11.03.2014

ზეცნობიერი და ტრანსპერსონალური სამყარო

წარმატების 365 დღე
83–ე დღე
ყველა დროის ერთერთი უდიდესი ფილოსოფოსი პლატონი იდეების სამყაროს დამოკიდებელ და თვითკმარ რეალობად მიიჩნევდა, რომელიც მართავს მატერიალურ სამყაროს. ჩვენც ადამიანები ვეზიარებით იდეების სამყაროს, რომელიც მარადიულია.  ეს იდეები ჩვენი ცნობიერების ნაყოფი კი არ არის, არამედ  პირიქით,  ჩვენი ცნობიერება თვითონაა ანარეკლი ამ იდეათა სამყაროსი. იდეათა სამყარო, რომ ვილაპარაკოთ თანამედროვე ფსიქოლოგიის ენაზე, ზეცნობიერია, იგი პიროვნების მიღმაა და ამდენად ტრანსპერსონალურია. იგი, როგორც ჰეგელი იტყოდა, აბსოლუტურ გონს წარმოადგენს. ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მამამთავარს მაქს შელერს მიაჩნდა, რომ ადამიანის გონითი ნაწილი ქმნის სპეციფიურ ადამიანურ რეალობას, თუმცა გონითი ნაწილის გარდა მას გააჩნია ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური ნაწილებიც. სწორედ გონითი ნაწილი უზრუნველჰყოფს ადამიანის მიწვდომადობას სამყაროს უზენაესი ძალებისადმი. კარლ გუსტავ იუნგი ამ ნაწილს ხან კოლექტიურ არქეტიპს, ხან უნივერსალურ ცნობიერს, ხანაც ზეცნობიერს უწოდებდა. პოეტი რალფ უოლდო ემერსონი მას უმაღლეს სულს ან ყოვლისმომცველ ინტელექტს უწოდებდა, ხოლო მწერალი რომენ როლანი ოკეანისებურ ცნობიერებაზე ლაპარაკობდა. ზოგი მას უნივერსალურ, ზოგი კიდევ ღვთაებრივ ცნობიერებას უწოდებდა. წარმატების მიღწევის გურუ ნაპოლეონ ჰილი ლაპარაკობდა უსასრულო ინტელექტზე როგორც აზროვნების, წარმოსახვისა და შემოქმედების წყაროზე, რომლისადმისაც მისაწვდომობა მთავარ როლს ასრულებდა იმ გამოჩენილ პირთა მიერ უდიდესი წარმატებების მიღწევაში, რომელთაგანაც ნაპოლეონ ჰილი სპეციალურ ინტერვიუებს იღებდა 20–ზე მეტი წლის განმავლობაში. ფსიქოსინთეზის მოძღვრების შემქმნელი რობერტო  ასაჯიოლი ამ სფეროს აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს ზე–პიროვნული, ხოლო ცნობილი ფსიქოლოგი სტანისლავ გროფი ამისათვის  მიმართავს ტერმინს ტრანს–პერსონალური.
მაინც რა არის ჩვენი ზეცნობიერი ნაწილი და რა ფუნქციები აკისრია მას? ითვლება, რომ ზეცნობიერის ფუნქციები შემდეგია:
·         ნებისმიერი აზრები, გეგმები, მიზნები და იდეები, რომლზეც  გამუდმებით დაჟინებით ფიქრობთ და აზროვნებთ, აუცილებლად ხორციელდება რეალობაში ზეცნობიერის მიერ. ეს ისევ და ისევ აზრთა მატერიალიზაციის კანონია, რომ თუკი ახდენთ კონცნტრირებას რაიმე იდეაზე ან მიზანზე, იგი ხორციელდება. ეს კანონი, როგორც ყველა კანონი,  ნეიტრალურია კარგისა და ცუდის მიმართ. თუ თქვენ ირჩევთ პოზიტიურ აზრებსა და მიზნებს, პოზიტივს მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში; ხოლო თუკი თქვენ კონცეტრირდებით ნეგატივზე, სიძულვილსა და ბოროტ ზრახვებზე, მოიზიდავთ ავადმყოფობებს, კონფლიქტებს, უბედურ შემთხვევებს, ფინანსურ კრახს. არჩევანი თქვენზეა: თქვენი ზეცნობიერი თქვენს არჩევანს მიჰყვება.
·         ზეცნობიერი შემოქმედებისა და კრეატიულობის წყაროა. რ. ემერსონი წერდა, რომ მისი ლექსები თვითონ იწერებოდა. ტიციან ტაბიძე პირდაპირ ამბობდა „მე ლექსს არა ვწერ, მე თვით ლექსი მწერს....“. გენიალური მოცარტი პირდაპირ ხედავდა ნოტებს თავის წარმოსახვაში და მას უშუალოდ ესმოდა ის მუსიკალური ნაწარმოები, რაც შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდა. ასევე იყო ბახის, ბეთჰოვენის, ბრამსის, სტრავინსკის შემოქმედებაში.
·         ზეცნობიერი აღმოჩენათა სავანეა. ასე იყო არქიმედესთან, როცა ის ყვირილით გამოვარდა სააბაზონოდან „ევრიკა, ევრიკას“ძახილით. ედისონი მუდმივად მიერთებული იყო ზეცნობიერთან, საიდანაც  იგი სხვადასხვა აღმოჩენებს ღებულობდა. მენდელეევს თავისი ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში გამოეცხადა, ასევე დაემართა ფრანგ მათემატიკოსს პუანკარეს, როცა სიზმარში იხილა ერთერთი რთული მათემატიკური პრობლემის გადაჭრა.
·         ზეცნობიერი ინტუიტური მიგნებების, შთაგონების, გასხივოსნების, ზე–მოტივაციის წყაროა, როცა მოულოდნელად გეწვევათ პრობლემის ერთადერთი სწორი გადაწყვეტის იდეა, როცა ინტუიცია გკარნახობთ ყველაზე მნიშვნელოვანს, როცა პოეტს მუზა ეწვევა, ხოლო ინჟინერს ინსაიტი და ე.წ. „აჰაა“–გრძნობა დაეუფლება უეცარი მიგნებისას.
·         როცა პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობთ, თქვენი ზეცნობიერი მისწვდება თქვენს არაცნობიერ ფსიქოლოგიურ შრეებში არსებულ ინფორმაციას ისევე, როგორც თქვენც კომპიუტერში ხსნით სხვადასხვა გადანახულ ფაილებს და უფრო მეტიც, როცა კომპიუტერის კარგი მცოდნე შედის პროცესორის პროგრამულ ნაწილში და ახდენს სხვადასხვა ოპერაციებს. ზეცნობიერს აქვს უნარი გამიჯნოს ერთმანეთისაგან მცდარი და ჭეშმარიტი, რეალური და არარეალური. თქვენი არაცნობიერი მეხსიერების უზარმაზარი საცავია და ზეცნობიერი ახდენს იმის უსწრაფეს გადარჩევას, რაც უმნიშვნელოვანესი და ჭეშმარიტია. ხანდახან იგი გაწვდით ყველაზე ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას, რაც თქვენს ცნობიერ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება, მაგრამ დროის გავლის შემდეგ რწმუნდებით, რომ სწორედ ზეცნობიერის მიერ მოწოდებული მაშინდელი გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი.
·          ზეცნობიერი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით რაც ჩვენი არსების არაცნობიერ და ცნობიერ ნაწილშია მოცემული. მას ჩვენი ტვინის მიღმა არსებულ რეალობასთან, სამყაროს სხვადასხვა კანონზომიერებასთანაც აქვს წვდომა. ეს კი იმიტომ, რომ თავად ზეცნობიერი, უნივერსალური ინტელექტი, აბსოლუტური გონი ჩვენი ტვინის, ცნობიერებისა და ქვეცნობიერისადმი მიღმური რეალობაა. ცნობილია მაიკლ ფარადეის შემთხვევა. მას არ ჰქონდა სპეციალური განათლება ფიზიკასა და მათემატიკაში. ერთ ღამეს ის სიზმრებმა გამოაღვიძა და ტვინი სავსე ჰქონდა მათემატიკური ფორმულებითა და სხვადასხვა დაანგარიშებებით. იგი დაჯდა და რაც თავში ჰქონდა ქაღალდზე გადაიტანა. როგორც დაამთავრა წერა, გადაღლილი საწოლში ჩაეფლო და ღრმად ჩაეძინა. შემდგომში მან თავისი ნაწერები ერთერთ ცნობილ მეცნიერს მიუტანა, ვინც მასში ამოიკითხა სრულიად ახალი მეცნიერული დებულებები. ფარადეის აღმოჩენამ  ელექტრონიკაში თავისი განუმეორებელი წვლილი შეიტანა.
·         რახან არსებობს იდეათა სამყარო, რომელთა თანაზიარნიც ვართ, რახან ირგვლივ გვარტყია უნივერსალური გონი თავისი ყველა ოდესღაც არსებული და ოდესმე სამომავლოდ მიგნებადი იდეებითურთ, ამიტომაც დედამიწის სხვადასხვა წერტილებში მცხოვრები სრულიად განსხვავებული ადამიანები ხშირად მიდიან ერთსა და იმავე იდეებსა და მიგნებებამდე. ადამიანებს შეუძლიათ დაეუფლონ ზეცნობიერის გამოყენების გზებს და ამით გაზარდონ თავიანთი პოტენციალი, მოიზიდონ საინტერესო და პერსპექტიული იდეები. ათასნაირი ფაქტებია იმის შესახებ, რომ ვიღაცას აღმოუცენდა გარკვეული  იდეა თავისი კომპანიისათვის, უარუყვია ეს იდეა და შემდგომში სხვა კომპანიამ იგივე იდეით ფანტასტურ შედეგებს მიაღწია. ის, ვინაც კარგ იდეას „ჩაავლო“ და წარმატებით გამოიყენა თავის სასარგებლოდ, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ  იგი უფრო ენდობა თავის ინტუიციას და უნარს, რომ ჩანაფიქრი აქციოს რეალობად. ხშირად საკუთარი იდეების იგნორირება აღზრდის შედეგია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს თავისი მიგნებების პატივისცემა, ზეცნობიერის კარნახის დაჭერა და მისი რეალობად გარდაქმნის მცდელობა.  
·         ზეცნობიერი ფუნქციონირებს მთელი ცხოვრება 24 საათის განმავლობაში. ამდენად თქვენ შეგიძლიათ იმუშავოთ თქვენი პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ მისი საბოლოო გადაჭრა გადაულოცოთ თქვენს ზეცნობიერს, გადახვიდეთ სხვა საქმეზე  ან სულაც დაისვენოთ.  თქვენი ზეცნობიერი დაიწყებს უთქვენოდ მუშაობას და გადაწყვეტილებას ან პასუხს თქვენს პრობლემაზე მოგაწვდით თავის დროზე. ეს დაახლოებით ისე ხდება, როგორც ამბობს ერთი ძველ იაპონური სიბრძნე: „გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, დანარჩენში ბედს მიენდე. ჩვენ გვაქვს ცნობიერება, ეგო,  რომელიც ანალიზს, შედარებას, დეფინიციას ახდენს და გადაწყვეტილებას ღებულობს. ჩვენ გვაქვს არაცნობიერი, რომელიც მთელი ჩვენი გამოცდილების, მეხსიერებისა და მამოძრავებელი ძალების საცავი და ერთობლიობაა. ამათგან დამოუკიდებლად არსებობს ზეცნობიერი, რომელიც სარგებლობს იმ უზარმაზარი ინფორმაციით, რასაც ცნობიერება და არაცნობიერი მოიცავს, მაგრამ ამას გარდა ფლობს იმ ზღვა ინფორმაციასა და შესაძლებლობებს, რაც სამყაროს თავად გააჩნია და რაც ჩვენი ტვინის, ცნობიერ–არაცნობიერის ჰორიზონტს სცილდება; და იგი გამუდმებით ფუნქციონირებს, თუმცა ადამიანები სათანადოდ ვერ სარგებლობენ ზეცნობიერის ძალმოსილებით.
·         ზეცნობიერი მოტივაციას, მიზანდასახულობასა და ენთუზიაზმს უზრუნველჰყოფს. ამისათვის ზეცნობიერს სჭირდება, რომ მიზნები იყოს მკაფიო, ნათელი და კონკრეტული. იგი არ უნდა იყოს ვინმესადმი ზიანის მომტანი. ჩაიფიქრებთ სხვისათვის საზიანო მიზანს? აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან.
·         ზეცნობიერი  ენერგიის წყაროა. თუ თქვენ აეწყობით ზეცნობიერის ტალღებს, თქვენ იგრძნობთ სიჯანსაღის, ენერგიისა და შინაგანი ძალების მოზღვავებას. თქვენ შეხვალთ „ნაკადში“, როგორც იტყოდა უნგრული წარმოშობის ამერიკელი Mihaly Csikszentmihalyi, რომელმაც ნაკადის ცნება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას დაუკავშირა. თქვენ გექნებათ განცდა, თითქოს სამყარო ანელებს მოძრაობას, ხოლო აზრები ამ დროს ელვის სისწრაფით მიჰქრიან. თქვენ ამ დროს ასრულებთ უზარმაზარ სამუშაოს, მაგრამ სულაც არ გრძნობთ დაღლილობას და გეუფლებათ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სასიამოვნო განცდა.
·         ზეცნობიერი კარგად აქტივიზირდება  პოზიტიური აფირმაციების ანუ პოზიტიურად ფორმულირებული მოკლე თვითშთაგონებისა და ბრძანებების გაცემისას (იხ. აფირმაციები „წარმატების 365 დღის“ მე–4 დღის ტექსტში). თუ თქვენს მკაფიოდ, ლაკონურად ჩამოყალიბებულ სურვილს ან მიზანს ან თვითშთაგონების პოზიტიურ აფირმაციას ცნობიერებიდან გადააგზავნით თქვენს ზეცნობიერში, ხდება ამ უკანასკნელის აქტივიზირება; ეს კი გამოათავისუფლებს ენერგიას და გააღვიძებს იმ იდეას, რაც აუცილებელია სურვილის რეალურად ასრულებასა და მიზნის მიღწევაში. ამიტომაც აქვს ესოდენ დიდი მნიშვნელობა სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილების გამოტანის უნარ–ჩვევის ქონას. ამ დროს აქტივიზირდება ზეცნობიერება, ხოლო ყოყმანისა და გაუთავებელი გადადებების დროს ზეცნობიერის კარები ჩაკეტილია.
·         ზეცნობიერის  კარები დახშულია მაშინაც, როცა ადამიანი არის აგრესიულ, გაბოროტებულ, ბოღმისებურ, შფოთვიან, დეპრესიულ ან მოუთმენლობით აღსავსე მდგომარეობაში.  ეს დამანგრეველი ნეგატიური აზრები და ემოციები თრგუნავენ და ზღუდავენ ცნობიერებას, აქვეითებენ მიმღებლობისა და ღიაობის დიაპაზონს, აქვეითებენ ზეცნობიერისადმი მისაწვდომობის პოტენციალს. ამიტომაცაა, რომ სიძულვილით, ბოღმით, შფოთვითა და დეპრესიით შეპყრობილი ადამიანთა ჯგუფები და საზოგადოებები ერთ წრეზე ტრიალებენ, ნეგატივს ნეგატივს უმატებენ და ახალი კონსტრუქციული იდეების აღმოცენებასა და გახორციელებას ბლოკავენ.
·         ზეცნობიერი ყველაზე უკეთ ფუნქციონირებს რწმენის, ნდობის, წახალისებისა და მხარდაჭერის ატმოსფეროში. თქვენ უნდა შექმნათ ეს ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, რათა ზეცნობიერის ნაკადს მიეცეს დინების საშუალება. თქვენი რწმენა, კეთილგანწყობა, მშვიდი მოთმინების უნარი და მიზანდასახულობა ქმნის შესაბამის ვიბრაციებს და ააქტივიზირებს ზეცნობიერ სფეროს. მხოლოდ მშვიდი, რელაქსირებული მდგომარეობა და მიზნის მიღწევის უშფოთველი და შინაგანი რწმენით აღსავსე მოლოდინი ქმნის იმის წინაპირობას, რომ პრობლემა თვითონ გადაწყდეს, სურვილი თვითასრულდეს და მიზანი მოზიდულ იქნას. ხანდახან ეს ხორციელდება სრულიად მოულოდნელად. შედეგი   ხანდახან ისეთი სახითაც კი მოდის, რომ აშკარად გადააჭარბებს წინასწარ ჩანაფიქრს. იცით რა გამოდის? რაც უფრო „არ ცდილობთ მიაღწიოთ“, რაც უფრო თავისუფლად ეკიდებით სურვილის ასრულებას, თვითდინებაზე მიუშვებთ მას დიდი სამუშაოს ჩატარების შემდეგ  და რაც უფრო არ ჩაიციკლებით მასზე, მით უკეთ ახერხებს თქვენი ზეცნობიერი სურვილის თვითასრულებას; და პირიქით, რაც უფრო ჩაციკლული ხართ, რომ ესა თუ ის სურვილი განხორციელდეს, მით უფრო განიზიდავთ იმ ადამიანებს, საგნებსა და მოვლენებს, რაც დაკავშირებულია სურვილის ასრულებასთან.
·         საგულისხმოა, რომ ზეცნობიერი გაგატარებთ იმ გამოცდილებაში, რაც უზრუნვეჰყოფს შემდგომში დასახულის მიღწევას. ვერასოდეს ვერ მიაღწევთ თქვენს ცხოვრებაში ისეთ რაიმეს, რისთვისაც არ ხართ მომწიფებული და რისთვისაც თქვენი შინაგანი სამყარო არ არის მზად. თქვენი ზეცნობიერი გაგატარებთ ყველა იმ სიტუაციაში, სადაც უნდა აკრიფოთ შესაბამისი გამოცდილება, შეიძლება გაიძულოთ კიდეც გამოიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები და ამიტომაც მოგიწყოთ ერთგვარი გამოცდა. მაგალითად, თქვენ რომ უეცრად და ერთბაშად მიიღოთ უზარმაზარი ფული, რაც თქვენს მე–კონცეფციაში არ „ჯდება“ და რომლის განკარგვის არავითარი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, შეიძლება სწრაფად გაფლანგოთ იგი იმ ანდაზისა არ იყოს „ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო“. დიდად წარმატებული ადამიანები თავის ლექსიკონში არ იყენებენ სიტყვას „წარუმატებელი“ ან „ჩავარდნა“. ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთერთი პოსტულატია, რომ არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი. ამდენად დიდად წარმატებული ადამიანები ნებისმიერ მარცხს განიხილავენ როგორც კიდევ ერთ გაკვეთილსა და უკუკავშირს, საიდანაც წარმატების მიღწევის ახალი გზა იკვეთება.
არსებობს ზეცნობიერი აქტივობის სტიმულირების სხვადასხვა გზა:
1.      ჩამოწერეთ ქაღალდზე თქვენი პრიორიტეტული მიზნები (2 ან 3)   და ხშირად ჩაიხედეთ ამ ქაღალდში.
2.      განმარტოება და დუმილის დაცვა, ერთ ადგილზე ჯდომა და უმოძრაობა 1 საათის განმავლობაში. ბევრ ადამიანს არ სჩვევია არც განმარტოება და არც სპეციალურად დუმილის დაცვა. ამას თუ უმოძრაობასაც დავამატებთ, ცხადია, ბევრს გაუჭირდება ზეცნობიერის სტიმულირების ამ სავარჯიშოს გაკეთება. რაც მთავარია, ამ განმარტოებულ, მოდუმილე, ჩუმ და უმოძრაო ვითარებაში უნდა შეეცადოთ არაფერზე სპეციალურად არ იფიქროთ, თვითდინებაზე უნდა მიუშვათ აზრები, არაფერი არ უნდა აკეთოთ; ერთადერტი შეიძლება ის აკეთოთ, რომ თვალი ადევნოთ აზრევს, რომლებიც მიდიან და მოდიან; დაიკავეთ მიუკეძოებელი, მშვიდი და უზრუნველი დამკვირვებლის პოზიცია. ეს სულაც არ გახლავთ ვარჯიში სიზარმაცესა და უქმად ყოფნაში. ეს სერიოზული სავარჯიშოა. სცადეთ! ყველას თავისებური გამოცხადება, ინტუიტური მიგნებები ანუ ინსაიტები ან ენერგიის მოზღვავება აქვს ამ დროს. ამიტომაც მე ვერ გეტყვით პირადად თქვენ რას იგრძნობთ ამ სავარჯიშოს დროს. ამას თქვენი ზეცნობიერი გაუწყებთ. 
3.      ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია  წარმოსახვითი აქტივობაა, როცა ვიზუალურად სურათივით ან ფილმივით წარმოიდგენთ  ამა თუ იმ სასურველ მდგომარეობას ან სცენას, რასაც გსურთ მიაღწიოთ. მართლაც დიდია ვიზუალიზაციის ძალა. სხვა რომ არ იყოს ლეგენდარული ონკოლოგის კარლ საიმონტონის სამკურნალო პრაქტიკაც  კმარა ამის დასტურად: ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს, რომელთა დიაგნოზიც იყო „განუკურნებელი“, დოქტორი კ.საიმონტონი ასწავლიდა ვიზუალიზაციას. ავადმყოფები ახდენდნენ კიბოს უჯრედების, ლეიკოციტების ანუ კიბოს უჯრედების გამნადგურებლების ვიზუალიზაციას და იმ სცენის მკაფიოდ წარმოდგენას, თუ როგორ ხოცავენ ლეიკოციტები კიბოს უჯრედებს, როგორ აგროვებდნენ ერთად ამ დახოცილ უჯრედებს და როგორ გამოჰქონდა ორგანიზმიდან ამ დახოცილი უჯრედების მასა თირკმლებს, ღვიძლს და ა.შ. ჩვენი წარმოსახვები ზემოქმედებენ ჩვენსავე ორგანიზმზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. ამიტომაც და კიდევ სხვა მსგავსი ფსიქოლოგიური საავარჯიშოების  სამკურნალო შედეგები ფრიად მაღალი იყო კ. საიმონტონის ავადმყოფებში. დღეს საიმონტონის კიბოს ცენტრი აშშ–ში წამყვანია კიბოს ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის სფეროში.
4.      მედიტაცია. რეგულარული მედიტაციური  (ვიპასანა, მანტრა–მედიტაცია, ტრანსცენდენტალური მედიტაცია, ოშოს დინამიკური მედიტაცია,  კოგნიტურ–ბიჰევიორალური Mind-fullness, გეშტალტი და სხვა) სავარჯიშოები საუკეთესო საშუალებაა ზეცნობიერის გასააქტიურებლად და გასავარჯიშებლად. მე შევიმუშავე ინტეგრალური მედიტაციის მეთოდი და იგი ასობით ადამიანმა გამოიყენა წარმატებით ჩვენში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. მედიტაციის  თემა ფართოა და იგი ცალკე საუბარს მოითხოვს.
ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ერთი სავარჯიშო, რასაც წარმატების ტექნოლოგიების ცნობილი ექსპერტი ბრაიან ტრეისი გვთავაზობს:
პირველი ნაბიჯი:  მკაფიოდ განსაზღვრეთ პრობლემა ან მიზანი და დაწერეთ იგი ცალკე ფურცელზე;
მეორე ნაბიჯი: შეაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია ამ პრობლემის ან მიზნის შესახებ;
მესამე ნაბიჯი: დაიწყეთ პრობლემის გადაწყვეტა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
მეოთხე ნაბიჯი: თუ თქვენ ვერ წყვეტთ პრობლემას, მაშინ გადაულოცეთ  მისი გადაწყვეტა თქვენს ზეცნობიერს, სამყაროს უხილავ ძალებს, უნივერსალურ ინტელექტს, აბსოლუტურ გონს....  განთავისუფლდით დაძაბულობიდან და პრობლემის ტყვეობიდან;
მეხუთე ნაბიჯი:  გადაერთეთ რაიმე სხვა აქტივობაზე ან სულაც მთლიანად მიეცით თქვენი თავი დასვენებასა და გართობას; მიეცით თქვენს ზეცნობიერს იმის საშუალება, რომ იზრუნოს თქვენზე და მოაგვაროს თქვენი პრობლემა.
მინდა მოგიტანოთ ერთი მაგალითი, რასაც ჰყვებიან კოსმონავტიკის ცნობილი რუსი მეცნიერის კოროლიოვის ცხოვრებიდან. მას ჰქონდა ასეთი ჩვევა: პრობლემაზე თავგამოდებით მუშაობდა, მაგრამ როცა მას ვერ წყვეტდა და ჩიხში შედიოდა, გამოვიდოდა სახლიდან, გავიდოდა ვაგზალზე, დააჯდებოდა პირველსავე მატარებელს და გაემგზავრებოდა სადმე, სადაც გული გაუწევდა, რათა ეთევზავა და სხვა.  ამ მოგზაურობის დროს აუცილებლად „მოაკითხავდა“ გონებაში პრობლემის გადაწყვეტის ვარიანტი, რის შემდეგაც ბრუნდებოდა სახლსა და სამუშაო ადგილას, რაც ცხადია გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა პერიოდში.
რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ზეცნობიერის ძალმოსილებას, მით უფრო გაიძლიერებთ ზეცნობიერის გააქტივებისა და მიწვდომადობის უნარს. რასაც არ გამოიყენებთ, იმას ხომ კარგავთ, ეს ხომ ცხოვრების ფიზიკური და მენტალური კანონია. როცა თქვენ შეიმუშავებთ ჩვევას ხშირად მიმართოთ ზეცნობიერ ძალებს, რათა მათ გადაწყვიტონ თქვენი პრობლემები,  აღმოაჩენთ, რომ ისინი კიდევ უფრო ძლიერდებიან და თქვენი ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.










გენეტიკური ფაქტორის, გარემოსა და ქცევის როლი ბედნიერი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებასა და ცხოვრების გრძელვადიან სცენარში (ბედისწერაში)

წარმატების 365 დღე
82–დღე
თანშობილი, გენეტიკური ფაქტორების მიმართების საკითხი გარემოსეულ ფაქტორებთან  ყოველთვის იწვევდა კამათსა და დიდ ინტერესს ქცევათმეცნიერებასა და ადამიანთმცოდეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიოლოგია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია. მემკვიდრეობა თუ გარემო, თანშობილი პროგრამა თუ ქცევის დასწავლილი სქემები – რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის განვითარებას? – ასეთი იყოს ტრადიციული კამათის საგანი. მაგალითად, ძველბერძენი ბრძენი სოკრატე თვლიდა, რომ ცოდნა თანშობილია, ხოლო თვითონ სოკრატე მაიევტიკის („ბებია ქალის“) მეთოდით თანშობილ ცოდნას „დააბადებინებდა“ მოწაფეებს. ცოდნა იბადება, თანშობილი ცოდნის აქტუალიზაცია და „გარეთ გამოტანა“ ხდება – ასე თვლიდა სოკრატე. ამის საპირისპიროდ ინგლისელი ჯონ ლოკი მიიჩნევდა, რომ ახალშობილი ბავშვი „სუფთა დაფაა“ და მასზე გარე სამყარო, გარემო სწერს თავის შინაარსსა და წესებს. ეს არის რადიკალურად საპირისპირო თვალსაზრისების ერთი მაგალითი შინაგანის, თანშობილისა და გარეგანის, გარემოს როლის შესახებ. ცნობილია ნატივიზმისა და ვიტალიზმის  დავა  და დაპირისპირება ბიოლოგიასა, პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში. მეორეს მხრივ, არსებობს აურაცხელი კვლევები და მეცნიერულად დასაბუთებული  მონაცემები იმის შესახებ, თუ რა წვლილი აქვს თანშობილ, მემკვიდრულ  და შეძენილ, გარემოს ზეგავლენით განპირობებულ ფაქტორებს ადამიანის ცხოვრებასა და მისი განვითარების სტადიებში. მთავარი კი ის არის, რომ მეცნიერება იმას ადასტურებს, რომ ცალკე აღებული რომელიმე ერთი ფაქტორი კი არა, არამედ მემკვიდრული და გარემოსეული ფაქტორების ურთიერთქმედება (და სწორედ რომ ურთიერთქმედება და არა მათი მექანიკური ჯამი ან თანაარსებობა)  განსაზღვრავს პიროვნების განვითარებას, მის ქმნადობას.  უფრო მეტიც, სადღეისოდ უკვე ლაპარაკობენ არა ორ ფაქტორიან განსაზღვრულობაზე, როგორიცაა მემკვიდრეობა და გარემო, არამედ სამ ფაქტორიან მოდელზე: გენეტიკური პროგრამა, გარემო და საკუთრივ ადამიანის ქცევა ანუ ..ბიჰევიორალური ფაქტორი. ამ მოდელის თანახმად ჩვენზე ზემოქმედებს და ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, გენეტიკური პროგრამა, რითაც ამ ქვეყანას მოვევლინეთ, მეორეს მხრივ, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ ან გვიწევდა ცხოვრება და , მესამე მხრივ, ჩვენივე ქმედებები, რომელსაც ვანხორციელებდით ან ვანხორციელებთ მოცემულ მომენტში (ქცევები, რომელსაც „ვთესავთ“ და რითაც „ვიმკით“ ამა თუ იმ შედეგებს). საჭიროა გაირკვეს ის წილი, რაც თითოეულ ამ ფაქტორს აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, რა  და როგორ განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას ან წარუმატებლობას, ბედნიერებას ან დეპრესიას, ეფექტურობას ან დაბალ ქმედითუნარიანობას. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით ამერიკელმა მეცნიერებმა (Lyubomirsky, S., Sheldon, K., Schkade, D., 2005) შეიმუშავეს კეთილდღეობისა და ბედნიერების გამნსაზღვრელი საბაზო ფაქტორების მოდელი, სადაც დალაგებულია ის პროცენტული წილი, რაც გენეტიკურ, გარემოსეულ და ბიჰევიორალურ ფაქტორებზე მოდის. შეფარდება ასეთია: გენეტიკური მოცემულობა ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობის ინდექსს განსაზღვრავს 50%–ით, გარემოს ფაქტორები 10%–ით, ხოლო ბიჰევიორალური ფაქტორები 40%–ით. დიდი წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, იქნება იგი სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ხელოვნება, მეცნიერება თუ სწავლა, 50%–თ განპირობებულია გენეტიკური პროგრამითა და მოცემულობებით, 40%–ით იმ კი ქმედებებით,  გადაწყვეტილებებით, აზრებითა და მოტივაციით, რითაც აღსავსეა მოცემული ადამიანის ცხოვრება, ხოლო 10%–ით  გარემოს იმ თავისებურებებით, რაშიც მას უწევს ცხოვრება (ოჯახი, სამსახური, მეგობრები, ქვეყნის ეკონომიკა და სხვა). იგივე კანონზომიერება ვრცელდება, მაგალითად, წონის დაკლება–შენარჩუნება– მატებაზე: მსუქანი ხართ თუ გამხდარი, წონაში მატულობთ თუ კლებულობთ ეს 50%–ით დამოკიდებულია თქვენს გენეტიკაზე, 40%–ით თქვენი ქცევითი რეპერტუარით (რით იკვებებით და რა ზომით ან სიხშირით, მოძრაობთ თუ უძრავი ცხოვრების წესი გაქვთ და სხვა), ხოლო 10%–ით იმაზე, დაოჯახებული ხართ თუ დაუოჯახებელი, გყავთ თუ არა შვილები, გაქვთ თუ არა სამსახური, ქვეყანაში სიღარიბეა თუ ეკონომიკური აღმავლობა და სხვა. და ბოლოს, ვთქვათ, გსურთ ზედმიწევნით კარგად შეისწავლოთ ესა თუ ის უცხო ენა, ესეც 50%–ით განსაზღვრულია  თქვენი გენეტიკური პროგრამით, ცენტრალური ნერვული სისტემს მდგომარეობითა და სამეტყველო ცენტრების თანშობილი შესაძლებლობებით და ა.შ., 40%–ით დამოკიდებულია იმაზე როგორ მეცადინეობთ, დადიხართ თუ არა სპეციალურ კურსებზე, უსმენთ თუ არა შესაბამის ენაზე გადაცემებს, იზეპირებთ და იმეორებთ თუ არა ფრაზებს, გაქვთ თუ არა ენის დაუფლების მაღალი მოტივაცია და  ეძებთ თუ არა საურთიერთობო სიტუაციებს მოცემულ ენაზე და სხვა, ხოლო 10%–ით  განსაზღვრულია იმით, არის თუ არა თქვენს საცხოვრობო სივრცეში მოთხოვნა მოცემულ ენის ფლობაზე, ვისთან და რა გარემოში ცხოვრობთ. ფორმულა 50/40/10 –% საკმაოდ უნივერსალურია. ნებისმიერი ტალანტი თუ გენიოსი, პლატონი იქნება ის თუ მოცარტი, ბალზაკი თუ ალბერტ ეინშტეინი, მაკიაველი თუ ჩერჩილი, ელენე ობრაზცოვა თუ ბილ გეიტსი, ვაჟა–ფშაველა თუ პუშკინი, გალაქტიონი თუ მაჰატმა განდი, ყველას ცხოვრება ექვემდებარებოდა ერთ ზოგად კანონზომიერებას: ისინი იბადებოდნენ უნიკალური თანშობილი პროგრამით, რომლის რეალიზაცია დაკავშირებული იყო თითოეული მათგანის ქმედებათა, გადაწყვეტილებათა და განზრახვათა სისტემასთან, რასაც  ცოტათი მხარს უმაგრებდა არსებული ვითარებები და გარემოსეული ფაქტორები.  

მოდით შევაჯამოთ: თუკი გენეტიკური პროგრამით ვიბადებით და ეს 50%–ით ისე განსაზღვრავს ჩვენი მიღწევების დონესა და ბედნიერების ინდექსს, რომ ჩვენს კონტროლს არაფრით არ ექვემდებარება;  სამაგიეროდ ბიჰევიორალური ფაქტორი ჩვენს ქმედებებს,  განზრახვებს, მოტივაციასა და გადაწყვეტილებებს გულისხმობს, რომელიც 40%–ით განსაზღვრავს  ჩვენს მიღწევებს და ამასთან ერთად მის კონტროლზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება. მხოლოდ 10%–ით არის ჩვენი კეთილდღეობა და ბედნიერება დამოკიდებული გარემოსეულ განპირობებაზე და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ თვითონ ავირჩევთ, რომ ვიყოთ გარემოებების ტყვე; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, რომ გარემოებები ჩვენ თვითონ შევქმნათ: ამით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება  ჩვენი პიროვნული პოტენციალი. ჩვენ აურაცხელი შესაძლებლობები გვქონია, რათა საკუთარი ქცევითი რეპერტუარი ჩვენი თანშობილი ტალანტების აქტუალიზაციას მოვახმაროთ და ჩვენი ცხოვრების გარემოებებიც კი ჩვენ თვითონ შევქმნათ.  ასეთი შესაძლებლობების ქონა ხომ მართლაც დიდი სიმდიდრე და ბედნიერებაა! მაგრამ ვიყენებთ კი მას? თუ არ ვიყენებთ, რას ვიგებთ ამით? ვინ და რა გვიშლის ხელს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები? თუკი ასე თუ ისე ვიყენებთ, მაშინ როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობათა გამოყენების გზები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ?  ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებაზეა ორიენტირებული ჩემი პროგრამა „მიღწევათა 365 დღე“ პიროვნული ტრასფორმაციის მთელი თავისი ტრენინგ–ტექნოლოგიებით.

ცხოვრების გრძელვადიანი სცენარი ანუ ბედისწერა და მისი მართვა

 წარმატების 365 დღე
81–ე დღე
ბედისწერის თემა ოდითგანვე იქცევს ადამიანის ყურადღებას. ერთის მხრივ ბედისწერის გაგება  დაკავშირებულია გარდაუვალობასა და წინასწარ–განსაზღვრულობასთან („სადაც არის ბედი შენი, იქ მიგიყვანს ბედი შენი“); მეორეს მხრივ იგი ცხოვრების მთელ სიუჟეტს გულისხმობს და არა მის ერთ ფრაგმენტს ან ერთ ქცევას, იგი ერთგვარი სცენარია, რომელიც გაწერილია (ბედის– წერა). ამავე დროს იგულისხმება, რომ ადამიანის  ცხოვრებაზე ისეთ ძალებს აქვს გავლენა, რომელსაც იგი ვერც აკონტროლებს და ბოლომდე ვერც აცნობიერებს.  ამ შეხედულების მიხედვით ბედისწერა უმართავია, ჩვენი ნება და არჩევანი აქ უძლურია, ჩვენ მას ვერ შევცვლით და ვერ წავრმართავთ. მაგრამ არსებობს რადიკალურად განსხვავებული შეხედულებაც: ბედისწერა ცხოვრების გრძელვადიანი სცენარია, რომლის დაწერაში ჩვენც ვღებულობთ მონაწილეობას. დიდი ილია, მაგალითად, თვლიდა, რომ ადამიანი თვითონ ქმნის თავის  ბედს. ამ შეხედულების თანახმად ყოველი ჩვენი აზრი, ქცევა თუ გადაწყვეტილება არა მხოლოდ წამიერი და წარმავალია, არამედ ბედისწერულიცაა. ეს შეხედულება ეყრდნობა იმას, რომ ღრმა ბავშვობიდან და თვით პერინატალური პერიოდიდანაც კი ჩვენში ფიქსირდება და პროგრამირდება ხედვათა, მზაობათა, ქცევათა და გრძნობათა გარკვეული სისტემა, რასაც ერთგვარი ცხოვრებისეული სცენარის სახე აქვს და ჩვენ ცხოვრების გენერალურ ხაზს განაგებს. მაგრამ მზაობათა , ხედვათა, ქცევაა და გრძნობათა პროგრამირებული სისტემა სულაც არ არის გაქვავებული, იგი ცვლილებას განიცდის დროთა განმავლობაში და ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებზე.  და რაც მთავარია,  პროგრამირების, თვითპროგრამირებისა და გადაპროგრამირების ასეთი პროცესი მთელი ცხოვრება მიმდინარეობს. მაგრამ ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე: თუ ავირჩევთ ბედისწერის უცვლელობისა და უმართავობის  პარადიგმას, ცხოვრების სცენარიც უცვლელი იქნება და ერთსა და იმავე ნაყოფსა და შედეგებს მოვიწევთ. მაგალითად, ერთსა და იმავე წრეზე ვიტრიალებთ ან იგივე შეცდომებს დავუშვებთ ან იგივე მარცხი წამოგვეწევა; ერთსა და იგივე ქმედებებს ერთი და იგივე შედეგები მოაქვს. მაგრამ თუ ავირჩევთ ბედისწერის როგორც ცხოვრების სცენარის ცვალებადობისა და მართვადობის პარადიგმას, მაშინ ჩვენვე ვხდებით საკუთარი ცხოვრების სცენარისტიცა და რეჯისორიც, კაპიტანიცა და მესაჭეც. ეს გამოვხატე ლექსში, რომელიც „წარმატების 365 დღის“ პროგრამის საწყის სტატიებში ჩავრთე:
„ ჩვენ ვთესავთ აზრებს და ვიმკით ქცევებს,
ვთესავთ ქცევებს და ვიმკით ჩვევებს,
ვთესავთ ჩვევებს და ვიმკით ხასიათს,
ხასიათის დაღი კი ბედისწერას ატყვია“.
ბედისწერის ანალიზის ავტორი ლეოპოლდ სცონდი იზიარებდა ბედისწერის წინასწარგანსაზღვრულობისა და უცვლელობის, გარდაუვალობისა და უმართვადობის თვალსაზრისს, ხოლო ტრანზაქციონალური ანალიზის შემქმნელი ერიკ ბერნე ამის საპირისპიროდ თვლიდა, რომ ბედისწერის შეცვლა შეიძლება, მაგრამ ძალიან ძნელია ამ ცვლილების გამოწვევა და იგი შეუძლია მხოლოდ სამ რაიმეს: ომს, სიყვარულსა და ფსიქოთერაპიას. არსებობს გაცილებით ოპტიმისტური თვალსაზრისები ბედისწერის მართვადობის შესახებ და მეც მათ ვიზიარებ.  
მე მინდა ჩემი კონცეპცია შემოგთავაზოთ ბედისწერის თემაზე.  მე ვთვლი, რომ ცხოვრების სცენარის ანუ ბედისწერის მართვა და  შეცვლა სრულიად შესაძლებელია და ადამიანი პოტენციალურად თვითონ არის საკუთარი ბედის მესაჭე. თუკი ადამიანი გააკეთებს არჩევანს, რომ საკუთარ თავზე დაყრდნობით და თვითკმარობის პრინციპის შესაბამისად  მართოს თავისი ცხოვრება, ეს უკვე აუცილებელი და საკმარისი პირობაა, რათა საკუთარი ბედისწერის სადავეები ხელთ ჰქონდეს. ერიკ ბერნე იყენებდა ცხოვრების სცენარის ცნებას როგორც ბედისწერის ექვივალენტს. სცენარი როგორც ბედისწერა ცაში კი არ სწერია, არამედ იგი ჩაწერილია ჩვენი ტვინის, ჩვენი ფსიქიკის ღრმა შრეებში. ჩემი აზრით, ცხოვრების სცენარი ანუ ბედისწერა ეყრდნობა ოთხ  ბოძს: 1) პიროვნების ღირებულებები, 2) საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები, 3) გარესამყაროს, ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი ფუნდამენტალური მოლოდინები, 4) პიროვნების „მე“–კონცეპცია, თვითშეფასება და თვითდაფასების დონე. გავარჩიოთ თითოეული მათგანი იმ კუთხით, თუ რატომ მაინდამაინც ისინი ქმნიან ბედისწერის სცენარის ძირითად ღერძებს.
1.პიროვნების ღირებულებები                                                                                                              ღირებულებები პიროვნების ხერხემალია. ღრმა ბავშვობიდან მშობლები და აღმზრდელები ბავშვებს უნერგავენ თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, რას მოაქვს სარგებლობა და რა არის გამოუსადეგარი, რანაირი პიროვნება არის კარგი და ვინ არის ცუდი, რომელი ქცევა იმსახურებს შექებას და რომელი დასჯას, რა არის დაფასებისა და გაკიცხვის საგანი და ა.შ. ღირებულებები ქმნიან ცხოვრების ორიენტირებს და ამიტომაც გამოიყენება „პიროვნების ღირებულებითი ორიენტაციების“ ცნება. უკიდურეს შემთხვევაში ადამიანები ღირებულებების დაცვისათვის საკუთარ სიცოცხლესაც კი სწირავენ. ცხრა ძმა ხერხეულიძე სამშობლოს დროშის დაცვას შეეწირენ. დროშა არ არის მხოლოდ მატერიალური ნივთი, რომელსაც აქვს ტარი და ტილო და მასზე გამოსახული სიმბოლო. ცხრა ძმა ხერხეულიძე შეეწირა სამშობლოს იდეას, რომელიც დროშაზე იყო გამოსახული, მათთვის სამშობლო უმაღლესი ღირებულება იყო. ღირებულებები აღნიშნავენ იმას, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასეული. მაგრამ ღირებულებებს გააჩნიათ გარკვეული იერარქია და ზოგი ღირებულება პიროვნებისათვის მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესია. ყველა ჩვენგანს აქვს ღირებულებები და მნიშვნელოვანთა შორის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები. პიროვნების ქცევასა და მოღვაწეობას განაგებენ არა მხოლოდ ცალკეული უმნიშვნელოვანესი ღირებულებები, არამედ მათი იერარქიული განლაგებაც. ზოგი უმნიშვნელოვანესი ღირებულება თავისი რეიტინგით უპირველესია, მეორე ადგილზე მოდის სხვა უმნიშვნელოვანესი სფერო, მესამეზე ასევე სულ სხვა უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ა. შ. პირველადობის, მეორადობის, მესამედობის, მეოთხედობის და სხვა ხარისხებით იერარქიულად აწყობილი ღირებულებები განაგებენ ჩვენს ქცევებსა და ცხოვრების წესს. მაგალითად, თუ თქვენი უპირველესი ღირებულება ოჯახია, მეორე მნიშვნელოვანი ღირებულება სიყვარულია, ხოლო მესამეა ადამიანთა თანადგომის, მეოთხე კი მეცნიერული შემეცნების  ღირებულებები და მათ კიდევ მოსდევს სხვა უმნიშვნელოვანესი 5–6 ფასეულობა, ხოლო ფინანსური დამოუკიდებლობა ან წინსვლა არც კი გაქვთ ღირებულებათა ჩამონათვალში ნაგულისხმევი ან სადღაც ბოლოში გაქვთ მითითებული, თქვენ უნდა ელოდოთ, რომ საკუთარ ოჯახურ ურთიერთობებს და ადამიანებთან თბილ, მზრუნველობით ურთიერთობებს ააგებთ და შესაძლოა მეცნიერული კარიერაც გაიკეთოთ, მაგრამ მუდამ გექნებათ ფინანსური დეფიციტის პრობლემები. თუკი გსურთ ყველაფერთან ერთად გქონდეთ ფინანსური წინსვლაც, მაშინ უნდა გაიღოთ „გარკვეული მსხვერპლი“ და თქვენი ღირებულებების რეიტინგში ფინანსებს დაუთმოთ არა მოკრძალებული ადგილი, არამედ წასწიოთ იგი მოწინავე პოზიციებზე. ასეთი მცირეოდენი ცვლილებების შედეგად თქვენს ღირებულებებსა და მათ იერარქიაში თქვენ ახდენთ თქვენი ცხოვრებისეული სცენარის გადაწერას და შეცვლას. თქვენს მიერ თავდაპირველად საკუთარი ღირებულებების კიდევ უფრო გამოკვეთა, მისი იერარქიის დადგენა, ხოლო ამის შემდეგ მასში სასურველი ცვლილებების შეტანა უნდა დაფიქსირდეს იმით, რომ ხშირად გადახედოთ თქვენს „ნამუშევარს“ საკუთარი ღირებულებების ახალი ნუსხის ან  მისი ახალი რეიტინგის შესახებ, ბევრჯერ დაფიქრდეთ მის შინაარსზე და გაითავისოთ იგი. ეს ბევრ დროს არ წაგართმევთ, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილებისა და მისი განმტკიცების მეოხებით თქვენ უკვე ცვლით ცხოვრების სცენარს. ჩემს ერთერთ წინა  სტატიაში, რომელიც სპეციალურად ეძღვნებოდა ღირებულებებს, გაგაცანით კიდეც ღირებულებებისა და მათი იერარქიის გამოკვეთის ან მასში ცვლილებების შეტანის ჩემეული მეთოდი. ჩემს ტრენინგებში მონაწილე მრავალი ადამიანის ცხოვრების მაგალითზე დავრწმუნდი ამ მეთოდის ქმედითუნარიანობაში. ღირებულების საკითხი სპეციალურად განვიხილე პროგრამა „წარმატების 365 დღის“ 71–ე დღის სტატიაში.
2. საბაზო რწმენები და დაშვებები                                                                                                                   ბედისწერის ხაზს ღირებულებების გარდა პიროვნების საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები განსაზღვრავს. ჩვენი საბაზო რწმენები და წინასწარი დაშვებები ქმნიან ჩვენს რეალობას, როგორც ეს აღნიშნა ფსიქოლოგიის თვალსაჩინო კლასიკოსმა უილიამ ჯეიმსმა. ჩვენი რწმენებიცა და წინასწარი დაშვებები ცხოვრების სცენარში ჩაწერილი კომპონენტებია, რომლებიც განსაზღვრავენ მოქმედებათა მზაობებსა და განწყობებს. მაგალითად, თუკი თქვენი საბაზო რწმენა და წინასწარი დაშვებაა „ცხოვრება ბრძოლაა და ძლიერი იმარჯვებს“, მაშინ თქვენ  უფრო შემზადებული იქნებით რთულ სიტუაციებში ბრძოლისათვის და კონკურენციაზეც იქნებით ორიენტირებული, მაგრამ ამავე დროს შესაძლოა ხშირად მიმართოთ ძალისმიერ მეთოდებს. შესაბამისად შესაძლოა ეძებდეთ კიდეც ისეთ სიტუაციებს, სადაც ბრძოლითა და კონკურენტული სულისკვეთებით იქნებით მომართული და უკან არ დაიხევთ, თუკი ძალადობა იქნება გამოსაყენებელი. მაგრამ თუკი თქვენი საბაზო რწმენა და დაშვებაა, რომ ცხოვრება თამაშია და ყველა შანსები უნდა ეძიო, რომ გაგიმართლოს, მაშინ თქვენ ათასნაირ ლატარიებში ან აზარტულ თამაშებშიც  კი   ჩაერთოთ. თუკი თქვენი საბაზო დაშვებაა, რომ არაფერი არ გამოგდით, უიღბლო ხართ  და მარცხი თქვენთვის გარდაუვალია, მაშინ შეეცდებით თავი აარიდოთ გაბედული მიზნების მიღწევას, დახმარებისა და მხარდაჭერის იმედზე ყოფნას ამჯობინებთ. ხოლო თუკი თქვენ ყოველ დილით ის განწყობა გაქვთ, რომ გწამთ დღის განმავლობაში მოულოდნელი სასიამოვნო ახალი რამ შეგემთხვევათ, შესაძლოა ასეთი სასიამოვნო ამბები ხშირად „დაგემართოთ“. რახან რწმენა ქმნის რეალობას, რწმენითა ჩვენითა მოგვეცემა – ეს სახარებისეული ჭეშმარიტება ბედისწერის ფუძეში დევს,  ანუ  ბედის შესახებ ცნობილი ანდაზის პერიფრაზი რომ გავაკეთოთ „რაშიც არის რწმენა შენი, იქ მიგიყვაანს ფეხი შენი“. ადამიანები ხშირად ვერბალურად ვერ აყალიბებენ თავიანთ საბაზო დაშვებებსა და რწმენებს, თუმცა ქცევაში მათ ადვილად ავლენენ. როცა ადამიანებთან ვმუშაობ მათი ცხოვრებისეული სცენარის შესაცვლელად, სპეციალურად ვაანალიზებ მათთან ერთად მათ საბაზო რწმენებს, დაშვებებსა და სტერეოტიპებს. ამ მხრივ ძალიან მეხმარება ნლპ–ს მეტამოდელის კონცეპცია გამოტოვებების, დამახინჯებებისა და განზოგადოებების მოსახსნელად, რაც ტრანსფორმაციულ გრამატიკას ეფუძვნება; მეტამოდელის კონცეპცია ფუნდამეტურად არის გადმოცემული  ჯ. გრინდერისა და რ. ბენდლერის ფანტასტურ ორტომეულში „მაგიის სტრუქტურა“. ამას გარდა რ.დილტსის ფუნდამენტური შრომები რწმენებისა და საბაზო დაშვებების შესახებ საუცხოო გზამკვლევია მათთვის, ვინც რწმენათა და დაშვებათა შეცვლის საკითხითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ რ. დილტსმა საკუთარი დედა განკურნა ავთვისებიანი სიმსივნისაგან, რომლის პროგნოზი მეტად სავალალო იყო, ხოლო მეთოდი იყო სწორედ საბაზო რწმენათა და დაშვებათა შეცვლა ნლპ–ის მეთოდოლოგით. საბაზო რწმენათა და დაშვებათა საკითხი სპეციალურად განვიხილე პროგრამა „წარმატების 365 დღის“ 61–ე და 77–ე დღის სტატიაში.
3. გარესამყაროს, ადამიანებისა და საკუთარი თავისადმი მოლოდინები                                                    ჩვენ ყოველთვის რაღაცას მოველით. ნებისმიერი ჩვენი მოქმედება რაიმე მოლოდინსა და რაღაცისთვის მზაობაზეა გათვლილი. როცა ქუჩაში გზაჯვარედინზე გადავდივართ შეიძლება გვქონდეს მოლოდინი, რომ ერთერთი ქუჩიდან მანქანა გამოხტება და ამიტომაც  ვჩერდებით. როცა ვინმეს ვესაუბრებით, გვაქვს მოლოდინი, რომ თანამოსაუბრე ამასა და ამას გვეტყვის და უკვე ვამზადებთ სათქმელს, თუმცა ხანდახან შეიძლება სულ სხვა რაიმეს გვიყვებოდეს თანამოსაუბრე. ვიღაცას აქვს მოლოდინი, რომ მას არაფერი გამოუვა თუ ამა და ამ ბიზნესს წამოიწყებს, ხოლო მეორე ამ ბიზნესში ერთვება მოლოდინით, რომ ყველაფერი კარგად წავა. რომელიმე სტუდენტის გამოცდის მოლოდინი ისეთია, რომ იგი ჩაიჭრება და ამაზე იმდენად გადამეტებულად ნერვიულობს, რომ იმასაც ვერ სწავლობს, რისი ათვისება დარჩენილ დროში თავისუფლად შეუძლია. არსებობს კატასტროფული მოლოდინები ან რ. დილტსის ტერმინს თუ გამოვიყენებთ – „ვირუსული აზრები“ („მაინც არაფერი გამომივა“, „ვერ შევძლებ“, „რაღაც უბედურებას მიგრძნობს გული“ და სხვა), მაგრამ არსებობს პოზიტიური მოლოდინები („ნამდვილად დავძლევ, შევძლებ...“, „ყველაფერი კარგად ჩაივლის“, „თუ ამას და ამას გავაკეთებ, მაშინ ეს და ეს კარგად აეწობა“ და სხვა მრავალი). მოლოდინებს გააჩნიათ თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების ფუნქცია. რას ნიშნავს ეს? მოლოდინი ერთგვარი წინაწარმეტყველებაა, რომელიც თვითონ აღსრულდება იმით, რომ თქვენდა უნებურად და გაუცნობიერებლად ყველაფერს მიიყვანთ იქამდე, რომ თქვენი მოლოდინი გამართლდეს. თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველების კანონის ძალა ერთნაირად ვრცელდება როგორც მოლოდინზე, ისე ბედისწერაზე: ფსიქოლოგებმა სადღაც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში დაიწყეს ლაპარაკი ამ კანონზომიერებაზე მოლოდინის ფსიქოლოგიური ბუნების გაშლის თვალსაზრისით,ხოლო ბედისწერის შესახებ წინასწარმეტყველების თვითაღსრულებადობაზე ლაპარაკობდნენ ოდითგანვე,მაგალითად, ჯერ კიდევ ანტიკურ ტრაგედიებში იყო იგი მითითებული და განსაკუთრებით „ოიდიპოს მეფეში“. რაშია საქმე? ეს გახლავთ იმ მარტივი ვითარების მითითება, რომ ბედისწერა როგორც ცხოვრების სცენარი ღირებულებებისა და რწმენების გარდა აგებულია იმაზე, თუ რას მოელის ადამიანი გარესამყაროსა და სხვა ადამიანებისაგან, რას მოელიან მისგან სხვები და რას მოელის იგი საკუთარი თავისაგან.  მოლოდინების როლის საკითხი სპეციალურად განვიხილე პროგრამა „წარმატების 365 დღის“ 62–ე დღის სტატიაში.
3. პიროვნების „მე“–კონცეპცია, თვითშეფასება და თვითდაფასება
„მე“–კონცეპცია, თვითშეფასება და თვითდაფასების დონე  ადამიანის საკუთარ თავთან დამოკიდებულებას ასახავს და ამასთან ერთად განაგებს პიროვნული ცხოვრების მიმდინარეობას.  ცხოვრების სცენარი ანუ ბედისწერის ხაზი იმითაც განისაზღვრება, თუ რა მიმართებაშია სუბიექტი საკუთარ „მე“–სთან. ერთის მხრივ ბედისწერა პიროვნების თვითმიმართებათა სისტემით არის განსაზღვრული, ხოლო მეორეს მხრივ  ცხოვრების სცენარი თავის დაღს ასვამს „მე“–კონცეპციასა და თვითშეფასება–თვითდაფასების დონეს. ცხოვრების გენერალურ ხაზისა და მისი სცენარის ასეთი ურთიერთგამსაზღვრელი  დამოკიდებულება  „მე“–კონცეპციასთან კარგად აისახება ისეთ გამონათქვამებში,   როგორიცაა „ბედი მწყალობს „  ან  „ბედი არ მწყალობს“. ამ გამოთქმებში ერთის მხრივ ბედისწერაზეა ლაპარაკი, მაგრამ კონტექსტში იგულისხმება პიროვნების მიერ საკუთარი თავის დახასიათება ან საკუთარი თავით კმაყოფილება–უკმაყოფილება ბედისწერის  ანუ ცხოვრების სცენარის თვალსაზრისით. „მე“–კონცეპციისა და თვითშეფასების საკითხი სპეციალურად განვიხილე პროგრამა „წარმატების 365 დღის“ მე–80 დღის სტატიაში.
ალბათ დაინტერესდებით თუ ტრენინგების მეოხებით როგორ ვეხმარები ადამიანებს აითვისონ საკუთარი ბედის ანუ ცხოვრებისეული სცენარის მართვა და ხელახლა გადაწერა. აქ შემიძლია მხოლოდ სქემა მოგაწოდოთ, კონკრეტული მეთოდების აღწერას კი ძალზე ვრცელი ტექსტი დასჭირდება. სქემა ასეთია: 1) ტრენინგის მონაწილე ან კონსულტირების მიღების მსურველი სპეციალური მეთოდით გამოკვეთს მის პრიორიტეტულ სურვილებსა და მიზნებს, რომელთაგან ზოგი მოკლე, ზოგი საშუალო და ზოგიც გრძელვადიანია; 2) სპეციალური მეთოდით პიროვნება ახდენს საკუთარი უმნიშვნელოვანესი ღირებულებების ათეულის გამოკვეთას და მათი რეიტინგის მიხედვით იერარქიულად განლაგებას; 3) ტრენინგის მონაწილე შეაჯერებს პრიორიტეტულ სურვილებსა და მიზნებს საკუთარ ღირებულებით შკალასთან; 4) სპეციალური მეთოდით ხორციელდება პიროვნების  საბაზო რწმენებისა და დაშვებების ათეულის გამოკვეთა; 5) ხდება რწმენებისა და დაშვებების შეჯერება ღირებულებებსა და მიზნებთან იმ კუთხით, თუ რამდენად უწყობენ  ან უშლიან ხელს გამოკვეთილი რწმენები პიროვნების მიერ დასახული მიზნების მიღწევასა და ღირებულებების რეალიზებას; 6) ხდება ფუნდამენტალური მოლოდინების გამოკვეთა და მათი შეჯერება ღირებულებებსა და მიზნებთან; 7) სპეციალური მარტივი ტესტის მეოხებით თვითშეფასებისა და თვითდაფასების დონის დადგენა და მისი შეჯერება ღირებულებებსა, რწმენებთან და მოლოდინებთან. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ ცვლილებების შეტანას ღირებულებებსა, რწმენებში, მოლოდინებსა, „მე“–კონცეპციასა და მიზნებში სპეციალური ტექნიკების გამოყენებით. რთული ხომ არ მოგეჩვენათ ეს ყოველივე? ეს სულაც არ არის რთული, პირიქით ძალიანაც სახალისოა და, რაც მთავარია,  მეტად სასარგებლოა.

აითვისეთ ბედისწერის მართვის ხერხები ღირებულებებში, რწმენებში, მოლოდინებსა და „მე“–კონცეპციაში ცვლილებების შეტანის მეოხებით და გახდით საკუთარი ცხოვრების რეჟისორი! 

„მე“–კონცეპცია როგორც მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის განმსაზღვრელი

წარმატების 365 დღე
მე–80 დღე
ხომ ხირად გსმენიათ არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ და ხომ გითქვამთ ვინმეს შესახებ დაკომპლექსებულიაო. ცხადია, ამ შემთხვევაში გულისხმოდით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს და იტანჯება იმით, რომ თავი ყველაზე უვარგისად და უსარგებლო არსებად მიაჩნია. მეორეს მხრივ ცხადია გინახავთ ნარცისი ან პარანოიკი, რომელსაც საკუთარ სრულყოფილებაში ეჭვი არ ეპარება, უზომოდ თავდაჯერებულია და თვითკმაყოფილი. ასეთებზე ისიც გითქვამთ, რომ გადამეტებულად მაღალი წარმოდგენისანი არიან საკუთარ თავზეო. როცა თვითშეფასებაზე დაფიქრებულხართ, მეტწილად ამ ორი უკიდურესობისათვის მიგიქცევიათ ყურადღება:  ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი თვითშეფასება. ალბათ ნაკლებად დაინტერესებულხართ იმით, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ წუთას ყველა ჩვენს მოქმედებას საფუძვლად უდევს ჩვენი თვითმიმართება საკუთარივე თავისადმი. ჩვენი „მე“–კონცეპცია ანუ წარმოდგენათა და მიმართებათა სისტემა საკუთარი თავისადმი, საიდანაც მომდინარეობს ჩვენი რწმენები და მოლოდინები, წინ უსწრებენ და განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს და მათ შედეგებს;  ჩვენი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი და ჩვენი ნებისმიერი ქცევის ხაზი შესაბამისობაშია  ჩვენს  „მე“–კონცეპციასთან და წარმოდგენათა იმ სისტემასთან, რაც ღრმა ბავშვობიდან მომდინარეობს. თქვენ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე იმყოფებით იმ მდგომარეობაში, რაც განსაზღვრა თქვენმა წარმოდგენებმა საკუთარ თავზე. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ზედმეტად მსუქანი, ამაში წვლილი თქვენს წარმოდგენებს მიუძღვის. ერთხელ მრავალი წლის წინ საფრანგეთში ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებიდან მოვდიოდი, ჯერ მოსკოვში გადმოვფრინდი და შემდეგ მატარებლით გამოვემგზავრე თბილისისაკენ. საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში შევეჩვიე იმ სტანდარტებს, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მსუქანი და ცხოვრების წესი ისე უნდა ააგო , რომ მუდმივად იყო გრაციოზულ ფორმაში. როცა მატარებლის ვაგონში ავედი თვალში მეცა, რომ ვაგონში ბევრი იყო ისეთი ქართველი მამაკაცი ან ქალბატონი, რომელიც ვაგონში სიმსუქნის გამო ვერ ეტეოდა. ჩემთან კუპეში ახალგაზრდა მამაკაცი იყო და მას შევჩივლე, რომ დეგრადაციის გზაზე ვდგავართ, რა ამბავია ამდენი ღიპიანი–თქო. ახალგაზრდა მამაკაცი დამეთანხმა, მაგრამ ერთ ადამიანზე მიმითითა ვაგონში და მითხრა: „ თქვენ სწორი ხართ, ძალიან მსუქანია ეს ხალხი და ცუდია, მაგრამ ეგერ რომ კაცია , იმისთანა ღიპი ქე უნდა ჰქონდეს კაცსო“. რამდენიმე წლის შემდეგ შევხდი ამ ახალგაზრდა მამაკაცს და ის „ზომიერი“ ღიპი უკვე ამაყად ედო მუცელზე. საკუთარ თავზე მისმა წარმოდგენებმა განსაზღვრა მისი ტანის აღნაგობა.  ასევეა თქვენი ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა – ფინანსურ ხელმოკლეობას  განიცდით თუ მდიდარი ხართ, ამ მდგომარეობამდე თქვენმავე „მე“–კონცეპციამ მიგიყვანათ. ასევეა თქვენი დღევანდელი ემოციური მდგომარეობა –  ბედნიერებას განიცდით თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით, ამაშიც ლომის წილი აქვს საკუთარი თავისადმი თქვენს წამოდგენათა სისტემას. თქვენი გარე სამყარო  შინაგანი სამყაროს გამოვლენაა. როგორც ამბობენ, თქვენ იმდაგვარი ხდებით, როგორც ფიქრობთ. თვალშისაცემია ის, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ორ რაიმეს შორის: თუ როგორ გამოგდით ესა თუ ის საქმე და რა წარმოდგენები გაქვს საკუთარ თავზე ამავე საქმის კეთების თვალსაზრისით.  თქვენი წარმატება ამა თუ იმ საქმეში განსაზღვრულია იმ მოლოდინებით, რაც თქვენ გაქვთ  ამავე  საქმის კეთებასთან დაკავშირებით. თქვენ ვერასოდეს ვერ გააკეთებთ კარგად იმ საქმეს, რომლისადმი მოლოდინიც გაქვთ, რომ იგი არ გამოგივათ.  რაიმე რომ კარგად აეწყოს თქვენს ირგვლივ და თქვენს გარეგნულ მოქმედებაში,  მანამდე ჯერ კარგად უნდა განეწყოთ ამ საქმის სათანადოდ  გამოსვლის თაობაზე. თქვენი გარეგნული შედეგი და წარმატება შინაგანი მზაობით არის განპრობებული.  რაც არის შიგნით, იგივეა გარეთ: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. თქვენ ვერ მოახდენთ თქვენს ირგვლივ ვერავითარ ცვლილებებს თუკი თავდაპირველად ცვლილება არ შეიტანეთ საკუთარ წარმოდგენებში საკუთარივე თავის მისამართით. ფორმულა „ ადამიანებში უნდა გამოვიწვიო ცვლილებები, ხოლო მე თვითონ უნდა ვიყო უცვლელი და იგივენაირი, რაც აქამდე ვიყავი“ – არ მუშაობს. ეს ხშირად ემართებათ პოლიტიკოსებს და რეფორმატორებს: ისინი ცდილობენ სხვებმა თავიანთ ხედვებსა და ცხოვრებაში მოახდინონ ცვლილებები, ხოლო თვითონ იძლევიან უცვლელობისა და ხისტობის მაგალითს. „მე“–კონცეპციის ნეგატიური და თვითშემზღუდავი დაშვებები („არაფერი არ გამომივა“, „ყოვლად უვარგისი ვარ“ და სხვა) თავს გამოავლენენ  თქვენს უარყოფით დამოკიდებულებებში სხვადასხვა ადამიანებისა და გარემოებების მიმართ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი „მე“–კონცეპცია, ჩაანაცვლოთ თქვენი უარყოფითი და თვითშემზღუდავი დაშვებები პოზიტიური, მასტიმულირებელი და თავისუფლების დამამკვიდრებელი მტკიცებებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თქვენი არსების ყველა მხარე და წახნაგი იყოს პოზიტიური და სიცოცხლისუნარიანი, ხოლო თქვენი  ცხოვრება გადაიქცეს შედევრად. ასეთი მცდელობების შედეგად მალე დაინახავთ, რომ  სიცოცხლის დამამკვიდრებელი აზრები განიცდიან მატერიალიზაციას და იქცევიან ჩვეულებრივ რეალობად. შევაჯამოთ: მთელი ჩვენი ცხოვრება კონტროლდება „მე“–კონცეპციით. ამდენად, თუ გნებავთ მიაღწიოთ წარმატებებს და გქონდეთ წინსვლა, დაიწყეთ საკუთარი „მე“–კონცეპციის შეცვლით, შეიტანეთ მასში ის ელემენტები და თვისებები, რაც წარმატების მიღწევის ქცევას შეეფერება და შეესაბამება.
ჩვენ გვაქვს შემაჯამებელი  ”მე“–კონცეპცია  ისეთი ზოგადი სახით, რაც მთელ ჩვენს პიროვნებას შეეხება: „მე სიკეთეს ვთესავ“, „პატრიოტი ვარ“, „მე ბუნებით ხელოვანი ვარ“, „ფრიად ერუდირებული და კომპეტენტური ვარ“, „მიყვარს მოგზაურობა“, „ ძმაკაცური ვარ და მეგობრებს უყვართ ჩემთან ყოფნა“, „კარგი მეოჯახე ვარ“, „ ჩემით ამაყობს ჩემი მშობლები“  და სხვა პოზიტიური წარმოდგენები საკუთარ პიროვნებაზე; ან კიდევ ზოგადი, მაგრამ უარყოფითი წარმოდგენები  საკუთარ თავზე: „არაფერი არ გამომდის“, „სამარცხვინოდ გამოვიყურები“,  „წარამარა შეცდომებს ვუშვებ“  და სხვა მისთანანი. მაგრამ გარდა შემაჯამებელი და ზოგადი „მე“–კონცეპციისა ჩვენ გვახასიათებს საკუთარ თავზე წარმოდგენებისა და საკუთარ თავთან დამოკიდებულების უფრო დეტალური და კონკრეტული წარმოდგენების მთელი სერია.  ჩვენ გვაქვს წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა უნარ–ჩვევებს ვფლობთ სწავლის ან ამა თუ იმ საქმის კეთების თვალსაზრისით, როგორია ჩვენი გარეგნობა, რამდენს ვიწონით და ვართ თუ არა მსუქანი, რა საჭმელი გვიყვარს, როგორ ვიცვამთ, როგორ გამოვიყურებით საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა თვალში, როგორ გამოგვდის  დიასახლისობა ან ოჯახის უფროსობა, როგორი მამა ან დედა ვართ, რამდენად ვართ ლიდერი, როგორი თანამშრომელი ვართ, რანაირი შვილი ან დედ–მამიშვილი ვართ, რა უნარები გვაქვს კარიერული წინსვლისათვის, რამდენად სპორტული ვართ და სხვა.  ჩვენ გვაქვს წარმოდგენები იმის შესახებ თუ რაოდენ დაფასებული, ავტორიტეტიანი ან პოპულარულები ვართ სამსახურში, სამეზობლოში, სანათესავოში ან საზოგადოებაში. თითოეულ აღნიშნულ  კონკრეტულ სფეროში  თავისებური „მე“–კონცეპცია გვაქვს და იგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს ეფექტურობასა და ვარგისიანობას ამ კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, თუ თქვენ ბიზნესს მისდევთ, ფრიად მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის „მე“–კონცეპცია გაქვთ ბაზრის მოთხოვნილებებისა და ფასების პროგნოზების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების საკუთარი უნარების  შესახებ. თუ თქვენ სკოლის პედაგოგი  ან უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანდებით თქვენს წარმატებულ საქმიანობას განსაზღვრავს თქვენი „მე“–კონცეპცია ბავშვისადმი ან სტუდენტისადმი დამოკიდებულების, პერმანენტული სწავლისა და ცოდნის გამუდმებული განახლების შესახებ, ცოდნის გადაცემის რა ჩვევები გაქვთ, რამდენად ფლობთ ეფექტური კომუნიკაციის ჩვევებს.  თქვენს „მე“–კონცეპციაში შეიძლება შედიოდეს ის, თუ რაოდენ ორგანიზებული, მოწესრიგებული და კომპეტენტური ბრძანდებით პირად ან სამსახურებრივ ცხოვრებაში.  თქვენ ვერსად გაექცევით საკუთარ თავს და თქვენი ქცევა პრივატულ თუ სამსახურებრივ სფეროში სრულ შესაბამისობაში იქნება თქვენს „მე“–კონცეპციასთან.  მეტად საინტერესოა „მე“–კონცეპციის კავშირი თქვენს ფინანსურ მხაესთან, რის განხილვასაც ახლა შევუდგებით.
ფულის კეთება, ფულის ქონა ან უფულობა, დაკავშირებულია  თვითშეფასებასა და „მე“–კონცეპციასთან. თქვენ გარკვეული წარმოდგენა გაქვთ თქვენს კომპეტენტურობასთან დაკავშირებით და რა თანხების გამომუშავება შეგიძლიათ. თქვენ ვერასდროს შეძლებთ ძალიან გადაახტეთ თქვენს უნარებსა და კომპეტენციის იმ დონეს, რაც მოცემულია თქვენს „მე“–კონცეპციაში,  და  ვერ შეძლებთ გამოიმუშავოთ გაცილებით ბევრი ან გაცილებით ცოტა თანხა, ვიდრე თქვენს „მე“–კონცეპციაშია გათვალისწინებული თქვენი შემოსავლების შესახებ.  როგორც კი 10%–ით მეტ ან ნაკლებ თანხას გამოიმუშავებთ, ვიდრე ამას შემოსავლების დონის სტანდარტის თქვენეული გაგება გულისხმობს, თქვენ შეგიპყროთ დისკომფორტის გრძნობა. ამ დროს დაიწყებთ სიტუაციის გაწონასწორებას.  მაგალითად, თუკი 10%–ით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებთ, თქვენ დაიწყებთ დამატებითი შემოსავლების წყაროს ძიებას, უფრო მუყაითად შრომას და გააქტიურებას, ახალი სამსახურის ძებნას, რათა დაიბრუნოთ ძველი ოდენობის ანაზღაურება. ხოლო თუკი 10%–ით და უფრო მეტი ოდენობით მეტ ანაზღაურებას მიიღებთ, ვიდრე ფინანსური შემოსავლების თქვენეულ „მე“–კონცეპციაში არის ნაგულისხმევი,  მაშინ დაიწყებთ ფულის ერთგვარ ფლანგვას, ვალების გაცემას, ფულის ისეთ რაიმეში ჩადებას, რაშიც ვერ ერკვევით, ნამეტი ფულის დარიგებას და დაკარგვასაც კი. აქაც წონასწორობის აღდგენის კანონი მუშაობს, რომლის თანახმადაც თქვენი ესწრაფვით დაუბრუნდეთ თქვენი შემოსავლების სტანდარტს როგორც ათვლის წერტილს, რაც ფინანსების შესახებ თქვენს „მე“– კონცეპციას შეესატყვისება.  
რა ხდება მაშინ, თუ თქვენ არ მუშაობთ და გაქვთ მხოლოდ მცირეოდენი შემოსავალი საარსებო მინიმუმის სახით. როგორც წესი, ცდილობთ რამენაირად ცხოვრება გაიტანოთ და გადარჩეთ. ადამიანები ეგუებიან საარსებო მინიმუმსაც და ეს მაშინაც კი ხდება, როცა საარსებო მინიმუმი ძალზე მცირეა. უკიდურესად მცირე საარსებო მინიმუმის პირობებში ცხოვრება, როგორც ეს ჩვენშია მოსახლეობის დიდ ნაწილში, ადამიანი ვერ იკმაყოფილებს საბაზო მოთხოვნილებებს და ამდენად არაადამიანურ მდგომარეობაშია. შესაძლოა იგი ცხოველის მსგავსად დღენიადაგ საკვების ძიებაში იყოს.  მათი „მე“–კონცეპცია საკმაოდ გაღარიბებულია და უკიდურეს შემთხვევაში იგი მათხოვრობს ან იქექება სანაგვე ყუთებში, რათა რაიმე იპოვოს. მაგრამ აქ ისიცაა საყურადღებო, რომ ზოგი ადამიანი მაინც ახერხებს მათხოვრობით თავი არა მხოლოდ გაიტანოს, არამედ არჩინოს ახლობელი; ცალკეულები  მათხოვრობით „ბიზნესსაც“ კი ქმნის და მას აქვს ორმაგი ცხოვრება ორმაგი „მე“–კონცეპციით, რომელთაგან ერთი მათხოვრის ქცევითი ნიმუშებით იკვებება, ხოლო მეორე კი „ბიზნესმენის“ ქცევითი ნიმუშებით, როგორიცაა ბაზრის  კლიენტის თავისებურებების გათვალისწინება, მათხოვრობაში დამხმარეებისა და თანამონაწილეების გამოყენება დაქირავებულ მუშახელივით და სხვა.     

„მე“–კონცეპცია შეიძლება დაკაშირებული იყოს ე.წ. კომფორტის ზონასთან. კომფორტის ზონა არის ფულის, წონის, სოციალური მდგომარეობის, პრესტიჟის, ცოდნის, მეგობართა წრის შესახებ ის სტაბილური მინაღწევარი, რასაც კომფორტის გრძნობა მოაქვს; ადამიანებს არ სურთ დატოვონ ეს მდგომარეობა, რადგან მასთან შეჩვეული არიან. კომფორტის ზონა გარკვეულ მყარ ჩვევებს მოიცავს, რომელთა გადაჩვევაც დროთა განმავლობაში ძნელი ხდება; არადა, სწორედ კომფორტის ზონასთან დაკავშირებულმა შეჩვეულობამ შეიძლება მიგიყვანოთ  სტაგნაციამდე, როცა არსებულ ცვლილებებს სამყაროში თქვენ შეაგებებთ უძრაობასა და უცვლელობას. კომფორტის ზონა კარგია სტაბილობის განცდისათვის, მაგრამ ხელიშემშლელია ინოვაციებისა და ცხოვრების განახლების თვალსაზრისით. „მე“–კონცეპციის თვალსაზრისით  კომფორტის ზონა გულისხმობს ისეთ სტანდარტულ წარმოდგენებს საკუთარი პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების სტანდარტებზე, როცა წინსვლა და წარმატება გადაფარულია არსებულის ან შენარჩუნებით ან სამომავლო რისკისებისაგან  თავის გადამეტებული დაზღვევით. მიღწეულის შენარჩუნება და რისკებისაგან ან საშიშროებებისაგან თავის დაზღვევა უდაოდ პოზიტიური თვისებაა, მაგრამ თუკი იგი იმის ხარჯზე ხდება, რომ სიახლე, გაბედული ნაბიჯები ცვლილებებისაკენ დაბლოკილია, მაშინ უძრაობას ექნება ადგილი, ხოლო უძრაობას საბოლოო ჯამში ლპობა ან ნგრევა მოჰყვება.  შეეცადეთ არ მოქცეთ კომფორტის ზონის მოჯადოებულ წრეში. შეეცადეთ დრო და დრო გადახედოთ თქვენს „მე“– კონცეპციას, გაანალიზოთ ის სტანდარტები, რაც გაქვთ ფულთან, სხეულის წონასთან, სამსახურეობრივ მდგომარეობასთან, შემოსავლებთან და გასავლებთან, ჩაცმა–დახურვასა და უნარ–ჩვევათა არსენალთან და თქვენი პიროვნების სხვა მხარეებთან დაკავშირებით; მაგრამ ანალიზი არ არის საკმარისი. აუცილებელია  დაიწყოთ თქვენი სტანდარტების ზომიერად რეგულაცია, დასახოთ თქვენი ფულადი შემოსავლებისა და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სტანდარტების შეცვლა მისი ზომიერად და თანმიმდევრულად ზრდის მიმართულებით. მაგალთად, ნუ შეეცდებით თქვენს „მე“–კონცეპციაში მონიშნოთ, რომ თქვენი შემოსავლები გაიზარდოს 100%–ით და რომ თქვენ იმსახურებთ სწორედ 100%–ით შემოსავლების ზრდას. საქმე იმაშია, რომ როგორც უზომოდ დიდ ლუკმას ვერ დაღეჭავთ, ვერ მოერევით და ვერ მოინელებთ, ისევე ერთბაშად 100%–ით გაზრდილ ფინანსური შესაძლებლობების ზრდას ვერ გაუმკლავდებით. თუკი მომზადებული არ ხართ როგორ მოექცეთ უზომოდ გარდილ შემოსავლებს, ამან აშენების ნაცვლად შეიძლება დაგღუპოთ. ქარის მოტანილი ბევრჯერ წაუღია ქარს. მოიგეგმეთ თქვენთვის შემოსავლების ზრდის ის ვარიანტი, რაც გულისხმობს თქვენი ამჟამინდელი შემოსავლების 10–20%–ით ან მაქსიმუმ 30%–ით ზრდას. ეს კი განხორციელებადია და გამკლავებადი. თუკი თქვენ მიეჩვევით  ფინანსური  სტანდარტების კუთხით თქვენი „მე“–კონცეპციის ასეთ თანდათანობით შეცვლას, შეცვლილი „მე“–კონცეპციის შესაბამისად აიგება თქვენი ფინანსური ცხოვრება. იგივე ეხება ცხოვრების სხვა მხარეების მიმართ  თქვენი „მე“–კონცეპციის სტანდარტების ზომიერ, თანდათანობით, მაგრამ  პერმანეტულ ზრდას. მთვარია არა კომფორტის ზონაში მოხვედრა და მასში  ჩარჩენა, არამედ კომფორტის ახალი ზონების თანდათანობითი გაფართოება.
„მე“–კონცეპცია შედგება სამი ნაწილისაგან: 1) იდეალური „მე“–ს ხატი; 2) რეალური „მე“–ხატი; 3) საკუთარი ღირსების განცდა, საკუთარი თავის როგორც ღირებულებად განცდა  ან თვითდაფასება. განვიხილოთ ეს ნაწილები სათითაოდ.

იდეალური „მე“–ს ხატი
ეს გახლავთ საკუთარი თავის წარმოდგენა იდეალის ტერმინებში. ეს ის იდეალური თვესებებია, რაც გინდათ გქონდეთ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი თუ როგორი ხართ ან ვინ ბრძანდებით, არამედ იმაზე, თუ რა გინდათ გახდეთ და გსურდათ გამხდარიყავით. აქ ლაპარაკია ისეთ იდეალურ თვისებებზე, რომელიც არა მხოლოდ თქვენს გარშემო მცხოვრებ საუკეთესო ადამიანებს ახასიათებს, არამედ შეიძლება ახასიათებდეს იმქვეყნიურ სამყაროში გარდასულ პიროვნებებს.  გამორჩეული და ჭეშმარიტად  წარმატებული მეცნიერების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების, სამყაროს გარდამქმნელების, დიდი ბიზნესმენების დამახასიათებელი თვისებაა, რომ ისწრაფვიან იდეალებისაკენ; მათ „მე“–კოცეპციაში დიდი ადგილი უკავია იდეალურ „მე“–ს, ისინი  დიდ აქცენტებს აკეთებენ იმაზე, თუ რა და როგორი გახდნენ, ისინი იდეალისაკენ ისწრაფვიან. ხელმოცარული და წარუმატებელი ადამიანებისათვის კი დამახასიათებელია, რომ მათ „მე“–კონცეპციაში იდეალურ–„მე“–ს ძალიან მცირე ადგილი უკავია ან სულაც არ ელტვიან იდეალებს.

რეალური „მე“–ს ხატი
თქვენ გაქვთ ერთგვარი შინაგანი სარკე: ეს თქვენი წარმოდგენებია იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ რეალურად და რას თვლით რომ უნდა აკეთოთ; თქვენ ამ სარკეში დღენიადაგ იხედებით. თქვენ ყოველთვის იქცევით იმ სურათის შესატყვისად, თუ რა ჩანს ამ თქვენს შინაგან სარკეში. რეალური „მე“ თქვენს ყოველდღიურობას განაგებს. თქვენ ყველა თქვენს საქციელს ან ჩანაფიქრს უთანაზომებთ მას. ეს ხდება წამიერად და ავტომატურად. ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა კარლ როჯერსმა ერთერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება იმას, პიროვნული ზრდა რეალურ „მე“–სა და იდეალურ „მე“–ს შორის დისტანციის შემცირებისკენ მსვლელობაა, ხოლო რაც უფრო დიდია განსვლა მათ შორის, მით უფრო მეტია სხვადასხვა დარღვევებისა და ნევროტული რეაქციების აღმოცენების შანსი.

თვითდაფასება
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანებს გვაქვს როგორც საკუთარი პიროვნების საზომი, გახლავთ ღირსების გრძნობა. რახან ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად თვისად, მისი ღირსების გრძნობაც ამას ეფუძვნება: იგი როგორც ღვთაების ხატად შექმნილი უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს. მისი ღირებულება რაიმე გარეგანით კი არ განისაზღვრება, არამედ მას აქვს თვითღირებულება, მისი ფასი სწორედ ისაა, რომ უნიკალურ და განუმეორებელ არსებას წარმოადგენს. მასში მოცემულია მთელი სამყარო, მისი ევოლუციური განვითარების პროცესში მან შემოინახა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია არაორგანული ბუნების, მინერალების, მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველებისათვის, ანთროპოიდებისა და პირველყოფილი , ხოლო შემდგომ ცივილიზაციის შექმნის გზაზე დამდგარი არსების თავისებურებებთან.  ადამიანის ტვინი და მისი ფსიქიკა არის  ზემძლავრი ენერგო–ინფორმაციული სისტემა, რომელშიც ინახება და ფუნქციონირებს მთელი ის ინფორმაცია, რაც სამყაროს წარმოშობიდან დღემდე არსებობს ევოლუციის გზაზე. ჩვენ ღირებულებას ვანიჭებთ არა მარტო გარე სამყაროს მოვლენებსა და საგნებს, არამედ საკუთარ თავსაც. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროდუქტს აქვს თვითღირებულება და ფასი. ასეთივე ფასი აქვს ჩვენთვის საკუთარ პიროვნებას, რომელსაც თვითღირებულებაც გააჩნია. ჩვენ არა მარტო იმ საზომებით ვუყურებთ საკუთარ თავს, რაც სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებით განისაზღვრება, არამედ თვითონ საკუთარი პოზიციიდანაც ვადებთ ფასს ყველა ჩვენს ნამოქმედარს ან პიროვნულ თვისებას.  ღირსების გრძნობა ეფუძვნება საკუთარი ღირებულების განცდას და თვითდაფასების უნარს. ყოველნაირი წარმატება და მაღალი შედეგები  განისაზღვრება თვითდაფასების მაღალი დონით. ბედნიერების გრძნობაც,  ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი  თვთდაფასების მაღალი დონის ფუნქციაა.

თვითდაფასების დონე განისაზღვრება ორი ურთიერთ დაკავშირებული, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული და, ერთი შეხედვით,  საპირისპირო ფაქტორით: პირველია საკუთარი თავის მიმღებლობა და დაფასება ისეთად, როგორიც ხართ ანუ უპირობო თვითმიმღებლობა, ხოლო მეორე ფაქტორია საკუთარი თავის თვითდაფასება იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც თქვენი კომპეტენტურობისა  და ქმედებების მეოხებით მიიღეთ. თუ პირველ შემთხვევაში საკუთარი თავის ფასი არ მერყეობს იმის გამოისობით, რომ სხვადასხვა შედეგებს აღწევთ და ამდენად სტაბილური დამოკიდებულება გაქვთ  (დადებითითუ უარყოფითი) საკუთარი თავისადმი, მეორე შემთხვევაში თქვენი მოქმედების ან კომპეტენტურობის შედეგებიდან გამომდინარე იცვლება თვითდაფასების დონე. თუ პირველ შემთხვევაში თვითმიმღებლობა უპირობოა და უცვლელია შედეგებიანობის მიუხედავად, მეორე შემთხვევაში რეზულტატიურობა არის წინა პლანზე წამოწეული და ხან დადებითისკენ, ხან უარყოფითი მიმართულებით იცვლება თქვენი თვითშეფასება საკუთარი ეფექტურობის გამოისობით. თვითდაფასების ეს ორი ფაქტორი ურთიერთგამომრიცხავი კი არ არის, არამედ ურთიერთ დამატებითია და ურთიერთ დაკავშირებულია: ჩემი უპირობო პოზიტიური თვითმიმღებლობა ზრდის შედეგიანობას, ხოლო რეზულტატიურობის ზრდა კიდევ უფრო ამტკიცებს პოზიტიურ თვითმიმღებლობას. ამიტომაც წარმატების ფორმულა ასეთია თვითდაფასების ჭრილში: მიიღე შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ, მიუტევე მას და არა განიკითხო, რათა გაზარდო შენი ეფექტურობა და რეზულტატიურობა და იგი უკან დაგიბრუნდება საკუთარი თვითმიმღებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით.
აქედან გამომდინარე შეიყვარე თავი შენი. ხშირად უთხარი საკუთარ თავს: „მე შენ მომწონხარ“ და „მე შენ მიყვარხარ“. კარგად ჩაუკვირდი ბიბლიურ ფორმულას “ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. შენ ვერ შეიყვარებ მოყვასს, თუკი საკუთარი თავი არ გიყვარს და გძულს. შენი თავიც შენი მოყვასია, იგი შენში ჩაბუდებული მოყვასია. ორი ასეთი დებულება შემიძლია შემოგთავაზოთ: 1) შეუძლებელია ვინმე იმაზე მეტად გიყვარდეთ, ვიდრე საკუთარი თავი. თქვენ შეგიძლიათ  გასცეთ მხოლოდ ის რაც გაქვთ; თუკი არ გაქვთ საკუთარი თავისადმი უპირობო სიყვარულის მარაგი, როგორღა გაიღებთ სიყვარულს სხვებისადმი, თუნდაც ახობლებისადმი; თუკი საკუთარი თავი გძულთ, ხოლო ახლობელზე მიჯაჭვული ხართ, ეს მიჯაჭვულობა სიყვარული კი არ არის , არამედ იმ საკუთარი უსუსურობის გამოვლენაა, რაც თვითმოძულეობიდან მოდის და გასუსტებთ,  და რაც გაიძულებთ თავი შეაფაროთ სხვას და  მიებათ მას. ეს სიყვარული კი არ არის, არამედ გამორჩენაა; 2) ნუ ელოდებით იმას, რომ ვინმე იმაზე მეტად შეიგყვარებთ, ვიდრე თქვენ გიყვართ საკუთარი თავი და პატივს სცემთ მას. თუკი პატივს დადებთ საკუთარ თავს, სხვებიც პატივს დაგდებენ, შეგიყვარებენ იმ ზომით, რანაირადაც გიყვართ თქვენი „მე“.
ყველა ადამიანი ამ ცხოვრებაში მოდის  გარკვეული პოტენციალით, ტემპერამენტითა და თანშობილი უნარებით, მაგრამ „მე“–კონცეპცია და თვითდაფასება შეძენადია, იგი ყალიბდება ბავშვობიდან და მთელი ცხოვრება განიცდის ცვლილებებს. ამიტომაც თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ცვლილებები  განხორციელდება მასში.

 შევაჯამოთ: „მე“–კონცეპცია და თვითდაფასების დონე განსაზღვრავს თქვენი მატერიალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონეს. იგი თქვენი ბედისწერის ნაწილი ხდება, მაგრამ  იგი არ არის უცვლელი და უმართავი. ბედისწერის სცენარი კი ოთხ ბოძზე დგას: 1) ღირებულებები, 2) რწმენები, 3) მოლოდინები და 4) „მე“–კონცეპცია. თითოეული ამ ბოძთაგანი დროში მდგრადია, მაგრამ ამავე დროს ცვლილებებს და მართვადობას ექვემდებარებიან. ჩემი მიზანიც ის გახლავთ, რომ ბედისწერის მართვის პოტენციალი გაზარდოთ თქვენთვისვე სასარგებლოდ. მაგრამ ეს ცალკე თემაა, რასაც  შემდგომში განვიხილავთ დეტალურად.

























   











დათრგუნვა და ტრანსფორმაცია

დათრგუნვა და ტრანსფორმაცია
წარმატების 365 დღე
79–ე დღე
ფსიქოლოგიურ კონსულტირებაზე მოვიდა აჟიტირებული და დაბნეული სტუდენტი, რომელიც უჩოდა იმას, რომ სადიპლომო ნაშრომი აქვს დასაწერი და გამოცდა ჩასაბარებელი,  მაგრამ ვერაფერს ითვისებს, გონებას თავს ვერ უყრის. იგი ფრიად მორწმუნე და ღვთისმოშიშია, თავდავიწყებით ლოცულობს, ისმენს ქადაგებებს, კითხულობს წმინდა მამების შრომებს, უსმენს რელიგიურ რადიო–გადაცემებს და ამას ყველაფერს მიაქვს მისი დროის უმეტესი ნაწილი. პრობლემა იმაშია, რომ იგი ებრძვის მიუღებელ აზრებს, რაც თავში უნებლიედ მოსდის, ხოლო ამ აზრებიდან უმეტესობაა სექსუალური ხასიათისაა. რაც უფრო თრგუნავს ამ მისთვის მიუღებელ აზრებს, მით უფრო რწმუნდება, რომ ბევრ გამოცდას უწყობს ეშმაკი – ასეთია მისი მსოფლხედვა. ცხადია, ჩემი მასთან საუბარი იქეთკენ წავიდა, რომ მისი ტვინი მთლიანად მოიცვა რელიგიურმა თემებმა და  სადიპლომო ნაშრომის დასაწერად და გამოცდის ჩასაბარებლად მის ტვინს არც დროითი რესურსი არა აქვს და არც ძალა შესწევს. რა ძალაც მას აქვს, ყველაფერი ხმარდება რელიგიას და საუნივერსიტეტო საგნებისათვის ტვინი უარს ეუბნება აითვისოს წაკითხული მასალა. სტუდენტი კატეგორიულ უარზე იყო ცოტა ხნით მაინც გადაედო რელიგიური აქტივობა, რათა  დაესვენა ამ მოზღვავებული რელიგიური ინფორმაციისაგან და ძალები უნივერსიტეტის დამამამთავრებელი სადიპლომოსა და გამოცდისათვის დაეთმო. იგი დათრგუნვის აშკარა მსხვერპლი იყო.  საითკენ მიჰყავს დათრგუნვის გზას ადამიანი: წარმატებისაკენ? პათოლოგიისაკენ? სულიერი სამყაროს სტერეოტიპიზაციისა და გაღარიბებისაკენ? ფსიქოლოგიური მოქნილობისაკენ თუ მოუქნელობისა და რიგიდულობისაკენ? დაბოლოს, მართლა ცათა სასუფეველში შევა ეს ადამიანი, თუკი არავითარ დროს არ დაუთმობს პროფესიული საგნების ათვისებას და იქნება დაბალი ხარისხის მუშაკი? რახან ასეა, იქნებ სჯობდეს ბარემ ბერად შედგეს, თავი და სხვები არ მოატყუოს, მოისროლოს გვერდზე უნივერსიტეტი, შეუდგეს ღვთისმსახურებას, მაგრამ  ამ დროსაც დგება საკითხი: შეძლებს კი იგი ტვინს აუკრძალოს იმ მიუღებელი აზრების გაელვება, მთლიანად დაიმორჩილოს საკუთარი ტვინი, აქციოს იგი მომსახურე რობოტად? 
ადამიანი ერთადერთი არსებაა ამ პლანეტაზე, რომელიც  თრგუნავს ან გარდაქმნის საკუთარ ენერგიას. დათრგუნვა და ტრანსფორმაცია ერთი მოვლენის ორი მხარეა, ეს ორი მხარე ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება:  საკუთარი თავის შეცვლას. არც მცენარეები, არც ფრინველები და არც ცხოველები არ ცდილობენ რაიმე შეცვალონ გარემოში და მითუმეტეს  არ ცდილობენ თავიანთი ბუნება გარდაქმნან. ისინი დღენიადაგ ნივთიერებათა და ენერგიათა გაცვლა–გამოცვლის პროცესში არიან ჩართულნი და იმდენად შერწყმულნი არიან დედა–ბუნებასთან, რომ ვერაფრით ვერ გამოეყოფიან მას, ხოლო რახან ვერ გამოეყოფიან, შესაბამისად ვერც გ არდაქმნიან საკუთარ თავს და გარემოს. ადამიანი კი სულ სხვაა. იგი იმთავითვე გამოყოფილია ბუნებისაგან, რისთვისაც ღმერთისაგან დაისაჯა კიდეც ედემიდან გამოდევნით. ადამიანს შეუძლია გარედან                    შეხედოს საკუთარ თავს, შეხედოს თავის ქცევებს, საკუთარ ენერგიას, ვითომდაც ისინი რაღაც მისგან ცალკე არსებული მოვლენებია. და აი,  მაშინ მას უჩნდება სურვილი დაეუფლოს ამ ენერგიებსა და ქცევებს, დაიმორჩილოს ისინი, იყოლიოს კონტროლის ქვეშ.  კონტროლის დაწესება და დაუფლება კი ხორციელდება ძირითადად ორი მექანიზმით: ერთია დათრგუნვა (ახლა რომ ჩვენში ზოგი მიჯირყვნას უწოდებს) და მეორე ტრანსფორმაცია, გარდაქმნა. დათრგუნვა მიმართულია დამალოს, დაფაროს და არ მისცეს მსვლელობა იმ ენერგიასა და ქცევას, რასაც ეს ადამიანი არსებობის უფლებას ართმევს; ესა თუ ის ადამიანი თვლის, რომ რაღაც იმპულსი ან ქცევა არ უნდა არსებობდეს და ცდილობს მის გადაფარვას დათრგუნვის, რეპრესიის, ცნობიერებიდან განდევნის მეოხებით. ტრანსფორმაცია კი გულისხმობს ენერგიის, იმპულსის ან ქცევის იმდაგვარ გარდაქმნას, როცა ისინი ახალ კალაპოტსა, მდგომარეობაში ან განზომილებაში იქნებიან გადაყვანილნი.
მაგალითად, სექსუალური ენერგია ძალიან ძლიერი ენერგიაა, მაგრამ იგი გარკვეულ აკრძალვებს და ტაბუირებას ეჯახება. ამასთან ერთად სექსი ბევრ უხერხულობებთან, სირცხვილთან და ბრალეულობის გრძნობასთანაც კი არის დაკავშირებული მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებსა და კულტურებში. ბევრ რელიგიებში იგი ადამიანის ცხოველურ ბუნებაზე მეტყველებს, ამდენად სექსუალური აქტი ცხოველურ რაიმედ ითვლება, თუმცა ადამიანის სექსუალური აქტივობა ისევე გაადამიანებულია, როგორც სხვა ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიცაა კვება, წყურვილი, სითბო და თერმორეგულაცია. ის, რომ თვით სექსიც გაადამიანებულია და სოციალური ურთიერთობების კონტექსტსაც შეიცავს, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სექსუალობა ავლენს თქვენს სიღრმისეულ დამოკიდებულებას სექსუალურ პარტნიორთან. თქვენ არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ სექსუალური მოთხოვნილება სექსუალური პარტნიორის გარეშე. თვით მასტურბაციის დროსაც მამაკაცი ან ქალი წარმოსახვაში სექსუალურ აქტს ატარებს  პარტნიორთან. ამის გამო მამაკაცი იქნება ის თუ ქალი, სექსუალური ენერგიის განსამუხტავად განწირულია, რომ ეძიოს და იპოვოს სექსუალური პარტნიორი.  ეს ძიება და პოვნა ხშირად შეიძლება ატარებდეს ძალადობრივ ხასიათსაც კი.  მეორეს მხრივ, სექსუალური პარტნიორი უნდა შეესაბამებოდეს შენს გემოვნებას, შეხედულებებს და ღირებულებებსაც კი და არსებობს ათასნაირი შემთხვევები, როცა ახალდაქორწინებულებიც კი ვერ აეწყვნენ ერთმანეთს სექსუალური თვალსაზრისით, რადგან ისინი არ იყვნენ შეწყობილები ერთმანეთთან გემოვნების, შეხედულებებისა და ღირებულებების თვალსაზრისით.
მაგრამ ამავე დროს ისე არსად არ არის ადამიანი ბუნებრივი და ცხოველურთან, ბიოლოგიურთან ყველაზე ახლოს მყოფი, როგორც სექსუალური აქტის დროს. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანები კი არ თამაშობენ სექსუალობას, არამედ როცა ღრმად შესტოპავენ პროცესში, როცა ივიწყებენ ცივილიზაციას, ნორმებს, პირობითობებს, რელიგიურ დოგმებს. მათში იღვიძებს ცხოველი, რომელიც გამოსცემს ყმუილს, ქლოშინს, ყვირილს, კვნესას, სიამოვნების ბგერებს და შორისდებულებს. ადამიანები ამ უცნაურ სექსუალურ ენაზე ურთიერთობენ ამ დროს და  უფრო წააგავენ ჩიტებს თუ მხეცებს, ვიდრე ცივილიზაციის შვილებს.  დროის მოკლე მონაკვეთში მთლიანად ქრება ცივილიზაცია თავისი ათასწლოვანი ისტორიებით და ადამიანი ხდება ველური. ზუსტად ამის გამო ადამიანს უჩნდება მისწრაფება დათრგუნოს საკუთარ თავში ველური, რადგან თუ სექსუალური ველურობა გააგრძელა, მაშინ შეიძლება გადავარდეს შეშლილობაში. 
სექსი ის ენერგიაა, რომელშიც მთელი სიცოცხლეა ჩაგუბებული, ეს ძირითადი ენერგიაა, რაც ემსახურება სიცოცხლის გამრავლებას. მისი იმპულსი უძლიერესია, ამიტომაც იგი თუ კონტროლს არ დაექვემდებარა,  შეიძლება ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპები დაინგრეს. დათრგუნვა ყველაზე ადვილ გზადაა მიჩნეული, რათა სექსუალური ენერგია დაემორჩილოს კონტროლს. ყველა საზოგადოებას ან რელიგიას სექსუალობის დათრგუნვის თავისი ხერხები და გზები გააჩნია. დათრგუნვა იმას კი არ ნიშნავს, რომ სექსუალური ენერგია მთლიანად გააქრო და მოსპო. ეს შეუძლებელიცაა. ენერგიის მუდმივობის კანონი აქაც მუშაობას. დათრგუნვა ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ნება დართო იმ ზომითა და იმ საშუალებით დაიკმაყოფილო სექსუალური ნდომა, რაც ზიანს არ მოგაყენებს. ეს ნიშნავს სექსუალური ენერგიის მხოლოდ იმ ნაწილისათვის „ონკანის“ მოშვებას, რაც შეიძლება გააკონტროლო. შენ ახდენ სექსუალური იმპულსის  მანიპულირებას. დათრგუნვა არსებობს როგორც დამცველი, დამზღვევი, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმი. დათრგუნვას იყენებს ყველა რელიგია. ისინი იყენებდნენ სექსისადმი შიშს როგორც დათრგუნვის საშუალებას. სექსი რელიგიამ გამოაცხადა ერთერთ ყველაზე დიდ ცოდვად. სანამ სექსი ბატონობს შენში, შენ ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში – ასე თვლის რელიგია და მხრივ ის მართალია. სექსი ეჯახება ადამიანის „ეგოს“ ანუ „მე“–ს, რადგან სწორედ ეგოა ის, რასაც კონტროლის ფუნქცია ეკისრება. სწორედ ეგო ანხორციელებს დათრგუნვას, რათა მისი კონტროლი იმპულსებზე ბატონობდეს. რელიგიამ კარგად მოახერხა ადამიანთა შიშებისა და ეგოიზმისკენ სწრაფვის ექსპლოატაცია. მას გააჩნია დათრგუნვათა მრავალი მეთოდი. მაგრამ მეორეს მხრივ დათრგუნვათა ამ სისტემამ გახლიჩა ადამიანის არსება, იგი აქცია შინაგანი კონფლიქტების არეალად.  ხშირად დათრგუნვათა სისტემა  ამ შინაგანი კონფლიქტების ესკალაციის გამო იწვევს ნევროზის, შფოთვითი დარღვევების, აკვიატებების, დეპრესიის აშლილობებს.
ერთხელ  ფსიქოთერაპიისათვის მომმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, დაოჯახებულმა, შვილების დედამ. ქალბატონი მძიმედ შეეპყრო დეპრესიას. ფსიქოთერაპიული ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ მას ტვინში მოსდის უხამსი აზრები, რომ თითქოს ასო–ამოღებული ღმერთი დასდევს გასაუპატიურებლად. ცხადია ამ აზრებს იგი არავის უმხელდა და ცდილობდა გონებიდან განედევნა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდა მათ ლიკვიდაციას.   მასთან ფსიქოთერაპია ისე აიგო, რომ იგი ვირტუალურ დიალოგში შევიდა ღმერთთან და ყველა ის საძრახისი სიტყვები იყო მის მიერ ხმამაღლა გამოყენებული, რაც ნატურალურად გადმოსცემს სექსუალურ აქტს. რამდენიმე სესიის შედეგად კათარზისული ეფექტი სახეზე იყო და ეს ქალბატონი სრულიად განთავისუფლდა მძიმე სულიერი მდგომარეობისაგან. მან არათუ დასძლია ის მძიმე მდგომარეობა, არამედ თავის სფეროში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. უფრო მეტიც, იგი წლების განმავლობაში ჩემთან აგზავნიდა სხვადასხვა პირებს, ვისაც ესა თუ ის ფსიქოლოგიური პრობლემები ან ქცევითი დარღვევები ჰქონდა. რა მოხდა ამ ქალბატონთან? ის რაც მასთან მოხდა, ეს უკვე იყო არა დათრგუნვა, არამედ ტრასფორმაცია. სექსუალური იმპულსი ერთგვარად განიმუხტა და მისი ენერგია გადაერთო სხვა არხებში, რაც სასარგებლო და პროფესიონალურ აქტივობებთან იყო დაკავშირებული. და იმ მძიმე პერიოდის საქართველოში, მე–20 საუკუნის 90–იან წლებში წარმატებულად გამოატარა თავისი ცხოვრება ამ ქალბატონმა.
სექსთან ბრძოლა დათრგუნვით მისი მოგერიებისა და დაოკების ან სრული მოსპობის მიზნით უსარგებლო საქმეა. რაც უფრო დათრგუნავ სექსუალური ენერგიის წყაროს, მით უფრო ეს დაგუბებული ენერგია ამოხეთქავს, გააძლიერებს შინაგან კონფლიქტს და გამოიხმობს ათასგვარ დაცვით მექანიზმებს (განდევნა, ამნეზია, პროექცია, რეაქციის ფორმირება, რეგრესია და სხვა), რასაც არც ისე იშვიათად დამანგრეველი ძალა აქვს. დათრგუნვას ტრანსფორმაცია სჯობს, ხოლო ზ. ფროიდი სუბლიმაციას უწოდებს პროცესს, როცა სექსუალური ენერგია მიედინება სასარგებლო საქმიანობების კალაპოტში (ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი.....) და მისი აზრით ცივილიზაციის წინსვლა სუბლიმაციამ განსაზღვრა.
საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა ტრანსფორმაციის შესახებ გასხივოსნებულ გურუს ოშო რაჯნიშს. იგი თვლიდა, რომ ტრანსფორმაციის უნივერსალური გზა მედიტაციაა. მედიტაცია ოშოს გაგებული აქვს როგორც რეგულარული გაცნობიერების, სიფხიზლის, ყურადღების მობილიზაციის პროცესი; როცა მოქმედებ, აზროვნებ, ხედავ, გრძნობ და ამავე დროს ამ მოქმედების, აზროვნების, ხედვის, გრძნობის გაცნობიერებას ახდენ. მედიტაციისას შენ არა მარტო მოქმედებ, არამედ აკვირდები კიდეც და ცნობიერების ველში გყავს შენი მოქმედება. მაგალითად, არა მარტო ჭამ, არამედ აცნობიერებ თუ რას გრძნობ ჭამის დროს; მედიტაციისას შენ არა მარტო ურთიერთობ ვინმესთან , არამედ აცნობიერებ საკუთრივ ამ ურთიერთობის პროცესს; მედიტაციური მიდგომის დროს შენ არა მხოლოდ ჩართული ხარ სექსუალურ აქტში, არამედ აცნობიერებ თუ როგორ მოქმედებ, რა ხდება ამ დროს შენში, რას გრძნობ, რას ხედავ და რა გესმის. მედიტაციისას ადამიანი იგივეობრივია იმის, რასაც აკეთებს; იგი არ არის შინაგანად გახლეჩილი, არამედ პირიქით იგი ინტეგრირებულია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან; იგი გამთლიანებულია და არა ნაწილებად დაშლილი სწორედ იმით, რომ მისი ყურადღება და ცნობიერება „აქ და ამჟამად“ არის ყველაფერ იმასთან, რაც მის მოქმედებას თან ახლავს. გაცნობიერება ადამიანს აქცევს მოწმედ, რომელიც არა მარტო მოქმედებს და ცხოვრობს, არამედ გაცნობიერება როგორც პროცესი არის ის გამამთლიანებელი ძალა, რაც ნაწილებს ერთმანეთთან კრავს და პიროვნებაც რეაგირებს როგორც ინტეგრირებული სისტემა. მედიტაცია გაცნობიერება და დაკვირვებაა ან მოწმედ ყოფნაა განკითხვისა და შეფასების გარეშე. ასეთი მედიტაციური პროცესი თავისი პერმანენტული „აქ და ამჟამად“ გაცნობიერებითურთ გასხივოსნებულ პირებს თან ახლავს სიკვდილის დროსაც კი.  მედიტაცია შენი ყოფნის ტოტალურ მიმღებლობას გულისხმობს. შენს ყოფნაში სიკვდილიც შედის, იგი ყველა ჩვენგანის განუშორებელი ნაწილია, რადგან ვაჟას არ იყოს „შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა“. დღიდან გაჩენისა თან გვახლავს სიკვდილი, ყოველ წამში ჩვენში მილიონობით უჯრედი კვდება და სიცოცხლის გზას უთმობს ახალ უჯრებებს. დიდი ბრძენები და მედიტატორები სწორედ ასეთი ღრმა თვითმიმღებლობით ხასიათდებოდნენ და ისინი სიკვდილის მიმართ ღიანი იყვნენ, ისინი სიკვდილის დროსაც ცნობიერების შუქს მიანათებდნენ საკუთარი სიკვდილის პროცესს, „აქ ყოფნით“ და არა გაქცევით სრულიად მშვიდად ექცეოდნენ მედიტაციური მარადიულობის სიტუაციაში, როცა „აქ და ამჟამად“ ყოფიერება გარდაისახება  მარადიულობის განფენად წამიერსა და წარმავალში (ბუდა, სოკრატე, გიორგი გურჯიევი, რამანა მახარში, ოშო......). რაც არ უნდა იყოს, ამ კონტექსტში მინდოდა მეთქვა, რომ ტრანსფორმაცია რადიკალურად საპირისპირო გზაა დათრგუნვის და იგი მიმღებლობას ეყრდნობა და არა განკითხვასა და უარყოფას. ამდენად ასე გაგებული მედიტაცია მართლაც არის ტრანსფორმაციის ეფექტური საშუალება.
დღეს მედიტაციური მიდგომები მძლავრად შეიჭრა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პროცესში. ისეთი ფსიქოკონსულტატიური მიმართულებები როგორიცაა კოგნიტურ–ბიჰევიორალური ან გეშტალტ–თერაპიული სკოლები, ხშირად იყენებენ სხვადასხვა მედიტაციურ ტექნიკებს, რათა ადამიანებმა აითვისონ პრობლემის დაძლევის, გაჯანსაღების, წარმატების მიღწევის ახალი გზები და უნარ–ჩვევები. ფრიად გავრცელებულია „ცნობიერების სისავსის“ (Mind-Fullness)  მიდგომები, რომლებიც უხვად იყენებენ სხვადასხვა მედიტაციურ ტექნიკებს, სადაც  დაახლოებით იგივე იდეებია განვითარებული, რაც ოშოს მოსაზრებებთან დაკავშირებით აღვნიშნე.
როცა ენერგიის, ქცევის, ემოციის თუ აზრის დათრგუნვასა და ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, სექსუალური ენერგია და ქცევა ერთერთ მაგალითად ავიღეთ, თორემ გარდა სექსისა რამდენი რამ არის დათრგუნული და რამდენი რამ გვაქვს გარდასაქმნელი და ტრანსფორმაციისაკენ მოსაქცევი. კონტროლი წესდება არა მხოლოდ სექსზე, არამედ აზრზე, ემოციაზე,  სხვადასხვა ქცევაზე, თვითგამოხატვის პროცესზე და, რაც მთავარია, პირად ნებასა ან მსოფლმხედველობაზე. მაგალითად, ბავშვებს განა არ თრგუნავენ  როცა ცელქობასა და ჰიპერაქტიურობას უშლიან? განა არა სჯობს ცელქობის დათრგუნვის მაგივრად ბავშვი ჩართო რაიმე სპორტულ  ჯგუფში, სადაც იგი მოზღვავებულ მოტორულ და აგრესიულ რეაქციას განმუხტავს ქანცგამწყვეტ  ფიზიკურ აქტივობაში?  განა ჩააქრობს აგრესიას მისი დათრგუნვა? განა ასე ძნელია იმის გაგება, რომ დათრგუნული აგრესია გადადის აუტოაგრესიაში, რაც საკუთარი თავისადმი აგრესიას ნიშნავს და რაც ხშირად თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილების საფუძველი ხდება? განა არ შეგიმჩნევიათ, რომ თუკი ცდილობთ რომელიმე არასასურველი თვისება აღმოფხვრათ, რაც უფრო ცდილობთ, მით უფრო გეკვიატებათ ეს უარყოფითი თვისება, რომელსაც თრგუნავთ მოსპობის მიზნით. პიროვნული ტრანსფორმაცია საუკეთესო გზაა თვითგარდაქმნისაკენ, ხოლო მედიტაციური გაცნობიერება ასევე საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.