7.05.2014

სასოწარკვეთა და მასთან გამკლავება

წარმატების 365 დღე
51–ე  დღე
სასოწარკვეთა დიდად განსხვავდება იმედგაცრუებისაგან. იმედგაცრუებისას მიზანი, რომელსაც გსურთ მიაღწიოთ, პრინციპში მიღწევადია, ოღონდ რასაც დღეს აკეთებთ მის მისაღწევად, სწორედ ის არ მუშაობს და საჭიროა შეცვალოთ მიდგომები, ხერხები და ქმედებები, რათა მისაღწევს მართლაც მიაღწიოთ. სასოწარკვეთისას კი საპირისპირო ვითარებასთან გვაქვს საქმე. აქ მთავარი სწორედ ისაა, რომ ისეთი მიზანი გაქვთ არჩეული და ცხოვრებაში მაინცადამაინც ის გსურთ, რასაც ვერასოდეს ვერ მიიღებთ. სასოწარკვეთისას თქვენ დამარცხების გრძნობა გეუფლებათ, რახან იმაზე გაცილებით მცირე მიიღეთ, ვიდრე ელოდით ან სულაც ვერაფერი ვერ მიიღეთ. ჩვენ მე მგონი შევთანხმდით და მეც ბევრჯერ ვახსენე პრინციპი: ნებისმიერი გრძნობა, რაგინდ ნეგატიურიც არ იყოს ის, შეიცავს ინფორმაციასა და შეტყობინებას სასარგებლო მოქმედების იმპულსის შესახებ. ინფორმაცია და შეტყობინება, რასაც სასოწარკვეთა გაწვდით შემდეგია: რახან მოლოდინი და მიზანი, რისკენაც ისწრაფვოდით, პრინციპულად მიუღწევადია, დგება აუცილებლობა, რომ შეცვალოთ სწორედ თქვენი ძირითადი სურვილი და მიზანი. აირჩიეთ ახალი მიზანი და შეიმუშავეთ ახალი მოლოდინები, რომლებიც თქვენს სიტუაციასა და შესაძლებლობებს უფრო შეეფერება, შეეცადეთ ამ ახალი მიზნის სწრაფად მიღწევა.
გამკლავების გზები და მისაღები გადაწყვეტილებები:
1.      სასოწარკვეთის გრძნობის გაჩენისას სწრაფად და გადაუდებლად წარმოიდგინეთ, თუ რა გამომდინარეობს შექმნილი ვითარებიდან, რაოდენ იყავით ისეთი მიზნის მიღწევის ტყვეობაში, რისი მიღწევაც ძალზედ აღემატებოდა თქვენს ძალებს და შეუძლებლობის „ზონაში“ გაცხოვრებდათ. გააკეთეთ არჩევანი, რომ იცხოვროთ შესაძლებლობათა და არა შეუძლებლობათა სამყაროში. დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი შესაძლებლობები და რა შესაძლებელი შანსებია გარემოში ამ შესაძლებლობათა რეალიზაციისათვის; ათვლის წერტილად აიღეთ სწორედ თქვენი რესურსები და გარემოში არსებული ზომიერი ან თუნდაც ზღვრული და რთული შესაძლებლობები, მაგრამ საწყის პუნქტად არამც და არამც არ აიღოთ თქვენი სურვილები ან მიზნები; სასოწარკვეთისას ასე სჯობს!
2.      დასახეთ ისეთი მიზანი და აირჩიეთ ისეთი სურვილის დაკმაყოფილება, რაც თქვენს რესურსებს შეეაბამება და რისი მიღწევის შანსების თქვენს საცხოვრებო გარემოში მოძიება შესაძლებელია.
3.      იმაზეც დაფიქრდით, რომ ის, რაზეც სასოწარკვეთა დაგემართათ, არარეალურ პრეტენზიებსა და მისწრაფებებს ასახავდა: შეუძლებელია კაკლის ან წაბლის ნაყოფი დათესოთ ნოყიერ ნიადაგში და ელოდოთ, რომ ერთ წელიწადში  ნაყოფის მომცემი ხე გაიზარდოს. იმავდროულად ისიც ხდება, რომ სასოწარკვეთა მიმდინარე დროებითი პრობლემების გამო ემართებათ ადამიანებს: ხშირად პრობლემათა მოგვარებას სიტუაციის მომწიფება განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ დროსა და მოთმინებას მოითხოვს. ისევ გაგახსენებთ ნეიბოროს ლოცვას: „ღმერთო მომეცი მოთმინება, შევეგუო იმას, რისი შეცვლაც არ ძალმიძს, მომეცი გაბედულება შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია, და მომეცი სიბრძნე, რომ პირველი გავარჩიო მეორისაგან“;
4.      სასოწარკვეთას შეხედეთ როგორც პოზიტიურ და შემობრუნების მომენტს თქვენს ცხოვრებაში, როცა 180 გრადუსით უნდა შემოტრიალდეთ, გააკეთოთ გარღვევა თქვენს ცხოვრებაში იმით, რომ მთლიანად გადააფასოთ და ხელახლა დაადგინოთ თუ მართლაც რა გინდათ, რა შეგიძლიათ და თვისობრივად სრულიად ახალი გეგმა შეიმუშავოთ ახალი მიზნების მისაღწევად; ამ გაგებით სასოწარკვეთა ბედის ერთგვარი საჩუქარი!
5.      იზრუნეთ იმაზე, რომ მომავალში ხელახლა არ დაგეუფლოთ სასოწარკვეთის გრძნობა. ამის უებარი პროფილაქტიკური საშუალებაა – შეიმუშავოთ პოზიტიური მოლოდინები მომავლის მიმართ, თუნდაც რომ იყოთ არ–გამართლებებისა და ნეგატიური განცდების დიდი გამოცდილების მატარებელი. იცოდეთ, რომ თუ წარსულში არ გაგიმართლათ, ეს სულაც არ  არის მომავლის წინაპირობა, თუ როგორი იქნება ეს მომავალი. მომავლის წინაპირობაა არა წარსული, არამედ სწორედ აწმყოა: თუ აწმყოში ანუ დღეს  მომავლის პოზიტიურ მოლოდინს მოქსოვ და დახატავ, მაშინ ხვალ და სამომავლოდ სწორედ ეს პოზიტიური მონაქსოვი და ნახატი იწყებს რეალიზებას. ასეთია წარსულის, აწმყოსა და მომავლის კანონზონმიერება და მიენდეთ მას!



Комментариев нет :

Отправить комментарий