1.04.2016

წარმატებული ცხოვრების ლოგიკური დონეები


წარმატების 365 დღე
102-ე დღე
ცნობილმა ინგლისელმა ფილოსოფოსმა, ნობელის პრემიის ლაურეატმა ბერტრან რასელმა შექმნა თეორია ლოგიკური ტიპების შესახებ. მასზე დაყრდნობით ცნობილმა ანთროპოლოგმა და კომუნიკაციის მკვლევარმა გრეგორი ბეიტსონმა ჩამოაყალიბა ქცევათა და კომუნიკაციური პროცესების ლოგიკური დონეების თეორია. იმავდროულად გ. ბეიტსონმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ნეიროლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) განვითარებაზე. ამის ერთერთი ნათელი მაგალითია ის, რომ  გ. ბეიტსონის ნააზრევის საფუძველზე  ნლპ-ს ერთერთმა კორიფემ რობერტ დილტსმა შეიმუშავა შესანიშნავი ინსტრუმენტი ადამიანის ეფექტური ცხოვრებისა და ქმედებების შესახებ. ამ ინსტრუმენტს დილტსმა ნეირო-ლოგიკური დონეები უწოდა.
 რ. დილტსის ადამიანის ცხოვრებისა და ქმედებების ნეირო-ლოგიკური ანალიზი არ შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული ადამიანის და მისი ქმედებების ეფექტურობის ზრდის ამოცანით. ეს ინსტრუმენტი წარმატებით გამოიყენება ბიზნესის, განათლების, ფსიქოთერაპიის, ორგანიზაციული განვითარებისა და სტრატეგიული დაგეგმვის სფეროებში. ამ ეფექტური ინსტრუმენტის ცენტრალური იდეა  გახლავთ  შემდეგში: ჩვენი ნებისმიერი ცალკეული ქცევა, პრობლემა, საქმე ან იდეა შეიძლება განვიხილოთ როგორც სისტემური მთლიანის ნაწილი. ეს სისტემური მთლიანი კი შედგება იერარქიული დონეებისაგან. იერარქიული სისტემა ლოგიკურად ისე აიგება, რომ მარტივ და შედარებით დაბალ დონეს მოსდევს არსებობის უფრო რთული, მაღალი და მეტის მომცველი დონე. ყოველი მომდევნო დონე შეიცავს წინა და უფრო მარტივი დონის თავისებურებებს, მაგრამ  მას ემატება ახალი და უფრო მომცველი თავისებურებები. ასე და ამგვარად, ნებისმიერი პრობლემა განიხილება, გაანალიზდება მთლიან-სისტემურ დონეზე. უფრო მეტიც, პრობლემის გადაწყვეტის გზებიც ცალკეულ დონეებზე დაიძებნება და ამასთან ერთად სისტემურად დალაგდება. სულერთია რა პრობლემა  იქნება ეს  -  რაიმე დაავადება თუ მატერიალური გაჭირვება, ურთიერთობების გაუარესება ან კონფლიქტები ადამიანებთან თუ უმუშევრობა და დასაქმების პრობლემის გადაჭრა, ინდივიდუალური პრობლემა თუ ორგანიზაციული ცვლილებების ჩატარების საჭიროებები. ასეთი მთლიან-სისტემური მიდგომა განაპირობებს პანორამული და ფართო ჰორიზონტის ხედვების აღმოცენებას. ამასთან ერთად  ჩვენი არსებობის უფრო  მაღალი დონის  სფეროში მომხდარი ცვლილებები აუცილებლობით იწვევენ სათანადო ცვლილებებს მასზე დაქვემდებარებულ უფრო მარტივ სფეროებში. უფრო  დაბალ დონეზე მომხდარი ცვლილებების ზეგავლენა კი გაცილებით სუსტია და იგი აუცილებლობით ვერ გამოიწვევს ცვლილებებს უფრო მაღალი ლოგიკური დონის სფეროში.  მაგალითად,  კონკრეტულ პიროვნებაში ან კონკრეტულ ფირმაში მომხდარი ცვლილებები  მაღალი ღირებულებების დონეზე აუცილებლობით გამოიწვევს  ცვლილებებს ამავე კონკრეტული ადამიანის ან ორგანიზაციის ისეთ შედარებით დაბალი დონის  სფეროებში, როგორიცაა ცალკეული ქმედებები  ან კიდევ გარემოსა და რესურსების შეაფასებანი.  სამაგიეროდ, გარემოსეული ფაქტორების შეცვლამ ან ცვლილებებმა რესურსების გამოყენებაში, რაღაც მომნტში ან რაიმე ალბათობით,  შეიძლება მოახდინოს რაიმე ზეგავლენა პიროვნულ ან ორგანიზაციულ ღირებულებებზე, მაგრამ ისიც  შესაძლებელია, რომ მას არავითარი ზეგავლენა არ ჰქონდეს. ცვლილებები აუცილებლობით ხორციელდება ზევიდან ქვევით და არა ქვევიდან ზევით. სამაგიეროდ ქვედა დონის ცვლილებების სიუხვემ შესაძლოა გარკვეული წვლილი შეიტანის ზევიდან ქვევით „რეფორმის“ აუცილებლად გატარებაში იმ აზრით, რომ იგი უმტკივნეულოდ გატარდება.  ნეირო-ლოგიკური ანალიზი  აშკარად ზრდის პრობლემათა გადაწყვეტის, პიროვნული  ზრდისა ან ორგანიზაციული განვითარების  ეფექტურობის ხარისხს.
  რ. დილტსის ნეირო-ლოგიკური დონეების ანალიზის მეთოდს მე გადავარქმევდი სახელწოდებას და დავარქმევდი  არსებობის (ეგზისტენცის) ლოგიკური დონეების ანალიზს. ეს მეთოდი თავის მასშტაბურობით, სიღრმისეული შესაძლებლობებითა და ფართო ჰორიზონტით მართლაც სწორუპოვარია. მე ყველას მოვუწოდებდი საკუთარი ცხოვრების თუ საქმიანობის (მაგალითად, ბიზნესის) ხარისხის ზრდისათვის გამოიყენონ სწორედ ნეირო-ლოგიკური ანუ არსებობის ლოგიკური დონეების  მეთოდი. მე პირადად ეს მეთოდი სხვადასხვა დროს გამომიყენებია როგორც ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიური კონსულტირებისას, ისე არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების  განვითარების, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში) ეროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვის, წარმატების მიღწევის ტრენინგების სფეროებში.  უფრო მეტიც, პოლიტიკოსებთანაც მიმუშავია ამ ინსტრუმენტით და მასზე დაყრდნობით შემიმუშავებია პოლიტიკური პარტიის სამოქმედო გეგმა.  ამგვარად, არა მხოლოდ რ. დილტსისა და სხვა ამერიკელი ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების (ნლპ) კორიფეები ახორციელებდნენ წარმატებულ პროექტებს ცალკეულ პიროვნებებთან, ბიზნესმენებთან, ქვეყნის წამყვან პოლიტიკურ ფიგურებთან, მსხვილ კორპორაციებთან, არამედ ჩვენშიც იყო ნეირო-ლოგიკური დონეების მეთოდოლოგიის გამოყენების წარმატებული პრეცედენტები. ამიტომაც მსურს ბევრი ადამიანი ვაზიარო ცვლილებების მართვის ამ უნივერსალურ ფსიქო-ტექნოლოგიას.
მაინც რა ლოგიკურ დონეებზეა საუბარი?  ჩვენ დავალაგებთ არსებობის დონეებს მარტივიდან რთულისაკენ მსვლელობის ხერხით. გადმოცემის გამარტივებისათვის ავიღებთ რომელიმე კონკრეტულ პრობლემას, მაგალითად, დასაქმებასა და თვითდასაქმებას.
1.    პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე დაბალი დონეა გარემოს დონე. გარემოს ფაქტორები განსაზღვრავენ იმ გარეგან შესაძლებლობებსა და სტიმულებს ან შეზღუდვებსა და დაბრკოლებებს, რომელზე რეაგირებაც უწევს  კონკრეტულ ადამიანს ან კონკრეტულ ორგანიზაციას. ამ დონეზე ანალიზისას ისმის კითხვები: სად? როდის?
ავიღოთ დასაქმების პრობლემა. ჩვენში ეს ერთერთი უმწვავესი პრობლემაა. იგი იმ სოციალურ-ეკონომიკური გარემოს ფონზე კიდევ უფრო მწვავდება, როცა სახეზეა ლარის ვარდნა, ფასებისა და სიღარიბის ზრდა. დამსაქმებლები ცდილობენ ხელფასები ცოტა გასცენ და მოგებით მხოლოდ თვითონ იხეირონ. საკმაოდ მაღალია ჰორიზონტალური მობილობა, როცა მუშახელი ერთი სამსახურიდან მეორეში გადადის, რათა უკეთესი ხელფასი მოიპოვოს, მაგრამ შედეგები არ არის სახარბიელო. არა მარტო მოსახლეობა, არამედ მთავრობა და ხელისუფლებაც  ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. სამსახურებში მიღებისას  მაღალია ნეპოტიზმის დონე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. მოსახლეობაში გაბატონებული მოთხოვნილება გადარჩენის მოთხოვნილებაა. ყველაზე უფრო მომგებიანი ბიზნესია შეხვიდე პოლიტიკაში და აკეთო ფული; მთავრობა იღებს მაღალ შემოსავლებს პრემიებისა და დანამატების მეოხებით, გაიღვიძა კორუფციამ, ამოქმედდა კრიმინალი, ხოლო მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება. არის ახალგაზრდა მუშახელის ნაწილი, რომელიც დღენიადაგ სამსახურისა და დასაქმების ძიებაშია, მაგრამ  ამაოდ. ძალიან ბევრი ვაკანსიები ცხადდება სხვადასხვა საიტებზე, ახალგაზრდები ავსებენ და აგზავნიან სავაკანსიო აპლიკაციურ ფორმებს და უნაყოფოდ ელიან, რომ დაუძახებენ ინტერვიუზე, მაგრამ ამაოდ; ხოლო ვისაც გაუმართლებს  და მოუხმობენ  გასაუბრებაზე, მათი დიდი უმრავლესობა  ცივ უარს ღებულობს  ყოვლგვარი ახსნა-განმარტებისა და უკუკავშირის გარეშე.  ზოგადად  ასეთია ის სოციალური გარემო, რომლის ფონზეც დასაქმება გამხდარა ქვეყნის ერთერთ ძირითადი პრობლემა.
ამ სიტუაციის  ტრაგიზმი იმაშია, რომ ცოტა ვინმე თუ უყურებს მას როგორც გამოწვევას, რათა თავის ცხოვრებასა და გარემოში ცვლილებები შეიტანოს. პირიქით, არსებობს ხელჩაქნეული და მომლოდინე ადამიანების მთელი მთელი არმია. სიტუაციის შესაცვლელად საჭიროა:                                                                                                                                                  --- დასაქმების ასეთ გარემოში ადამიანებმა დაინახონ გამოწვევა და არ ჩაიციკლონ პრობლემაში;                                                                                                                                                                                                  ---ისწავლონ  პრობლემის გადაქცევა რესურსად, რათა შეცვალონ თავიანთი ცხოვრება, გარდაქმნან საკუთარი საცხოვრებო გარემო და გაიჩინონ შემოსავლები;                                                                                                                                                 ----მიმართონ კონკრეტულ ქმედებებს, რათა ცხოვრებაში დანერგონ ის ახალი ხედვები, რაც პრობლემის რესურსად გადაქცევის შედეგად  შეუმუშავდათ.                                                                                        მაგრამ ეს ნაბიჯები რომ გადაიდგას, ადამიანმა ახალ, უფრო მაღალ ლოგიკურ დონეებზე უნდა დაიწყოს ცვლილებების შეტანა თავის ხედვებში. თავის მსჯელობებსა და ქმედებებში თუ იგი ჩარჩება მხოლოდ გარემოს დონეში, იგი ვერ დაუძვრება პრობლემის გადაუჭრელობის ხაფანგს. მან უნდა გადადგას მეორე ნაბიჯი.
2.    წარმატებული ცხოვრებისა და პრობლემის გადაწყვეტის მეორე დონეა  ქცევის (ქმედების) დონე.  ის, თუ რა რეაგირებას ახდენს ადამიანი მოცემულ გარემოზე და რა ჩვეულ ან ტიპობრივ ქმედებებს მიმართავს ი მის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად,  ამისაგან აიგება მისი ქცევის დონე. აქ მთავარი კითხვაა -  რა? (მაგალითად, რას ვაკეთებ? რანაირია ჩემი ქმედებები? )
ისევ დასაქმების თემას გავაგრძელებ. ქცევის დონეზე ადამიანები ამ  პრობლემის მოსაგვარებლად პირველ რიგში მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რაც  ინფორმაციის მოძიებას გულისხმობს სამუშაოების შესახებ. ამას ისინი ცდილობენ იმით, რომ ახლობლებში და ნაცნობ-მეგობრებში მოიკითხონ სათანადო ინფორმაცია სამუშაო ადგილების შესახებ. პირადი კავშირების გამოყენება და ახლობლების ჩართვა სამუშაოს მოძიებაში გავრცელებული ხერხია. ამას გარდა ადამიანები ეცნობიან სხვადასხვა განცხადებებს სამუშაოს შესახებ მედიაში ან ინტერნეტში.  ისინი აგროვებენ სხვადასხვა დოკუმენტებს (CV, ავტობიოგრაფია,  შრომის წიგნაკი, რეკომენდაციები, დიპლომები და სერთიფიკატები და სხვა). ამას გარდა მათ უწევთ სხვადასხვა აპლიკაციური ფორმების შევსება, ინტერვიუში გავლა,  თვითპრეზენტირება. ზოგს აქვს სათანადო უნარ-ჩვევები, რათა მოიძიო ინფორმაცია, შეავსოს აპლიკაციური ფორმები, შეადგინოს CV და  ავტობიოგრაფია, დაამყაროს  ეფექტური კომუნიკაცია, წარმატებულად მოახდინოს თვითპრეზენტირება და  კარგად „მიჰყიდოს“ დამსაქმებელს საკუთარი უნარები. ზოგიც ამ მხრივ მოიკოჭლებს. ზოგს გავლილი აქვს სათანადო ტრენინგები, ზოგიც ბედის ანაბარაა.  ზოგი „ჩააწყობს“ და მოეწყობა სამსახურში.  ზოგი საოჯახო ბიზნესში ჩაერთვება და ზოგსაც ოჯახის ახლობელი ან მეგობარი ჩართავს რაღაც საქმეში. დაბოლოს, ზოგიც ვერსადაც ვერ დასაქმდება და გამუდმებულ იმედგაცრუებაშია. ყველა ვინც ახლა ჩამოვთავალე, ცხადია, განსხვავებული ადამიანია და თავისი უნიკალობა, ინდივიდუალობა გააჩნია, მაგრამ მათ მაინც აერთიანებს საერთო ნიშნები. უმეტესწილად ისინი რეაქტიულები უფრო არიან, ვიდრე პროაქტიურები. ისინი უფრო იმას ცდილობენ, რომ მოერგონ დამსაქმებელს, გააკეთონ სწორი რეაგირება დამსაქმებლის მოთხოვნებზე, თავი მოაწონონ დამსაქმებელს და მომავალ თანამშრომლებს, რათა მათ მიიღონ და ჩართონ იგი თავის „წრესა და სივრცეში“.  თუნდაც თავისი პროფესიის შესაბამის სამსახურშიც რომ ეწყობოდეს, ბევრი მათგანი თავისი რაიმე „პროექტით“ კი არ შედის ამ სამსახურეობრივ სიტუაციაში, არამედ წინასწარ განწყობილია მოერგოს იმ დავალებებსა და ვალდებულებებს, რაც მას დაეკისრება. ბევრი ცდილობს ოღონდ დასაქმდეს და არ დაეძებს ეს სამსახური მას სულით და გულით  მოსწონს თუ არაფრად ეპიტნავება. ეს დასაქმების მაძიებლების პირველი კატეგორიაა.
 არის მეორე კატეგორია სამუშაოს მაძიებლებისა, რომელიც ეძებს მხოლოდ ისეთ სამსახურს და დასაქმებას, რომელიც მისი „გულის სწორია“,  სადაც მას მთელი არსებით სურს „ფრთები გაშალოს“. ამიტომაც იგი პროაქტიურია და თავისი „პროექტით“ შედის  სამსახურის საძიებო სიტუაციაში.  პირველი კატეგორია სამუშაოს მაძიებლებისა დიდხანს ვერ შერჩება იმ სამსახურს, სადაც მოეწყო სამუშაოდ. ამიტომაც ისინი თავისებური დასაქმების „მიგრანტებია“, ეძებენ ახალ სამუშაოს და სამსახურებს სამსახურებზე იცვლიან. ისინი იმაზეც კი აპელირებენ, რომ სამსახურთა ასეთი ცვლა მათ CV-ს გამდიდრებაში ეხმარება, რათა შემდგომში უკეთეს სამსახურში მოეწყონ, თუმცა ეს ერთგვარი ილუზიაა. მეორე კატეგორია კი უფრო დიდხანს შერჩება თავის სამუშაო ადგილს, განაგრძობს კარიერულ წინსვლას თავის სფეროში და გაცილებით სტაბილურადაა მოწყობილი  სამუშაო თვითრეალიზაციის სივრცეში.
არის კიდევ დასაქმების მაძიებლების მესამე კატეგორია: ესენია თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ადამიანები. მათ სურთ ჰქონდეთ თავიანთი ბიზნესი,  არასამთავრობო ორგანიზაცია ან პოლიტიკური პარტია. ისინი ადგებიან იმ გზას, რომ  დამოუკიდებლად განსაზღვრონ  თავიანთი სამოქმედო გეგმა  სამუშაოს თვალსაზრისით. ისინი ცდილობენ დაიწყონ თავისი ბიზნესი ან სოციალური პროექტები, მოიძიონ ინფორმაცია ბაზრის, სპონსორების ან დონორების შესახებ და სხვა. ესენიც აგროვებენ სხვადასხვა დოკუმენტაციას, მათაც იგივენაირად სჭირდებათ ეფექტური კომუნიკაციისა და თვითპრეზენტირების უნარ-ჩვევები. ესენი ერთვებიან ისეთ პროცესებში, სადაც წარმატება და წინსვლა დაკავშირებულია სწავლადობის მაღალ დონესა, ახალი შესაძლებლობების გამუდმებულ ძიებასა, ქსელების შექმნასა და ინფორმაციულ განახლებასთან.
 დასაქმებასა და თვითდასაქმებასთან დაკავშირებულ ქცევათა ასეთი ვრცელი პალიტრის გაცნობიერება ფრიად მნიშვნელოვანია. დასაქმებისა და თვითდასაქმების ეფექტურობისათვის სრულიად აუცილებელია პიროვნებამ ინევენტარიზაცია უყოს ქცევათა იმ  რეპერტუარს, რაც დაკავშირებულია დასაქმებასა და თვითდასაქმებასთან. ისიც უნდა აღრიცხოს, თუ რა ქცევებსა ხერხებს  მიმართავს თვითონ და რას აკეთებენ სხვები. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია გაანალიზოს რომელ ქმედებას რა შედეგი მოჰყვება, რათა უნაყოფო ქმედებები დაცხრილულ იქნას დ ყველაზე ეფექტურ ქმედებებს  მიჰყოს  ხელი.
თქვენ რას დაამატებდით იმ ჩეუვლ და ტიპობრივად განსაზღვრულ ქცევათა ნუსხას, რაც დასაქმებასთან ან თვითდასაქმებასთან არის დაკავშირებული?
 მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, რადგან ამჯერად შეიძლება ადამიანი ჩაიციკლოს ქცევათა არსებულ სტერეოტიპებსა და შაბლონებში, ხოლო სიტუაცია შესაძლოა მოითხოვდეს სრულიად არაორდინალურ და ინოვაციურ  ქმედებას. ეს ასეა თუნდაც იმის გამო, რომ ჩენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად სამყაროში და შრომითი ბაზარიც გაჯერებულია სწრაფად ცვლადი  ინსტრუქციებით, წესებით, ფინანსური და დოკუმენტური სტანდარტებით. ამიტომაც სრულიად აუცილებელია კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგას უფრო მაღალი ლოგიკური დონისაკენ.
3.    პრობლემის გადაწყვეტის მესამე დონეა უნარებისა და შესაძლებლობების დონე.  ჩვენი უნარები, შესაძლებლობები და რესურსები მიმართულებას აძლევენ ჩვენს ქცევებს და მართავენ მათ. ასეთი მართვა ხორციელდება მენტალური რუქების, გეგმებისა და სტრატეგიების მეოხებით. ამ ლოგიკურ დონეზე ცენტრალური კითხვაა  როგორ?  (მაგალითად, როგორ გავაკეთო? როგორ მოვიქცე? როგორ შევძლო?)
ისევ გავყვეთ დასაქმების პრობლემას. თუკი ქცევის (ქმედების) დონეზე ჩვენ ავტომატურად ვიღებთ რაიმე ქცევის შაბლონს და მივსდევთ მას (მაგალითად, jeobs.ge-ვეძებთ ვაკანსიებს ან ვავსებთ რომელიმე აპლიკაციურ ფორმას), ამის სანაცვლოდ უნარებისა შესაძლებლობების ლოგიკურ დონეზე ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, შევცვალოთ ან ადაპტირება ვუყოთ  ამა თუ იმ  ქმედებას, შევადგინოთ საკუთარი სამოქმედო გეგმა, დავისახოთ მიზნები და შევიმუშავოთ მისი მიღწევის სტრატეგიები. თუ საქმე ეხება, მაგალითად, დასაქმებისათვის ინტერვიუს გავლას, მაშინ შეგიძლიათ სპეციალურად შეისწავლოთ იმ ორგანიზაციის თუ ფირმის გარდაუვალი საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების გზები, სადაც სააპლიკაციო განაცხადის შეტანას აპირებთ. ამის შემდეგ შეგიძლიათ სპეციალურად იმდაგვარად დაგეგმოთ ინტერვიუს  სქემა, რომ მსჯელობა აუცილებლად წავიდეს იმ საჭიროებებისაკენ, რაც თქვენ შეისწავლეთ.  ვინაიდან თქვენ იცით ორგანიზაციის ძირეული საჭიროებების  დაკმაყოფილების გზები,  შეგიძლიათ  დამსაქმებელს აჩვენოთ, რომ  თქვენი სამასახურში აყვანის  გარეშე მისი ორგანიზაცია ვერ შეძლებს იმ ამოცანის გადაჭრას, რაც ამ ორგანიზაციისათვის პრიორიტეტულია. თუ ვინიცობაა, ინტერვიუერებმა საკუთრივ ინტერვიუს  პროცესში ვერ აღიქვეს თქვენი აუცილებლად აყვანის საჭიროება, მაშინ შეგიძლიათ დაუტოვოთ მათ თქვენი სავიზიტო ბარათი და თავაზიანად მიმართოთ, რომ თუ ისინი დაინტერესდებიან თქვენი შეთავაზებით, მზად ხართ მათ ემსახუროთ. დამერწმუნეთ,  ეს კარგად იმუშავებს.
ახლა კი ერთი რამ აღვნიშნოთ: რაც ახლა აღვწერე, თუმც კი ეხება დასაქმების მაძიებლის მოქმედებას ინტერვიუში გატარების დროს, მაგრამ ეს არ არის რეაგირებაზე ორიენტირებული  დასაქმების მაძიებლის ტიპიური ქცევა; აქ პირიქით, ინტერვიუს გავლის ის პროცესია, როცა  ინიციატივას ხელში ერთგვარად იღებს საკუთრივ  დასაქმების მაძიებელი; იგი პასიურად მოპასუხე მხარე კი არ არის, არამედ ორგანიზაციას პროლემების გადაჭრის მოდელს სთავაზობს და ამდენად იგი პროაქტიური მხარეა. უფრო მეტიც, ეს არის თვითდასაქმების მოდელზე ორიენტირებული ადამიანის ქმედება, რომელიც თვითონ ცდილობს თავი დაისაქმოს სხვის მიერ შექმნილ ორგანიზაციაში. რამდენადაც მან სპეციალურად შეისწავლა  ორგანიზაციის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების გზები, იგი უკვე მანამ არის  ამ ორგანიზაციის  ერთგვარი თანამშრომელი, სანამ რეალურად დაიწყებს მასში მუშაობას. მერწმუნეთ, რომ ამავე ორგანიზაციის თანამშრომელთა დიდ უმეტესობას ასეთი ინფორმაცია და პრობლემის გადაწყვეტის მოდელი არც კი აქვს. ამდენად რაღაც კუთხით ეს ადამიანი უკვე წინასწარ სჯობს ამ ორგანიზაციის თანამშრომელთა უმეტესობას. რატომაც არ მიიღებს დამსაქმებელი მას სამუშაოზე, ხოლო თუ არ აიყვანს , მით უარესი დამსაქმებლისათვის, თორემ ეს ადამიანი საქმისადმი ასეთი მიდგომით არათუ კვლავაც იშოვის სამუშაოს, არამედ თავის თავსაც  დაისაქმებს და სხვასაც  დაასაქმებს.
აქამდე ჩვენ დასაქმებაზე ვსაუბრობდით უნარებისა და შესაძლებლობების დონის კუთხით.  მოდით ახლა იგივე კუთხით განვიხილოთ საკუთრივ თვითდასაქმების პრობლემა.
თუკი თვითდასაქმება არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნით დაიწყება, აქ უკვე ადამიანებმა უნდა აითვისონ ისეთი უნარები, როგორიცაა პროექტის ლოგიკური ჩარჩოს აგება და პროექტების წერა, პროექტის მენეჯმენტი, მონიტორინგი, საჭიროებების კვლევა, ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის გადაჭრის ტექნოლოგიები და სხვა. მათ უნდა შეისწავლონ სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებზე და გამოწვევებზე პასუხის მოპოვება და პროაქტიური განწყობების შემუშავება. ისინი უნდა ჩაერთონ პროექტების პერმანენტული გენერირების პროცესში, ქსელებისა და კოალიციების შექმნაში.
თუკი თვითდასაქმება საკუთარი ბიზნესის შექმნით დაიწყო, აქ უკვე საჭიროა ბიზნეს-აზროვნების ინსტრუმენტების ათვისება, ელემენტარული მარკეტინგული გათვლების გაკეთება, მენეჯმენტის უნარების დაუფლება, ფინანსური ინსტრუმენტების კარგი გამოყენება.  ეს ყველაფერი კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმის სახით შემუშავდება, რაც დროთა განმავლობაში მოქნილად შეიცვლება და კორექტირდება.  თუ ამ პროცესებში არ ჩაერთო ბიზნესმენი, მაშინ მისი ბიზნესი ვერ განვითარდება და მაქსიმუმ შესაძლოა შეჩერდეს ე.წ. წაუგებლობის წერტილის ფაზაში, ხოლო უფრო უარეს შემთხვევაში შეიძლება განიცადოს ლიკვიდაცია.
თუკი თვითდასაქმებამ პოლიტიკური ორგანიზაციის სახე მიიღო, აქაც უნარებისა და შესაძლებლობების დონეზე  სრულიად აუცილებელი ხდება მრავალი სახის ტრენინგებსა და სემინარებში გამუდმებული მონაწილეობა პოლიტტექნოლოგიების ათვისების, საარჩევნო პროცესებისა და სტრატეგიების დაუფლების, მედიასთან ურთიერთობების დალაგების, მოსახლეობის სხვადასხვა ფენებთან ურთიერთობების აწყობის, ლიდერობის უნართა ათვისების   მიზნით.
იქნებ გადახედოთ თქვენი უნარ- შესაძლებლობების არსენალს, იქნებ მისი გაფართოებაა საჭირო? იქნებ ის ქმედებები და ჩვევები, რითაც რეაგირებდი საცხოვრებო და შომითი ბაზრის  გარემოს თავისებურებებზე, სულაც არ იყო ამომწურავი და თვისობრივად ახალი და ალტერნატიული შესაძლებლობებით უნდა ჩაანაცვლო შენი ტიპობრივი ქმედებები?  
მოკლედ, დასაქმება იქნება თუ თვითდასაქმება  - უნარებისა და შესაძლებლობების დონეზე წარმატებული საქმიანობისათვის ადამიანი ვერ დაკმაყოფილდება დასაქმების გარემოსა და მასთან დაკავშირებული ქცევების გათვალისწინებისა და ანალიზით. აქ მან უნდა შეიმუშავოს ახალი ალტერნატიული გადაწყვეტილებები და უნარ-ჩვევები, რაც პრობლემის მოჯადოებული ჩარჩოდან გასვლისა და მისი ახლებური ხედვების შემუშავების  შესაძლებლობას იძლევა. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, მაგრამ  ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა ახალი ნაბიჯი გადაიდგას  უფრო მაღალი ლოგიკური დონისაკენ.

4.      წარმატებული ცხოვრებისა და პრობლემის გადაწყვეტის მეოთხე დონეა რწმენათა და ღირებულებათა დონე. ეს გახლავთ  არსებობის ის ლოგიკური დონე, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ან ორგანიზაციის ბაზისურ, ფუნდამენტურ რწმენებსა და დაშვებებს, ღირებულებებსა და ცხოვრების საზრისს.   აქ ძირითადი კითხვებია რატომ? და რისთვის? ეს რწმენები, საბაზო დაშვებები და ღირებულებები ქმნიან მოტივაციის საფუძველს, რათა განმტკიცდეს, აზრი მიეცეს ან უარყოფილ იქნას ის ქმედებები, რომლებიც უნარებისა და შესაძლებლობების დონეზე შემუშავდა. ადამიანს მარტო საჭიროებები და მოთხოვნილებები  კი არ წარმართავენ, არამედ მას მყარი საყრდენები ესაჭიროება რწმენებისა და ღირებულებების სახით,  რაც მის მოტივაციას განსაზღვრავს კიდეც.
მჯერად ღირებულებითი ხედვებიდან გამომდინარე ისევ დასაქმებისა და თვითდასაქმების თემას დავუბრუნდეთ. ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დასაქმებისა და თვითდასაქმების პრობლემით არიან შეწუხებულნი, გადარჩენის მოთხოვნილების თუ ღირებულების გადმოსახედიდან  უყურებენ ცხოვრებას. როცა ეკითხები ქუჩაში წვრილ მოვაჭრეს ან ხილ-ბოსტანის გამყიდველს თუ რას გამოიმუშავებს და რისთვის შრომობს მთელი დღის განმავლობაში, ტიპიური პასუხია „ოჯახს ვარჩენ, ორი კაპიკი მრჩება, რომ ლუკმა-პურის ფული გვქონდეს“. ასევეა  ისინიც, ვინც  რომელიმე კერძო ორგანიზაციაში ან საჯარო სამსახურში ცდილობს თვეში 300-400 ლარიან პოზიციაზე დაიწყოს მუშაობა. ეს არის ადამიანები, რომლებიც ა.მასლოუს მოტივაციის პირამიდის გადარჩენისა და დაცულობის  მოტივაციას არიან მიბმულნი. ასეთი პირები იმთავითვე უკმაყოფილო არიან  იმ პოზიციით, რისი დაკავებისათვისაც ესოდენ იბრძვიან. თუ გაუმართლათ და დაიწყეს მუშაობა, მათი მუშაობის ხარისხი ბუნებრივია ვერ იქნება მაღალი, რადგან შრომითი უკმაყოფილების სიტუაციაში ადამიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალია. ადამიანი მთელი ძალებით ცდილობს თავი გართვას სამსახურს, ვალებს, გადასახადებს, მაგრამ ამაოდ: სახვალიოდ ისევ გადარჩენის ამოცანა დგას მის წინაშე. ეს ადამიანი ამ სამსახურში ამა და ამ პოზიციაზე მუშაობს , მაგრამ თვალი სხვაგან უჭირავს, რათა ცოტათი გაიუმჯობესოს სიტუაცია. მაგრამ ხვალინდელი დღე ისევ გუშინდელს ჰგავს. და ადამიანი არათუ წინ ვერ მიდის , არამედ ცვდება და სულ უკან და უკან მიექანება. ადამიანთა ამ დიდი არმიიდან მხოლოდ მცირერიცხოვანი ნაწილი თუ აღმოაჩენს, თუ რაოდენ  დამღუპველია ემსახურო გადარჩენის ღირებულებას. მხოლოდ შედარებით მცირე რაოდენობა ადამიანებისა მიაგნებენ უფრო მაღალ ღირებულებას, კერძოდ  განვითარების ღირებულებას, რომელსაც ღირს რომ ემსახურო. თუკი განვითარებაზე ხარ ორიენტირებული, გადარჩენა ხომ ხელში შეგრჩება და თანაც ცოტათი მაინც წინ შეიძლება წაიწიო.  გადარჩენა თუ განვითარება, ასე ფიქრობს ზოგი და მთელ აქცენტს განვითარებაზე აკეთებს. ის ვინც დღენიადაგ გადარჩენაზეა ორიენტირებული, მისი საბაზო რწმენაა  „ცხოვრება გადარჩენისთვის ბრძოლაა“ , ხოლო ვინაც განვითარებაზე აკეთებს თავის აქცენტებს, მისი ბაზისური დაშვებაა „ცხოვრება განვითარებისაკენ სწრაფვაა“. შესაბამისად  თითოეული მათგანი ცხოვრებიდან ღირებულებებისა და რწმენების მიხედვით ღებულობს (სახარებისეული „რწმენითა შენითა მოგეცეს“). ვინაც განვითარებაზეა ორიენტირებული, იგი დასაქმებისა და თვითდასაქმების კუთხით მიმართულია მასზედ, რომ  სამსახურიდან არა მხოლოდ ხელფასი, არამედ რამენაირი განვითარებისა და წინსვლის იმპულსიც მიიღოს  პიროვნული ან კარიერული ზრდის კუთხით.  მეორეს მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები უფრო  ზრუნავენ  სერვისების ან პროდუქტების  მაღალ ხარისხიანობაზე, ისინი განვითარებისაკენ სწრაფვის რეალიზაციას ხარისხის  ზრდითაც ახდენენ. ამას გარდა განვითარებისაკენ სწრაფვის მეოხებით ისინი თავიანთ საქმიანობასა ც ავითარებენ: თუ ბიზნესში არიან, მის განვრცობასა და განახლებაზე ზრუნავენ, თუ საჯარო სექტორში არიან , არ შემოიფარგლებიან ჩინოვნიკური  შტამპებით და ნოვაციებს ნერგავენ. რახან  განვითარებისა და თვითგანვითარებისაკენ მიმართული იმპულსები ამ ადამიანებს გამუდმებით კრეატიულობისა და განახლებისაკენ უბიძგებს, ისინი დასაქმებისა და თვითდასაქმების პრობლემასაც კრეატიულად უდგებიან. კრეატიულობა და მოქნილობა მათ ხელს უწყობს, რომ  საინტერესო სამსახური მოძებნონ და იქ დაიწყონ მუშაობა ან კი მათთვის საინტერესო საქმეს იჩენენ და თვითდასაქმებას წარმატებით მიმართავენ.
ადამიანებს აქვთ ღირებულებები და რწმენები, მაგრამ ამავე დროს თვით ეს ღირებულებები ისეა ამა თუ იმ პიროვნებაში მოცემული, რომ ისინი ქმნიან გარკვეულ იერარქიას. ზოგი ღირებულება პირველ ადილს იკავებს ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხოლო ზოგიც მეორეს, მესამეს ან, ვთქვათ, მეათეს. ადამიანთა ცხოვრებისეული და, თუ გნებავთ, შრომითი ან დასაქმებითი მოტივაცია მნიშვნელოვანწილად  განსაზღვრულია მათი ღირებულებებითა და ამ ღირებულებათა იერარქიული განლაგებით. ვთქვათ გესმით ასეთი საუბარი გამოგონილ პეტრესა და პავლეს შორის: პეტრე - „რამე გვეშველება?“; პავლე - „გვეშველება, თუკი ხელისუფლებასა და მთავრობაში მოვლენ ისინი, ვინც ხალხზე იზრუნებენ“. ასეთი მსჯელობები ხშირად გვხვდება. ამ საუბარში ჩანს, რომ საუბრის ორივე წევრს ერთი ღირებულება აერთიანებთ, რაც შესაძლოა ორივესათვის დომინანტურიც კი იყოს. ესაა  ზრუნვის საგნად ყოფნა.  ამ ადამიანებისათვის ღირებულია ცხოვრება ისე აიწყოს, რომ  ისინი გარანტირებული ზრუნვის საგანი იყვნენ. მათ შეიძლება სურდეთ, რომ ფული თვითონ მოდიოდეს. მათ შეიძლება  აიღონ ბიზნეს-კრედიტი იმ საბაზო დაშვება, რომ გარანტირებული ექნებათ შემოსავლების ზრდა. მათ  პირველ რიგში ის უნდა ესმოდეთ, რომ  ბიზნეს-შემოსავლების ზრდა  კი არ არის გარანტირებული, არამედ მყარად გარდაუვალია, რომ მათ აღებული სესხის დაბრუნება მოეთხოვებათ თავისი პროცენტებითურთ.  არ არსებობს გარანტიები, რომ  საბაზრო ეკონომიკის, ისე შრომის ბაზრის კარები ღია იყოს მათთვის,  ვინაც თავიანთ წამოწყებებში მხოლოდ გარანტიების, ზრუნვისა და მხარდაჭერის მიღებაზე არიან ორიენტირებულები. მეორეს მხრივ, ჩვენში  შეიძლება წააწყდეთ ასეთ აცილებით იშვიათ საუბარს:  პეტრე -„რა არის შენი ბოლო წარმატება?“; პავლე -„ ერთი პროექტი შევიმუშავე,  ნაღდად განვახორციელებ და ბევრი ადამიანი მიიღებს სარგებლობას“.  ამ საუბარში ჩანს შემდეგი ღიებულებები: 1) წარმატების მიღწევაზე ორიენტაცია; 2) საკუთარ ძალებში რწმენა; 3) სხვებზე ზრუნვა. ამ ღირებულებების მქონე ადამიანები უფრო ხშირად არიან წარმატებულები დასაქმების და თვითდასაქმების თვალსაზრისით.
დაადგინეთ თქვენი ღირებუებები და გადაამოწმეთ თქვენი უნარ-შესაძლებლობები და გეგმები, თუ შეესაბამებიან ისინი თქვენს ღირებულებებს. იქნებ ცვლილებეია შესატანი თქვენს უნარებში, ინებ კიდევ ახალი უნარების ათვისებაა საჭირო, რათა თქვენი ღირებულებებმა განიცადონ რეალიზაცია დასაქმებისა და თვითდასაქმების პროცესში.
ღირებულებები და რწმენები ქმნიან ჩვენს ჩენს მოტივაციას და ცხოვრების საზრისს. მაგრამ  წარმატებული ცხოვრებისათვის ესეც არ არის საკმარისი. საჭიროა კიდევ გადავდგათ ერთი ნაბიჯი უფრო მაღალი დონისაკენ. 
5.      პრობლემის გადაწყვეტის მეხუთე დონეა იდენტობის დონე. ჩვენი იდენტობა  საკმაოდ ვრცელი წარმონაქმნია და იგი მრავალი წახნაგისაგან შედგება.  იდენტობა შეიძლება იყოს ეროვნული, ეთნიკური, პროფესიონალური, სქესობრივი, სოციალური, პოლიტიკური და ა.შ. იდენტობა არა მხოლოდ ჩვენს თვითმყოფადობას განსაზღვრავს, არამედ იმასაც, თუ ვის ან რას მივეკუთვნებით. ამას გარდა იდენტობიდან მომდინარეობს ის მისია და დანიშნულება, რაც ჩვენ გვაკისრია. იდენტობა არა მხოლოდ ცალკეულ პიროვნებებს აქვთ, არამედ ორგანიზაციებს, კლუბებს, სოციალურ ჯგუფებს და ა.შ. იდენტობის დონის ანალიზისას წამყვანი კითხვაა ვინ?
ისევ დასაქმებისა და თვითდასაქმების კუთხით შევხედოთ საკითხს. თუ არ ხარ დასაქმებული და ხარ უმუშევარი, შენი როგორც პიროვნების იდენტობა შერყეულია. თავი რომ გააიგივო უმუშევარ ადამიანთა კატეგორიასთან, რომელსაც ყველამ  უარი უთხრა, რომ მისი ადამიანური უფლება შრომაზე დაკმაყოფილებულიყო, თავს უსუსურად იგრძნობ. ერთის მხრივ ის, რომ უმუშევარი ხარ და საკუთარი შემოსავლები არ გაქვს, რათა თავი ირჩინო, ეს ძალიან შემაწუხებელია როგორც მატერიალურად, ისე თვითშეფასებისა და „მე“-კონცეპციის თვალსაზრისით.  ამავე დროს უსუსურობის გარდა შეიძლება გაგიჩნდეს ერთგვარი სირცხვილის გრძნობა სხვათა წინაშე და უვარგისობის განცდა. თუ ამას ისიც დაემატა, რომ შენი თაობის ან შენნაირ ადამიანებს, რომელთაც შრომაც შეუძლიათ და გარჯაც, ქვეყნის მეთაურმა „ჩარეცხილი“ უწოდა, კიდევ უფრო გაგიძლიერდება გულისტკივილი.
მეორეს მხრივ, თუ დასაქმებული ხარ, მაგრამ ისეთ რაიმეს აკეთებ ან ისეთ დაწესებულებაში ხარ ან იმ პოზიციაზე ხარ, რაც სრულიადაც არ შეესაბამება არც შენს სურვილებს და არც შენს ღირებულებებს და ეწინააღმდგება კიდეც მას, ამ დროს შენი იდენტობა ისევ იქნება შელახული იმით, რომ შენს ადგილას არ ხარ ან საკუთარ თავს უღალატე. ამდენად მყარი იდენტობისათვის სრულიად აუცილებელია იყო დასაქმებული და იმავდროულად გიხაროდეს სამსახურში მისვლა, აკეთებდე ისეთ რაიმეს და ემსახურებოდე ისეთ საქმეს, რაც გულით გიყვარს. აი , სწორედ ასეთ სამსახურში შეიძლება გაგეხსნას გრძნობა, რომ ამ ცხოვრებაში გაქვს მნიშვნელოვანი მისია და მას სიხარულით ანხორციელებ კიდეც. ეს კი ბედნიერების გრძნობის მნიშვნელოვანი ინგრედიენტია.  ასეთ სამსახურის ძიების  შესახებ ნლპ-ს ერთერთი შემქმნელი  ჯონ გრინდერი ურჩევდა ადამიანებს საკუთარი თავისათვის  დაესვათ კითხვა: ეს ის სამუშაოა, რისთვისაც შეგიძლია ფული იხადო და უხელფასოდაც სიამოვნებით იმუშავო?
ამდენად თუკი თქვენს დასაქმებას უყურებთ როგორც საკუთარი იდენტობისა და მისგან მომდინარე მისიის  რეალიზაციის საშუალებას, მაშინ ეძებეთ არა რაგინდარა სამსახური, არამედ სწორედ ისეთი, რომელიც თქვენს ღირებულებებთან თანხვედრაშია და მთელი გულით გიყვართ. ეძიეთ და იპოვით! იპოვით და დაეუფლებით ბედნიერების გრძნობას და იქნებით წარმატებული! მაგრამ ესეც არ არის საკმარისი სრული წარმატებისათვის.
6.      წარმატებული ცხოვრების მეექვსე დონეა სულიერების დონე.  სულიერების დონე განისაზღვრება იმით, რომ ჩვენ ნაწილი ვართ უსასრულოდ დიდი მასშტაბის სისტემისა,  რომელიც  ჩვენი ინდივიდუალობის საზღვრებს სცილდება  და ვრცელდება ოჯახზე, საზოგადოებაზე, ქვეყანაზე, კაცობრიობასა და გლობალურ პროცესებზე, პლანეტასა და სამყაროზე, უნივერსუმზე- ღმერთზე. აქ ისმის კითხვები ვისთვის?/რისთვის?
მოდით ჩვენც დავსვათ ამ კითხვებს და მავე დროს განვიხილოთ იგივე დასაქმების თემა ოჯახთან, საზოგადოებასა და ქვეყანასთან, კაცობრიობასთან, პლანეტასთან და ღმერთთან (უნივერსუმთან) მიმართებაში.
7.    პრობლემის გადაწყვეტის მეშვიდე დონედ შეიძლება დავსახოთ ოჯახის დონე. ყველა კონკრეტული ოჯახი სისტემური მთლიანია. მისი ისტორია და გენეოლოგია უნიკალურია, მისი ძირები კი უთვალავ საუკუნეებში იკარგება. ამავე დროს ოჯახს თავისი აწმყო, სტრუქტურა და დინამიკა, პრობლემები და სიხარულები აქვს. შევხედოთ ოჯახს დასაქმებისა და თვითდასაქმების კუთხით.
ძნელია, როცა ოჯახის რომელიმე ზრდასრული წევრი უმუშევარია. როცა ქვეყანაში ტოტალური უმუშევრობა და  სიღარიბეა, ძალიან ბევრი ადამიანი ოჯახის სარჩენად შრომით მიგრაციაში მიდის საზღვარგარეთ. ასე მოხდა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებისა და 21 საუკუნის პირველი დეკადის საქართველოში. ეს პროცესი გაცილებით ნელი ტემპებით ახლაც მიმდინარეობს საქართველოში. ადამიანები მიდიან საქართველოდან  და საზღვარგარეთ ნაშოვნი ფულის ნაწილს ოჯახში აგზავნიან. იმდენად დიდია უცხოური ვალუტის გზავნილების რაოდენობა საქართველოში, რომ 2015 წლის ლარის კურსის დაცემა ნაწილობრივ მანაც განაპირობა: სხვადასხვა ქვეყნებში კრიზისებისა გამო უცხოური ვალუტის (უმეტესად დოლარის) შემოდინება საქართველოში საგრძნობლად შემცირდა იმ ადამიანთა მხრიდან , ვისაც წინა წლებში რეგულარული გზავნილები ჰქონდა ჩვენს ყვეყანაში თავიანთი ოჯახებისათვის.
 ეს არ არის ნორმალური, რომ სხვა ქვეყანაში მუშაობდე და იქიდან არჩინო საკუთარი ოჯახი იმის ხარჯზე, რომ საკუთარ ოჯახს მრავალი წლების განმავლობაში მოცილებული ხარ და ამ სხვა ქვეყანაშიც არალეგალურად ან ნახევრად არალეგალურად ცხოვრობ. იქნებ დაფიქრდე იმაზე, ღირს თუ არა ამდაგვარი დასაქმება სხვათა ქვეყანაში, იქნებ იგივე ან უკეთესი სამუშაო საქართველოში მოგეძებნა: მიმოიხედე შენსავე ქვეყანაში და უსათუოდ მოძებნით არანაკლებ შანსს, იმავდროულად საკუთარ სახლში მაინც იქნებოდით და ასცდებოდით ნამალავი ცხოვრების ავან-ჩავანს. მეორეს მხრივ, ისინი ვინც სხვა ქვეყანაში ლეგალურად და ინტეგრირებულად ცხოვრობენ, იქაური მოქალაქეობაც მიიღეს და შესაფერისი დასაქმებაც აქვთ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. მათ ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა თავის ქვეყანაში ლეგალურად ჩამოვიდნენ და აქედან იმ თავის სამუშაო ქვეყანაშიც ლეგალურად გაემგზავრონ.
როცა სამსახურის ძიებაში ხართ, გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის ერთიანობა და ურღვევობა; შეეცადეთ ოჯახთან დაკავშირებული ღირებულებები წინააღმდეგობაში არ მოვიდეს თქვენი მომავალი სამსახურის საქმიანობასთან. ეცადეთ იაზროთ დასაქმების საზრისი იმგვარად, თუ როგორ უწყობს ხელს ეს სამსახური თქვენი ოჯახის მატერიალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონის ამაღლებას. თუ ბიზნესში შეხვედით და გრძელვადიანი კრედიტი გაქვთ ასაღები, გაითვალისწინეთ თქვენი ოჯახის საჭიროებები და მათი დაკმაყოფილების საშუალებები, ხომ არ შეეწირება თქვენს ბიზნეს-წარმატებას ოჯახური ბედნიერება.
8.      წარმატებული ცხოვრების შემდგომი დონეა საზოგადოებისა და ქვეყნის დონე. შეეცადე იაზრო  შენი სამსახურეობრივი ან ბიზნეს-საქმიანობა საზოგადოებისა და ქვეყნის სამსახურის ჭრილში. გადახედე შენს პრიორიტეტებს დასაქმების ან თვითდასაქმებების კუთხით და კარგად გამოკვეთე თუ რაოდენ წაადგებოდა შენი საქმიანობა იმ პრიორიტეტების განხორციელებასა  და საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც შენი ქვეყნისა და ფართო საზოგადოების ან ლოკალური თემისათვის არის დამახასიათებელი როგორც მოემულ მომენტში ისე ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივაში. დაისახე შორსმავალი მიზნები, რომლებიც არა მხოლოდ შენი პირადი კეთილდღეობის, კარიერის ან წარმატებული ბიზნესის შენებას ემსაურება, არამედ ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივების კონტექსტში ჩასვი შენივე დასაქმება.
დასაქმებისა და თვითდასაქმებისადმი ან ზოგადად წარმატებული ცხოვრების აგებისადმი ასეთი მიდგომით არა მხოლოდ თქვენს კარმას გაიუმჯობებესებთ და ერთი ათად სასიკეთოდ დაგიბრუნდებათ თქვენი ხედვები, არამედ თქვენ ცეცხლს შეუნთებთ იმ პროცესს, რომ საზოგადოებაში იმატოს იმ ადამიანთა რაოდენობამ, რომლებიც ცდილობენ საკუთარ ქვეყანაში ცხოვრებით მოახდინონ თავიანთი პიროვნების თვითრეალიზაცია.
9.      წარმატებული ცხოვრების მეცხრე დონეა კაცობრიობისა და პლანეტარული დონე. შენი ცხოვრება მით უფრო წარმატებული და ბედნიერია, რაც უფრო შეესაბამება იგი საკაცობრიო უნივერსალურ ღირებულებებსა და განვითარების ტენდენციებს, პლანეტარულ პროცესებს. როცა შენი პიროვნული ან სამსახურეობრივი საქმიანობით მიერთებული ხარ კაცობრიობის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანთა ზნეობრივად ამაღლებულ იდეალებს; როცა მცირეოდენი წვლილი მაინც შეგაქვს პლანეტის ეკოლოგიურ კეთილდღეობაში; როცა იმის განცდა გაქვს, რომ კაცობრიობის ის ნაწილი ხარ, რომელიც  ცდილობს მის უფრო გაკეთილშობილებასა და კეთილმოწყობას; როცა კაცობრიობის წინაშე მისიის გრძნობა გიპყრობს და განცდაში გაქვს მოცემული, რომ შენზეც ბევრი რამ არის დამოკიდებული -  ყველაფერ ამას ილუზიაში კი არ შეჰყავხარ, არამედ პირიქით: ასეთი პოზიციის გარეშე თვითონ ცხოვრებაა ილუზია.
10.   წარმატებული ცხოვრებისა და პრობლემის გადაწყვეტის მეათე დონეა ღმერთის, სამყაროს , უნივერსუმის დონე. ჩვენ არა მხოლოდ სამყაროს, ღმერთის, უნივერსუმის ნაწილი ვართ, არამედ თვით ღმერთია ჩვენში, სამყარო  და უნივერსუმი როგორც მაკროკოსმი ჩვენში ჩასმულია როგორც მიკროკოსმში. არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ღმერთი, სამყარო, უნივერსუმი, არამედ ჩვენც ვჭირდებით ღმერთს, სამყაროს, უნივერსუმს. ასეთი კოსმიური ხედვები სულაც არ არის ილუზია, პირიქით, ინდურ სანსარასა და მაიაში ცხოვრობენ სწორედ ისინი, ვისაც ასეთი ხედვები არა აქვს. ამ უკიდეგანო სამყაროს აქვს უსასრულო მცირეს და უსარულო დიდის  განზომილებები. და ჩვენც როგორც როგორც უსასრულოდ მცირე არსებანი ამ უკიდეგანო სამყაროში, ვართ გარკვეული მისიის მატარებლები. ეს მისია ღმერთისა და ადამიანთა წინაშე მისიაა - ვმსახურებდეთ სიკეთეს. ასეთ მსახურებას უნდა მიუსადაგოთ თქვენი დასაქმება ამა თუ იმ სფეროში, სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ: ნაგვისაგან ასუფთავებდეთ შენობას თუ ავადმყოფს მკარნალობდეთ, სპორტულ რეკორდს ამყარებდეთ თუ ხელოვნებას ეზიარებოდეთ, მოსწავლეებს ამეცადინებდეთ თუ დიდ მეცნიერულ პრობლემას ეჭიდებოდეთ, ბიზნესს ეწეოდეთ თუ ბალახს თიბავდეთ, სამართლიანობას ამკვიდრებდეთ თუ ლოცულობდეთ....
 ღმერთმა დაგლოცოთ და ბედნიერ შობას გისურვებთ!

                                                                                                             თბილისი, 2016, 4 იანვარი