11.03.2014

ზეცნობიერი და ტრანსპერსონალური სამყარო

წარმატების 365 დღე
83–ე დღე
ყველა დროის ერთერთი უდიდესი ფილოსოფოსი პლატონი იდეების სამყაროს დამოკიდებელ და თვითკმარ რეალობად მიიჩნევდა, რომელიც მართავს მატერიალურ სამყაროს. ჩვენც ადამიანები ვეზიარებით იდეების სამყაროს, რომელიც მარადიულია.  ეს იდეები ჩვენი ცნობიერების ნაყოფი კი არ არის, არამედ  პირიქით,  ჩვენი ცნობიერება თვითონაა ანარეკლი ამ იდეათა სამყაროსი. იდეათა სამყარო, რომ ვილაპარაკოთ თანამედროვე ფსიქოლოგიის ენაზე, ზეცნობიერია, იგი პიროვნების მიღმაა და ამდენად ტრანსპერსონალურია. იგი, როგორც ჰეგელი იტყოდა, აბსოლუტურ გონს წარმოადგენს. ფილოსოფიური ანთროპოლოგიის მამამთავარს მაქს შელერს მიაჩნდა, რომ ადამიანის გონითი ნაწილი ქმნის სპეციფიურ ადამიანურ რეალობას, თუმცა გონითი ნაწილის გარდა მას გააჩნია ბიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური ნაწილებიც. სწორედ გონითი ნაწილი უზრუნველჰყოფს ადამიანის მიწვდომადობას სამყაროს უზენაესი ძალებისადმი. კარლ გუსტავ იუნგი ამ ნაწილს ხან კოლექტიურ არქეტიპს, ხან უნივერსალურ ცნობიერს, ხანაც ზეცნობიერს უწოდებდა. პოეტი რალფ უოლდო ემერსონი მას უმაღლეს სულს ან ყოვლისმომცველ ინტელექტს უწოდებდა, ხოლო მწერალი რომენ როლანი ოკეანისებურ ცნობიერებაზე ლაპარაკობდა. ზოგი მას უნივერსალურ, ზოგი კიდევ ღვთაებრივ ცნობიერებას უწოდებდა. წარმატების მიღწევის გურუ ნაპოლეონ ჰილი ლაპარაკობდა უსასრულო ინტელექტზე როგორც აზროვნების, წარმოსახვისა და შემოქმედების წყაროზე, რომლისადმისაც მისაწვდომობა მთავარ როლს ასრულებდა იმ გამოჩენილ პირთა მიერ უდიდესი წარმატებების მიღწევაში, რომელთაგანაც ნაპოლეონ ჰილი სპეციალურ ინტერვიუებს იღებდა 20–ზე მეტი წლის განმავლობაში. ფსიქოსინთეზის მოძღვრების შემქმნელი რობერტო  ასაჯიოლი ამ სფეროს აღსანიშნავად იყენებდა ტერმინს ზე–პიროვნული, ხოლო ცნობილი ფსიქოლოგი სტანისლავ გროფი ამისათვის  მიმართავს ტერმინს ტრანს–პერსონალური.
მაინც რა არის ჩვენი ზეცნობიერი ნაწილი და რა ფუნქციები აკისრია მას? ითვლება, რომ ზეცნობიერის ფუნქციები შემდეგია:
·         ნებისმიერი აზრები, გეგმები, მიზნები და იდეები, რომლზეც  გამუდმებით დაჟინებით ფიქრობთ და აზროვნებთ, აუცილებლად ხორციელდება რეალობაში ზეცნობიერის მიერ. ეს ისევ და ისევ აზრთა მატერიალიზაციის კანონია, რომ თუკი ახდენთ კონცნტრირებას რაიმე იდეაზე ან მიზანზე, იგი ხორციელდება. ეს კანონი, როგორც ყველა კანონი,  ნეიტრალურია კარგისა და ცუდის მიმართ. თუ თქვენ ირჩევთ პოზიტიურ აზრებსა და მიზნებს, პოზიტივს მოიზიდავთ თქვენს ცხოვრებაში; ხოლო თუკი თქვენ კონცეტრირდებით ნეგატივზე, სიძულვილსა და ბოროტ ზრახვებზე, მოიზიდავთ ავადმყოფობებს, კონფლიქტებს, უბედურ შემთხვევებს, ფინანსურ კრახს. არჩევანი თქვენზეა: თქვენი ზეცნობიერი თქვენს არჩევანს მიჰყვება.
·         ზეცნობიერი შემოქმედებისა და კრეატიულობის წყაროა. რ. ემერსონი წერდა, რომ მისი ლექსები თვითონ იწერებოდა. ტიციან ტაბიძე პირდაპირ ამბობდა „მე ლექსს არა ვწერ, მე თვით ლექსი მწერს....“. გენიალური მოცარტი პირდაპირ ხედავდა ნოტებს თავის წარმოსახვაში და მას უშუალოდ ესმოდა ის მუსიკალური ნაწარმოები, რაც შემდეგ ქაღალდზე გადაჰქონდა. ასევე იყო ბახის, ბეთჰოვენის, ბრამსის, სტრავინსკის შემოქმედებაში.
·         ზეცნობიერი აღმოჩენათა სავანეა. ასე იყო არქიმედესთან, როცა ის ყვირილით გამოვარდა სააბაზონოდან „ევრიკა, ევრიკას“ძახილით. ედისონი მუდმივად მიერთებული იყო ზეცნობიერთან, საიდანაც  იგი სხვადასხვა აღმოჩენებს ღებულობდა. მენდელეევს თავისი ელემენტთა პერიოდული სისტემა სიზმარში გამოეცხადა, ასევე დაემართა ფრანგ მათემატიკოსს პუანკარეს, როცა სიზმარში იხილა ერთერთი რთული მათემატიკური პრობლემის გადაჭრა.
·         ზეცნობიერი ინტუიტური მიგნებების, შთაგონების, გასხივოსნების, ზე–მოტივაციის წყაროა, როცა მოულოდნელად გეწვევათ პრობლემის ერთადერთი სწორი გადაწყვეტის იდეა, როცა ინტუიცია გკარნახობთ ყველაზე მნიშვნელოვანს, როცა პოეტს მუზა ეწვევა, ხოლო ინჟინერს ინსაიტი და ე.წ. „აჰაა“–გრძნობა დაეუფლება უეცარი მიგნებისას.
·         როცა პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობთ, თქვენი ზეცნობიერი მისწვდება თქვენს არაცნობიერ ფსიქოლოგიურ შრეებში არსებულ ინფორმაციას ისევე, როგორც თქვენც კომპიუტერში ხსნით სხვადასხვა გადანახულ ფაილებს და უფრო მეტიც, როცა კომპიუტერის კარგი მცოდნე შედის პროცესორის პროგრამულ ნაწილში და ახდენს სხვადასხვა ოპერაციებს. ზეცნობიერს აქვს უნარი გამიჯნოს ერთმანეთისაგან მცდარი და ჭეშმარიტი, რეალური და არარეალური. თქვენი არაცნობიერი მეხსიერების უზარმაზარი საცავია და ზეცნობიერი ახდენს იმის უსწრაფეს გადარჩევას, რაც უმნიშვნელოვანესი და ჭეშმარიტია. ხანდახან იგი გაწვდით ყველაზე ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას, რაც თქვენს ცნობიერ წარმოდგენებს ეწინააღმდეგება, მაგრამ დროის გავლის შემდეგ რწმუნდებით, რომ სწორედ ზეცნობიერის მიერ მოწოდებული მაშინდელი გადაწყვეტილება იყო ყველაზე სწორი.
·          ზეცნობიერი არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ ინფორმაციით რაც ჩვენი არსების არაცნობიერ და ცნობიერ ნაწილშია მოცემული. მას ჩვენი ტვინის მიღმა არსებულ რეალობასთან, სამყაროს სხვადასხვა კანონზომიერებასთანაც აქვს წვდომა. ეს კი იმიტომ, რომ თავად ზეცნობიერი, უნივერსალური ინტელექტი, აბსოლუტური გონი ჩვენი ტვინის, ცნობიერებისა და ქვეცნობიერისადმი მიღმური რეალობაა. ცნობილია მაიკლ ფარადეის შემთხვევა. მას არ ჰქონდა სპეციალური განათლება ფიზიკასა და მათემატიკაში. ერთ ღამეს ის სიზმრებმა გამოაღვიძა და ტვინი სავსე ჰქონდა მათემატიკური ფორმულებითა და სხვადასხვა დაანგარიშებებით. იგი დაჯდა და რაც თავში ჰქონდა ქაღალდზე გადაიტანა. როგორც დაამთავრა წერა, გადაღლილი საწოლში ჩაეფლო და ღრმად ჩაეძინა. შემდგომში მან თავისი ნაწერები ერთერთ ცნობილ მეცნიერს მიუტანა, ვინც მასში ამოიკითხა სრულიად ახალი მეცნიერული დებულებები. ფარადეის აღმოჩენამ  ელექტრონიკაში თავისი განუმეორებელი წვლილი შეიტანა.
·         რახან არსებობს იდეათა სამყარო, რომელთა თანაზიარნიც ვართ, რახან ირგვლივ გვარტყია უნივერსალური გონი თავისი ყველა ოდესღაც არსებული და ოდესმე სამომავლოდ მიგნებადი იდეებითურთ, ამიტომაც დედამიწის სხვადასხვა წერტილებში მცხოვრები სრულიად განსხვავებული ადამიანები ხშირად მიდიან ერთსა და იმავე იდეებსა და მიგნებებამდე. ადამიანებს შეუძლიათ დაეუფლონ ზეცნობიერის გამოყენების გზებს და ამით გაზარდონ თავიანთი პოტენციალი, მოიზიდონ საინტერესო და პერსპექტიული იდეები. ათასნაირი ფაქტებია იმის შესახებ, რომ ვიღაცას აღმოუცენდა გარკვეული  იდეა თავისი კომპანიისათვის, უარუყვია ეს იდეა და შემდგომში სხვა კომპანიამ იგივე იდეით ფანტასტურ შედეგებს მიაღწია. ის, ვინაც კარგ იდეას „ჩაავლო“ და წარმატებით გამოიყენა თავის სასარგებლოდ, როგორც წესი, გამოირჩევა იმით, რომ  იგი უფრო ენდობა თავის ინტუიციას და უნარს, რომ ჩანაფიქრი აქციოს რეალობად. ხშირად საკუთარი იდეების იგნორირება აღზრდის შედეგია. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა ისწავლოს თავისი მიგნებების პატივისცემა, ზეცნობიერის კარნახის დაჭერა და მისი რეალობად გარდაქმნის მცდელობა.  
·         ზეცნობიერი ფუნქციონირებს მთელი ცხოვრება 24 საათის განმავლობაში. ამდენად თქვენ შეგიძლიათ იმუშავოთ თქვენი პრობლემის გადაწყვეტაზე, მაგრამ მისი საბოლოო გადაჭრა გადაულოცოთ თქვენს ზეცნობიერს, გადახვიდეთ სხვა საქმეზე  ან სულაც დაისვენოთ.  თქვენი ზეცნობიერი დაიწყებს უთქვენოდ მუშაობას და გადაწყვეტილებას ან პასუხს თქვენს პრობლემაზე მოგაწვდით თავის დროზე. ეს დაახლოებით ისე ხდება, როგორც ამბობს ერთი ძველ იაპონური სიბრძნე: „გააკეთე ყველაფერი, რაც შეგიძლია, დანარჩენში ბედს მიენდე. ჩვენ გვაქვს ცნობიერება, ეგო,  რომელიც ანალიზს, შედარებას, დეფინიციას ახდენს და გადაწყვეტილებას ღებულობს. ჩვენ გვაქვს არაცნობიერი, რომელიც მთელი ჩვენი გამოცდილების, მეხსიერებისა და მამოძრავებელი ძალების საცავი და ერთობლიობაა. ამათგან დამოუკიდებლად არსებობს ზეცნობიერი, რომელიც სარგებლობს იმ უზარმაზარი ინფორმაციით, რასაც ცნობიერება და არაცნობიერი მოიცავს, მაგრამ ამას გარდა ფლობს იმ ზღვა ინფორმაციასა და შესაძლებლობებს, რაც სამყაროს თავად გააჩნია და რაც ჩვენი ტვინის, ცნობიერ–არაცნობიერის ჰორიზონტს სცილდება; და იგი გამუდმებით ფუნქციონირებს, თუმცა ადამიანები სათანადოდ ვერ სარგებლობენ ზეცნობიერის ძალმოსილებით.
·         ზეცნობიერი მოტივაციას, მიზანდასახულობასა და ენთუზიაზმს უზრუნველჰყოფს. ამისათვის ზეცნობიერს სჭირდება, რომ მიზნები იყოს მკაფიო, ნათელი და კონკრეტული. იგი არ უნდა იყოს ვინმესადმი ზიანის მომტანი. ჩაიფიქრებთ სხვისათვის საზიანო მიზანს? აუცილებლად ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ უკან.
·         ზეცნობიერი  ენერგიის წყაროა. თუ თქვენ აეწყობით ზეცნობიერის ტალღებს, თქვენ იგრძნობთ სიჯანსაღის, ენერგიისა და შინაგანი ძალების მოზღვავებას. თქვენ შეხვალთ „ნაკადში“, როგორც იტყოდა უნგრული წარმოშობის ამერიკელი Mihaly Csikszentmihalyi, რომელმაც ნაკადის ცნება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას დაუკავშირა. თქვენ გექნებათ განცდა, თითქოს სამყარო ანელებს მოძრაობას, ხოლო აზრები ამ დროს ელვის სისწრაფით მიჰქრიან. თქვენ ამ დროს ასრულებთ უზარმაზარ სამუშაოს, მაგრამ სულაც არ გრძნობთ დაღლილობას და გეუფლებათ ფსიქოლოგიური კეთილდღეობის სასიამოვნო განცდა.
·         ზეცნობიერი კარგად აქტივიზირდება  პოზიტიური აფირმაციების ანუ პოზიტიურად ფორმულირებული მოკლე თვითშთაგონებისა და ბრძანებების გაცემისას (იხ. აფირმაციები „წარმატების 365 დღის“ მე–4 დღის ტექსტში). თუ თქვენს მკაფიოდ, ლაკონურად ჩამოყალიბებულ სურვილს ან მიზანს ან თვითშთაგონების პოზიტიურ აფირმაციას ცნობიერებიდან გადააგზავნით თქვენს ზეცნობიერში, ხდება ამ უკანასკნელის აქტივიზირება; ეს კი გამოათავისუფლებს ენერგიას და გააღვიძებს იმ იდეას, რაც აუცილებელია სურვილის რეალურად ასრულებასა და მიზნის მიღწევაში. ამიტომაც აქვს ესოდენ დიდი მნიშვნელობა სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილების გამოტანის უნარ–ჩვევის ქონას. ამ დროს აქტივიზირდება ზეცნობიერება, ხოლო ყოყმანისა და გაუთავებელი გადადებების დროს ზეცნობიერის კარები ჩაკეტილია.
·         ზეცნობიერის  კარები დახშულია მაშინაც, როცა ადამიანი არის აგრესიულ, გაბოროტებულ, ბოღმისებურ, შფოთვიან, დეპრესიულ ან მოუთმენლობით აღსავსე მდგომარეობაში.  ეს დამანგრეველი ნეგატიური აზრები და ემოციები თრგუნავენ და ზღუდავენ ცნობიერებას, აქვეითებენ მიმღებლობისა და ღიაობის დიაპაზონს, აქვეითებენ ზეცნობიერისადმი მისაწვდომობის პოტენციალს. ამიტომაცაა, რომ სიძულვილით, ბოღმით, შფოთვითა და დეპრესიით შეპყრობილი ადამიანთა ჯგუფები და საზოგადოებები ერთ წრეზე ტრიალებენ, ნეგატივს ნეგატივს უმატებენ და ახალი კონსტრუქციული იდეების აღმოცენებასა და გახორციელებას ბლოკავენ.
·         ზეცნობიერი ყველაზე უკეთ ფუნქციონირებს რწმენის, ნდობის, წახალისებისა და მხარდაჭერის ატმოსფეროში. თქვენ უნდა შექმნათ ეს ატმოსფერო თქვენს ირგვლივ, რათა ზეცნობიერის ნაკადს მიეცეს დინების საშუალება. თქვენი რწმენა, კეთილგანწყობა, მშვიდი მოთმინების უნარი და მიზანდასახულობა ქმნის შესაბამის ვიბრაციებს და ააქტივიზირებს ზეცნობიერ სფეროს. მხოლოდ მშვიდი, რელაქსირებული მდგომარეობა და მიზნის მიღწევის უშფოთველი და შინაგანი რწმენით აღსავსე მოლოდინი ქმნის იმის წინაპირობას, რომ პრობლემა თვითონ გადაწყდეს, სურვილი თვითასრულდეს და მიზანი მოზიდულ იქნას. ხანდახან ეს ხორციელდება სრულიად მოულოდნელად. შედეგი   ხანდახან ისეთი სახითაც კი მოდის, რომ აშკარად გადააჭარბებს წინასწარ ჩანაფიქრს. იცით რა გამოდის? რაც უფრო „არ ცდილობთ მიაღწიოთ“, რაც უფრო თავისუფლად ეკიდებით სურვილის ასრულებას, თვითდინებაზე მიუშვებთ მას დიდი სამუშაოს ჩატარების შემდეგ  და რაც უფრო არ ჩაიციკლებით მასზე, მით უკეთ ახერხებს თქვენი ზეცნობიერი სურვილის თვითასრულებას; და პირიქით, რაც უფრო ჩაციკლული ხართ, რომ ესა თუ ის სურვილი განხორციელდეს, მით უფრო განიზიდავთ იმ ადამიანებს, საგნებსა და მოვლენებს, რაც დაკავშირებულია სურვილის ასრულებასთან.
·         საგულისხმოა, რომ ზეცნობიერი გაგატარებთ იმ გამოცდილებაში, რაც უზრუნვეჰყოფს შემდგომში დასახულის მიღწევას. ვერასოდეს ვერ მიაღწევთ თქვენს ცხოვრებაში ისეთ რაიმეს, რისთვისაც არ ხართ მომწიფებული და რისთვისაც თქვენი შინაგანი სამყარო არ არის მზად. თქვენი ზეცნობიერი გაგატარებთ ყველა იმ სიტუაციაში, სადაც უნდა აკრიფოთ შესაბამისი გამოცდილება, შეიძლება გაიძულოთ კიდეც გამოიტანოთ შესაბამისი გაკვეთილები და ამიტომაც მოგიწყოთ ერთგვარი გამოცდა. მაგალითად, თქვენ რომ უეცრად და ერთბაშად მიიღოთ უზარმაზარი ფული, რაც თქვენს მე–კონცეფციაში არ „ჯდება“ და რომლის განკარგვის არავითარი გამოცდილება არ გაგაჩნიათ, შეიძლება სწრაფად გაფლანგოთ იგი იმ ანდაზისა არ იყოს „ქარის მოტანილს ქარი წაიღებსო“. დიდად წარმატებული ადამიანები თავის ლექსიკონში არ იყენებენ სიტყვას „წარუმატებელი“ ან „ჩავარდნა“. ნეიროლინგვისტური პროგრამირების ერთერთი პოსტულატია, რომ არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი. ამდენად დიდად წარმატებული ადამიანები ნებისმიერ მარცხს განიხილავენ როგორც კიდევ ერთ გაკვეთილსა და უკუკავშირს, საიდანაც წარმატების მიღწევის ახალი გზა იკვეთება.
არსებობს ზეცნობიერი აქტივობის სტიმულირების სხვადასხვა გზა:
1.      ჩამოწერეთ ქაღალდზე თქვენი პრიორიტეტული მიზნები (2 ან 3)   და ხშირად ჩაიხედეთ ამ ქაღალდში.
2.      განმარტოება და დუმილის დაცვა, ერთ ადგილზე ჯდომა და უმოძრაობა 1 საათის განმავლობაში. ბევრ ადამიანს არ სჩვევია არც განმარტოება და არც სპეციალურად დუმილის დაცვა. ამას თუ უმოძრაობასაც დავამატებთ, ცხადია, ბევრს გაუჭირდება ზეცნობიერის სტიმულირების ამ სავარჯიშოს გაკეთება. რაც მთავარია, ამ განმარტოებულ, მოდუმილე, ჩუმ და უმოძრაო ვითარებაში უნდა შეეცადოთ არაფერზე სპეციალურად არ იფიქროთ, თვითდინებაზე უნდა მიუშვათ აზრები, არაფერი არ უნდა აკეთოთ; ერთადერტი შეიძლება ის აკეთოთ, რომ თვალი ადევნოთ აზრევს, რომლებიც მიდიან და მოდიან; დაიკავეთ მიუკეძოებელი, მშვიდი და უზრუნველი დამკვირვებლის პოზიცია. ეს სულაც არ გახლავთ ვარჯიში სიზარმაცესა და უქმად ყოფნაში. ეს სერიოზული სავარჯიშოა. სცადეთ! ყველას თავისებური გამოცხადება, ინტუიტური მიგნებები ანუ ინსაიტები ან ენერგიის მოზღვავება აქვს ამ დროს. ამიტომაც მე ვერ გეტყვით პირადად თქვენ რას იგრძნობთ ამ სავარჯიშოს დროს. ამას თქვენი ზეცნობიერი გაუწყებთ. 
3.      ვიზუალიზაცია. ვიზუალიზაცია  წარმოსახვითი აქტივობაა, როცა ვიზუალურად სურათივით ან ფილმივით წარმოიდგენთ  ამა თუ იმ სასურველ მდგომარეობას ან სცენას, რასაც გსურთ მიაღწიოთ. მართლაც დიდია ვიზუალიზაციის ძალა. სხვა რომ არ იყოს ლეგენდარული ონკოლოგის კარლ საიმონტონის სამკურნალო პრაქტიკაც  კმარა ამის დასტურად: ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს, რომელთა დიაგნოზიც იყო „განუკურნებელი“, დოქტორი კ.საიმონტონი ასწავლიდა ვიზუალიზაციას. ავადმყოფები ახდენდნენ კიბოს უჯრედების, ლეიკოციტების ანუ კიბოს უჯრედების გამნადგურებლების ვიზუალიზაციას და იმ სცენის მკაფიოდ წარმოდგენას, თუ როგორ ხოცავენ ლეიკოციტები კიბოს უჯრედებს, როგორ აგროვებდნენ ერთად ამ დახოცილ უჯრედებს და როგორ გამოჰქონდა ორგანიზმიდან ამ დახოცილი უჯრედების მასა თირკმლებს, ღვიძლს და ა.შ. ჩვენი წარმოსახვები ზემოქმედებენ ჩვენსავე ორგანიზმზე თვით უჯრედოვან დონეზეც კი. ამიტომაც და კიდევ სხვა მსგავსი ფსიქოლოგიური საავარჯიშოების  სამკურნალო შედეგები ფრიად მაღალი იყო კ. საიმონტონის ავადმყოფებში. დღეს საიმონტონის კიბოს ცენტრი აშშ–ში წამყვანია კიბოს ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის სფეროში.
4.      მედიტაცია. რეგულარული მედიტაციური  (ვიპასანა, მანტრა–მედიტაცია, ტრანსცენდენტალური მედიტაცია, ოშოს დინამიკური მედიტაცია,  კოგნიტურ–ბიჰევიორალური Mind-fullness, გეშტალტი და სხვა) სავარჯიშოები საუკეთესო საშუალებაა ზეცნობიერის გასააქტიურებლად და გასავარჯიშებლად. მე შევიმუშავე ინტეგრალური მედიტაციის მეთოდი და იგი ასობით ადამიანმა გამოიყენა წარმატებით ჩვენში და ჩვენი ქვეყნის გარეთაც. მედიტაციის  თემა ფართოა და იგი ცალკე საუბარს მოითხოვს.
ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ ერთი სავარჯიშო, რასაც წარმატების ტექნოლოგიების ცნობილი ექსპერტი ბრაიან ტრეისი გვთავაზობს:
პირველი ნაბიჯი:  მკაფიოდ განსაზღვრეთ პრობლემა ან მიზანი და დაწერეთ იგი ცალკე ფურცელზე;
მეორე ნაბიჯი: შეაგროვეთ ყველანაირი ინფორმაცია ამ პრობლემის ან მიზნის შესახებ;
მესამე ნაბიჯი: დაიწყეთ პრობლემის გადაწყვეტა მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;
მეოთხე ნაბიჯი: თუ თქვენ ვერ წყვეტთ პრობლემას, მაშინ გადაულოცეთ  მისი გადაწყვეტა თქვენს ზეცნობიერს, სამყაროს უხილავ ძალებს, უნივერსალურ ინტელექტს, აბსოლუტურ გონს....  განთავისუფლდით დაძაბულობიდან და პრობლემის ტყვეობიდან;
მეხუთე ნაბიჯი:  გადაერთეთ რაიმე სხვა აქტივობაზე ან სულაც მთლიანად მიეცით თქვენი თავი დასვენებასა და გართობას; მიეცით თქვენს ზეცნობიერს იმის საშუალება, რომ იზრუნოს თქვენზე და მოაგვაროს თქვენი პრობლემა.
მინდა მოგიტანოთ ერთი მაგალითი, რასაც ჰყვებიან კოსმონავტიკის ცნობილი რუსი მეცნიერის კოროლიოვის ცხოვრებიდან. მას ჰქონდა ასეთი ჩვევა: პრობლემაზე თავგამოდებით მუშაობდა, მაგრამ როცა მას ვერ წყვეტდა და ჩიხში შედიოდა, გამოვიდოდა სახლიდან, გავიდოდა ვაგზალზე, დააჯდებოდა პირველსავე მატარებელს და გაემგზავრებოდა სადმე, სადაც გული გაუწევდა, რათა ეთევზავა და სხვა.  ამ მოგზაურობის დროს აუცილებლად „მოაკითხავდა“ გონებაში პრობლემის გადაწყვეტის ვარიანტი, რის შემდეგაც ბრუნდებოდა სახლსა და სამუშაო ადგილას, რაც ცხადია გასაიდუმლოებული იყო საბჭოთა პერიოდში.
რაც უფრო ხშირად გამოიყენებთ ზეცნობიერის ძალმოსილებას, მით უფრო გაიძლიერებთ ზეცნობიერის გააქტივებისა და მიწვდომადობის უნარს. რასაც არ გამოიყენებთ, იმას ხომ კარგავთ, ეს ხომ ცხოვრების ფიზიკური და მენტალური კანონია. როცა თქვენ შეიმუშავებთ ჩვევას ხშირად მიმართოთ ზეცნობიერ ძალებს, რათა მათ გადაწყვიტონ თქვენი პრობლემები,  აღმოაჩენთ, რომ ისინი კიდევ უფრო ძლიერდებიან და თქვენი ცხოვრების ხარისხიც უმჯობესდება.










Комментариев нет :

Отправить комментарий