7.07.2014

ბრალეულობის კომპლექსი და მისი მოხსნა


წარმატების 365 დღე
52 –ე დღე

ბევრ ჩვენთაგანს გვქონია მძიმე განცდა, რომ რაღაც დავაშავეთ. ხანდახან ნათლად ვიცით, თუ რა დანაშაულს ვგულისხმობთ და გაცნობიერებულ ბრალეულობას ვგრძნობთ, მაგრამ ხანაც ვერ ვაცნობიერებთ, თუ რის გამო დაგვეუფლა ბრალეულობის დამთრგუნველი გრძნობა. ასეა თუ ისე, ბრალეულობის  გრძნობა იმდენად მძიმე განცდაა, რომ ადამიანები მას გაურბიან, ცდილობენ იგნორირება უყონ ან დათრგუნონ იგი. მაგრამ არც გაქცევა (ვთქვათ, მედიკამენტებში, ალკოჰოლში ან ნარკოტიკში), არც იგნორირება და არც მისი დათრგუნვა არ იძლევა დადებით შედეგს და უფრო მეტიც: ამ ხერხების გამოყენებით ბრალეულობის დამთრგუნველი და დესტრუქციული გრძნობა შეიძლება გაღრმავდეს კიდეც. მთავარია, ისევ და ისევ როგორც სხვა ნეგატიური გრძნობების მართვისას, ამოვიკითხოთ ის ინფორმაცია და შეტყობინება, რასაც იგი გვაწვდის. ბრალეულობის გრძნობის შეტყობინება ასეთია: იგი ღაღადებს იმაზე, რომ თქვენ დაარღვიეთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი და გიბიძგებთ ან მოგიწოდებთ, რომ რაიმე იღონოთ და შეიმუშავოთ გარანტიები, რათა მომავალში ხელახლა არ დაარღვიოთ ეს პრინციპები. ბრალეულობის გრძნობით თქვენ თვითონ უმწესებთ საკუთარ თავს ტანჯვას, რათა მოახდინოთ ცვლილება გარანტიების მოსაპოვებლად – არ დაარღვიოთ თქვენთვისვე ძირეული პრინციპები და სტანდარტები. როგორც უკვე გითხარით, ადამიანთა დიდი უმეტესობა გაურბის, იგნორირებას უყოფს ან თრგუნავს ამ თვითტანჯვის გრძნობას, მაგრამ ეს არაფრის მომცემია. არის მეორე რეაქციაც, რასაც ბევრი ადამიანი მიმართავს: მთლიანად ეფლობა თვითგვემის პროცესში და ამით იგი კიდევ უფრო აღრმავებს ტანჯვას, ადამიანს უითარდება ე.წ. შეძენილი უსუსრობის სინდრომი. მაგრამ ბრალეულობის გრძნობის მიზანი და შეტყობინება პოზიტიურია და იგი არამც და არამც არ მოგიწოდებთ იტანჯოთ და შეძენილი უსუსურობის სინდრომი ჩამოიყალიბოთ ან სირაქლემასავით თვალი დახუჭოთ თქვენს პრობლემაზე მისგან გაქცევით ან მისი დათრგუნვით. მისი პოზიტიური შეტყობინება და მიზანი შემდეგია: აიღოთ ახალი ვალდებულება, რათა არათუ მხოლოდ ხელახლა არ დაარღვიოთ შემდგომში თქვენთვის მნიშვნელოვანი პრინციპი და შექმნათ ამის გარანტიები, არამედ შეიმუშავოთ თქვენი ქცევის კიდევ უფრო მაღალი რანგის სტანდარტი და პრინციპი. მავანი მეტყვის: რა ამბავია ამდენი ოპტიმიზმი, ახლა ბრალეულობის დამთრგუნველი გრძნობაც კი გამოგვიყვანე მეგობრადო!  მაგრამ მე არაფერ შუაში არ ვარ: ღმერთმა, უნივერსუმმა და დედა–ბუნებამ  თვითსრულყოფის იმპულსი ჩადო ადამიანში. ხოლო მორალური სტანდარტებისა და პრინციპების თვითსრულყოფა ადამიანში ავტომატურად და თავისთავად კი არ ხდება, არამედ ადამიანმა უნდა გამოიცხოვროს და გამოიტანჯოს მორალური თვითზრდის პროცესი. ბრალეულობის დამტანჯველი გრძნობაც სწორედ იმდენადაა  ჩვენი „მეგობარი“, რამდენადაც საშუალებას გვაძლევს გამოვიტანჯოთ მორალური ვარდნა და გამოვიცხოვროთ ახალი და უფრო მაღალი რიგის პრინციპების დანერგვა ჩვენივე ძალისხმევით. სხვა ჩვენს მაგივრად ამას ვერ გამოიცხოვრებს.

ბრალეულობის მტანჯველი გრძნობისას გადაწყვიტეთ და მოიმოქმედეთ შემდეგი:
1)      გაიცნობიერეთ, რომ თქვენ დაარღვიეთ მნიშვნელოვანი პრინციპი ან სტანდარტი, რასაც მისდევდით ცხოვრებაში ან გსურდათ გაჰყოლოდით მას.
2)      მოიფიქრეთ თუ როგორ აიღოთ ახალი პასუხიმგებლობა მასზედ, რომ  სამომავლოდ არ დაარღვიოთ თქვენი პრინციპები და სტანდარტები და უფრო მეტიც, შეიმუშავოთ  კიდევ უფრო მაღალი რანგის სტანდარტი ან პრინციპი, ასწიოთ ნორმებისა და სტანდარტების თამასა მაღლა. 

ბრალეულობის გრძნობა, ისევე როგორც დისკომფორტის, შიშისა და შფოთვის, ბრაზისა და გაღიზიანების, იმედგაცრუების, სასოწარკვეთისა და სხვა ნეგატიური გრძნობები თავის თავში შეიცავს პოზიტიურ მიზანს, იმპულსსა და შეტყობინებას. საჭიროა უბრალოდ ჩავწდეთ ამ პოზიტივს და „მეგობრად“ ვიგულოთ ეს ემოციები. ამით ეს გრძნობები, როგორც ჩვენი პიროვნების განუყრელი ნაწილები, მხარში ამოგვიდგებიან ჩვენი შინაგანი სამყაროს დალაგებასა და სრულყოფაში.

 
 

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий