7.07.2014

დათრგუნულობისა და გადაღლილობის ფსიქორეგულაცია


წარმატების 365 დღე

54–ე დღე

ვის არ განგიცდიათ  მდგომარეობა, როცა ჯავრი და წუხილი მოგეძალათ, დეპრესიაში ჩავარდით, უსუსურობის გრძნობა დაგეუფლათ და შინაგნად გადაქანცულობას ან გადაწვას გრძნობთ?  ალბათ, მავანი მეტყვის, მე არ განმიცდიაო. მიხარია, თუკი ეს აქამდე  არ გიგრძვნიათ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ თქვენი ჯერიც მოვა. ცხოვრებაში ერთხელ მაინც! თქვენ მეტყვით, ხომ არ მწყევლითო. ჩემი პასუხია: არ გწყევლით, პირიქით გლოცავთ იმ თვალსაზრისით, რომ მინდა დათრგუნულობისა  და გადღლილობის  დაძლევა გასწავლოთ, თუკი ის მოგეძალათ, მაგრამ მის პრევენციის უნარსაც მინდა დაეუფლოთ, სანამ დათრგუნულობა გეწვევათ. არ გქონიათ სიტუაცია, როცა ყველაფერი ერთბაშად თავზე გეყრებათ და შემოგესიათ? როცა იმის გამო ჯავრობთ, რომ სიტუაციას ვერ უმკლავდებით და ბევრი რამ  დაუმთავრებელი და გაუკეთებელი დაგრჩათ, ვალდებულებები გახრჩობთ?  როცა ჯავრი და წუხილი ისევ ჯავრს იწვევს, ხოლო ჯავრისა და მწუხარების მატება გასაკეთებელს კი არ გამთავრებინებთ, არამედ პირიქით – თავგზა კიდევ  უფრო გებნევათ? თქვენ მშვენივრად გესმით, რომ ადამიანები ასეთ ვითარებაში დათრგუნულობას გრძნობენ, თითქოს ცხოვრება გწნეხავს; ეს კი გადადის გადაღლილობაში, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ არც არაფერი დიდი არ გაგიკეთებიათ, რომ გადაიღალოთ. ამავე დროს შესაძლოა ადამიანს დაეუფლოს გრძნობა, რომ სამყარო მისდამი მტრულადაა განწყობილი, რომ მას ბედი არ წყალობს, ღმერთი გაუწყრა, არ უმართლებს და უიღბლოა. მას ექმნება გრძნობა, რომ ერთბაშად იმდენი პრობლემა და ტვირთი დააწვა, რომ მისი ზიდვა არ ძალუძს. როგორ ვიხსნათ ასეთ დროს საკუთარი თავი?  შველა ისევ და ისევ იმ ინფორმაციისა და გზავნილის ამოკითხვაშია, რასაც გვაწვდის დათრგუნულობისა და გადაქანცულობის გრძნობა. ინფორმაცია და შეტყობინება კი ასეთია: დათრგუნულობისა და გადაღლილობის  მდგომარეობა გამცნობთ, რომ თქვენ პირველ რიგში გესაჭიროებათ გადააფასოთ და ხელახლა შეაფასოთ, თუ რა არის თქვენთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მოცემულ სიტუაციაში; თქვენ გსურთ ერთბაშად გასწვდეთ ძალზედ ბევრ ურთიერთგანსხვავებულ საქმეებს და გსურთ თქვენთვის სასურველი ცვლილება განხორციელდეს უმოკლეს დროში. ეს ძალზე დამანგრეველი გრძნობაა.

რა მოვიმოქმედოთ ამ გზავნილის საფუძველზე?

1)      გამოარჩიეთ ნამეტნავად მნიშვნელოვანი რამ სულ ყველა იმ საქმეებიდან, რაც ტვირთად გაწევთ. თქვენი ყურადღება მთლიანად დაუთმეთ ამ უმნიშვნელოვანეს გასაკეთებელ საქმეს და მისაღწევ მიზანს. შეეცადეთ  იგი დაჰყოთ შემადგენელ ნაწილებად და ამ ნაწილების  განხორციელების გზები ცალკ–ცალკე გაანალიზეთ. მაგალითად, ვთქვათ, უამრავი გასაკეთებელი საქმეებიდან და დასალაგებელი ურთიერთობებიდან, თქვენ უმნიშვნელოვანესად  გამოჰყავით გამოცდის წარმატებით ჩაბარება რომელიღაც  ენაში. გათვალეთ ყველა ნაბიჯი, მეცადინეობის განრიგით დაწყებული და სახელმძღვანელოების  თვითმომარაგებით დამთავრებული. დაიწყეთ ამ ნაწილების ნაბიჯ–ნაბიჯ  განხორციელება;

2)      ამის შემდეგ ან პარალელურად დაიწყეთ სხვა გასაკეთებელი საქმეების წერილობითად დალაგება მნიშვნელობის ხარისხისა და პრიორიტეტულობის თვალსაზრისით. ასეთი სამუშაოს ჩატარება უკვე იმთავითვე მოგცემთ იმის შეგრძნებას, რომ სიტუაციას კონტროლს უწევთ;

3)      დაასრულეთ პრიორიტეტების სათავეში მითითებული უმნიშვნელოვანესი საქმის კეთება და გადადით რიგით შემდგომ მნიშვნელოვან გასაკეთებელზე და ასე ჩამოყევით პრიორიტეტულობის ხარისხის მიხედვთ. რაც უფრო მოახერხებთ ერთ სფეროში თქვენი მნიშვნელოვანი ჩანაფიქრის განხორციელებას, მით უფრო მეტ სტიმულს შეიძენთ გადახვიდეთ ახალ გასაკეთებელ საქმეზე და კიდევ უფრო მეტად გაგიძლიერდებათ საცხოვრებო სიტუაციის კონტროლის გრძნობა;  ეს კი მოგიხსნით დათრგუნულობის, დეპრესიისა და გადაღლილობის ემოციას; ამასთან ერთად შეძლებთ იმის დაფიქსირებასაც, რომ პრობლემები აღარ არიან უმართავნი და ისინი გადაჭრას ექვემდებარებიან;

4)      მას შემდეგ, რაც დათრგუნულობასა და ჯავრიანობას  დაძლევთ,  ჩამოყალიბდით იმაში, თუ რა ექვემდებარება თქვენს კონტროლს; შეადგინეთ იმის ნუსხა, თუ რას აკონტროლებთ და დამატებით რისი კონტროლი შეგიძლიათ; იმავდროულად, გამოძებნეთ თქვენში ის მოტივაცია, რაც გიბიძგებთ, რომ კიდევ უფრო გაზარდოთ თქვენი კონტროლის დიაპაზონი. გახსოვდეთ, რომ ზუსტად, მაშინ როცა კარგავთ მოვლენებზე კონტროლს, გექმნებათ გაცდა, თითქოს ყველაფერი თავზე გემხობათ და ერთბაშად უზარმაზარი პრობლემები შემოგესიათ: ამ დროს გადამეტებულ და არაადექვტურ მოთხოვნებს ვუყენებთ საკუთარ თავს , დარგუნულობისა და დეპრესიის გრძნობაც სწორედ  მაშინ ამოჰყოფს თავს. რახან კონტროლი ესოდენ მნიშვნელოვანი რამ გახლავთ, გააკეთეთ მასზე ფოკუსირება და პერმანენტულად მხედველობაში გქონდეთ ის, თუ რისი წარმატებით გამკლავება ძალგიძთ. ეს კი მაღლა ასწევს თქვენი თვითდაფასების დონეს, ჯავრიანობა და დეპრესიაც გადაივლის.

გსურთ  იყო ლაღად და გამართულად და არა ჯავრიანად და დათრგუნულად? რეგულარულად განსაზღვრეთ თქვენი პრიორიტეტები და იმოქმედეთ მათ შესაბამისად!

Комментариев нет :

Отправить комментарий