7.18.2014

სიხარული


წარმატების 365 დღე
59–ე დღე
სიხარული ის პოზიტიური ემოციაა, რომელიც განსაკუთრებულად არის დაკავშირებული ფსიქოსომატურ გამოჯანსაღებასთან, ურთიერთობების ჰარმონიზაციასთან, შრომის ნაყოფიერებასა და სწავლადობასთან, და ბოლოს სიცოცხლის ხანგრძლივობასთანაც  კი.  სიხარულის გამოხატულებაა ღიმილი, სიცილი, გართობა. ცნობილია ე.წ. დაშენის ღიმილი, რომელიც ფოტოგრაფ დაშენის სახელით შევიდა ლიტერატურაში. დაშენის ღიმილის ნიშნებია, რომ არა მხოლოდ ტუჩები იღიმის, არამედ ლოყებიც და თვალებიც ანუ მთელი სახე იცინის. ცნობილია ბედნიერების ფენომენის მკლევართა ერთი გამოკვლევა, როცა 1905 წელს ჩიკაგოს ერთერთ ქალთა სასწავლებლის კურსდამთავრებულ  გოგონათა ერთობლივი სამახსოვრო ფოტოსურათის სახეების ანალიზი ჩაატარეს და შესაბამისი პირების ბიოგრაფიები შეისწავლეს არქივების მიხედვით. აღმოჩნდა , რომ იმ პირების სიცოცხლის ხანგძლივობა, რომელთაც სურათში აღენიშნებოდა დაშენის ღიმილი, 54%–ით უფრო მაღალი იყო სხვა გოგონათა მაჩვენებლებზე. ამას გარდა აღმოჩნდა, რომ დაშენის ღიმილის მქონე ქალბატონებმა გაიარეს უფრო ხალისიანი და წარმატებული ცხოვრების გზა თავიანთ ოჯახებსა და სამსახურებში, ვიდრე დანარჩენებმა. მნიშვნელოვანია ის თვისებაც, რომ არა მარტო შენ გაიხარო, არამედ სხვაც გაახარო, გაახალისო და გაამხიარულო. დააკვირდით თქვენს ირგვლივ და აღმოაჩენთ ადამიანს, ვისდამიც თქვენს წრეში გამორჩეულად კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ავლენენ ადამიანები, რადგან იგი აფრქვევს ხალისსა, სიხარულსა და მხიარულებას. 
არსებობს სიცილოთერაპიის ან სიცილის იოგას კურსები. მეც არაერთხელ ჩამიტარებია სიცილო–ტრენინგი, როცა მხიარულებისა და სხვა დადებითი ემოციების გენერირებისა და კულტივირების უნარ–ჩვევებს ვავარჯიშებდით.  ერთხელ ამერიკაში, კალიფორნიაში თვითონაც გავიარე სიცილის იოგას ტრენინგი. ამბობენ, რომ სიცილის დროს 80–მდე სხვადასხვა კუნთი მოდის მოქმედებაში და ვარჯიშდება, გამოიყოფა ენდორფინი, რაც დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. იუმორი და სიცილი ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ალტერნატიულად დაინახო რეალობა და აღმოაჩინო ახალი ხედვები. ხანდახან სიცილი  და ხალისი გაცილებით მეტ სერიოზულ ამოცანებს გადაგაწყვეტინებს, ვიდრე მოღუშული და სერიოზული გამომეტყველებით მოქმედება.
ბევრი ალბათ დასვამს მნიშვნელოვან კითხვას: თუ გარემოცვაში არ არის სამხიარულო, გასახარელი და სასაცილო, როგორ უნდა ვიმხიარულოთ, გავიხაროთ და ვიცინოთ? ეს კითხვა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც ფუნდამენტალურ საკითხს ეხება. ესაა გარეგანი  და შინაგანი განპირობებულობის, დეტერმინაციის საკითხი. კერძოდ, ადამიანთა მეტი წილი ფიქრობს, რომ სიცილი რეაქციაა სასაცილო მოვლენაზე, რასაც გარემოში აქვს ადგილი, სიხარული რეაქციაა სასიხარულო ამბავზე, მხიარულება მხოლოდ მხიარულ გარემოცვასა და კამპანიაზეა დამოკიდებული. ამაში არის ჭეშმარიტების მცირეოდენი მარცვალი, მაგრამ მხოლოდ სწორედ მცირეოდენი. მართლაც,  წარმოიდგინეთ, რომ  რომელიმე პიროვნება ხშირად ადვილად იმახსოვრებს და ხალისით ჰყვება სასაცილო ანეკდოტს და ამხიარულებს სხვებს. იგი იუმორისტულად უყურებს სამყაროს და მისი შინაგანი, საბაზო  რწმენაა: „ჩვენ გავჩნდით, რათა ვიმხიარულოთ და გავიხაროთ“; შესაბამისად მისი მოლოდინები ისეთია, რომ  სამყაროში ყოველთვის მოიზიდავს ან იპოვის სამხიარულოს და გასახარელს. სხვა შეიძლება ფიქრობდეს: „ცხოვრება ტანჯვა და განსაცდელია“; ამიტომაც მისი მოლოდინები იქეთკენ უბიძგებს, რომ ყველაფერში დაინახოს პრობლემა და არა მისი გადაწყვეტის გზა, სადარდებელი და არა გასახარებელი. სიხარულის, სიცილის ან მხიარულების იმპულსი არა იმდენად გარე სამყაროში, რამდენადაც პიროვნების წინასწარგანწყობებშია საძიებელი. ამიტომაც ეს პოზიტიური გრძნობები არა იმდენად რეაქციებია, რამდენადაც პროაქტიული მოქმედებებია. რა იქნება რომ შევცვალოთ ფორმულა – „ვაზროვნებ , მაშასადამე, ვარსებობ“ ახალი ფორმულით –„ვხარობ, მაშასადამე, ვარსებობ?“. ეს კითხვა ერთ ჩემს სერიოზულ ძველ ამხანაგს დავუსვი. მოღუშულმა მიპასუხა: „დეკარტე საფლავში გადატრიალდებოდაო“. მე ვუპასუხე: “კი არ გადატრიალდებოდა–თქო, არამედ სიხარულით საფლავში იბზრიალებდა–თქო“.  სიხარულს დიდი ძალა აქვს, მაგრამ მასაც კულტივირება სჭირდება. ამისთვისაც პატარა სავარჯიშო  მინდა შემოგთავაზოთ.
  1. დღეში 3–4–ჯერ დაახლოებით 5  წუთის განმავლობაში  თქვენს  თავს                დაუსვით კითხვები: „დღეს რით გავიხარებ და რა გამახარებს?“; „დღეს რა მომგვრის ღიმილსა და სიცილს?“
2.გაიმეორეთ თქვენს შიგნით დღეში 50–ჯერ, თუ გნებავთ 100–ჯერ, როგორც მოგიხერხდებათ, მოკლე ფორმულა (აფირმაცია): „ვცხოვრობ, რათა გავიხარო“; „ცხოვრება აღსავსეა სიხარულით“; „სამყარო და ადამიანები კეთილგანწყობილია ჩემდამი“; „ვხარობ და სხვასაც ვახარებ“.
3. ხსენებული კითხვების დასმისას და აფირმაციების შინაგანი გამეორებისას იყავით წელში გამართული და მხრებგაშლილი, სახეზე დაიხატეთ კეთილგანწყობილი, ხალისიანი, მომღიმარი, გახარებული ადამიანის გამოხატულება. თუ გნებავთ ივარჯიშეთ სარკის წინ და მასზე გამოსახეთ ეს გრძნობები. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ხალისიანი აზრების გამეორებისას სხეულსაც ჰქონდეს შესატყვისი გამოსახულება.
4. თვალდახუჭულ და რელაქსირებულ მდგომარეობაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ორგანიზმის ყველა უჯრედს ახლა ზეიმი აქვს და ხარობს, ლაღობს და მხიარულობს. დაიწყეთ თავის ტვინით, ნერვული სისტემით და გააგრძელეთ, სახის, ყელის, მხრების, მკერდისა და გულის არეთი, მუცლის ღრუთი, ნაწლავებით, ფილტვებით, კუდუსუნითა და სასქესო ორგანოებით, კიდურებით და დაამთავრეთ ფეხებითა და ხელებით და წამოიდგინეთ სხეულის ამ ნაწილების უჯრედები რაოდენ სავსეა სიცოცხლის სიხარულით, თუ როგორ ისება მთელი ორგანიზმი  სიხარულის ვიბრაციებით.
ამ სავარჯიშოების ჩატარების ორი–სამი კვირის თავზე თქვენს ცხოვრებაში დაიწყება სასიკეთო ცვლილებები. თუკი არ დაიზარებთ და შემატყობინებთ ამის თაობაზე, ისევ და ისევ თქვენვე მოიგებთ, რადგან ეს მადლიერების გამოხატვა იქნებოდა ამ გაკვეთილებისადმი და ტექნოლოგიებისადმი, რაც თავის მხრივ უკუკავშირის მექანიზმით თქვენთვისვე სასარგებლოა. წინასწარ გმადლობთ!



Комментариев нет :

Отправить комментарий