5.23.2014

დაძლიეთ თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევა სავარჯიშოთი: წარმატება უდრის დიდი სიამოვნებისა და სიხარულის მიღებას უსიამოვნებისა და ტკივილის შემცირების ხარჯზე


წარმატების 365 დღე
37–ე დღე

როგორ მოგწონთ ეს განსაზღვრება? ემხრობით იმას, რომ ეს იყოს არა ერთადერთი, მაგრამ მაინც წარმატებულობის  ერთერთი საინტერესო  განსაზღვრება? მე მგონი, თქვენს შორის დიდი უმეტესობა ხელს მოაწერდა იმას, რომ მიზნად დაესახა ისეთი უნარ–ჩვევების შემუშავება, რაც ტკივილ–უსიამოვნების  შემცირების ხარჯზე სიხარულ–სიამოვნების ზრდას უზრუნველჰყოფს. მაგრამ ვიცი, რომ აქვე დასვამთ კანონიერ კითხვას: მაინც როგორ? შევეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ გავცე პასუხი კითხვას: როგორ?  
                                                                                                       
   ნაბიჯი  პირველი                                                                                                                                              გამოჰყავით ისეთი ქცევა, ჩვევა ან სიტუაციები, რაც პრობლემურია თქვენთვის, თუმცა კი ვერ ახერხებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას. ასეთი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ მე შევარჩევდი, მაგალითად, თამბაქოს მოწევას. ის პროცედურა, რასაც თამბაქოსთან მიმართებაში აღვწერ,შეგიძლიათ ანალოგიურად გამოიყენოთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.   
 ნაბიჯი მეორე    
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რამდენად ნამდვილად მსურს ამ პრობლემის გადაწყვეტა? მაგალითად, რამდენად ნაღდად მსურს თავი დავანებო თამბაქოს მოწევას და  განვთავისუფლდე ამ ჩვევისაგან?“. ეს კითხვა ბევრნაირად მოსინჯეთ და ჩამოშალეთ უფრო დეტალურ კითხვებად: ”საიდან ვიცი და რა მიდასტურებს, რომ მართლაც გულითა და სულით მინდა თავი დავანებო თამბაქოს? ეს სურვილი მართლაც ჩემი სურვილია თუ სხვის მიერ არის ჩაგონებული? რას მოვიგებ, თუკი ამ სურვილს ავისრულებ? რას დავკარგავ, თუკი ეს სურვილი გამიქრა?“ თუკი დავრწმუნდით, რომ ნაღდად და გარდაუვალად გსურთ ამ სურვილის აღსრულება, მაშინ გადადით მესამე ნაბიჯის შესრულებაზე.                                                                                                
ნაბიჯი მესამე
ჩამოწერეთ 2–3 ისეთი უკიდურესი ტკივილი, რაც პრობლემური ჩვევების გაგრძელებას მოჰყვება; ჩვენი შერჩეული მაგალითის შემთხვევაში, წარმოიდგინეთ ის უკიდურესი ტკივილი და დისკომფორტი, რაც თამბაქოს რეგულარულ მოწევას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს, თუ როგორ დაიტანჯება იმ ტკივილებით, რაც შეიძლება  მოჰყვეს ნიკოტინის მიერ წარმოქმნილ სასუნთქი გზებისა და ფილტვების სიმსივნეს ან გულისა და სისხლძარღვების მწვავე დაავადებებს.  მოახდინეთ ვიზუალიზაცია და შექმენით ასეთი ტკივილების სურათი ან წარმოსახვით შეიგრძენით ასეთი უკიდურესი ტკივილები.  ამ უკიდურესი ტკივილის წარმოსახვის მეოხებით „ააყირავეთ“ თამბაქოს ჩვევა და  მოიხმეთ  სიძულვილისა და ზიზღის ის გრძნობა, რაც ფოკუსირდება თამბაქოს მოწევაზე.  
ნაბიჯი  მეოთხე                                                                                                                   ჩამოწერეთ ისეთი 2–3  უკიდურესი სიამოვნება და სიხარული, რაც შეიძლება პრობლემის გადაწყვეტას მოჰყვეს: მაგალითად, სიხარული, რაც შეიძლება შედეგად მოიტანოს თამბაქოს მიტოვებამ. მოახდინეთ ასეთი სიხარულისა და სიამოვნების ვიზუალიზაცია; წარმოისახეთ თქვენი თავი, თუ როგორ ტკბებით, ამაყობთ და კმაყოფილებას გამოთქვამთ თამბაქოს ტყვეობისაგან განთავისუფლებით.                                                                                    
ნაბიჯი მეხუთე  
მას შემდეგ, რაც თქვენ შეაუღლეთ უკიდურესი ტკივილი თამბაქოს მოწევასთან, ხოლო უკიდურესი სიამოვნება და სიხარული   თამბაქოს მოწევის მიტოვებასთან, დაიწყეთ სპეციალური ვარჯიში: 1–1,5 წუთის განმავლობაში წარმოისახეთ დიდი სურათი, რომ თამბაქოს  მოწევის გამო სასტიკად იტანჯებით რეალური უკიდურესი ტკივილებით, მერე სწრაფად „ააყირავეთ ეს“ სურათი და წარმოიდგინეთ, რომ იგი იმსხვრევა ან იფერფლება, ხოლო მის ადგილს სწრაფად იკავებს  ახალი ნათელი სურათი, რომელშიც თქვენ ღებულობთ დიდ სიამოვნებას და განიცდით დიდ სიხარულს თამბაქოს თავის დანებების შემდეგ. დაე, ეს ბოლო პოზიტიური  სურათი გაიზარდოს, გახდეს უფრო და უფრო მკაფიო, დადგეს თქვენს თვალწინ ან პოზიტიური გრძნობები დაგეუფლოთ და  შემოაბიჯოს თქვენს შინაგან სამყაროში. ეს სავარჯიშო ერთ ჯერზე გააკეთეთ ხუთჯერ საშუალოდ 21 დღის განმავლობაში. იცოდეთ: ტვინი მით უფრო სწრაფად სწავლობს, რაც უფრო მკაფიოა წარმოდგენა და სისხლსავსეა თქვენი წარმოსახული ემოცია.                                                                                                                                 
 
ნაბიჯი
თქვენს შიგნით გაიმეორეთ შემდეგი  პოზიტიური აფირმაციები:  
მე თამბაქოს მოწევა  მივატოვე ;                                                                                                      
მე უკვე თავი  დავანებე თამბაქოს;                                                                                                
მე უკვე სრულიად გამოვემშვიდობე თამბაქოს;                                                                                             
 მე უკვე სრულიად განვთავისუფლდი თამბაქოს მოწევისაგან. 
 
მე „წარმატების 365 დღე“–ში უკვე ვწერდი, თუ რატომ უნდა ჩაისვას პოზიტიური აფირმაციები ან აწმყო ან წარსულ დროში და არავითარ შეთხვევაში არ ჩაისვას მომავალ დროში. ამიტომ ამას ამჯერად აღარ განვმარტავ. უბრალოდ საჭიროა აფირმაციები შინაგნად გავიმეოროთ 21 დღის განმავლობაში. 
აუცილებელია კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ, რომ თამბაქოს მოწევის პრობლემა მაგალითისათვის შევარჩიე, თორემ ეს სავარჯიშო შეგიძლიათ სხვა პრობლემების გადაწყვეტას  მიუსადაგოთ.                                                                                                               
„ააყირავეთ“ უკიდურესი ტკივილის მომტანი მავნე ჩვევები და თვალწინ დაიყენეთ სიხარულის მომტანი პოზიტიური გადაწყვეტილებები, რათა გზა გაგეხსნათ წარმატებისაკენ!                                                                                                                                                                                                                          

                                                                                                                                                                                   

 

 

გაანეიტრალეთ კატასტროფული აზრები და ნეგატიური ემოციები


წარმატების 365 დღე

36–ე დღე

შემოგესიათ კატასტროფული აზრები, მძიმე მოგონებები, ნეგატიური განცდები? ხშირად ხდება ასეთი შემოსევები თქვენს ცხოვრებაში? გსურთ გაანეიტრალოთ და შეამსუბუქოთ უნებლიე ნეგატიური ემოციებისა და აზრების ზემოქმედება თქვენზე?  გირჩევთ ახლავე ჩაატაროთ ერთი ასეთი სავარჯიშო:

პირველი ნაბიჯი

სპეციალურად მიუშვით თქვენი აზრები და გრძობები, გამოიძახეთ ის კატასტროფული აზრები, სიტუაციები და ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხშირად გეკვიატებიან, ტვინს გიბურღავენ ან გუნებ–განწყობას ამძიმებენ. მაგალითად: შვილი სახლში მოსვლას იგვიანებს, რა დაემართა, ცუდი რამ ხომ არ მოხდა, ავარიაში ხომ არ მოხვდა.... ? რატომ მითხრა ჩემმა დირექტორმა ეს და ეს და შემარცხვინა ხალხში, რა ჩამორეცხავს ამ სირცხვილს? ნამდვილად ჩავიჭრები გამოცდაზე, რა მეშველება...! ნერვიულობისგან გული მიმდის, გული ბაგი–ბუგობს, აწიოკებული და აფორიაქებული ვარ.... რას აკეთებს ეს მთავრობა, როდის დაგვადგება საშველი, სული ამომხდა ლოდინში.... ეს და სხვა ათასნაირი საზრუნავიდან, ემოციიდან და ფიქრებიდან გამოიძახეთ ერთი ასეთი ნეგატიური აკვიატებული აზრი–ემოცია და ორიოდე წუთის განმავლობაში შეეცადეთ ჩაეფლოთ მასში. აღნუსხეთ რა იგრძენით, როცა სპეციალურად მოიხმეთ ამ ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს.

მეორე ნაბიჯი

გვერდზე გადადევით ეს ნეგატიური მოგონებები და ორიოდე წუთის განმავლობაში შინაგნად გაიხსენეთ და გააჟღერეთ ის მხიარული მელოდია ან მუსიკალური ნაწარმოები, რაც ძალიან გიყვართ და რისი წაღიღინებაც თქვენთვის სიამოვნების მომტანია. კარგად დააფიქსირეთ ეს მუსიკალური ფრაგმენტი.

მესამე ნაბიჯი.

ხელახლა მოუხმეთ იგივე ნეგატიურ აზრებს–რეაქციას–ემოციებს, რასაც სულ ცოტა ხნის წინ ჩაურმავდით და თან ნეგატივის ამ ხელახლა გახსენება–მოგონებას გადააფარეთ ის სასიამოვნო და მხიარული მელოდია, რაც სულ ახლახან შინაგნად გააჟღერეთ.

მეოთხე ნაბიჯი

შეადარეთ რა იგრძენით, როცა შინაგანი მელოდიის ფონზე ან ამ ფონის გარეშე მოუხმეთ ნეგატიურ აზრ–ემოციებს. დააფიქსირეთ, თუ რა ცვლილება მოიტანა მხიარული მელოდიის შეუღლებამ ნეგატიური გრძნობების წარმოდგენასთან. თუ თქვენი შეგრძნებით მან შეამცირა, დააბალანსა ან  გაანეიტრალა ნეგატიური ემოცია ან კატასტროფული აზრები, შემდგომშიც გააგრძელეთ ამ მელოდიის გამოყენება ანალოგიური გავარჯიშებისათვის; თუკი ამ სამხიარულო მელოდიამ არ ითამაშა მატრანსფორმირებელი როლი, მაშინ შეცვალეთ იგი   უფრო ეფექტური მელოდიით ან მუსიკალური ფრაგმენტით.

მეხუთე ნაბიჯი.

ყოველდღიურად 5–ჯერ მაინც გააკეთეთ ამ მხიარული მელოდიისა და ნეგატიური ემოციის ურთიერთ შეუღლების სავარჯიშო 21 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ამისათვის დაგეხარჯებათ სულ ათიოდე წუთი. მაგრამ სწორედ 21 დღის განმავლობაში რეგულარული გავარჯიშება ჩამოაყალიბებს ნეგატიური ემოციისა და კატასტროფული აზრების განეიტრალების სათანადო ჩვევას. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ეს შემუშავებული ჩვევა გამოიყენოთ სხვა ნეგატიური აზრებისა და ემოციების სამართავად.

აითვისეთ ნეგატიური აზრებისა და ემოციების შემსუბუქების ჩვევები და გზა გაგეხსნებათ პოზიტიური აზროვნებისა და გრძნობების სამყაროსაკენ!

                              

 

მიანათეთ ცნობიერების შუქი დადებით და უარყოფით ემოციებს და დააგროვეთ დადებითი გრძნობები


წარმატების 365 დღე

35–ე დღე

აიღეთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სფერო: ფინანსები, ადამიანებთან ურთიერთობები, სამსახური და დასაქმება (ან დაუსაქმებლობა), ოჯახური ცხოვრება, გართობა, მოგზაურობა და სხვა. გსურთ თუ არა გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა რომელიმე სფეროში, რომელშიც მთლად მყარად ვერ გრძნობთ თავს?

ფურცლის თავში დაწერეთ ეს თქვენი შერჩეული სფერო და მის ქვემოთ ფურცლის შუაში გაატარეთ სწორი ვერტიკალური ხაზი. ხაზის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის ნეგატიური ემოციები, რაც ამ სფეროში გიგროვდებათ, ხოლო მარჯვენა მხარეს შეადგინეთ დადებითი ემოციების სია. ხომ არ არის უარყოფითი ემოციების დიდი სიჭარბე? ხომ არ გაქვთ რაიმე ერთი ისეთი ნეგატიური ემოცია, რაც ყველა დადებითებს გადაწონის? იქნებ ბალანსშია უარყოფითი და დადებითი ემოციები? იქნებ დადებითი გრძნობები სჭარბობენ უარყოფითს?

ცნობიერების შუქის მინათებით ნეგატიური ასოციაციები ხშირად კარგავენ თავიანთ გაბატონებულ პოზიციას და მსუბუქდებიან. გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ემოციების მართვის სფეროში.

ვისთვისაც ნამდვილად შემაწუხებელია დეპრესიული განწყობილება, გირჩევთ აიღოთ სპეციალური რვეული და მასში ყოველდღიურად ჩაწეროთ 5 ისეთი დადებითი რამ (თუნდაც წვრილმანი), რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. მაგალითად, მოგიკითხათ ადამიანმა, რომელსაც დიდი ხანია არ შეხვედრიხარ და სხვა ბევრი  რამ, რაც მეტად ხშირად ხდება. რამდენიმე  ხანში გამოგივათ დადებით ხდომილებათა ალბომი, რასაც შეგიძლიათ მიმართოთ და გადაათვალიეროთ. ისწავლეთ ამ და სხვა ხერხებით დადებითი ემოციების დაპროგრამება, დაგროვება და გენერირება. შემდგომ დღეებში მოგაწვდით ემოციური თვითმართვის სხვა ხერხებს.  იცოდეთ, დადებითი ემოციები ისევე ექვემდებარებიან დაგროვებასა და დაზოგვას, როგორც ფული, კაპიტალი. თქვენი დადებითი ემოციები ის კაპიტალია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

დააგროვეთ დადებითი ემოციები და უფრო ხალისით ივლით წარმატების ოღრო–ჩოღრო გზაზე!

 

 
 

5.10.2014

როგორ აკავშირებთ თქვენს ტკივილს (უსიამოვნებას) ან სიამოვნებას (სიხარულს) თქვენსავე ბედისწერასთან?

წარმატების 365 დღე
33–ე დღე
ისევ ვაგრძელებთ ემოციური თვითმართვის დღეებს 
ბედისწერის ბადეს ჩვენვე ვქსოვთ. „წარმატების 365 დღის“ ჯერ კიდევ მე–3 დღის მასალებში მოვიტანე ეს აზრი ლექსად:
            ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს,
           ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს,
           ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს,
           ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია.
მაგრამ არა მხოლოდ ჩვენი აზრების, ქცევების, ჩვევებისა და ხასიათის დაღი ატყვია ჩვენი ბედისწერის  ჩამოყალიბებას, არამედ დიდია ჩვენი გრძნობების როლიც. ყველა ჩვენთაგანი ვსწავლობთ და ვითვისებთ ქცევის ამა თუ იმ ჩვეულ სახეობას, რომლითაც ვცდილობთ ავიცილოთ ტკივილი–უსიამოვნება და მივიღოთ სიამოვნება–სიხარული. ზოგი ჩვენთაგანი ამას ახერხებს ალკოჰოლით, თამბაქოთი, ნარკოტიკებით, ხარბი ჭამა–სმით, სხვათა სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხჰყოფით ან ძალადობით, ღადაობით და სხვათა გაკილვა–განქიქებით, უქმად და მუქთად დროის ტარებით და ა.შ.  მეორენი იმასვე ახერხებენ საუბრითა და მოლაპარაკებით, ვარჯიშით, სწავლით, სხვათა დახმარებით, ზომიერი და ჯანსაღი ცხოვრების წესით, ხანდახან თავდაუზოგავი და გამომფიტავი შრომითაც კი და ა.შ.
კარგი იქნება თუკი ფურცელზე გააკეთებთ ორ გრაფას: 1) რა ჩვეული ხერხებითა და ქცევებით ვიცილებ უსიამოვნებასა და ტკივილს? 2) რა ჩვეული ხერხებითა და ქცევებით ვიწვევ და ვაღწევ სიამოვნებსა და სიხარულს?  თითოეული ამ გრაფის ქვემოთ ჩამოთვალეთ და შექმენით  თქვენი ჩვეული და რეგულარული ქცევების ნუსხა, რომლითაც ახერხებთ ან ტკივილ–უსიამოვნების განრიდებას  ან სიამოვნება–სიხარულის სტიმულირებასა და გამოწვევას. თავი რომ უკეთ იგრძნოთ და დისკომფოტი მოიხსნათ, ტელევიზორს ჩართავთ? მეგობარს გაუბამთ ტელეფონით საუბარს? სიგარეტს აბოლებთ? სეირნობთ, მუსიკას უსმენთ? რა არის  ყველაზე პოზიტიური გზა, რითაც თავიდან იცილებთ უსიამოვნებას და გამოიწვევთ სიამოვნებას?
რაც უფრო ნათლად გააცნობიერებთ თქვენ ტიპიურ ქცევებს სიამოვნების მიღწევისა და უსიამოვნების აცილების კუთხით, მით უფრო მეტი შანსია დაიწყოთ თქვენი ემოციური  ქცევების ადექვატური თვითმართვა.
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და ფინანსური ხელმოკლეობის დაძლევის“ ტრენინგებში. ტრენინგები საქველმოქმედოა. ოთხდღიანი ტრენინგის საფასურია 60 ლარი. შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება ავადმყოფი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მკურნალობას. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80; ან მომწერnodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.





5.09.2014

გამოიყენეთ ტკივილი და სიამოვნება წარმატების მიღწევის წყაროდ

წარმატების 365 დღე
32–ე დღე    
ვაგრძელებთ ემოციური თვითმართვის დღეებს 
ცხოველიც გაურბის ტკივილს და ელტვის სიამოვნების მიღებას. განრიდება–გაქცევისა და მიახლოება–მიღწევა–დაუფლების  ქცევები როგორც ადამიანს, ისე ცხოველსაც ახასიათებს. მაშ, რაშია განსხვავება?  განსხვავება იმაშია, რომ ადამიანები რეაგირებენ არა საკუთრივ მოვლენებზე და გარე–ზემოქმედებაზე, არამედ იმაზე, თუ რა ინტერპრეტაციას უკეთებენ მომხდარს და დანახულს. როგორც ანტიკური ფილოსოფოსი ეპიქტეტე იტყოდა „ჩვენ გვაღშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები ამ საგნების შესახებ“–ო. სიამოვნება–უსიამოვნება და სიხარული –ტკივილიც იმით განისაზღვრება, თუ რას ვთვლით ჩვენ სიამოვნების ან უსიამოვნების, ტკივილის ან სიხარულის წყაროდ და მიზეზად, რა საზრისს ვაქსოვთ მასში. როგორც იტყვიან, ნახევრად გავსებული ჭიქის დანახვისას პესიმისტი ამბობს ჭიქა ნახევრად ცარიელიაო, ხოლო ოპტიმისტი – ნახევრად სავსეაო. ყველაფერი ინტერპრეტაციასა და წინასწარ განწყობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მოშიმშილე პოლიტიკურმა მებრძოლმა შიმშილთან დაკავშირებული ემოციური უსიამოვნება და დისკომფორტი შეიძლება გარდაქმნას მორალური დაკმაყოფილებისა და სიამოვნების გრძნობად, თუკი იგი ფოკუსირებულია იმ პოლიტიკურ მიზანზე, რისი წარმატებით მიღწევაც მისი ინტერპრეტაციის მიხედვით შესაძლებელია სწორედ შიმშილობით. ხომ არ მოიტანდით, ჩემო მკითხველო, მსგავს ან განსხვავებულ მაგალითებს? ამგვარად, რა ინტერპრეტაციასა და საზრისსაც ვაქსოვთ მოვლენებსა და ჩვენსავე ქცევებში, ის გამოდის მიზეზად და საზომად გვსიამოვნებს თუ გვტკივა, გვიხარია თუ გვწყინს.  ამდენად, ჩვენზევე ყოფილა დამოკიდებული, თუ რა ინტერპრეტაციას და საზრისს ავირჩევთ.
ყველა ადამიანი ფლობს არჩევანის ამ ძალას. წარმატების ერთი გასაღები სწორედ იმაშია, რომ ისწავლოთ და განახორციელოთ, თუ როგორ გამოიყენოთ ტკივილი და სიამოვნება თქვენდა სასარგებლოდ, როგორ გააკეთოთ ასეთი გარდამქმნელი (მატრანსფორმირებელი) არჩევანი.
 თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და ფინანსური ხელმოკლეობის დაძლევის“ ტრენინგებში. ტრენინგები საქველმოქმედოა. ოთხდღიანი ტრენინგის საფასურია 60 ლარი. შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება ავადმყოფი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მკურნალობას. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80; ან მომწერnodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.



5.04.2014

სიამოვნება და უსიამოვნება, სიხარული და ტკივილი ჩვენი ცხოვრების ძრავია

წარმატების 365 დღე
31–ე დღე
ვიწყებთ ემოციური თვითმართვის დღეებს 
სიამოვნება და უსიამოვნება, სიხარული და ტკივილი – ესენი განაგებენ თუ რა ვაკეთოთ. ჩვენს ცხოვრებას წარმართავს ორი საპირისპირო ძალა: ერთის მხრივ, შევამციროთ ან თავიდან ავიცილოთ უსიამოვნება და ტკივილი, ხოლო მეორეს მხრივ, მივიღოთ სიამოვნება და გამოვხატოთ სიხარული. უსიამოვნებასა და ტკივილს გავურბივართ, ხოლო სიამოვნებასა და სიხარულს  ველტვით. ერთ მხარეზეა განრიდება და გაქცევა, მეორე მხარეს კი სწრაფვა და მიღწევა. ყველა ჩვენთაგანი ვაკეთებთ არჩევანს: გეზი ავიღოთ უსიამოვნების მოცილებისკენ და ტკივილის გაქრობის ან  თავიდან აცილებისკენ, ან კიდევ სიამოვნებისა და სიხარულის მიღწევისკენ. ერთნი უპირატესად გაქცევისტებია (ე.წ. ესკაპიზმი) და ფოკუსირებული არიან უსიამოვნების ან ტკივილის თავიდან არიდებისაკენ; მეორენი უპირატესად ჰედონისტებია და სიამოვნების მიღებისკენ ან მხიარულებისკენ არიან მიდრეკილნი; ერთნი უპირატესად იმაზე ზრუნავენ, რაიმე არ დაკარგონ; მეორენი დღენიადაგ ისწრაფვიან რაიმეს მიაღწიონ ან დაეუფლონ.   ერთსაც თავისი პლიუსები და მინუსები აქვს და მეორესაც. ერთნი წარუმატებლობას როგორც უსიამოვნებას გაურბიან და თავს იზღვევენ; მეორენი კი წარმატების მიღწევისათვის და დიდი სიხარულის დაუფლებისათვის თავდაუზოგავად იბრძვიან. თქვენ რა გახასიათებთ? არ გინახავთ, რომ მავანი გადადებს აუცილებლად გასაკეთებელ საქმეს (მაგალითად, ქირურგიული ოპერაციას ან კბილების სათანადო დამუშავებას), რადგან იგი მტკივნეულია და თავიდან უნდა აიცილოს იგი, მაგრამ ტკივილის ეს აცილება უფრო მეტი ტკივილის გაჩენის წინაპირობა გამხდარა? ან არ გინახავთ ადამიანი, რომელსაც დიდი სიამოვნებების მიღება დიდი ტკივილითა და გაუბედურებით  დაუბრუნდა? ან კიდევ, საპირირისპიროდ, ისიც ხომ გაგიგიათ, რომ დიდი უსიამოვნების და ტკივილის გადატანის გამოისობით ადამიანის ცხოვრება წარმატებულ და  სიხარულით სავსე პროცესად გადაიქცა. შეგიძლიათ ისე მართოთ თქვენი გრძნობები, რომ ტკივილის თავიდან აცილებამ ახალი ტკივილის ნაცვლად ახალი წარმატებისა და გამარჯვებების სიხარული მოგიტანოთ? ან კიდევ, სიამოვნებამ და სიხარულმა უსიამოვნებასა და ტკივილამდე კი არ მიგიყვანოთ, არამედ თვისობრივად ახალ სიხარულად გარდაიქმნას?  ან კიდევ, გიფიქრიათ (როგორც ლადო ასათიანი ამბობს „მჯერა ამ დიად სიცოცხლის კართან, მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად“–ო), რომ თქვენც შეგიძლიათ დიდი ტკივილი გარდაქმნათ დიდ სიხარულად? გახსოვდეთ, თქვენც შეგიძლიათ პოზიტიურად მართოთ თქვენი გრძნობები! ამაზე არაერთხელ გვექნება ჩვენს შემდგომ სავარჯიშოებში საუბარი.
მოუსმინეთ თქვენს გრძნობებს, ისინი ბევრ საიდუმლოს გაგიმხელენ თუ როგორ მართოთ საკუთარი ცხოვრება.
თუ გსურთ გაბედულად და კომპეტენტურად შესცუროთ წარმატების მიღწევის პროცესში, ჩაერთეთ  „წარმატების გარდაუვალობის“  ან „სტრესის, დეპრესიისა და ფინანსური ხელმოკლეობის დაძლევის“ ტრენინგებში. ტრენინგები საქველმოქმედოა. ოთხდღიანი ტრენინგის საფასურია 60 ლარი. შემოსული თანხის ნაწილი მოხმარდება ავადმყოფი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მკურნალობას. ჩაწერა და პირობების გაცნობა ტელ.: 2 14 12 12 ან მობ. 577 76 45 80; ან მომწერnodarsar@gmail.com  ტრენინგი ჩატარდება მისამართზე: ჩიტაიას ქ. (ყოფილი საბჭოს ქ.) 27, მე–2 სართული.