10.23.2015

ცხოვრების რამდენი წელი დაგრჩათ?


წარმატების 365 დღე
მე-100  დღე
ცხოვრება დროსა და ხანიერობაში გაშლილი პროცესია.  ამდენად დრო და ხანიერობა არა მარტო ის ფონია, რომელზეც გათამაშდება ცხოვრების ესა თუ ეს სცენები, არამედ ის შინაგანი ძრავია, რაც ცხოვრებას წარმართავს. ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსი, ნობელიანტი ანრი ბერგსონი თვლიდა, რომ ფსიქიკური ცხოვრებისა და ცნობიერების ქსოვილი ხანიერობაა (duree). იგი გაგებულია როგორც მდგომარეობათა უწყვეტი ცვალებადობისა და ურთიერთგარდასვლის  ნაკადი; სასიცოცხლო იმპულსი  და  სწრაფვა (elan vitale) ხანიერობითაა განსაზღვრული და ამდენად ცხოვრება არა სივრცეშია განფენილი, არამედ დროშია გაშლილი. აქ იგულისხმება  არა მექანიკური და რაოდენობრივ ერთეულებად დაშლილი დრო, არამედ ცოცხალი დრო, რომელიც წმინდა თვისობრიობით  არის გაჯერებული.  აქ ლაპარაკია არა საათზე "განთავსებულ"  მექანიკურ დროზე, არამედ შინაგან სასიცოცხლო დროზე, რომელიც საათითა და სხვა აპარატებით ვერ გაიზომება. ეს კარგად ჩანს ფსიქოლოგიური დროს თავისებურებებში, რომელიც სრულიად განსხვავდება ქრონოლოგიური ან საათობრივი დროისაგან. მაგალითად, როცა რაიმეს მოუთმენლად ელოდები, შეიძლება დრო უსასრულო საუკუნეებად  გაიწელოს;  ან კიდევ, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ცხოვრებამ ერთ წუთში ჩაიქროლა, თუმცა შეიძლება ცხოვრების ეს მონაკვეთი არათუ ერთ წუთს ეხებოდეს, არამედ მთელ 60 წელიწადს.  
ამ შესავლის შემდეგ  მინდა შევეხო თქვენთვის ნაცნობ განსხვავებას სიცოცხლესა და ცხოვრებას შორის. როცა სიცოცხლეზე  ვსაუბრობთ, მეტწილად მხედველობაში გვაქვს ბიოლოგიური ფაქტი, რომ ვარსებობთ, ხოლო სიტყვა ”ცხოვრება” ბიოლოგიურ ცოცხლობაზე მეტს ნიშნავს და გულისხმობს აქტიურ ქმედებებს, მოღვაწეობას, თავგადასავლებს, დაბრკოლებათა გადალახვას, რაღაცის მიღწევას,  გაჭირვებას ან დალხენასა და ბედნიერებას. საკუთრივ ცხოვრება კი შეიცავს 4 სახის ქმედებებს: 1) ქმედებები, რომლებიც თვითრეალიზაციაზეა გათვლილი და ყველაზე არსებითი ან სანუკვარი ოცნებების, სურვილებისა და მიზნების მიღწევას ემსახურება; 2) ქმედებები, რომლებიც იმ ვალდებულებებისა და საქმიანობების განხორციელებას გულისხმობს, რომლებიც შენი ნებიდან და სურვილებიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ვალდებული და იძულებული ხარ აკეთო, დიდი ინტერესი მათდამი არც კი გაქვს, მაგრამ სავალდებულოა აკეთო, უნდა შეეგუო; მაგალითად,  მუშაობ სამსახურში, რაც სულაც არ გაინტერესებს, მაგრამ სავალდებულოა იმსახურო, თორემ ხელფასი არ გექნება; 3) უქმად ყოფნა, დასვენება, დროს ტარება, მანქანათა  საცობში  ან რიგში ყოფნა, ტელევიზორის ყურება, გაზეთების კითხვა, კროსვორდის შევსება, სმა-ჭამა და  ა.შ.; 4) სრული უმოქმედება ანუ ძილი (იურისტების განსაზღვრებით ხომ უმოქმედებაც  ქმედებაა).
ხანიერობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენს ზემოთ ჩამოთვლილ ცხოვრებისეულ ქმედებებს შემდეგი სტატისტიკური განაწილება აქვს: საშუალოდ ადამიანი  თავისი  ცხოვრების დროის 33%-ს ანდომებს ძილს;  დროის 35%-ს იგი უძღვნის მისთვის უინტერესო, მაგრამ სავალდებულო საქმიანობებსა და სამუშაოს; 13%-ი მიდის რუტინულ საქმიანობებსა, უქმად ყოფნასა, დროს ტარებასა, ტელევიზორის ყურებასა, ჭორაობასა თუ გართობაში, სმა-ჭამაში და ა.შ.; ხოლო დარჩენილ 19%-ს დროისას იგი ანდომებს თვითრეალიზაციას და დასახული მიზნების მიღწევას.  ზემოთქმულიდან გამომდინარე,  საშუალო ადამიანმა  70  წელი რომ იცხოვროს, აქედან 23,3 წელიწადს ძილში გაატარებს; 25 წელს კი მისთვის უინტერესო, მაგრამ სავალდებულო სამუშაოსა და საქმიანობებში, ვითარებებთან შეგუებაში იქნება ჩართული; 9,2 წელიწადს უქმად ყოფნასა, დროს ტარებასა, ტელევიზორის ყურებასა, ჭორაობასა თუ გართობაში გაატარებს; ხოლო 13,4 წელიწადს საკუთარი ცხოვრების საზრისის განხორციელების, სანუკვარი ოცნებებისა და  მიზნების მიღწევისა და თვითრეალიზაციის პროცესს მიუძღვნის. გამოდის, რომ ადამიანი თვითრეალიზაციისა და ცხოვრების საზრისის განხორციელებას 70 წლიდან მხოლოდ 13,4 წელს მოანდომებს, ხოლო  დანარჩენ 56,6 წელიწადს მოანდომებს  ძილსა, უინტერესო და ვალდებულებებით დამძიმებულ   საქმიანობასა  და დროის ფუჭად  ხარჯვას.  რაც აქამდე ვთქვი, ეხება სტატისტიკურად საშუალო ადამიანის ცხოვრებას, მაგრამ ყველა ადამიანი უნიკალურია და ძალიან  ბევრი ჩვენთაგანი სხვადასხვანაირად განკარგავს მისი ცხოვრების ხანიერობას. ზოგმა შეიძლება უფრო მეტი დრო მოანდომოს საზრისით ცხოვრებასა და თვითრეალიზაციას, ვიდრე 19%-ია; ეს კი იმის ხარჯზე, რომ ან ძილს მოაკლებს საათებს, ან ნაკლებად ჩაერთვება რუტინულ, უინტერესო და მხოლოდ ვალდებულებებით დამძიმებულ საქმიანობებში, ან კიდევ საგრძნობლად შეამცირებს დროის ფუჭად ხარჯვას. ზოგი კიდევ მეტ წილს უთმობს, რომ იცხოვროს ვალდებულებებითა და უქმად ყოფნის იმპულსებით და ნაკლებად იღწვის თვითრეალიზაციისა და საკუთარი მიზნების დასახვისა და მათი პირადი ძალისხმევით მიღწევისათვის.  ყველა თავისებურად  ეპყრობა  დროს  როგორც  ცხოვრების  უმნიშვნელოვანეს  რესურსს.
როგორც ვთქვით, ჩვენ ერთმანეთისაგან ვანსხვავსებთ სიცოცხლესა და ცხოვრებას. სიცოცხლის ქვეშ გვესმის  ბიოლოგიურ პროცესები და არსებობა, ხოლო ნამდვილი ცხოვრება უფრო იმასთანაა დაკავშირებული, რომ საკუთარი მისია შეასრულო და სულიერი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილო. ამდენად ცხოვრება უფრო თვითრეალიზაციას ემსახურება, ხოლო სიცოცხლე  ბიოლოგიური არსებობის შენარჩუნებას. იდეაში ჩვენ უფრო იმიტომ ვცოცხლობთ ბიოლოგიურად, რათა ჩვენი ცხოვრებისეული საზრისი განვახორციელოთ, და არა იმ მიზნით ვცხოვრობთ, რათა უბრალოდ ბიოლოგიურად ვიარსებოთ.
 ერთხელ ავთვისებიანი სიმსივნით დასნეულებულ პიროვნებასთან  (პირობითად მისი ინიციალებია ა.ბ., 72 წლის) ფსიქოთერაპიული საუბრისას  ძალიან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი  ცხოვრების წესში და, განსაკუთრებით კი, კვების საკითხში ცვლილებების შეტანის თვალსაზრისით.  ეს ის პერიოდი იყო, როცა მას პირველად უნდა გაევლო ქიმიოთრეაპიის კურსი და საშინელებად მიაჩნდა იგი. ამის გამო ფრიად გაღიზიანებული იყო, პესიმისტური ნოტებიც ჰქონდა საუბარში, ეჭვის ქვეშ აყენებდა ქიმიო-ს საჭიროებას და სხვა. მე დავიწყე მათან საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი დაავადება და მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნე ერთგვარი სიგნალია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები  უნდა შეიტანო საკუთარ ცხოვრებაში და, როგორც ამბობენ, დადგა ჟამი ცვლილებებისა. მე დავიწყე ა.ბ.-სთან საუბარი კვებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. იგი ყველა წინადადებაზე  მეწინააღმდეგებოდა  და ეპოტინებოდა იმ სტერეოტიპულ და მტკიცე კვებით ჩვევებს, რაც ლამის 72 წლის განმავლობაში შეუმუშავდა.   საქმე ეხებოდა დიდი ოდენობით ცხიმების მიღებას,  ღორის მწვადებს, ქონიან ძეხვეულს, ათასნაირ სოსისებს, ცომეულს, დიდი რაოდენობით პურის, მაკარონის, ტკბილი ნამცხვრების, შედედებული ტკბილი რძისა და არაჟანის მიღებას; შეთავაზება ეხებოდა  ამ ტიპის საკვების შემცირებას და მის  ჩანაცვლებას ცილებით, ბურღლეულით, თევზეულით, ვიტამინებითა  და ნახშირწყლების შემცველი ბოსტნეულითა და ხილით.  ა.ბ.-ს ძირითადი არგუმენტები იყო - 1)  რა აზრი აქვს ცვლილებას, ხომ მაინც უნდა მოვკვდე?  და 2) ერთხელ ვცხოვრობ და ხომ სჯობია ის ვჭამო, რაც მიყვარს?  პირველი  არგუმენტი ადვილად  გავუქარწყლე იმით, რომ ავუხსენი: "ცვლილების საკითხი არ ეხება უკვდავებას; შევიცვლებით თუ არ შევიცვლებით, საბოლოოდ მაინც მოვკვდებით. საქმე ეხება ცხოვრების ხარისხს, რომ უკეთ ვიცხოვროთ, სანამ ვცოცხლობთ; რომ ჩვენ ვცოცხლობთ, რათა უკეთ ვიცხოვროთ და ჩვენი მისია აღვასრულოთ". მაგრამ ის არგუმენტი - ერთხელ ვცხოვრობ და ხომ სჯობია ის ვჭამო, რაც მიყვარს? - ისევ კამათის ”კოზირად” რჩებოდა მისთვის, ისევ თავგამოდებით იცავდა თავის პოზიციას ამ "არგუმენტით".  აქ კი გადამწყვეტი როლი ითამაშა კითხვამ, რომელიც ა.ბ.-ს დავუსვი: შენ იმიტომ ცხოვრობ, რათა კარგად ჭამო, თუ იმიტომ ჭამ, რათა კარგად იცხოვრო?  საუბრის გაგრძელება ამ კითხვის გარშემო საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა  და ა.ბ-მ ნელნელა დაიწყო თავისი პოზიციის დათმობა და კვების ახალი რაციონისადმი დაინტერესება. ამის შემდგომ მე მას ავუხსენი ზემოთ მოტანილი ცხოვრების დროითი ბიუჯეტის სტატისტიკა 19% -თვითრეალიზაციის, 35%- ვალდებულებითი ცხოვრების,  33% - ძილისა და 13% - რუტინის შესახებ.
და აი, დაიწყო კიდეც მთავარი. მე ა.ბ.-ს დავუსვი კითხვა  - რამდენ ხანს აპირებ იცოცხლო? მისი მყისიერი პასუხი იყო: 3 წელი ანუ რახან ის 72 წლის იყო, 75 წლით განსაზღვრა თავისი სასურველი სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩვენ დეტალურად გავაანალიზეთ  და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ სამი წლიდან მხოლოდ 6 თვე რჩებოდა  მის ანგარიშზე, რომელსაც მოახმარდა თვითრეალიზაციას და  იმ ჩანაფიქრების განხორციელებას, რაც მას უხვად ჰქონდა და რაც მართლაც გულითა და სულით სურდა, ხოლო დანარჩენ 2 წელსა 6 თვეს მონდომებდა ძილს, ვალდებულებებით ცხოვრებას, რუტინას. მე მას ვკითხე: ეყოფოდა თუ არა აღნიშნული 6 თვე თვითრეალიზაციისა და ჩანაფიქრების ასრულებისათვის, რითაც თავის ცხოვრებისეულ საზრისსა და მისიას ჩათვლიდა ასრულებულად.  შევთანხმდით, რომ მხოლოდ 6 თვე მართლაც არ იყო სამყოფი. მაშინ მე მას შევთავაზე ცოტ-ცოტა დოზებით გაეზარდა სასურველი საცხოვრებო დრო; მაგალითად, ჯერ შევთავაზე 3 წელი და დამატებით 3 თვე, შემდეგ როცა მივიღე პასუხად, რომ სამი თვე არაფერს წყვეტდა, შევთავაზე ჯერ 3 წელი 6 თვე, მერე პლუს 9 თვე, ბოლოს 4 წელი, რაზეც ასევე არადამაკმაყოფილებელი პასუხი მივიღე; ამის შემდეგ მე გადავედი არა თვეების, არამედ წლების მომატებაზე და შევთავაზე ჯერ ნაცვლად 3 წლისა მომატებოდა 5 წელი და ეცხოვრა 77 წლამდე; აქაც , რომ გადავთვალეთ ზემოთხსენებული წესით, ავადმყოფმა გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან გამოუვიდა 14 თვე ჩანაფიქრთა რეალიზაციისათვის, რაც ასევე არ იყო საკმარისი. ასე გავაგრძელეთ თითო წლის მატება და ყველა წლის მომატებასთან ერთად ”ვტესტავდით” დროის ხანიერობას - იყო თუ არა იგი თვითრეალიზაციისათვის საკმარისი. ბოლოს მივედით იქამდე, რომ ოპტიმალურია 85 წლამდე იცხოვროს და ეს მისცემს საშუალებას ის სიკეთეები განახორციელოს, რაც მისი სანუკვარი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას წერტილს დაუსვამდა; ამით კი  ვალმოხდილი და ბედნიერი წავიდოდა ამქვეყნიური ცხოვრებიდან.

საუბრის ამ ეტაპზე დიდხანს ვისაუბრეთ თუ რას გააკეთებდა 85 წლის ა.ბ., რა გუნებ-განწყობაზე იქნებოდა, რას დაინახავდა ირგვლივ, რას გაიგონებდა და რას იგრძნობდა, რას წაიკითხავდა და რა ქმედებებს მიმართავდა. თან ვთხოვე ეს კარგად წარმოესახა. ამის შემდეგ ვთხოვე და შევთავაზე წარმოსახვით შესულიყო და ”ჩამჯდარიყო” 85 წლის იმდაგვარი ა.ბ.-ს როლში, რომელიც მან წარმოისახა და ამ როლის პოზიციიდან ანუ მომავლის გადმოსახედიდან (85 წლის ა.ბ.-ს გადმოსახედიდან) შეეფასებინა მისი აწმყო ანუ დღევანდელი წუხილები ქიმიოთერაპიის შესახებ. მან იქვე აღნიშნა, რომ მისთვის საოცრად გაფერმკრთალდა წუხილები ქიმიო-ს შესახებ და ის წინააღმდეგობა ახალი კვებითი რაციონების შესახებ აბსურდულად მოეჩვენა. შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ გადმოვადგმევინე ნაბიჯი 84 წლის ასაკში და ’ჩაჯდა” ამ როლში, 83 წლის ასაკში, 82 წლის ასაკში.... ვიდრე არ  მოვიყვანე დღევანდელ რეალობაში. ავადმყოფში რაღაც ახალმა ნერგმა დაიწყო გაღვივება, მასში ცვლილებები დაიწყო. ამ ერთი ფსიქოთერაპიული სესიის ბოლო აკორდი კი ის იყო, რომ მე და ა.ბ.-მ დავდევით ერთგვარი ”თერაპიული კონტრაქტი”, რომ ამიერიდან მისი სიცოცხლის ხანიერობას შევხედავდით 85 წლის კონტექსტში და ვიზრუნებდით შესაბამისი სამოქმედო პროგრამის შემუშავებაზე ამ ჩანაფიქრის შესასრულებლად.
როგორ გგონიათ ჩვენ შეგვიძლია დავაპროგრამიროთ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა? მე ვთვლი, რომ კი. ჩვენმა ცნობიერებამ არ იცის რამდენ ხანს ვიცხოვრებთ, მაგრამ ჩვენს ქვეცნობიერში არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენ ხანს ვიცოცხლებთ. და ბოლოს, ქვეცნობიერიც პროგრამირებადია, რადგან იგი ჩვენი ჩალექილი აზრებისა და ქმედებების უზარმაზარი არსენალია. ჩვენს აზრებსა, ქმედებებსა და განწყობებზეცაა დამოკიდებული, თუ რა ჩაილექება არაცნობიერში. ჩვენზეა დამოკიდებული სიცოცხლის ხანგრძლივობის რა ფორმატს ჩავლექავთ ჩვენი ცხოვრების პროგრამაში.

ჩემი საავტორო პროგრამის ”წარმატების 365 დღის” მე-100 დღე სიცოცხლის ხანგრძლივობას მივუძღვენი. გისურვებთ დღეგრძელობის თვალსაზრისითაც წარმატებას! იცოცხლეთ!