11.03.2014

დათრგუნვა და ტრანსფორმაცია

დათრგუნვა და ტრანსფორმაცია
წარმატების 365 დღე
79–ე დღე
ფსიქოლოგიურ კონსულტირებაზე მოვიდა აჟიტირებული და დაბნეული სტუდენტი, რომელიც უჩოდა იმას, რომ სადიპლომო ნაშრომი აქვს დასაწერი და გამოცდა ჩასაბარებელი,  მაგრამ ვერაფერს ითვისებს, გონებას თავს ვერ უყრის. იგი ფრიად მორწმუნე და ღვთისმოშიშია, თავდავიწყებით ლოცულობს, ისმენს ქადაგებებს, კითხულობს წმინდა მამების შრომებს, უსმენს რელიგიურ რადიო–გადაცემებს და ამას ყველაფერს მიაქვს მისი დროის უმეტესი ნაწილი. პრობლემა იმაშია, რომ იგი ებრძვის მიუღებელ აზრებს, რაც თავში უნებლიედ მოსდის, ხოლო ამ აზრებიდან უმეტესობაა სექსუალური ხასიათისაა. რაც უფრო თრგუნავს ამ მისთვის მიუღებელ აზრებს, მით უფრო რწმუნდება, რომ ბევრ გამოცდას უწყობს ეშმაკი – ასეთია მისი მსოფლხედვა. ცხადია, ჩემი მასთან საუბარი იქეთკენ წავიდა, რომ მისი ტვინი მთლიანად მოიცვა რელიგიურმა თემებმა და  სადიპლომო ნაშრომის დასაწერად და გამოცდის ჩასაბარებლად მის ტვინს არც დროითი რესურსი არა აქვს და არც ძალა შესწევს. რა ძალაც მას აქვს, ყველაფერი ხმარდება რელიგიას და საუნივერსიტეტო საგნებისათვის ტვინი უარს ეუბნება აითვისოს წაკითხული მასალა. სტუდენტი კატეგორიულ უარზე იყო ცოტა ხნით მაინც გადაედო რელიგიური აქტივობა, რათა  დაესვენა ამ მოზღვავებული რელიგიური ინფორმაციისაგან და ძალები უნივერსიტეტის დამამამთავრებელი სადიპლომოსა და გამოცდისათვის დაეთმო. იგი დათრგუნვის აშკარა მსხვერპლი იყო.  საითკენ მიჰყავს დათრგუნვის გზას ადამიანი: წარმატებისაკენ? პათოლოგიისაკენ? სულიერი სამყაროს სტერეოტიპიზაციისა და გაღარიბებისაკენ? ფსიქოლოგიური მოქნილობისაკენ თუ მოუქნელობისა და რიგიდულობისაკენ? დაბოლოს, მართლა ცათა სასუფეველში შევა ეს ადამიანი, თუკი არავითარ დროს არ დაუთმობს პროფესიული საგნების ათვისებას და იქნება დაბალი ხარისხის მუშაკი? რახან ასეა, იქნებ სჯობდეს ბარემ ბერად შედგეს, თავი და სხვები არ მოატყუოს, მოისროლოს გვერდზე უნივერსიტეტი, შეუდგეს ღვთისმსახურებას, მაგრამ  ამ დროსაც დგება საკითხი: შეძლებს კი იგი ტვინს აუკრძალოს იმ მიუღებელი აზრების გაელვება, მთლიანად დაიმორჩილოს საკუთარი ტვინი, აქციოს იგი მომსახურე რობოტად? 
ადამიანი ერთადერთი არსებაა ამ პლანეტაზე, რომელიც  თრგუნავს ან გარდაქმნის საკუთარ ენერგიას. დათრგუნვა და ტრანსფორმაცია ერთი მოვლენის ორი მხარეა, ეს ორი მხარე ერთსა და იმავე მიზანს ემსახურება:  საკუთარი თავის შეცვლას. არც მცენარეები, არც ფრინველები და არც ცხოველები არ ცდილობენ რაიმე შეცვალონ გარემოში და მითუმეტეს  არ ცდილობენ თავიანთი ბუნება გარდაქმნან. ისინი დღენიადაგ ნივთიერებათა და ენერგიათა გაცვლა–გამოცვლის პროცესში არიან ჩართულნი და იმდენად შერწყმულნი არიან დედა–ბუნებასთან, რომ ვერაფრით ვერ გამოეყოფიან მას, ხოლო რახან ვერ გამოეყოფიან, შესაბამისად ვერც გ არდაქმნიან საკუთარ თავს და გარემოს. ადამიანი კი სულ სხვაა. იგი იმთავითვე გამოყოფილია ბუნებისაგან, რისთვისაც ღმერთისაგან დაისაჯა კიდეც ედემიდან გამოდევნით. ადამიანს შეუძლია გარედან                    შეხედოს საკუთარ თავს, შეხედოს თავის ქცევებს, საკუთარ ენერგიას, ვითომდაც ისინი რაღაც მისგან ცალკე არსებული მოვლენებია. და აი,  მაშინ მას უჩნდება სურვილი დაეუფლოს ამ ენერგიებსა და ქცევებს, დაიმორჩილოს ისინი, იყოლიოს კონტროლის ქვეშ.  კონტროლის დაწესება და დაუფლება კი ხორციელდება ძირითადად ორი მექანიზმით: ერთია დათრგუნვა (ახლა რომ ჩვენში ზოგი მიჯირყვნას უწოდებს) და მეორე ტრანსფორმაცია, გარდაქმნა. დათრგუნვა მიმართულია დამალოს, დაფაროს და არ მისცეს მსვლელობა იმ ენერგიასა და ქცევას, რასაც ეს ადამიანი არსებობის უფლებას ართმევს; ესა თუ ის ადამიანი თვლის, რომ რაღაც იმპულსი ან ქცევა არ უნდა არსებობდეს და ცდილობს მის გადაფარვას დათრგუნვის, რეპრესიის, ცნობიერებიდან განდევნის მეოხებით. ტრანსფორმაცია კი გულისხმობს ენერგიის, იმპულსის ან ქცევის იმდაგვარ გარდაქმნას, როცა ისინი ახალ კალაპოტსა, მდგომარეობაში ან განზომილებაში იქნებიან გადაყვანილნი.
მაგალითად, სექსუალური ენერგია ძალიან ძლიერი ენერგიაა, მაგრამ იგი გარკვეულ აკრძალვებს და ტაბუირებას ეჯახება. ამასთან ერთად სექსი ბევრ უხერხულობებთან, სირცხვილთან და ბრალეულობის გრძნობასთანაც კი არის დაკავშირებული მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხებსა და კულტურებში. ბევრ რელიგიებში იგი ადამიანის ცხოველურ ბუნებაზე მეტყველებს, ამდენად სექსუალური აქტი ცხოველურ რაიმედ ითვლება, თუმცა ადამიანის სექსუალური აქტივობა ისევე გაადამიანებულია, როგორც სხვა ბიოლოგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილება, როგორიცაა კვება, წყურვილი, სითბო და თერმორეგულაცია. ის, რომ თვით სექსიც გაადამიანებულია და სოციალური ურთიერთობების კონტექსტსაც შეიცავს, ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სექსუალობა ავლენს თქვენს სიღრმისეულ დამოკიდებულებას სექსუალურ პარტნიორთან. თქვენ არ შეგიძლიათ დაიკმაყოფილოთ სექსუალური მოთხოვნილება სექსუალური პარტნიორის გარეშე. თვით მასტურბაციის დროსაც მამაკაცი ან ქალი წარმოსახვაში სექსუალურ აქტს ატარებს  პარტნიორთან. ამის გამო მამაკაცი იქნება ის თუ ქალი, სექსუალური ენერგიის განსამუხტავად განწირულია, რომ ეძიოს და იპოვოს სექსუალური პარტნიორი.  ეს ძიება და პოვნა ხშირად შეიძლება ატარებდეს ძალადობრივ ხასიათსაც კი.  მეორეს მხრივ, სექსუალური პარტნიორი უნდა შეესაბამებოდეს შენს გემოვნებას, შეხედულებებს და ღირებულებებსაც კი და არსებობს ათასნაირი შემთხვევები, როცა ახალდაქორწინებულებიც კი ვერ აეწყვნენ ერთმანეთს სექსუალური თვალსაზრისით, რადგან ისინი არ იყვნენ შეწყობილები ერთმანეთთან გემოვნების, შეხედულებებისა და ღირებულებების თვალსაზრისით.
მაგრამ ამავე დროს ისე არსად არ არის ადამიანი ბუნებრივი და ცხოველურთან, ბიოლოგიურთან ყველაზე ახლოს მყოფი, როგორც სექსუალური აქტის დროს. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანები კი არ თამაშობენ სექსუალობას, არამედ როცა ღრმად შესტოპავენ პროცესში, როცა ივიწყებენ ცივილიზაციას, ნორმებს, პირობითობებს, რელიგიურ დოგმებს. მათში იღვიძებს ცხოველი, რომელიც გამოსცემს ყმუილს, ქლოშინს, ყვირილს, კვნესას, სიამოვნების ბგერებს და შორისდებულებს. ადამიანები ამ უცნაურ სექსუალურ ენაზე ურთიერთობენ ამ დროს და  უფრო წააგავენ ჩიტებს თუ მხეცებს, ვიდრე ცივილიზაციის შვილებს.  დროის მოკლე მონაკვეთში მთლიანად ქრება ცივილიზაცია თავისი ათასწლოვანი ისტორიებით და ადამიანი ხდება ველური. ზუსტად ამის გამო ადამიანს უჩნდება მისწრაფება დათრგუნოს საკუთარ თავში ველური, რადგან თუ სექსუალური ველურობა გააგრძელა, მაშინ შეიძლება გადავარდეს შეშლილობაში. 
სექსი ის ენერგიაა, რომელშიც მთელი სიცოცხლეა ჩაგუბებული, ეს ძირითადი ენერგიაა, რაც ემსახურება სიცოცხლის გამრავლებას. მისი იმპულსი უძლიერესია, ამიტომაც იგი თუ კონტროლს არ დაექვემდებარა,  შეიძლება ადამიანთა თანაცხოვრების ძირითადი პრინციპები დაინგრეს. დათრგუნვა ყველაზე ადვილ გზადაა მიჩნეული, რათა სექსუალური ენერგია დაემორჩილოს კონტროლს. ყველა საზოგადოებას ან რელიგიას სექსუალობის დათრგუნვის თავისი ხერხები და გზები გააჩნია. დათრგუნვა იმას კი არ ნიშნავს, რომ სექსუალური ენერგია მთლიანად გააქრო და მოსპო. ეს შეუძლებელიცაა. ენერგიის მუდმივობის კანონი აქაც მუშაობას. დათრგუნვა ნიშნავს იმას, რომ საკუთარ თავს ნება დართო იმ ზომითა და იმ საშუალებით დაიკმაყოფილო სექსუალური ნდომა, რაც ზიანს არ მოგაყენებს. ეს ნიშნავს სექსუალური ენერგიის მხოლოდ იმ ნაწილისათვის „ონკანის“ მოშვებას, რაც შეიძლება გააკონტროლო. შენ ახდენ სექსუალური იმპულსის  მანიპულირებას. დათრგუნვა არსებობს როგორც დამცველი, დამზღვევი, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი მექანიზმი. დათრგუნვას იყენებს ყველა რელიგია. ისინი იყენებდნენ სექსისადმი შიშს როგორც დათრგუნვის საშუალებას. სექსი რელიგიამ გამოაცხადა ერთერთ ყველაზე დიდ ცოდვად. სანამ სექსი ბატონობს შენში, შენ ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში – ასე თვლის რელიგია და მხრივ ის მართალია. სექსი ეჯახება ადამიანის „ეგოს“ ანუ „მე“–ს, რადგან სწორედ ეგოა ის, რასაც კონტროლის ფუნქცია ეკისრება. სწორედ ეგო ანხორციელებს დათრგუნვას, რათა მისი კონტროლი იმპულსებზე ბატონობდეს. რელიგიამ კარგად მოახერხა ადამიანთა შიშებისა და ეგოიზმისკენ სწრაფვის ექსპლოატაცია. მას გააჩნია დათრგუნვათა მრავალი მეთოდი. მაგრამ მეორეს მხრივ დათრგუნვათა ამ სისტემამ გახლიჩა ადამიანის არსება, იგი აქცია შინაგანი კონფლიქტების არეალად.  ხშირად დათრგუნვათა სისტემა  ამ შინაგანი კონფლიქტების ესკალაციის გამო იწვევს ნევროზის, შფოთვითი დარღვევების, აკვიატებების, დეპრესიის აშლილობებს.
ერთხელ  ფსიქოთერაპიისათვის მომმართა ახალგაზრდა ქალბატონმა, დაოჯახებულმა, შვილების დედამ. ქალბატონი მძიმედ შეეპყრო დეპრესიას. ფსიქოთერაპიული ინტერვიუს დროს აღმოჩნდა, რომ მას ტვინში მოსდის უხამსი აზრები, რომ თითქოს ასო–ამოღებული ღმერთი დასდევს გასაუპატიურებლად. ცხადია ამ აზრებს იგი არავის უმხელდა და ცდილობდა გონებიდან განედევნა, მაგრამ ვერაფრით ვერ ახერხებდა მათ ლიკვიდაციას.   მასთან ფსიქოთერაპია ისე აიგო, რომ იგი ვირტუალურ დიალოგში შევიდა ღმერთთან და ყველა ის საძრახისი სიტყვები იყო მის მიერ ხმამაღლა გამოყენებული, რაც ნატურალურად გადმოსცემს სექსუალურ აქტს. რამდენიმე სესიის შედეგად კათარზისული ეფექტი სახეზე იყო და ეს ქალბატონი სრულიად განთავისუფლდა მძიმე სულიერი მდგომარეობისაგან. მან არათუ დასძლია ის მძიმე მდგომარეობა, არამედ თავის სფეროში გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია. უფრო მეტიც, იგი წლების განმავლობაში ჩემთან აგზავნიდა სხვადასხვა პირებს, ვისაც ესა თუ ის ფსიქოლოგიური პრობლემები ან ქცევითი დარღვევები ჰქონდა. რა მოხდა ამ ქალბატონთან? ის რაც მასთან მოხდა, ეს უკვე იყო არა დათრგუნვა, არამედ ტრასფორმაცია. სექსუალური იმპულსი ერთგვარად განიმუხტა და მისი ენერგია გადაერთო სხვა არხებში, რაც სასარგებლო და პროფესიონალურ აქტივობებთან იყო დაკავშირებული. და იმ მძიმე პერიოდის საქართველოში, მე–20 საუკუნის 90–იან წლებში წარმატებულად გამოატარა თავისი ცხოვრება ამ ქალბატონმა.
სექსთან ბრძოლა დათრგუნვით მისი მოგერიებისა და დაოკების ან სრული მოსპობის მიზნით უსარგებლო საქმეა. რაც უფრო დათრგუნავ სექსუალური ენერგიის წყაროს, მით უფრო ეს დაგუბებული ენერგია ამოხეთქავს, გააძლიერებს შინაგან კონფლიქტს და გამოიხმობს ათასგვარ დაცვით მექანიზმებს (განდევნა, ამნეზია, პროექცია, რეაქციის ფორმირება, რეგრესია და სხვა), რასაც არც ისე იშვიათად დამანგრეველი ძალა აქვს. დათრგუნვას ტრანსფორმაცია სჯობს, ხოლო ზ. ფროიდი სუბლიმაციას უწოდებს პროცესს, როცა სექსუალური ენერგია მიედინება სასარგებლო საქმიანობების კალაპოტში (ხელოვნება, მეცნიერება, სპორტი.....) და მისი აზრით ცივილიზაციის წინსვლა სუბლიმაციამ განსაზღვრა.
საინტერესო მოსაზრებები ჰქონდა ტრანსფორმაციის შესახებ გასხივოსნებულ გურუს ოშო რაჯნიშს. იგი თვლიდა, რომ ტრანსფორმაციის უნივერსალური გზა მედიტაციაა. მედიტაცია ოშოს გაგებული აქვს როგორც რეგულარული გაცნობიერების, სიფხიზლის, ყურადღების მობილიზაციის პროცესი; როცა მოქმედებ, აზროვნებ, ხედავ, გრძნობ და ამავე დროს ამ მოქმედების, აზროვნების, ხედვის, გრძნობის გაცნობიერებას ახდენ. მედიტაციისას შენ არა მარტო მოქმედებ, არამედ აკვირდები კიდეც და ცნობიერების ველში გყავს შენი მოქმედება. მაგალითად, არა მარტო ჭამ, არამედ აცნობიერებ თუ რას გრძნობ ჭამის დროს; მედიტაციისას შენ არა მარტო ურთიერთობ ვინმესთან , არამედ აცნობიერებ საკუთრივ ამ ურთიერთობის პროცესს; მედიტაციური მიდგომის დროს შენ არა მხოლოდ ჩართული ხარ სექსუალურ აქტში, არამედ აცნობიერებ თუ როგორ მოქმედებ, რა ხდება ამ დროს შენში, რას გრძნობ, რას ხედავ და რა გესმის. მედიტაციისას ადამიანი იგივეობრივია იმის, რასაც აკეთებს; იგი არ არის შინაგანად გახლეჩილი, არამედ პირიქით იგი ინტეგრირებულია საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან; იგი გამთლიანებულია და არა ნაწილებად დაშლილი სწორედ იმით, რომ მისი ყურადღება და ცნობიერება „აქ და ამჟამად“ არის ყველაფერ იმასთან, რაც მის მოქმედებას თან ახლავს. გაცნობიერება ადამიანს აქცევს მოწმედ, რომელიც არა მარტო მოქმედებს და ცხოვრობს, არამედ გაცნობიერება როგორც პროცესი არის ის გამამთლიანებელი ძალა, რაც ნაწილებს ერთმანეთთან კრავს და პიროვნებაც რეაგირებს როგორც ინტეგრირებული სისტემა. მედიტაცია გაცნობიერება და დაკვირვებაა ან მოწმედ ყოფნაა განკითხვისა და შეფასების გარეშე. ასეთი მედიტაციური პროცესი თავისი პერმანენტული „აქ და ამჟამად“ გაცნობიერებითურთ გასხივოსნებულ პირებს თან ახლავს სიკვდილის დროსაც კი.  მედიტაცია შენი ყოფნის ტოტალურ მიმღებლობას გულისხმობს. შენს ყოფნაში სიკვდილიც შედის, იგი ყველა ჩვენგანის განუშორებელი ნაწილია, რადგან ვაჟას არ იყოს „შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა“. დღიდან გაჩენისა თან გვახლავს სიკვდილი, ყოველ წამში ჩვენში მილიონობით უჯრედი კვდება და სიცოცხლის გზას უთმობს ახალ უჯრებებს. დიდი ბრძენები და მედიტატორები სწორედ ასეთი ღრმა თვითმიმღებლობით ხასიათდებოდნენ და ისინი სიკვდილის მიმართ ღიანი იყვნენ, ისინი სიკვდილის დროსაც ცნობიერების შუქს მიანათებდნენ საკუთარი სიკვდილის პროცესს, „აქ ყოფნით“ და არა გაქცევით სრულიად მშვიდად ექცეოდნენ მედიტაციური მარადიულობის სიტუაციაში, როცა „აქ და ამჟამად“ ყოფიერება გარდაისახება  მარადიულობის განფენად წამიერსა და წარმავალში (ბუდა, სოკრატე, გიორგი გურჯიევი, რამანა მახარში, ოშო......). რაც არ უნდა იყოს, ამ კონტექსტში მინდოდა მეთქვა, რომ ტრანსფორმაცია რადიკალურად საპირისპირო გზაა დათრგუნვის და იგი მიმღებლობას ეყრდნობა და არა განკითხვასა და უარყოფას. ამდენად ასე გაგებული მედიტაცია მართლაც არის ტრანსფორმაციის ეფექტური საშუალება.
დღეს მედიტაციური მიდგომები მძლავრად შეიჭრა ფსიქოთერაპიასა და ფსიქოლოგიური კონსულტირების პროცესში. ისეთი ფსიქოკონსულტატიური მიმართულებები როგორიცაა კოგნიტურ–ბიჰევიორალური ან გეშტალტ–თერაპიული სკოლები, ხშირად იყენებენ სხვადასხვა მედიტაციურ ტექნიკებს, რათა ადამიანებმა აითვისონ პრობლემის დაძლევის, გაჯანსაღების, წარმატების მიღწევის ახალი გზები და უნარ–ჩვევები. ფრიად გავრცელებულია „ცნობიერების სისავსის“ (Mind-Fullness)  მიდგომები, რომლებიც უხვად იყენებენ სხვადასხვა მედიტაციურ ტექნიკებს, სადაც  დაახლოებით იგივე იდეებია განვითარებული, რაც ოშოს მოსაზრებებთან დაკავშირებით აღვნიშნე.
როცა ენერგიის, ქცევის, ემოციის თუ აზრის დათრგუნვასა და ტრანსფორმაციაზე ვსაუბრობთ, სექსუალური ენერგია და ქცევა ერთერთ მაგალითად ავიღეთ, თორემ გარდა სექსისა რამდენი რამ არის დათრგუნული და რამდენი რამ გვაქვს გარდასაქმნელი და ტრანსფორმაციისაკენ მოსაქცევი. კონტროლი წესდება არა მხოლოდ სექსზე, არამედ აზრზე, ემოციაზე,  სხვადასხვა ქცევაზე, თვითგამოხატვის პროცესზე და, რაც მთავარია, პირად ნებასა ან მსოფლმხედველობაზე. მაგალითად, ბავშვებს განა არ თრგუნავენ  როცა ცელქობასა და ჰიპერაქტიურობას უშლიან? განა არა სჯობს ცელქობის დათრგუნვის მაგივრად ბავშვი ჩართო რაიმე სპორტულ  ჯგუფში, სადაც იგი მოზღვავებულ მოტორულ და აგრესიულ რეაქციას განმუხტავს ქანცგამწყვეტ  ფიზიკურ აქტივობაში?  განა ჩააქრობს აგრესიას მისი დათრგუნვა? განა ასე ძნელია იმის გაგება, რომ დათრგუნული აგრესია გადადის აუტოაგრესიაში, რაც საკუთარი თავისადმი აგრესიას ნიშნავს და რაც ხშირად თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილების საფუძველი ხდება? განა არ შეგიმჩნევიათ, რომ თუკი ცდილობთ რომელიმე არასასურველი თვისება აღმოფხვრათ, რაც უფრო ცდილობთ, მით უფრო გეკვიატებათ ეს უარყოფითი თვისება, რომელსაც თრგუნავთ მოსპობის მიზნით. პიროვნული ტრანსფორმაცია საუკეთესო გზაა თვითგარდაქმნისაკენ, ხოლო მედიტაციური გაცნობიერება ასევე საუკეთესო საშუალებაა ამ მიზნის მისაღწევად.























































Комментариев нет :

Отправить комментарий