2.21.2013

დააპროგრამეთ წარმატება მთელი წლის განმავლობაში: წარმატებულის როლში გარდასახვა და წარმატების მოზიდვა



წარმატების 365 დღე
მე–10 დღე


დღეს გთავაზობთ თუ როგორ დააპროგრამოთ თქვენი წარმატება მთელი ერთი წლის განმავლობაში. ეს სავარჯიშო შეგიძლიათ გააკეთოთ წინა საახალწლო დღეებში, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო: ნებისმიერ დღეს დაიწყეთ, თითქოსდა დღეს დღეს არის  ეს ახალი წელი და გსურთ დაგეგმოთ წარმატება ერთი წლის ვადით.. გადადგით შემდეგი ნაბიჯები:

  • პირველ რიგში, გამოკვეთეთ და შეარჩიეთ ერთი ისეთი უმნიშვნელოვანესი მიზანი, რომელსაც გსურთ მიაღწიოთ სწორედ დღეიდან ერთი მომდევნო წლის განმავლობაში. დაე, ეს მიზანი ნუ იქნება აბსტრაქტული (მაგალითად, „კარგად ვიყო“, „ბევრი ფული მქონდეს“ ან „ყველა სურვილი ამისრულდეს“ და სხვა), არამედ იყოს მეტად კონკრეტული და მკაფიო (მაგალითად, „უმაღლესი შეფასებით დავიცვა სამაგისტრო ნაშრომი“, „ავაწყო შაბათ–კვირის ტურიზმის ბიზნესი ყოველთვიური მოგებით 3000 ლარი“, „დავიკლო წონაში 15 კგ და  მქონდეს სტაბილური წონა“, „დავქორწინდე ....–ზე“  და სხვა). იცოდეთ, აბსტრაქტულ და ბუნდოვან მიზნებს მოჰყვება აბსტრაქტული და ბუნდოვანი შედეგები, ხოლო მკაფიო და კონკრეტული მიზნები თქვენს ცხოვრებაში მოიზიდავენ  მკაფიო და კონკრეტულ შედეგებს. დააკვირდით სიტყვას „შედეგები“: როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მიზნის მიღწევაზე, ფაქტიურად საუბარია იმ შედეგებზე, რაც მიზნის დასახვასა და მის აღსრულებას ახლავს თან. ამდენად, თქვენ მიზნის დასახვისას უნდა წარმოიდგინოთ ის კონკრეტული შედეგები, რაც მიზნის მიღწევის გზაზე თქვენს ძალისხმევასა და ჯაფას უნდა მოჰყვეს.



  • ამის შემდეგ უნდა წარმოიდგინოთ, თუ რას დაინახავთ, იგრძნობთ, გაიგონებთ და იფიქრებთ, როცა ამ  შედეგებს მიაღწევთ. თქვენ უკვე ახლა, წინასწარ უნდა გაითავისოთ და წარმოიდგინოთ ის ინდიკატორები, რითაც თავის დროზე – მომავალში დაადასტურებთ, რომ საქმე გაქვთ მიზან–მიღწეულ მდგომარეობასთან: ეს ინდიკატორები კი შეიძლება მოგეცეთ მხოლოდ მხედველობითი აღქმის, სმენითი არხით, შეგრძნებებისა და გრძნობების მეოხებით, აზრებისა და წარმოდგენების სახით. ამიტომაც უკვე ახლა სცადეთ დაინახოთ, იგრძნოთ, გაიგონოთ და მოიაზროთ ის შედეგები, რასთანაც შეხება გექნებათ მიზან–მიღწეულ მდგომარეობაში.
  • ახლა კი ყველაზე მთავარი იწყება: თქვენს წარმოსახვაში დახატეთ მომდევნო ერთის წლის ერთი დღის სურათი, როცა თქვენს მიერ დახატული კონკრეტული და მკაფიო მიზანი აღსრულდა და კრისტალიზირდა იმ შედეგებში, რაც შესაბამისი ვიზუალური, სმენით, გრძნობითი და აზრითი ინდიკატორების სახით მოგევლინათ. გარდაისახეთ მიზან–მიღწეულ მდგომარეობაში, ჩაჯექით იმ როლში, როცა უკვე დასახულ მიზანს მიაღწიეთ. „ჩახტით“ იმ სურათში, რაც თქვენმა წარმოსახვამ დახატა მიზნის მიღწევის სახით. რა არის ის სავარაუდო თარიღი, როცა ეს მოხდა? როგორი დღეა? როგორ გამოიყურებით თქვენ თვითონ, რას გრძნობთ, რა გესმით, როცა უკვე იმ დროში ხართ. მთლიანად გადასახლდით იმ დროში და იქიდან, იმ გადასახედიდან გადმოხედეთ დღევანდელ დღეს. ამიერიდან 21 დღის განმავლობაში დროის მცირე მონაკვეთში „ჩასვით“ თქვენი თავი მიზან–მიღწეულის „როლში“, მოახდინეთ იმ სიტუაციის ვიზუალიზაცია, შინაგანი გახმოვანება,  იმ გრძნობათა და აზრთა შეგრძნობა და მოაზრება, რაც მიღწეულ შედეგებს შეესაბამება. იქიდან გადმოხედეთ დღევანდელობას.

  • ახლა კი ამ მიზნის მიღწევის პროცესი დაყავით ეტაპებად. მიზან–მიღწეულის როლში გარდასახულმა და „ჩამჯდარმა“ წარმოიდგინეთ ამ მიზნის სრული მიღწევის უშუალოდ წინმსწრები ეტაპი და ამჯერად ნაბიჯი ამ ეტაპის სიტუაციაში „ჩადგით“, იქ მყოფად წარმოისახეთ თქვენი თავი; ასე ეტაპ–ეტაპად დაიწყეთ მოძრაობა მიზან–ახდენილი  მომავლიდან აწმყოსაკენ.

  • გაიმეორეთ ეს სცენა 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად.  ასეთი მრავალჯერადი გამეორების შედეგად ეს „შინაგანი“ ფილმი ნელ–ნელა რეალობად გადაიქცევა სწორედ მაშინ, როცა მისი მოსვლის ზარი დარეკავს. და მთელი ღირსება ამ მიღწევისა სწორედ ის იქნება, რომ თქვენი ცხოვრების კაპიტანად მოგვევლინებით, რომელსაც ცხოვრების ოკეანეში ხომალდი (საკუთარი ცხოვრება) სწორი კურსით მიჰყავს.
  • ამოატრიალეთ დრო და არა აწმყოდან გაემგზავრეთ თქვენი წარმოსახვით მომავლისაკენ, არამედ მიზან–ახდენილი მომავლიდან გამოეშურეთ დღევანდელობისაკენ. ღმერთი გფარავდეთ ამ კეთილ გზაზე.


თუ უფრო ღრმად გსურთ შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „დეპრესიისა და სიღარიბის დაძლევის“ ტრენინგში. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ nodarsar@gmail.com