11.10.2016

ნეგატიური, რადიკალური, უზომოდ თვითკრიტიკული და შფოთვიანი აზრების პოზიტივად გარდაქმნა 
წარმატების 365 დღე
105-ე დღე

ადამიანი არა მხოლოდ გარეშემყოფებთან და სხვა ადამიანებთან არის რეგულარული ურთიერთობისა და კომუნიკაციის პროცესში, არამედ საკუთარ თავთანაც საკმაოდ ხშირად ურთიერთობს და კომუნიცირებს. კვლევებმა უჩვენეს, რომ საშუალოდ ადამიანი დღეში 50 000-ჯერ შედის ურთირთობაში საკუთარ თავთან. ამავე დროს ამ თვით-საუბრის 80% ნეგატიური აზრებითაა სავსე. „ამას ვერ შევძლებ“, „რა ცუდად გამომივიდა“, „ ეს არ უნდა მექნა“, „არაფერი არ გამომივა“, „ცუდადაა საქმეები“  და სხვა ამდაგვარი აზრები ვირუსებივით შეიჭრებიან ადამიანის ტვინში და არ აძლევენ მას მოსვენებას.  ნეგატიური აზრები დიდ ზეგავლენას ახდენენ ჩვენს სხეულსა და სულზე, ჩვენს ფიზიოლოგიაზე ან  ქცევის მოტივაციაზე. ისინი კონტროლის ქვეშ მოიქცევენ არა მხოლოდ ქცევას, არამედ სხეულის ამა თუ იმ რეაქციებს.  ნეგატიური აზრები ორგანიზმის უჯრედოვან დონეზეც კი ზემოქმედებენ.  ისინი იწვევენ გულის აჩქარებას, არტერიული წნევის აწევას, ენის წაბორძიკებას, სუნთქვის რიტმის შეცვლას, შიშისა და აღელვების რეაქციებს, ოფლდენას, ქცევის პარალიზებას და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილსაც კი.
ცნობილია, რომ პოლიგრაფი (სიცრუის დეტექტორი) იმ პრინციპზე მუშაობს, რომ იგი გამოავლენს თუ როგორ რეაგირებს სხეული ადამიანის აზრებზე - თუ როგორ იცვლება სხეულის ტემპერატურა, გულისცემის რიტმი, არტერიული წნევა, სუნთქვის რიტმი, კუნთების დაჭიმულობა,  ოფლიანობა ხელისგულებზე. თუ თქვენ ჩაიდინეთ მიუღებელი საქციელი, მაგალითად, მეხუთე სართულიდან გადმოაგდეთ რაღაც ნივთი, რომელიც ქუჩაში მიმავალ მგზავრს მოხვდა და იგი დააზიანა, ხოლო ამის შემდეგ თუ მიგაერთეს პოლიგრაფზე და  დაგისვეს კითხვა - „თქვენ ჩამოაგდეთ მეხუთე სართულიდან ნივთი?“ და თუ პასუხობთ „არა“ , ამ დროს იძლევით მძაფრ რეაქციებს, რასაც ცნობიერად ვერ აკონტროლებთ. მაგალითად, გულისცემის რიმი აჩქარდება, ხელები ცივდება, ხელისგულები ოფლიანდება, არტერიული წნევა მატულობს, კუნთები შეიკუმშება და დაიჭიმება, სუნთქვის რიტმი ჩქარდება. გონებამ სეიძლება მოიტყუილოს, სხეული კი არასოდეს არ ტყუის. სპეციალისტები ასკვნიან, რომ თქვენ მოიტყუილეთ და სხეულის არაკონტროლირებადმა რეაქციებმა გაგცეს. აზრების ზეგავლენით აღმოცენებული ასეთი სხეულებრივი რეაქციები  არა მხოლოდ ტყუილის თქმის დროს ხდება, არამედ ნებისმიერი აზრების დროს ჩვენი სხეულის ყველა უჯრედი განიცდის ტვინში გაელვებული ან ხმამაღლა წარმოთქმული აზრების ზეგავლენას. თუკი ნეგატიური აზრები იწვევენ ნეგატიურ სხეულებრივ ცვლილებებს, პოზიტიური აზრები დადებით ზეგავლენას ახდენენ ორგანიზმზე და გამაჯანსაღებელი ეფექტი აქვთ. პოზიტიურმა აზრებმა შეიძლება გამოიწვიოს ენდორფინების გამოყოფა ტვინში, რაც ამცირებს ტკივილსა და უსიამოვნების განცდას.


შეეცადეთ გამარჯვებულის პოზიცია აირჩიოთ
ისწავლეთ ის , რომ საკუთარ თავს ესაუბროთ არა ხელმოცარულისა და დამარცხებულის პოზიციიდან, არამედ შედით გამარჯვებულის როლში და ამ როლის გადმოსახედიდან დაამყარეთ ურთიერთობა საკუთარ თავთან. იქნებ იგნორირება უყოთ შეზღუდვებისა და უსუსურობის  გამომხატველ აზრებს და ჩაანაცვლოთ ისინი უსასრულო შესაძლებლობების მქონე  ადამიანის აზრებით? რა მოხდება, თუკი თქვენს ნეგატიურ აზრებს გარდაქმნით პოზიტიურ აზრებად? რა იქნება, რომ განზე გადასწიოთ მსხვერპლად ყოფნის განცდა და მსხვერპლობის „ენა“ ჩაანაცვლოთ ძალმოსილებისა და საკუთარი უფლებამოსილების ენით? თუკი გჩვევიათ გამუდმებული თვითკრიტიკა და თვითდათრგუნვა, ხომ ვერ შესძლებდით თქვენი გამუდმებით მოკრიტიკე და დამცინავი ნაწილი გადააქციოთ თქვენს კეთილმოსურნე  მწვრთელად, რომელიც გაგავარჯიშებთ, რომ საკუთარ ძალებში რწმენის დონე აიმაღლოთ და პირნათლად შეეგებოთ სარისკო სიტუაციებს?
ქვემოთ შევეცდები შემოგთავაზოთ ტექნიკები, რაც დაგეხმარებათ გამარჯვებულის პოზიციიდან შეხედოთ საკუთარ თავს და ნეგატიური აზრები პოზიტივად გარდააქციოთ. დავიწყოთ იმით, რომ ნეგატიური, შფოთვის, დეპრესიის, აკვიატების, ბრაზისა და იმპულსურობის აზრები  ავტომატურად აღმოცენდებიან, თქვენს ნებას არ ექვემდებარებიან და არაკონტროლირებადი არიან. მათ ფსიქიატრმა დანიელ ამენმა ავტომატური ნეგატიური აზრები  („ანა“) უწოდა. დანიელ ამენმა „ანა“-ს ანუ ავტომატური ნეგატიური აზრების „გათელვის“ მეთოდი შეიმუშავა. მე ჩემებურად მოდიფიცირება გავუკეთე ამ მეთოდს და სახეცვლილი სახით წარმოგიდგენთ. ეს მეთოდი სამი ნაბიჯისაგან შედგება.
პირველი ნაბიჯი
კარგად გააცნობიერეთ და დააფიქსირეთ „ანა“-ები. ნუ განდევნით „ანა“-ს, პირიქით მიუშვით თვითდინებაზე ავტომატური ნეგატიური აზრები და დააკვირდით მათ. შეიმუშავეთ მათდამი დამკვირებლის პოზიცია და თითქოს გამადიდებელი შუშით უმზერთ მათ, რათა დეტალურად დაინახოთ. სპეციალურ ფურცელზე ჩამოწერეთ ისინი და შეადგინეთ მათი ნუსხა.
მეორე ნაბიჯი
შეაჯანღარეთ თქვენი ნეგატიური აზრები, დაიწყეთ მათი „ჩამოფერთხვა“ და შეხედეთ მათ როგორც გამოწვევასა და ბიძგს ახალი სასიკეთო ცვლილებებისაკენ. როცა ვამბობ შეაჯანჯღარეთ-თქო, ვგულისხმობ, რომ აიღოთ ეს ქაღალდზე ჩამოწერილი აზრები, ერთმანეთში აურიოთ, გააკეთოთ მათგან „გუნდა“ და ისროლოთ იგი ზევით ან ქვევით, ფეხქვეშ გათელოთ ან დაწვათ ან ნაფლეთებად აქციოთ; როცა ვამბობ „ჩამოფერთხეთ“-თქო, ვგულისხმობ, რომ მკაფიოდ წარმოიდგინოთ ეს აზრები და სხეულით, ხელებით, ფეხებით, ტანითა და თავით გააკეთოთ ძაგძაგის, ჩამოფერთხვისა და მძაფრი ვიბრირების მსგავსი მოძრაობები იმ აზრით, რომ სხეულით მოისვრით და ჩამოიფერთხავთ ამ შემაწუხებელ აზრებს. ხოლო როცა ვამბობ შეხედეთ ამ აზრებს როგორც გამოწვევასა და ცვლილებების ბიძგსა-თქო, ვგულისხმობ, რომ მიაგნოთ თუ რა სასიკეთო ცვლილებისაკენ გიბიძგებთ თქვენი ავტომატური ნეგატიური აზრები („ანა“).
მესამე ნაბიჯი
ჩაანაცვლეთ თქვენი შეჯანჯღარებული, ჩამოფერთხილი და ცვლილებების მაუწყებელი ავტომატური ნეგატიური აზრები („ანა“) ახალი აზრებით, კერძოდ კი იმ აზრებით, რომლებიც  თავისი შინაარსით იმ ცვლილებებს გამოხატავენ, რისკენაც „ანა“ გიბიძგებდათ როგორც გამოწვევისაკენ. 
ეს სამნაბიჯოვანი ტექნიკა შეიძლება გამოყენებულ იქნას ავტომატური ნეგატიური აზრების ყველა ნაირსახეობაზე. ამჯერად ჩვენ უბრალოდ ჩამოვთვლით ამ სახეობებს, ხოლო შემდგომ თითოეულ მათგანს დავაკონკრეტებთ. ესენია: 1) ნეგატივზე ფოკუსირებული აზრები, 2) უკიდურესი განზოგადოებების შემცველი აზრები, 3)კატასტროფის წინასწარმეტყველება, 4) სხვისი აზრების კითხვა, 5) ბრალეულობის გრძნობაში „ჩაძირვა“, 6) იარლიყების მიკერება.
ნეგატივზე ფოკუსირებული აზრები
ჩვენი საზოგადოება ნეგატივზე ფოკუსირებელი საზოგადოებაა. მედია საშუალებებიდან გამუდმებით იღვრება დაპირისპირების, უთიერთლანძღვის, კომპრომანტების, სკანდალური ახალი ამბების ნიაღვარი. ჩვეულებრივი მოკლევადიანი ურთიერთობისას ადამიანები მეტწილად ერთმანეთს უზიარებენ აზრებსა და ემოციებს, რომლებიც კონფლიქტს, იმედგაცრუებას ან ცხოვრების გადაულახავ დაბრკოლებებს ასახავენ. პერსპექტივის ნაცვლად უპერსპექტივობაზე უფრო კეთდება აქცენტები. სასიხარულო ამბების მოყოლაზე უფრო მეტად უსიამოვნო ისტორიები ისმის. ქუჩაში ხშირად შეხვდები ადამიანებს, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა ან ერთმანეთს ეკინკლავებიან ან სხვების განქიქებით არიან დაკავებულნი. ხანდახან შეიძლება ისეთი  აზრიც კი შეგექმნათ, რომ ადამიანები თითქოს ეჯიბრებიან კიდეც ერთმანეთს უარყოფითი ემოციებისა და ინფორმაციის ფრქვევაში. გარემო დანაგვიანებულია არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. ასეთი ატმოსფერო დამთრგუნველია არა მხოლოდ მათთვის, ვინც სხვათა მიერ ნეგატივის ფრქვევის მომსწრეა, არამედ საზიანოა თვითონ მათთვის, ვინც აფრქვევს ნეგატივს.
შეეცადეთ არ მოექცეთ ნეგატიური ურთიერთობებისა და ამბების ზეგავლენის ქვეშ და თავიდან აიცილოთ ნეგატივზე მიბმულობის სიტუაცია. ეს თქვენზეა დამოკიდებული. მარტივი ხერხი იმაში მდგომარეობს,  რომ ნეგატივის ფრქვევის სიტუაციაში საუბარი ნელნელა სხვა თემაზე გადაიტანოთ, რომელიც უფრო სახალისო და სასიამოვნო ამბებს შეიცავს; ან კიდევ როცა თანამოსაუბრე  ძალიან გულმოდგინეთ გიყვებათ რაღაც გულისდამამძიმებელსა და ამაფორიაქებელს, აქეთ-იქეთ მიმოიხედეთ, შეეცადეთ თქვენს უშუალო გარემოცვაში რაიმე უჩვეულო ან საინტერესო დაინახოთ და მასზედ თქვენს თანამოსაუბრეს მიაქცევინოთ ყურადღება. მე ასეთი ჩვევა მაქვს: როცა ვინმე ასეთი თავგამოდებით ჩართულია ნეგატიური ამბის მოყოლაში, ჩემთვის ჩავილაპარაკებ  - „კი მაგრამ , მერე იპოვე გასაღები?“ ან კიდევ უფრო მარტივად „კი მაგრამ, გასაღები?“.  როგორც წესი, ამ დროს პირველი რეაქციაა შეცბუნება ან საპასუხო კითხვა „რომელ გასაღებზე მელაპარაკები?“. შეცბუნების ან საპასუხო კითხვის ამ სიტუაციას მოხერხებულად იყენებთ, რათა  პრობლემის მოუგვარებლობისა და სიტუაციის სიმძიმის აღმნიშვნელი მონათხრობიდან უმტკივნეულოდ გადაინაცვლოთ  პრობლემის მოგვარების და სიტუაციის შემსუბუქების რეჟიმში. კერძოდ, მარტივად გადადიხართ იმის აღნიშვნაზე, რომ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი გასაღები აქვს, რომ ამ ცუდ ამბავსაც შეიძლება მოერგოს რაიმე თავისი გასაღები და ეშველოს და ა.შ. თუკი თქვენმა თანამოსაუბრემ ისევ გააგრძელა ნეგატივის ფრქვევა, შეგიძლია უთხრათ, რომ ჯერჯერობით ამ მძიმე სიტუაციას თავისი გასაღები არა აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი გასაღები არ გამოჩნდეს მომავალში. ამის შემდეგ წყნარად განერიდეთ და დაემშვიდობთ თანამოსაუბრეს. ამით თქვენ არა მხოლოდ ამ ადამიანს განერიდებით, არამედ საკუთრივ ნეგატიურ ინფორმაციასთანაც ახდენთ დისტანცირებას.  ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
უკიდურესი განზოგადოებების შემცველი აზრები
ბევრი ადამიანი საკმაოდ ხშირად იყენებს რადიკალიზმის ემცველ გამოთქმებს, რომლებიც უკიდურეს განზოგადოებას  გამოხატავს სიტყვებით „არავინ“ („არავის ვუყვარვარ“), „ყველა“ („ ყველა მე შემომცქერის“), „არცერთი“ („არცერთი მამაკაცი არ იმსახურებს ნდობას“), „არასოდეს“ და „არაფერი“ („არასოდეს არაფერში არ მიმართლებს“), „ყოველთვის“ („ყოველთვის მე გამოვდივარ დამნაშავე“), „ყველაფერი“ („ყველაფერი კარგად იქნება“) და სხვა. ასეთი უკიდურესი განზოგადებისას მოვლენებს ეკარგებათ მრავალფეროვნება და ადამიანი თვითონ იზღუდავს არჩევანს. მაგალითად, სულ არავის არ უყვარდე - მოკლებულია რეალობას, რადგან თუნდაც ერთ ვინმეს რომ უყვარდე, სიტყვა „არავინ“ აზრს კარგავს. ან კიდევ, აშკარა შეცდომაა იფიქრო, რომ არცერთი მამაკაცი არ იმსახურებს ნდობას, რადგან მამაკაცები ბევრნაირები არიან  და ისეთებსაც შეხვდები, რომლებიც ნდობას იმსახურებენ და ისეთებსაც, ვინაც ნდობას არ იმსახურებს; უბრალოდ თვითონ ადამიანი ზღუდავს თავის არჩევანს ენდოს მას, ვინც სანდოა და არ ენდოს მას, ვინც ნდობას არ იმსახურებს. ან კიდევ, შეუძლებელია არასოდეს არაფერში არ გიმართლებდეს, იმდენად მრავალფეროვანია ცხოვრება და იმდენად ბევრია ყველანაირი შანსები. არსებობს კარგი გამოთქმა“ არასოდეს არ თქვა არასოდეს“, ვინ იცის როდის რა მოხდება. ეს ავტომატური ნეგატიური აზრები, რომლებიც უკიდურეს განზოგადოებებს შეიცავენ, ზღუდავენ არჩევანს და გაღარიბებული სახით წარმოადგენენ რეალობას, რითაც ადამიანის პოტენციალური შესაძლებლობები  იზღუდება. რადიკალიზმი შეზღუდულობის ნიშანს ატარებს. თუკი ძალიან შემოგეჩვიათ ჩვევა, რომ გამოიყენოთ უკიდურესი განზოგადოებებისა და რადიკალიზმის  შემცველი აზრები და შესაბამისი სიტყვები, როგორიცაა „არაფერი“, „ყველაფერი“, „არასოდეს“, „არავინ“, „ყოველთვის“, „არცერთი“, „ყველანაირი ან ნებისმიერი“,  და სხვა მსგავსი გამოთქმები, მაშინ შეეცადეთ ეჭვის ქვეშ დააყენოთ ამ გამოთქმების სისწორე და ჭეშმარიტება კითხვებით: „სულ არაფერი ამქვეყნად“, „მართლა ყველაფერი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე?“, „სულ, სულ არასოდეს?“, „აბსოლუტურად და უყოყმანოდ ყველაფერი?“, „დედამიწის ზურგზე სულ არცერთი არსება?“, „საუკუნეების განმავლობაში ან პლანეტაზე მცხოვრებთაგან არავინ“ და ა.შ. ასევე შეგიძლიათ ანალოგიური კითხვები დაუსვათ თქვენს თანამოსაუბრეს, რათა მანაც დააკონკრეტოს სათქმელი და მოიცილოს ეს უსარგებლო განზოგადოებები, რომლებიც  არჩევანს უზღუდავენ ადამიანს და ამდენად თრგუნავენ მას.
კატასტროფის  წინასწარმეტყველება
ადამიანა ერთი ნაწილი წარამარა ფიქრობს რაღაც უბედურ შემთხვევაზე, ავარიაზე, მოულოდნელ  ინციდენტზე, თავდასხმაზე, სადაც ან საკუთრივ ეს ადამიანი ან მისი ახლობელი კატასტროფის მსხვერპლის როლშია წარმოდგენილი. „ რატომ დააგვიანდა, რამე უბედურება ხომ არ შეემთხვა“, „ავტოკატასტროფაში ხომ არ მოხვდა“, „წარამარა ავიაკატასროფებია, ჩემებს რამე უბედურება არ დაემართოთ“, „ნამდვილად ჩავიჭრები ამ გამოცდებზე“, „ეს ბიზნესი რომ დავიწყო და თან ინფლაცია რომ დაიწყოს, ხომ დავიღუპები“, „რაიმე უკურნებელი სენი ხომ არ შემეყარა“, “ყველაფერი ჩაიშლება და ა.შ. როგორც წესი, ფსიქოლოგიური ანალიზი ნათელჰყოფს, რომ ამდაგვარი შფოთვიანი კატასტროფული აზრების სათავე ტრავმატულ გამოცდილებაშია. მეტწილად ღრმა ბავშვობის დროინდელი ტრავმატული გამოცდილება  და თვით პერინატალური პერიოდში ფეხმძიმე დედის სტრესული განცდები, ან კიდევ მშობიარობისა და დაბადების პროცესთან დაკავშირებული სირთულეები განაპირობებენ ისეთი აფექტურ-კოგნიტური კომპლექსების წარმოქმნას, რომლებიც შემდგომში განაპირობებენ შფოთვით განცდებსა  და კატასტროფული აზრების მოძალებას.  ფროიდისეული ფსიქოანალიზი, რომელიც მეთოდურად მოიცავს არაცნობიერი პროდუქციის (სიზმრები, წამოცდენები, თავისუფალი ასოციაციები), წინაღობისა და ტრანსფერის ანუ განდევნილი განცდების თერაპევტზე გადატანის ანალიზს, ერთერთი მნიშვნელოვანი ფსიქოთერაპიული მიდგომაა. იგი ეფუძვნება არაცნობიერი ზრახვებისა და მისწრაფებების გაცნობიერებას, ხოლო ამის საფუძველზე ამ გაცნობიერებული მასალის გადამუშავებას. ფსიქოანალიზში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ბავშვობიდან მოყოლებული წარსულის განცდების ანალიზს. ამით ცდილობს ფსიქოანალიზი გაუმკლავდეს შფოთვას, ნევროზსა და კატასტროფულ აზრებს. უნდა აღინიშნოს, რომ ფსიქოანალიზი ხანგრძლივ და გრძელვადიან თერაპიულ ალიანსს გულისხმობს თერაპევტსა და პაციენტს შორის.  სხვა პოზიცია აქვს გეშტალტთერაპიას. იგი აქცენტს აკეთებს არა წარსულზე, არამედ აწმყო („აქ და  ამჟამად“) განცდებზე და მათ გადამუშავებაზე. კოგნიტურ-ბიჰევიორალური ფსიქოთერაპია აქცენტს აკეთებს  გონებრივ კონსტრუქტებზე  და აზრებზე, შემეცნებითი და ქმედებითი ფუნქციების კორექციასა და გადახალისებაზე. ნეიროლინგვისტური პროგრამირება ახერხებს მოკლევადიანი და სწრაფი ჩარევით და ეფექტური ტექნიკების მეოხებით დააძლევინოს ადამიანს მოძალებული კატასტროფული აზრები. ჩემი მიზანი არ არის სხვადასხვა ფსიქოთერაპიული ჩარევების დალაგება ან იმის რჩევა თუ რომელი მიმართულების ფსიქოთერაპევტს მიმართოთ კატასტროფული აზრების მოძალებისა და აკვიატების შემთხვევაში. მე უფრო ის მაინტერესებს, რომ მოგაწოდოთ რაიმე სახის პროცედურა ან სავარჯიშო, რომლის გამოყენებითაც დამოუკიდებლად შესძლებთ გაუმკლავდეთ პრობლემას. აბა, სცადეთ ერთი მედიტაციური სავარჯიშო, რომელიც შევიმუშავე და არაერთხელ წარმატებით გამოუყენებიათ ჩემს კლიენტებს კატასტროფული აზრების მოძალებისას. ეს სავარჯიშო რამდენიმე ეტაპს შეიცავს.
პირველი ეტაპი: კატასტროფული აზრების იდენტიფიცირება და ყურადღებით დაკვირვება თავდაპირველად სრულიად აუცილებელია გამოკვეთოთ რომელიმე კატასტროფული წინასწარმეტყველების აზრი, რომელიც გსურთ გადაამუშავოთ. აქ ორი ვარიანტია: ან აქ და ამჟამად აღმოცენებულ კატასტროფულ აზრს შეარჩევთ და მასზე ახდენთ დაკვირვებას , ან კიდევ ახლა არ გაწუხებთ ამ ტიპის აზრები, მაგრამ წარმოიდგენთ იმ მომენტებს, როცა ესა თუ ის საშინელებათა კადრები აგეკვიატათ ტვინში. პირველ შემთხვევაში თქვენი ყურადღების ფოკუსში მოაქციეთ მოცემულ მომენტში აკვიატებული აბეზარი და წრიალის გამომწვევი აზრი, მიანათეთ მას ცნობიერების შუქი, მოახდინეთ მასზე მედიტირება, დააკვირდით მის მიმდინარეობას, მაგრამ არ ეცადოთ მისი გაგდება ტვინიდან ან ლიკვიდაცია, არამედ ეცადეთ იგი დატოვოთ და უბრალოდ  მიიღოთ იგი როგორც დაკვირვებისა და გაცნობიერების საგანი. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, როცა ამ წუთას არ გაწუხებთ კატასტროფული აზრი, მაგრამ წარმოიდგენთ იმ მომენტს, როცა ესა თუ ის კატასტროფის წინასწარმეტყველების აზრი აგეკვიატათ, აქაც იწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ როგორ წარმოიდგენთ ამ სიტუაციას, რა შინაარსებითაა დატვირთული ეს კატასტროფული წარმოდგენები, როგორია სიუჟეტი და სცენარი, რომლითაც კატასტროფის  კადრები ეკვიატება ტვინს. ამას  გარდა ყურადღებისა და დაკვირვების  საგნად აქცევთ იმ ემოციას, რაც თან ახლავს ასეთ წარმოდგენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ივარჯიშოთ მაშინაც კი, როცა მოცემულ მომენტში არ გაწუხებთ კატასტროფული აზრები, მაგრამ იცით, რომ ისინი იქვე არიან ჩასაფრებულები და პირველივე შესაფერის სიტუაციაში გეწვევიან დაუპატიჟებელი სტუმრებივით. ასეთი მუშაობა წარმოსახულ სიტუაციაზე გაძლევთ საშუალებას, რომ მოახდინოთ კატასტროფული აზრების შემოსევის პრევენცია. ავიღოთ მაგალითისათვის დედის განცდები, როცა უკვე შუაღამე მოდის და შვილი ძალიან იგვიანებს სახლში მოსვლას. დედის კატასტროფული აზრი შეიძლება იყოს:“რატომ დააგვიანა? უბედურება ხომ არ დაემართა, ავარიაში ხომ არ მოხვდა, ვაითუ ყაჩაღები დახვდნენ ან ვინმე თავს დაესხა“. ახდენთ ამ აზრების არა გაგდებას, არამედ მასზე დაკვირვებას, მის გაცნობიერებას და მასზე მედიტირებას.
მეორე ეტაპი: საშინელებათა გაზვიადებული და ჰიპერბოლიზებული  სცენარის წარმოდგენის მეოხებით კატასტროფული აზრების თვითამოწურვა და დასრულება                                               არ არის საკმარისი გაცნობიერება და დაკვირვება, საჭიროა სიმპტომმა ანუ კატასტროფულმა აზრებმა საკუთარი თავის ამოწურონ, დაასრულონ კატასტროფის წარმოდგენისა და სავალალაო  სცენარის ფინალის წარმოსახვა. ადამიანთა უმეტესობა გაურბის ავისმომასწავებელ აზრებსა და წარმოდგენებს, ან ცდილობენ რამენაირად გააგდონ ისინი ტვინიდან ან ამოძირკვონ კიდეც ფიქრებიდან. მაგრამ ეს აბსურდული მცდელობაა, რადგან რაც უფრო გაურბიხარ, ებრძვი და ცდილობ გაანადგურო, მით უფრო ძალას იკრებს ავისმომასწავებელი აზრები და უფრო მეტი შემოტევითი მუხტით იმუხტებიან. ბოლოს კი შეიძლება ქრონიკული შფოთვითი დარღვევაც კი ჩამოყალიბდეს. ამ აზრების უკან ენერგეტიკული მუხტებია ჩასაფრებული და საჭიროა არა მათი კიდევ უფრო დამუხტვა, არამედ მათი განმუხტვა, რეალიზაცია და ამდენად ამოწურვა, განწმენდა, კათარზისი. როგორც ფსიქოლოგები იტყვიან, გეშტალტი (მთლიანობა)  უნდა დასრულდეს. კატასტროფული სცენარი თავის ბოლო პუნქტამდე უნდა მივიდეს, რაგინდ საშინლად წარმოსადგენი არ უნდა იყოს ის სცენა, რითაც სრულდება კატასტროფა. უფრო მეტიც, უნდა მოხდეს ჰიპერბოლიზაცია და სავალალო ან უბედური წარმოსახვითი დასასრულის სრული გაზვიადება. რახან თქვენმა ტვინმა კატასტროფული აზრები შემოიყვანა ცნობიერების სცენაზე, საჭიროა დავეხმაროთ ჩვენს ტვინს და  კატასტროფის დადგომის წარმოსახვა გაზვიადებულადაც კი წარმოვიდგინოთ, რათა საშინელებამ თავისი თავი დაასრულოს და ჩვენ მისგან განთავისუფლდეთ. იმით, რომ მოვახდენთ ჰიპერბოლიზაციას, საშინელებათა კადრები მაქსიმუმს გადმოსცემენ, რაც ხელს უწყობს კატასტროფის თემის გააბსურდებასა და ამოწურვას. „სოლი სოლითვე უნდა ამოიღო“ - ამბობს ანდაზა. აქაც იმ კატასტროფული აზრების ამოღებაზეა საუბარი იგივე ხერხებით, რაც კატასტროფის აკვიატებას ახასიათებს. ეს ცოტათი ჰგავს ე.წ. პარადოქსალური ინტენციის მეთოდს, რაც ექიმმა, ფილოსოფოსმა და ჰუმანისტურმა ფსიქოლოგმა ვიქტორ ფრანკლმა დანერგა ფსიქოთერაპიაში. პარადოქსი იმაშია, რომ ადამიანს სურს გაექცეს და მოიშოროს აკვიატება ან რაიმე სხვა სიმპტომი, ხოლო ფსიქოთრაპევტი კლიენტს სთავაზობს აკვიატება სპეციალურად გააგრძელოს და მიიყვანოს ბოლომდე, რომლის შემდეგ სიპტომი ძალას ჰკარგავს და წუხილიც მცირდება. გაზვიადების მაგალითი შეიძლება იყოს: „ რატომ იგვიანებს? ვაითუ ავარიაში მოხვდა და ადგილზევე გარდაიცვალა? იქნებ თავს დაესხა ყაჩაღი, ესროლა ჩემს შვილს, სისხლისგან იცლებოდა იგი; ყაჩაღმა კვალის დამალვის მიზნით კიდევაც დაწვა მანქანა, რომელშიც ჩემი გარდაცვლილი შვილი იმყოფებოდა“.  შეიძლება მავანმა შემომჩივლოს: „ამისთანა ჰიპერბოლიზებული წარმოდგენა რომ ამეკვიატოს, ეს ხომ უარესია?“ პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ ჰიპერბოლიზაციის მეოხებით კოშმარული წარმოდგენის უკან მდგომი არაცნობიერი იმპულსები და მუხტები იწყებენ განმუხტვას, რაც ხელს უწყობს არა აკვიატებას, არამედ, პირიქით, კატასტროფული აზრების შესუსტებას. ამას თან ემატება მესამე და მეოთხე ეტაპები, რაც კიდევ უფრო აძლიერებს კატასტროფული აზრების შემცირებას.
მესამე ეტაპი: ჰიპერბოლიზებული წარმოდგენების დისტანცირება                                                                                   მას შემდეგ, რაც საშინელებათა გაზვიადებული წარმოდგენები გადალახავენ კატასტროფის შესაძლო ზღვრებს და ამოსწურავენ უბედურების ყველა შესაძლო ვარიანტებს, დაიწყეთ კატასტროფის ჰიპერბოლური წარმოდგენის ხატის დისტანცირება. წარმოიდგინეთ, რომ წარმოდგენათა ეკრანი ნელნელა გშორდებათ , თქვენგან მიდის და თანაც პატარავდება, იგი იმავდროულად უფრო და უფრო ბუნდოვანი ხდება. ბოლოს კი იგი უსასრულობაში წერტილივით ჩანს, იკარგება და გაუჩინარდება.
მეოთხე ეტაპი: კატასტროფული სცენარის საპირისპირო პოზიტიური სცენარის შექმნა კატასტროფის ხატის დისტანცირებისა და გაქრობის შემდეგ დაიწყეთ ახალი წარმოსახვის ხატის აგება, რომელშიც მოვლენები დადებითი სცენარით მიმდინარეობენ. შექმენით კატასტროფული აზრების საპირისპირო პოზიტიური სცენარის ხატები. პოზიტიური სცენარის მაგალითი შეიძლება იყოს: „რატომ აგვიანებს? ალბათ, მეგობრებთან ხალისობდა, მერე მისი მანქანით გამოცილება გადაწყვიტეს მეგობრებმა, გზად შეიარეს ერთ მეგობართან, რომელმაც უნიკალური მუსიკალური ჩანაწერი მოასმენინა, ახლა სახლისაკენ მოეშურება  და მალე სახლში შემოაბიჯებს“.
მეხუთე ეტაპი: კატასტროფული აზრის ჩანაცვლება პოზიტიური სცენარით  გადააფორმულირეთ და ჩაანაცვლეთ კატასტროფული აზრები პოზიტიური ფრაზით. მაგალითად, „ რატომ აგვიანებს? ალბათ, ერთობა და ხარობს“.
მეექვსე ეტაპი: პოზიტიური სცენარის გადაყვანა რეალურ ქმედებაში                                                             მას შემდეგ, რაც კატასტროფული აზრები ჩაანაცვლეთ პოზიტივით და შექმენით მოვლენათა განვითარების სასიხარულო სცენარი, დაიწყეთ მათი გატარება რეალურ ქმედებაში. მაგალითად,        ხმამაღლა წარმოთქვით შემუშავებული პოზიტიური აზრები, გაუზიარეთ გარეშემყოფებს თქვენს მიერ შექმნილი პოზიტიური სცენარი.
მეშვიდე ეტაპი: შეაქეთ საკუთარი თავი, რომ დაძლიეთ კატასტროფული წარმოდგენები                   ფრიად მნიშვნელოვანია პოზიტიური უკუკავშირი საკუთარ თავთან: რაც უფრო დაუფასებთ საკუთარ თავს უკონტროლო შემაწუხებელი აზრებისა და წარმოდგენების დაძლევის მცდელობებსა და მიღწევებს, მით უფრო განმტკიცდება თქვენი ჩვევა, რომ ტვინი მართოთ მხოლოდ პოზიტიური აზრებით.

 ბრალეულობის განცდა
ბრალეულობის გრძნობა ხშირად შინაგანი წუხილისა და ტანჯვის მიზეზია.  ბრალეულობის გრძნობის სათავე ხან არაცნობიერშია, ხანაც ცნობიერებაშია მოცემული. იგი ხშირად სინდისის ქენჯნის სახით გვევლინება, ხოლო სინდისი ერთგვარი შინაგანი მსაჯულია. სოციალიზაციის პროცესის შედეგად ჩვენ ბავშვობიდან გავითავისებთ იმ ნორმებს, პრინციპებს, წესებს, მოთხოვნებსა და სტანდარტებს, რაც საზოგადოებასა და კულტურაშია. ეს გათავისებული საზოგადოებრივი ნორმები, პრინციპები, წესები, მოთხოვნები და სტანდარტები წარმოადგენენ ადამიანთა სოციალური რეგულაციისა და თვითრეგულაციის მექანიზმებს, რეგულატორებს. რეგულატორები ერთის მხრივ არეგულირებენ ადამიანთა მიმართებას სხვა ადამიანებთან და სოციალურ სამყაროსთან, ხოლო მეორეს მხრივ „მე“-ს მიმართებას საკუთარ თავთან.  რეგულატორების გამომხატველი ძირითადი სიტყვაა „უნდა“ („უნდა გაკეთდეს...“, „უნდა მქონდეს....“ , „ უნდა დავეხმარო...“, „უნდა გავხდე...“, „უნდა შევძლო...“, „უნდა მეთქვა...“ და სხვა მრავალი). სოციალური რეგულატორების გარდა ადამიანის ცხოვრებასაა და ქცევას განსაზღვრავენ ჩვენი მოტივატორები. თუკი რეგულატორები კალაპოტში სვამენ ქცევებს, ქმედებებს, შეხედულებებს, ამისაგან განსხვავებით მოტივატორები აღძრავენ, მიმართულებას აძლევენ და ენერგიით აღავსებენ ჩვენს ცხოვრებასა და ქმედებებს. მოტივატორებია: ღირებულებები, საჭიროებები, სურვილები, მიზნები, იდეალები,  ღირებულებები და რწმენები; მოტივატორების გამომხატველი ძირითადი სიტყვაა „მინდა“ („მინდა გავაკეთო....“, „მინდა მქონდეს...“, „მინდა დავეხმარო...“, „მინდა შევძლო....“, „მინდა ვთქვა...“ და სხვა მისთანანი).  როცა ადამიანს ბრალეულობის გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი გრძნობა უჩნდება, მაშინ მასში მძლავრობენ რეგულატორები და დარდი ან ბრაზი რეგულატორთა შეფერხების ან არ-შესრულების გამო, ხოლო მოტივატორები ბლოკირებულია ან შესუსტებულია; აქტივიზირებულია რეგულატორები და  პასიურ მდგომარეობაშია მოტივატორები, ბოგინობს „უნდა“ და მისუსტებულია „მინდა“. ბრალეულობის გრძნობა დეპრესიის თანამდევი ხდება, იგი თრგუნავს ცხოვრებას, ავსებს მას გაუთავებელი თვითბრალდებებითა და თვითდაკნინებით, ადამიანის ცხოვრება მიჰყავს გამოუვალი ჩიხის განცდამდე.  რა იღონოს ადამიანმა ბრალეულობის გრძნობის დასაძლევად? ამისათვის საჭიროა, რომ მოტივატორებმა დააბალანსონ ან გადასძლიონ რეგულატორები, „მინდა“-მ გაასწოროს ანგარიში ან იმძლავროს „უნდა“-ზე; საჭიროა, რომ  პიროვნებამ გარდაქმნას ფრაზა, რომელიც გამოხატავს „უნდა“-ს და გადააქციოს იგი „მინდა“-დ; საჭიროა, რომ იმგვარად გარდაიქმნას „უნდა“-ფრაზა „მინდა“-ფრაზად, რომ პიროვნებამ გამოხატოს იმის ნება, რომ მას სურს იმის გაკეთება ან განხორციელება ან გაფიქრება ან წარმოდგენა ან მოაზრება, რაც მას უსათუოდ უნდა განეხორციელებინა , მაგრამ არ ან ვერ განახორციელა ან ვერ ანხორციელებს. მოკლედ, „მინდა“-მ ერთგვარად უნდა მოხსნას და შეისრუტოს „უნდა“ და თანაც იმგვარად „შეისრუტოს“, რომ რაც უნდა ეკეთებინა ვალდებულებით, იგი აკეთოს სიამოვნებითა და ენთუზიაზმით.  როგორ ხორციელდება ეს პროცესი? გთავაზობთ სავარჯიშოს, რომელიც გაგაძლიერებთ, რათა ბრალეულობის შემაწუხებელი განცდა დაძლიოთ.
ნაბიჯი პირველი: ბრალეულობის გრძნობის იდენტიფიცირება                                                                    შეეცადეთ გამოკვეთოთ ბრალეულობის გრძნობა. გამოჰყავით ის ვალდებულებები და „უნდა“-ფრაზები, რანიც ეხებიან წესებს, ნორმებს, სტანდარტებს, პრინციპებსა და მოთხოვნებს, რომლებსაც თქვენ არ იცავთ ან არ ასრულებთ ან ვერ პასუხობთ და ვერ ანხორციელებთ. გამოჰყავით და ყურადღების საგნად აქციეთ ისიც, თუ რაში და როგორ ეჯახება თქვენი „მინდა“ თქვენსავე ვალდებულებებსა და „უნდა“-ს.
ნაბიჯი მეორე:  გარდაქმენით თქვენი ბრალეულობის განცდა „უნდა“-ფრაზა                                    გადააქციეთ თქვენი განცდები  წინადადებებად, გამოხატეთ  თქვენი ბრალეულობის განცდა ისეთი წინადადებით, რომელშიც აღნიშნული იქნება თუ რა უნდა აკეთოთ ან რა უნდა გეკეთებინათ, მაგრამ არ აკეთებთ ან ვერ აკეთებდით და თუ როგორ წუხხართ ამაზე; ან კიდევ ისეთი წინადადებით, რომელშიც აღნიშნული იქნება, თუ რანაირად უნდა გეფიქრათ ან წარმოგედგინათ, მაგრამ ამგვარად ან  არ ან ვერ წარმოიდგინეთ ან არ იფიქრეთ და თუ როგორ გაწუხებთ ეს ვითარება.  მაგალითად: „ვწუხვარ, რომ უნდა მეთქვა სიმართლე, მაგრამ არ მეყო ამის გაბედულება“; ან კიდევ, „ძლიერ განვიცდი, რომ უნდა დავხმარებოდი ამ გასაჭირში, მაგრამ ვერ მოვიცალე“; ან კიდევ, „ძალიან განვიცდი, რომ უნდა მესწავლა, მე კი დრო ყალთაბანდობაში გავფლანგე“.
ნაბიჯი მესამე: გარდაქმენით „უნდა“-ფრაზა „მინდა“-ფრაზად                                                                           ისე გარდაქმენით თქვენი წუხილისა და ბრალეულობის განცდის გამომხატველი გამომხატველი „უნდა“-ფრაზა  „მინდა“-ფრაზით, რომ ამოღებულ იქნას „უნდა“-ს კომპონენტი და ჩანაცვლებულ იქნას „მინდა“-ს კომპონენტით, ხოლო ფრაზები „ძლიერ განვიცდი“ ან „ვწუხვარ“ და მისთანანი ჩანაცვლებულ იქნას ფრაზებით „მიხარია“, „მივისწრაფი“, „ენთუზიაზმით ვივსები“ და სხვა ამდაგვარი ფრაზებით. მაგალითად: „მიხარია, რომ მინდა ვთქვა სიმართლე და მეყოფა ამის გამბედაობა“ (ნაცვლად -„ვწუხვარ, რომ უნდა მეთქვა სიმართლე, მაგრამ არ მეყო ამის გაბედულება“) ; ან კიდევ, „ენთუზიაზმით მოვიცლი სპეციალურად, რომ მას დავეხმარო“(ნაცვლად-„ძლიერ განვიცდი, რომ უნდა დავხმარებოდი ამ გასაჭირში, მაგრამ ვერ მოვიცალე“); ან კიდევ „სიხარულით მინდა შევუდგე სწავლას და დროს სათანადოდ გამოვიყენებ“ (ნაცვლად - „ძალიან განვიცდი, რომ უნდა მესწავლა, მე კი დრო ყალთაბანდობაში გავფლანგე“).
ნაბიჯი მეოთხე: „მინდა“-ფრაზის როგორც აფირმაციის რეგულარული განმეორება                        განიხილეთ თქვენი „მინდა“-ფრაზა როგორც აფირმაცია და იგი იმეორეთ 5-6 -ჯერ ერთ ჯერზე 2-3-ჯერ დღეში, რაზეც დაგეხარჯებათ სულ 10-15 წუთი დღეში. 3-4 კვირის რეგულარული განმეორების შემდეგ ბრალეულობის განცდა მოგეხსნებათ.  
ნაბიჯი მეხუთე:   „მინდა“-ფრაზის როგორც აფირმაციის  რეალურ ქმედებაში  გადაყვანა            არ არის საკმარისი „მინდა“-ფრაზის შემუშავება და მისი რეგულარული განმეორება. საჭიროა რეალურ ქმედებაში გადაიტანოთ  „მინდა“-ფრაზაში გამოხატული აზრი. მაგალითად, ზემოთ დასახელებული მაგალითების თანახმად რეალურ ქმედებაში გადაიყვანეთ   „მინდა“-ფრაზები იმით, რომ მართლა გაბედულად თქვით სიმართლე, ან მართლა სპეციალურად მოიცალეთ და დაეხმარეთ გაჭირვებულს, ან მართლა სიხარულით შეუდექით სწავლას და გამოჰყავით ამისათვის სათანადო დრო.                                                                                                                                                                    ვიმეორებ, ამ სავარჯიშოს  3-4 კვირის რეგულარული შემდეგ ბრალეულობის განცდა მოგეხსნებათ. განთავისუფლდით და დაუყვავეთ საკუთარ თავს, რომ ცხოვრებაში კიდევ ერთხელ გაიმარჯვეთ საკუთარ თავზე.                               
შინაგანი  თვითკრიტიკა და მისი გარდაქმნა  პოზიტიურ  თვითმოტივირებად

საკუთარი თავისადმი კრიტიკული დამოკიდებულება და მაღალი მოთხოვნები წინსვლასა და წარმატებაზე ორიენტირებული პიროვნების სრულიად აუცილებელი თვისებაათვითკრიტიკა საკუთარ თავთან და ნამოქმედართან ან საკუთარი ქმედების პროდუქტთან უკუკავშირის თავისებური ფორმაა. ეფექტური თვით-უკუკავშირი კი უზრუნველჰყოფს ქმედითუნარიანობისა და ახალ მიღწევათა პოტენციალის ზრდას. ადამიანთა გარკვეულ ნაწილს ახასიათებს გადამეტებული თვითკრიტიკა, რაც თვითგვემაში გადადის. ასეთებს სხვათა გაუთავებელი კრიტიკა და განქიქება ჩვევიათისინი სხვებსა და საკუთარ თავში პირველ რიგში ცუდსა და დასაგმობს ხედავენ. მათი მოსაწონი არც არავინ არის და მათ შორის არც საკუთარი თავი. ხშირ შემთხვევაში ეს კრიტიკა გადაფარავს და მალავს საფუძველმდებარე სიძულვილს საკუთარი თავისადმი და სხვებისადმი. ეს ფარული სიძულვილი ხშირად ვითომდაც ობიექტური კრიტიკის სახეს ღებულობს, თითქოსდაც  ამ გამკრიტიკებელ ადამიანს საკუთარი თავის ან სხვისი გაკეთილშობილება სურდეს. სინამდვილეში აქ მოქმედებს თვითგანადგურებისა და განადგურების, თვითლიკვიდაციისა და ლიკვიდაციის, ამოძირკვის გაუცნობიერებელი მოტივაცია.  ასეთი დესტრუქციული მოტივაცია დამანგრეველად მოქმედებს პიროვნებაზე, მის ურთიერთობებზე გარეშემყოფებთან.

რა უნდა გააკეთოთ ასეთ ვითარებაში? პირველ რიგში, დაიწყეთ იმით, რომ გამორიცხეთ თვითკრიტიკა იმის გამო, რომ გადამეტებულად თვითკრიტიკული ხართ. ასეთი თვითკრიტიკა თვითკრიტუკულობის გამო - ჩიხია.  ეს თქვენ სრულიად არ გჭირდებათ. თქვენ გესაჭიროებათ თვით-სიყვარული ნაცვლად თვით-სიძულვილისა, თვით-პატივისცემა ნაცვლად თვით-უპატივცემულობისა, თვით-მიტევება ნაცვლად თვით-განქიქებისა. ამისათვის ჩაატარეთ სავარჯიშო „სარკე“.
დადექით სარკის წინაშე, შეხედეთ საკუთარ თავს, თვალი გაუსწორეთ თქვენს თვალებს. დაიწყეთ საკუთარი თავისადმი სიყვარულის, პატივისცემისა და მიტევების რიტუალი. ჯერ დაიწყეთ საკუთარი გარეგნობით და გამოუცხადეთ მას სიყვარული და პატივისცემა. უთხარით საკუთარ თავს, რომ იმით ხარ ლამაზი და მოსაწონი, როგორიც ხარ. მიუტევეთ საკუთარ თავს ის, რომ აქამდე მას გმობდი. შემდეგ გადადით თქვენს პიროვნულ თვისებებზე, ამის შემდეგ თქვენს ინტელექტსა და გონებაზე, ემოციურ თავისებურებებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, ბოლოს კი თქვენს გადამეტებულ თვითკრიტიკულობაზე. თითოეული მათგანისაკენ გააგზავნეთ სიყვარულის, პატივისცემისა და მიტევების იმპულსები. ეს რიტუალი აამაღლებს თქვენი თვითსიყვარულის, თვითპატივისცემისა და მიტევების უნარის დონეს. ეს გამოგიმუშავებთ საკუთარი თავის მიმღებლობის ფასდაუდებელ უნარს. ეს ყველაფერი კი როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის, ისე წარმატების მიღწევის, მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის ამაღლების სრულიად აუცილებელი პირობაა. ღმერთი გფარავდეთ!



ხელმოკლეობისა და სიღარიბის დაძლევის ფსიქოლოგია


წარმატების 365 დღე
104 დღე

1.აიღეთ თქვენს თავზე პასუხისმგებლობა
ელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი საკუთარ ხელმოცარულობაში ხშირად           სხვებს   ადანაშაულებენ და ნაკლებად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.
დაისწავლეთ თავი შეიკავოთ დამნაშავეთა ძიებისაგან თქვენს ირგვლივ. ჩამოიფერთხეთ ილუზია, თითქოსდა სხვათა ბრალია თქვენი წარუმატებლობა და ფინანსური ხელმოკლეობა. ნუ განიკიხავთ სხვებს; როგორც კი მოვა სხვათა დადანაშაულების იმპულსი, შეეცადეთ თქვენს თავს უთხრათ „სდექ“ ან სულაც ხელზე იპწკინეთ, რათა გადაერთოთ. ასეთი „სდექ“ ან პწკენა სხვა აზრებზე სწრაფად გადართვის „ღუზის“ ან „გამშვები“ სასიგნალო  მექანიზმის სახით შეგიძლიათ  ჩამოაყალიბოთ მისი მრავალჯერადი გამეორების მეოხებით. კერძოდ, სწრაფად გადაერთეთ და დაუსვით საკუთარ თავს 2 კითხვა:
·       რა გაკვეთილი მივიღე წარუმატებლობისგან და სიღარიბისაგან, რა მომცა მან და რა შეიძლება გავაკეთო ახალი, რათა ჩემი ცხოვრება სასიკეთოთ შევცვალო?
·       როგორ ავიღო პასუხისმგებლობა მასზედ, რომ ჩემი ცხოვრება მე თვითონ ვმართო და გამოვიყვანო ხელმოკლეობიდან?
·       ეცადეთ იყოთ ჯიუტი ამ კითხვების დასმაში. ასეთი ჯიუტობა კარგი ჯიუტობაა, რათა გაზარდოთ თქვენი შეუპოვრობის ინდექსი.

2. არ გადადოთ, დაუყონებლივ იმოქმედეთ                                                                            ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ხშირად დროს წელავენ, დღეს გასაკეთებელს სახვალიოდ გადადებენ. მათ არ უწყიან, რომ ერთხელ გადადებული საქმე განწირულია აღარასოდეს აღარ შესრულდეს. ისინი საკუთარ უმოქმედებას და საქმის გადადებას მიაწერენ ან სხვებს ან გარემოსეულ ზოგად ფაქტორებს; სახვალიოდ გადადების წყარო კი საკუთრივ ადამიანის შიგნითაა.
ერთი იგავი მინდა შემოგთავაზოთ.  ერთმა ახალგაზრდა კაცმა ღმერთს შესთხოვა: „ღმერთო, სანუკვარი ოცნებების ასრულება და ბედნიერების მოპოვება მასწავლეო“. ღმერთი გამოეცხადა. პაპანაქება სიცხე იდგა. ღმერთმა უთხრა კაცს: „გასწავლი ოცნებების ასრულებასა და ბედნიერების წვდომას, მაგრამ მწყურია და წყალი მომიტანე, მერე კი პირდაპირ შევუდგეთ საქმესო“. კაცი წავიდა იქვე სოფელში, მიადგა ერთ სახლს და კარებზე დააკაკუნა, რათა წყალი ეთხოვა. კარები გააღო ულამაზესმა ქალწულმა. კაცი გაიტაცა მისი სილამაზის ცქერამ. თავში გაუელვა ღმერთისთვის წყლის გამორთმევამ, მაგრამ ცოტა ხნით გადადო - მოდი ჯერ ამ გოგონას სიყვარულს ავუხსნი და ხელს ვთხოვო, ღმერთი კი მოითმენს წყურვილსო.  კაცმა სიყვარული აუხსნა და ხელი სთხოვა ქალწულს. ქალწულმა უპასუხა, რომ მამას ვკითხავ, ის წყვეტს ოჯახის საქმეებსო, მაგრამ საღამოს მოვაო. საღამოს მამაც მოვიდა და ახალგაზრდა კაცმა სთხოვა ნება დაერთო მის ქალიშვილზე დაქორწინებულიყო. მამა დათანხმდა. გადაიხადეს ქორწილი. შეეძინათ შვილები. გადიოდა წლები. შვილები იზრდებოდნენ,  კაცი ასაკოვანი გახდა, ხოლო ქალწულის მამა გარდაიცვალა. ერთ მშვენიერ დღეს მოხდა მეწყერი და წყალდიდობა. სტიქიამ მთლიანად გაანადგურა კაცის სახლი, ხოლო მისი ცოლ-შვილი აქეთ-იქით მიჰყარა და ძალიან დაშავდნენ. კაცი ადიდებულმა წყალმა გაიტაცა და გონება-დაკარგული მიაგდო იმ ველზე, სადაც ოდესღაც ღმერთს შეხვდა. როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ საუცხოო ამინდი იყო და ირგვლივ სიმშვიდე სუფევდა.  უცებ ხმა შემოესმა: „ადექი. საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, რაც წახვედი. შენ რომ წახვედი, პაპანაქება შუადღე იყო, ხოლო ახლა უკვე მზე ჩადის. წყალი მოიტანე? მე ისევ მწყურია“. კაცმა მიმოიხედა და დაინახა ღმერთი. კაცმა უპასუხა: „როცა მე წავედი, ერთ მომენტში გადავდევი შენთვის წყალი მომეტანა. იმის შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, ათასი რამ მოხდა. გადადებული საქმე ეხებოდა იმას, რომ წყლის მოტანის შემდეგ შენ ბედნიერების მიღწევასა და სურვილების ასრულების ხელოვნებას შემასწავლიდი, მაგრამ მე ეს   გადამავიწყდა კიდეც. ბოლოს საშინელმა სტიქიამ გადაგვიარა, ახლა კი დავრჩი უსახლკაროდ და დახეიბრებული ცოლ-შვილით. შენ კი ამბობ პაპანაქება შუადღე იყო, ხოლო ახლა უკვე მზე ჩადისო.  თანაც ამბობ მწყურიაო, ამდენ ხანს როგორ მოითმინე წყურვილი?“ ღმერთმა უპასუხა: „ჯერ ერთი მე მარადიულობის განზომილებაში  ვცხოვრობ. ამიტომ ის რაც შენთვის მრავალი წელია, ჩემთვის ერთი გაელვებაა; მეორეც, წყურვილს უშენოდაც დავიკმაყოფილებდი, მაგრამ მინდოდა შენც მიგეღო მონაწილეობა იმაში, რომ ხელი არაფერს შეეშალა შენი სწავლებისათვის, მათ შორის წყურვილსაც კი. მესამეც, არასოდეს არ არის გვიან ყველაფერი ხელახლა დაიწყო და, აი, გეტყვი კიდეც ბედნიერების მიღწევისა და სურვილების ასრულების საიდუმლოს: თუკი რაიმე ახლა გასაკეთებელს სახვალიოდ გადადებ, შენი ცხოვრების მომავალ მოვლენათა სცენარი შენთვის სასიკეთოდ არ განვითარდება. სამაგიეროდ, შენი ცხოვრების სცენარი ბედნიერების მიღწევისა და სურვილების ასრულებისაკენ აიღებს გეზს, თუკი დაუყონებლივ შეუდგები იმ საქმის კეთებას, რაც დღეს არის გასაკეთებელი. ახლა ცხოვრება ხელახლა გაქვს ასაწყობი. დაუყონებლივ ადექი და დაიწყე მოქმედება ამ წამსვე “.
თუკი გჩვევიათ სახვალიოდ გადადება, მინდა 4 ნაბიჯიანი სავარჯიშო შემოგთავაზოთ მის დასაძლევად:
·       თავდაპირველად წარმოისახეთ, რომ რაღაც საქმე გაქვთ გასაკეთებელი დღეს და გადადევი სახვალიოდ;
·       ამის შემდეგ წარმოისახეთ ის უკიდურესად უარყოფითი და დამაზიანებელი სცენარი და შედეგები, რომელიც მოჰყვება გასაკეთებელი საქმის გადადებას
·       ამჯერად კი წარმოისახეთ ის სასიხარულო, ბედნიერებისა და კეთილდღეობის ამსახველი შედეგები, რაც მოჰყვება გასაკეთებელი საქმეების დაუყონებლივ გაკეთებას
·       თქვენს გონებაში შექმენით დაუყონებლივ და გადაუდებლად მოქმედების მენტალური სურათი და ეცადეთ მის მიხედვით იცხოვროთ რეალურ ცხოვრებაში.

3.არ შეეგეოთ სიღარიბეს, არამედ ისწრაფეთ სტაბილური წინსვლისაკენ                                      ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ესწრაფვიან სტაბილობას. მათ არ სურთ რისკი გასწიონ, დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ ხვალინდელ ქათამს; მათ ურჩევნიათ სტაბილური და დაბალი შემოსავალი ჰქონდეთ დღეს, ვიდრე ხვალ აღმოჩნდნენ  გაურკვევლობასთან წილნაყარ სიტუაციებაში, რომელიც დიდ შემოსავლებთან არის დაკავშირებული.
სიღარიბეში მყოფნი ეგუებიან სიღარიბეს, ცხოვრობენ ღარიბული სტანდარტებით და უფრო დიდ ენერგიას ხარჯავენ არსებულ სიტუაციასთან შეგუებისათვის, ვიდრე მისი გარდაქმნისა და შეცვლისათვის.
სტაბილობისაკენ სწრაფვა მისაბაძია, მაგრამ თუკი ის დაკავშირებულია დაბალ საცხოვრებო სტანდარტებთან, მაშინ სტაბილობისაკენ სწრაფვა გადაიზრდება ხელმოკლეობისა და სიღარიბის გათავისებაში. გამიგია, რომ ვიღაცამ ცდა ჩაატარა ბაყაყზე. სპეციალურ ჭურჭელში ჩაასხა მდუღარე წყალი და შიგ ჩააგდო ბაყაყი. ბაყაყი მყისიერად ამოხტა წყლიანი ჭურჭლიდან და ცოცხალი გადარჩა. ამის შემდეგ იმავე ჭურჭელში ნორმალური ტემპერატურის წყალში მოათავსეს ბაყაყი და შემდეგ ძალიან ნელი ტემპებით და ძალიან მცირე დოზებით აცხელებდნენ წყალს, სანამ მან დუღილის უმაღლეს წეტილს არ მიაღწია. ამჯერად ბაყაყი ისე მოიხარშა წყალში, რომ ჭურჭლიდან ამოხტომა არც ერთხელ არ უცდია. ცოცხალი ორგანიზმი სტაბილურად და მდორედ მიმდინარე მომაკვდინებელ გარემოს ეგუება. 
მეორეს მხრივ ცხოვრების სტანდარტების თავისებურება ისაა, რომ ადამიანი სამყაროდან  ღებულობს იმ ზომითა და იმ სტანდარტების მიხედვით, რაც მან განსაზღვრა შინაგანად. მაგალითად, ერთ გლეხს ვკითხე „რა გინდა რომ გქონდეს“ და მივიღე საკმაოდ ტიპიური პასუხი: „ რა უნდა მინდოდეს, შენი ჭირიმე,  - ორი კაპიკი ცოლშვილისათვის და დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის  ფული, მეტი რა მინდა“. ამ მოკლე ფრაზებიდან ჩანს, თუ რაოდენ დაბალი სტანდარტები აქვს ამ ადამიანს და  ცხოვრებაც მას ზუსტად ამდენსავე აძლევს. ასეთი ადამიანების კომფორტის ზონაა დაბალი სტანდარტები და, ექსპერიმენტული გამოკვლევების თანახმად, ლატარიაშიც კი რომ მოიგონ 10-ჯერ მეტი თანხა, ვიდრე მათი სტანდარტებია, მოგებულ ფულს გაანიავებენ, რათა ისევ ცხოვრების იმ დონეზე დაეშვან, რაც მათ შინაგან სტანდარტებს შეესაბამება. ამიტომაც ადამიანი სტაბილურ და იგივე ხელფასის შენარჩუნებაზე თუ იქნება ორიენტირებული, იგი ხელმოკლეობის ორმოში თუნდაც იმიტომ მოექცევა, რომ ცხოვრების სტანდარტები იზრდება და ცხოვრებაც ძვირდება. ღირსეული ცხოვრების გზა გადის სტანდარტების ზრდაზე. მაგრამ აქაც არის ერთი მაგრამ. კერძოდ, თუკი ადამიანი შეეცდება სწრაფად ძალიან დიდი ფინანსური ნახტომის გაკეთებას, მას  ორმოში ჩავარდნა თუ არა, იგივე ხელმოკლეობის ჭაობში ცხოვრება გარანტირებული აქვს. უეცრად, ერთ დღეში დიდი გამდიდრების მოსურნეები ბევრი ვნახეთ წინა საუკუნის 90-იან წლებში, რომლებიც გაკოტრდნენ ან ვალებში ჩავარდნენ ან უსახლკაროდ დარჩნენ ან ტყვია მოხვდათ. ამბობენ, რომ ფინანსური შემოსავლების ზრდა არ უნდა აღემატებოდეს არსებული შემოსავლების  30%-ს. ასეთი 30%--იანი, მაგრამ სტაბილური წინსვლა ფინანსურ დამოუკიდებლობამდე და მატერიალურ კეთილდღეობამდე ნაკლებ სარისკოა და სარგებლობის მოტანიცაა. ამის საპირისპიროდ ადამიანები ხშირად წინსვლისაკენ კი არ მიდიან , არამედ შვებისაკენ და გადარჩენისაკენ არიან ორიენტირებულები. მათი იდეალი აყვავება კი არ არის არამედ გადარჩენაა. მე ყოველთვის ვამბობ და ხაზს ვუსვამ: ვინც გადარჩენაზეა ორიენტირებული, იგი დაღუპვისაკენ მიექანება, ხოლო ვინც განვითარებაზეა ორიენტირებული, მას გადარჩენა ხელში შერჩება და პლუს მეტსაც მიიღებს. პრინციპი ასეთია: „რაც არ გვკლავს - გვაძლიერებს, ხოლო რაც არ გვაძლიერებს ან არ გვანვითარებს - ის  გვკლავს“.
მოგიყვებით შვებაზე ორიენტაციის  იგავს. ბრძენთან საშველის საპოვნელად მივიდა
გაჭირვებული კაცი და შესჩივლა, რომ ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს თავის 5  სულიან
ოჯახის წევრებთან ერთად და ძალიან უჭირს. ბრძენმა ჰკითხა: „ქათმები გყავს?“ კაცმა
უთხრა კი-ო. ბრძენმა ურჩია იმ პატარა ოთახში შეეყვანა ქათმები,ხოლო 3 თვის თავზე
 მოსულიყო ბრძენთან და მოეყოლა თუ როგორ წავიდოდა საქმე. სამი თვის შემდეგ
 ისევ მოვიდა ბრძენთან და შესჩივლა, რომ უფრო დამძიმდა მდგომარეობაო. ბრძენმა
 ჰკითხა თხა გყავსო? და როცა დასტური მიიღო, ისევ ურჩია იმ პატარა ოთახში შეეყვანა
  თხაც და მოსულიყო 3 თვის შემდეგ. გავიდა ეს დროც და ისევ შესჩივლა კაცმა ბრძენს,
 რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ბრძენმა ჰკითხა თუ ჰყავდა ძროხა და
დასტურის შემდეგ მისი შეყვანაც ურჩია ოთახში, რის შემდეგ ისევ უნდა მოსულიყო
 ბრძენთან. 3 თვის შემდეგ კაცი მოვიდა ბრძენთან ქანცგაწყვეტილი და განადგურებული
 და ამოიბღავლა, რომ მეტის გაძლება აღარ შეძლო, უკვე იხრჩობიან ოჯახის წევრები.
 ბრძენმა ამჯერად შესთავაზა ძროხა გაეყვანა ოთახიდან და მოსულიყო ისევ სამი თვის
 შემდეგ. გავიდა ეს დროც და მოვიდა გაჭირვებული კაცი და ბრძენს უთხრა, რომ სულ
ოდნავ შვება იგრძნო მან და მისმა ოჯახმა. ბრძენმა ამჯერად თხის გაყვანა ურჩია. 3 თვის
 შემდეგ კაცმა ბრძენს მოახსენა, რომ ცოტა მეტი შვება იგრძნეს. ამჯერად ბრძენმა
ქათმების გაყვანაც შესთავაზა და 3 თვის თავზე გაჭირვებულმა კაცმა შვებით
ამოისუნთქა და ბრძენს მოახსენა, რომ კარგად არის. ეს კაცი დაუბრუნდა იმავე
მდგომარეობას, რითაც თავდაპირველად მიმართა ბრძენს და მაშინდელიდან
განსხვავებით ამბობს რომ კარგადაა.  მისი დაბალი სტანდარტები კი იგივეა.
მინდა შემოგთავაზოთ ერთი სავარჯიშო, რათა შეიმუშავოთ საცხოვრებო
 სტანდარტების სტაბილური ზრდის უნარ-ჩვევა:
·       თავდაპირველად შეისწავლეთ საკუთარი საცხოვრებო სტანდარტები და გამოსახეთ იგი ფულად ერთეულებში. ნახეთ როგორია თქვენი შემოსავლები, მისი მდგომარეობა ბოლო 3 წლის განმავლობაში, როგორია თქვენი დანახარჯები, გაქვთ თუ არა დანაზოგები, რამდენი გიჯდებათ კომუნალური და სხვა ტიპის მომსახურება და ტარიფები, მედიკამენტები და მკურნალობა, გართობა და დასვენება და სხვა. შემოსავლად ჩათვალეთ ყველაფერი დაწყებული ხელფასით და დამთავრებული საჩუქრით ან დახმარებით.
·       მეორე ნაბიჯია: რახან მიიღეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობის სურათი და გაარკვიეთ თქვენი შემოსავლებისა და გასავლების სტანდარტები, შეეცადეთ შეიმუშავოთ გეგმა თქვენი შემოსავლების ზრდისა დღევანდელი შემოსავლების სტანდარტების 30%-ის ოდენობით. ამავე დროს შეიმუშავეთ გეგმა თქვენი გასავლების ზრდისა დღევანდელი გასავლების 20%-ის ოდენობით. დაბოლოს შეიმუშავეთ გეგმა თქვენი ყოველთვიური შემოსავლების 10% შეიტანოთ საბანკო სადეპოზიტო ან დაგროვებად ანაბარზე (ამ ფინანსური გეგმების შედგენა ცალკე საუბრის თემაა და ამჯერად არ შევეხები, ამაზე ცალკე რუდუნებით საუბარია საჭირო).
·       მიმართეთ კონკრეტულ ქმედებებს ზემოთ აღნიშნული გეგმებისა შედგენის და მათი განხორციელებისათვის. არცერთი დღე არ გამოტოვოთ მიზანმიმართული ქმედებების გარეშე. მთავარია ქმედება, ქმედება და კიდევ ქმედება და არა ქართული ოცნება.

4.გაიღეთ საზღაური, არ მიითვისოთ
ხელმოკლეობასა და სიღარიბეში მყოფნი ესწრაფვიან უფასოდ მიიღონ ის, რაც ყველაზე ღირებულია -   სწავლა და განათლება, ახალი უნარ-ჩვევები. ვისაც ღარიბის აზროვნება ახასიათებს, იგი ცდილობს სხვის ხარჯზე ცხოვრებას. მისი წამყვანი მოტივაციაა დახმარების მიღების მოთხოვნილება, შემწეობისა და შეღავათების ძიება. მისი ცხოვრებისეული ფილოსოფიის ქვაკუთხედია მიიღოს ყველაფერი უფასოდ. იგი მზადაა ათასგვარად იჩალიჩოს, რათა გადასახადები არ გადაიხადოს; იგი მზადაა მიისაკუთროს სხვისი ინტელექტუალური საკუთრება, უფასოდ გადმოქაჩოს ინტერნეტ პროდუქტი ან ფილმი და მუსიკა. ასეთი სერვისები შექმნილია თვითონ ღარიბების მიერ სხვა  ღარიბთათვის. ამგვარად ღარიბები ისწრაფვიან ირგვლივ გამრავლდეს  ღარიბები, ჰყვაოდეს სიღარიბე ნაპარავის ხარჯზე. ისინი ყველაფერ ამას  ამართლებენ იმით, რომ მათაც უნდათ ცხოვრება, მაგრამ ფული არა აქვთ. ეს მხოლოდ გამართლებაა, მაგრამ რეალური და ღრმა მოტივაცია, რაც შეიძლება გაცნობიერებული არც კი ჰქონდეთ, სხვა სიბრტყეშია. კერძოდ, ისინი პიროვნულად პრიმიტიულები არიან, ასეთი ადამიანების პიროვნული ზრდა შეჩერებულია და მათი თვისებები და მოტივაცია ბავშვის განვითარების ორალურ სტადიაზეა შეჩერებული, როცა ჩვილს ერადერთი მოთხოვნილება ამოძრავებს: დედის  ძუძუ მოწოვოს და საკვები მიიღოს, ყველაფერი ისე მიეცეს, რომ მას ძალისხმევა არ დასჭირდეს. „მომეცი“, „მომცენ“, „ჩემია“, „მეკუთვნის“,- აი, ის ძირითადი გზავნილები, რასაც მათი არსება გვატყობინებს. მათ ასულდგმულებთ პრიმიტიული მესაკუთრეობა და მითვისების იმპულსები. თანაც ისინი არასოდეს არ არიან კმაყოფილნი და მადლიერნი მიღებულით, ყოველთვის მეტი უნდათ მიიღონ. ამით  ისინი ჰგვანან უმდიდრეს ადამიანებს - მილიონერებს, მილიარდერებს, ოლიგარქებს. როგორც ნიკოლო კუზანელი იტყოდა - უკიდურესობანი თანხვდებიან ან როგორც ჰერაკლიტე, პლატონი ან ჰეგელი იტყოდნენ - საპირისპირონი ერთმანეთში გადადიან, ისინი ერთიანობას ქმნიან. ღარიბსა და მილიარდერს შორის ის განსხვავებაა, რომ ხელმოკლე, ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი ვერ ღებულობს იმას, რაც ესოდენ სურს მისი საკუთრება იყოს, ხოლო მილიარდერი არათუ ღებულობს, არამედ ამრავლებს კიდეც მიღებულს. განსხვავება დიდია , მაგრამ მსგავსება პრიმიტიულ მესაკუთრეობასა და ორალურ ხასიათშია. მე, მაგალითად, იმასაც კი ვთვლი, რომ მათხოვრობა ბიზნესის ნაირსახეობაა. მათხოვარი აპელირებს იმაზე, რომ თითოეულ ადამიანს აქვს ეგო, რომელიც ცდილობს კარგ კაცად წარმოადგინოს ეს ადამიანი. გაჭირვებულის დახმარება ყველა საზოგადოებაში მაღალ ღირებულებად ითვლება. მათხოვარი თავს აცოდებს ადამიანს, აღვიძებს მასში კეთილმქმედი ადამიანის იმპულსს და ეს უკანასკნელიც მათხოვარს  უხდის ფულს, რითაც იგი ხარკს უხდის საზოგადოებას და მის ღირებულებებს. მათხოვარი კი ნულიდან ღებულობს მოგებას, რომელიც არ იბეგრება.
კორუფციაც ორალურ ხასიათში იღებს სათავეს: ეს ხომ საჯარო სამსახურის ის   ჩინოვნიკებია, რომლებიც „მომეცი-მომცენ-მივიღო“ იმპლუსებით ცხოვრობენ და  პირადი გამორჩენისათვის  სახელმწიფო სამსახურში შედიან, რათა თაგვებივით  გამოხრან სახელმწიფო რესურსები, აიღონ ქრთამები ან კიდევ გახდნენ ბიზნესის „კრიშა“ ან გადმოიფორმონ და მიითვისონ ბიზნესები, მიიღონ პრემიები და სახელფასო დანამატები, ათასნაირი შეღავათები.  მეორეს მხრივ, ეს ხომ ის კორუმპირებული ბიზნესმენებია, რომლებიც „გადააგდებენ“ ბიზნეს პარტნიორებს, გადამალავენ გადასახადებს, „ჩაწყობით“ და მოქრთამვით მოიგებენ ტენდერებს. ან კიდევ ეს ე.წ. ინტელიგენციის ის წარმომადგენლებია, ეს ის მეცნიერები,ხელოვანები, პოეტები და მწერლები არიან, რომლებიც  ძლიერთა ამა ქვეყნისათა პირებთან არიან შეკრულნი, რათა მიიღონ დივიდენდები, შემწეობანი.   ჯამში: არა მარტო ღარიბები და ხელმოკლეები, მათხოვრები და ბოგანოები, არამედ ბევრი ოლიგარქი, ბიზნესმენი, კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე თუ ინტელიგენტი „მომეცი-მომცენ-მივიღო“ სინდრომითა და ორალური ხასიათის ნიშნებითაა შემკობილი. ღარიბებსა და ხელმოკლეებს დასწავლილი უსუსურობის სინდრომი ემატებათ ყველაფერთან ერთად, ხოლო ოლიგარქებს, მილიონერებსა და ბიზნესმენებს  მათგან განსხვავებით დაუფლებისა და მითვისების მოტივაცია უძლიერდებათ. ისინი ერთმანეთს გვანან  პრიმიტიული ორალური ხასიათით, მაგრამ ისინი განსხვავდებიან დასწავლილი უსუსურობის სინდრომის ქონა-არქონით და დაუფლება -მითვისების მოტივაციის სიძლიერის ხარისხის მიხედვით.      
ახლა კი ორიოდე რეკომენდაცია. გახსოვდეს:
·        ყველაფერი რაღაც  ღირს და  ყველაფრისათვის უნდა გადაიხადო საზღაური;
·        თუკი ხელმოკლეობისა და  სიღარიბის ორმოში ჩავარდი, შემწეობას ნუკი ელი და უსუსურობის განცდას ნუკი მიენდობი, არამედ შენს თავს დაჟინებით დაუსვი კითხვები: ა) „ რით გავძლიერდე?  ბ) რა  გავაკეთო ისეთი, რომ უკუსვლის ნაცვლად წინსვლა  დავიწყო? გ)რა ახალი უნარ-ჩვევა შევიძინო, რაც წინსვლაში დამეხმარება? დ)ვინ და რა შემიწყობს ამაში ხელს, ვისი მაგალითი გამომადგება?“
·       შენი ხსნა შემწეობის ძიებასა და გადარჩენაში კი არის არის, არამედ წინსვლასა და ბედნიერების მოპოვებაშია. ამას კი თვითგაძლიერება სჭირდება და არა დასწავლილი უსუსურობა.

5. ნუ ეძებთ მიზეზთა მიზეზებს, ეცადეთ ახალი შესაძლებლობები ეძებოთ
ხელმოკლე და ღარიბი კაცის სათვალავში ასობით მიზეზია, რათა თავი დაისაწყლოს, რომ დაიბადა  ღარიბ ქვეყანაში, რომ ყველა მას უშლის ხელს, რომ ხელფასები დაბალია, რომ მთავრობა ცუდია, რომ ვერ მოვიდა ხელისუფლებაში ხალხის მოყვარული მთავრობა, რომ ყველგან ნეპოტიზმი და კორუფციაა, რომ ამინდები გაუარესდა და ცუდი მოსავალი იქნება, რომ საწყალი ხალხის საშველი არ არის და ასე დაუსრულებლად;
ასეთი მიზეზებისა და დაუსრულებელი მიზეზთა მიზეზების ძიებას ჩივილი და წუწუნი მოჰყვება, რაც სიღარიბის თანმხლები ჩვეულებაა. ცხადია, რომ უფულობა უარყოფით განცდებს იწვევს. მაგრამ თუკი მდიდარი ადამიანისათვის უფულობა და ფინანსური ჩავარდნა გამოწვევაა და ახალი გამოცდილების შეძენაა, რათა უკეთესად ააგოს ცხოვრება, ღარიბისათვის იგი წარუმატებლობის, ბედისადმი უკმაყოფილებისა და წუწუნ-ჩივილის  საწინდარია; მას სურს გამოთქვას თავისი გაჭირვება, რათა ვინმემ შეიბრალოს და მიიღოს მხარდაჭერა, მაგრამ ამით მისი ფინანსური მდგომარეობა არ უმჯობესდება და იგი ისევ ძველებურად ჯიბეგაფხეკილი რჩება. იგი მატერიალური დახმარებისა და მხარდაჭერის გარდა ემოციური თანადგომის მიღებასაც ელტვის გარეშემყოფებისაგან. შეცოდება მაღალი ღირებულებაა მისთვის. დახმარების მიღებისკენ სწრაფვა ადამიანის მიერ შეიძლება არგუმენტირებული იყოს ვითომდაც რაციონალური არგუმენტებით, რომ ყველაფერი გარდაუვალი იყო და მიზეზთა და მიზეზთა გამო „დაემართა“ მას ხელმოკლეობა და სიღარიბე. რაციონალიზაციის (ზ.ფროიდის ტერმინი) ასეთი მოხმობით პიროვნება თავს იცავს იმისაგან, რომ თვალი გაუსწოროს სინამდვილეს და ირაციონალური „მომეცი-მომცენ-მივიღო-მივითვისო“ეგოისტური მისწრაფება არაცნობიერ სფეროში განდევნოს და შეინახოს.  იგი ხშირად ალტრუიზმსა და  ადამიანებზე ზრუნვასაც ავლენს, თუმცა ეს ზრუნვა ყოველთვის არ არის გულწრფელი და უანგარო. შესაძლოა ისეთი შემთხვევებიც შეგვხვდეს, როცა  ალტრუიზმი და  ადამიანებზე ზრუნვა გადაფარვაა იმ ეგოიზმისა და ანგარებითი დამოკიდებულების, რაც ხელმოკლე და ღარიბ ადამიანს შეიძლება გააჩნდეს ადამიანთა მიმართ. შეიძლება იგი აპელირებდეს შეჭირვებულთა თანაგრძნობაზე, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, შეიძლება კაციჭამია ვირთაგვებივით მივარდეს მეორე გაჭირვებულს შესაჭმელად.
 სიღარიბეში მყოფნი მუდამ იმის განსჯაში არიან, თუ როგორ ფიქრობენ სხვები მათი პიროვნების შესახებ. დღენიადაგ ფიქრობენ იმაზე, თუ „რას იტყვიან ჩემზე“. მათი ათვლის წერტილი სხვათა აზრია საკუთარი თავის შესახებ, მუდმივად სხვებს ადრიან თავს, მუდამ შედარებებით ცხოვრობენ. ამასთან ერთად ისინი უპირატესად მეორე მასავით ხელმოკლეს ადარებენ საკუთარ თავს. მათი წუხილის საგანი შეიძლება იყოს „იმას თუ მისცეს, მე რატომ არ მაძლევენ?“.  შესაძლოა ეს თვისება ბევრ შეძლებულ და მდიდარ ადამიანსაც ახასიათებდეს, მაგრამ ეს იმის სიმბოლოა, რომ გარეგნულად ეს ადამიანი მდიდარი და შეძლებულია, მაგრამ შინაგნად ისეთივე ღარიბია, როგორც ფინანსურად ხელმოკლე ადამიანი. ღარიბთა შორის შესაძლოა კონკურენციაც აღმოცენდეს შემწეობათა მიღების თაობაზე ანუ ვინ მეტ შეღავათებსა და შემწეობას მიიღებს. მაგრამ ამ კონკურენციაში გამარჯვებული დამარცხებულია, რადგან რაც მეტ შეღავათებსა და შემწეობებს მიიღებს ხელმოკლე ადამიანი, მით უფრო ხელმოკლე დარჩება იგი თავისი არსით, რაც ცხოვრების მომდევნო ეტაპებზეც გამოვლინდება. შემწეობების მიღებით დროებით შემწეობას ღებულობ და არა ფინანსურ სტაბილობას. შემწეობას მივუმატოთ შემწეობა უდრის კიდევ უფრო დიდ შემწეობას, ხოლო რაც უფრო მეტ შემწეობას ღებულობ, მით უფრო დამოკიდებული ხდები შემწეობის მიღებაზე და ასე დაუსრულებლად.  შემწეობაზე ორიენტირებულ ხელმოკლე და ღარიბ ადამიანებს შორის ჭეშმარიტი სოლიდარული ურთიერთობები ვერ აიგება. კ. მარქსისა და ფრ. ენგელსის ფორმულა „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით“ მდიდართა და კაპიტალისტთა სიძულვილზე იყო აგებული და არა პროლეტარების ურთიერთ სიყვარულზე. ქვეყანა, სადაც დიდია სიღარიბის მაჩვენებელი და ბევრია ხელმოცარული ადამიანები, ძალიან ადვილად შეიძლება იმის პროვოცირება, რომ სიძულვილის ენამ დაისადგუროს სოციუმში. მეორეს მხრივ კი ურთიერთმოძულეობა და საზოგადოების ფრაგმენტაცია კიდევ უფრო უწყობს ხელს სიღარიბის ზრდას.
თუკი მიზეზთა მიზეზების შესახებ ტვინის ჭყლეტა შემოგეჩვიათ, სცადეთ შემდეგი:
·       ყოველთვის, როცა იწყებთ მიზეზების ქექვას, თქვენს თავს შიგნიდან შესძახეთ „სდექ“ ან ხელზე იპწკინეთ ან კიდევ მუხლზე დაირტყით ხელი, ან თავი სწრაფად მიაბრუნეთ მარჯვნიდან მარცხნივ და მარცხნიდან მარჯვნივ, რითაც სპეციალურ „ღუზას“ შეიმუშავებთ, რომ შეწყვიტოთ მიზეზთა ქექვა და ხელმოკლეობის რაციონალიზაცია;
·       სწრაფად გადაერთეთ ახალი შესაძლებლობების და პერსპექტივების ჩამოთვლაზე ან მოფიქრებაზე;
·       სწრაფადვე გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯი მოფიქრებული ახალი შესაძლებლობისაკენ, ნუკი ილაპარაკებთ ან იოცნებებთ , არამედ იმოქმედეთ რაგინდ მცირე არ უნდა იყოს ეს მოქმედება თავისი მასშტაბებით.

6.დაიწყეთ დაზოგვები და საკუთარი მომავლის ინვესტირება
ხელმოკლენი და სიღარიბეში მყოფნი, რაგინდ პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს,   ფულს უთავბოლოდ ფლანგავენ. მათ არ იციან რა არის დაზოგვები და თანხების დაგროვება. მდიდრები თავიანთ შემოსავლებიდან ახდენენ ინვესტირებას, რათა სამომავლოდ შექმნან კაპიტალი. ღარიბები კი იმას უჩივიან, რომ ფული არა აქვთ მომავალისათვის საინვესტიციოდ. სინამდვილეში კი მათ ფული სწორედ იმიტომ არ გააჩნიათ, რომ საკუთარი მომავლის ინვესტირებას არ ახდენენ.
სიღარიბეში მყოფნი წარმავალი და ამწუთიერი სარგებლისა და სიამოვნებებისათვის ცხოვრობენ. ისინი არ ცდილობენ ისწავლონ ის, რაც სახვალიოდ გამოადგებათ, ისინი არ მუშაობენ პერსპექტივაზე; მათ სურთ ყველაფერი მიიღონ სწრაფად და ამისათვის ხარჯი და ძალისხმევა არ გაიღონ. ისინი ჰგვანან იმ გლეხს, რომელიც ჭადის ფქვილად გადააქცევს სიმინდის მთელ მოსავალს და არ შემოიტოვებს სიმინდის თესლებს შემდგომი დათესვისა და მოსავლისათვის.
ხელმოკლე ადამიანმა სრულიად აუცილებელია დაიწყოს მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით მსვლელობა. კერძოდ, ცხოვრების დინება მისგან მოითხოვს გაჰყვეს ამ დინებას, დახარჯოს რასაც იშოვის, არ დაიწყოს დაზოგვები ან თუ ჰქონდა დანაზოგები მთლიანად დახარჯოს და ბედის ანაბარა იცხოვროს, ეძებოს შემწეობები და დახმარებანი, ხელი ჩაიქნიოს ახალი უნარების ათვისებასა და ახალი, ალტერნატიული შესაძლებლობების ძიებაზე.
---- ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ განაახლეთ თქვენი ხედვები და ქმედებები და დაიწყეთ თქვენი ცხოვრების ფინანსური დაგეგმვა. გადადით გეგმაზომიერების ლიანდაგებზე.
----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივის მსგავსად შექმენით რამდენიმე ყულაბა: 1) დანაზოგებისათვის, 2) ინვესტირებისათვის, 3)საჭიროებებისათვის, 4) სურვილების დაკმაყოფილებისათვის და
5) მოყვასის ან შეჭირვებულთა დახმარებისათვის.                                                                            ----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ დაზოგვები. ბიბლიური გამოთქმაა: „დამზოგავს ღმერთი დაზოგავს“. დაზოგვები დაგეხმარებათ საჭირო მომენტში გამოიყენოთ საჭირო თანხა, რათა ესა თუ ის კარზე მომდგარი პრობლემა გადაწყვიტოთ ან რაიმე ოცნება აიხდინოთ მომავალში. ბიბლიური მოსეს ყოველი მეათედის პრინციპისა არ იყოს, ნებისმიერი შემოსავლიდან, ხელფასი იქნება ეს თუ ნაჩუქარი თანხა ან ქუჩაში შემთხვევით ნაპოვნი ფული, დანაზოგების ყულაბაში მოათავსეთ შემოსავლის 10%. მაგალითად, თუ თქვენი დღიური შემოსავალია 5 ლარი, იქიდან 50 თეთრი გადაინახეთ დანაზოგების ყულაბაში, ხოლო თუკი 10 ლარია ამ დღის შემოსავალი, 1 ლარი გადაინახეთ; ხოლო თქვენი ხელფასიდან ყოველი 100 ლარიდან 10 ლარი გაიმეტეთ დანაზოგებისათვის და გააგრძელეთ ამ სტილით თქვენი ფინანსური ცხოვრება. 10% ნებისმიერი თანხისა ის ოდენობაა, რომლის არქონა დიდ დანაკლისს არ ქმნის და მისი დანაზოგის ყულაბაში გადანახვა არაფერს არ დაგაკლებთ. მაგალითად, სადაც 10 ლარი გაქვთ დასახარჯი, იქ 9 ლარადაც გამოხვალთ, ხოლო ყოველი ათიდან ერთი ლარი თუ გადაინახება, ეს თავის დროზე შექმნის თანხის კარგ ოდენობას.
----ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ თქვენი ხვალინდელი დღისა და შორეული მომავლის ინვესტირება. მილიონერების აზროვნების წესი 20/80-ის პრინციპზეა აგებული. ისინი ნებისმიერი შემოსავლის 20%-ს ინვესტიციისათვის დებენ. თქვენ შეიძლება მილიონერი კი არა ხართ, არამედ ხელმოკლეობას უჩივით, მაგრამ თქვენ ხვალინდელი დღისა და  მომავლის ინვესტირება არანაკლებ  და შეიძლება უფრო მეტადაც კი გჭირდებათ, ვიდრე მილიონერებს. მოდით შევაჯამოთ: თუკი შემოსავლების 10%-ს დანაზოგებში ჩადებთ, ხოლო 20%-ს ინვესტირების ყულაბაში, მაშინ დასახარჯად გექნებათ თქვენი შემოსავლის 70% ანუ ყოველი შემოსული 10 ლარიდან  7 ლარი ან 100 ლარიდან 70 ლარი და ა.შ. ამრიგად, ნებისმიერი შემოსავლის 70% თქვენს სახარჯო ფულს შეადგენს, მაგრამ არსებობს სწორი ხარჯვა და არასწორი ხარჯვა, რასაც ქვემოთ გავშლით.                                                                                                                                           ------ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ სახარჯო ფულის სწორი ხარჯვა. მოდით ერთმანეთისაგან გავარჩიოთ საჭიროება და სურვილი. საჭიროებაა ის , რაც აუცილებლობით და გადაუდებლად გჭირდებათ, მაგალითად, საკვები, სითბო, ჭერი, წყალი, ჰაერი, ჯანმრთელობა, გადასახადების გადახდა და ვალების გასტუმრება და სხვა. სურვილებია ის, რომელთა დაკმაყოფილებაც სასიცოცხლო აუცილებლობას არ წარმოადგენს, მაგრამ სიამოვნებისა და კომფორტისათვის ფრიად სასურველია, მაგალითად, შოკოლადი, ნაყინი, ქეიფი, დროსტარება და სხვა. სწორი ხარჯვის პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ჯერ აუცილებელი საჭიროებანი დაიკმაყოფილო, ხოლო შემდეგ დარჩენილი ფული სურვილების დაკმაყოფილებისათვის დახარჯო. თუკი თქვენ ჯერ სურვილებში დახარჯავთ ფულს და საჭიროებებისათვის იგი აღარ დაგრჩათ, მაშინ გაჭირვება აუცილებლად შემოვა თქვენს ცხოვრებაში და თუკი ის ისედაცაა, მაშინ კიდევ უფრო დამძიმდება.  ფული ჯერ ხარჯეთ საჭიროებებში, ხოლო თუ ამის შემდეგ დაგრჩათ თანხები, გაუყევით სურვილების დაკმაყოფილების სასიამოვნო გზას.                          ---------ნუ აჰყვებით ცხოვრების ძველებურ დინებას, არამედ დაიწყეთ ცოტაოდენი ფულის შეგროვება მოყვასის დახმარების ყულაბაში, რათა დაეხმაროთ მოყვასს, მიუსაფარ ადამიანს, ავადმყოფსა და უძლურს.
ამ პატარა სტატიაში შემოგთავაზეთ ჩემი ხედვები ხელმოკლეობისა და სიღარიბის დაძლევის შესახებ. მთავარია გარდაიქმნათ ქაოტურ და დინებას აყოლილი არსებიდან გეგმაზომიერ არსებად. ამის შედეგად თქვენ გაგეხსნებათ ახალი შესაძლებლობები და   ხედვები, ხოლო სამყარო თავის მხრივ თქვენსკენ გადმოდგამს სასიკეთო ნაბიჯებს.