7.20.2014

საკუთარ ძალებში რწმენა

წარმატების 365 დღე
მე–60 დღე
საკუთარ ძალებში რწმენა ის აუცილებელი ნიშან–თვისებაა, რაც სხვადასხვა კვლევების მიხედვით სრულიად აუცილებელია წარმატების მიღწევისათვის. ცნობილი ფსიქოლოგის  დევიდ მაკ–კლელანდის კვლევების თანახმად იგი შედის პიროვნული თვისებების იმ ათეულში, რომელიც უცილობლად აქვთ წარმატებულ ადამიანებს.  ბარემ ამ ჯერად ჩამოვთვლი კიდეც ამ სრულიად აუცილებელ თვისებებს. ესენია: 1) საკუთარ ძალებში რწმენა; 2) ახალი შესაძლებლობების ძიება; 3) სიტყვისა და საქმის თანხვედრა და კონრაქტისადმი ერთგულება; 4) მიღებული გადაწყვეტილების მტკიცედ და ზედმიწევნით დაჟინებით გატარება; 5) რისკის გაწევის უნარი; 6)საქმის ხარისხიანი კეთება და ზომიერი პერფექციონიზმი; 7) მიზნის დასახვა და მკაფიო მიზნები; 8) დაგეგმვის უნარი, მონიტორინგი და სტრატეგიული ხედვები; 9) მუდმივი ინფორმაციული განახლება, ინოვაცია; 10) თანამოაზრეთა პოვნის, გუნდური მოქმედებისა და სხვათა დარწმუნების  უნარი. ეს გახლავთ ის 10 პიროვნული თვისება, რომელთაგან თუნდაც ერთის არ–ქონა უკვე იწვევს ჩავარდნას. თითოეული ეს პიროვნული თვისება კი  შეძენადია და ტრენინგის მეოხებით წვრთნას ექვემდებარება.
დავუბრუნდეთ საკუთარ ძალებში რწმენას: მას აქვს როგორც სუბიექტური ანუ გრძნობითი გამოხატულება, ისე გარედან დაკვირვებადი გამოვლენა თვალით საჩინო ქცევისა და ცალკეული მოქმედებების სახით.  როცა საკუთარ ძალებში რწმენაზე ვსაუბრობ, მე უპირველესად სწორედ სუბიექტურ მხარეს ვგულისხმობ: როცა ადამიანი სრულიად ენდობა საკუთარ შესაძლებლობებს, უპირობო მიმღებლობა ახასიათებს საკუთარი პერსონისადმი, ღირსებისა და თვითდაფასების მაღალი გრძნობით იკვებება, თანაბარი ძალით  უფრთხილდება საკუთარ და სხვის თავმოყვარეობას.  ნამდვილი სახით საკუთარ ძალებში რწმენა სწორედ სუბიექტური გრძნობით გვევლინება. რაც შეეხება მის გარეგამოვლენას ქცევაში, არც ისე იშვიათია, რომ  თვითდაჯერებული ქცევა და მოქმედება სწორედ საკუთარ ძალებში ურწმუნობას ეყრდნობოდეს;  საკუთარი თავისადმი ასეთი უნდობლობის  გარეგნულ გადაფარვას ადამიანი თავისი გარეგანი თავდაჯერებულობით ცდილობს. ამ შემთხვევაში გარეგანი თავდაჯერებულობა შინაგანი თვითდაურწმუნებლობის ერთგვარი კომპენსაციაა; იგი უფრო მოჩვენებითია, ვიდრე ნამდვილი. ეს მოჩვენებითობა კი აუცილებლად იქნება ჩავარდნისა და წარუმატებლობის საწინდარი. მაგრამ საბედნიეროდ წარმატებულ ადამიანებში საკუთარ ძალებში რწმენა თანხვედრაშია (მეცნიერულად რომ ვთქვათ – კონგრუენტულია) გარეგამოვლენილ თავდაჯერებულობასთან. არსებობს ე.წ. „სხეულის ენის“ მარკერები და ინდიკატორები, რომლებიც გვეუბნებიან თუ როდის არის თანხვედრაში და როდის არა საკუთარი თავის შინაგანი რწმენა გარეგამოვლენილ თავდაჯერებულობასთან. მაგრამ ეს ცალკე მსჯელობის საგანია და სხვა დროს შეიძლება მასზე მსჯელობა.  
საკუთარ ძალებში რწმენის გრძნობის მკვებავი არტერიებია“: 1) პოზიტიური ღირებულებები და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება სამყაროსადმი, 2) თვითმიმღებლობა, თვითდაფასების მაღალი დონე და დადებითი „მე–კონცეპცია“, 3) ქცევებისა და მოქმედებების მაღალეფექტურობა და წარმატებულობა, მიზნების განხორციელების მდიდარი გამოცდილება. განსაკუთრებული ყურადღება ამ მესამე „მკვებავ არტერიაზე“ მინდა გავამახვილო: რაც უფრო მდიდარია თუნდაც მცირე მიზნების მიღწევისა და ეფექტურობის ანუ წარმატებულობის გამოცდილება მით უფრო იზრდება საკუთარ ძალებში რწმენა, ხოლო თავის მხრივ საკუთარ ძალებში რწმენის ასეთი თვითზრდა კიდევ უფრო გიბიძგებთ ახალი და მზარდი მიზნების დასახვისა და დაბრკოლებების დაძლევისკენ.  ერთის მხრივ, წარმატებისა და მეორეს მხრივ, საკუთარ ძალებში რწმენის ასეთი პოზიტიური უკუკავშირის რგოლები ქმნის იმის წინაპირობას, რომ  წარმატებული ცხოვრების გზის გავლა ავტოპილოტის რეჟიმში განხორციელდეს.
საკუთარ ძალებში რწმენა შემუშავებადი, შეძენადი და გავარჯიშებადია. ამდენად იგი კულტივირების საგანია ისევე, როგორც კულტივირებას ექვემდებარება სიყვარული, მადლიერება, ცნობისმოყვარეობა, სიხარული, ბედნიერება.
კულტივირება კი მიზანმიმართულ აქტივობას გულისხმობს, რაც სავარჯიშოს სახით მინდა შემოგთავაზოთ:
1.      ჩამოწერეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები, რისთვისაც თქვენს ცხოვრებას საზრისი აქვს და რასაც გსურთ ემსახუროთ;
2.      ჩამოწერეთ თუ რამდენად ანხორციელებთ ხოლმე ამ ღირებულებებს თქვენს ცხოვრებაში. აღნიშნეთ რა გიწყობთ ხელს გადალახოთ სიძნელეები ამ ღირებულებათა განხორციელებისას, რა შეგიძლიათ ახალი მოიფიქროთ ამ ღირებულებათა უკეთ გატარებისათვის; რა გიშლით ხელს გადალახოთ დაბრკოლებები ამ ღირებულებათა გატარების გზაზე, რას გააკეთებთ ახალს თქვენი მისიის შესრულებისათვის?
3.      გადახედეთ თქვენს წარმოდგენებს საკუთარ თავზე, თქვენს თვითშეფასებას, რამდენად მიმღებლობთ საკუთარ თავს ისეთად როგორიც ბრძანდებით და რა კავშირშია თქვენი ღირებულებები თქვენს „მე–კონცეპციასთან“; გასდეთ ხიდი თქვენს ღირებულებებსა და თქვენს თვითშეფასებას ან თვითდაფასებას შორის;
4.      ჩამოწერეთ და შეადგინეთ  იმ მიზნების სია, რასაც მიაღწიეთ; დაე, ეს იყოს მცირეცა და მსხვილი მიზნები, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, საშუალო მნიშვნელობის და დიდი მნიშვნელობის მიზნები: შეეცადეთ არ გამოტოვოთ არცერთი მინაღწევარი, ვთქვათ, დაწყებული იმით, რომ ისწავლეთ წერა კითხვა ან დაეუფლეთ რომელიმე უცხო ენას ან თავი დაანებეთ რაიმე მავნე ჩვევას და დამთავრებული იმით, რომ გამოიმუშავეთ ესა და ეს თანხა ან იშოვეთ ესა და ეს სამსახური ან დაგაწინაურეს ამასა და ამაში ან ოჯახი შექმენით სასურველ ადამიანთან ერთად. მოკლედ, გააკეთეთ თქვენი მსხვილი თუ წვრილი მინაღწევარის ინვენტარიზაცია, შეაჯამეთ თქვენი ცხოვრება მინაღწევართა კუთხით.
5.      გამოუცხადეთ მადლიერება საკუთარ „მე“–ს ყველა მინაღწევარისათვის და უთხარით თქვენს თავს, რომ ამაყობთ იმით, რასაც მიაღწიეთ საკუთარი ძალისხმევით. გაბედულად დასახეთ ახალი მნიშვნელოვანი მიზნები და დასახეთ მათი მიღწევის გზები.
6.      თქვენს შიგნით გაიმეორეთ თვითშთაგონებითი აფირმაციები (მტკიცებითი მსჯელობები): „ მე მწამს საკუთარი შესაძლებლობების“; „მე უსაზღვროდ ბევრი რამ შემიძლია“; „მე ვენდობი ჩემს თავს“. დაე, დღეში 50–ჯერ მაინც გაიმეორეთ ეს ფრაზა თქვენს შიგნით  და ასე გააგრძელეთ დაახლოებით 21 დღის განმავლობაში. გახსოვდეთ: ჩვევის ჩამოყალიბებას და არაცნობიერ სამყაროს თვითდაპროგრამირებას 3 კვირის განმავლობაში ყოველდღიური მტკიცებითი მსჯელობების გამეორებები ან მედიტაციური სავარჯიშოები სჭირდება.
საკუთარ თავში რწმენის შემუშავება თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ სამაგიეროდ მასზეა დამოკიდებული თუ რაოდენ წარმატებით მიაღწევთ სანუკვარ მიზანს!




Комментариев нет :

Отправить комментарий