7.29.2014

რასაც დასთეს, იმას მოიმკი ანუ წარმატება და კარმის კანონი

წარმატების 365 დღე
66–ე დღე
მიზეზ–შედეგობრიობა  უნივერსალური კანონია.  ამ კანონს ექვემდებარება არა მხოლოდ  მატერიალური  სამყაროს მოვლენები,  არამედ ჩვენი ქცევებიც, შინაგანი სამყარო,  სულიერი ცხოვრება  და,  ცხადია,  საზოგადოებრივი პროცესებიც. ამ მომენტში მიზეზ–შედეგობრიობის  ის ნაირსახეობა გამოვყოთ, რომელიც გამოითქმის ფორმულით „რასაც დასთეს, მასვე მოიმკი“.  ეს ანდაზა მრავალი ხალხის ანდაზათა არსენალში შედის, მაგრამ პირველად იგი გაჟღერდა სოლომონის ბიბლიურ ტექსტში. ეს იმ სახის მიზეზ–შედეგობრიობა ანუ კაუზალობაა, როცა მიზეზის როლში გამოდის საკუთრივ სუბიექტის ქმედება, რომლის შედეგებიც  უკუკავშირის სახით თვითონ სუბიექტს ან მის უახლოეს გარემოცვას უბრუნდება. „დასთეს, მოიმკი“  მიზეზ–შედეგობრიობა სულ სხვა ტიპისაა, ვიდრე, მაგალითად, გენეტიკური ფაქტორებით რაიმეს ახსნა ან გარემოს ზემოქმედებაში მიზეზების ძიება. ეს არის დეტერმინაციის ის ნაირსახეობა, როცა მიზეზი ჩვენსავე არჩევანში და ქცევებში იღებს სათავეს.   ამ სახის მიზეზ–შედეგობრიობას კარმიული კანონი ჰქვია აღმოსავლეთის მოძღვრებებში.  კარმა არის ის ენერგო–ინფორმაციული მუხტი და წინასწარ–დასახულობა ან მზაობა, რაც ერთდროულად მოიცავს ქმედებას როგორც მიზეზს და შედეგსაც, რაც უახლოეს ან შორეულ, განვადებულ განზომილებაში მოჰყვება ამ ქმედებას. ასე და ამგვარად, ყველა ქმედებაში დევს მარცვლებისა და თესლის სახით განმაპირობებელი მიზეზი, ხოლო ყველა დამდგარ შედეგში თავს ავლენს განმსაზღვრელი ქმედება–მიზეზი. ამდენად თუ გვინდა ვიყოთ ბედნიერი, უნდა ვისწავლოთ ჩვენი ქმედებების სახით ვთესოთ ბედნიერების თესლები და მარცვლები.
ჩვენს ყველა ქმედებას წინ უძღვის რაიმე არჩევანი, ჩვენ გამუდმებით ვაკეთებთ ცნობიერად თუ არაცნობიერად რაიმე არჩევანს. ჩვენი ამ სამყაროში ყოფნის  ყოველ წამს ჩვენ ვიმყოფებით უსასრულო შესაძლებლობათა ველში, სადაც ჩვენ გვაქვს უსასრულო რაოდენობის არჩევანი, მაგრამ ჩვენ ცნობიერად თუ არაცნობიერად ვახორციელებთ მხოლოდ ერთ, ორ ან სამ არჩევანს ამ უსასრულო მოცემულობიდან.  შემდგომში კი შედეგის სახით უკან გვიბრუნდება ეს ჩვენივე არჩევანი, რაც ესოდენ დიდი რაოდენობიდან  შევარჩიეთ. კარმის კანონის გაცნობიერებისა და ამავე დროს კარმისეული კანონზომიერების ჩვენდა სასარგებლოდ გამოყენების საუკეთესო გზაა ის, რომ გავაცნობიეროთ ის არჩევანი, რაც გავაკეთეთ და ერთგვარად გავაანალიზოთ კიდეც იგი.  თქვენ გინდათ თუ არ გინდათ, მოგწონთ თუ არ მოგწონთ, აქ მუშაობს ერთი კანონი: რაც მოცემულ მომენტში, აწმყოში ხდება თქვენს ცხოვრებაში, წარმოადგენს იმ არჩევანისა და ქმედებების რეზულტატს, რაც თქვენვე განახორციელეთ წარსულში;  წარსული განაპირობებს აწმყოს. ამიტომაც თუკი ყოველი აწმყო კარმიულად შედეგია წინარე და წარსული არჩევანისა და ქმედებების და  ამავე დროს  რახან ის წარსული ოდესღაც თქვენი აწმყო იყო, როცა ამ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს მიმართავდით,  ამით ჩვენ გვაქვს შანსი შევცვალოთ ჩვენი მომავალი; ამისათვის ჩვენ  უკვე ამ მომენტში, მოცემულ აწმყოში უნდა გავაკეთოთ თვისობრივად განსხვავებული არჩევანი და მივიღოთ ახალი ქმედების გადაწყვეტილება;  ეს კი  მომავალში ახალი სახის რეზულტატების სახით მოგვევლინება. სწორედ აწმყო და არა წარსული განსაზღვრავს მომავალს. რახან ჩვეულ ქცევებს ჩვეული შედეგები მოაქვს, ამიტომაც ჩვენივე ქცევა და არჩევანი უნდა შევცვალოდ უკვე ახლა და გადაუდებლად, რათა სახვალიოდ და საზეგაოდ ახალ–ახალი შედეგები მივიღოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გახლავთ კარმის ტრანსფორმაციის ელემენტარული კანონი, რაც ბედისწერის მართვას, მისი სცენარის ხელახლა გაწერასა და შეცვლას გულისხმობს.
ჩვენ ჩართული ვართ ცხოვრების ნაკადში, ერთ აზრს მეორე მოსდევს, ერთ ქცევას სხვა ქცევები მოჰყვება, ამ სხვას კი ახალი სხვა აზრები და ქცევები და ასე დაუსრულებლად. ქცევათა და მათი ქვემდებარე არჩევანისა და გადაწყვეტილების უმეტესობა ავტომატურად და არაცნობიერად ხორციელდება. ამიტომაც ადამიანთა  უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათ არაფრის შეცვლა არ შეუძლია.  ცვლილების რეალური წინაპირობაა ადამიანმა გააცნობიეროს თავისი არჩევანი და მიღებული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგები. ამიტომაც კარმიული ცვლილების გამოწვევის პირველი ნაბიჯია არჩევანისა და ქმედებების რეგულარული გაცნობიერება. მეორეს მხრივ, ადამიანთა დიდ ნაწილს აქვს ილუზორული დაშვება, თითქოს წარსული ავტომატურად ახდენს ზეგავლენას მომავალზე. სინამდვილეში ჩვენი წარსული ქცევები ზეგავლენას ახდენს ჩვენს აწმყოზე, ხოლო აწმყოს ქცევები თავის მხრივ საფუძვლად ედება ხვალინდელ დღეს, სამომავლო შედეგებს.  პირდაპირი გადასვლა წარსულიდან მომავალზე   ილუზიაა. წარსული უშუალო ზეგავლენას ახდენს მომავალზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანმა აწმყო „გამოტოვა“ იმ გაგებით, რომ იგი აქ არის ამ წუთას ფიზიკურად, მაგრამ გონებითა და ფიქრით სადღაც „იქ“ არის და თანაც „იმჟამად“. ადამიანები წარამარა კარგავენ აწმყოს, ისინი ხან წარსულში არიან ჩარჩენილები, ხან კიდევ ოცნებების სახით მომავალში გადაისვრიან თავს. ისინი გაურბიან იცხოვრონ  პრინციპით „აქ და ამჟამად“, გააიგივონ თავი აწმყოსთან და იმ ამოცანებთან, რაც ვიზუალურად ჩანს, სმენითად ისმინება,  გრძნობითად შეიგრძნობა და გონებრივად მოიაზრება აწმყოში მოცემულ დროსა და სივრცეში. ისინი მუდმივად სხვაგან არიან, მათ ახასიათებთ აწმყოდან ესკაპიზმი (გაქცევიზმი). სპეციალური გავარჯიშების შედეგად, ცხადია,  შეიძლება ადამიანმა აითვისოს ყოფნის სისავსის უნარ–ჩვევები, რაც „აქ და ამჟამად“ პრინციპით ხორციელდება, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. აქ კი ისევ დავუბრუნდეთ კარმის მართვის თემას. თუკი შენ აწმყოს კარგად გაუსწორებ თვალებს, ნახავ, რომ მასში კონცეტრირებული სახით ის წარსულია მოცემული, რამაც ამ მომენტამდე მოგიყვანა. და აი, ამ მომენტში შენ გზაგასაყარზე ხარ – ერთის მხრივ, შეგიძლია ძველებურად გააგრძელო მოქმედება, მოაზრება, არჩევა და გადაწყვეტილების მიღება, რაც იგივე ჩვეულ და ამ მომენტში უკვე ისედაც  მიღებულ შედეგებს მოგიტანს ხელახლა, ხოლო მეორეს მხრივ, შენ შეგიძლია თვისობრივად ახლებურად გადადგა ახალი ნაბიჯები და  შეაბიჯო ჯერჯერობით უცნობ, ნაკლებად პროგნოზირებად და შედარებით არაგანტირებულ შესაძლებლობათა სამყაროში, რითაც ახალ რეზულტატებს მოიმკი სამომავლოდ. ჩვენი აწმყო წარსულში, ხოლო მომავალი ჩვნსავე აწმყოში იღებს სათავეს. ამდენად ჩვენს აწმყო ვითარებასა, არჩევანსა და ქმედებებში მცირეოდენი ცვლილებებიც კი უკვე იწვევს ცვლილებებს იმ რეზულტატებში, რასაც ხვალ მივიღებთ. ამდენად, ჩვენ ვიმკით ცვლილებებს სამომავლოდ, თუკი რაიმეს ვცვლით აწმყოში და ამით ვმართავთ ჩვენსავე კარმას სასურველი ცვლილებების მიმართულებით და, პირიქით, ჩვენ ვაკონსერვებთ ჩვენსავე კარმას, თუკი აწმყოში ვაგრძელებთ ძველებური და ჩვეული გზით მსვლელობას და განწირული ვართ იგივე წრეში ვიტრიალოთ, რაშიც აქამდე ვტრიალებდით.  არჩევანი თქვენზეა!
მაგალითად, თქვენ განიცდით ფინანსურ ხელმოკლეობას. თქვენი თვიური შემოსავალი ის საცოდავი  საარსებო მინიმუმია, რაც ამ ქვეყანაშია მოცემულ მომენტში – 150 ლარი. დაფიქრდით ამაზე, კარგად გააცნობიერთ როგორ შეეგუეთ ამ ვითარებას; როგორ დგას ამ მდგომარეობის უკან ეს ბოლო 25 თუ 30 წელი; როგორ არასდროს არ მოგსვლიათ გონებაში, რომ მიუხედავად ასეთი მწირი შემოსავლისა მაინც გაგეკეთებინათ ის ნაბიჯი, რასაც ფინანსურად შემძლე ადამიანები აკეთებენ, მაგალითად  დანაზოგებს; როგორ უყურებდით  უპერსპექტივობის თვალით ცხოვრებას. დაიწყეთ  ისეთი რაიმის მოფიქრება, რაც შეცვლის თქვენს დამოკიდებულებას ფულის მიმართ; მაგალითად, განიხილეთ იგი როგორც დაგროვებითი კატეგორია, რომელიც არასდროს არ გაქვთ თუკი მას არ აგროვებთ და დაზოგავთ. მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ  მწირი შემოსავლიდან – 150 ლარიდან – ყოველთვიურად გადაინახოთ ამ თანხის 10 პროცენტი  ანუ 15 ლარი, შეიტანოთ იგი, ვთქვათ, ლიბერტი ბანკში სადეპოზიტო დაგროვებით ანაბარზე ერთი წლით, სადაც არის დეპოზიტზე 6-8 %–იანი დარიცხვა. თქვენ ყოველთვიურად გექნებათ სახარჯოდ 135 ლარი ნაცვლად 150–ისა, რაც სრულიად შეგიძლიათ დაახლოებით იმდაგვარად განხარჯოთ, როგორც განკარგავდით აქამდე 150 ლარს. სამაგიეროდ ერთი წლის თავზე მიიღებთ დაახლოებით ერთი დამატებითი (მე–13 თვის) პენსიის ან შემწეობის თანხას, რამაც პროცენტული დანარიცხებიანად შეიძლება შეადგინოს 200 ლარი ანუ უფრო მეტი, ვიდრე თქვენი 150 ლარია. ამის შემდეგ თქვენ უკვე დაგროვებით დეპოზიტზე  შეგიძლიათ ჩასდოთ უკვე არა 15 ლარი, რამაც 200–მდე მიგიყვანათ, არამედ ეს 20 ლარი და მომდევნო სადეპოზიტო  წელს უკვე გაცილებით მეტი შემოსავალი გექნებათ ბანკიდან. თქვენ მართალია არ გამდიდრდებით, მაგრამ შესაძლოა გაგიჩნდეთ ერთგვარი პერსპექტივის განცდა, რაც უკვე თქვენს კარმას ცვლის: შემოსავლების ზრდა „ემართებათ“ არა უპერსპექტივობით შეპყრობილ პესიმისტებს, არამედ მათ, ვისაც პერსპექტივის განცდა გააჩნიათ.
ან კიდევ, მაგალითად, თქვენ გაქვთ შემაწუხებელი დეპრესიული განწყობა. გაანალიზეთ რა გზა გამოიარეთ, რამაც ამ დღემდე მოგიყვანათ, როგორ წარამარა რეაგირებთ და იჭერთ ნეგატიურ და არასასიამოვნო ამბებს და ინფორმაციას. ერთ წუთას გააჩერეთ აწმყო, ნუ განაგრძობთ ძველებურად მოქმედებას, არამედ აიღეთ ერთი რვეული და ყოველდღიურად დაიწყეთ  ჩაწერა, თუ დღის განმავლობაში რა მოხდა პოზიტიური თუნდაც მცირეოდენი მასშტაბით. მაგალითად, გაიგეთ, რომ თქვენს ახლობელს გრიპმა გაუარა, ან დაგირეკათ მეგობარმა, რომელსაც დიდი ხანია არ ჰქონდა თქვენთან კონტაქტი, ან თქვენმა შვილმა თუ დისშვილმა თუ მეზობლის საყვარელმა ბავშვმა რაღაც მეტად სასაცილო და ამავე დროს ჭკვიანური თქვა, ან უბრალოდ სახალისო ამინდია და ცოტათი ისეირნეთ...... ერთი კვირის შემდეგ გადახედეთ თქვენს რვეულს და ნახავთ, რომ თუნდაც ერთი კვირის განმავლობაში ამდენი პოზიტივია, შემდეგი კვირეების განმავლობაში თუ გააგრძელებთ, ნახავთ რომ ირგვლივ მართლაც გამრავლდა პოზიტივი... ხოლო ერთი თვის თავზე დამირეკეთ ან მომწერეთ, როგორ ჩაიარა სავარჯიშომ და რა მოგცათ მან უარყოფითი განცდების შემცირებისა და დადებითის მომრავლების თვალსაზრისით. იმედია, სასიხარულო ამბავს შევიტყობ თქვენგან!
დაგროვილ წარსულ კარმასთან დაკავშირებით  ადამიანს შეუძლია განახორციელოს 3 სტრატეგიული ნაბიჯი:
·         გაისტუმროს თავისი კარმიული ვალები;
·         უარყოფითი კარმის დადებით ცხოვრებისეულ გამოცდილებად  ტრანსფორმაცია;
·         წარსული დაგროვილი კარმის საზღვრებს გარეთ გასვლა.
განვიხილოთ ეს სტრატეგიები ცალკ–ცალკე.
1.კარმიული ვალების გასტუმრება
სამყაროში მოქმედებს დახვეწილი ბუღალტრული სისტემა, რომლის მიხედვითაც ხორციელდება ენერგიების პერმამენტული ურთიერთგაცვლა. იგივე ეხება კარმიულ ენერგიასაც. ჩვენ ყველაფრისთვის გვიწევს საზღაურის გაღება და წარსულის კარმიულ ვალებს ვისტუმრებთ, თუმცა ეს შეიძლება გაუცნობიერებლად ხდებოდეს.  ხშირად კარმიული ვალების გასტუმრება მტკივნეული პროცესია, მაგრამ მთავარი არის გვახსოვდეს, რომ სამყაროში არც ერთი ვალი არ რჩება გაუსტუმრებელი. თუ ჩვენ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენეთ და იმ ადამიანმა ვერფრით ვერ გიპასუხათ, არ გეგონოთ ეს შეგრჩათ: რამენაირად მაინც მოგიწევთ საზღაურის გაღება ამ შეურაცხყოფისათვის, მაგრამ სხვა ფორმით.
2.დადებით ცხოვრებისეულ გამოცდილებად  ტრანსფორმაცია
კარმის ტრანსფორმაცია უკავშირდება ცხოვრების ახალი საზრისის ან დანიშნულების გამოკვეთას. ინდურ ფილოსოფიაში  ამას დჰარმას (ცხოვრების დანიშნულება, საზრისი) ეწოდება. ეს პროცესი იმით იწყება, რომ კარმიული ვალის გასტუმრებისას საკუთარ თავს უსვამ კითხვას: „რას ვიძენ როგორც ახალს ამ კარმიული ვალიდან და ტკივილიდან? რატომ ხდება ასე და რა შეტყობინებას მაძლევს სამყარო? როგორ შეიძლება ეს გამოცდილება გამოვიყენო ადამიანთა მსახურების, მათთვის სარგებლობის მოტანის თვალსაზრისით?“ ასე და ამგვარად, კარმიული ვალების გასტუმრებისას ცდილობ გამოძებნო სამყაროს  ალტერნატიული შესაძლებლობები,  ცდილობ ტკივილები  და დარღვევები გადააქციო საკუთარი თავისადმი და სხვებისათვის სასიკეთო საქმეებად, რითაც, ცხადია, მომავალში მოიმკით უკეთეს ყოფას მატერიალური და სულიერი თვალსაზრისით.
3.წარსული დაგროვილი კარმის საზღვრებს გარეთ გასვლა
ეს ნიშნავს წარსული კარმისაგან განთავისუფლებას, მის გაწმენდას. მედიტაციის მეოხებით ხორციელდება წარსული დაგროვილი კარმის ჩამორეცხვა და ამის საფუძველზე ახალი კარმიული ენერგიის შემუშავება ჩვენს ენერგო–ინფორმაციულ სისტემაში. ჩვენ ხომ განსაკუთრებულად ორგანიზებულ ენერგო–ინფორმაციულ  სისტემას წარმოვადგენთ, რომელიც  ჩართულია სამყაროს უნივერსალურ ენერგო–ინფორმაციულ ველში.
შეჯამებისათვის გთავაზობთ კარმის მართვის 3 ნაბიჯოვან გზას:
1.აიღეთ ვალდებულება და პასუხისმგებლობა, რომ რეგულარულად გააცნობიერებთ თქვენს არჩევანს. აიღეთ ვალდებულება, რომ შეიმუშავებთ სასარგებლო ჩვევას მუდმივად აცნობიერებდეთ აწმყოს, არ კარგავდეთ მასთან კონტაქტს და ახორციელებდეთ „აქ და ამჟამად“ პრინციპს;
2.არჩევანის გაკეთებისას შეეცადეთ  საკუთარ თავს დაუსვათ კითხვები: „ როგორი იქნება ჩემი არჩევანიდან მომდინარე ახლომდებარე და შორეული შედეგები? მომიტანს თუ არა ეს არჩევანი ბედნიერებას და მოუტანს თუ არა იგი სარგებლობასა და სიკეთეს ადამიანებს, ვინც ჩემს ირგვლივაა?“
3.დაეკითხეთ თქვენს სხეულს,  განსაკუთრებით კი გულს, ღებულობს თუ არა იგი გაკეთებულ არჩევანსა და მიღებულ გადაწყვეტილებას. სთხოვეთ მას მოგცეს კომფორტის გამომხატველი რაიმე რეაქცია ან შეგრძნება, თუკი სხეული ან  გული კმაყოფილია გაკეთებული არჩევანითა და მიღებული გადაწყვეტილებით , ხოლო მოგცეს  დისკომფორტისა და უსიამოვნების გამომხატველი რეაქცია ან შეგრძნება არ–მიმღებლობისა და უკმაყოფილების შემთხვევაში. იცოდეთ: გონება შეიძლება ტყუოდეს, მაგრამ სხეული და გული არასოდეს არ ტყუის და ყოველთვის იძლევა სწორ შეტყობინებას; ასევე, სიტყვები შეიძლება ტყუოდენ, მაგრამ შეგრძნებები უტყუარია თავიანთ შეტყობინებაში, უბრალოდ ამ უტყუარობას ამოკითხვა და აღიარება სჭირდება. თუ თქვენ მიიღეთ  დადებითი იმპულსი სხეულიდან, უყოყმანოდ დაადექით  არჩეულ გზას. თუკი სხეულმა დისკომფორტი გაგრძნობინათ, მაშინ კიდევ ერთხელ დაფიქრდით მიღებული გადაწყვეტილების ახლომდებარე და შორეულ  შედეგებზე, გადახედეთ მას, ჩაუტარეთ რევიზია ან დაუმატეთ რაიმე ახალი ინგრედიენტები სანამ არ მიიღებთ დადებით რეაქციას „სხეულის ენის“ თვალსაზრისით.

თუკი დაგაინტერესათ  კარმის კანონის მიმართებამ წარმატებასთან, თუკი გსურთ გაიაროთ პიროვნული ტრანსფორმაციის პროცესში, გიწვევთ „ბედისწერის მართვის“ ტრენინგში; წინასწარი ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელეფონებით 2 14 12 12 ან 577 76 45 80 ან კიდევ ელ–ფოსტით  nodarsar@gmail.com                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                             

7.27.2014

კონტროლი და მიღწევის მოთხოვნილება

წარმატების 365 დღე
65–ე დღე
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი უ.გლასერის თანახმად ადამიანს აქვს კონტროლის მოთხოვნილება: ადამიანი მით უკეთ გრძნობს თავს, რამდენადაც აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას; მას ეუფლება საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების განცდა, თუკი გრძნობს, რომ დაკარგა კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე ან მოექცა სხვისი კონტროლის ქვეშ.  ფსიქოლოგმა როტერმა შემოიტანა „კონტროლის ლოკუსის ანუ ადგილის“ ცნება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრებისადმი კონტროლის წყარო მისი „ადგილმდებარეობის“ მიხედვით ორ ნაწილად იყოფა: 1) კონტროლი, რომლის წყარო გარეგანი მოვლენებია. მაგალითად, ჩვენში ბევრი თვლის, რომ მათი ცხოვრება ხელისუფლებასა და ქვეყანაში არსებული მოვლენებითაა მთლიანად განსაზღვრული, კონტროლი მოდის სხვა ადამიანებიდან, ბანკებიდან, სახელმწიფო სტრუქტურებიდან, საერთაშორისო ურთიერთობებიდან და პროცესებიდან და ბოლოს ბუნების მოვლენებიდან. ეს არის ე.წ. გარე განპირობებულობის თვალსაზრისი. ამ პოზიციის უკიდურესი გამოვლენაა, როცა ადამიანი გარემოებათა მსხვერპლის როლში მოიაზრებს საკუთარ თავს. ამ კატეგორიის ადამიანებს ექსტერნალებს უწოდებენ, რადგან მათი კონტროლის ადგილი ანუ ლოკუსი მათი პიროვნების გარეთაა. უკიდურესი ექსტერნალური პოზიცია გამოხატავს იმას, რომ ადამიანს საკუთარი თავის კონტროლისა და მართვის სადავეები ხელთ არა აქვს. ეს იმითაა მომგებიანი, რომ პასუხიმგებლობას საკუთარი თავიდან იცილებს და სხვებზე გადაამისამართებს, მაგრამ პასუხისმგებლობის ტვირთიდან ამგვარ თავისუფლებას თავისი საზღაური აქვს.  საზღაური კი ის არის, რომ ექსტერნალები რახან გარე ძალების კონტროლს ქვეშ იმყოფებიან და მათზე არაფერია დამოკიდებული, განწირული არიან განიცდიდნენ სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას, აწუხებდეთ უძილობა და სხვადასხვა ფსიქოსომატური აშლილობები; ისინი ხშირად განიცდიან ჩიხში ყოფნას და გარემოებათა მსხვერპლობის გრძნობას; ასეთი გარე განპირობებულობის გამო მათ უყალიბდებათ ე.წ. შეძენილი უსუსურობის ან უმწეობის სინდრომი; ხშირად ეს ქმნის ხელჩაქნეულობისა და წარუმატებლობის ფსიქოტიპს; ექსტერნალი წარმატების მიღწევის ნაცლად იმედს იღბალსა და გამართლებაზე ამყარებს; 2) კონტროლის მეორე წყარო თვითონ პიროვნების შინაგან სამყაროშია, „მე“ თვითონ აკონტროლებს და მართავს საკუთარ ცხოვრებას. ამით მაღლა იწევს რწმენა საკუთარ ძალებში, იზრდება თვითპატივისცემისა და ღირსების გრძნობა,  იზრდება მიზანდასახულობა, ადამიანი ცდილობს თვითონ განაგოს საკუთარი ცხოვრება და დაგეგმოს მომავალი წარმატება, იზრდება ბედნიერების ინდექსი. კონტროლის ეს სახეობა ინტერნალური ლოკუსის სახითაა ცნობილი. მასაც აქვს თავისი საზღაური: უკიდურესი ინტერნალი შეიძლება განიცდიდეს ჰიპერტროფირებული ბრალეულობის გრძნობას და გადამეტებულად იღებდეს პასუხისმგებლობებისა და ვალდებულებების ტვირთს საკუთარ მხრებზე, რამაც იგი შეიძლება დეპრესიაში შეიყვანოს. საბედნიეროდ სუფთა ინტერნალი და სუფთა ექსტერნალი ნაკლებად გვხვდება, ადამიანთა უმეტესობას ექსტერნალობისა და ინტერნალობის თვისებები ნარევი სახით აქვთ მოცემული.
არც ექსტერნალობაა  და არც ინტერნალობა არ არის თანშობილი და გენეტიკურად განპირობებული თვისება. კონტროლის ლოკუსის თუ რა თავისებურებები ექნება ადამიანს განსაზღვრულია სოციალიზაციისა და აღზრდის პროცესით. ერთი კი ცხადია: წარმატებების მიღწევა იმ ადამიანთა ხვედრია, ვინაც თვითონ და საკუთარი ძალისხმევით აკონტროლებს თავის ცხოვრებას. ეს კი ინტერნალური ლოკუს–კონტროლის თვისებიდან მომდინარეობს. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, თუ გსურთ წარმატებით გაართვათ თავი ჯანმრთელობის პრობლემებს, გარდა ექიმისა და მედიკამენტების მოძიებისა შეეცადეთ გაარკვიოთ რა ქმედებებს უნდა მიმართოთ, რათა საკუთარი ძალისხმევით დაძლიოთ დაავადება. თუკი ფინანსების სფეროში გაქვთ პრობლემები, დაუშვით, რომ ამ ფინანსური დაბრკოლების მოხსნა თქვენზეა მთლიანად დამოკიდებული და დაჟინებით ეძებეთ ის ქმედებები, რაც ამ ამოცანას გადაგაწყვეტინებთ. თუკი თქვენთვის მნიშვნელოვან პიროვნებებთან აგერიათ ურთიერთობები, ნაცვლად მათთვის გადაბრალებისა ისევ და ისევ თქვენს საკუთარ თავში შეეცადეთ იპოვოთ ურთიერთობის გაუმჯობესების გზები. თუ სამუშაო ვერ გიპოვიათ, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად აკეთოთ აპელირება თუ რა მძიმე ვითარებაშია ეკონომიკა და ქვეყანა, თუ რა ულმობლები დ უსამართლონი არიან დამსაქმებლები, გაანალიზეთ საკუთარი ქმედებები სამუშაოს მოძიებისას, ინტერვიუს გავლისას, ტესტების შევსებისას, მოიფიქრეთ ახალი გზები და განავითარეთ თქვენივე კომპეტენციები ან უნარ–ჩვევები. მაგრამ შინაგანი ლოკუს–კონტროლის შესამუშავებლად ყველაზე ნაყოფიერი გზა არის პრობლემურ სიტუაციებში (პრობლემებს კი წარამარა ვეჯახებით) საკუთარი თავს რეგულარულად დაუსვათ შემდეგი ეფექტური კითხვები:
·         თუკი დავუშვებთ, რომ ყველაფერი ჩემზევეა დამოკიდებული, რა უნდა ვაკეთო, რომ მე თვითონვე გადავწყვიტო მოცემული პრობლემა?
·         რა არის ჩემზე დამოკიდებული და რა გავაკეთო, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა თუ 100%–ით არა, 70%–ით მაინც ჩემზე იყოს დამოკიდებული?
თუ გნებავთ იყოთ წარმატებული და ბედნიერი, თქვენს ცხოვრებაზე კონტროლი თქვენს ხელთ აიღეთ. როგორც ინტერნალური, ისე ექსტერნალური ლოკუს–კონტროლის დროს ყველაფერი ჩვენი აზრებიდან იწყება: ერთადერთი რამ, რაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ, ეს არის ჩვენივე აზრები. რასაც ვფიქრობთ სიტუაციაზე და როგორც ვფიქრობთ მასზე, სწორედ ეს ფიქრები წარმოშობენ იმ გრძნობებს, რომლებიც განაგებენ ჩვენს ქცევებსა და ქმედებებს. თვითკონტროლი, ემოციათა და ქმედებათა თვითმართვა იწყება საკუთარი აზრების მართვითა და კონტროლით. როგოც იტყვიან, „ვერავინ გაიძულებთ თავი იგრძნოთ დამცირებულად, თუკი ამის თანხმობა თვითონ არ მიეცით სხვას“. რახან ყველაფერი კონტროლის ხელიდან გასხლტომიდან მომდინარეობს, არსებობს ორი გზა კონტროლი განახორციელოთ სიტუაციაზე, რომელსაც მიჰყავხართ სტრესამდე ან უსიამოვნებამდე. პირველი გზაა რაიმე მოიქმედო, რათა ცვლილებები  შეიტანო სიტუაციაში. ამისათვის საჭიროა ახლებურად მოიაზრო იგივე სიტუაცია, განსხავებული საზრისი ჩასდო მასში, სხვა კონტექსტში ჩართო იგი, შეუცვალო მას ჩარჩო და ახალ კალაპოტში წარმართო ქმედებები.  მეორე გზაა გახვიდე ამ უკონტროლო სიტუაციიდან, განერიდო მას. კონტროლის არ ქონის სიტუაციის მიტოვება და მისგან განრიდება შეიძლება გახდეს იმის საწინდარი, რომ კონტროლი აიღო იმაზე, რისი მართვაც ძალგიძს. ამით კი ხელახლა აღადგენთ კოტროლს საკუთარ ცხოვრებაზე.
ნაბიჯ–ნაბიჯ აიღეთ კონტროლი და პასუხისმგებლობა საკუთარ აზრებსა, გრძნობებსა და ქმედებებზე და მიღწევათა სულისკვეთებაც გაძლიერდება!


სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის პროგრამა დღევანდელ საქართველოში


წარმატების 365 დღე
64–ე დღე
       საარსებო მინიმუმი და ბიოლოგიური რედუქციონიზმი
საქართველოში მეტად დაბალია საარსებო მინიმუმის სტანდარტი; ამჟამინდელი საარსებო მინიმუმი გათვლილია მხოლოდ ადამიანის გამოკვებაზე, ხოლო ადამიანს კვების გარდა აქვს ღირსება და სხვადასხვა სოციალური და სულიერი მოთხოვნილებები;
ამდენად, ჩვენი ამჟამინდელი და წინარე ხელისუფლებების კონცეპცია ადამიანის შესახებ .. ბიოლოგისტური რედუქციონიზმის გამოხატულებაა, რომელიც ადამიანში ხედავს მხოლოდ ცხოველს და ბიოლოგიურ საწყისებს.
·         ევროკავშირის სტანდარტები
ევროკავშირის ქვეყნებში საარსებო მინიმუმში სასურსათო კალათას მხოლოდ 30% , ხოლო 70% სხვა უფრო მაღალი რიგის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უჭირავს;
ჩვენი საარსებო მინიმუმის სტანდარტი  12–ჯერ ნაკლებია, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნების საშუალო საარსებო მინიმუმის სტანდარტი და ამდენად ჩვენ არ მიგვიღებენ ევროკავშირში ესოდენ დაბალი სტანდარტისა გამო.
       სიღარიბესთან  შეგუებისა და შეძენილი უძლურების სინდრომი
ასეთ ვითარებაში ადამიანები ეგუებიან არსებობის დაბალ სტანდარტებს, რაც თავის მხრივ სიღარიბისადმი შეგუებას და . . შეძენილი უსუსურობის სინდრომს აყალიბებს;
სიღარიბისა და შეძენილი უსუსურობის  მენტალიტეტის მქონე ადამიანები  საბაზრო ურთიერთობების პროაქტიურ ეკონომიკურ სუბიექტებად ვერ ყალიბდებიან, ვერ ერთვებიან ბიზნესში ან თუკი ერთვებიან, ადრევე კოტრდებიან, თავს ანებებენ ყოველგვარ ინიციატივას და მიყვებიან ცხოვრების დინებას უკეთესი მომავლის პასიურ მოლოდინში
       რეგულაციებისა და შეზღუდვების პრიმატი სტიმულირებაზე
სოციალურ და ეკონომიკურ მართვაში ჩვენი სახელმწიფო და ხელისუფლება უმეტესწილად იყენებს სხვადასხვა სახის იურიდიულსამართლებრივ რეგულაციებსა და შეზღუდვებს ან სასჯელებს, მაგრამ მნიშვნელოვნად მცირეა მართვის ისეთი ბერკეტები, როგორიცაა ადამიანების მოტივირება და სტიმულირება. ხშირად გამოიყენება ფსევდოსტიმულირებისა და ფსევდომოტივირების მექანიზმები.
       სტიმულირების პრიმატი რეგულაციებზეგანვითარების ძრავი
ბიჰევიორალურ, სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ მეცნიერებებში კი დადგენილია, რომ განვითარებაზე ორიენტირებული ეფექტური მართვა უნდა შეიცავდეს როგორც რეგულაციებს, ასევე სტიმულირების მექანიზმებს, თანაც ეს უკანასკნელი პროპორციულად უნდა სჭარბობდეს კიდეც რეგულაციებს. ეს განსაკუთრებით ეხება ეკონომიკური განვითარებისა და მენეჯმენტის სფეროს.
·         წნეხი ბიზნესზე დღეს და სააკაშვილის რეჟიმის პირობებში
სააკაშვილის რეჟიმის დროს წნეხი ბიზნესზე არა მხოლოდ არსებულ ბიზნესებზე ზეწოლით ხასიათდებოდა, არამედ ჩანასახშივე ან საწყის ეტაპზე არსებული ბიზნესების იმდაგვარ გაგუდვაში მაღალი ტარიფებითგადასახადებითა და კომერციული ბანკების მაღალ პროცენტებიანი კრედიტებით, რომ ბიზნესი ვერ ასწრებდა .. დაქოქვას და მასობრივად იხურებოდა;
დაბალი საარსებო მინიმუმის, ბიზნესის წნეხისა და საზოგადოდ  სიღარიბის ფსიქოლოგიის დანერგვით იგებდა მხოლოდ ისტებლიშმენტი, რადგან მოსახლეობა უსუსურობის სინდრომის გამო ზედმეტად პოლიტიზირებული და მიბმული რჩებოდა ხელისუფლებაზე.
       სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის 10 ნაბიჯი
ეს ვითარება არ შეცვლილა დღევანდელ ხელისუფლებაში და არც პოლიტიკურ ძალებს, თუ არ ჩავთვლით ქრისტიანდემოკრატებს, არა აქვთ მწყობრი სისტემა  აღნიშნულ პრობლემათა გადასაწყვეტად.
აღნიშნულიდან გამომდინარე გთავაზობთ სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის 10 ნაბიჯიან პროგრამას.
1.სახელმწიფო, და განსაკუთრებით კი ეროვნული ბანკი, აქტიურად უნდა ჩაერთოს საბაზრო ურთიერთობასა და ეკონომიკურ მართვაში;
2.ხელისუფლებამ გაბედულად უნდა გაზარდოს საარსებო მინიმუმი და ჯერ იგი გახადოს 250 ლარი, ხოლო ყოველწლიურად  2020 წლამდე გაზარდოს იგი 10%–ით.
3.ხელისუფლებამ კიდევ უფრო უნდა იზრუნოს ტარიფების შემცირებაზე.
4.სახელმწიფომ და ეროვნულმა ბანკმა სტიმულირება უნდა უყოს მიკრობიზნესის სფეროს, სადაც მოქმედი კანონმდებლობით დაბეგვრას არა აქვს ადგილი; გამართოს ძლიერი საინფორმაციო კამპანია მიკრობიზნესის შესაძლებლობების შესახებ, ეროვნულმა ბანკმა გამოჰყოს პროცენტებში დაბალ განაკვეთიანი კრედიტები მის განსავითარებლად.
5. სახელმწიფომ მოუხსნას 2 წლის განმავლობაში  ყოველგვარი ბეგარა და გადასახადი მცირე ბიზნესს საწყის, პიონერულ ფაზაში. მცირე ბიზნესის სტიმულირებისათვის ეროვნულმა ბანკმა გამოჰყოს პროცენტებში დაბალ განაკვეთიანი კრედიტები. 2 წელიწადში ბიზნესისდაქოქვისადა გამართვის შემდეგ იგი ჩვეულებრივად დაიბეგროს არსებული წესით.
6.საშუალო  და  მსხვილი  ბიზნესი დაექვემდებაროს პროგრესული დაბეგვრის წესს. 
7.სახელმწიფომ  სტიმულირება უყოს სოციალურ მეწარმეობას  როგორც მეწარმეობის თვისობრივად ახალ ნაირსახეობას, რომელიც ბიზნესს უხამებს თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას; სოციალური მეწარმეობა მოწოდებულია ბიზნესმენი, ერთის მხრივ, იყოს ორიენტირებული მოგებაზე, ხოლო მეორეს მხრივ კი თანამემამულის თანადგომაზე.
8.ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავოს  ინვესტირებისა და გრძელვადიანი კრედიტების დაბალ განაკვეთიან პროცენტებში გაცემის გეგმა. 
9.შეიქმნას მოქალაქეთა და მოზარდი თაობის სოციალური და ფინანსური განათლების მუდმივმოქმედი პროგრამები, ამოქმედდეს კომპეტენციაზე დაფუძვნებული მეწარმეობის ტრენინგკურსები როგორც დამწყები და პიონერულ ფაზაში მყოფი, ისე დიფერენციაციის ფაზაში მყოფი კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის.
10. დაიხვეწოს სოფლად თემის განვითარებისა და კოოპერატივების ფუნქციონირების მეთოდოლოგიები;  ეროვნული ბანკი პარეტოს 20/80 პრინციპის შესაბამისად აფინანსებს თემის ეკონომიკური განვითარების პროგრამებს; ან ამოქმედდეს თემის საჭიროებების  თანამონაწილებითი მოკვლევის , სწავლებისა და ქმედების მეთოდოლოგიები, რაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის აპრობირებული.