2.22.2016

ტკივილი და პიროვნული ზრდა

წარმატების 365 დღე
101-ე დღე
ტკივილი პიროვნული ზრდის თანამდევი პროცესია. სხვანაირად ვერც იქნება, რადგან თქვენ მთელი ცხოვრების განმავლობაში ათასნაირ ტკივილებს გაურბოდით, ფიზიკურს თუ სულიერს. მაგრამ იმით რომ გაურბოდით, ეს ტკივილები არსადაც არ გამქრალან. ისინი გროვდებოდნენ. პიროვნული ზრდის დროს თქვენ გინდათ თუ არ გინდათ უნდა აღმოჩნდეთ ყველა იმ ტკივილების პირისპირ, რომლებსაც თრგუნავდით ან გაურბოდით, მაგრამ რომლებიც დაგიგროვდათ.  თქვენ გაგიჭირდებათ მათ აუაროთ გვერდი. უფრო მეტიც: თუ გინდათ პიროვნული ზრდა და დაგროვილ ტკივილთაგან განთავისუფლება, ისინი უნდა მიიღოთ როგორც მოცემულობა, თვალი გაუსწოროთ და არა თვალი დაჰხუჭოთ მათზე, გააცნობიეროთ, გადაამუშავოთ და მოინელოთ.
ტკივილი  და სიამოვნება ერთი მედლის (სიცოცხლის) ორი მხარეა, ამიტომაც ისინი ერთმანეთზეა გადაბმული. ადამიანი გაურბის ტკივილს  და ცდილობს იგი დათრგუნოს, მაგრამ  რაც უფრო გაურბის მას, მით უფრო გროვდებიან ტკივილები; იგი მით უფრო ღრმად ჩაყლაპავს ამ ტკივილებს და საკუთარი ქვეცნობიერის საცავს ავსებს ტკივილთა ზე-მარაგით. ბოლოს კი ადამიანი მიდის იქამდე, რომ თვლის: იმისათვის რომ გაექცე ტკივილს, უნდა შებოჭო, დათრგუნო ან თავი აარიდო სიამოვნებას. ეს კი იმიტომ, რომ სიამოვნება განიხილება როგორც ტკივილის აღმოცენების წყარო; ადამიანები ამით საკუთრივ სიამოვნებას კი არ გაურბიან, არამედ ტკივილს აირიდებენ , რადგან ტკივილი სიამოვნების ჩრდილია, ხოლო მაგალითად, ხის ჩრდილი რომ მოსპო, ხე უნდა მოჭრა.
ადამიანები გადამეტებულად  გაურბიან ტკივილს. ისინი წინასწარ სვამენ ათასნაირ ტკივილ-ამარიდებელ წამლებს და თავს იმდაგვარად შეიფუთავენ, რომ არაფერი ტკივილის მომტანი არ შეეხოთ.  ისინი წინასწარ თავს იზღვევენ მოსალოდნელი ტკივილის საფრთხისაგან. ისინი თითქოს დაზღვეულობის  კაფსულაში შეძვრებიან და კაფსულირდებიან. ასეთი კაფსულირების სათავე სიკვდილის შიშია, რადგან ტკივილის შიში  სიკვდილის შიშიდან მომდინარეობს. ვისაც სურს დატკბეს სიცოცხლით, შეიცნოს  ცხოვრება და გამოიცხოვროს სისხლსავსე ცხოვრება, მან უნდა მიიღოს, შეიწყნაროს და მოისიყვარულოს სიკვდილი. სიკვდილ-სიცოცხლე ერთიანი პროცესია.  სიკვდილის დათრგუნვითა და არიდებით ჩვენ სიცოცხლეს ვთრგუნავთ, რადგან  ვცხოვრობთ არა სიცოცხლის ჟინით და სიხარულით, არამედ სიკვდილისგან თავის დახსნის  კაფსულირებულ რეჟიმში და, პირიქით, სიცოცხლის დათრგუნვით სიკვდილს ავირიდებთ, მაგრამ ისევ ვკაფსულირდებით სიცოცხლე-დათრგუნულ ვითარებაში.  როგორც ერთის, ისე მეორის დათრგუნვით ერთსა და იმავე შედეგს - კაფსულირებულ სიცოცხლეს ვღებულობთ, რაც ყოველგვარ პიროვნულ ზრდას გამორიცხავს.  ეს სრული სტაგნაცია და ჭაობია.
თუ გინდა ტკივილებისგან განთავისუფლდე, აირჩიე ტკივილის უპირობო, უკრიტიკო და ყოველგვარი შეფასების გარეშე  მიღების გზა. როგორც კი დაიწყებ ტკივილის არ-მიმღებლობას და ამავე დროს დაიწყებ მის უარყოფით შეფასებას, ჩივილს "ის არ უნდა იყოს" და "რატომ მაინცადამაინც მე დამემართა", იმ წუთშივე ტკივილს დაემატება წუხილი და ტანჯვა ტკივილისა გამო. ეს წუხილი დ ტანჯვა  კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს. უნდა მოიქცეთ ისე, როგორც ბუდა ურჩევდა თავის მოწაფეებს, რომ თავის ტკივილის დროს უბრალოდ შიგნით გაემეორებინათ ფრაზა "თავი მტკივა, თავი მტკივა" და დაედასტურებინათ თავის ტკივილის  ფაქტი ყოველგვარი შეფასებისა და წუხილის გარეშე, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე თუ "რატომ ატკივდათ თავი", რომ "ტკივილი უნდა გაქრეს" ან "ის არ უნდა იყოს". "უნდა" ხშირად გვევლინება ჩვენი ცხოვრების მტრად, განსაკუთრებით კი  როცა საქმე ეხება ტკივილს. "არ უნდა იყოს"- არსებობის აკრძალვის მოთხოვნა და ბრძანებაა. იგი არსებულის ლიკვიდაციას მოითხოვს. მაგრამ სამყარო და სიცოცხლე სპონტანური ნაკადია და ვერ ჩაეტევა "არ უნდა იყოს"-ს მარწუხებში. ამიტომაც როცა იწყება "არ უნდა იყოს", იქვე იწყება წუხილი, ტანჯვა და ახალი ტკივილი. სამყაროში რაც არსებობს, მას არსებობის გამართლება და უფლება აქვს, ხოლო მისი სრული მოსპობა  აბსურდული ამოცანაა, რადგან არაფერი არ ქრება უკვალოდ და ყველაფერი განიცდის ფერისცვალებასა და გარდასვლას სხვადასხვა ფორმით.  თქვენ შეიძლება გააყუჩოთ ან ჩაკლათ ტკივილი, მაგრამ იგი გადაინაცვლებს ორგანიზმის უფრო ღრმა შრეებში და განსხვავებული ფორმით მოგევლინებათ. რაც უფრო ცდილობთ არ იყოს ტკივილი, რაც უფრო მეტად იციკლებით "არ უნდა იყოს" შესახებ წუხილზე, მით უფრო აკუმულირდება ტანჯვა და ტკივილი. აქამდე იყო მხოლოდ ტკივილი, ახლა კი სახეზეა ტკივილს პლუს ტანჯვა ტკივილისა გამო. ამიტომაც ჩამოაცალე "არ უნდა იყოს" ტკივილს, მედიტაციურად მოექეცი მას, გაუსწორე თვალები და მიანათე ცნობიერების შუქი. ტანჯვა გაქრება და ტკივილიც შემცირდება,  თავის დროზე  კი ტკივილი გაქრება კიდეც. ამით პიროვნული ზრდის ახალ დონეზე ადიხარ.
ახლა კი შეიძლება პიროვნული ზრდის ტექნიკების თვალსაზრისით  ერთი  ფანტასტურად საინტერესო ვარიანტი განვიხილოთ. ეს ტექნიკა ამოდის იმ მოცემულობიდან, რომ ადამიანი  ცოცხალ არსებათა შორის ერთადერთია, რომელსაც აქვს სიცილის რეაქცია. მხოლოდ ადამიანი იცინის, არცერთი ცხოველი არ იცინის.  ადამიანისათვის ასევე უნიკალურია  მადლიერების გრძნობა. სიტყვა მადლიერების ძირი მადლია, ხოლო მადლი უფლისეულია.  მოდით ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ შევაუღლოთ ერთმანეთან  სამი მდგომარეობა: ტკივილი, მადლიერება და სიცილი.  თქვენ მკითხავთ, რა შუაშია ტკივილთან მადლიერებაო. საქმე იმაშია, რომ ნებისმიერი ტკივილი სიგნალი და შეტყობინებაა ორგანიზმის რეალური მდგომარეობის შესახებ; რომ არა  ტკივილი,  ადამიანი დროზე ვერ შეიტყობდა იმ საფრთხის შესახებ, რაშიც ორგანიზმი და ადამიანის არსება იმყოფება. ამისათვის ტკივილი ნამდვილად იმსახურებს მადლიერებას. მეორეს მხრივ, ტკივილი შეიძლება იმ ცვლილებებისკენ ბიძგი იყოს, რაც სასიკეთოდ  შეიძლება  მოუბრუნდეს  ადამიანს. ამისათვისაც ტკივილი იმსახურებს მადლიერებას.  მესამე თვალსაზრისით, ტკივილის   გამოისობით ჩვენ ადამიანთა მხრიდან ვღებულობთ ადამიანურ მხარდაჭერას, თანადგომასა და დახმარებას, რითაც ახლებურად ვგებულობთ ადამიანური  თანაგრძნობისა და თანადგომის ძალას. ესეც ერთი საბაბია  იმის, რომ ტკივილს მადლიერებით მივმართოთ. მეოთხეც, ტკივილის დაძლევითა და მისი ამტანობით ვიწრთობით და ვსწავლობთ "ჭირსა შიგან გამაგრებას".  რაც შეეხება სიცილს, იგი აშკარად პოზიტიური და საპირისპირო რეაქციაა  იმ რეაქციებისა, რაც ტკივილს მოჰყვება. ამიტომაც თუკი სიცილის რეაქცია "დაემყნობა" ტკივილს, ეს გამოიღებს აშკარად სასიკეთო ნაყოფს.  ამ მსჯელობებიდან გამომდინარე გთავაზობთ ტკივილის დაძლევის  სამ ნაბიჯოვან  ტექნიკას.
ნაბიჯი პირველი
თუ რეალურ ტკივილს განიცდი, აქციე ეს ტკივილი მედიტაციის საგნად და მიანათე მას გაცნობიერების შუქი,  გაუსწორე მას თვალები, ნუ შეაფასებ, ნუ განერიდები   და გაეხსენი ტკივილს, მიიღე იგი. თუ ამ წუთას რეალურ ტკივილს არ განიცდი, მაშინ გაიხსენე  ან წარმოისახე  ის  მომენტი, როცა ტკივილი გაწუხებდა და მიანათე მას ცნობიერების შუქი.
მეორე ნაბიჯი
განეწყვე მადლიერების გრძნობით რეალური ან წარმოსახული ტკივილისადმი. შენს გონებაში წარმოთქვი მადლიერების სიტყვები ტკივილისადმი, რომ შენ იგი  გაძლევს მნიშვნელოვან სიგნალს, გიბიძგებს სასიკეთო ცვლილებებისაკენ, ხელახლა გაგრძნობინებს ადამიანთაგან სითბოსა და თანადგომას,  გასწავლის ამტანობასა და "ჭირსა შიგან გამაგრებას".
ნაბიჯი მესამე 
მიუერთე სიცილის რეაქცია ტკივილის უპირობო მიმღებლობას, მასზე მედიტირებასა და ამავე დროს მისდამი მადლიერებას. გადააფარე ღიმილისა და სიცილის გამომეტყველება ამ მედიტირებასა და   გრძნობას, გამოაღვიძე ის შეგრძნებები, რასაც გრძნობ ღიმილისა და სიცილის დროს, გამოუშვი ის ბგერები, რაც სიცილს ახლავს.
ამ ტექნიკით თქვენ ადვილად დარწმუნდებით, რომ ტკივილის დაძლევა შესაძლებელია არა-მედიკამენტოზური  გზითაც. მე იმის თქმა კი არ მსურს, რომ ტკივილ გამაჩუყებელები  ამოიღეთ ხმარებიდან-თქო, არამედ იმის ხაზგასმა მსურს, რომ თქვენს წარმატებულ ქმედებათა და გამარჯვებათა  არსენალში შეგიძლიათ შეიტანოთ ტკივილის ფსიქოლოგიური ძალისხმევით  დაძლევის გამოცდილება, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თქვენს პიროვნულ ზრდაში. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!