2.02.2014

როგორ აკეთოთ ფული და გაზარდოთ თქვენი შემოსავლები

წარმატების 365 დღე
მე–17 დღე
წინა დღეებში ვისაუბრეთ, რომ თუ თქვენ ვალებისაგან იქნებით თავისუფალი და ზრდადი დეპოზიტის ანაბრის პრინციპით დაიწყებთ ფულადი თანხების დაზოგვას,  თითქოსდა ჯადოსნური ძალები გეხმარებიანო, თქვენთვისვე მოულოდნელად გასაოცარი წინსვლა დაგებედებათ. თუ ამისი არ გჯერათ, მაგრამ მაინც რატომღაც ყველა წინარე რჩევებს ახორციელებთ და ერთვებით ვალების შემცირებისა და დაზოგვების გეგმის ამოქმედებაში, თქვენ გასაოცარ შედეგებს მიიღებთ.  თქვენ უფრო სწრაფად დაიწყებთ მიზნის მიღწევას, ვიდრე ამას გეგმავდით. თქვენ შეიგრძნობთ შინაგან ტრანსფორმაციას. თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები პოზიტიურად შეიცვლებიან. ამას თუ დაამატებთ თქვენი ინვესტირების პორტფოლიოს ზრდას, თქვენ იქნებით ფინანსურად უფრო დაცული და ვალებისაგან თავისუფალი.
მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. ისმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა: როგორ გავზარდოთ ჩვენი შემოსავლები, როგორ ვაკეთოთ ფული? დღევანდელი საუბარი სწორედ ამას შეეხება. მე პირადად თუ სასწორზე დავდებ ორ რაიმეს – ერთის მხრივ, შემოსავლების ზრდას და შემოსავლების ახალი წყაროების გაჩენას, ხოლო მეორეს მხრივ,  ფულის დაზოგვასა და თანხების შეგროვებას, ორივე ძალას ვაღიარებ ფინანსური წარმატების საწინდრად, მაგრამ ჩემთვის შემოსავლების ზრდა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნა გადაწონის ფინანსურ დაზოგვას. ამგვარად, მოდით ფინანსური წარმატებისა და სიმდიდრის მიღწევის 4 ფაქტორი გამოვყოთ:
·         ფულის დაზოგვა და დაგროვება;
·         ვალების შემცირება და მისგან განთავისუფლება;
·         შემოსავლების ზრდა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნა;
·         ინვესტირება.
ეს 4 ფაქტორი ურთიერთ შემავსებელი და ურთიერთ დაკავშირებულია.
მოდით ახლა ყურადღების კონცენტრაცია მოვახდინოთ  შემოსავლების ზრდასა და თანხების მოზიდვის ახალი წყაროების პოვნაზე. ამისათვის გადავდგათ 4 ნაბიჯი.
ნაბიჯი პირველი
ფულის კეთებისა და შემოსავლების ზრდის პირველი ნაბიჯია მიიღოთ მტკიცე  გადაწყვეტილება, რომ მართლაც ნაღდად დაიწყებთ შემოსავლების ზრდას და განსაზღვრეთ  მაინც რამდენით გსურთ გაიზარდოს თქვენი შემოსავლები. მე საკმაოდ ვრცლად ვისაუბრე წინა დღეებში პოზიტიური აფირმაციებისა და ვიზუალიზაციის ძალაზე, როცა თქვენს წარმოდგენაში ხედავთ საკუთარ თავს თითქოს უკვე ფლობთ ამ სასურველი ოდენობის თანხებს. არ გაგიკვირდეთ, რომ ზე–მდიდარი ადამიანები მიმართავენ ანალოგიურ ყოველდღიურ აფირმაციებსა და ვიზუალიზაციას სასურველის  უკვე ფლობის თაობაზე. ამას უჩვენებს მათი ბიოგრაფიებისა და  პიროვნული ზრდის შესახებ გამოკვლევები. ვისაუბრე იმაზე, თუ რა ძალა აქვს გადაწყვეტილების მიღებას; რომ გადაწყვეტილება არის მიზეზი და წყარო იმისა, თუ როგორი იქნება შენი ხვალინდელი დღე;  რომ გადაწყვეტილება არის თესლი, რაომელიც სათანადო ნიადაგში უნდა მოხვდეს, რაც შესაბამის შედეგს მოიტანს, და რასაც ვთესავთ ,იმასვე ვიმკით. არ დავთესავთ ახალ გადაწყვეტილებას და იგივენაირად ვიმოქმედებთ, როგორც გუშინ ვმოქმედებდით? – მივიღებთ იგივენაირ შედეგსა და მდგომარეობას, რაშიც დღეს ვიმყოფებით. ფინანსური ცხოვრება უკეთესობისაკენ რომ შეცვალო, თვისობრივად ახალი გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ახალი ღვინო ახალ ტიკში უნდა ჩაასხათ. დააკვირდით სიტყვების ფუძეებს „გადაწყვეტა“ ან „გადაწყვეტილება“: ერთი ზმნაა და მეორე არსებითი სახელი, მაგრამ ორივეში ფუძეა “წყვეტა“.ნამდვილი გადაწყვეტილების დროს რაღაც ჩვეულთან ან ძველთან ან გაუცნობიერებელთან წყვეტთ კავშირს, რაც პროცესუალურად გაწყვეტას გულისხმობს. თქვენც კავშირი უნდა გაწყვიტოთ ჩვეულთან და ახალი ფულადი სტანდარტი უნდა დაუწესოთ შემოსავლის თვალსაზრისით საკუთარ თავს ან თქვენს ბიზნესს. ისევ ვიმეორებ: გადაწყვიტეთ, რომ დაადგებით ფინანსური შემოსავლების ზრდის გზას და ამისათვის ჯერ განსაზღვრეთ თქვენთვის სასურველი და გაზრდილი ფულადი შემოსავალი, ხოლო შემდეგ „შედით იმ როლში“, რომ ამ სასურველი შემოსავლების მფლობელი უკვე ხართ!
ნაბიჯი მეორე
დაუსვით თქვენს თავს კითხვები: რა პროდუქტი ან სერვისი ან დამატებითი ფასეულობა უნდა შევქმნა ან განვავითარო, რომ შევძლო სასურველი ოდენობის ფული მოვიზიდო? რა ესაჭიროება ჩემს მომხმარებელს, საზოგადოებასა და თემს, ბიზნეს სამყაროს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს, და  როგორ შევძლებ ამ საჭიროებების დაკმაყოფილებას? ეს კითხვები საჭიროებათა შესახებ ბევრჯერ და დაჟინებით უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. ჩაატარეთ ამაზე ე.წ. გონებრივი შტურმი (Brain-Storming), რასაც როგორც შემოქმედობითობის (კრეატიულობის) ერთერთ ინსტრუმენტს შემდგომში სპეციალურად განვიხილავთ. ახლა კი დავიმახსოვროთ 5 სიტყვიანი წინადადება, რაც მეწარმეობასა და ბიზნესს (და ნებისმიერ წამოწყებას ან პროექტს) აძლევს გეზსა და მიმართულებას: „მოიძიე და სწრაფად დააკმაყოფილე მოთხოვნილებები“. ცხადია, იგულისხმება სხვა ადამიანთა ან საზოგადოების მოთხოვნილებები. ეს არის მაგიური ფორმულა – იგი ფინანსური და სოციალური პროექტების წარმატების უმოკლეს გზას გამოხატავს.
ნაბიჯი მესამე
განავითარეთ, შექმენით  და დაამზადეთ უკვე მოაზრებული პროდუქტი ან მომსახურება ან დამატებითი ფასეულობა. დაიწყეთ მისი დანერგვა ცხოვრებაში.
ნაბიჯი მეოთხე
დაიწყეთ შემოსავლების ახალი წყაროების ძებნა და დადგენა. პირადად მე ყოველთვის შემოსავლების სხვადასხვა წყარო მაქვს და მქონდა. არასდროს არ ვიყავი რომელიმე ერთ ორგანიზაციას მიწებებული. ვიყავი და ვარ არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის“ თავჯდომარე 1995 წლიდან დღემდე. ამ 17 წლის განმავლობაში 40–მდე მსხვილი და მცირე საგრანტო პროექტი განვახორციელე და ურთიერთობა მქონდა რამდენიმე ათეულ დონორ ორგანიზაციასთან; საშუალოდ ორ თვეში ერთ პროექტს ვწერ და სხვადასხვა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციას ვუგზავნი. ვმუშაობდი ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ვიყავი თსუ–ს პროფესორი, ამჯერად ილიას უნივერსიტეტში ვარ მიწვეულ პროფესორად, სამედიცინო უნივერსიტეტშიც ვმუშაობდი, ვასრულებ სხვადასხვა ორგანიზაციების შეკვეთებს კვლევითი და ტრენინგ– სამუშაოების სახით; ამჯერად თიბისი ბანკისა და ევრაზიის პარტნიორობის ფონდის დაფინანსებით ვახორციელებ   ბავშვთა და ახალგაზრდების სოციალური და ფინანსურ–სამეწარმეო  განათლების პროგრამას თბილისის 10 საჯარო სკოლასა და შიდა ქართლის  10 სასწავლო დაწესებულებაში; ამ პროექტების სლოგანია “საქართველოს ბავშვები და ახალგაზრდები სიღარიბის დაძლევისათვის“. მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად ვეწევი ფსიქოთერაპიულ და ფსიქოლოგიური კონსულტირების მომსახურებას. რაც მთავარია, ვატარებ  ტრენინგებს  წარმატების მიღწევის ფსიქო–ტექნოლოგიებში და ვნერგავ ტრენინგ–პროგრამას „დაძლიეთ დეპრესია და სიღარიბე“. დავაარსე არასამთავრობო ორგანიზაცია „ქრისტიან–დემოკრატიული ინსტიტუტი“ და აქტიურად ვუწევდი და ვუწევ კონსულტატიურ–ტრენინგულ მომსახურებას ქრისტიან–დემოკრატიულ მოძრაობას. როგორ მოხდა ეს? არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული უნარები მაქვს, არამედ უკვე 1989 წლის 9 აპრილს გადავწყვიტე, რომ ვყოფილიყავი არასამთავრობო სექტორში და როგორც ფსიქოლოგს მეტარებინა ისეთი სამუშაოები, რაც გაცდებოდა აკადემიური მეცნიერების საზღვრებს და მემსახურა ადამიანებისათვის. მიყვარს მსახურება. მიყვარს კომპეტენტურობა და პროფესიონალიზმი. რაც მიყვარს , იმას ვაკეთებ და იმაში ვღებულობ შემოსავლებს. მართალია, არ ვარ მილიონერი, მაგრამ ვარ საშუალო კლასის წარმომადგენელი, ვაშენებ და მალე მწყობრში შევა ტრენინგ–ცენტრი სოფ. ბულაჩაურში; ნამყოფი ვარ აზიის, ევროპისა და ამერიკის მრავალ ქვეყანაში. მეტწილად ვმოგზაურობ სხვადასხვა საგრანტო პროექტის ფარგლებში, თუმცა ამავე დროს ჩემს ქალიშვილსა და შვილიშვილებთან ჩავდივარ ინგლისში. მიყვარს მიწაზე მუშაობა და ჩემი პატარა მოსავალი ყოველ წელს მაქვს, ხოლო ახალგაზრდობაში სერიოზულად ვიყავი გატაცებული ალპინიზმით... მგონი ძალიან გავერთე ჩემი სამუშაოსა და გატაცების შესახებ მოყოლით.
ნაბიჯი მეხუთე
რასაც ახლა ვიტყვი, არც მეხუთეა და არც პირველი, იგი უბრალოდ თავი და თავია: სიყვარულითა და ხალისით ემსახურეთ თქვენს საქმეს და ეცადეთ შემოსავლების ზრდა მოახერხოთ თქვენი პროფესიონალიზმისა  და საქმისადმი სიყვარულის საფუძველზე.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!!
თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე მომწერეთ nodarsar@gmail.com








Комментариев нет :

Отправить комментарий