამოს თქვენთვისა და სხვებისთვის სასიკეთო მიზნის მიღწევის პროცესის აღსრულება. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com . ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.






„ტვინის შტურმი“ ანუ წარმატებული აზროვნების კიდევ ერთი ინსტრუმენტი

წარმატების 365 დღე
21–ე დღე 
წარმატებული აზროვნების ინსტრუმენტებიდან ჩვენ ჯერჯერობით მხოლოდ SWOT-ანალიზზე ვისაუბრეთ. ყველაზე გავრცელებული და ეფექტური ინსტრუმენტი კი არის ე.წ. „ტვინის შტურმის“ (Brain-Storming) მეთოდი. ამ მეთოდის შესახებ ბევრ თქვენთაგანს სმენია და ბევრიც რეგულარულად იყენებს მას პრაქტიკაში. მაგრამ მაინც მინდა მას შევეხო, განსაკუთრებით კი მათ გასაგონად, ვისაც პირველად ესმის ამის შესახებ. მის სასწაულებრივ ძალაზე ერთ ანეკდოტურ ამბავს ჰყვებიან. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა ტორპედოები ეჯახებოდნენ და სძირავდნენ ინგლისელთა და ამერიკელთა გემებს. ვერავინ ვერ ხედავდა ტექნიკურ საშუალებას, თუ როგორ მოეცილებინათ ტორპედო, რომელიც გემისაკენ პირდაპირ მოექანებოდა. არასპეციალისტ ადამიანებთან ჩაატარეს „ტვინის შტურმი“ და ერთმა დალაქმა თქვა, რომ ეს ამოცანა შეიძლება გადაწყდეს თუკი მეზღვაურები ერთად დადგებიან გემბანზე და სულს შეუბერავენ გამოქანებულ ტორპედოსო. ინჟინრებმა ამ იდეას მისცეს ტექნიკური განხორციელება და დაიწყეს სპეციალური მილით ჰაერის მძლავრი ჭავლის მიშვება გამოქანებულ ტორპედოზე. პრობლემა გადაწყდა: ტორპედომ გვერდი აქცია გემს. ცნობილია ჰენრი ფორდის, მილიონერისა და მანქანათმშენებლობის კორიფეს, გატაცება იმით, რომ სპეციალურად ხელფასს უხდიდა თანამშრომელთა ერთ მცირე ნაწილს, რომელთაც სხვა არაფერი ევალებოდათ, თუ არა იდეების გენერირება დაეწყოთ და ხანდახან უცნაურ იდეათა კორიანტელიც კი დაეყენებინათ. ის ამბობდა: „ვერ ვიტან ექსპერტებს, რადგან მათ კარგად იციან თუ რა არ უნდა გაკეთდეს, მაგრამ არ უწყიან, თუ რა უნდა გაკეთდეს“–ო. მაინც რა არის „ტვინის შტურმის“ (Brain-Storming) მეთოდი? ეს გახლავთ აზრების თავისუფლად, სწრაფად, უშუალოდ და სპონტანურად წარმოთქმის და დაფიქსირების პროცესი. თუ ჯგუფში ტარდება „ტვინის შტურმი“, ინსტრუქცია ასეთია: „თქვენს წინაშე დგას ესა და ეს პრობლემა ან ამოცანა; იგი უნდა გადაიჭრას. გთხოვთ თავისუფლად და სპონტანურად, ყოველგვარი თავშეკავებისა და შეზღუდვის გარეშე წარმოთქვით ის აზრი, რაც თავში უშუალოდ მოგდით. არ შეაფასოთ ან არ გააკრიტიკოთ სხვისი ნათქვამი. დაე, იყოს აზრი მოკლე და ლაკონური. დაე, იყოს იგი უცნაური, ერთი შეხედვით აბსურდული, ფანტასტური, თუნდაც გიჟური ან სულელური; მთავარია მოხსნათ აზრთა ონკანი და აზრმა ლაღად იდინოს როგორც წყლის ნაკადმა“. ამასთან ერთად, ყველა სპონტანური იდეა ფიქსირდება და მოკლედ იწერება. იგივე ინსტრუქციით შეიძლება იმოქმედოთ ინდივიდუალურად. ვისაც „წარმატების 365 დღის“ პირველი დღის სავარჯიშო გახსოვთ, იქ მე გთხოვდით მიზნების შესახებ ჩაგეტარებინათ „ტვინის შტურმი“ და გთხოვეთ: „აიღეთ სუფთა რვეული ან ფურცლები  და დაიწყეთ თქვენი სურვილების ნუსხის შეუჩერებლად წერა,შეეცადეთ არ  გააკეთოთ პაუზა. იყავით სპონტანური, თავში პირველად მოსული აზრით წერეთ თუ რა გინდათ გქონდეთ, რას გინდათ მიაღწიოთ სასწავლებელში–ოჯახში–ადამიანებთან ურთიერთობაში–ემოციურ, მატერიალურ , ფინანსურ სფეროებში; რა და ვინ გსურთ გახდეთ, რა საზოგადოებრივი ფუნქციები გსურთ განახორციელოთ, როგორ გსურთ გამოიყურებოდეთ, ვისთან–ვისთვის–რისთვის გსურთ ცხოვრება,  სად გინდათ იყოთ  და ა.შ.წერეთ მოკლე სიტყვებით. დაუშვით, რომ ხართ უზომო შესაძლებლობების მქონე, არ გაქვთ ლიმიტები და შეზღუდვები“. მხოლოდ „ტვინის შტურმის“ შემდეგ შეგიძლიათ შეკრიბოთ თქვენი იდეები, დაალაგოთ, გამოჰყოთ პრიორიტეტები, დაამიწოთ და მიუყენოთ რეალობას, გამოძებნოთ რესურსები, გაატაროთ იდეები ლოგიკის „საცერში“ და სხვა. „ტვინის შტურმი“ ზრდის შემოქმედებითობის (დღეს რომ უყვართ თქმა – „კრეატიულობის“) დონეს, არჩევანის დიაპაზონს, ალტერნატივათა ოდენობას. არ გაგიკვირდეთ, თუ გეტყვით: სწორედ არჩევანისა და ალტერნატივათა სიმწირეში არის დეპრესიის, სიღარიბის, სასოწარკვეთის, წარუმატებლობისა და სხვა უბედურობათა წყარო. დეპრესიაში ხართ? ან გაიჭედეთ და შექმნილი ფინანსური მდგომარეობიდან ვერ ხედავთ გამოსავალს? – თქვენ გჭირდებათ ალტერნატიული ხედვები და არჩევანის დიაპაზონის გაზრდა. ამას ვერ უზრუნველჰყოფს ლოგიკური აზროვნება, აქ საჭიროა ე.წ. ლატერალური აზროვნება. ლოგიკა ზღუდავს არჩევანს და მკაცრ ჩარჩოში მოაქცევს არსებულს, მაგრამ ლოგიკა ვერ ქმნის ახალ იდეებს თუ არ ამოქმედდა ინტუიცია. „ტვინის შტურმის“ მეთოდი კი ინტუიციის გააქტიურების კარგი გზაა. მე რომ მკითხოთ (სხვები უბრალოდ ვერ ხვდებიან),  „ტვინის შტურმის“ მეთოდის მიკვლევა ისევ და ისევ ძია ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოანალიზში იღებს სათავეს. ზ. ფროიდის ფსიქოანალიტიკური მეთოდი თავისუფალი ასოციაციებით პიროვნების არაცნობიერი და ღრმად დაფარული ლტოლვების მიკვლევას გულისხმობს.  „ტვინის შტურმის“ მეოხებით სწორედ აზრთა თავისუფალი ასოცირებითა და სპონტანური გამოთქმით გადაიხდება დაფარული ან თვისობრივად ახალი რეალობის ფარდა, მოდის ახალი და უფრო ეფექტური გადაწყვეტილება. გამოიყენეთ ეს ინსტრუმენტიც: თუ სხვებს გამოადგათ, თქვენც გამოგადგებათ წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.