7.02.2014

როგორ შევძლებთ ვმართოთ ბრაზი და რისხვა

წარმატების 365 დღე
49–ე დღე
ჩვეულებრივი ნეგატიური ემოციების გარდა, როგორიცაა ემოციური დისკომფორტი, შფოთვა, შიში, გულისტკივილი და წყენა დანაკარგისა გამო, ადამიანებს გვახასიათებს აშკარად გამოხატული დესტრუქციული ემოციები, რაც გამოიხატება სიძულვილში, ბრაზში, გაღიზიანებასა და განრისხებაში. ეს დესტრუქციული განცდები ანგრევენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებს და შინაგან სამყაროსაც. ესენი ხშირად ფეთქებადი და მტრული განწყობის მქონე ემოციებია, ისინი ვლინდებიან დაწყებული უბრალო გაღიზიანებით  და დამთავრებული გაბოროტებითა და მრისხანებით. მოდით მსჯელობის მოხერხებულობისათვის გავაერთიანოთ ეს გრძნობები სიტყვებში „ბრაზი“ და „რისხვა“. რა არის ის შეტყობინება , რაც ბრაზსა და რისხვას მოაქვს? (მე მგონი, ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმ იდეას, რაც არაერთხელ აღვნიშნე ჩემს წინა ნაწერებში 44–ე დღიდან დაწყებული 49–მდე: ყველა ემოცია, რაგინდ ნეგატიურიც არ უნდა იყოს იგი, შეიცავს ინფორმაციასა და შეტყობინებას, თუ რა უნდა მოიქმედო; და ამდენად იგი ჩვენს სამსახურში დგას). ბრაზი და რისხვა გვატყობინებს: სხვის მიერ ან ჩვენსავე მიერ დაირღვა პრინციპი ან ცხოვრების ნორმა, რომელსაც ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ბრაზი, გაღიზიანება, რისხვა და გაბოროტება რეაქციაა ამ დარღვევაზე. და მაინც, რა ვაკეთოთ, რომ დავძლიოთ ბრაზისა და რისხვის დესტრუქციული განცდები და რეაქციები?  გთავაზობთ რამდენიმე ალტერნატიულ გზას.
1)      კარგად დაფიქრდით და ერთი წუთით დაუშვით: იქნებ თქვენ არასწორად აღიქვამთ და ცდებით სიტუაციის შეფასებაში; იქნებ თქვენი გაღიზიანება, ბრაზი ან განრისხება იმ ადამიანისადმი, ვინაც თქვენი პრინციპები დაარღვია, ეფუძვნება არასწორ დაშვებას, თითქოს ამ ადამიანმა იცოდა თუ რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ დარღვეულ პრინციპებს;  იქნებ ამის საპირისპიროდ, ამ ადამიანმა სულაც არ იცის, რომ ესოდენ მნიშვნელოვანია ეს პრინციპები თქვენთვის და მას  ეს მოუვიდა ზუსტად იმის გამო, რომ თქვენ არასდროს არ გიზრუნიათ მისთვის აგეხსნათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს ცხოვრების ნორმა თუ სტანდარტი.
2)      კარგად დაფიქრდით, იქნებ თვითონ ის ნორმა ან პრინციპი, რაც იმ ადამიანმა დაარღვია, სულაც არა არის აუცილებლად აბსოლუტური ღირებულება, იქნებ თვით ეს პრინციპია ხისტი და საჭიროებს შეცვლას? იქნებ არ ღირს იმ პრინციპს ანაცვალოთ თქვენი ურთიერთობები? იქნებ თქვენი ურთიერთობების შენარჩუნებას და სიმყარეს უფრო მაღალი  ფასი აქვს, ვიდრე იმ პრინციპებს, რომელთა დარღვევასაც ესოდენ განიცდით?
3)      ეცადეთ დაუშვათ, რომ ის ადამიანი რომელზეც ბრაზი მოგერიათ, სწორედ იმიტომ არღვევს თქვენთვის მნიშვნელოვან პრინციპს, რომ მძიმე პრობლემურ სიტუაციაშია ჩავარდნილი და რაღაცა ძალიან უჭირს და დახმარებას უფრო საჭიროებს, ვიდრე ბრაზსა და რისხვას; იქნებ ამ დახმარებით უფრო მეტს მოიგებთ, ვიდრე ბრაზით, რისხვითა და გაღიზიანებით?
4)      იქნებ ეცადოთ, როგორც ერთი ჩემი მკითხველი ამბობს, დაიკიდოთ ყველაფერი; გადაულოცეთ და გადაუმისამართეთ  პასუხიმგებლობა თვითონ დამრღვევს და დააყოლეთ შემდეგი შინაგანი ფრაზა: „ეს კი უკვე მისი პრობლემაა, თუ რასაც მიიღებს ამ პრინციპის დარღვევით; ანუ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო“ . გაგახსენებთ ერთ ჩინებულ ანეკდოტს  ამასთან დაკავშირებით: ებრაელი ცოლ–ქმარი სარა და აბრამი ღამით წვანან და აბრამი ოხრავს და წრიალებს. სარა: „რატომ ოხრავ, წრიალებ და ვერ ისვენებ?“ აბრამი: „რა დამასვენებს – ხაიმმა 100 დოლარი მასესხა და ვერ ვუბრუნებ.“ სარა: „ახლავე მოგიგვარებ ამ პრობლემას“. და სარამ დააბრახუნა კედელზე, რომლის იქეთ ხაიმი წევს. ხაიმი: „რა მოხდა სარა, ხომ მშვიდობაა, რატომ აბრახუნებ?“ სარა: „ყველაფერი კარგადაა, ხაიმ. უბრალოდ, შენ ხომ ასესხე აბრამს 100 დოლარი. იგი შენ მას ვერასდროს ვერ დაგიბრუნებს“. და შემდეგ სარა მოუბრუნდა ქმარს სიტყვებით: „ ახლა ხაიმმა იოხროს და იწრიალოს“. მართალია, ცოტა „ბოროტი“ ანეკდოტია, მაგრამ პრობლემის გადამისამართება საკმაოდ ხშირი და ჭკუამახვილური მოვლენაა ადამიანთა ცხოვრებაში.
5)      შეიძლება უფრო წამახალისებელი კითხვებიც კი დაუსვათ თქვენს თავს: „იქნებ ამ ადამიანს ჩემდამი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვა ამ ფორმით უნდა?“ ან კიდევ: „ რას მასწავლის ახალს ეს ამბავი? როგორ დავაინტერესო ეს ადამიანი, რომ არათუ დაარღვიოს ჩემთვის მნიშვნელოვანი პრინციპები, არამედ დამეხმაროს სამომავლოდ მის კიდევ უფრო უკეთესად გატარებაში?“
როგორც ვხედავთ ბრაზის დროს ალტერნატიული ქცევის ვარიანტები ბევრია და არჩევანიც დიდია. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი აღქმა, ან შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ურთიერთობა ამ მეორე ადამიანთან, ან თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ქცევები. რახან არჩევანი ფართო გაქვთ , ეს უკვე ჯანსაღი რეაქციის საფუძველია. ბრაზი და რისხვა სწორედ მაშინ ვითარდება და ღებულობს დესტრუქციული აგრესიის ხასიათს, როცა არჩევანი შეზღუდულია. გააფართოეთ არჩევანი და ალტერნატივები და დაუსხლტებით  ბრაზისა და რისხვის ტყვეობას! ემოციების თვითმართვის უნარ–ჩვევებთან ერთად იზრდება წარმატების პოტენციალი.


Комментариев нет :

Отправить комментарий