11.03.2014

გენეტიკური ფაქტორის, გარემოსა და ქცევის როლი ბედნიერი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებასა და ცხოვრების გრძელვადიან სცენარში (ბედისწერაში)

წარმატების 365 დღე
82–დღე
თანშობილი, გენეტიკური ფაქტორების მიმართების საკითხი გარემოსეულ ფაქტორებთან  ყოველთვის იწვევდა კამათსა და დიდ ინტერესს ქცევათმეცნიერებასა და ადამიანთმცოდეობის ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიოლოგია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია. მემკვიდრეობა თუ გარემო, თანშობილი პროგრამა თუ ქცევის დასწავლილი სქემები – რა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის განვითარებას? – ასეთი იყოს ტრადიციული კამათის საგანი. მაგალითად, ძველბერძენი ბრძენი სოკრატე თვლიდა, რომ ცოდნა თანშობილია, ხოლო თვითონ სოკრატე მაიევტიკის („ბებია ქალის“) მეთოდით თანშობილ ცოდნას „დააბადებინებდა“ მოწაფეებს. ცოდნა იბადება, თანშობილი ცოდნის აქტუალიზაცია და „გარეთ გამოტანა“ ხდება – ასე თვლიდა სოკრატე. ამის საპირისპიროდ ინგლისელი ჯონ ლოკი მიიჩნევდა, რომ ახალშობილი ბავშვი „სუფთა დაფაა“ და მასზე გარე სამყარო, გარემო სწერს თავის შინაარსსა და წესებს. ეს არის რადიკალურად საპირისპირო თვალსაზრისების ერთი მაგალითი შინაგანის, თანშობილისა და გარეგანის, გარემოს როლის შესახებ. ცნობილია ნატივიზმისა და ვიტალიზმის  დავა  და დაპირისპირება ბიოლოგიასა, პედაგოგიკასა და ფსიქოლოგიაში. მეორეს მხრივ, არსებობს აურაცხელი კვლევები და მეცნიერულად დასაბუთებული  მონაცემები იმის შესახებ, თუ რა წვლილი აქვს თანშობილ, მემკვიდრულ  და შეძენილ, გარემოს ზეგავლენით განპირობებულ ფაქტორებს ადამიანის ცხოვრებასა და მისი განვითარების სტადიებში. მთავარი კი ის არის, რომ მეცნიერება იმას ადასტურებს, რომ ცალკე აღებული რომელიმე ერთი ფაქტორი კი არა, არამედ მემკვიდრული და გარემოსეული ფაქტორების ურთიერთქმედება (და სწორედ რომ ურთიერთქმედება და არა მათი მექანიკური ჯამი ან თანაარსებობა)  განსაზღვრავს პიროვნების განვითარებას, მის ქმნადობას.  უფრო მეტიც, სადღეისოდ უკვე ლაპარაკობენ არა ორ ფაქტორიან განსაზღვრულობაზე, როგორიცაა მემკვიდრეობა და გარემო, არამედ სამ ფაქტორიან მოდელზე: გენეტიკური პროგრამა, გარემო და საკუთრივ ადამიანის ქცევა ანუ ..ბიჰევიორალური ფაქტორი. ამ მოდელის თანახმად ჩვენზე ზემოქმედებს და ჩვენს ცხოვრებას განსაზღვრავს, ერთის მხრივ, გენეტიკური პროგრამა, რითაც ამ ქვეყანას მოვევლინეთ, მეორეს მხრივ, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ ან გვიწევდა ცხოვრება და , მესამე მხრივ, ჩვენივე ქმედებები, რომელსაც ვანხორციელებდით ან ვანხორციელებთ მოცემულ მომენტში (ქცევები, რომელსაც „ვთესავთ“ და რითაც „ვიმკით“ ამა თუ იმ შედეგებს). საჭიროა გაირკვეს ის წილი, რაც თითოეულ ამ ფაქტორს აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, რა  და როგორ განსაზღვრავს ჩვენს წარმატებას ან წარუმატებლობას, ბედნიერებას ან დეპრესიას, ეფექტურობას ან დაბალ ქმედითუნარიანობას. ამ შეხედულებაზე დაყრდნობით ამერიკელმა მეცნიერებმა (Lyubomirsky, S., Sheldon, K., Schkade, D., 2005) შეიმუშავეს კეთილდღეობისა და ბედნიერების გამნსაზღვრელი საბაზო ფაქტორების მოდელი, სადაც დალაგებულია ის პროცენტული წილი, რაც გენეტიკურ, გარემოსეულ და ბიჰევიორალურ ფაქტორებზე მოდის. შეფარდება ასეთია: გენეტიკური მოცემულობა ადამიანის ბედნიერებისა და კეთილდღეობის ინდექსს განსაზღვრავს 50%–ით, გარემოს ფაქტორები 10%–ით, ხოლო ბიჰევიორალური ფაქტორები 40%–ით. დიდი წარმატების მიღწევა ნებისმიერ სფეროში, იქნება იგი სპორტი, ბიზნესი, პოლიტიკა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, ხელოვნება, მეცნიერება თუ სწავლა, 50%–თ განპირობებულია გენეტიკური პროგრამითა და მოცემულობებით, 40%–ით იმ კი ქმედებებით,  გადაწყვეტილებებით, აზრებითა და მოტივაციით, რითაც აღსავსეა მოცემული ადამიანის ცხოვრება, ხოლო 10%–ით  გარემოს იმ თავისებურებებით, რაშიც მას უწევს ცხოვრება (ოჯახი, სამსახური, მეგობრები, ქვეყნის ეკონომიკა და სხვა). იგივე კანონზომიერება ვრცელდება, მაგალითად, წონის დაკლება–შენარჩუნება– მატებაზე: მსუქანი ხართ თუ გამხდარი, წონაში მატულობთ თუ კლებულობთ ეს 50%–ით დამოკიდებულია თქვენს გენეტიკაზე, 40%–ით თქვენი ქცევითი რეპერტუარით (რით იკვებებით და რა ზომით ან სიხშირით, მოძრაობთ თუ უძრავი ცხოვრების წესი გაქვთ და სხვა), ხოლო 10%–ით იმაზე, დაოჯახებული ხართ თუ დაუოჯახებელი, გყავთ თუ არა შვილები, გაქვთ თუ არა სამსახური, ქვეყანაში სიღარიბეა თუ ეკონომიკური აღმავლობა და სხვა. და ბოლოს, ვთქვათ, გსურთ ზედმიწევნით კარგად შეისწავლოთ ესა თუ ის უცხო ენა, ესეც 50%–ით განსაზღვრულია  თქვენი გენეტიკური პროგრამით, ცენტრალური ნერვული სისტემს მდგომარეობითა და სამეტყველო ცენტრების თანშობილი შესაძლებლობებით და ა.შ., 40%–ით დამოკიდებულია იმაზე როგორ მეცადინეობთ, დადიხართ თუ არა სპეციალურ კურსებზე, უსმენთ თუ არა შესაბამის ენაზე გადაცემებს, იზეპირებთ და იმეორებთ თუ არა ფრაზებს, გაქვთ თუ არა ენის დაუფლების მაღალი მოტივაცია და  ეძებთ თუ არა საურთიერთობო სიტუაციებს მოცემულ ენაზე და სხვა, ხოლო 10%–ით  განსაზღვრულია იმით, არის თუ არა თქვენს საცხოვრობო სივრცეში მოთხოვნა მოცემულ ენის ფლობაზე, ვისთან და რა გარემოში ცხოვრობთ. ფორმულა 50/40/10 –% საკმაოდ უნივერსალურია. ნებისმიერი ტალანტი თუ გენიოსი, პლატონი იქნება ის თუ მოცარტი, ბალზაკი თუ ალბერტ ეინშტეინი, მაკიაველი თუ ჩერჩილი, ელენე ობრაზცოვა თუ ბილ გეიტსი, ვაჟა–ფშაველა თუ პუშკინი, გალაქტიონი თუ მაჰატმა განდი, ყველას ცხოვრება ექვემდებარებოდა ერთ ზოგად კანონზომიერებას: ისინი იბადებოდნენ უნიკალური თანშობილი პროგრამით, რომლის რეალიზაცია დაკავშირებული იყო თითოეული მათგანის ქმედებათა, გადაწყვეტილებათა და განზრახვათა სისტემასთან, რასაც  ცოტათი მხარს უმაგრებდა არსებული ვითარებები და გარემოსეული ფაქტორები.  

მოდით შევაჯამოთ: თუკი გენეტიკური პროგრამით ვიბადებით და ეს 50%–ით ისე განსაზღვრავს ჩვენი მიღწევების დონესა და ბედნიერების ინდექსს, რომ ჩვენს კონტროლს არაფრით არ ექვემდებარება;  სამაგიეროდ ბიჰევიორალური ფაქტორი ჩვენს ქმედებებს,  განზრახვებს, მოტივაციასა და გადაწყვეტილებებს გულისხმობს, რომელიც 40%–ით განსაზღვრავს  ჩვენს მიღწევებს და ამასთან ერთად მის კონტროლზეც ჩვენ ხელი მიგვიწვდება. მხოლოდ 10%–ით არის ჩვენი კეთილდღეობა და ბედნიერება დამოკიდებული გარემოსეულ განპირობებაზე და ისიც იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენ თვითონ ავირჩევთ, რომ ვიყოთ გარემოებების ტყვე; მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არჩევანი, რომ გარემოებები ჩვენ თვითონ შევქმნათ: ამით კიდევ უფრო მეტად გაიზრდება  ჩვენი პიროვნული პოტენციალი. ჩვენ აურაცხელი შესაძლებლობები გვქონია, რათა საკუთარი ქცევითი რეპერტუარი ჩვენი თანშობილი ტალანტების აქტუალიზაციას მოვახმაროთ და ჩვენი ცხოვრების გარემოებებიც კი ჩვენ თვითონ შევქმნათ.  ასეთი შესაძლებლობების ქონა ხომ მართლაც დიდი სიმდიდრე და ბედნიერებაა! მაგრამ ვიყენებთ კი მას? თუ არ ვიყენებთ, რას ვიგებთ ამით? ვინ და რა გვიშლის ხელს გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობები? თუკი ასე თუ ისე ვიყენებთ, მაშინ როგორ შეიძლება ამ შესაძლებლობათა გამოყენების გზები კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ?  ამ კითხვებზე პასუხების მოპოვებაზეა ორიენტირებული ჩემი პროგრამა „მიღწევათა 365 დღე“ პიროვნული ტრასფორმაციის მთელი თავისი ტრენინგ–ტექნოლოგიებით.

Комментариев нет :

Отправить комментарий