11.03.2014

კეთილდღეობის ნაკადი

კეთილდღეობის ნაკადი
წარმატების 365 დღე
78–ე დღე
თავის დროზე ამერიკული ფსიქოლოგიის ერთერთმა კორიფემ უილიამ ჯეიმსმა შემოიტანა ცნობიერების ნაკადის ცნება, რითაც მიუთითა იმას, რომ ჩვენი ცნობიერება მდინარესავით მიედინება, იგი უწყვეტობით ხასიათდება: ერთ აზრს, ემოციას, წარმოდგენას და აღქმას  ებმის და ცვლის წარმოდგენის სხვა ხატები, აზრები ან ემოციები. ცნობიერების სხვადასხვა მდგომარეობანი სწრაფად ცვლიან ერთმანეთს. ასეთი სწრაფი ბმა და მონაცვლეობა გრძელდება როგორც ფხიზელ მდგომარეობაში, ისე ძილისა და სიზმრის დროსაც. ცნობიერება ასეთი ნაკადისებური ბუნებისაა. მე–20 საუკუნის 80–90–იან წლებში  ბედნიერების  ფსიქოლოგიის სფეროში შესრულებული კვლევებიდან განსაკუთრებული აღიარება ხვდა წილად უნგრული წარმოშობის ამერიკელის Mihaly Csikszentmihalyi–ს ნაშრომი, სადაც ნაკადის ცნება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას დაუკავშირდა. ეს ავტორი ნაკადს უწოდებს ცნობიერების პოზიტიურ მდგომარეობას, როცა ადამიანი თავის თავს გრძნობს მთლიანად ჩაძირულად რომელიმე აქტივობაში ან ქმედებებში ან საქმიანობებში; იგი მთელი არსებით პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელსაც ცხოვრება დასახავს მის წინაშე; იმავდროულად ასეთი  ჩაძირულობა აქტივობებში  ახალ სტიმულებს იძლევა; ადამიანის პიროვნება იმდენად მთლიანად ჩაინთქმება ამ პროცესში, რომ იგი თავს, თავის „მეობა“–ს თითქოსდა კარგავს და ივიწყებს, მაგრამ სინამდვილეში იძენს ახალ „მე“–ს და ცხოვრების ახალ საზრისს; ასეთი თავდავიწყებით ქმედება ნაკადივით მიედინება მის ცხოვრებაში, იგი მთლიანად აიგივებს თავის თავს ამ ნაკადთან. თავდავიწყებული პოეტური გატაცების მაგალითს თუ მოვიშველიებთ ტ. ტაბიძის ცნობილი სტროფების სახით, იგი კარგად გადმოცემს ნაკადის ბუნებას:
მე ლექსს არა ვწერ, მე თვით ლექსი მწერს,
ჩემი ცხოვრება თან ამ ლექსს ახლავს,
მე ლექსს ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
ასეთი ნაკადი ერთერთი წინაპირობაა იმის, რომ ადამიანს ჰქონდეს გახანგრძლივებული და სტაბილური ბედნიერების განცდა. ცნობილია შემთხვევები, როცა ქრონიკული ფიზიკური ტკივილების დაძლევას ადამიანები ახერხებდნენ სწორედ ნაკადის ასეთ მენტალურ მდგომარეობაში შესვლის მეოხებით. შევეცდები მოგაწოდოთ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ნაკადში შესვლის 4 ნაბიჯოვანი პროგრამა. მაგრამ მანამდე მინდა გააცნობიეროთ ის შემადგენელი კომპონენტები ანუ ინგრედიენტები, რაც ქმნის პოზიტიური, კეთილდღეობის ნაკადის შეგრძნებას.
ცხოვრების საუკეთესო მომენტების გამოკვეთა
საჭიროა მოახდინოთ თქვენი საუკეთესო ცხოვრებისეული მომენტების სიის შექმნა. ჩამოთვალეთ ყველაზე კარგი 10 ასეთი ცხოვრებისეული მომენტი. გიჭირთ? რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ბევრი რამ აღარ გახსოვთ თქვენი ცხოვრებიდან? იქნებ იმიტომ, რომ ძირითადად გადარჩენის ამოცანებით ხართ დაკავებული და სულაც არ გცალიათ ცხოვრების საუკეთესო მომენტების გასახსენებლად? ეს ორივე მიზეზი ილუზორულია. რაც შეეხება რა გახსოვთ და რა არა: თქვენი მეხსიერების საცავი ძალიან დიდია, ხოლო 10 პოზიტიური მომენტის გახსენება არ არის რაღაც დიდი მოცულობის ამოცანის შესრულების ტოლფასი. ხოლო რაც შეეხება გადარჩენისათვის ბრძოლას და დროის არ ქონას, იცოდეთ თუკი თქვენ არასოდეს არ მოიცალეთ თქვენი თუნდაც 10 საუკეთესო პოზიტიური მომენტის შერჩევა, ვერასოდეს ვერ შეძლებთ გადარჩენისათვის ბრძოლის ეფექტურად წარმართვას. არ არის საჭირო თქვენი ცხოვრება შეადაროთ სხვებისას, ნუ გაიუფასურებთ ცხოვრების იმ წუთებს, როცა კარგად იყავით და ნუ დაიწუნებთ მათ, ვითომდაც ისინი არ იყვნენ ისეთი, რაც სხვებს ჰქონდათ; ესეც შურის ნაირსახეობაა, ხოლო შური წაგართმევთ იმასაც, რაც გაბადიათ. თქვენ თქვენი გაქვთ საზომად, სხვას თავისი. დააფიქსირეთ თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტების თქვენეული გაგება, დასჯერით იმას, რაც გქონდათ და რაც გაიარეთ, მადლიერი იყავით უფლის, რაც გარგუნათ, რათა დაგეგმოთ და მიიღოთ ცხოვრებაში მეტი.
როცა ადამიანები ჩამოთვლიან თავიანთი ცხოვრების 10 საუკეთესო მომენტს, მიუხედავად უზარმაზარი განსხვავებისა, იკვეთება შემდეგი საერთო ნიშნები:
1.      როგორც წესი, ადამიანები ცხოვრების 10 საუკეთესო მომენტთან დაკავშირებით ამბობენ, რომ აკეთებდნენ არა იმას, რაც ევალებოდათ რომ ეკეთებინათ, არამედ იმას, რისი კეთების სურვილსაც მთელი არსებით გრძნობდნენ. ბედნიერებისათვის მნიშვნელოვანია აკეთოთ ის, რისი კეთებაც სულითა  და გულით გსურთ.
2.      როგორც წესი, ცხოვრების ეს 10 საუკეთესო მომენტი იმით ხასიათდებოდა, რომ მთელი ყურადღება ეძღვნებოდა იმ საქმის კეთებას ან იმ ქმედებებს, რაც ამ მომენტთან იყო დაკავშირებული. ადამიანი საკუთარ თავს მთლიანად აიგივებდა იმასთან, რასაც აკეთებდა. 
3.      ცხოვრების ამ საუკეთესო მომენტებისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ ამ დროს ქმედებები გამოწვევებზე პასუხია და მაღალი შემოქმედებითობით გამოირჩევა.
4.      ყველა ეს მსაუკეთესო მომენტი აღქმულია, როგორც ცხოვრების ერთგვარი ჯილდო და იგი ადამიანს აძლევს ახალ პოზიტიურ სტიმულებს.
5.      ეს საუკეთესო მომენტები შეიცავენ ბიძგს რაღაც ქმედებისაკენ და ამ ქმედებებში რეალიზდებიან ყველა ის ჩვევები (მაგალითად, მუსიკალური, კულინარული, კომუნიკაციური, სპორტული , არტისტული, შემოქმედებითი, მათემატიკური და სხვა), რომლებიც მანამ ჰქონდა ადამიანს ათვისებული. ამდენად, რაც უფრო მეტი უნარ–ჩვევები გაქვთ ათვისებული, მით უფრო ადვილად შედიხართ ნაკადის მდგომარეობაში.
6.      ცხოვრების ეს საუკეთესო მომენტი ყველგან შეიძლება გაჩნდეს: ბუნებს წიაღში, სამზარეულოში, სპორტულ მოედანზე, ოჯახში, სამსახურში ..... იგი არ არის ლოკალიზებული რომელიმე ერთი ტიპის გარემოსა და სივრცეში.
7.      თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები საკუთარი თავის უკეთ შეცნობიდან მოდის, ხოლო მეორეს მხრივ ისინი კიდევ უფრო აღრმავებენ ცოდნას იმის თაობაზე თუ ვინ ხარ, რა შეგიძლია, რა არის შენი ცხოვრების საზრისი, რა დანიშნულება გაქვს ამ უკიდეგანო სამყაროში.

რომ გაგიადვილდეთ გაიგოთ თუ როგორ შეხვიდეთ თქვენი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ნაკადში, გააკეთეთ სია შემდეგი აქტივობების ანუ ქმედებების:
1.      ჩამოწერეთ აქტივობები, რომლებიც ნამდვილად, სულითა და გულით გსურთ განახორციელოთ.
2.      ჩამოწერეთ აქტივობები, რომლებშიც შეგიძლიათ მთლიანად ჩაერთოთ და ჩაიძიროთ.
3.      ჩამოწერეთ აქტივობები, რომელთაც თვლით კრეატიულად და ცხოვრების გამოწვევებზე პასუხად.
4.      ჩამოწერეთ აქტივობები, რომელთაგანაც იმთავითვე ღებულობთ რაღაც შინაგან საჩუქარს, ჯილდოსა და სტიმულს.

საკუთარი თავის შეცნობა
ნაკადის მდგომარეობაში შესვლის წინაპირობაა საკუთარი „მე“–ს უკეთ შეცნობა. საკუთარი თავის შეცნობა გულისხმობს პასუხის მოპოვებას შემდეგ კითხვებზე:
1.      რა შემიძლია მე და რას ვაკეთებ, რომ გამოვავლინო ან განვავითარო ჩემი შესაძლებლობები?
2.      რა ვაკეთებ ისეთს, რაც განაპირობებს ჩემს მარცხს, ჩავარდნას ან სირთულეებს?
3.      რა მხდის მე უნიკალურ პიროვნებად?
4.      რა მგვრის მე დაკმაყოფილებას და რა მხდის ბედნიერად?
5.      რა აძლევს ჩემს ცხოვრებას აზრს, რა არის ჩემი მიზნები?
ეს კითხვები საკმაოდ ძნელი კითხვებია, მაგრამ არც საკუთარი თავის შემეცნებაა ადვილი საქმე. ადამიანთა ერთ ნაწილს ძალიან უადვილდება ილაპარაკოს სხვათა შესაძლებლობებზე, მარცხზე და ჩავარდნაზე, უნიკალურობაზე, ბედნიერებასა და მიზანდასახულობაზე; მაგრამ როცა ჯერი დადგება საკუთარი თავი გახსნას თვით საკუთარი თავისავე წინაშე, ხშირად ეს ადამიანები თვითშემეცნების ამოცანას გაურბიან. საკუთარი თავიდან ასეთი გაქცევა  („ესკაპიზმი“) ან  თვითშემეცნების ინტერესის არ–ქონა რიგ დაცვით მექანიზმებთანაა დაკავშირებული და ფსიქიკური სამყაროს დათრგუნულობის თავისებური გამოხატულებაა. სამყაროსადმი და საკუთარი თავისადმი ღიაობა ფსიქოლოგიური სიმწიფის ნიშანია, ხოლო ჩახურულობა და თვითშემეცნების ინტერესის არ ქონა და ესკაპიზმი ფსიქოლოგიურ მოუმწიფებლობაზე მეტყველებს. ამიტომაც გაივარჯიშეთ თვითშემეცნებაში, რათა გაზარდოთ თქვენი პიროვნული მომწიფებულობის დონე, საუსვით ზემოთმოცემული კითხვები საკუთარ თავს და შეეცადეთ მოიპოვოთ პასუხები.

ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ სპეციალური სავარჯიშოები , რათა ყველა ახალი წამოწყების ან ცვლილებების დროს კეთილდღეობის ნაკადში ამოჰყოთ თავი და შეინარჩუნოთ როგორც ნაკადში ყოფნის სიამოვნება, ისე მისი შენარჩუნება.

სავარჯიშო 1.
ეს გახლავთ მედიტაციური სავარჯიშო, რათა შეითვისოთ სამყაროსა და საკუთარ ქმედებებში ჩართულობის ჩვევა, რაც კეთილდღეობის ნაკადის ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ბევრი ადამიანი ამორთულია ან ნახევრად–ამორთულია იმ გარემოდან, სადაც ცხოვრობს და იმ ქმედებებიდან, რომელსაც ახორციელებს. სულითა და გულით ჩართულობა იქ, სადაც ხართ, იმაში, რაშიც და როგორც ხართ – კეთილდღეობის ნაკადისა და ფსიქოლოგიური სიჯანსაღის წინაპირობაა. ჩემს წინა სტატიებსა და სავარჯიშოებში მოტანილი იყო „აქ და ამჟამად“ პრინციპით ხედვა, მოსმენა, მოქმედება, გრძნობა, მოაზრება, წარმოდგენა და გახსენება. შეეცადეთ ყოველთვის იყოთ იგივეობრივი იმ ქმედებასთან რასაც აქ და ამჟამად  ახორციელებთ. დაიწყეთ ისეთი ელემენტარული ქცევით, როგორიცაა ჭამა. ჭამის დროს მთლიანად იქეცით ჭამად: მიაპყარით ყურადღება როგორ გამოიყურება საკვები, როგორ მიგაქვთ ხელი საკვებისკენ და მიგაქვთ პირამდე, როგორ ღეჭავთ, რა ჩანს ირგვლივ, რა გემოს გრძნობ პირის ღრუში, რა სუნს გამოსცემს საკვები..... როცა სეირნობთ, იქეცით სეირნობად, მიმოიხედეთ და დაინახეთ ის, რაც ჩანს, მოისმინეთ ის რაც ისმის, იგრძენით ის სურნელება, რაც არის, შეიგრძენით საკუთარი მოძრაობა, რას გრძნობს სხეული, როგორი განწყობით ხართ, რა აზრები მოგდით ტვინში.... მანქანის ტარებისას მთლიანად შედით მძღოლის როლში, მიაქციეთ ყურადღება ყველა დეტალს, რაც ჩანს და ისმის ტრასაზე ....... როცა გეხველებათ, თქვენი ყურადღებით იქეცით ხველებად და მიაქციეთ თუ როგორ ახველებთ.... როცა გემთქნარებათ, მიაქციეთ მთქნარებას ყურადღება...... როცა რაღაცას სწავლობთ ან მეცადინეობთ, მთლიანად იქეცით მეცადინეობად...... როცა ოცნებობთ, მთლიანად იქეცით ოცნებად....... როცა მეგობარს უსმენთ, იქეცით სმენად..... როცა ბრაზობთ, მიაქციეთ ყურადღება როგორ ბრაზობთ, რა აზრები მოდის ტვინში, რა გრძნობები გაწვებათ, სხეულის რა ნაწილია დაძაბული.....  როცა საყვარელ ადამიანს ეფერებით, მთლიანად მიეცით თქვენი თავი მოფერებას.....  როცა რაღაცას ჰყვებით , გადაიქეცით მოყოლად..... როცა თქვენს ბოსტანში ბარავთ ან უვლით მცენარეებს,  იქეცით მეურნედ, მცენარეთა გამხაარებელად და მიწის გადამმუშავებლად.... როცა ტელევიზორს უურებთ, იქეცით ცქერად.... როცა მოგზაურობთ და ათვალიერებთ თქვენთვის სრულიად ახალ სამყაროს, იქეცით თვალიერებად......

სავარჯიშო 2.
ეს სავარჯიშო გულისხმობს კეთილდღეობის ახალი ნაკადის პროგრამირებას ცხოვრების საუკეთესო მომენტების უკვე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით. სავარჯიშო გულისხმობს რამდენიმე ნაბიჯს:
 ა) გამოკვეთეთ თქვენი ცხოვრების ახალი სფერო ან ახალი საქმიანობა, რომელმაც გსურთ ისე გაგიტაცოთ, რომ მან შეგიქმნათ კეთილდღეობის ახალი ნაკადი;
 ბ) გაიხსენეთ თქვენი ცხოვრების 10 საუკეთესო მომენტი და ამ ათიდან ამოარჩიეთ ერთი ყველაზე საუკეთესო, რომელშიც თავდავიწყებით იყავით ჩართული და ნაკადივით ჩქეფდა, მიგაქანებდათ და გამოირჩეოდა სიხალისით, კრეატიულობით, როცა აკეთებდით ან მოქმედებდით ისე, რაც გულითა და სულით გსურდათ, როცა ძლევდით დიდი დაბრკოლებებს და რაც განიჭებდათ დიდ სიხარულს.
გ) ამჯერად წარმოისახეთ თქვენი ცხოვრების ის პერიოდი, როცა თქვენთვის იმ საუკეთესოთა შორის ყველაზე უკეთეს მომენტს ჰქონდა ადგილი. წარმოიდგინეთ რა და როგორ ხდებოდა, რას ხედავდით ამ დროს, რას აკეთებდით და რას გრძნობდით, რა ისმოდა იმ გარემოში, როგორ გამოიყურებოდით და ა.შ. ამავე დროს დააფიქსირეთ ამ წარმოსახვის ფორმა: წარმოდგენის ხატი თქვენს წინ იყო თუ გვერდზე, თქვენგან მოშორებით იყო თუ თვალწინ გედგათ, წარმოდგენა სურათის სახით იყო თუ ფილმივით მოძრაობას ჰქონდა ადგილი,  მკაფიო იყო თუ ბუნდოვანი და ჩაბნელებული, ფერადი თუ ერთფეროვანი, ბგერები, ხმები და ლაპარაკი ხმამაღალი იყო თუ ხმადაბალი, ხმაური იყო თუ მუსიკა, სიმსუბუქის შეგრძნება გქონდათ თუ სიმძიმის და ა.შ.
დ) ამჯერად კი წარმოისახეთ  თქვენი ცხოვრების ის ახალი სფერო ან საქმიანობა, რომელიც გსურთ მოაქციოთ კეთილდღეობის ნაკადის კალაპოტში. მაგრამ ჩასვით ეს  წარმოდგენა იმ ფორმატსა და იმ სახის სუბმოდალობებში, რაც თავისი ზომით, ფორმით, დაშორების სიდიდის, მკაფიოობის ხარისხით, ბგერითი და გრძნობითი მაჩვენებლებით იგივენაირი იქნება, რაც თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტის წარმოდგენისას გქონდათ. გაიმეორეთ ეს ბოლო ნაბიჯი მრავალჯერ ერთი კვირის განმავლობაში მაინც. ნელ–ნელა ისე მოხდება, რომ თქვენი ცხოვრების ახალი საქმიანობა „გადაემყნობა“ კეთილდღეობის ნაკადის ფორმატზე, რითაც განხორციელდება თავისებური ტრანსფორმაცია.
ჩაერთეთ ცხოვრების ნაკადში, გულიანად იმოქმედეთ, გულით შეიყვარეთ და იყავით იგივეობრივი იმასთან, რასაც ხედავთ, გესმით და გრძნობთ. იბედნიერეთ! 
      





Комментариев нет :

Отправить комментарий