11.03.2014

„მე“–კონცეპცია როგორც მატერიალური და სულიერი კეთილდღეობის განმსაზღვრელი

წარმატების 365 დღე
მე–80 დღე
ხომ ხირად გსმენიათ არასრულფასოვნების კომპლექსის შესახებ და ხომ გითქვამთ ვინმეს შესახებ დაკომპლექსებულიაო. ცხადია, ამ შემთხვევაში გულისხმოდით იმას, რომ ამ ადამიანს ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვს და იტანჯება იმით, რომ თავი ყველაზე უვარგისად და უსარგებლო არსებად მიაჩნია. მეორეს მხრივ ცხადია გინახავთ ნარცისი ან პარანოიკი, რომელსაც საკუთარ სრულყოფილებაში ეჭვი არ ეპარება, უზომოდ თავდაჯერებულია და თვითკმაყოფილი. ასეთებზე ისიც გითქვამთ, რომ გადამეტებულად მაღალი წარმოდგენისანი არიან საკუთარ თავზეო. როცა თვითშეფასებაზე დაფიქრებულხართ, მეტწილად ამ ორი უკიდურესობისათვის მიგიქცევიათ ყურადღება:  ძალიან დაბალი და ძალიან მაღალი თვითშეფასება. ალბათ ნაკლებად დაინტერესებულხართ იმით, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე, ყოველ წუთას ყველა ჩვენს მოქმედებას საფუძვლად უდევს ჩვენი თვითმიმართება საკუთარივე თავისადმი. ჩვენი „მე“–კონცეპცია ანუ წარმოდგენათა და მიმართებათა სისტემა საკუთარი თავისადმი, საიდანაც მომდინარეობს ჩვენი რწმენები და მოლოდინები, წინ უსწრებენ და განსაზღვრავენ ჩვენს ქმედებებს და მათ შედეგებს;  ჩვენი ცხოვრების ყოველი მონაკვეთი და ჩვენი ნებისმიერი ქცევის ხაზი შესაბამისობაშია  ჩვენს  „მე“–კონცეპციასთან და წარმოდგენათა იმ სისტემასთან, რაც ღრმა ბავშვობიდან მომდინარეობს. თქვენ ცხოვრების მოცემულ ეტაპზე იმყოფებით იმ მდგომარეობაში, რაც განსაზღვრა თქვენმა წარმოდგენებმა საკუთარ თავზე. მაგალითად, თუ თქვენ ხართ ზედმეტად მსუქანი, ამაში წვლილი თქვენს წარმოდგენებს მიუძღვის. ერთხელ მრავალი წლის წინ საფრანგეთში ერთწლიანი სამეცნიერო მივლინებიდან მოვდიოდი, ჯერ მოსკოვში გადმოვფრინდი და შემდეგ მატარებლით გამოვემგზავრე თბილისისაკენ. საფრანგეთში ერთი წლის განმავლობაში შევეჩვიე იმ სტანდარტებს, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მსუქანი და ცხოვრების წესი ისე უნდა ააგო , რომ მუდმივად იყო გრაციოზულ ფორმაში. როცა მატარებლის ვაგონში ავედი თვალში მეცა, რომ ვაგონში ბევრი იყო ისეთი ქართველი მამაკაცი ან ქალბატონი, რომელიც ვაგონში სიმსუქნის გამო ვერ ეტეოდა. ჩემთან კუპეში ახალგაზრდა მამაკაცი იყო და მას შევჩივლე, რომ დეგრადაციის გზაზე ვდგავართ, რა ამბავია ამდენი ღიპიანი–თქო. ახალგაზრდა მამაკაცი დამეთანხმა, მაგრამ ერთ ადამიანზე მიმითითა ვაგონში და მითხრა: „ თქვენ სწორი ხართ, ძალიან მსუქანია ეს ხალხი და ცუდია, მაგრამ ეგერ რომ კაცია , იმისთანა ღიპი ქე უნდა ჰქონდეს კაცსო“. რამდენიმე წლის შემდეგ შევხდი ამ ახალგაზრდა მამაკაცს და ის „ზომიერი“ ღიპი უკვე ამაყად ედო მუცელზე. საკუთარ თავზე მისმა წარმოდგენებმა განსაზღვრა მისი ტანის აღნაგობა.  ასევეა თქვენი ახლანდელი ფინანსური მდგომარეობა – ფინანსურ ხელმოკლეობას  განიცდით თუ მდიდარი ხართ, ამ მდგომარეობამდე თქვენმავე „მე“–კონცეპციამ მიგიყვანათ. ასევეა თქვენი დღევანდელი ემოციური მდგომარეობა –  ბედნიერებას განიცდით თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ცხოვრებით, ამაშიც ლომის წილი აქვს საკუთარი თავისადმი თქვენს წამოდგენათა სისტემას. თქვენი გარე სამყარო  შინაგანი სამყაროს გამოვლენაა. როგორც ამბობენ, თქვენ იმდაგვარი ხდებით, როგორც ფიქრობთ. თვალშისაცემია ის, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ორ რაიმეს შორის: თუ როგორ გამოგდით ესა თუ ის საქმე და რა წარმოდგენები გაქვს საკუთარ თავზე ამავე საქმის კეთების თვალსაზრისით.  თქვენი წარმატება ამა თუ იმ საქმეში განსაზღვრულია იმ მოლოდინებით, რაც თქვენ გაქვთ  ამავე  საქმის კეთებასთან დაკავშირებით. თქვენ ვერასოდეს ვერ გააკეთებთ კარგად იმ საქმეს, რომლისადმი მოლოდინიც გაქვთ, რომ იგი არ გამოგივათ.  რაიმე რომ კარგად აეწყოს თქვენს ირგვლივ და თქვენს გარეგნულ მოქმედებაში,  მანამდე ჯერ კარგად უნდა განეწყოთ ამ საქმის სათანადოდ  გამოსვლის თაობაზე. თქვენი გარეგნული შედეგი და წარმატება შინაგანი მზაობით არის განპრობებული.  რაც არის შიგნით, იგივეა გარეთ: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. თქვენ ვერ მოახდენთ თქვენს ირგვლივ ვერავითარ ცვლილებებს თუკი თავდაპირველად ცვლილება არ შეიტანეთ საკუთარ წარმოდგენებში საკუთარივე თავის მისამართით. ფორმულა „ ადამიანებში უნდა გამოვიწვიო ცვლილებები, ხოლო მე თვითონ უნდა ვიყო უცვლელი და იგივენაირი, რაც აქამდე ვიყავი“ – არ მუშაობს. ეს ხშირად ემართებათ პოლიტიკოსებს და რეფორმატორებს: ისინი ცდილობენ სხვებმა თავიანთ ხედვებსა და ცხოვრებაში მოახდინონ ცვლილებები, ხოლო თვითონ იძლევიან უცვლელობისა და ხისტობის მაგალითს. „მე“–კონცეპციის ნეგატიური და თვითშემზღუდავი დაშვებები („არაფერი არ გამომივა“, „ყოვლად უვარგისი ვარ“ და სხვა) თავს გამოავლენენ  თქვენს უარყოფით დამოკიდებულებებში სხვადასხვა ადამიანებისა და გარემოებების მიმართ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი „მე“–კონცეპცია, ჩაანაცვლოთ თქვენი უარყოფითი და თვითშემზღუდავი დაშვებები პოზიტიური, მასტიმულირებელი და თავისუფლების დამამკვიდრებელი მტკიცებებით. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომ თქვენი არსების ყველა მხარე და წახნაგი იყოს პოზიტიური და სიცოცხლისუნარიანი, ხოლო თქვენი  ცხოვრება გადაიქცეს შედევრად. ასეთი მცდელობების შედეგად მალე დაინახავთ, რომ  სიცოცხლის დამამკვიდრებელი აზრები განიცდიან მატერიალიზაციას და იქცევიან ჩვეულებრივ რეალობად. შევაჯამოთ: მთელი ჩვენი ცხოვრება კონტროლდება „მე“–კონცეპციით. ამდენად, თუ გნებავთ მიაღწიოთ წარმატებებს და გქონდეთ წინსვლა, დაიწყეთ საკუთარი „მე“–კონცეპციის შეცვლით, შეიტანეთ მასში ის ელემენტები და თვისებები, რაც წარმატების მიღწევის ქცევას შეეფერება და შეესაბამება.
ჩვენ გვაქვს შემაჯამებელი  ”მე“–კონცეპცია  ისეთი ზოგადი სახით, რაც მთელ ჩვენს პიროვნებას შეეხება: „მე სიკეთეს ვთესავ“, „პატრიოტი ვარ“, „მე ბუნებით ხელოვანი ვარ“, „ფრიად ერუდირებული და კომპეტენტური ვარ“, „მიყვარს მოგზაურობა“, „ ძმაკაცური ვარ და მეგობრებს უყვართ ჩემთან ყოფნა“, „კარგი მეოჯახე ვარ“, „ ჩემით ამაყობს ჩემი მშობლები“  და სხვა პოზიტიური წარმოდგენები საკუთარ პიროვნებაზე; ან კიდევ ზოგადი, მაგრამ უარყოფითი წარმოდგენები  საკუთარ თავზე: „არაფერი არ გამომდის“, „სამარცხვინოდ გამოვიყურები“,  „წარამარა შეცდომებს ვუშვებ“  და სხვა მისთანანი. მაგრამ გარდა შემაჯამებელი და ზოგადი „მე“–კონცეპციისა ჩვენ გვახასიათებს საკუთარ თავზე წარმოდგენებისა და საკუთარ თავთან დამოკიდებულების უფრო დეტალური და კონკრეტული წარმოდგენების მთელი სერია.  ჩვენ გვაქვს წარმოდგენები იმის შესახებ, თუ რა უნარ–ჩვევებს ვფლობთ სწავლის ან ამა თუ იმ საქმის კეთების თვალსაზრისით, როგორია ჩვენი გარეგნობა, რამდენს ვიწონით და ვართ თუ არა მსუქანი, რა საჭმელი გვიყვარს, როგორ ვიცვამთ, როგორ გამოვიყურებით საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა თვალში, როგორ გამოგვდის  დიასახლისობა ან ოჯახის უფროსობა, როგორი მამა ან დედა ვართ, რამდენად ვართ ლიდერი, როგორი თანამშრომელი ვართ, რანაირი შვილი ან დედ–მამიშვილი ვართ, რა უნარები გვაქვს კარიერული წინსვლისათვის, რამდენად სპორტული ვართ და სხვა.  ჩვენ გვაქვს წარმოდგენები იმის შესახებ თუ რაოდენ დაფასებული, ავტორიტეტიანი ან პოპულარულები ვართ სამსახურში, სამეზობლოში, სანათესავოში ან საზოგადოებაში. თითოეულ აღნიშნულ  კონკრეტულ სფეროში  თავისებური „მე“–კონცეპცია გვაქვს და იგი მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს ეფექტურობასა და ვარგისიანობას ამ კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, თუ თქვენ ბიზნესს მისდევთ, ფრიად მნიშვნელოვანია თუ რა ტიპის „მე“–კონცეპცია გაქვთ ბაზრის მოთხოვნილებებისა და ფასების პროგნოზების, მოლაპარაკებებისა და გარიგებების საკუთარი უნარების  შესახებ. თუ თქვენ სკოლის პედაგოგი  ან უნივერსიტეტის პროფესორი ბრძანდებით თქვენს წარმატებულ საქმიანობას განსაზღვრავს თქვენი „მე“–კონცეპცია ბავშვისადმი ან სტუდენტისადმი დამოკიდებულების, პერმანენტული სწავლისა და ცოდნის გამუდმებული განახლების შესახებ, ცოდნის გადაცემის რა ჩვევები გაქვთ, რამდენად ფლობთ ეფექტური კომუნიკაციის ჩვევებს.  თქვენს „მე“–კონცეპციაში შეიძლება შედიოდეს ის, თუ რაოდენ ორგანიზებული, მოწესრიგებული და კომპეტენტური ბრძანდებით პირად ან სამსახურებრივ ცხოვრებაში.  თქვენ ვერსად გაექცევით საკუთარ თავს და თქვენი ქცევა პრივატულ თუ სამსახურებრივ სფეროში სრულ შესაბამისობაში იქნება თქვენს „მე“–კონცეპციასთან.  მეტად საინტერესოა „მე“–კონცეპციის კავშირი თქვენს ფინანსურ მხაესთან, რის განხილვასაც ახლა შევუდგებით.
ფულის კეთება, ფულის ქონა ან უფულობა, დაკავშირებულია  თვითშეფასებასა და „მე“–კონცეპციასთან. თქვენ გარკვეული წარმოდგენა გაქვთ თქვენს კომპეტენტურობასთან დაკავშირებით და რა თანხების გამომუშავება შეგიძლიათ. თქვენ ვერასდროს შეძლებთ ძალიან გადაახტეთ თქვენს უნარებსა და კომპეტენციის იმ დონეს, რაც მოცემულია თქვენს „მე“–კონცეპციაში,  და  ვერ შეძლებთ გამოიმუშავოთ გაცილებით ბევრი ან გაცილებით ცოტა თანხა, ვიდრე თქვენს „მე“–კონცეპციაშია გათვალისწინებული თქვენი შემოსავლების შესახებ.  როგორც კი 10%–ით მეტ ან ნაკლებ თანხას გამოიმუშავებთ, ვიდრე ამას შემოსავლების დონის სტანდარტის თქვენეული გაგება გულისხმობს, თქვენ შეგიპყროთ დისკომფორტის გრძნობა. ამ დროს დაიწყებთ სიტუაციის გაწონასწორებას.  მაგალითად, თუკი 10%–ით ნაკლებ ანაზღაურებას მიიღებთ, თქვენ დაიწყებთ დამატებითი შემოსავლების წყაროს ძიებას, უფრო მუყაითად შრომას და გააქტიურებას, ახალი სამსახურის ძებნას, რათა დაიბრუნოთ ძველი ოდენობის ანაზღაურება. ხოლო თუკი 10%–ით და უფრო მეტი ოდენობით მეტ ანაზღაურებას მიიღებთ, ვიდრე ფინანსური შემოსავლების თქვენეულ „მე“–კონცეპციაში არის ნაგულისხმევი,  მაშინ დაიწყებთ ფულის ერთგვარ ფლანგვას, ვალების გაცემას, ფულის ისეთ რაიმეში ჩადებას, რაშიც ვერ ერკვევით, ნამეტი ფულის დარიგებას და დაკარგვასაც კი. აქაც წონასწორობის აღდგენის კანონი მუშაობს, რომლის თანახმადაც თქვენი ესწრაფვით დაუბრუნდეთ თქვენი შემოსავლების სტანდარტს როგორც ათვლის წერტილს, რაც ფინანსების შესახებ თქვენს „მე“– კონცეპციას შეესატყვისება.  
რა ხდება მაშინ, თუ თქვენ არ მუშაობთ და გაქვთ მხოლოდ მცირეოდენი შემოსავალი საარსებო მინიმუმის სახით. როგორც წესი, ცდილობთ რამენაირად ცხოვრება გაიტანოთ და გადარჩეთ. ადამიანები ეგუებიან საარსებო მინიმუმსაც და ეს მაშინაც კი ხდება, როცა საარსებო მინიმუმი ძალზე მცირეა. უკიდურესად მცირე საარსებო მინიმუმის პირობებში ცხოვრება, როგორც ეს ჩვენშია მოსახლეობის დიდ ნაწილში, ადამიანი ვერ იკმაყოფილებს საბაზო მოთხოვნილებებს და ამდენად არაადამიანურ მდგომარეობაშია. შესაძლოა იგი ცხოველის მსგავსად დღენიადაგ საკვების ძიებაში იყოს.  მათი „მე“–კონცეპცია საკმაოდ გაღარიბებულია და უკიდურეს შემთხვევაში იგი მათხოვრობს ან იქექება სანაგვე ყუთებში, რათა რაიმე იპოვოს. მაგრამ აქ ისიცაა საყურადღებო, რომ ზოგი ადამიანი მაინც ახერხებს მათხოვრობით თავი არა მხოლოდ გაიტანოს, არამედ არჩინოს ახლობელი; ცალკეულები  მათხოვრობით „ბიზნესსაც“ კი ქმნის და მას აქვს ორმაგი ცხოვრება ორმაგი „მე“–კონცეპციით, რომელთაგან ერთი მათხოვრის ქცევითი ნიმუშებით იკვებება, ხოლო მეორე კი „ბიზნესმენის“ ქცევითი ნიმუშებით, როგორიცაა ბაზრის  კლიენტის თავისებურებების გათვალისწინება, მათხოვრობაში დამხმარეებისა და თანამონაწილეების გამოყენება დაქირავებულ მუშახელივით და სხვა.     

„მე“–კონცეპცია შეიძლება დაკაშირებული იყოს ე.წ. კომფორტის ზონასთან. კომფორტის ზონა არის ფულის, წონის, სოციალური მდგომარეობის, პრესტიჟის, ცოდნის, მეგობართა წრის შესახებ ის სტაბილური მინაღწევარი, რასაც კომფორტის გრძნობა მოაქვს; ადამიანებს არ სურთ დატოვონ ეს მდგომარეობა, რადგან მასთან შეჩვეული არიან. კომფორტის ზონა გარკვეულ მყარ ჩვევებს მოიცავს, რომელთა გადაჩვევაც დროთა განმავლობაში ძნელი ხდება; არადა, სწორედ კომფორტის ზონასთან დაკავშირებულმა შეჩვეულობამ შეიძლება მიგიყვანოთ  სტაგნაციამდე, როცა არსებულ ცვლილებებს სამყაროში თქვენ შეაგებებთ უძრაობასა და უცვლელობას. კომფორტის ზონა კარგია სტაბილობის განცდისათვის, მაგრამ ხელიშემშლელია ინოვაციებისა და ცხოვრების განახლების თვალსაზრისით. „მე“–კონცეპციის თვალსაზრისით  კომფორტის ზონა გულისხმობს ისეთ სტანდარტულ წარმოდგენებს საკუთარი პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების სტანდარტებზე, როცა წინსვლა და წარმატება გადაფარულია არსებულის ან შენარჩუნებით ან სამომავლო რისკისებისაგან  თავის გადამეტებული დაზღვევით. მიღწეულის შენარჩუნება და რისკებისაგან ან საშიშროებებისაგან თავის დაზღვევა უდაოდ პოზიტიური თვისებაა, მაგრამ თუკი იგი იმის ხარჯზე ხდება, რომ სიახლე, გაბედული ნაბიჯები ცვლილებებისაკენ დაბლოკილია, მაშინ უძრაობას ექნება ადგილი, ხოლო უძრაობას საბოლოო ჯამში ლპობა ან ნგრევა მოჰყვება.  შეეცადეთ არ მოქცეთ კომფორტის ზონის მოჯადოებულ წრეში. შეეცადეთ დრო და დრო გადახედოთ თქვენს „მე“– კონცეპციას, გაანალიზოთ ის სტანდარტები, რაც გაქვთ ფულთან, სხეულის წონასთან, სამსახურეობრივ მდგომარეობასთან, შემოსავლებთან და გასავლებთან, ჩაცმა–დახურვასა და უნარ–ჩვევათა არსენალთან და თქვენი პიროვნების სხვა მხარეებთან დაკავშირებით; მაგრამ ანალიზი არ არის საკმარისი. აუცილებელია  დაიწყოთ თქვენი სტანდარტების ზომიერად რეგულაცია, დასახოთ თქვენი ფულადი შემოსავლებისა და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სტანდარტების შეცვლა მისი ზომიერად და თანმიმდევრულად ზრდის მიმართულებით. მაგალთად, ნუ შეეცდებით თქვენს „მე“–კონცეპციაში მონიშნოთ, რომ თქვენი შემოსავლები გაიზარდოს 100%–ით და რომ თქვენ იმსახურებთ სწორედ 100%–ით შემოსავლების ზრდას. საქმე იმაშია, რომ როგორც უზომოდ დიდ ლუკმას ვერ დაღეჭავთ, ვერ მოერევით და ვერ მოინელებთ, ისევე ერთბაშად 100%–ით გაზრდილ ფინანსური შესაძლებლობების ზრდას ვერ გაუმკლავდებით. თუკი მომზადებული არ ხართ როგორ მოექცეთ უზომოდ გარდილ შემოსავლებს, ამან აშენების ნაცვლად შეიძლება დაგღუპოთ. ქარის მოტანილი ბევრჯერ წაუღია ქარს. მოიგეგმეთ თქვენთვის შემოსავლების ზრდის ის ვარიანტი, რაც გულისხმობს თქვენი ამჟამინდელი შემოსავლების 10–20%–ით ან მაქსიმუმ 30%–ით ზრდას. ეს კი განხორციელებადია და გამკლავებადი. თუკი თქვენ მიეჩვევით  ფინანსური  სტანდარტების კუთხით თქვენი „მე“–კონცეპციის ასეთ თანდათანობით შეცვლას, შეცვლილი „მე“–კონცეპციის შესაბამისად აიგება თქვენი ფინანსური ცხოვრება. იგივე ეხება ცხოვრების სხვა მხარეების მიმართ  თქვენი „მე“–კონცეპციის სტანდარტების ზომიერ, თანდათანობით, მაგრამ  პერმანეტულ ზრდას. მთვარია არა კომფორტის ზონაში მოხვედრა და მასში  ჩარჩენა, არამედ კომფორტის ახალი ზონების თანდათანობითი გაფართოება.
„მე“–კონცეპცია შედგება სამი ნაწილისაგან: 1) იდეალური „მე“–ს ხატი; 2) რეალური „მე“–ხატი; 3) საკუთარი ღირსების განცდა, საკუთარი თავის როგორც ღირებულებად განცდა  ან თვითდაფასება. განვიხილოთ ეს ნაწილები სათითაოდ.

იდეალური „მე“–ს ხატი
ეს გახლავთ საკუთარი თავის წარმოდგენა იდეალის ტერმინებში. ეს ის იდეალური თვესებებია, რაც გინდათ გქონდეთ. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი თუ როგორი ხართ ან ვინ ბრძანდებით, არამედ იმაზე, თუ რა გინდათ გახდეთ და გსურდათ გამხდარიყავით. აქ ლაპარაკია ისეთ იდეალურ თვისებებზე, რომელიც არა მხოლოდ თქვენს გარშემო მცხოვრებ საუკეთესო ადამიანებს ახასიათებს, არამედ შეიძლება ახასიათებდეს იმქვეყნიურ სამყაროში გარდასულ პიროვნებებს.  გამორჩეული და ჭეშმარიტად  წარმატებული მეცნიერების, ხელოვანების, საზოგადო მოღვაწეების, სამყაროს გარდამქმნელების, დიდი ბიზნესმენების დამახასიათებელი თვისებაა, რომ ისწრაფვიან იდეალებისაკენ; მათ „მე“–კოცეპციაში დიდი ადგილი უკავია იდეალურ „მე“–ს, ისინი  დიდ აქცენტებს აკეთებენ იმაზე, თუ რა და როგორი გახდნენ, ისინი იდეალისაკენ ისწრაფვიან. ხელმოცარული და წარუმატებელი ადამიანებისათვის კი დამახასიათებელია, რომ მათ „მე“–კონცეპციაში იდეალურ–„მე“–ს ძალიან მცირე ადგილი უკავია ან სულაც არ ელტვიან იდეალებს.

რეალური „მე“–ს ხატი
თქვენ გაქვთ ერთგვარი შინაგანი სარკე: ეს თქვენი წარმოდგენებია იმის შესახებ, თუ რას აკეთებთ რეალურად და რას თვლით რომ უნდა აკეთოთ; თქვენ ამ სარკეში დღენიადაგ იხედებით. თქვენ ყოველთვის იქცევით იმ სურათის შესატყვისად, თუ რა ჩანს ამ თქვენს შინაგან სარკეში. რეალური „მე“ თქვენს ყოველდღიურობას განაგებს. თქვენ ყველა თქვენს საქციელს ან ჩანაფიქრს უთანაზომებთ მას. ეს ხდება წამიერად და ავტომატურად. ცნობილმა ფსიქოთერაპევტმა კარლ როჯერსმა ერთერთმა პირველმა მიაქცია ყურადღება იმას, პიროვნული ზრდა რეალურ „მე“–სა და იდეალურ „მე“–ს შორის დისტანციის შემცირებისკენ მსვლელობაა, ხოლო რაც უფრო დიდია განსვლა მათ შორის, მით უფრო მეტია სხვადასხვა დარღვევებისა და ნევროტული რეაქციების აღმოცენების შანსი.

თვითდაფასება
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ადამიანებს გვაქვს როგორც საკუთარი პიროვნების საზომი, გახლავთ ღირსების გრძნობა. რახან ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად თვისად, მისი ღირსების გრძნობაც ამას ეფუძვნება: იგი როგორც ღვთაების ხატად შექმნილი უმაღლეს ღირებულებას წარმოადგენს. მისი ღირებულება რაიმე გარეგანით კი არ განისაზღვრება, არამედ მას აქვს თვითღირებულება, მისი ფასი სწორედ ისაა, რომ უნიკალურ და განუმეორებელ არსებას წარმოადგენს. მასში მოცემულია მთელი სამყარო, მისი ევოლუციური განვითარების პროცესში მან შემოინახა ყველაფერი, რაც დაკავშირებულია არაორგანული ბუნების, მინერალების, მცენარეების, ფრინველებისა და ცხოველებისათვის, ანთროპოიდებისა და პირველყოფილი , ხოლო შემდგომ ცივილიზაციის შექმნის გზაზე დამდგარი არსების თავისებურებებთან.  ადამიანის ტვინი და მისი ფსიქიკა არის  ზემძლავრი ენერგო–ინფორმაციული სისტემა, რომელშიც ინახება და ფუნქციონირებს მთელი ის ინფორმაცია, რაც სამყაროს წარმოშობიდან დღემდე არსებობს ევოლუციის გზაზე. ჩვენ ღირებულებას ვანიჭებთ არა მარტო გარე სამყაროს მოვლენებსა და საგნებს, არამედ საკუთარ თავსაც. ჩვენ ვიცით, რომ ყველა პროდუქტს აქვს თვითღირებულება და ფასი. ასეთივე ფასი აქვს ჩვენთვის საკუთარ პიროვნებას, რომელსაც თვითღირებულებაც გააჩნია. ჩვენ არა მარტო იმ საზომებით ვუყურებთ საკუთარ თავს, რაც სხვების ჩვენდამი დამოკიდებულებით განისაზღვრება, არამედ თვითონ საკუთარი პოზიციიდანაც ვადებთ ფასს ყველა ჩვენს ნამოქმედარს ან პიროვნულ თვისებას.  ღირსების გრძნობა ეფუძვნება საკუთარი ღირებულების განცდას და თვითდაფასების უნარს. ყოველნაირი წარმატება და მაღალი შედეგები  განისაზღვრება თვითდაფასების მაღალი დონით. ბედნიერების გრძნობაც,  ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი  თვთდაფასების მაღალი დონის ფუნქციაა.

თვითდაფასების დონე განისაზღვრება ორი ურთიერთ დაკავშირებული, მაგრამ საკმაოდ განსხვავებული და, ერთი შეხედვით,  საპირისპირო ფაქტორით: პირველია საკუთარი თავის მიმღებლობა და დაფასება ისეთად, როგორიც ხართ ანუ უპირობო თვითმიმღებლობა, ხოლო მეორე ფაქტორია საკუთარი თავის თვითდაფასება იმ შედეგებიდან გამომდინარე, რაც თქვენი კომპეტენტურობისა  და ქმედებების მეოხებით მიიღეთ. თუ პირველ შემთხვევაში საკუთარი თავის ფასი არ მერყეობს იმის გამოისობით, რომ სხვადასხვა შედეგებს აღწევთ და ამდენად სტაბილური დამოკიდებულება გაქვთ  (დადებითითუ უარყოფითი) საკუთარი თავისადმი, მეორე შემთხვევაში თქვენი მოქმედების ან კომპეტენტურობის შედეგებიდან გამომდინარე იცვლება თვითდაფასების დონე. თუ პირველ შემთხვევაში თვითმიმღებლობა უპირობოა და უცვლელია შედეგებიანობის მიუხედავად, მეორე შემთხვევაში რეზულტატიურობა არის წინა პლანზე წამოწეული და ხან დადებითისკენ, ხან უარყოფითი მიმართულებით იცვლება თქვენი თვითშეფასება საკუთარი ეფექტურობის გამოისობით. თვითდაფასების ეს ორი ფაქტორი ურთიერთგამომრიცხავი კი არ არის, არამედ ურთიერთ დამატებითია და ურთიერთ დაკავშირებულია: ჩემი უპირობო პოზიტიური თვითმიმღებლობა ზრდის შედეგიანობას, ხოლო რეზულტატიურობის ზრდა კიდევ უფრო ამტკიცებს პოზიტიურ თვითმიმღებლობას. ამიტომაც წარმატების ფორმულა ასეთია თვითდაფასების ჭრილში: მიიღე შენი თავი ისეთად, როგორიც ხარ, მიუტევე მას და არა განიკითხო, რათა გაზარდო შენი ეფექტურობა და რეზულტატიურობა და იგი უკან დაგიბრუნდება საკუთარი თვითმიმღებლობის კიდევ უფრო განმტკიცებით.
აქედან გამომდინარე შეიყვარე თავი შენი. ხშირად უთხარი საკუთარ თავს: „მე შენ მომწონხარ“ და „მე შენ მიყვარხარ“. კარგად ჩაუკვირდი ბიბლიურ ფორმულას “ გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“. შენ ვერ შეიყვარებ მოყვასს, თუკი საკუთარი თავი არ გიყვარს და გძულს. შენი თავიც შენი მოყვასია, იგი შენში ჩაბუდებული მოყვასია. ორი ასეთი დებულება შემიძლია შემოგთავაზოთ: 1) შეუძლებელია ვინმე იმაზე მეტად გიყვარდეთ, ვიდრე საკუთარი თავი. თქვენ შეგიძლიათ  გასცეთ მხოლოდ ის რაც გაქვთ; თუკი არ გაქვთ საკუთარი თავისადმი უპირობო სიყვარულის მარაგი, როგორღა გაიღებთ სიყვარულს სხვებისადმი, თუნდაც ახობლებისადმი; თუკი საკუთარი თავი გძულთ, ხოლო ახლობელზე მიჯაჭვული ხართ, ეს მიჯაჭვულობა სიყვარული კი არ არის , არამედ იმ საკუთარი უსუსურობის გამოვლენაა, რაც თვითმოძულეობიდან მოდის და გასუსტებთ,  და რაც გაიძულებთ თავი შეაფაროთ სხვას და  მიებათ მას. ეს სიყვარული კი არ არის, არამედ გამორჩენაა; 2) ნუ ელოდებით იმას, რომ ვინმე იმაზე მეტად შეიგყვარებთ, ვიდრე თქვენ გიყვართ საკუთარი თავი და პატივს სცემთ მას. თუკი პატივს დადებთ საკუთარ თავს, სხვებიც პატივს დაგდებენ, შეგიყვარებენ იმ ზომით, რანაირადაც გიყვართ თქვენი „მე“.
ყველა ადამიანი ამ ცხოვრებაში მოდის  გარკვეული პოტენციალით, ტემპერამენტითა და თანშობილი უნარებით, მაგრამ „მე“–კონცეპცია და თვითდაფასება შეძენადია, იგი ყალიბდება ბავშვობიდან და მთელი ცხოვრება განიცდის ცვლილებებს. ამიტომაც თქვენზეა დამოკიდებული თუ რა ცვლილებები  განხორციელდება მასში.

 შევაჯამოთ: „მე“–კონცეპცია და თვითდაფასების დონე განსაზღვრავს თქვენი მატერიალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის დონეს. იგი თქვენი ბედისწერის ნაწილი ხდება, მაგრამ  იგი არ არის უცვლელი და უმართავი. ბედისწერის სცენარი კი ოთხ ბოძზე დგას: 1) ღირებულებები, 2) რწმენები, 3) მოლოდინები და 4) „მე“–კონცეპცია. თითოეული ამ ბოძთაგანი დროში მდგრადია, მაგრამ ამავე დროს ცვლილებებს და მართვადობას ექვემდებარებიან. ჩემი მიზანიც ის გახლავთ, რომ ბედისწერის მართვის პოტენციალი გაზარდოთ თქვენთვისვე სასარგებლოდ. მაგრამ ეს ცალკე თემაა, რასაც  შემდგომში განვიხილავთ დეტალურად.

























   











Комментариев нет :

Отправить комментарий