5.17.2013

მადლიერება, პოზიტიური უკუკავშირი, ბედნიერება - 57–ე დღე


სიტყვა მადლიერების ძირი მადლია. მადლი კი ღვთიური ენერგიის გამოხატულებაა. მადლიერება  იმ ემოციურ მდგომარეობას აღნიშნავს, როცა მიღებულ სიკეთეზე ადამიანი რეაგირებს საპასუხო დადებითი და კეთილგანწყობილი გრძნობით, სიტყვით ან ქმედებით. ამდენად, მადლიერების გამოხატვა ადამიანთა ურთიერთობებში პოზიტიურ უკუკავშირთა კატეგორიაში თავსდება: ამ დროს ადამიანი არ კმაყოფილდება მხოლოდ იმით , რომ საკუთრივ თვითონ დატკბეს სიკეთის მიღებითა და სხვის მიერ მისი რაიმე მოთხოვნილების ან სურვილის დაკმაყოფილებით; იგი თავის მხრივ სიტყვით ან ქმედებით გამოხატავს საპასუხო კეთილგანწყობას.


მადლიერების ადრესატი  შემოფარგლული არ არის:
მადლიერება შეიძლება შეეხოს განგებას, მამულს, მშობლებს, მასწავლებლებს, მეგობრებს, ნაცნობ–უცნობებს, ბუნების მოვლენებს, მზეს, ცხოველებსა და მცენარეებს, ჩვენს პლანეტას და მთელ სამყაროს. მადლიერების გამოხატვის მნიშვნელობა იმითაც განისაზღვრება, რომ იგი ე.წ. ხანგძლივი ბედნიერების ერთერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია სხვა ისეთ მნიშვნელოვან აქტივობებთან  ერთად, როგორიცაა ოპტიმიზმის კულტივირება, კეთილქმედება ანუ სათნოება, მზრუნველობითი სოციალური კავშირები, რელიგიურობა, მიტევების უნარი, ცხოვრების ნაკადში ჩართულობა, სიხარულის გენერირება, თვითზრუნვა, სიყვარულის უნარი, მიზანსწრაფვა.

თუკი ცხოვრებას მიღება–გაღების ბალანსის თვალით შევხედავთ, მადლიერება სწორედ გაღებაზე ორიენტირებული აქტივობაა, თუმცა იგი სიკეთის ან სარგებლობის მიღების  და მასზე კეთილგანწყობითი რეაგირების კომპონენტს შეიცავს. მახსოვს, ერთი ტრენინგის მონაწილემ კითხვა დამისვა ერთერთი მილიარდერი ქველმოქმედის შესახებ: რა გიკვირთ, ის ხომ მილიარდერია და რატომაც არ იქნება ამ ცხოვრების და ადამიანების მადლიერი თავის ქველმოქმედებით? მახსოვს, ვუპასუხე: იგი სწორედ იმიტომაა მილიარდერი, რომ მადლიერების გრძნობა გამახვილებულად ახასიათებს–თქო. ცხადია, გადავაჭარბე და მარტო მადლიერების გრძნობის ქონით ვერ ავხსნით, თუ როგორ მოიპოვებენ ასეთ დიდ ფინანსებს ერთეული პირები, მაგრამ ამ ჰიპერბოლური ფორმულით მარტივი აზრი მინდოდა ჩამომეყალიბებინა: მადლიერების გამოხატვა სიტყვით ან ქმედებით არა მხოლოდ პოზიტიური უკუკავშირის ფორმაა მიღებულ სიკეთეზე, არამედ მადლიერების კულტივირება და მისი გამუდმებული გამოხატვა უკუკავშირის საფუძველზე ახალი სიკეთეების მიღების საფუძველია და ასე გრძელდება უსასრულოდ.

ერთი ანალოგია მინდა შემოგთავაზოთ დაფიქრებისათვის: რუსულად არსებობს ანდაზა –„
Береженного бог бережет“ (ბიბლიიდან ნასესხებია), რაც ქართულად ასე ვთარგმნე „დამზოგავს ღმერთი დაზოგავს“. ამის მსგავსად მინდა ვთქვა „მადლიერს ღმერთი მადლს ჰფენს“. ამდენად ის, რაც ვთქვით მადლიერებაზე, კარმიული ენერგიის უძველეს კანონს გამოხატავს. ახლა კი მადლიერების კულტივირებისათვის ერთი სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ:

პირველი ნაბიჯი:

შეეცადეთ გაიხსენოთ, თუ რამდენ ადამიანს ან სხვა ცოცხალ არსებას ან მოვლენას მოუტანია თქვენთვის სიკეთე და სარგებლობა. ჩამოწერეთ ქაღალდზე ყველა და ყველაფერი, რაც თქვენგან მადლიერების გამოხატვას იმსახურებს.

        მეორე ნაბიჯი:

თქვენს წარმოსახვაში დახატეთ სურათი: ყველა ეს პირები, ცოცხალნი თუ გარდაცვლილები, შეკრიბეთ რაღაც ადგილას და ყველას ერთად განუცხადეთ თუ რაოდენ მადლიერი ხართ მათი და თუ როგორ ხართ მზად სხვა ადამიანებს გაუზიაროთ მიღებული სიკეთე ან თქვენ თვითონ გასცეთ იგი მადლიერების ნიშნად სულ სხვა პირებზე, რადგან ესეც მადლიერებაა, როცა გასცემთ. ან კიდევ წარმოსახვაში სათითაოდ დახატეთ თქვენს მადლიერებას რომ იმსახურებს, იმ ადამიანთა სურათი. წარმოიდგინეთ მიდიხართ თითოეულ მათგანთან და გამოხატავთ მადლიერებას მათი მისამართით.


      მესამე ნაბიჯი: 

ამჯრედ არა წარმოსახვაში, არამედ რეალურად ყოველდღიურ ცხოვრებაში მადლიერების გრძნობა გამოუხატეთ ამა თუ იმ პირებს ან მოვლენებს. გახსოვდეთ: არ გამოხატულ და მხოლოდ თქვენს თავში  არსებულ მადლიერებას კარმიული ძალა არა აქვს და იმ პოზიტიურ უკუკავშირებს ვერ უზრუნველჰოფს, რითაც ძალმოსილია რეალური, გამოხატული მადლიერება. მადლიერებას ძალას აძლევს მისი სიტყვიერად ან საქმით გამოხატვა.

მადლიერებასაც წვრთნა და კულტივირება სჭირდება. სცადეთ გაზარდოთ თქვენი ხანგრძლივი ბედნიერების ინდექსი სიყვარულისა და მადლიერების გრძობათა  კულტივირების მეოხებით. სცადეთ, სცადეთ და მიაღწევთ კიდეც!