2.02.2014

SWOT–ანალიზი ანუ წარმატებული აზროვნების ინსტრუმენტი

წარმატების 365 დღე
მე–20 დღე                          
ვინც იცით, მინდა შეგახსენოთ, ხოლო ვინც არ იცით, მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი პიროვნების ან საქმიანობის ან რომელიმე იდეის (წამოწყების, ინიციატივის...) ანალიზის მეტად ეფექტური ინსტრუმენტი. იგი ახალ ბიძგს მოგცემთ, რათა უფრო ეფექტურად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. SWOT–ანალიზი აბრევიატურაა ინგლისური სიტყვების: ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, ხელშემწყობი ფაქტორები, საფრთხეები (ხელის შემშლელები). ამგვარად, სახელწოდებიდან თქვენთვის უკვე ნათელია თუ რას გულისხმობს მეთოდი: ეს არის თქვენი პიროვნების ან თქვენი რომელიმე იდეის ან წამოწყების ან საქმის ან პროექტის (1) ძლიერი მხარეების, 2) სუსტი მხარეების, 3) ხელშემწყობი ფაქტორების ან გამოწვევების, და 4) საფრთხეების კომპლექსური ანალიზი, რაც  თქვენი მოქმედების ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. ამ მითითებული ოთხი მხარის თუ წახნაგის პირველი ორი ნიშანი –(1) ძლიერი მხარეები და (2) სუსტი მხარეები ეხება თქვენი პიროვნების ან საქმის (იდეის, წამოწყების) შინაგან თვისებებს, ხოლო მესამე –  (3) ხელშემწყობი ფაქტორები ან გამოწვევები და მეოთხე მხარე – (4) საფრთხეები ეხება გარეგან ფაქტორებს, გარემოდან მოსულ დადებით ან უარყოფით ზემოქმედებებს. მეთოდის იდეა იმაშია, რომ ნებისმიერ ქცევას, მოქმედებას, პიროვნებას თუ დაწესებულებას აქვს თავისი შინაგანი თვისებები და საკუთარი გარემო, რომელიც მასზე ზემოქმედებს. შინაგანისა და გარეგანის კომპლექსური ანალიზი გვაწვდის მეტად სასარგებლო და საკმაოდ მდიდარ ინფორმაციას, რათა გავზარდოთ ჩვენი მოქმედების ეფექტურობა. დავიწყოთ მაგალითით: ავიღოთ პირადად თქვენი პიროვნებისა და თქვენს მიერ დასახული რომელიმე მიზნის ანალიზი.
·         ამ შემთხვევაში პირველი კითხვა, რაც შეიძლება დასვათ და რაზეც პასუხები უნდა მოიპოვოთ, შემდეგია: 1) რა არის ჩემი პიროვნების ძლიერი მხარეები, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დამეხმარება? თქვენ უნდა ჩამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები. შეეცადოთ იყოთ სპონტანური და გულწრფელი საკუთარი თავისადმი პასუხების ჩამოწერის დროს. მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ თქვენს ძლიერ მხარეებს, იქვე გვერდით მიუთითეთ ის გზები, რითაც შეძლებთ ამ ძლიერი თვისების არა მხოლოდ შენარჩუნებას დროში, არამედ მის კიდევ უფრო გაძლიერებასაც კი. მაგალითად, თუ თქვენს ძლიერ მხარედ მიიჩნევთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, თქვენ შეიძლება მიუთითოთ ის გზები, თუ როგორ შეძლებთ ამ თვისების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას, როცა საქმე თითქოსდა უკან მიდის და სხვა ამ დროს ფარ–ხმალს დაყრიდა. ზუსტად კრიტიკულ სიტუაციებშია საჭირო და აუცილებელი ამ თვისების ხელახლა გააქტიურება და კიდევ უფრო გაძლიერება.
·         მეორე კითხვა ასე ისმის: (1)  რა არის ჩემი პიროვნების ის სუსტი მხარეები, რაც დასახული მიზნის მიღწევაში ხელს შემიშლის? აქაც პირუთვნელად და სპონტანურად გაეცით დასმულ კითხვას პასუხი და თითოეულ სისუსტეს მიუწერეთ ის საშუალება, რითაც მას როგორც სისუსტეს თუ ბოლომდე ვერ აღმოფხვრით, საგრძნობლად შეამცირებთ მაინც. მაგალითად, თქვენი  სისუსტეა ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში გეწყებათ ემოციური მღელვარება და არ ფლობთ ემოციური თვითმართვის უნარებს. ეს კი ხელს გიშლით, მაგალითად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლაში, ან კიდევ მწვავე მოლაპარაკებების დროს მშვიდად მართოთ მოლაპარაკების სიტუაცია. თქვენ შეიძლება სპეციალურად გაიაროთ სტრესის მართვისა და ემოციური თვითმართვის ტრენინგები და ამით აითვისოთ შესაბამისი ჩვევები, რაც თქვენს სისუსტეს საგრძნობლად შეამცირებს და იგი აღარ შეგიშლით ხელს.
·         მესამე კითხვა შემდეგია: რა არის ჩემს გარემოში ისეთი ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობაც და რომელთა გამოყენებაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის ეფექტურად და დროულად მიღწევას? ასეთი ხელშემწყობი შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგალითად, პიროვნული და სოციალური კავშირები, მოთხოვნილება ბაზარზე, სატრანსპორტო ან საინტერნეტო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა, მთავრობის ესა თუ ის დადგენილება და ბევრი სხვა. თქვენს გარემოში არსებული თქვენთვის ხელშემწყობ ძალთა ვექტორები კარგად უნდა დააფიქსიროთ, გამოჰყოთ და დაახარისხოთ მათი პირველადობის ხარისხის მიხედვით. როცა თითოეულ ასეთ ხელისშემწყობ ფაქტორებს გამოჰყოფთ, ხელახლა გადაიკითხეთ და შეამოწმეთ რაიმე ხომ არ გამოგრჩათ. ამას გარდა დაფიქრდით, თუ როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ, რომ ამ ხელშემწყობ ძალთა ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდეს.
·         მეოთხე კითხვა ეხება საკუთრივ საფრთხეებს: რა საფრთხეები და ხელისშემშლელი გარემოებებია და პირობებია ჩემს გარემოში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ან შეაფერხოს დასახული მიზნის მიღწევის პროცესი? ეს არის ე.წ. რისკების ანალიზის სფერო და მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელია მთელ რიგ საქმიანობაში. რისკებისა და საფრთხეების მითითებისა და მისი არსის ჩვენების გარდა სრულიად აუცილებელი ამ რისკების შემცირების მექანიზმების პოვნა, მათი ამოქმედება საზიანო სიტუაციების პრევენციისათვის.
SWOT–ანალიზი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სოციალური, ბიზნეს ან პირადული პროექტების აგებისას. გირჩევთ თქვენც შემოიღოთ მისი რეგულარული გამოყენება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი პროექტების განხორციელების 20 წლიანი პრაქტიკა მიდასტურებს თუ რაოდენ სასარგებლოა ამ ერთი შეხედვით მარტივი აზროვნების ინსტრუმენტის გამოყენება წარმატებული პროექტების აგების სფეროში. 

თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვებ–გვერდზე www.fdhr.ge  ან მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.

სხვათა დახმარებისა და თვითდახმარების ძალა

წარმატების 365 დღე                                                                                                                                                    მე–19 დღე
ჰარვარდის უნივერსიტეტის 1970–იან და 1980–იანი კვლევების თანახმად, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ტარდებოდა ცნობილი ფსიქოლოგის დევიდ მაკ–კლენანდის ხელმძღვანელობით, დადგინდა, რომ განვითარებული და წინწასული ქვეყნების მოსახლეობის 75% საკუთარი ძალისხმევისა და მიზანდასახულობის მეოხებით მიისწრაფვის წარმატების მიღწევისაკენ. ამის საპირისპიროდ განვითარებადი და ჩამორჩენილი ქვეყნების მოსახლეობის პროცენტულად დაახლოებით იგივე რაოდენობის ადამიანები უპირატესად მოტივირებულია დახმარების მიღებით. ჩვენ განვითარებადი ქვეყნის სტატუსი გვაქვს. ბუნებრივია, რომ ჩვენთანაც, როგორც სხვა ამდაგვარ ქვეყნებში, დახმარების მიღებისა და მფარველის ძიების მოთხოვნილება აშკარად სჭარბობს წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის მოტივაციას. აქედან გამომდინარე თქვენ, ჩემო მკითხველო, სრულიად კანონიერად შეგიძლიათ გაგიჩნდეთ კითხვები: რამდენად უპრიანია ჩვენში ჩატარდეს წარმატების მიღწევაზე ორიენტირებული ტრენინგები, თუკი ცნობიერება და მენტალიტეტი დახმარების მიღებასა და მფარველის მოძიებაზეა ორიენტირებული? რახან წარმატების მიღწევის ტრენინგები დასავლეთის ცივილიზაციის წიაღში აღმოცენდა, ბუნებრივია, რომ მისი მომხმარებელი უხვადაა დასავლეთში, მაგრამ როგორ ეყოლება მას მომხმარებელი ჩვენში, თუკი ადამიანთა დიდი უმრავლესობა მესიისა და მფარველის, ძლიერი ხელის მქონე ხელისუფლების ან ჰარიზმატული ლიდერის დღენიადაგ ძიებაშია?  ეს კითხვა კანონიერია, მაგრამ სკეპტიკური განწყობილება მაინც დაძლევადია.  მართალია საშუალო კლასი ჯერ სათანადო რაოდენობით ვერ ჩამოყალიბდა (იგი უნდა უდრიდეს მოსახლეობის 65%–ს, რომ ხელთ გვქონდეს ვითარება, როცა ელექტორატი დემოკრატიისა და საბაზრო ეკონომიკისაკენ  მიისწრაფვის), მაგრამ მაინც არიან ადამიანები, რომლებიც უკვე დაეხმარნენ საკუთარ თავს და  დაადგნენ საკუთარი ძალისხმევით წარმატების მიღწევის გზას. მათ შეუძლიათ ადამიანებს მისცენ პირადი მაგალითი, თუ როგორ დაძლიონ საკუთარი ძალებით სიღარიბის ორმო და არ იყვნენ მფარველი მესიის ან სახელმწიფოს მიერ გაწეული შემწეობის ან დახმარების მომლოდინე. ჩვენთან ხომ უხშირესად ის ფრაზები გამოიყენება, რაც დაკავშირებულია სიტყვებთან „ მომეცი, მომცა, მივიღე...“. იცით რას ნიშნავს „ჰარი–ჰარალე“, რაც ასე ხშირად რომ გვხვდება სიმღერებში“? ურარტული სიტყვაა და ნიშნავს „ღმერთო მომეცი“. ღმერთიც კი იმ კუთხითაა მოაზრებული ვითომდაც მორწმუნეთა მიერ, რასაც ჰქვია „ღმერთი მომცემს“. ისინი ნაკლებად უსვამენ ხაზს იმას, თვითონ რას გაიღებენ უფლისადმი.                                                                                                                                                                    ჩვენში მაინც არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ძალისხმევით უკვე დაეხმარნენ საკუთარ თავს იარონ წარმატების გზით; მათ ძალუძთ და უფლებაც აქვთ დაეხმარონ სხვებს, რათა ისინიც გადაეწყონ ახალ ლიანდაგებზე და წარმატებისკენ იარონ, ნაცვლად იმისა, რომ დღენიადაგ იწუწუნონ შეღავათების ან დახმარების მიღებაზე. პირადად მე იმ ადამიანების კატეგორიას ვეკუთვნი, ვინაც დიდხანია უკვე დაძლია დახმარების მომლოდინეობა და უფლება აქვს სხვებიც აზიაროს წარმატების საიდუმლოებებს. მე მომწონს ამერიკელი ესეისტისა და  პოეტის რ. ემერსონის სიტყვები: „ცხოვრების შესანიშნავი ჯილდოა, რომ არავის არ შეუძლია გულწრფელად დაეხმაროს სხვას, თუკი თავდაპირველად არ დაეხმარა საკუთარ თავს“. მომწონს ერთი ჩინური ანდაზა, რომელიც ამბობს: „თუ თქვენ დააპურებთ ადამიანს თევზით, თქვენ მას დააპურებთ ერთი დღით, მაგრამ თუ მას ასწავლით თევზის დაჭერას, მას დააპურებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში“. ერთერთმა ჩინებულმა კონსულტანტმა წარმატების მიღწევის სფეროში – ზიგ ზიგლერმა, ასე ჩამოაყალიბა თვითდახმარებისა და სხვათა დახმარების ურთიერთ–განპირობებულობის პრინციპი: „თქვენ შეგიძლიათ ცხოვრებაში მიიღოთ ყველაფერი ის, რაც გსურთ რომ მიიღოთ, თუკი საკმაოდ დაეხმარებით სხვებს მიიღონ ის, რისი მიღებაც მათ სურთ“.  სწორედ ამას ემსახურება პროგრამა „წარმატების 365 დღე“:
·         ამ პროგრამით მე ხელს გიწყობთ გაძლიერდეთ და მიაღწიოთ წარმატებებს. თქვენ შემდგომში დაეხმარებით სხვებს, რათა მათაც მიაღწიონ სანუკვარ მიზნებს; ყველა ერთად კი შევქმნით კეთილდღეობის თვალსაზრისით მაღალი დონის საზოგადოებას;
·          მე გთავაზობთ ტრენინგ–პროგრამას „დაძლიეთ სტრესი, დეპრესია და სიღარიბე“, რათა სიღარიბისა და ფინანსური არა–მდგრადობის გამკლავებით დაძლიოთ დეპრესია, ხოლო დეპრესიის გამკლავებით კი დაძლიოთ სიღარიბე, ხოლო ორივეს დაძლევით კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეთ სტრესულ დაძაბულობას, რაც ესოდენ ძალუმად ახლავს ცვალებადობით აღსავსე ჩვენს დღევანდელობას;
·          ჩემი ტრენინგები ჯგუფურია, მაგრამ მასში მონაწილეობა ფინანსურად ძალზე იაფია. იგი ამასთან ერთად საქველმოქმედოა: ტრენინგში მონაწილეობის მცირეოდენი ფულადი საზღაურიდან დრო და დრო გროვდება თანხა, რომლითაც ერთად დავეხმარებით ავადმყოფ ან მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. ამდენად, ტრენინგის მონაწილენი ავტომატურად იქცევიან ქველმოქმედების მონაწილედ და სუბიექტებად. ამდენად ისინი ეხმარებიან სხვებს იმით, რომ ეხმარებიან საკუთარ თავს სიღარიბისა და დეპრესიის დაძლევაში;
·         ტრენინგში ჩადებული არის თვითდასაქმების, სამსახურის მოძიებისა და  ფულადი სახსრების მოზიდვის უნარ–ჩვევების დაუფლების კომპონენტები;
·          დაბოლოს, რაც მთავარია: ტრენინგ–გამოვლილი პირები გაერთიანდებიან კავშირის, ასოციაციის ან კლუბის სახით, დაიწყებენ პერსპექტიული პროექტების გენერირებას, წარმატების მიღწევის ხელოვნების გავრცელებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ჩვენს საზოგადოებაში.
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.




გაიღე ბევრი და მიიღებ უფრო მეტს

გაიღე ბევრი და მიიღებ უფრო მეტს
წარმატების 365 დღე
მე–18 დღე
გენიალურმა შოთა რუსთაველმა 9 საუკუნის წინ დაგვმოძღვრა: „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ეს აფორიზმი ცხოვრების ფორმულაა. მისი არსი იმაშია, რომ ცხოვრება გაცემა–მიღების დაუსრულებელი პროცესია. ამდენად ამ ფორმულის სხვა სახით გადმოცემა ასეც შეიძლება: „გაეცი ბევრი და მიიღებ უფრო მეტს“. ამგვარად, ამ გადაფორმულირებით სხვა რაკურსითაა იგივე ფორმულა წარმოდგენილი. აქ უკვე მხოლოდ პოზიტიური აფირმაციაა დატოვებული და არაა ხაზგასმული რაიმე დანაკარგის საფრთხე. ამიტომაც გაბედულად გაეცით არა იმიტომ, რომ სხვანაირად ბევრს დაკარგავთ, არამედ გაცემით კიდევ უფრო მეტს მიიღებთ. ეს ფორმულა ფინანსური წარმატების თემას მინდა მივუყენო. არსებობს ბიბლიური მოსეს მიერ მითითებული და შემდგომში საუკუნეებში გამჯდარი მეათედის კანონი, რომლის თანახმადაც ყველა შემოსავლის 10% სალოცავს უნდა შევსწიროთ. თუ ჩვენი ლოცვის საგანი სიკეთის ქმედებაა, მაშინ ჩვენი შემოსავლის ყოველი 10% კეთილქმედებას, ქველმოქმედებას, სხვათა დახმარებასა და ზრუნვა–მსახურებას უნდა მოვახმაროთ. ახლა წარმოიდგინეთ თუ რა მოხდება, თუკი ყველა ადამიანს ძვალ–რბილში გაუჯდა ორი რამ : 1) ფინანსური წარმატების იმ აუცილებელ პრინციპებსა და კანონებს იცავს, რაც წინა „წარმატების 365 დღის“11–12–13–14–15–16–17 დღეების რჩევებში იყო ჩამოყალიბებული; თანაც ეს ადამიანები ფინანსური წინსვლის რეჟიმში ცხოვრობენ; 2) რეგულარულად გადადებენ ხოლმე ნებისმიერი შემოსავლების 10%–ს ქველმოქმედებასა, გაჭირვებულთა და მიუსაფართა თანადგომაში. ასეთ სიტუაციაში პერმანენტულად ამაღლდება ყველა ადამიანის კეთილდღეობის დონე და განხორციელდება ქრისტიან–დემოკრატ ლუდვიგ ერჰარდის სლოგანი: „კეთილდღეობა ყველას“. თუკი ჩვენი რიგითი მოქალაქეების საშუალო თვიური შემოსავალი უდრის, ვთქვათ, 300 ლარს, მაშინ თითოეული მოქალაქე თანადგომის  10%–ის პრინციპის მიხედვით მხოლოდ 30 ლარს გადადებს ქველმოქმედებასა და შეჭირვებულთა თანადგომაში. მაგრამ თუკი ჩემი „წარმატების 365 დღის“ პროგრამის გამოისობით ადამიანებს გაეზარდათ შემოსავლები და მიაღწია, ვთქვათ, 1000 ლარს თვეში, მაშინ იგივე მოქლაქეები ნაცვლად 30 ლარისა 100 ლარს ჩადებენ ყოველთვიურად ქველმოქმედებასა და თანადგომაში. თუკი ამას გადავამრავლებთ თუნდაც ნახევარ მილიონ მოსახლეზე, რომლებიც დავუშვათ, რომ იცხოვრებენ ამ ჯანსაღი პრინციპებით, წარმოიდგინეთ რა გრანდიოზულ თანხებთან გვექნება საქმე. დათვლა თქვენზე იყოს, ძვირფასო მკითხველო.
მაგრამ მთავარი ამის შემდეგ იწყება. გაცემა–მიღების პროცესში არა მარტო ისაა მოგებული, ვინც მიიღებს დახმარებას ან ფულად სახსრებს, არამედ კიდევ უფრო მეტად ისაა მოგებული, ვინაც გაიღებს. ნახეთ: ამ ეკონომიკურად ჩაშვებულ ქვეყანაში თუკი მზარდი ფინანსური წარმატების გზას დაადგნენ ადამიანები, ხოლო წარმატებულნი 10%–იანი პრინციპის თანახმად მზარდად გასცემენ დახმარებას, ამით მაღლა აიწევს გადახდისუნარიანი მოსახლეობის რიცხვი და იმათი შემოსავლები გაცილებით კიდევ უფრო გაიზრდება, ვინაც სხვისთვის გაიღებს ფინანსურ რესურსებს და მხარში ამოუდგება გაჭირვებულს. ამას თუ დაუმატებთ ე.წ. სუბსიდიარობის პრინციპს და სოციალური საბაზრო ეკონომიკის ლიანდაგებზე ქვეყნის გადაყვანას, მივიღებთ გერმანელი ქრისტიან–დემოკრატების კონრად ადენაუერისა და ლუდვიგ ერჰარდის მოდელს. ამ მოდელით სასწაული განხორციელდა გერმანიაში, როცა მე–2 მსოფლიო ომის შემდგომი ფერფლად ქცეული და დანგრეული გერმანია სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში აქციეს გერმანიის ფედერაციულ გერმანიად, ევროპის ერთერთ უძლიერეს ქვეყნად, რომლის პროდუქციის 80% გადის ექსპორტზე, სადაც ვერ ნახავთ სუპერ–მილიარდერებს, მაგრამ ხალხი შეძლებულად და მდიდრულად ცხოვრობს; გერმანიად, რომელიც ევროკავშირის ერთერთი ფლაგმანი ქვეყანაა, რომელიც არა მხოლოდ უძლებს მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისებს, არამედ საბერძნეთსა და სხვა ქვეყნებს უკეთებს რამდენიმე ათეულ მილიარდიან ფინანსურ ინექციებს, რათა ევროკავშირი არ შესუსტდეს.
 მავანი მეტყვის: ეს გერმანიაში მოხდა, ჩვენ სხვანაირები ვართ და ვერ შევძლებთ. ჩემი პასუხია: თუკი გერმანიამ შეძლო, ჩვენც შევძლებთ.
მავანი მკითხავს: ამისათვის ხალხმა რა უნდა გააკეთოსო. მე ვეტყვი: ხალხმა თავი დაანებოს არაჯანსაღ პოლიტიზირებასა და კინკლაობას, ნუ იქნება ვინმე სააკაშვილის მომლოდინე, რომ იგი ვარდებით გადააყენებს შევარდნაძეს, ვარდებითა და ფიანდაზებით მოფენილ ცხოვრებას შეგვიქმნის ხალხს, და ეს უკვე იყო და ძველი ზღაპარია;   ნუ იქნება მილიარდერ  და მეტად დასაფასებელი ქველმოქმედის ბიძინა ივანიშვილის იმედით, რომ იგი სამართლიანობის გარდა ლარნაკით მოიტანს ნანატრ კეთილდღეობას; ადამიანებს ჰქონდეთ თავიანთი თავის და საკუთარი ძალისხმევის იმედი და  იზრუნონ თვითდასაქმებაზე. მეგობრებო, მსოფლიო ისტორიაში ყველა ხელისუფლების უპირველესი საზრუნავი იყო და იქნება საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება და გაზრდა. ამ მხრივ არც გამსახურდია, არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი და არც ივანიშვილი არ იყვნენ ან არ არიან გამონაკლისი. ეს არც ცუდია და არც კარგი, ეს უბრალოდ რეალობაა. ხოლო თქვენ, ადამიანებო, უნდა იზრუნოთ იყოთ საკუთარი თავის ხელისუფალი და ბატონ–პატრონი, დაიცვათ კანონები, თვითონ განსაზღვროთ და განკარგოთ თქვენი ბედისწერა და გაზარდოთ თვითდასაქმების პოტენციალი.
მავანი მკითხავს: რა უნდა აკეთოს დღევანდელმა ხელისუფლებამ? მე ვიტყოდი: 1) გააგრძელოს სამართლიანობისათვის ბრძოლა იმგვარად, რომ კანონის უზენაესობა ყველას შეეხოს; იზრუნოს არა მხოლოდ ადამიანთა უფლებების დაცვაზე, არამედ ადამიანური ღირსების დაფასებაზეც; 2) არ დაადგეს რეალურად მონოპარტიული მართვის და მოჩვენებითად მრავალპარტიულობის გზას; 3) უზენაეს ღირებულებებად გამოაცხადოს და ცხოვრებაში რეალურად გაატაროს – თავისუფლება, თანადგომა და სამართლიანობა; 3) იზრუნოს სოციალური საბაზრო ეკონომიკის დანერგვაზე ნაცვლად ამერიკული ლიბერტანიანული და ნეოლიბერტანიანული ეკონომიკური მოდელისა; 4) ცხოვრების ყველა მონაკვეთში იმოქმედოს სუბსიდიარობის პრინციპით და განსაკუთრებით კი დეცენტრალიზაციის სფეროში, თვითმმართველობის ინსტიტუტების ფუნქციონირებაში; 5) ყველა, მათ შორის პოლიტიკური მოწინააღმდეგეც მიიჩნიონ ქვეყნის სასარგებლო მოქალაქეებად, არ დაჰყონ ან არ უბიძგონ ხალხს, რომ მათ დაჰყონ ადამიანები „ჩვენიანებად“ და „არა–ჩვენიანებად“, მისაღებებად და მიუღებლებად; ამდაგვარი რამ უკვე მერამდენედ გამოვიარეთ; 6) იზრუნონ ქვეყნის ეკონომიკურ–სოციალურ–პოლიტიკური კურსის თვითკმარობაზე, მაგრამ შეუთანაზომონ თვითკმარობის პრინციპი პოლიტიკური მიზანშეწონილების პრინციპს, განსაკუთრებით კი საგარეო პოლიტიკაში.
მავანი მკითხავს: პირადად შენ რას გააკეთებ ასეთი ქვეყნის შესაქმნელად? მე ვეტყვი: 1)  გავაგრძელებ „წარმატების 365 დღის“ პროგრამას და უფო მეტიც, მას გადავზრდი „წარმატებისა და ბედნიერების ათას ერთი დღე–ღამის“ პროგრამაში; 2) გავაგრძელებ ტრენინგ–პროგრამების ჩატარებას –„დაძლიეთ სტრესი, დეპრესია და სიღარიბე“, „წარმატების ფსიქოტექნოლოგიები“, „ლიდერობა“, „ბედისწერის მართვა“, „ბედნიერების ინდექსის ზრდა“, „ბიზნეს–აზროვნების ინსტრუმენტები“, „ ტრავმის გამკლავება და მონელება“; 3) ჩემი ტრენინგები ჯგუფურია, მაგრამ ძალზე იაფია, თანაც საქველმოქმედოა: ტრენინგის მონაწილეთა მიერ შემოტანილი თითქოსდა მიზერული თანხებიდან დრო და დრო გროვდება თანხა, რომლითაც დავეხმარებით ავადმყოფ ან მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს. ამდენად, ტრენინგის მონაწილენი ავტომატურად იქცევიან ქველმოქმედების მონაწილედ; 4) ტრენინგში ჩადებული არის თვითდასაქმების, სამსახურის მოძიებისა და  ფულადი სახსრების მოზიდვის უნარ–ჩვევების დაუფლების კომპონენტები; 5) ტრენინგ–გამოვლილი პირები გაერთიანდებიან კავშირის, ასოციაციის ან კლუბის სახით, დაიწყებენ პერსპექტიული პროექტების გენერირებას, წარმატების მიღწევის ხელოვნების გავრცელებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ჩვენს საზოგადოებაში.
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.


როგორ აკეთოთ ფული და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები

წარმატების 365 დღე
მე–17 დღე
წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ თუ თქვენ ვალებისაგან იქნებით თავისუფალი და ზრდადი დეპოზიტის ანაბრის პრინციპით დაიწყებთ ფულადი თანხების დაზოგვას,  თითქოსდა ჯადოსნური ძალები გეხმარებიანო, თქვენთვისვე მოულოდნელად გასაოცარი წინსვლა დაგებედებათ. თუ ამისი არ გჯერათ, მაგრამ მაინც რატომღაც ყველა წინარე რჩევებს ახორციელებთ და ერთვებით ვალების შემცირებისა და დაზოგვების გეგმის ამოქმედებაში, თქვენ გასაოცარ შედეგებს მიიღებთ.  თქვენ უფრო სწრაფად დაიწყებთ მიზნის მიღწევას, ვიდრე ამას გეგმავდით. თქვენ შეიგრძნობთ შინაგან ტრანსფორმაციას. თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები პოზიტიურად შეიცვლებიან. ამას თუ დაამატებთ თქვენი ინვესტირების პორტფოლიოს ზრდას, თქვენ იქნებით ფინანსურად უფრო დაცული და ვალებისაგან თავისუფალი.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ისმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები, როგორ ვაკეთოთ ფული? დღევანდელი საუბარი სწორედ ამას შეეხება. მე პირადად თუ სასწორზე დავდებ ორ რაიმეს – ერთის მხრივ, შემოსავლების ზრდას და შემოსავლების ახალი წყაროების გაჩენას, ხოლო მეორეს მხრივ,  ფულის დაზოგვასა და თანხების შეგროვებას, ორივე ძალას ვაღიარებ ფინანსური წარმატების საწინდრად, მაგრამ ჩემთვის შემოსავლების ზრდა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნა გადაწონის ფინანსურ დაზოგვას. ამგვარად, მოდით ფინანსური წარმატებისა და სიმდიდრის მიღწევის 4 ფაქტორი გამოვყოთ:
·         ფულის დაზოგვა და დაგროვება;
·         ვალების შემცირება და მისგან განთავისუფლება;
·         შემოსავლების ზრდა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნა;
·         ინვესტირება.
ეს 4 ფაქტორი ურთიერთ შემავსებელი და ურთიერთ დაკავშირებულია.
მოდით ახლა ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინოთ  შემოსავლების ზრდასა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნაზე. ამისათვის გადავდგათ 4 ნაბიჯი.
ნაბიჯი პირველი
ფულის კეთებისა და შემოსავლების ზრდის პირველი ნაბიჯია მიიღოთ მტკიცე  გადაწყვეტილება, რომ მართლაც ნაღდად დაიწყებთ შემოსავლების ზრდას და განსაზღვრეთ  მაინც რამდენით გსურთ გაიზარდოს თქვენი შემოსავლები. მე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე წინა დღეებში პოზიტიური აფირმაციებისა და ვიზუალიზაციის ძალაზე, როცა თქვენს წარმოდგენაში ხედავთ საკუთარ თავს თითქოს უკვე ფლობთ ამ სასურველი ოდენობის თანხებს. არ გაგიკვირდეთ, რომ ზე–მდიდარი ადამიანები მიმართავენ ანალოგიურ ყოველდღიურ აფირმაციებსა და ვიზუალიზაციას სასურველის  უკვე ფლობის თაობაზე. ამას უჩვენებს მათი ბიოგრაფიებისა და  პიროვნული ზრდის შესახებ გამოკვლევები. ვისაუბრე იმაზე, თუ რა ძალა აქვს გადაწყვეტილების მიღებას; რომ გადაწყვეტილება არის მიზეზი და წყარო იმისა, თუ როგორი იქნება შენი ხვალინდელი დღე;  რომ გადაწყვეტილება არის თესლი, რაომელიც სათანადო ნიადაგში უნდა მოხვდეს, რაც შესაბამის შედეგს მოიტანს, და რასაც ვთესავთ ,იმასვე ვიმკით. არ დავთესავთ ახალ გადაწყვეტილებას და იგივენაირად ვიმოქმედებთ, როგორც გუშინ ვმოქმედებდით? – მივიღებთ იგივენაირ შედეგსა და მდგომარეობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ფინანსური ცხოვრება უკეთესობისაკენ რომ შეცვალო, თვისობრივად ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ახალი ღვინო ახალ ტიკში უნდა ჩაასხათ. დააკვირდით სიტყვების ფუძეებს „გადაწყვეტა“ ან „გადაწყვეტილება“: ერთი ზმნაა და მეორე არსებითი სახელი, მაგრამ ორივეში ფუძეა “წყვეტა“.ნამდვილი გადაწყვეტილების დროს რაღაც ჩვეულთან ან ძველთან ან გაუცნობიერებელთან წყვეტთ კავშირს, რაც პროცესუალურად გაწყვეტას გულისხმობს. თქვენც კავშირი უნდა გაწყვიტოთ ჩვეულთან და ახალი ფულადი სტანდარტი უნდა დაუწესოთ შემოსავლის თვალსაზრისით საკუთარ თავს ან თქვენს ბიზნესს. ისევ ვიმეორებ: გადაწყვიტეთ, რომ დაადგებით ფინანსური შემოსავლების ზრდის გზას და ამისათვის ჯერ განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი და გაზრდილი ფულადი შემოსავალი, ხოლო შემდეგ „შედით იმ როლში“, რომ ამ სასურველი შემოსავლების მფლობელი უკვე ხართ!
ნაბიჯი მეორე
დაუსვით თქვენს თავს კითხვები: რა პროდუქტი ან სერვისი ან დამატებითი ფასეულობა უნდა შევქმნა ან განვავითარო, რომ შევძლო სასურველი ოდენობის ფული მოვიზიდო? რა ესაჭიროება ჩემს მომხმარებელს, საზოგადოებასა და თემს, ბიზნეს სამყაროს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, და  როგორ შევძლებ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას? ეს კითხვები საჭიროებათა შესახებ ბევრჯერ და დაჟინებით უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. ჩაატარეთ ამაზე ე.წ. გონებრივი შტურმი (Brain-Storming), რასაც როგორც შემოქმედობითობის (კრეატიულობის) ერთერთ ინსტრუმენტს შემდგომში სპეციალურად განვიხილავთ. ახლა კი დავიმახსოვროთ 5 სიტყვიანი წინადადება, რაც მეწარმეობასა და ბიზნესს (და ნებისმიერ წამოწყებას ან პროექტს) აძლევს გეზსა და მიმართულებას: „მოიძიე და სწრაფად დააკმაყოფილე მოთხოვნილებები“. ცხადია, იგულისხმება სხვა ადამიანთა ან საზოგადოების მოთხოვნილებები. ეს არის მაგიური ფორმულა – იგი ფინანსური და სოციალური პროექტების წარმატების უმოკლეს გზას გამოხატავს.
ნაბიჯი მესამე
განავითარეთ, შექმენით  და დაამზადეთ უკვე მოაზრებული პროდუქტი ან მომსახურება ან დამატებითი ფასეულობა. დაიწყეთ მისი დანერგვა ცხოვრებაში.
ნაბიჯი მეოთხე
დაიწყეთ შემოსავლების ახალი წყაროების ძებნა და დადგენა. პირადად მე ყოველთვის შემოსავლების სხვადასხვა წყარო მაქვს და მქონდა. არასდროს არ ვიყავი რომელიმე ერთ ორგანიზაციას მიწებებული. ვიყავი და ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის“ თავჯდომარე 1995 წლიდან დღემდე. ამ 17 წლის განმავლობაში 40–მდე მსხვილი და მცირე საგრანტო პროექტი განვახორციელე და ურთიერთობა მქონდა რამდენიმე ათეულ დონორ ორგანიზაციასთან; საშუალოდ ორ თვეში ერთ პროექტს ვწერ და სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას ვუგზავნი. ვმუშაობდი ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ვიყავი თსუ–ს პროფესორი, ამჯერად ილიას უნივერსიტეტში ვარ მიწვეულ პროფესორად, სამედიცინო უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი, ვასრულებ სხვადასხვა ორგანიზაციების შეკვეთებს კვლევითი და ტრენინგ– სამუშაოების სახით; ამჯერად თიბისი ბანკისა და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის დაფინანსებით ვახორციელებ   ბავშვთა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსურ–სამეწარმეო  განათლების პროგრამას თბილისის 10 საჯარო სკოლასა და შიდა ქართლის  10 სასწავლო დაწესებულებაში; ამ პროექტების სლოგანია “საქართველოს ბავშვები და ახალგაზრდები სიღარიბის დაძლევისათვის“. მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად ვეწევი ფსიქოთერაპიულ და ფსიქოლოგიური კონსულტირების მომსახურებას. რაც მთავარია, ვატარებ  ტრენინგებს  წარმატების მიღწევის ფსიქო–ტექნოლოგიებში და ვნერგავ ტრენინგ–პროგრამას „დაძლიეთ დეპრესია და სიღარიბე“. დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქრისტიან–დემოკრატიული ინსტიტუტი“ და აქტიურად ვუწევდი და ვუწევ კონსულტატიურ–ტრენინგულ მომსახურებას ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას. როგორ მოხდა ეს? არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული უნარები მაქვს, არამედ უკვე 1989 წლის 9 აპრილს გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი არასამთავრობო სექტორში და როგორც ფსიქოლოგს მეტარებინა ისეთი სამუშაოები, რაც გაცდებოდა აკადემიური მეცნიერების საზღვრებს და მემსახურა ადამიანებისათვის. მიყვარს მსახურება. მიყვარს კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი. რაც მიყვარს , იმას ვაკეთებ და იმაში ვღებულობ შემოსავლებს. მართალია, არ ვარ მილიონერი, მაგრამ ვარ საშუალო კლასის წარმომადგენელი, ვაშენებ და მალე მწყობრში შევა ტრენინგ–ცენტრი სოფ. ბულაჩაურში; ნამყოფი ვარ აზიის, ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში. მეტწილად ვმოგზაურობ სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში, თუმცა ამავე დროს ჩემს ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ჩავდივარ ინგლისში. მიყვარს მიწაზე მუშაობა და ჩემი პატარა მოსავალი ყოველ წელს მაქვს, ხოლო ახალგაზრდობაში სერიოზულად ვიყავი გატაცებული ალპინიზმით... მგონი ძალიან გავერთე ჩემი სამუშაოსა და გატაცების შესახებ მოყოლით.
ნაბიჯი მეხუთე
რასაც ახლა ვიტყვი, არც მეხუთეა და არც პირველი, იგი უბრალოდ თავი და თავია: სიყვარულითა და ხალისით ემსახურეთ თქვენს საქმეს და ეცადეთ შემოსავლების ზრდა მოახერხოთ თქვენი პროფესიონალიზმისა  და საქმისადმი სიყვარულის საფუძველზე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე მომწერეთ nodarsar@gmail.com








მილიონერთა აზროვნება და 20/80 %–ის პრინციპი

მილიონერთა აზროვნება და 20/80 %–ის პრინციპი
წარმატების 365 დღე
მე–15 დღე
აშშ–ში 1980 წელს სტატისტიკა 1.5 მილიონ მილიონერს ითვლიდა. 2000 წელს მილიონერთა რიცხვმა 7 მილიონს მიაღწია, ხოლო 2020 წელს სავარაუდოდ  მათი რიცხვი 50 მილიონს მიაღწევს. საშუალოდ ყოველ 4 წუთში ამერიკაში ვინმე ხდება მილიონერი. ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ მინდა ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება მიგანიშნოთ მიოლიონერისა და ფინანსურად ბევრად უფრო წარუმატებელი ადამიანის აზროვნება–მოქმედებაში. ჩვეულებრივი, ფინანსურად წარუმატებელი ადამიანების აზროვნება–მოქმედების სქემა შემდეგია:
შემოსავალი  –100% –>ყველა დანახარჯები და გადასახადების გადახდა –100%––>ქონებრივი ფასეულობა ანუ აქტივი ნული.
ანუ ადამიანთა უმეტესობა ყველა შემოსავალს ხარჯავს საყიდლებსა და გადასახადებში და ქონებრივად რჩებიან ნულოვანი აქტივის ანუ ფასეულობის ამარა.
მილიონერთა აზროვნება– მოქმედების სქემა კი განსხვავებულია:
 მილიონერები ნებისმიერი შემოსავლის 20%–ს ინვესტირებაში ხარჯავენ, ხოლო 80%–ს   საყიდლების, გადასახადებისა და ვალდებულებების  გასტუმრებაში მოიხმარენ.  ამის შემდეგ, გაზრდილი შემოსავლების 20%–ს ისევ ინვესტირებაში ხარჯავენ, ხოლო 80%–ს   საყიდლების, გადასახადებისა და ვალდებულებების  გასტუმრებაში მოიხმარენ და ასე გრძელდება პროცესი.
ამას ისიც ემატება, რომ მილიონერებს აქვს კიდევ ერთი ჩვევა, რომელსაც გასუფთავების ანუ ზედმეტი ხარჯების   მოცილების ჩვევა შეიძლება დაერქვას. ისინი კარგად გამოითვლიან თვით წვრილმანებსაც კი, რაც დახარჯეს ბოლო ერთი თვის ან ერთი წლის განმავლობაში. როგორც კი ნახავენ რაღაც ისეთს, რაშიც ფულის დახარჯვა უსარგებლო ზედმეტობა იყო ან რასაც შეიძლება ზიანიც კი მოჰყვეს, იმ სახის საქონლის ან სერვისის ყიდვას სამომავლოდ ამოიღებენ სათვალავიდან და გამოთავისუფლებელ თანხას იმ წუთსავე დაუმატებენ თავისი ბიუჯეტის იმ 20%–იან ნაწილს, რაც ინვესტირებისათვის ჰქონდათ გამიზნული. ისინი თითქოსდა თავიანთ წარსულს გამუდმებით იყენებენ მომავლის ასაშენებლად და ამით თითქოსდა  სიცოცხლეს  იხანგრძლივებენ ან მის ხარისხს ზრდიან. აქ მახსენდება მაშიკო ბოჭორიშვილის (ჩემი ერთერთი მკითხველის) ფეისბუკში გამოგზავნილი ამონარიდი: „ნუ მისტირი წარსულს! ის კლავს შენს ძვირფას დროს... ისტორია არ მეორდება...ადამიანები არ იცვლებიან! ნურასდროს,ნურავის ნუ ელი! ნუ დგახარ ერთ ადგილზე! იარე მხოლოდ პირდაპირ! უკან ნუ იყურები! ადამიანები, რომლებსაც სჭირდები, აუცილებლად დაგეწევიან!
სულაც არ არის მთავარი ყველა იყოს მილიონერი და არც თქვენ მოგიწოდებთ, ჩემო მკთხველო, მანდამაინც მილიონერი გახდეთ. მე ვისურვებდი აგემაღლებინოთ თქვენი ცხოვრების სტანდარტებისა და კეთილდღეობის დონე. ამისთვის კი საჭიროა იმ აზროვნება–მოქმედების ინსტრუმენტებისა და უნარ–ჩვევების ფლობა, რაც მდიდარ ადამიანებს გააჩნიათ, რომლებიც ყოველდღიურად იმაღლებენ კეთილდღეობის დონეს. მე კი მსურს საქართველო დასახლებული იყოს მდიდარი ადამიანებით და ეს მამოძრავებს. ამისათვის კი საჭიროა დაიწყოთ შემდეგი სქემით ცხოვრება: ყველა თქვენი შემოსავლიდან (ხელფასი იქნება ის თუ სუფთა მოგება ბიზნესიდან, ნაჩუქარი ფული თუ შემოწირული დახმარება ან შემწეობა) იმთავითვე გადადეთ სულ მცირე 10% დაზოგვისათვის ბანკში ზრდადი დეპოზიტის ანაბრისათვის, 20 % გადადეთ სამომავლო ინვესტირებისათვის ანუ შემოსავლების დამატებითი წყაროების გასაჩენად, ხოლო 70% დახარჯეთ  ყველა აუცილებელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და გადასახადების გადასახადად. აქედან თუ კი რამ დაგრჩათ, არ დააყოვნოთ და დახარჯეთ თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. იყავით ყურადღებით:   გააკეთეთ ყველა თქვენი დანახარჯის აღრიცხვა და გაასუფთავეთ თქვენი სამომავლო ბიუჯეტი, განთავისუფლდით ისეთი რაღაცის შეძენისაგან, რაც არც საჭიროებას შეიცავს, არც სათანადო სარგებლობას გაძლევთ და შესაძლოა ზიანსაც კი გაყენებთ (მაგალითად, თამბაქო).   როგორც კი გამოათავისუფლებთ რაღაც თანხას ამდაგვარი ფინანსური გასუფთავების შედეგად, იმწამსვე ეს თანხა გადაისროლეთ ან ზრდადი დეპოზიტის შესავსებად ან კიდევ წაამატეთ ინვესტირების 20%–იან  თანხას შემოსავლების დამატებითი წყაროების გასაჩენად. ახლა ნახეთ ნახეთ რა გამოდის: ის 10% შემოსავლიდან, რაც თქვენივე ზრდად ანაბარზე დადევით, და შემოსავლების ის 70%, რაც თქვენი აუცილებელი საჭიროებების, ვალდებულებებისა და გადასახადების,  სურვილების დასაკმაყოფილებლად დახარჯეთ, ჯამში შეადგენს 80%–ს და ეს ის ფულია, რაც საკუთრივ თქვენვე გხმარდებათ ან მომავალში მოგხმარდებათ. ხოლო შემოსავლების 20%, რაც ინვესტირებას გულისხმობს, მოხმარდება შემოსავლების დამატებით წყაროების გაჩენას და  ამდენად შემოსავლების ზრდას. ამგვარად ჩვენ მივდივართ 20%–ისა და 80%–ის ეკონომიკურ და სოციოლოგიურ თეორიასთან, რაც ეკონომისტ პარეტოს სახელს უკავშირდება.  ამ თეორიის თანახმად   ეკონომიკური განვითარება საბრუნავი თანხების 20%–ს მიჰყავს, დანარჩენი 80% კი უბრალოდ დახარჯული სახსრები და რესურსებია. სოციოლოგიურად კი, საზოგადოებრივი წინსვლა, წარმატებული რეფორმები და ინოვაციები ადამიანთა 20%–ს მიჰყავს, ხოლო 80% პასიურად მიჰყვება ან ეწინააღმდეგება კიდეც ცვლილებებს. თქვენ კი, ჩემო  მკითხველო, გიგულებთ როგორც ჩვენი საზოგადოების იმ 20%–ს,  ვინც წარმატებისაკენ მოაბრუნებს ჩვენს საზოგადოებას ახალი აზროვნება–მოქმედების მოდელების გამოყენებით.   ამიტომაც მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას.
დაეუფლეთ წარმატების მართვის ტექნოლოგიებს და წარმატება თვითონ მოგძებნით თქვენ!!                                                                                                                                
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com



ფინანსური წარმატება, დაზოგვები და რაციონალური ხარჯვა

წარმატების 365 დღე
მე–14 დღე
დანაზოგები
მოვიდა დრო დავსვა მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ გგონიათ, რა განსაზღვრავს სიმდიდრეს და მატერიალურ კეთილდღეობას? პირველი აზრი, რაც თავში მოგდით, რა არის?  დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაიფიქრა: დიდი შემოსავლებიო, ბევრი ფულის კეთებაო... და სხვა მსგავსი. არა, ბატონებო, სიმდიდრე განისაზღვრება არა დიდი შემოსავლებით, არამედ დიდი დანაზოგებით, დიდი რაოდენობის დაგროვილი თანხებით. ერთი ჩინური ანდაზა ზუსტად ამ აზრს გადმოსცემს. მეც ამ დებულებას ვიზიარებ. დიდი შემოსავლებს დიდი გასავლები მოსდევს. რაც არ უნდა აღემატებოდეს შემოსავლები დანახარჯსა და სხვადასხვა გასავალს, მაინც ვერ შექმნის იგი სიმდიდრეს, თუ საქმეში არ ჩაერია დაგროვება და დაზოგვები. სიმდიდრე არის რაღაც ისეთი მდგომარეობა, რომელიც თანხებისა და მატერიალური რესურსების აკუმულირებას ანუ დაგროვებას გულისხმობს. ამიტომაც თუ გინდათ დაიწყოთ სიმდიდრისაკენ და მატერიალური კეთილდღეობისაკენ სვლა, საჭიროა დაიწყოთ ფულის დაგროვება და აითვისოთ მისი ანა–ბანა. სიმდიდრე ცოდნასავითაა: როგორც ცოდნას სჭირდება დაგროვება, ასევე ფინანსური კაპიტალიც დაგროვების შედეგია.
რა არის ის უმცირესი ოდენობა, რაც ადამიანმა უნდა დაზოგოს მისი ნებისმიერი შემოსავლიდან –ხელფასი იქნება ის, ბიზნეს–მოგება თუ ვინმეს ნაჩუქარი ფული? ითვლება, რომ ეს ოდენობა არის 10%. რატომ? ამას აქვს თავისი ბიბლიური ძირები. გახსოვთ, ცხადია, რომ ბიბლიურმა მოსემ უდაბნოში თავის თანამოძმეებს აუწყა სინას მთიდან ჩამოტანილი  განგების უწყება: ყოველი მეათე სალოცავისათვის გადაინახეთო. აქედან იღებს სათავეს მინიმალური 10%–იანი დაზოგვის თეორია. ნებისმიერი ქონების ან შემოსავლის 10% უმტკივნეულოდ გადანახვადია, რაც საგრძნობ ზარალს ან ზიანს არ შეადგენს დამგროვებლისათვის. მაგალითად, თუ დიასახლისს დღის განმავლობაში სურსათზე განსაკარგავად ეძლევა  10 ლარი, მას შეუძლია 9 ლარად დაახლოებით იგივე სანოვაგე შეიძინოს, რასაც 10 ლარად შეიძენდა: ყოველ შემთხვევაში, განსხვავება იქნებოდა უმნიშვნელო. მას შეუძლია 1 ლარი გადაინახოს ყულაბაში. იგივე ითქმის 100 ლარზე, როცა 90 ლარადაც გახვალ ფონს, და 10 ლარი შეიძლება გადაინახო საქონლის შეძენის დროს და ა.შ. თუკი ვინმეს აქვს მინიმალურზე გაცილებით მეტი შემოსავლები, მას შეუძლია გადაინახოს არა 10%, არამედ 11%, 12%, 13% და უფრო მეტიც. მაგრამ გადანახვაცაა და გადანახვაც. ყველაზე უმჯობესი ფორმა არის ე.წ დაგროვებადი ანუ ზრდადი ანაბარი. და აი, ნახეთ, ასეთი მაგალითი: მოქალაქე X-ს, ვთქვ, აქვს ყოველთვიური 300 ლარი სტაბილური ხელფასის სახით. მან გადაწყვიტა შეიტანოს ერთერთ ბანკში ყოველთვიურად ამ ხელფასის 10% ანუ 30 ლარი ზრდად სადეპოზიტო ანაბარზე. ბანკში საპროცენტო დანარიცხის განაკვეთი არის წლიური 8%. მაშინ მას პირველი თვის ბოლოს ანაბარზე დაერიცხება 30 ლარის 8% წლიური განაკვეთით, მეორე თვეს უკვე დაემატება 30+30=60 ლარის 8% წლიური განაკვეთით, მესამე თვეს – 30+30+30=90 ლარის 8% წლიური განაკვეთით და ა.შ., ხოლო წლის ბოლოს 30 x 12=360 ლარის 8% წლიური განაკვეთით, ანუ წლის ბოლოს მას გამოუვა ბევრად უფრო მეტი თანხა, ვიდრე მისი თვიური ხელფასია. თუკი იგი ამ დეპოზიტს გააგრძელებს, უკვე 30 ლარიდან კი არ დაიწყებს 8% სარგებლის მატებას ყოველთვიურად, არამედ 360 ლარიდან გაემართება უფრო დიდი მოგებისაკენ. ამას ეწოდება შედგენილი სარგებელი, რაზეც ალბერტ აინშტეინი წერდა: „ შედგენილი სარგებელი სამყაროს მერვე საოცრებაა და ეს არის ერთერთი ყველაზე ძალმოსილი რამ, რაც კი ოდესმე შემხვედრია“.
მაშ, ასე: გაქვთ გახსნილი ზრდადი ანაბარი ბანკში? თუ არ გაქვთ, როდის გახსნით? რატომ არ უნდა ისარგებლოთ 10%–ის მაგიური კანონითა და შედგენილი სარგებელის ძალმოსილებით? რატომ არ  უნდა ენდოთ ა.აინშტაინის გენიას?
აი, კიდევ რას ამბობენ დაზოგვების შესახებ.
ხუთი უპირატესობა , რაც ფულის დაზოგვას მოაქვს:
·         დამოუკიდებლობა – თუკი ფულს ზოგავთ, აღარ დაგჭირდებათ სხვას სთხოვოთ თანხა;
·         გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა – დაზოგილი ფული თქვენ გეკუთვნით და თქვენ წყვეტთ, თუ როგორ გამოიყენებთ მას;
·          თავდაჯერებულობა – ფული არ გვაბედნიერებს, მაგრამ შეუძლია მოგვიტანოს სიმშვიდე. დაზოგილი თანხა შეიძლება გამოიყენოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის. ამას გარდა, იგი შეიძლება თქვენი განვითარებისათვის გამოიყენოთ, რაც თავდაჯერებულობას გმატებთ;
·         დაცულობა – ბანკის ანგარიშზე დადებული თანხის მოპარვას ქურდი ვერ შესძლებს, ან ცეცხლი და წყალი ვერ დააზიანებს;
·         ფულს მოაქვს ფული – ბანკში შენახულ ფულს დაერიცხება სარგებელი, ხოლო ზრდადი დეპოზიტის გამოყენებით კიდევ უფრო იზრდება სარგებლის ოდენობა.
რაციონალური ხარჯვა
გონივრული ხარჯვის წესების გასარკვევად ჯერ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ საჭიროებისა და სურვილის ცნებები. ისინი შესაძლოა ერთმანეთს არ ემთხვეოდნენ. საჭიროება არის ის მდგომარეობა, როცა საქმეში ერთვება აუცილებლობა და გარდაუვალობა: აქ ლაპარაკია იმ მოთხოვნილებებსა და საჭიროებებზე, რაც აუცილებლად უნდა დაკმაყოფილდეს,თორემ   წინააღმდეგ შემთხვევაში ან ჯანმრთელობა, ან ზრდა–განვითარება, ან   დაცულობა, ან ადამიანის უფლებები და ღირსებები იქნება დარტყმისა და საფრთხის ქვეშ. ადამიანს საჭიროება აქვს  წყალზე, ჰაერზე, ავადმყოფობის დროს მედიკამენტზე, ელემენტარულ განათლებაზე, უსაფრთხოებაზე, მისი საკუთრების ან სხვა უფლებების რეალიზაციაზე და სხვა. სურვილი არის მდგომარეობა, რომელიც არ არის დაკმაყოფილების აუცილებლობით პირობადებული, ის რომ არ დაკმაყოფილდეს, ამით ქვეყანა არ დაინგრევა და ადამიანს განსაკუთრებული ზარალი ან ზიანი არ ემუქრება; მაგრამ იგი მომდინარეობს ადამიანის ნებიდან და მისწრაფებიდან, სუბიექტური ზრახვებიდან. როცა გაქვთ რაიმე ფულადი შემოსავალი, პირველ რიგში იგი უნდა განიხარჯოს იმ საჭიროებებში, რაც ადამიანის წინაშე დგას. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს დარჩენილი თანხიდან ერთი ნაწილის გადანახვა დანაზოგის სახით, ხოლო მეორე ნაწილის განხარჯვა სურვილების დასაკმაყოფილებლად. ასე და ამგვარად, რაციონალური ხარჯვის მოდელი ასეთია: ჯერ ფულის გადახდა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ამის შემდეგ  დარჩენილი თანხიდან მინიმალური 10%–ის პრინციპიდან გამომდინარე დანაზოგისთვის გადანახვა, ხოლო დანარჩენი ფულით სურვილების აღსრულება. ცხადია, რომ ცხოვრება ვერ ჩაეტევა რაიმე სქემაში და ძნელია ამ გონივრულობის პრინციპების ბოლომდე დაცვა, მაგრამ ეს მოდელია და მის განხორციელებას უნდა ვესწრაფოდეთ, რათა ფინანსური მართვისა და წარმატების მიღწევის გზაზე სწორად ვიდგეთ.
ფინანსური წარმატების სამება  
ფინანსური წინსვლა ეფუძვნება სამი პროცესის ერთიანობას: შემოსავლები – დანაზოგები – ინვესტირება. შემოსავლების ზრდა იწვევს დანაზოგების ზრდას, ხოლო თავის მხრივ დანაზოგების ზრდა შეიძლება საფუძვლად დაედოს შემოსავლების ზრდას. როცა დანაზოგები კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს, შეიძლება ფული ჩაიდოს ინვესტირებაში, რაც თავის მხრივ ზრდის დანაზოგებს, ხოლო ეს უკანასკნელი ახალი ინვესტირების შესაძლებლობას იძლევა. ასეთია ფინანსური წინსვლის დიალექტიკა. გისურვებთ ეფექტურად ჩაერთოთ მასში!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com



მიიღეთ რეალური გადაწყვეტილება, რომ მიაღწევთ რეალურ ფინანსურ წარმატებას!

წარმატების 365 დღე
მე–13 დღე
წინა დღეებში ვისაუბრეთ, თუ როგორ მოიხსნათ შემზღუდავი რწმენები, რომლებიც გბორკავენ ფინანსური თვალსაზრისით. ამას გარდა, ვისაუბრეთ პოზიტიური აფირმაციების როლზე, რათა აიმაღლოთ შინაგან ძალებში რწმენა ფინანსური წინსვლი სფეროში, „დაქოქოთ“ საკუთარი არსება კეთილდღეობის დონის ზრდაში. მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც ის არის, რომ თქვენ გმართებთ მიიღოთ რეალური გადაწყვეტილება  რეალური ფინანსური წარმატების მისაღწევად. ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, რომ ჰქონდეს ბევრი ფული, კარგად ცხოვრობდეს, ყველა მათი სურვილები იყოს დაკმაყოფილებული, მაგრამ ადამიანთა უმეტესობა მაინც სიღარიბის ჭაობში ცხოვრობს.  რატომ? ცხადია, რომ მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ არის დამოკიდებული სიღარიბე გარემო ფაქტორებზე და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ მაინც დავფიქრებულვარ იმაზეც, რომ ერთსა და იმავე პირობებში მცხოვრებთაგან ერთნი აკეთებენ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გარღვევას და მშვენივრად ცხოვრობენ, მეორენი კი ან გაკოტრდნენ და სიღარიბეს შეაფარეს თავი ან კიდევ ისედაც ღარიბნი იყვნენ და ძველებურად ღარიბადვე აგრძელებენ ცხოვრებას. რატომ? ჩემი აზრით, სიღარიბეც და სიმდიდრეც საკუთრივ ადამიანის არჩევანია და მისი გაწყვეტილებების ნაყოფია. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა არა ჩვენი ახლანდელი სურვილების, არამედ ჩვენი გუშინდელი, გუშინწინდელი და მრავალი წლის წინ მიღებული გადაწყვვეტილებების შედეგია. სამაგიეროდ, ჩვენი დღევანდელი არჩევანი და გადაწყვეტილებები გამოვლენ ჩვენი მომავლის მიზეზების როლში. ამიტომაც უკვე დღეს შეგიძლიათ მიიღოთ რეალური გადაწყვეტილება რეალურად დაადგეთ ფინანსური წინსვლის გზას.  უკვე ახლა შეგიძლიათ გადადგათ ამ  ახალი გადაწყვეტილების შესაბამისი ნაბიჯი და , დაე, ეს იყოს თქვენი დღევანდელი წვლილი ახლებურად აზროვნება–მოქმედების სფეროში. ეს პირველი ნაბიჯია – შეადგინეთ თქვენი ფინანსური მიზნების ნუსხა შემდეგი სქემით:
მე მექნება   (ამდენი და ამდენი)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$ ამა და ამ ___წელს (მიუთითეთ წელი)
მე გამოვიმუშავებ სულ ცოტა  (ამდენსა და ამდენ)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$–ს მომავალი წლისთვის
 მე დავზოგავ და ინვესტირებისთვის გადავინახავ ყოველთვიურად (ამდენსა და ამდენ)___­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­­____$–ს (მიუთითეთ რამდენ $–ს)
ახალი ფინანსური ჩვევა, რასაც შევიმუშავებ უახლოეს მომავალში არის _______________.(მიუთითეთ, თუ რა ჩვევაა)
იმისათვის რომ ვალებისგან თავისუფალი ვიყო, მე  ______( ამას და ამას გავაკეთებ) (მიუთითეთ რას გააკეთებთ)
რა ღირს თქვენი კარგი ცხოვრება?
თქვენი მეორე ნაბიჯი შეიძლება იყოს შემდეგი:
·         წარმოისახეთ თქვენი კეთილდღეობის მაღალი დონისა და კარგი ცხოვრების სურათები ორ ვარიანტად: ა) ვთქვათ, ორი ან სამი წლის შემდეგ და ბ) პენსიაზე გასვლის შემდეგ. თუ თქვენ ძალზე ახალგაზრდა ხართ, ნუ გაიკვირვებთ, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ კეთილდღეობის სურათებზე გესაუბრებით. ჯერ ერთი, წლები სწრაფად გარბის და სიბერე ისე მალე მოდის, რომ თვალის დახამხამებას ვერ ასწრებს ადამიანი. მეორეც, როცა უკვე ახლა ფიქრობ ხანდაზმულობის პერიოდში კეთილდღეობაზე, ამით ქვეცნობიერად თავს უყრი იმ ძალებს, რამაც თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა უნდა უზრუნველჰყოს. მესამეც, კარგი ცხოვრება და სიამტკბილობა ხანდაზმულობაშიც ისევე ტკბილია, როგორც ახალგაზრდობაში. წარმოისახეთ, რომ  საუკეთოსოდ ცხოვრობთ 2–3 წლის შემდეგ და პენსიაზე გასვლის შემდეგაც. გაათავისუფლეთ თქვენი წარმოსახვა ყოველგვარი შეზღუდვისაგან, აქ არ არის საჭირო ლოგიკა, აქ საჭიროა წარმოსახვის მრავალფეროვნება და სიუხვე. გახსოვდეთ ა.აინშტეინის ფრაზა: “ ლოგიკით ჩვენ ვიცით, თუ როგორ მივიდეთ A პუნქტიდან B–მდე, წარმოსახვით კი ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ყველგან“.
·         ახლა კი დაიწყეთ დათვლა, თუ რა ღირს იმ სტილით ცხოვრება, რაც თქვენ უხვად დახატეთ 2–3 წლის შემდგომი მომავლისა და საპენსიო ასაკის პერიოდში მატერიალური კეთილდღეობის მაღალი დონის თვალსაზრისით. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ თანხებს, რაც ხმარდება გრძელვადიანი სესხის დაფარვას, კვებას, ჩაცმა–დახურვას, საბინაო გარნიტურს, ავტომობილს, საწვავს, ტრანსპორტს, მოგზაურობას, განათლებას, გართობას, მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებას, დაზღვევას, ფულად დანაზოგებს, ქველმოქმედებას, საზოგადოებრივ საქმიანობას, ახლობლებზე ზრუნვას, ოჯახის საქმეებს და სხვა მრავალს. გაითავისეთ წარმოსახვის ეს ხატები, მოახდინეთ მათი ვიზუალიზაცია და გაითავისეთ ეს ფასები და დანახარჯები. ამით იზრდება მოტივირების ხარისხი, იმის ცნობიერება თუ რა დიდი მასშტაბები შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებას. მოტივირების მაღალი ხარისხი კი ფრიად მნიშვნელოვანია.

კარგად გააცნობიერეთ რა არის ფული!
 მე–3 ნაბიჯი
ცხადია იცით, მაგრამ შეგახსენებთ: ფული არის განსაკუთრებული საქონელი, რომელიც არის ყველა სხვა საქონლისა და სერვისის ღირებულების საყოველთაო ექვივალენტი. თანამედროვე ეკონომიკური თეორია გამოჰყოფს ფულის 5 ფუნქციას:
1.ფული არის ღირებულების საზომი.ფულის საშუალებით ხდება საქონლის ღირებულების განსაზღვრა ფასის დადების მეოხებით.
2.ფული არის ბრუნვის საშუალება. საქონელ–ბრუნვის პროცესში ფული ასრულებს გამაშუალებლის ფუნქციას.
3.ფული არის გადახდის საშუალება – საქონლის კრედიტით აღების, გადასახადების გადახდის, იჯარის გასტუმრების და ა.შ. დროს.
4.ფული არის დაგროვებისა და დანაზოგების საშუალება. ფული ქმნის დანაზოგებს მოსახლეობაში და ცალკეულ პირებში, იგი მონაწილეობს ეროვნული შემოსავლის ფორმირებასა და  განაწილებაში.
5. მსოფლიო ფულის ფუნქცია. ეს გამოიხატება იმ ეკონომიკური სუბიექტების ურთიერთობებში, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებსა და სახელმწიფოებში იმყოფებიან.
ყველა ამ ფუნქციების გამოისობით ფულს განსაკუთებული ადგილი უჭირავს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში.
აქ მხოლოდ ერთი ჩანართი მინდა გავაკეთო ასოციაციის სახით იმასთან დაკავშირებით, რომ ფული  ეკონომიკური თეორიების მიხედვით არის ყველა სახის საქონლისა და  სერვისის საყოველთაო ექვივალენტი; კერძოდ, მახსენდება ანტიკური ფილოსოფოსის პროტაგორას სიტყვები: „ადამიანი არის ყველაფრის საზომი – იმისა რაც არის და იმისა რაც არ არის“. ეკონომიკურად ფულია ყველაფრის ექვივალენტი და საზომი, მაგრამ ფილოსოფიურ–ანთროპოლოგიურად და ჰუმანისტურ–ფსიქოლოგიურად ადამიანია ყველაფრის საზომი.

კარგად მოიაზრეთ რა ადგილი უჭირავს ფულს  თქვენს პირად ცხოვრებაში!   
მე–4 ნაბიჯი
იცით თუ არა, როგორია თქვენი ქონების სუფთა ღირებულება, რისი მფლობელიც ხართ? გაგიგიათ თუ არა, რომ ქონების სუფთა ღირებულება უდრის ყველა სახის აქტივებს გამოკლებული ყველა სახის ფინანსური ვალდებულებები (ვალები და კრედიტები, აუცილებელი დანახარჯები, გადასახადები, იჯარა, დაზღვევა...). გაქვთ თუ არა დანაზოგები და რამდენს შეადგენს იგი? რა სარგებელი დაგერიცხებათ თქვენს დანაზოგებზე? რა არის თქვენი ყოველთვიური ფიქსირებული და ცვალებადი შემოსავლები და გასავალი? გაქვთ თუ არა კრედიტი და რამდენი დაგერიცხებათ კრედიტის დასაფარავად როგორც საურავი? ხართ თუ არა დაზღვეული და ადექვატურია თქვენი დაზღვევის პაკეტი და რეალურად იყენებთ თუ არა მას? გაქვთ თუ არა ფინანსური გეგმა? გაქვთ თუ არა უძრავი ქონების გეგმა?
·         განსაზღვრეთ თქვენი სუფთა ქონების ღირებულება. თუ დამოუკიდებლად ვერ შეძლებთ, მიმართეთ ფინანსურ კონსულტანტს ან გაეცანით ვებ–გვერდს   www.myfinancialsoftware.com აქ მოიძიებთ ფინანსების მართვის სხვადასხვა ინსტრუმენტებს.
·         შეადგინეთ თქვენი თვიური დანახარჯების ცხრილი და გამოთვალეთ იგი, რათა კორექცია შეიტანოთ თქვენს დანახარჯებში და რაციონალური გახადოთ იგი. ფინანსური მართვის უნარ–ჩვევების დახვეწისათვის სასარგებლოა ბიუჯეტირებისა და ფინანსური დაგეგმვის ინსტრუმენტების ათვისება.  მე და ჩემი ჯგუფი თბილისისა და შიდა ქართლის 20 სკოლაში და ახალგაზრდულ ცენტრში უკვე ვატარებთ სოციალური და ფინანსური განათლების ტრენინგებს უმცროსი და უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებისათვის. ეს ტრენინგები ზრდასრულთათვისაც სასარგებლოა. არ დაგზარდებით თუ მოგვმართავთ.
·         დასახეთ გეგმა, თუ რამდენს დაზოგავთ თქვენი   საპენსიო ასაკისათვის.
·         აიმაღლეთ ფინანსური განათლების დონე. ისწავლეთ ბანკებთან ურთიერთობა, კლიენტობა და თანამშრომლობა. ფინანსური წარმატების ინსტრუმენტების გასაცნობად მიმართეთ ვებ–გვერდს www.thesuccessprinciples.com  ისევ და ისევ, ჩაერთეთ ჩვენს ტრენინგებში „ახალგაზრდობის სოციალური და ფინანსური განათლება –აფლატუნი“.
ამჯერად, გვრჩება ფინანსური მდგრადობისა და დაზოგვების საკითხების განხილვა, რაც ფინანსური მართვის უნარ–ჩვევებს კიდევ უფრო განამტკიცებს. მაგრამ ეს შემდგომ , მე–14 დღის მასალებში იქნება წარმოდგენილი.

თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com