4.22.2015

აღდგომა – ჩვენი ცხოვრების მოდელი: სიკვდილი, მიღწევა და განახლება

წარმატების 365 დღე
97–ე დღე  
ქრისტეს აღდგომა არა მხოლოდ ქრისტეს ცხოვრების სახარებისეული  ნარრატივია, არამედ ყველა ჩვენგანის ცხოვრების ერთგვარი მოდელირებაა. ქრისტე ამ მიწაზე მოვიდა თავისი მისიით საკუთარ  თავზე ეტვირთა ადამიანთა მოდგმის ცოდვები, ტანჯვა–წამებით აღესრულა და მკვთრეთით აღსდგა, რათა დაემკვიდრებინა მიწაზე უფლის სახელი და დიდება. თითოეული ჩვენთაგანი ამ ცხოვრებაში შევაბიჯებთ გარკვეული მისიით, რაც ჩვენს ეგზისტენციალურ საზრისში ვლინდება. შესაძლოა მავანს კარგად  თავისი მისია და ცხოვრების საზრისი არც კი  ჰქონდეს გაცნობიერებული და  სიტყვებშიც ვერ  აყალიბებდეს მას. ამის მიუხედავად განურჩევლად ყველა, გენიოსი იქნება იგი თუ ყოვლად უბირი ადამიანი,  იმისთვის არის ქვეყნად მოვლენილი, რომ აღასრულოს თავისი დანიშნულება და სიცოცხლის საზრისი. ზოგი ამ საზრისს ადამიანთა მსახურებაში ხედავს,  ზოგიც საკუთარი ოჯახის კეთილდღეობაში, ზოგი ხელოვნებასა და მეცნიერებაში, ხოლო ზოგიც საკუთარი სპორტული შესაძლებლობების რეალიზაციაში, ზოგი სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლაში და ზოგიც კი საკუთარი ბიზნესის აყვავებაში, ხოლო არიან ისეთებიც, ვისშიც მისი ცხოვრების საზრისი დაითრგუნა სოციუმის მიერ და რეალობიდან გაქცევის ის ნაირსახეობა სჭირს, რაც საზრისიდან და მისიიდან ესკაპიზმს ახასიათებს ...... რამდენი ადამიანიც იყო, არის და იქნება დედამიწის ზურგზე, იმდენი განხორციელებული ან განუხორციელებელი მისია, უმაღლესი ღირებულება ან ცხოვრების მთავარი საზრისია სახეზე. მეორეს მხრივ , ყველა ადამიანი რაღაც დონეზე ცდილობს აღასრულოს თავისი მისია და ბოლოს თვითონაც აღესრულება, გარდაიცვლება, ეწამება და დაიტანჯება მუნყოფიერებისაგან ( აქ, ამ სამყაროში ყოფნისაგან) განშორების პროცესში. ზოგი ეწამება მსუბუქად, ზოგიც მძიმედ, ზოგი ეწამება სხვათა მიერ ან სხვებზე ზრუნვისა გამო, ხოლო ზოგს უზომოდ  დასტანჯავს საკუთარი თავი, სულიერი ან ფიზიკური ტკივილი და ავადმყოფობა. ამდენად გარდაუვალია გქონდეს მისია და ცხოვრების საზრისი, გარდაუვალია ამ მისიის აღსრულებისთვის ზრუნვა, გარდაუვალია ტანჯვა–წამება მუნყოფიერებისგან განშორებისას და გარდაუვალია გარდაცვალება.
გარდაცვალება გარდაუვალია, მაგრამ სიკვდილი აუცილებლად არ არის  ბოროტება. სიკვდილი სიკვდილია და ნეიტრალური მოცემულობაა. მასში ცუდია გაურკვევლობისა და  სიბნელის მომენტი; ძნელად ასატანია აგრეთვე მის დადგომამდე არსებული ტკივილისა და ტანჯვა–წამების წუთები და საათები, მაგრამ სიკვდილს თავისი დადებითი მხარეც აქვს: როგორც ვაჟა–ფშაველა იტყოდა „შენ გაგიმარჯოს სიკვდილო , სიცოცხლე ხარობს შენითა“–ო.
ეს ნიშნავს იმას, რომ სიკვდილი გზას უთმობს ახალ სიცოცხლეს; შენში რაღაც უნდა მოკვდეს, რათა რაღაც ახალი დაიბადოს; გამოდის, რომ სიკვდილის გარდაუვალობა ქმნის ხელახლა დაბადების გარდაუვალობას. მაგრამ გარდაუვალია თუ არა მკვთრეთით აღდგომა? აი, საკითხავი სწორედ ეს არის.
ჩემი პასუხი ასეთია:  აღდგომა გარდაუვალია, ოღონდ ვირტუალურად. რას ნიშნავს ვირტუალურად? ფუნდამენტალური მოცემულობა ადამიანის არსის შესახებ ისაა, რომ მისი შესაძლებლობები აურაცხელია და შესაძლებლობათა მხოლოდ 3–5% თუ ხორციელდება საშუალო ადამიანში.  შესაძლებლობათა დანარჩენი 95% განუხორციელებელ ანუ ვირტუალურ შესაძლებლობებს წარმოადგენს, რომელთაც შეიძლება აგრეთვე ვუწოდოთ პარადოქსალური სახელწოდება  – „არარეალური რეალობა“. ეს იმას ნიშნავს , რომ ჩვენი რეალური შესაძლებლობები შეადგენენ იმ პოტენციალს, რაც ხორციელდება აწმყოში ან უკვე წარსულში განხორციელდა (მაგალითად, გამრავლების ტაბულა ავითვისეთ და ავტომატურად ვიყენებთ 8 წლიდან დღემდე), ხოლო არარეალური შესაძლებლობები ის შესაძლებლობებია, რომლებიც ვერასოდეს ვერ მოვიდა მოქმედებაში (მაგალითად,  ორნიშნა ან სამნიშნა რიცხვითი ერთეულების კვადრატში, კუბში და ა.შ. სწრაფად და ავტომატურად აყვანა), რადგან ამ მიმართულებით ჩვენი ტვინის ნეირო–ასოციაციური კავშირები ან ნერვულ–კუნთოვანი სისტემა არასოდეს არ გავარჯიშებულა.  ნეირო–ასოციაციურ კავშირთა სიმდიდრისა და ნერვულ–კუნთოვანი სისტემის გავარჯიშებულობის მრავალფეროვნების ხარისხი პირდაპირ პროპორციულია  არარეალური ანუ ვირტუალური  შესაძლებლობების თვითაქტუალიზაციის   ხარისხთან. 
აღდგომა და ხელახლა დაბადება  გარდაუვალია, თუკი ორგანიზმი და პიროვნება ამისათვის მომართულია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტები, რომ ერთი ადამიანი კლინიკური სიკვდილის შემდეგ სამუდამოდ გარდაიცვლება, მეორე ადამიანი კი კლინიკური სიკვდილიდან გამოდის,  სიცოცხლეს უბრუნდება და ხელახლა იბადება  იმ თვალსაზრისით, რომ თვისობრივად ახალ სიმაღლეებზე ადის. ამის მაგალითი ჩვენში იყო, მაგალითად, ცხონებული ჯუმბერ ლეჟავა, რომელმაც ველოსიპედით მსოფლიოს შემოუარა  სწორედ კლინიკური სიკვდილიდან გამოსვლის შემდეგ. მეორე სახის ფაქტები უკავშირდება იმ სპეციალურად გაწვრთნილ იოგთა ექსპერიმენტებს, რომლებიც აღწევენ ანაბიოზის ისეთ მდგომარეობას, როცა მეტაბოლიზმის ყველა პროცესები შეჩერებულია და ორგანიზმს სიცოცხლის ნიშანწყალი არ გააჩნია, მაგრამ შემდეგ გამოდიან ამ მდგომარეობიდან და განაგრძობენ ცხოვრებას. ან კიდევ, ავთვისებიანი სიმსივნის დაუნდობელი ბრჭყალებიდან თავდაღწეული ადამიანის ისტორია, რომელიც ლეტალურ ფაზაში იმყოფებოდა და ყველა სამედიცინო პროგნოზის თანახმად უნდა გარდაცვლილიყო, მაგრამ  გამოვიდა ამ სიტუაციიდან და სიკვდილის ნაცვლად აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება დაიწყო.
მინდა შემოგთავაზოთ ისეთი ფსიქოლოგიური პროცედურა, რომელიც დაკავშირებულია პიროვნულ აღდგომასთან ანუ ხელახლა დაბადებასთან.  იმისათვის , რომ ხელახლა დაიბადოთ, უნდა გქონდეთ თქვენი მისიის და ცხოვრების უმაღლესი საზრისის განხორციელებისათვის ზრუნვისა და ბრძოლის გამოცდილება;  რაღაც დიდი გასაჭირი, ტკივილი ან ტანჯვა უნდა გადაიტანოთ;  და  ბოლოს რაღაც უნდა მოკვდეს თქვენში;  თქვენ უნდა მიიღოთ სიკვდილი, რათა მარადიულ სიცოცხლესა და  ხელახლა დაბადებას ეზიაროთ;
სანამ ამ ფსიქოლოგიურ პროცედურას დავალაგებდე, მსურს ცოტათი გავშალო სიკვდილის მიმღებლობის თემა, რადგანაც დაბრკოლებისა და ძირითადი წინააღმდეგობის ძირი მასშია.  სიკვდილის თემა ემოციურად ყველაზე უფრო მძიმე და შიშისმომგვრელი თემაა.  სიკვდილის თემა იმდენად არის დაკავშირებული შიშსა და ძრწოლვასთან , რომ იგი ჩვენს საზოგადოებაში  და საყოველთაოდ ყველგან, ხალხებისა და კულტურების უმეტესობაში  აკრძალვისა და თავის არიდების საგანია. რახან სიკვდილის თემა ღია განსჯისა და დისკურსის საგანი ნაკლებადაა, ამით  სიკვდილის ძალმოსილება და მისი ზეგავლენა ჩვენზე იზრდება, ამით ჩვენვე ვაძლიერებთ გაურკვევლობის სინდრომს სიკვდილთან მიმართებაში. რახან სიკვდილი „უთქმადის“ სფეროს განეკუთვნება, სათქმელი მის შესახებ გროვდება და გროვდება, ხოლო დაგროვილი გამოუთქმელი სათქმელი ქმნის იმას, რომ სიკვდილის შიშთან დაკავშირებული განცდები კი არ განიმუხტებიან, არამედ კიდევ უფრო იმუხტებიან. ელიზაბეტ კუბლერ–როსსი გახლდათ აღიარებული სპეციალისტი სიკვდილისა და კვდომის პროცესში და მან დაადგინა: მიუხედავად სიკვდილის თემის ტაბუირებისა, როგორც ზრდასრულები, ისე ბავშვები ინსტიქტურად ყოველთვის გრძნობენ, რომ სიკვდილი გარდაუვალია. სასიკვდილოდ განწირულ ადამიანს როგორც წესი უმალავენ  მის ნამდვილ მდგომარეობას, ხოლო თუკი ავადმყოფები თვითონ თუ დაილაპარაკებენ სიკვდილზე, მაშინ მას ან შეაჩერებენ და სხვა საკითხზე გადაუტანენ საუბარს ან სულაც აუკრძალავენ სიკვდილზე საუბარს. მაგრამ უკვე კაცობრიობაში დაიწყო პროცესი, როცა,  ვთქვათ, ონკოლოგიურ ავადმყოფს პირდაპირ ეუბნებიან მისი მდგომარეობის შესახებ და იმასაც უხსნიან, რომ მას სიცოცხლის სულ ცოტა დრო დარჩა და ურჩევენ ეს დრო გამოიყენონ იმ მიზნების განსახორციელებლად, რისი მიღწევაც მისი ცხოვრების საზრისი და სანუკვარი ოცნებაა. გარდა იმისა, რომ ამით აღესრულება ადამიანის ის უფლება, რომ ის ინფორმირებული იყოს თავისი მდგომარეობის შესახებ, ამავე დროს ონკოლოგიური ავადმყოფის შინაგან ძალთა  მობილიზაციას იწვევენ, რათა ქიმიოთერაპიასთან და დასხივებასთან ერთად მკურნალობას დაეხმაროს საკუთარი ბრძოლისუნარიანობისა და გადარჩენის რწმენის  გაძლიერებით. ხშირ შემთხვევაში ამას დადებითი შედეგები მოაქვს, რაზეც მეტყველებს კარლ საიმონტონისა და მისი მიმდევრების პრაქტიკა ონკო–ფსიქოთერაპიის კუთხით. ამავე დროს ადამიანებს შეიძლება აწუხებდეთ ენით გამოუთქმელი ბრალეულობისა და დანაშაულის გრძნობა, რომ თავისი ავადმყოფობით ცხოვრება გაურთულეს ახლობლებს ან ტყუილად იცხოვრეს ამ ქვეყანაზე და სხვა. სწორედ გამოუვალ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს ჰაერივით სჭირდებათ მათი ცხოვრების საზრისის დადგენა, საკუთარი პიროვნების თვითღირებულების განცდა და ბრალეულობის შინაგანი განცდის განქარვება. თუკი ისინი ამას მოახერხებენ, ორგანიზმში იღვიძებს გამოუყენებელი რეზერვები, რათა ცხოვრება გააგრძელონ და ამ ეტაპზე გადარჩნენ. როცა ადამიანები ღიად უყურებენ და განიხილავენ სასიკვდილო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, ეს ერთის მხრივ ამცირებს სიკვდილთან დაკავშირებულ  შფოთვას, ხოლო მეორეს მხრივ ამცირებს ფიზიკურ ტკივილებს, რაც სიკვდილს ახლავს თან.  რახან ასეთი ბრძოლა მოიტანს დადებით შედეგს, ადამიანს შესაძლოა გაუჩნდეს  ახალი მძლავრი ზემოტივაცია გააგრძელოს ბრძოლა ცხოვრების ახალი საზრისის დასამკვიდრებლად, რაც თავისებური განახლებაა და ერთგვარი პიროვნული აღდგომაა. ასეთი აღდგომისათვის კი სრულიად აუცილებელია ადამიანმა პანორამულად გადახედოს თავისი ცხოვრების განვლილ გზას, შეცდომებსა და წარმატებებს, ცოდვებსა და გაკეთებულ სიკეთეებს, ტკივილებსა და სიხარულებს, მარცხსა და გამარჯვებებს.... თუკი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ასეთ შეჯამებას სამყაროს მარადიულობის პოზიციებიდან და გადმოსახედიდან მოახდენს, მაშინ კოსმიური და ღვთიური ძალები დაეხმარებიან მას დაიდგინოს ცხოვრების ახალი საზრისი და ხელახლა დაბადების იმპულსი. ეს ყველაფერი, რაც აქამდე ვისუბრეთ, ეხებოდა მძიმედ დასნეულებულ ადამიანს. მაგრამ თუ სიკვდილის ერთგვარ მიმღებლობას თან მოაქვს ბრძოლის უნარიანობის გაზრდა ავადმყოფებში, თქვენ წარმოიდგინეთ რაოდენ უნდა გაძლიერდეს თავისი სულისკვეთებითა და   არსებული პოტენციალების თვითაქტუალიზაციის მიმართულებით ჯანსაღი და საღ–სალამათი ადამიანი!
სწორედ ამ მსჯელობიდან გამომდინარე გთავაზობთ  პიროვნული აღდგომის  სავარჯიშოს. იგი არ გახლავთ „სიკვდილის რეპეტიცია“, არამედ მიმართულია იმაზე, რომ პანორამულად გადახედოთ საკუთარ ცხოვრებას და დაინახოთ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი ცხოვრებისეული მისიის შესასრულებლად. სავარჯიშო დაგეხმარებათ ყავლგასული და უსარგებლო წარმოდგენების შეცვლაში, ახალი განწყობებისა და გრძნობების აღმოცენებაში, ცხოვრების ფუნდამენტალური საზრისის დადგენასა და დამკვიდრებაში.
სავარჯიშო  ნაბიჯ–ნაბიჯ  ეტაპებს გულისხმობს.
1.      მოძებნეთ მყუდრო გარემო  და ჩაატარეთ მედიტაციის ან რელაქსაციის რომელიმე ტექნიკა (ეს მედიტაციური სავარჯიშოები და რელაქსაციის ტექნიკა აღწერილი მაქვს „წარმატების 365 დღის“ 85–დან 95–ე დღეების სტატიებში; თქვენ უკვე, ცხადია, იცით, რომ თითო „დღე“ თითო სტატიას გულისხმობს);
2.      მას შემდეგ რაც იგრძენით მოშვება და შინაგანი სიმშვიდე, დაფიქრდით თქვენი ცხოვრების საზრისზე და იმ ძირეულ ღირებულებებზე, რაც ესოდენ ძვირფასი და ღირებულია თქვენთვის ( ძირეული ღირებულებების  თემას სპეციალურად ეძღვნება ჩემი სტატია „წარმატების 365 დღის“ მასალებიდან „71–ე დღე“);
3.      ამჯერად წარმოიდგინეთ, რომ ან ექიმმა გითხრათ, რომ უკურნებელი სენი გჭირთ და უნდა გარდაიცვალოთ ან წლებმა უაღრესად სწრაფად გაირბინეს, მოვიდა სიბერე და დადგა ამ ქვეყნის დატოვების დრო, ან კიდევ რაღაც ძალა გეუბნებათ, რომ მალე უნდა მოკვდეთ. ამ წარმოდგენების საფუძველზე რა გრძნობები აღმოცენდება და რა ფიქრები მოგეძალებათ? სად და ვისთან მიხვალთ და გაუმჟღვანებთ თქვენს ფიქრებსა და განცდებს? რას ეტყვით მას და რას გეტყვით იგი თქვენ? ნუ იჩქარებთ, გამოწვილვით და დეტალურად წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია;
4.      ახლა წარმოიდგინეთ, რომ ნელნელა კვდებით. გონებით წარმოიდგინეთ  და თვალებით დახატეთ თქვენი მდგომარეობის უკიდურესი გაუარესება. გაამახვილეთ ყურადღება თქვენი კვდომის ათასნაირ დეტალებზე. ისიც წარმოიდგინეთ, თუ რას დაჰკარგავთ, როცა გარდაიცვლებით ან თქვენი ტკივილი ამ დანაკარგისა გამო. ისიც წარმოიდგინეთ, თუ რას მოიცილებთ სიკვდილით როგორც ტკივილიანსა და სატანჯველს. მიეცით თქვენს თავს საშუალება, რომ ცოცხლად განიცადოთ ყველა ეს გრძნობა, საფუძვლიანად გაერკვეთ თქვენს წარმოდგენებსა და აზრებში;
5.      წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც თქვენს სასიკვდილო სარეცელთან არიან. წარმოიდგინეთ თუ როგორ რეაგირებენ ისინი და რას განიცდიან. რას ამბობენ? ნუ იჩქარებთ და თანაც წარმოიდგინეთ საკუთრივ თქვენი ცხოვრების ბოლო ამოსუნთქვა და სიკვდილის დადგომა;
6.      ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით საკუთარ გასვენებასა და დაკრძალვაზე. ვის ხედავთ თქვენს წარმოფდგენებში? რას გრძნობენ ადამიანები და როგორ იქცევიან თქვენს დაკრძალვაზე? აქაც ნუ იჩქარებთ და შეეცადეთ განიცადოთ ყველა დეტალი;
7.      რახან თქვენი თავი წარმოიდგინეთ გარდაცვლილად, რა ემართება თქვენს ცნობიერებას? წარმოიდგინეთ , რომ თქვენი ცნობიერება ხვდება იმ ადგილას, რასაც თქვენი  რწმენა გკარნახობთ. ცოტა ხანს იყავით იმ „ადგილას“, შეეცადეთ კარგად განიცადოთ თქვენი ცნობიერების მაშინდელი მდგომარეობა. თუ ეს არის ცნობიერების  „არ–ყოფნის“ მდგომარეობა, შეიგრძენით როგორია ეს „არ–ყოფნა“;
8.      მიეცით თქვენს ცნობიერებას საშუალება გაემართოს იქ, სადაც, თქვენი შეხედულების ან მრწამსის თანახმად, არის სამყაროს პირველმიზეზი ან პირველსაწყისი.  სამყაროს ამ პირველწყაროს გადმოსახედიდან გადმოხედეთ თქვენს ცხოვრებას და გაიხსეთ იგი დეტალებში. ნუ იჩქარებთ. რით ხართ კმაყოფილი თქვენს ცხოვრებაში? რა გააკეთეთ ღირებული და სასიკეთო? რა წარმატებები გქონდათ? რა გამოგდიოდათ კარგად? რა არ გამოგივიდათ კარგად? რა შეცდომები და გადაცდომები გქონდათ? რა ცოდვები ჩაიდინეთ? რა წყენები და მარცხები შეგხვდათ ცხოვრების გზაზე? რა გილხინდათ და რა გიჭირდათ? დაუსვით თქვენს თავს ეს კითხვები და შეეცადეთ გასცეთ თქვენთვის პასუხები, რაგინდ მტკივნეული არ იყოს ამის გახსენება;
9.      წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ახლა უკვე გაქვთ შანსი და შესაძლებლობა დაბრუნდეთ  ამქვეყნიურ ცხოვრებაში, ჩასახლდეთ ახალ სხეულში და ხელახლა დაიწყოთ ცხოვრება. იგივე მშობლებს აირჩევდით ახალი ცხოვრების დასაწყებად? იგივე დები და ძმები გეყოლებოდათ? რა თვისებები გექნებათ? რა პროფესიას ან დასაქმებას აირჩევდით? რა იქნება თქვენთვის ის უმნიშვნელოვანესი, რასაც გსურთ ამ ახალ ცხოვრებაში მიაღწიოთ? შეეცადეთ დეტალურად განიხილოთ და წარმოიდგინოთ ცხოვრების ახალი შესაძლებლობები
10.  გაიცნობიერეთ ის, რომ სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ეს პროცესი მუდმივად მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში, როცა ვითარდებით, ცხოვრებას ცვლით, წარმოდგენებს გადაახალისებთ და ახალ ხედვებს შეიმუშავებთ;
11.  ნელ ტემპში და მშვიდად დაბრუნდით თქვენს აწმყოში. ხელახლა დაუბრუნდით ჩეულებრივ საქმიანობას.
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ სავარჯიშოს? ცხადია, რომ ადამიანები სხვადასხვანაირად რეაგირებენ ამ სავარჯიშოზე. ადამიანები ხშირად აღნიშნავენ, რომ საკუთარი გარდაცვალების სცენის წარმოსახვა და შესაბამისი განცდები არც ისე მტკივნეული იყო, როგორც ეს ადრე წარმოედგინა. შიგადაშიგ ადამიანები ძალიან ღრმა აზრებს გამოხატავენ იმის შესახებ, თუ რას ეტყოდნენ თავის ახლობლებს, რათა შეუმსუბუქონ მათ ტკივილი და დარდი  დიდი დანაკარგისა გამო. საკუთარი დაკრძალვის წარმოდგენისას ზოგი ადამიანი შვებით გაიაზრებს, რომ მათი მეგობრებისა და ახლობლების ცხოვრება გრძელდება , თუმცა დანაკარგი მისი გარდაცვალების გამო მნიშვნელოვანი იყო.
როგორც ავადმყოფებისათვის, ისევე ჯანმრთელი პირებისათვის ამ სავარჯიშოს ის ნაწილია განსაკუთრებით სასარგებლო, როცა ისინი განვლილი ცხოვრებისეული გზის რეფლექსიას ახდენდნენ. ეს მათ ეხმარებათ მკაფიოდ გამოკვეთონ, თუ რა სახის ცვლილებებს  სურთ მიაღწიონ ცხოვრებაში. საჭიროა გაამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ თქვენ გაქვთ საკმაო დრო, რათა შეცვალოთ ის, რისი შეცვლის სურვილიც ამოტივტივდა ამ სავარჯიშოში. საჭიროა იმოქმედოთ ამ ცვლილებების ცხოვრებაში გასატარებლად და მაშინ სიცოცხლის ბოლოს არ გექნებათ სანანებლად ის, რაც ამ სავარჯიშოში შემოვიდა თქვენს ცნობიერებაში წარმოსახული სიკვდილის ეპიზოდში.
როცა ადამიანები წარმოისახავენ ხელახლა დაბადებას და რანაირი პიროვნება სურთ გახდნენ ხელახლა დაბადებისას, ამ დროს ისინი იმას განსაზღვრავენ, თუ რა სურთ შეცვალონ ცხოვრებაში. თუ თქვენ ამ სავარჯიშოს გააკეთებთ, შეეცადეთ ოპოვოთ ის საშუალება და გზა, თუ როგორ გახდეთ მოცემულ მომენტში და ამ ცხოვრებაში იმ სასურველ პიროვნებად.
ამ მედიტაციური სავარჯიშოს არსი ისაა, რომ კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ: სიჯანსაღისკენ და ჯანმრთელობისკენ, კეთილდღეობის ამაღლებისა და ბედნიერებისაკენ სავალი გზა ხელახლა დაბადებისა და ტრანსფორმაციის პროცესში გავლას გულისხმობს. როცა გაიცნობიერებ საკუთარ მისიას, როცა შენი ცხოვრების მძიმე და კრიზისულ მომენტებს გაუსწორებ თვალს, როცა წარმოისახავ შენი ცხოვრების ბოლოვადობას და მის ფინალურ წერტილს, როცა სამყაროს პირველსაწყისის გადმოსახედიდან შეხედავ ცხოვრების განვლილ გზას თავისი პლიუსებითაა და მინუსებით, როცა ხელახლა დაბადების სცენარს მოხაზავ და მენტალურად მისი დადგომის სცენასაც გაითამაშებ, – მაშინ ამოქმედდებიან ახალი განწყობები  როგორც სრულიად ახალი და უფრო ეფექტური ცხოვრების მზაობა. ამ მზაობას კი რეალობაში გადასვლისა და მატერიალიზაციის ფრიად დიდი შანსი აქვს. გისურვებთ ბედნიერ ხელახლა დაბადებას!


წყენათა მონელება და ნეგატივის მოცილება

წყენათა მონელება და ნეგატივის მოცილება
წარმატების 365 დღე
96–ე დღე
ვის არ გქონიათ ისეთი დღეები, როცა მთელ დროს ანდომებდით იმაზე ფიქრს, თუ როგორ გაწყენინათ ახლობელმა. მოუნელებელი განცდები და წყენები წინსვლისა და კეთილდღეობის შემაფერხებელი ფაქტორია. მოუნელებელი განცდები მოუნელებელ ლუკმასა და საკვებს ჰგავს: იგი ყელში გეჩხირებათ ან გგუდავთ, გულს გირევთ და ზიზღით ივსებით, ბოღმით ან ბრაზით იბერებით და სკდებით, საბოლოო ჯამში კი იგი ანგრევს თქვენს ცხოვრებას. თუ გინდათ, რომ კარგად იცხოვროთ და წინსვლა არ მოგაკლდეთ, პირველ რიგში ნეგატივი და წყენა, ბოღმა და მოუნელებელი გრძნობები უნდა მოიცილოთ. როგორ? გთავაზობთ ორ სავარჯიშოს და დარწმუნებული ვარ, რომ მათი შესრულება მნიშვნელოვნად მოგიხსნით მტანჯველი განცდების ტვირთს. პირველი სავარჯიშო წყენებისა და მოუნელებელი განცდების გადახარშვას ეხება, ხოლო მეორე – ტვინიდან ნეგატივის გაშვებას.
წყენათა და მოუნელებელ განცდათა მონელება
პირველი სავარჯიშო ამერიკელ ემეტ ფოქსს ეკუთვნის და იგი მე–20 საუკუნის 30–იან წლებში შემუშავდა. მან თავისი მეთოდი აღწერა წიგნში  “ქადაგება მთაზე“. ცოტათი გადასხვაფერებული სახით მეთოდი რამდენიმე ნაბიჯს შეიცავს და მას რიგითობით მოგახსენებთ.
1.      დაბრძანდით სკამზე მოხერხებულად. ფეხები იატაკს უნდა ეხებოდეს;
2.      თუ გრძნობთ, რომ დაძაბული ხართ, გააკეთეთ რომელიმე მედიტაციური სავარჯიშო ან შეასრულეთ ჯეკობსონის  „პროგრესული რელაქსაციის“ ტექნიკა (ეს მედიტაციური სავარჯიშოები და რელაქსაციის ტექნიკა აღწერილი მაქვს „წარმატების 365 დღის“ 95–დან 95–ე დღეების სტატიებში; თქვენ უკვე, ცხადია, იცით, რო თითო „დღე“ თიტო სტატია გულისხმობს);
3.      წარმოდგინეთ ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ვინაც გაწყენინათ და ვისდამიც გრძნობთ ბრაზსა და წყენას. წარმოიდგინეთ ის სიტუაცია, როცა ხდებოდა ეს საწყენი ამბავი.
4.      წარმოიდგინეთ, რომ ამ ადამიანის ან პირთა ცხოვრებაში ხდება რაღაც კარგი და სასიამოვნო. მაგალითად, ის ან ისინი ღებულობენ ყურადღებასა და სიყვარულს ან შოულობენ ბევრ ფულს, ან აღწევენ ნანატრ წარმატებას და ა.შ. დაე, თქვენს წარმოსახვაში ამ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ცხოვრებაში მოხდეს რაღაც ისეთი, რასაც თვითონ ის ან ისინი თვლიან სასიხარულო, წარმატებულ ან კარგ რაიმედ.
5.      შეეცადეთ გააცნობიეროთ თქვენი რეაქცია ასეთ ქმედებაზე, როცა თქვენ ფაქტიურად ლოცავთ იმას, ვინაც ზიანი მოგაყენათ. სრულიად ბუნებრივია, რომ პირველ ხანებში თქვენ გაგიჭირდებათ წარმოიდგინოთ, რომ თქვენი მაწყენარის ან დამაქცეველის ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებები ხდება. ნელნელა ამ სავარჯიშოს რეგულარული განმეორებით თქვენ უფრო და უფრო  გაგიადვილდებათ  წარმოისახოთ  თქვენი მაწყენარის კარგად ყოფნა.
6.      კარგად ჩაფიქრდით თქვენზე როლზე იმ სტრესული სიტუაციის აღმოცენებაში. შეეცადეთ სხვანაირად შეხედოთ იმ ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ქცევას იმ სტრესულ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ თუ როგორ ესახება იგივე სიტუაცია იმ მაწყენარ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, ჩაჯექით მათ „ტყავში“.
7.      მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თქვენი გრძნობები შეიცვალა და რაც უფრო მშვიდად უყურებთ ყველაფერს, მით უფრო ქრება წყენის ტკივილი და მსუბუქდება მოუნელებელი განცდები. დაპირდით საკუთარ თავს, რომ შეეცდებით შეინარჩუნოთ ეს ახალი ხედვები.
8.      გაახილეთ თვალები და შეუდექით ჩვეულ საქმიანობას.
ეს სავარჯიშო სულ 5 წუთს იკავებს. შეეცადეთ იგი ჩაატაროთ ყოველთვის, როცა ხელახლა განახლდება მოუნელებელი წყენის გრძნობა და გონება ისევ დაუბრუნდება იმ სტრესულ სიტუაციას.  თქვენ შესაძლოა ამ სავარჯიშოს გაკეთება თვეების ან წლების განმავლობაში არ დაგჭირდეთ, მაგრამ ისიც შეიძლება მოხდეს, რომ მისი განმეორება ბევრჯერ მოგიწიოთ. იმოქმედეთ ისე, როგორც გიკარნახებთ თქვენი ცხოვრება. სასურველია, რომ  ეს სავარჯიშო ყოველთვის ჩაატაროთ უშუალოდ მას შემდეგ, რაც წყენა ან ნერვიულობა შეგხვდებათ.
ტვინიდან გაუშვი ნეგატივი
მეორე სავარჯიშო მიზნად ისახავს მოძალებული ნეგატიური აზრების მოცილების ხერხების კარგად გააზრებას. მაგრამ მარტო გააზრება არ არის საკმარისი: საჭიროა ქმედებაში გადავიყვანოთ მოაზრებული სავარჯიშო და წაკითხვის გარდა ის ჩავატაროთ გარკვეული რეგულარობით. „წარმატების 365 დღის“ პროგრამაში  ჩემს მიერ ჩამოყალიბებული და შემოთავაზებული სავარჯიშოების ფასი ნულია, თუკი იგი რეალურ ვარჯიშსა და ქმედებაში არ გადავიდა. აქ ზედგამოჭრილია გენიალური რუსთაველის სენტენცია: „თუ არ იქმნ, ცოდნა რას გაძლევს ფილოსოფოსთა ბრძნობისა“. სავარჯიშო სამ ნაბიჯიანია:
1.      აქ შემოთავაზებული ტექნიკა ერთ ფსიქოლოგიურ კანონს ეყრდნობა:  დროის ერთ მცირე მონაკვეთში, ყოველ მოცემულ მომენტში, მაგალითად,  ერთი წამის ან წუთის განმავლობაში ჩვენს ცნობიერებას შეუძლია ყურადღება შეაჩეროს მხოლოდ ერთ აზრზე. ამდენად, ჩვენზეც არის დამოკიდებული  მოცემულ მომენტში ამ ერთი აზრის სახით რა გვექნება ცნობიერებაში. ამ წუთას  ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი აზრი ჩავანაცვლოთ სხვა ჩვენთვის სასურველი აზრით. უბრალოდ საჭიროა ერთი წამით შევყოვნდეთ და საკუთარ თავს ვუთხრათ „ჩემს აზრებს მე ვმართავ“ ან „ ჩემი აზრები ჩემი პასუხისმგებლობის ქვეშაა“ ან „ მე ვაკონტროლებ ჩემს აზრებს“ და სხვა ამდაგვარი ფრაზა, ხოლო ამის შემდეგ იქვე შევარჩიოთ რაიმე აზრი, წარმოდგენა, მოგონება ან ყურადღება გადავიტანოთ სხვა რომელიმე საგანზე და ჩვენს ცნობიერებასაც ამ მომენტში ეს ახლი აზრი დაიკავებს.  ჩვენ შეგვიძლია აზრთა ასეთ ჩანაცვლებაში ვივარჯიშოთ და გამოვიმუშავოთ აზრთა, აღქმათა, ემოციათა  და წარმოდგენათა მიზანმიმართულად  შეცვლის უნარი. ასეთი სავარჯიშოთი ჩვენ შეგვიძლია  მომენტიდან მომენტში ვცვალოთ გუნებ–განწყობა, აზრები და წარმოდგენები.
2.      სპეციალურად მოიგონეთ და, გამოიძახეთ თქვენი მეხსიერების სკივრიდან რაიმე მომენტი, როცა რაღაც უარყოფითი აზრები და ნეგატიური ემოციები მოძალებით გეხვეოდათ თავს. შეეცადეთ სპეციალურად ისევ ჩაერთოთ ამ მოძალებულ აზრთა, მოგონებათა და ნეგატივის ტყვეობაში, შემდეგ ერთი წამით შეყოვნდით, ისევ უთხარით საკუთარ თავს – „ჩემს აზრებს მე ვმართავ“, სწრაფად გაიხსენეთ რაიმე სასიხარულო ამბავი თქვენი ცხოვრებიდან და გადართეთ თქვენი ტვინი ამ ამბის გონებაში კარგად დახატვაზე; ან კიდევ, სწრაფად გადაერთეთ  რაიმე სასიამოვნო ვითარებაზე, რასაც თქვენ ირგვლივ ხედავთ ან გესმით. თუ ვინიცობაა თქვენი ტვინი ისევ იმ ძველ ამბავს დაუბრუნდა, ისევ გაიმეორეთ  „ჩემს აზრებს მე ვმართავ“ და ხელახლა ჩაანაცვლეთ რაიმე სასიამოვნო მოგონებით ან სასიამოვნო გრძნობებთან დაკავშირებულ ცხოვრებისეული სიტუაციების წარმოდგენით.
3.      შეჰპირდით საკუთარ თავს, რომ ნეგატივის ან ცუდი გუნებ–განწყობის სიტუაციაში ამ ნეგატივს მოიცილებთ ფრაზით „ჩემს აზრებს მე ვმართავ“ და იქვე ჩაანაცვლებთ ნეგატივს პოზიტივით.
თუ თქვენ ამ სავარჯიშოებს გააკეთებთ 21 დღის განმავლობაში დღეში სამჯერ მაინც, მერწმუნეთ, რომ შეიმუშავებთ წყენათა მონელებისა და ნეგატივის მოცილების უნარ–ჩვევას. ეს კი გამოგითავისუფლებთ  სათანადო ენერგიას, რათა იგი მოახმაროთ პოზიტიური მიზნების მიღწევასა და წინსვლას და არა ერთი ადგილის ტკეპნასა და მოუნელებელი განცდების ან ნეგატივის ჭაობში ყოფნას. 
მე კი ყველას ისევ გეპატიჟებით ფსიქოლოგიურ კონსულტირებაზე, რათა საჭიროებისამებრ დაგეხმაროთ სხვადასხვა პრობლემათა და სიმპტომთა დაძლევაში. გეპატიჟებით აგრეთვე ჩემი საავტორო პროგრამის „წარმატების 365 დღის“ ტრენინგებში შემდეგ თემებზე: „მიზანდასახულობა და წარმატების ფსიქოტექნოლოგიები“,  „ბედისწერის მართვა“, „ფინანსური წინსვლის მართვა“, „ემოციათა მართვა“, „სურვილები და მისი ახდენის ტექნიკები“,  „მედიტაცია და მიღწევა“,  „ურთიერთობების მართვა“.







გახდი საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი: თვითდახმარება ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის მეოხებით

წარმატების 365 დღე
95–ე დღე
ჩემი დაბადების 70 წლის თავზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  საკონფერენციო დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა მქონდა კოლეგებთან და მეგობრებთან. ამასთან ერთად ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის 20 წელი სრულდებოდა, რომელიც დავაფუძნე 1995 წელს. მოღვაწეობის შემაჯამებელი მოხსენების შემდეგ ჩემმა ყოფილმა თანაკლასელმა ვიოლა პაპასკირმა გაიხსენა: „ერთხელ ბავშვობაში, მე–7 კლასში, ნოდარ, შენ მოჰყევი ჯეკ ლონდონის მარტინ იდენზე, რამაც  დიდი გავლენა იქონია ჩემზეო. რაში მდგომარეობდა ეს გავლენა?“. ჩემი სასკოლო პერიოდის ეს მომენტი არ მახსოვდა, მაგრამ დასმულმა კითხვამ ამავე დროს  მეხსიერების სკივრიდან  კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოტივტივა. როცა 1963 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს, გამოცდების წინ იყო გასაუბრება. გასაუბრებაზე  იყო პროფესორი ბარნაბ ხაჭაპურიძე (ღმერთმა აცხონოს), ჩინებული ქართველი ფსიქოლოგი, რომელმაც დამისვა კითხვა: „ ახალგაზრდავ, რატომ აბარებთ ფსიქოლოგიურზე, რის საფუძველზე მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?“  ჩემი პასუხი ასეთი იყო: „სკოლაში მიტაცებდა ფილოსოფიური წიგნებისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე  ჯეკ ლონდონის მარტინ იდენმა, სადაც კარგად არის აღწერილი ადამიანის სრული ტრანსფორმაციის პროცესი. ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ამიტომაც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩაბარება“. ეს ფაქტი ჩემი ბიოგრაფიიდან  ნაკლებად მაგონდებოდა. და ვიოლას შეკითხვის შემდეგ უცებ გავაცნობიერე, რომ  მთელი ჩემი მოღვაწეობა  ერთ  კითხვას უტრიალებდა მრავალი წლების განმავლობაში: როგორ ხდება ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები და როგორ აღწევს ადამიანი ტრანსფორმაციას? ფსიქოთერაპიამდეც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ტრანსფორმაციის მექანიზმების ძიებამ მიმიყვანა.
სხვადასხვა დროს სხვადასხვაინარად ვუახლოვდებოდი ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის იდეას. 1978 წელს პარიზში ერთწლიანი სტაჟირებისას სოციალურ ფსიქოლოგიაში პარალელულად ვესწრებოდი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის ჟაკ ლაკანის სემინარებს. შემდგომში გატაცებული ვიყავი კარლ როჯერსის არადირექტიული ფსიქოთერაპიით, რომლის თბილისში მოწვევა ჩემი თაოსნობით მოხდა 1988 წელს. შემდგომში გამიტაცა მილტონ ერიქსონის არადირექტიული ჰიპნოზის ტექნიკებმა, ჯგუფურმა ფსიქოთერაპიამ, ირვინ იალომის ეგზისტენციალურმა ფსიქოთერაპიამ, ვირჯინია სატირის ოჯახურმა ფსიქოთერაპიამ, ჯონ მორენოს ფსიქოდრამამ, ფრიც პერლსის გეშტალტთერაპიამ და ა.შ. დიდხანს სპეციალურად ვსწავლობდი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას და 1990 წელს მოსკოვში ნლპ–ს ერთერთი შემქმნელის ჯონ გრინდერის მიერ მოწყობილ სემინარშიც ვმონაწილეობდი (ჯონ გრინდერი ტრასფორმაციული გრამატიკიდან მივიდა ნეიროლინგვისტურ პროგრამირებამდე). ჩემი ქალიშვილის – ნატოს ზეგავლენით, რომელიც ახლა წარმატებით მუშაობს ლონდონის ერთერთ კლინიკაში კლინიკურ ფსიქოლოგად, სიამოვნებით ვეცნობი და ვიღრმავებ ცოდნას კოგნიტურ–ბიჰევიორალურ ფსიქოთერაპიაში. დიდხანს ვეცნობოდი ოშოს მედიტაციურ სისტემას და მის ტექნიკებს პიროვნული ტრანსფორმაციის სფეროში, ხოლო ერთ პერიოდში ტრანსცენდენტალური  მედიტაციის წარმომადგენლებიც კი მოვიწვიე თბილისში 1991 წელს და პირველი საჯარო ტრანსცენდენტალურ–მედიტაციური სესიები გაიმართა. 1980 წლიდან ვეწევი ფსიქოთერაპიულ საქმიანობას, ხოლო წინა საუკუნის იმ მძიმე 90–იან წლებში ჯერ აფხაზეთის ომში ნაომარ და დაზარალებულ მებრძოლებთან ვატარებდი ფსიქოთერაპიულ სამუშაოებს, ხოლო 1995 წლიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს ვხელმძღვანელობდი.  ვწერდი წიგნებსა და სტატიებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, ახლაც ვარ „მოსკოვსკი ფსიხოტერაპევტიჩესკი ჟურნალის“ რედაქციის წევრი. მინდა ვთქვა, რომ მე არ მივაკუთვნებ ჩემს თავს რომელიმე ერთი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის  ბანაკს.
ამჯერად კი ვქმნი ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის მთელ სისტემას, რომელიც იმ დებულებას ეფუძვნება, რომ ფსიქოთერაპიული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და პიროვნულ ტრანსფორმაციაში გადადის მაშინ, როცა იგი მიღწევის მოტივაციასა და მიღწევის რესურსების აქტუალიზაციას ეფუძვნება. ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი ფსიქოთერაპიის საფუძვლად და სამიზნედ შეგუებას მიიჩნევს და ადაპტაციის პარადიგმას ეყრდნობა, მეორენი არაცნობიერის გაცნობიერებას უსვამენ ხაზს, მესამენი პიროვნების დაშლილი ნაწილების გეშტალტურ გამთლიანებას ელტვიან, მეოთხენი ახალი ეფექტური ქცევისა და ქმედების შესწავლასა და განმტკიცებას მიიჩნევს მთავარ ამოცანად, ხოლო მეხუთენი კოგნიტური სტრუქტურების  დალაგებასა და გამართვას თვლიან ფსიქოთერაპიული პროცესის საყრდენად. მე ვთვლი, რომ ფსიქოთერაპიული პროცესის თავი და თავი გახლავთ მიღწევის მოტივაციისა და მიღწევის რესურსების აქტუალიზაცია. მიღწევის მოტივაცია და მიღწევის რესურსების მობილიზაცია ფსიქოთერაპიული პროცესის ალფა და ომეგაა იმ გაგებით, რომ ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს (ან კლიენტს) უნდა ჰქონდეთ და თუ არა აქვთ, უნდა შეიმუშავონ თანმხვედრი მიზანდასახულობა, რათა პაციენტმა (კლიენტმა) მიაღწიოს ცხოვრებისეული სიტუაციის ერთგვარ ტრანსფორმაციას; იგი გამოიხატება იმაში, რომ პრობლემა (ან სიმპტომი) დაძლეულია, პიროვნება ჯანსაღდება, მისი კეთილდღეობისა და ბედნიერების ინდექსი მაღლა იწევს, უმჯობესდება მისი აქტივობის ეფექტურობის ხარისხი. ეს ტრანსფორმაცია პაციენტის (კლიენტის) ცხოვრებაში მომხდარი ერთგვარი „კვანტური ნახტომია“. ფსიქოთერაპიის მრავალ განსაზღვრებათა შორის ერთი მათგანი ასე ფორმულირდება: ფსიქოთერაპია გულისხმობს პაციენტის (კლიენტის) აზროვნებასა, გრძნობებსა და მოქმედებებში ცვლილებების გამოწვევის პროცესს. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა: ჩემი გაგებით, ფსიქოთერაპიული პროცესი ჩვეულებრივი ცვლილება კი არ არის, არამედ ტრანსფორმაცია და „კვანტური ნახტომია“, რომელიც ადამიანში თვითდინებით კი არ ხდება, არამედ მას ადამიანი საკუთარი ძალისხმევით და ფსიქოთერაპევტის ხელშეწყობით აღწევს. ეს არის სწორედ მიღწევის და არა მარტივად შეგუების, ან  გაცნობიერების, ან ახლის დასწავლის, ან გონებრივი  გადასტრუქტურების პროცესი. საკვანძო სიტყვა წარმატებული ფსიქოთერაპიის დროს არის „მიღწევა“ და არა, მაგალითად, განკურნება. სულერთია რა იქნება შედეგად – განკურნება, პრობლემის გადაწყვეტა თუ კეთილდღეობის დონის ამაღლება – ყველაფერი მიღწევის სფეროს განეკუთვნება და მინაღწევართა სიაში უნდა მიითვალოს. ამდენადაა ჩემთვის წარმატების მიღწევა უნივერსალური პროცესი, რომელიც ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული და რომელმაც შეიძლება მოიცვას როგორც, მაგალითად, თამბაქოს თავის დანებება, ისე გაჯანსაღება, სიმპტომებისა და ტკივილების დაძლევა, გამდიდრება ან ფინანსური სტაბილობა, ან ჩემპიონობა სპორტში ან ხელოვნების სფეროში კონკურსში გამარჯვება, ან ოჯახის შექმნა ან ღირსეული ადამიანების აღზრდა, ან დისერტაციის დაცვა, ბიზნეს–წინსვლა, კარგი სამსახურის შოვნა, ცნობილ პიროვნებად ანუ, როგორც ახლა იტყვიან, ცნობად სახედ გადაქცევა და სხვა ათასნაირი დიდი ან პატარა მიღწევები. შეგუება ან, თუ გნებავთ, გაცნობიერება არსებულთან შეთანაწყობაა, ხოლო მიღწევა არსებულის შეცვლას ან გარდაქმნას ანუ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ფსიქოთერაპია საკუთარი თავის როგორც არსებულის მიმღებლობასაც და ამავე დროს შეცვლა–გარდაქმნის მიღწევას გულისხმობს. ამდენადაა იგი ტრანსფორმაციული პროცესი.
ნებისმიერი ავადმყოფობის დროს შეგიძლიათ გახდეთ საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი, რაც გაგიადვილებთ გამოჯანსაღების პროცესს. მინდა შემოგთავაზოთ საკუთარი თავის ფსიქოთერაპიის ერთი ტრანსფორმაციული მეთოდი, რომელიც ვიზუალიზაციაში ანუ მკაფიო წარმოსახვაში მდგომარეობს და იგი კ. საიმონტონის ფსიქოთერაპიულ ტექნიკებშია მოხსენიებული. სავარჯიშოს ნაბიჯ–ნაბიჯ წარმოგიდგენთ. რიგითი ნომერი მიანიშნებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს.
1.      გააკეთეთ რეალაქსაცია. დახუჭეთ თვალები. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ რომელიმე მედიტაციურ ტექნიკას ან ჯეკობსონის პროგრესული რეალაქსაციის მეთოდს. ეს ტექნიკები და მეთოდი აღწერილი მაქვს ჩემი საავტორო პროგრამის „წარმატების 365 დღის“  წინარე სტატიებში  (85–დან  94–ე დღის ჩათვლით).
2.      ცოტა ხანს დაფიქრდით თქვენს ავადმყოფობაზე ან ტკივილზე, რაც ძალიან გაწუხებთ. თქვენს გონებაში ისე წარმოისახეთ ეს დაავადება, სიმპტომი ან ტკივილი, როგორც თქვენ გესახებათ იგი. რაგინდ უჩვეულო ან აბსურდულიც არ უნდა იყოს თქვენი წარმოსახვის ხატი, დახატეთ იგი თქვენს გონებაში და მიაპყარით მას თქვენი ყურადღება.
3.      ამჯერად წარმოიდგინეთ,  რომ თქვენს მიერ მიღებული წამალი და მკურნალობა ან ანადგურებს თქვენი ავად ყოფნის ან ტკივილის წყაროს, ან კიდევ აძლიერებს თქვენს ორგანიზმს, რათა მან საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს მას.
4.      წარმოიდგინეთ თქვენი ორგანიზმის დაცვითი სისტემები, თქვენი იმუნური სისტემა, ლეიკოციტები ანუ თეთრი ბურთულაკები, რომლებიც სპობენ ავად ყოფნის ან ტკივილის წყაროს და აწესრიგებენ ორგანიზმის შინაგან მდგომარეობას. ისინი ხოცავენ და აგროვებენ ავადმყოფობის ან ტკივილის გამომწვევ ძალებსა და უჯრედებს, ხოლო ღვიძლსა და  თირკმლებს განავლისა და შარდის სახით გააქვთ ორგანიზმიდან ეს „ნაგავი“. შეეცადეთ მკაფიო იყოს წარმოსახვის ეს ხატები თქვენთვის მისაწვდომ დონეზე.
5.       წარმოიდგინეთ და წარმოსახვაში დახატეთ თქვენი თავი როგორც ჯანმრთელი, თავისუფალი ავადმყოფობისა და ტკივილისაგან. დახატეთ თქვენი თავი ლაღ და ენერგიულ ვარიანტში.
6.      წარმოისახეთ თუ როგორი წარმატებით აღწევთ დასახული მიზნებს.
7.      თქვენს გონებაში შეაქეთ თქვენი თავი, რომ ასე უწყობთ ხელს გამოჯანმრთელებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დღეში სამჯერ აკეთებთ რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის სავარჯიშოს. მადლობა უთხარით საკუთარ თავს, რომ ყურადღებას აქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზრუნავთ ტკივილების საკუთარი ძალისხმევით მოშუშებაზე.
8.      ნელ–ნელა გაახილეთ თვალები და შეუდექით თქვენს საქმიანობას.
ვიზუალიზაცია შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ხატების წარმოდგენით. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს ნაცნობ ექიმს ჰკითხოთ თქვენი ტკივილის ან ავადმყოფობისა და მისი განკურნების მექანიზმი და მასზე დაყრდნობით შექმნათ თქვენი „შინაგანი ფილმი“; ან უბრალოდ შეგიძლიათ თქვენი ტკივილი ან ავადმყოფობა წარმოიდგინოთ რომელიმე მწერის, ცხოველის ან ფრინველის ან თუ გნებავთ ფანტასტური არსების სახით; ხოლო მისი დაძლევის, მოსპობის ან გამკლავების  მექანიზმის სახით  შეიძლება წარმოისახოთ რაიმე ინსტრუმენტი ან საკუთარი ხელები ან იარაღი და სხვა. წარმოისახეთ ბრძოლა ავადმყოფობის წყაროს წინააღმდეგ. მთავარია, რომ ცოცხლად წარმოიდგინოით ავად ყოფნის ან ტკივილის თქვენეული სიმბოლო და მასზე გამარჯვების პროცესი.
მას შემდეგ, რაც ვიზუალიზაციის სავარჯიშოს ჩაატარებთ, კარგი იქნება თუ რეალურად ქაღალდზე გადმოიტანთ და დახატავთ თქვენი ვიზუალიზაციის შინაარს. თქვენ არ მოგეთხოვებათ მაინცადამაინც კარგი ხატვა. დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. ვიზუალიზაციის ნახატი კარგად გამოავლენს თქვენს განწყობებსა და წარმოდგენებს ავადმყოფობის შესახებ. იგი როგორც ერთგვარი პროექციული ტესტი, გამოავლენს თქვენი პიროვნების ფარულ და გაუცნობიერებელ პლასტებს და სპეციალისტმა მის საფუძველზე შეიძლება სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ.
ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი მაგალითისათვის: 1) ვიზუალიზაცია ჰიპერტენზიის ანუ მაღალ წნევიანობის დროს; 2) ვიზუალიზაცია ართრიტის დროს; 3) ვიზუალიზაცია კუჭის წყლულის დროს.
––ვიზუალიზაცია მაღალი არტერიული წნევის დროს: მაღალი არტერიული წნევის დროს სისხლძარღვები შევიწროებულია, ხოლო კუნთური ქსოვილები და უჯრედები სისხლძარღვების ირგვლივ დაჭიმული და დაძაბულია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში შედის, რაც მოუშვებს დაძაბულობასა  და დაჭიმულობას თქვენი სისხლძარღვების მიმდებარე კუნთურ ქსოვილებში. წარმოიდგინეთ, რომ სისხლძარღვები ფართოვდება  და სისხლი თავისუფლად მიედინება ძარღვებში. თქვენი გონებით დახატეთ, რომ თქვენ ძლევთ ცხოვრებაში სტრესულ სიტუაციებს, რათა ორგანიზმი არ იყოს დაძაბული.
––ვიზუალიზაცია ართრიტის დროს: ართრიტის შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კიდურებს აქვს ანთება, ხოლო კიდურების ზედაპირზე  და კანზე ბევრი უსწორმასწორო  პაწაწინა  ბორცვებივით წარმონაქმნებია.  წარმოისახეთ, რომ კიდურებისკენ დიდი სისწრაფით მიექნება თეთრი ბურთულაკების, ლეიკოციტების მთელი არმია. ლეიკოციტები ასუფთავებენ კანის ზედაპირს და იგი ხდება სწორი და გაკრიალებული. ლეიკოციტები აქრობენ ტკივილებს, თქვენს გამოიყურებით ჯანსაღად, ხართ აქტიური, მოძრაობთ თავისუფლად და ლაღად აკეთებთ იმას, რაც თქვენ გსურთ.
––ვიზუალიზაცია კუჭის წყლულის დროს: წარმოიდგინეთ ჭრილობა კუჭის ზედაპირზე. ჭრილობა მრგვალია და კრატერივითაა.ამ ჭრილობას უსწორმასწორო და სველი ზედაპირი აქვს. თქვენს გონებაში წარმოისახეთ მედიკამენტი, რაც თქვენს ორგანიზმში შედის. იგი მჟავიანობის საწინააღმდეგოა და გარს ეხვევა ჭრილობას, ანეიტრალებს მჟავიანობას და აშუშებს ჭრილობას.  წარმოიდგინეთ, რომ ჭრილობის ადგილას აღმოცენდება ნორმალური და ჯანსაღი უჯრედები. ისინი იზრდებიან, მრავლდებიან და მთლად მოეფინებიან იმ უსწორმასწორო წყლულოვან ადგილს. თეთრი ბურთულაკები მოისწრაფვიან  ამ ადგილისაკენ, ისინი ანადგურებენ არაჯანსაღ უჯრედებს, აგროვებენ „ნაგავს“ და ასუფთავებენ ყველაფერს, ასწორებენ წყლულის უსწორმასწორო ზედაპირს, რის შემდეგაც ვარდისფერი და ჯანსაღი თხიერი ზედაპირი რჩება ყოფილი წყლულის ადგილას. თქვენს წარმოსახვაში ყოველგვარი ტკივილები ქრება, თქვენ გამოიყურებით აბსოლუტურად ჯანმრთელად, ხალისიანად და ენერგიულად;  წარმოსახვაში ხალისით და ენთუზიაზმით უმკლავდებით ყველა ცხოვრებისეულ სირთულეებს.
მე სპეციალურად მოვიტანე ისეთი სავარჯიშო და მაგალითად ავიღე ფსიქოსომატური ჩივილები, რათა ხაზი გამესვა სულისა და სხეულის ერთიანობის იდეისათვის; ამავე დროს მინდოდა ხაზი გამესვა ფსიქოთერაპიული ჩარევის ეფექტურობისათვის სხეულებრივი დარღვევების დროს. ცხადია, რომ ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების დიდი ნაწილი  სულიერი ტკივილების მოშუშებასა და შესაბამისი დარღვევების გაჯანსაღებას ემსახურება. ამაზე კი სხვა დროს შეიძლება ცალკე საუბარი.
ცხადია, ამ სავარჯიშოების გაკეთების დროს შეიძლება ბევრი კითხვები გაგიჩნდეთ. ისიც ცხადია, რომ ყველა სომატური ან სულიერი დარღვევა ან ტკივილი თავის სპეციფიკას შეიცავს და ვიზუალიზაციის დროს ამ უამრავი სპეციფიკის გათვალისწინებაა საჭირო. მზად ვარ დაგეხმაროთ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, რათა კარგად მოირგოთ თქვენს პრობლემაზე ამ სავარჯიშოების მოწოდებული სქემა.