2.02.2014

SWOT–ანალიზი ანუ წარმატებული აზროვნების ინსტრუმენტი

წარმატების 365 დღე
მე–20 დღე                          
ვინც იცით, მინდა შეგახსენოთ, ხოლო ვინც არ იცით, მინდა წარმოგიდგინოთ თქვენი პიროვნების ან საქმიანობის ან რომელიმე იდეის (წამოწყების, ინიციატივის...) ანალიზის მეტად ეფექტური ინსტრუმენტი. იგი ახალ ბიძგს მოგცემთ, რათა უფრო ეფექტურად მიაღწიოთ დასახულ მიზნებს. SWOT–ანალიზი აბრევიატურაა ინგლისური სიტყვების: ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, ხელშემწყობი ფაქტორები, საფრთხეები (ხელის შემშლელები). ამგვარად, სახელწოდებიდან თქვენთვის უკვე ნათელია თუ რას გულისხმობს მეთოდი: ეს არის თქვენი პიროვნების ან თქვენი რომელიმე იდეის ან წამოწყების ან საქმის ან პროექტის (1) ძლიერი მხარეების, 2) სუსტი მხარეების, 3) ხელშემწყობი ფაქტორების ან გამოწვევების, და 4) საფრთხეების კომპლექსური ანალიზი, რაც  თქვენი მოქმედების ეფექტურობის გაზრდას ემსახურება. ამ მითითებული ოთხი მხარის თუ წახნაგის პირველი ორი ნიშანი –(1) ძლიერი მხარეები და (2) სუსტი მხარეები ეხება თქვენი პიროვნების ან საქმის (იდეის, წამოწყების) შინაგან თვისებებს, ხოლო მესამე –  (3) ხელშემწყობი ფაქტორები ან გამოწვევები და მეოთხე მხარე – (4) საფრთხეები ეხება გარეგან ფაქტორებს, გარემოდან მოსულ დადებით ან უარყოფით ზემოქმედებებს. მეთოდის იდეა იმაშია, რომ ნებისმიერ ქცევას, მოქმედებას, პიროვნებას თუ დაწესებულებას აქვს თავისი შინაგანი თვისებები და საკუთარი გარემო, რომელიც მასზე ზემოქმედებს. შინაგანისა და გარეგანის კომპლექსური ანალიზი გვაწვდის მეტად სასარგებლო და საკმაოდ მდიდარ ინფორმაციას, რათა გავზარდოთ ჩვენი მოქმედების ეფექტურობა. დავიწყოთ მაგალითით: ავიღოთ პირადად თქვენი პიროვნებისა და თქვენს მიერ დასახული რომელიმე მიზნის ანალიზი.
·         ამ შემთხვევაში პირველი კითხვა, რაც შეიძლება დასვათ და რაზეც პასუხები უნდა მოიპოვოთ, შემდეგია: 1) რა არის ჩემი პიროვნების ძლიერი მხარეები, რაც დასახული მიზნის მიღწევაში დამეხმარება? თქვენ უნდა ჩამოთვალოთ თქვენი ძლიერი მხარეები. შეეცადოთ იყოთ სპონტანური და გულწრფელი საკუთარი თავისადმი პასუხების ჩამოწერის დროს. მას შემდეგ, რაც ჩამოწერთ თქვენს ძლიერ მხარეებს, იქვე გვერდით მიუთითეთ ის გზები, რითაც შეძლებთ ამ ძლიერი თვისების არა მხოლოდ შენარჩუნებას დროში, არამედ მის კიდევ უფრო გაძლიერებასაც კი. მაგალითად, თუ თქვენს ძლიერ მხარედ მიიჩნევთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობას, თქვენ შეიძლება მიუთითოთ ის გზები, თუ როგორ შეძლებთ ამ თვისების შენარჩუნებასა და კიდევ უფრო გაძლიერებას, როცა საქმე თითქოსდა უკან მიდის და სხვა ამ დროს ფარ–ხმალს დაყრიდა. ზუსტად კრიტიკულ სიტუაციებშია საჭირო და აუცილებელი ამ თვისების ხელახლა გააქტიურება და კიდევ უფრო გაძლიერება.
·         მეორე კითხვა ასე ისმის: (1)  რა არის ჩემი პიროვნების ის სუსტი მხარეები, რაც დასახული მიზნის მიღწევაში ხელს შემიშლის? აქაც პირუთვნელად და სპონტანურად გაეცით დასმულ კითხვას პასუხი და თითოეულ სისუსტეს მიუწერეთ ის საშუალება, რითაც მას როგორც სისუსტეს თუ ბოლომდე ვერ აღმოფხვრით, საგრძნობლად შეამცირებთ მაინც. მაგალითად, თქვენი  სისუსტეა ის, რომ კრიტიკულ სიტუაციებში გეწყებათ ემოციური მღელვარება და არ ფლობთ ემოციური თვითმართვის უნარებს. ეს კი ხელს გიშლით, მაგალითად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლაში, ან კიდევ მწვავე მოლაპარაკებების დროს მშვიდად მართოთ მოლაპარაკების სიტუაცია. თქვენ შეიძლება სპეციალურად გაიაროთ სტრესის მართვისა და ემოციური თვითმართვის ტრენინგები და ამით აითვისოთ შესაბამისი ჩვევები, რაც თქვენს სისუსტეს საგრძნობლად შეამცირებს და იგი აღარ შეგიშლით ხელს.
·         მესამე კითხვა შემდეგია: რა არის ჩემს გარემოში ისეთი ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებზე დაყრდნობაც და რომელთა გამოყენებაც საგრძნობლად შეუწყობს ხელს დასახული მიზნის ეფექტურად და დროულად მიღწევას? ასეთი ხელშემწყობი შეიძლება იყოს ბევრი რამ, მაგალითად, პიროვნული და სოციალური კავშირები, მოთხოვნილება ბაზარზე, სატრანსპორტო ან საინტერნეტო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობა, მთავრობის ესა თუ ის დადგენილება და ბევრი სხვა. თქვენს გარემოში არსებული თქვენთვის ხელშემწყობ ძალთა ვექტორები კარგად უნდა დააფიქსიროთ, გამოჰყოთ და დაახარისხოთ მათი პირველადობის ხარისხის მიხედვით. როცა თითოეულ ასეთ ხელისშემწყობ ფაქტორებს გამოჰყოფთ, ხელახლა გადაიკითხეთ და შეამოწმეთ რაიმე ხომ არ გამოგრჩათ. ამას გარდა დაფიქრდით, თუ როგორ შეგიძლიათ იზრუნოთ, რომ ამ ხელშემწყობ ძალთა ხარისხი კიდევ უფრო ამაღლდეს.
·         მეოთხე კითხვა ეხება საკუთრივ საფრთხეებს: რა საფრთხეები და ხელისშემშლელი გარემოებებია და პირობებია ჩემს გარემოში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ან შეაფერხოს დასახული მიზნის მიღწევის პროცესი? ეს არის ე.წ. რისკების ანალიზის სფერო და მისი მნიშვნელობა განუსაზღვრელია მთელ რიგ საქმიანობაში. რისკებისა და საფრთხეების მითითებისა და მისი არსის ჩვენების გარდა სრულიად აუცილებელი ამ რისკების შემცირების მექანიზმების პოვნა, მათი ამოქმედება საზიანო სიტუაციების პრევენციისათვის.
SWOT–ანალიზი წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა სოციალური, ბიზნეს ან პირადული პროექტების აგებისას. გირჩევთ თქვენც შემოიღოთ მისი რეგულარული გამოყენება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი პროექტების განხორციელების 20 წლიანი პრაქტიკა მიდასტურებს თუ რაოდენ სასარგებლოა ამ ერთი შეხედვით მარტივი აზროვნების ინსტრუმენტის გამოყენება წარმატებული პროექტების აგების სფეროში. 

თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგებში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ ჩაეწეროთ ვებ–გვერდზე www.fdhr.ge  ან მომწეროთ nodarsar@gmail.comტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.

Комментариев нет :

Отправить комментарий