12.07.2014

სიკვდილის შიში და მისი დაძლევა


წარმატების 365 დღე
84–ე დღე

ხომ გინახავთ ადამიანი, რომელიც მოუსვენარია, ვერ ძლებს უსაქმოდ, ერიდება განმარტოებასა და სიცარიელეს, საოცარი წარმატებით აკეთებს ფულს და რაც უფრო მდიდრდება, კიდევ უფრო მეტი სურს. მას ყოველთვის იპყრობს შფოთვა და მოუსვენრობა, თუკი შემოსავლები ცოტათი მაინც მცირდება, თუკი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ამბები ხდება, თუკი არაფერია გასაკეთებლი და შეიძლება უდარდელ მოსვენებას მიეცეს, იგი კვირადღეს მოუსვენრად გრძნობს თავს და რაღაცა ღრღნის. ღრმად რომ გამოკითხოთ ეს კაცი, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ სიკვდილის შიშიდან გაქცევაა ის ძალა, რამაც იგი workaholic-ად ანუ შრომაზე გადამკვდარად, შფოთვიან ფულის მკეთებლად ჩამოაყალიბა. მისთვის ფული გარანტირებულობისა და სიკვდილის შიშის  ბრჭყალებიდან გამომხსნელის სიმბოლოა და ამიტომაც ასე კომპულსიურად ჩალიჩობს, რაც შეიძლება მეტი ფული აკეთოს, რამენაირად მარტო არ დარჩეს, არ ჰქონდეს სიცარიელე დროში, თავისუფალ დროს ორიენტირებულია დროს ტარებასა და სმა–ჭამაზე. იგი გაურბის სიკვდილს, თუმცა ვერსად გაექცევა მას. მარტო ფულის გაუთავებელ კეთებაში არ არის საქმე, იგივე ეხება ყველა სახის ესკაპიზმს ანუ გაქცევიზმს, როგორიცაა ტოტალიზატორი და აზარტული თამაშები, ალკოჰოლი, ნარკოტიკი, გადამეტებული ეროტიზმი, სახელის მოხვეჭისკენ სწრაფვა და ცნობად სახედ გახდომა და სხვა მრავალი.  ადამიანს აქვს ილუზია, რომ  თითქოს სახელის მოხვეჭითა და დროს ტარებით გაექცევა სიკვდილს, არყოფნას. და კიდევ: რატომ გავიტანე ამ სტატიის სათაურში სიკვდილის თემასთან ერთად წარმატებისკენ სვლა?  საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთერთი ნეგატიური შემზღუდავი ძალა, რაც საგრძნობლად აფერხებს წარმატების მიღწევისაკენ სრბოლას, გახლავთ შიშები. შიშთა დაძლევა კი საკუთრივ თვითონაა ისეთი წარმატება, რაც სხვა მიღწევებს ედება საფუძვლად. შიშთაგან ყველა შიშის სათავე კი არყოფნასა, გარდაცვალებასა და სიკვდილშია.

·         ამ სამი ბოლო სიტყვიდან არყოფნა აბსურდია, რადგან არყოფნის არსებობის დაშვებით საკუთრივ არსებობის ანუ ყოფნის უნივერსალობის დაშვებას აკეთებ და ამდენად არყოფნა როგორც ასეთი არ არსებობს, ხოლო არარსებულის შიში აბსურდია.

·         მეორე სიტყვა – გარდაცვალება ცვლილებასთან არის დაკავშირებული და მასში ის იგულისხმება, რომ შეცვლილი სახით ისევ გააგრძელებ არსებობას. ამიტომაც არც აქ არის რაიმე საშიში.

·         რჩება მხოლოდ სიტყვა სიკვდილი, რომელიც კვდომის, ბოლოვადობისა და სიცოცხლის გამომრიცხველი ვითარების აღმნიშვნელია. არადა თვით სიკვდილის შიშიც აბსურდია, რადგან როცა ჩვენ ვართ, მაშინ სიკვდილი არ არის, ხოლო როცა სიკვდილია , მაშინ ჩვენ არ ვართ – როგორც ამბობს ძველბერძენი ბრძენი. მაშ როგორ შეგვიძლია იმის გვეშინოდეს, რასთანაც არავითარი გადაკვეთის წერტილი არ გვაქვს? თუკი სიცოცხლეს არა აქვს არავითარი გადაკვეთის წერტილი სიკვდილთან, სანამ ცოცხალი ვართ როგორ უნდა გვქონდეს ისეთი რაიმის შიში, რასთანაც არავითარი გადაკვეთისა და შეხვედრის წერტილი არ გაგვაჩნია?

კვდომის, ბოლოვადობისა და სიცოცხლის გამომრიცხველი ვითარების დადგომის გარდა არის კიდევ ორი თვისება  სიკვდილში, რაც შიშს იწვევს. ეს გახლავთ, ერთის მხრივ, სიკვდილის გარდაუვალობა, რაზეც გენიალურმა რუსთველმა ბრძანა: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი....“. მეორეს მხრივ, ეს გახლავთ სრული გათანაბრების, ყოველგვარი ინდივიდუალობისა და უნიკალობის გაქრობის კომპონენტი, რაც სიკვდილის დამახასიათებელი თვისებაა და რაზეც რუსთველი ამატებს: „...მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტნი და ძალგულოვანნი...“. კვდომა, კვდომის გარდაუვალობა და სიცოცხლის გამომრიცხაობა თითქოსდა უნდა განაპირობებდეს იმას, რომ სიკვდილი ჩავთვალოთ რაღაც ბოროტ, ულმობელ და ამდენად საშიშ ძალად, რომელსაც არათუ არ უნდა მივესალმოთ, არამედ გავექცეთ კიდეც უნდა მთელი ჩვენი არსებით. მაგრამ ამ დებულებას უპირისპირდება მეორე გენიოსი   ვაჟა–ფშაველა, რომელიც წამოიძახებს: „ შენ გაგიმარჯოს სიკვდილო, სიცოცხლე ხარობს შენითა“.   რატომ უნდა გაუმარჯოს და დაილოცოს სიკვდილი? ნუთუ მართლა ხარობს სიცოცხლე სიკვდილით, რომელსაც ახასიათებს გარდაუვალობის, ბოლოვადობის, კვდომის (სიცოცხლის გამორიცხვის) და ყველა თავისებურების ან უნიკალობის გაქრობის, საყოველთაო გათანაბრების  თვისება? დავსვათ რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა: 1) რატომ უნდა იყოს საშიში გარდაუვალობა? 2) რა არის საშიში ბოლოვადურობაში ანუ იმაში, რომ სიცოცხლეს წერტილი დაესმის და მისი ვადა ამოიწურა? მართლა ბოლოვადურია სიცოცხლე? 3) რამდენად გამორიცხულია სიცოცხლის არსებობა სიკვდილის შემდეგ? 4) რას ნიშნავს „სიცოცხლე ხარობს შენითა“? 5) მართლა ემუქრება უნიკალობასა და განუმეორებლობას სამუდამო გაქრობა? ამ დასმულ კითხვებზე პასუხი შემდეგია:

·         გარდაუვალობა. ჯერ ერთი მხოლოდ სიკვდილი  არ არის გარდაუვალი, სიცოცხლე რომ გრძელდება, ესეც გარდაუვალია. გარდაუვალობა და აუცილებლობა სულაც არ არის არც საშიში და არც რაღაც საძაგელი, მაგრამ არც რაღაც კარგი და მშვენიერია, იგი საყოველთაო მოცემულობაა.  იგი ვერ ეტევა შეფასებით ტერმინებში. გარდაუვალობა მკაცრი მიზეზ–შედეგობრიობის გამოხატულებაა და ამდენად იგი უკიდურეს სიცხადეს შეიცავს. იგი არ ტოვებს ადგილს გაურკვევლობისა და უზუსტობისათვის. რატომ უნდა გეშინოდეს იმისი, რაც ცხადზე ცხადია და ზუსტზე უზუსტესია? პირიქით, იგი გაძლევს იმის გარანტიას, რომ მოსახდენი მოხდება, ხვალაც გათენდება და დაღამდება, ყველაფერი გამჭვირვალეა და გარკვეულია, ბუნდოვანების ნატამალიც კი არ არის. რახან ასეთ გარანტიას ღებულობ, რა უნდა იყოს საშიში?

·         ბოლოვადურობა. მართლაც ბოლოვადურია სიცოცხლე? მართლაც წერტილს უსვამს სიკვდილი სიცოცხლეს? პირიქით, ყოველი სიცოცხლე თავის კვდომით ახალ სიცოცხლეს უთმობს ადგილს და ამდენად სიცოცხლე უსასრულოდ არსებობდა და იარსებებს. თთოეული ჩვენთაგანი ამ უსასრულო სიცოცხლის განსხეულებაც ვართ და მისი მარადიულობის გამომხატველიც. ჩვენ გარდავიცვლებით ანუ არსებობის (სიცოცხლის) ფორმას ვიცვლით, თორემ საკუთრივ სიცოცხლე ხელუხლებელია და მარადიული. ჩვენი ცხოვრების ყოველი წამი მარადიულობის კიდევ ერთი გაელვებაა სხვა უსასრულო გაელვებათა შორის. თვითონ ჩვენი ორგანიზმის შიგნით ყოველ წამს ათასობით და მილიონობით უჯრედები კვდება და მილიონობით ახალი უჯრედები იბადება;  ჩვენი ორგანიზმი კი  ერთი მცირე უჯრედია ამ სამყაროში, ხოლო სამყარო თავად არის უსასრულოდ უზარმაზარი ორგანიზმი, რომელშიც ასევე ცალკეული ცოცხალი უჯრედოვანი ორგანიზმები უსასრულოდ კვდებიან და განახლდებიან და ასეა მარადიულად. ავიღოთ სიმინდის თესლი. როცა მას ნიადაგში დასთეს, თესლი ნელნელა კვდება, მის ადგილს იკავებს სიმინდის ფესვები და ღერო, საბოლოოდ კი ერთი თესლის კვდომის შედეგად სახეზეა რამდენიმე სიმინდის ტარო, რომელთაგან თითოეულში არის 30–40 სიმინდის თესლი. ერთი სიმინდის თესლის ნაცვლად მივიღეთ ათობით და ასობით სიმინდის თესლი, რომელთაგან შემდგომში ასეულობით და ათასობით სიმინდის თესლი მიიღება. ასეა, ყველა უჯრედებისა და ორგანიზმების შესახებ: ერთის კვდომა ათობით და ასობით ახალ სიცოცხლეს აჩენს. სიცოცხლე მუდმივი განვრცობის პროცესშია ამ უკიდეგანო სამყაროში. მაგრამ ჩვენ ბიოლოგიური სიცოცხლის გარდა გვაქვს მენტალური სიცოცხლეც. აქაც ანალოგიური მარადიულობისა და განვრცობის კანონი მუშაობს. ამიტომაც ორგანიზმიკულად და მენტალურად თითოეული ჩვენთაგანი წარმოვადგენთ მარადიულობის ნაწილს, ჩვენამდე მოვიდა სიცოცხლე, ჩაიბუდა ჩვენში და გრძელდება სხვებში უსასრულოდ. თითოეული ჩვენთაგანის მენტალობა იმ ათასნაირი ზეგავლენების შედეგია, რომელიც ოჯახში, ეზოში, სანათესავოში, ტელევიზორში, რადიოში, ქუჩაში, სკოლაში, სამსახურში და ასე შემდეგ უსასრულოდ მივიღეთ. მეორეს მხრივ ჩვენ თვითონ თითოეული ჩვენი ფრაზით თუ მოქმედებით ზეგავლენას ვახდენთ ვინმეზე მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და ამით უკვე ვიწვევთ მცირეოდენ ცვლილებებს მაინც ვინმეში, ის კი ჩვენის გამოისობით სხვაზე ახდენს ამ ტრანსფერს და ასე უსასრულოდ. არავინ იცის რა სიღრმეებშია ჩვენი აზრების, ჩვევებისა და ემოციების სათავე და რაოდენ გადასწვდება საუკუნეებს ის გამოცდილება, რაც ჩვენ ვიღაცას გავუზიარეთ ან გადავეცით. ასე და ამდაგვარად ჩვენი მენტალური ცხოვრება საერთო მენტალური ველის (როგორც კ.იუნგი იტყოდა „კოლექტიური არქეტიპების“ ან როგორც ზოგი ამბობს „უნივერსალური ინტელექტის“) თანაზიარია, რაც ასევე მარადიულია პლატონის იდეათა სამყაროს მსგავსად. ამდენად მენტალური სიცოცხლეც მარადიულია და არა ბოლოვადური, მას წერტილი არასოდეს არ დაესმის და იგი მუდმივი განვრცობის პროცესშია ჩართული.

·         სიცოცხლე ხარობს. რას ნიშნავს „სიცოცხლე ხარობს შენითა“? პასუხი მარტივია: სიცოცხლე მუდმივი განახლებაა და ამიტომაც იგი ხარობს. სიხარული სიცოცხლის იმანენტური თვისებაა. გასაგებია, რომ დარვინის მიხედვით ევოლუციის ძრავი არსებობისთვის ბრძოლაა და სახეობათა გადარჩევა იმის მიხედვით ხდება, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ საკუთრივ არსებობის ანუ სიცოცხლის ძრავი სიხარული და სიამოვნება და უსიამოვნების თავიდან აცილებაა.

·         სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ.  რამდენად გამორიცხულია სიცოცხლის არსებობა სიკვდილის შემდეგ? არსებობს აურაცხელი კვლევა, რაც ეხება კლინიკური სიკვდილის მდგომარეობებს და იმ ადამიანებს, რომლებიც გამოვიდნენ კლინიკური სიკვდილის მდგომარეობებიდან. ისინი ყველა ერთსა და იმავეს ჰყვებიან იმ ხილვების შესახებ, რაც მათ ჰქონდათ ახალი ცხოვრების დაწყების პერსპექტივის შესახებ იმ მდგომარეობაში, როცა მათ სიცოცხლის ნიშან–წყალი არ ემჩნეოდათ. არსებობს მდიდარი  რელიგიური გამოცდილება სხვადასხვა რელიგიებში და სხვადასხვა ხალხების ნარატივებში სიცოცხლის შემდგომი ცხოვრების შესახებ. დიდი ამერიკელი ფსიქოლოგის უილიამ ჯეიმსის გენიალურ წიგნში „რელიგიური ცხოვრების მრავალფეროვნება“ საინტერესო მასალაა მოტანილი ამ თემაზე. მაგრამ ისმის მეორე კითხვაც: არსებობდი თუ არა შენ დაბადებამდე? ამასთან დაკავშირებით ერთი ანეკდოტი მახსენდება: ორი კაცი ერთმანეთს ეჯიბრება თუ ვინ გაიხსენებს თავისი ცხოვრებიდან ისეთ ამბავს, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკსა და საცხოვრებო პერიოდში ჰქონდა. ერთი იხსენებს რაღაც ამბავს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 2 წლის ასაკში. ამაზე მეორემ უპასუხა: „ეგ რა არის, ერთხელ ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ჩემი მამა და დედა ქალაქგარეთ პიკნინზე გაემგზავრნენ, მე მაშინ მამის სხეულში ვბუდობდი, ხოლო როცა ისინი პიკნიკიდან ბრუნდებოდნენ უკვე დედის სხეულში ვცხოვრობდიო“. ძნელია დაადგინო თუ სად არის შენი არსებობის სათავე: მაშინ როცა დაიბადე, თუ მაშინ როცა ჩაისახე დედის ორგანიზმში, თუ მაშინ როცა დედა და მამა შეუღლდნენ, თუ მაშინ როცა პუბერტატის პერიოდში მამას სპერმატოზოიდები ჩაუდგა და დედა ფერტილობის პერიოდში შევიდა და ასე უსასრულოდ. რაღაც სახით შენ ყოველთვის იყავი და ყოველთვის იქნები. „ვარ“ ყველაზე მნიშვნელოვანი ზმნაა, „ყოფნა“ ყველაზე ფუნდამენტური და მარადიული მდგომარეობა, ეგზისტენცი ყველაზე ევიდენტური მოცემულობაა. 

·         სიკვდილი როგორც გამთანაბრებელი. მართალია მარადიული „ყოფნის“ წინაშე ყველა თანაბარი ვართ („..მისგან გასწორდეს ყოველი...“), მაგრამ თითოეული ჩვენთაგანის უნიკალობა და განუმეორებლობაც მარადიულია ამ სამყაროში, რომელიც თვითონ არის ერთიანში მრავალფეროვნების  სახით არსებული და  შოთას სიტყვებს ხელახლა რომ დავესესხოთ, „გვაქვს უთვალავი ფერითა“.

ამრიგად, ჩვენ ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით. ჩვენ მარადიული სიცოცხლის ცალკეულ გამოვლინებას წარმოვადგენთ. თუმცა ცხოვრება წარმავლობის სახით მიედინება, მაგრამ მისი არსი, რაც ჩვენს ეგზისტენცშიც ვლინდება, სწორედ ის არის, რომ იგი მარადიული მდინარეა და თავდავიწყებულ დინებაა.  მაგრამ მაინც რა არის საშიში სიკვდილში? რის გამო ეშინიათ მისი? არის ერთი გადამწყვეტი მომენტი, რის გამოც სიკვდილი ადამიანებში შიშს თესავს. ეს გახლავთ სიკვდილის გამოუცნობლობა, მისი საიდუმლო და შეუცნობადი ბუნება, მისი სისავსე გაურკვევლობითა და ბუნდოვანებით, მისი არა–წინასწარმეტყველებადობა. ადამიანის ბუნების განუყოფელი თვისებაა უცნობი  ნაცნობზე დაიყვანოს, გაურკვეველი გარკვეულობით ჩაანაცვლოს, საიდუმლოს სწვდეს და ფარდა აჰხადოს, არაწინასწარმეტყველებადი გადააქციოს პროგნოზირებად მოვლენად. ადამიანი გაურბის და ვერ იტანს გაურკვეველ, უცნობ, უსასრულოდ საიდუმლო, არაწინასწარმეტყველებად სიტუაციებს. გაურკვევლობა, გამოუცნობლობა და არაწინასწარმეტყველებადობა სტრესულ დაძაბულობასა და შიშს  იწვევს, დიდხანს გაურკვევლობაში ყოფნა მტანჯველი გრძნობაა.  ადამიანი ჯავრს ახვედრებს გაურკვევლობისა და გამოუცნობის წინაშე დგომის ასეთ მტანჯველ და დამთრგუნველ მდგომარეობას და გასძახის „რა ვქნა, რავქნა?“, რაზეც ფშავურმა ფოლკლორმა შესანიშნავი ლექსი დაგვიტოვა:

„ რა ვქნისა“ ციხე ავაგე,

ჯავრი შავაბი კარადა,

საიქიოდამ მოიდნენ,

იმ ციხის სანახავადა.

გარშემო შამაუარეს,

კარ ვერ შასტეხეს ძალადა,

მერე თქვეს დრო რო მოალის,

კარ   შაიღების თავადა“.

მართლაც  გენიალურია. რაც არ უნდა „დარაზოთ სიკვდილის ყველა კარი“ (ლადო ასათიანი“), სიკვდილის კარები მაინც თვითონ გაიღებიან  იმ დროს, როცა თავად ბატონი სიკვდილი ინებებს. ამ ფატასტური ლექსის შეტყობინება ისიცაა, რომ სიკვდილთან ბრძოლასა და მისგან საკუთარი თავის მყარად შემოფარგვლაში კი არ არის ხსნა და შვება, არამედ სიკვდილის მიმღებლობაში  არის ჯავრიანობისა და შიშიანობისგან განთავისუფლების გასაღები. სიკვდილის მიერ კარების ეს გაღება ერთგვარი „კვანტური ნახტომია“ ერთი ნაპირიდან – ჩვენი ცხოვრებიდან,  მეორე ნაპირზე – მარადიულ სიცოცხლეში. ამ ორი ნაპირიდან პირველი შენთვის ნაცნობია, რადგან იგი შენივე ცხოვრებაა და იგი ელვისებური სისწრაფით კიდევ ერთხელ გაიელვებს „კვანტური ნახტომის“ დროს შენს გონებაში. ხოლო მეორე ნაპირი ჯერჯერობით უცნობია სანამ აქ ხარ, მაგრამ ეს ის უცნობია, რომლისკენაც შენც მიილტვი და თან იმავდროულად გაგეხსნება მისი ჰორიზონტი, როგორც კი იმ ნაპირზე აღმოჩნდები. „შავი ხვრელი“ და სამუდამოდ გამოუცნობი კი ისევ ის „კვანტური ნახტომი“ რჩება, რამაც შეიძლება დაგაფრთხოს და დაგტანჯოს თავისი შფოთვისა და ძრწოლის ბრჭყალებით.   ამიტომაც საძიებელი სწორედ ისაა, თუ რა მოვუხერხოთ  იმ გამოუცნობლობასა და გაურკვევლობას, რაც სიკვდილის თანამდევია. აქ შვება და განთავისუფლება მხოლოდ მედიტაციაშია. ამაზე იგება სწორედ ის სავარჯიშო, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ.

ნაბიჯი პირველი

ხშირად დაუდასტურეთ თქვენს თავს ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ სიტუაციებში –  „მე ვარ“ ან უფრო მარტივად „ვარ“. ეს „აქ და ამჟამად“ ვარ უნდა გახდეს თქვენი ცხოვრების უნივერსალური ფორმულა. იმეორეთ „ მე ვარ“ აფირმაციის სახით, გახადეთ იგი მედიტაციური გაცნობიერებისა და კონცეტრაციის საგნად. როგორიც არ უნდა იყოს ის წამი, როცა „ვარ“–ს უდასტურებთ თქვენს თავს –  სასიამოვნო თუ უსიამოვნო, სასიხარულო თუ სატირალი, გაჭირვებული თუ საქმიანი და ა.შ. ამას მნიშვნელობა არა აქვს, მნიშვნელობა ეძლევა „ვარ“–ს. ეს არის ის ნაბიჯი, რომლის რეგულარული განმორებით არა მარტო სიმშვიდე შემოაბიჯებს  თქვენში, არამედ მარადიულობის სასიამოვნო ნიავმაც შეიძლება მოგესალმუნოთ.

მეორე ნაბიჯი

ყოველდღიურად სცადეთ რაღაც ისეთი გააკეთოთ, რითაც შეხება გექნებათ რაიმე თქვენთვის უცნობთან, საიდუმლოსთან, გაურკვეველთან, თქვენთვის არაწინასწარმეტყველებადთან. მაგალითად, დაიწყეთ რამდენიმე ფრაზის შესწავლა იმ ენაზე , რომელიც თქვენთვის აბსოლუტურად უცნობია; თუ არასოდეს მოგიქსოვიათ, დაიწყეთ ქსოვა; თუ არასოდეს არ მჯდარხართ ველოსიპედზე, სცადეთ ველოსიპედის მართვის სწავლა, იგივე ეხება ცურვას, მანქანის ტარებას, თხილამურებზე ან ციგურებზე სრიალს, კომპიუტერში ახალი პროგრამის სწავლას, ახალ საქმიანობაში ჩართვას, სრულიად ახალი კერძის დამზადებას, თვისობრივად ახალი მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის სწავლას და სხვა. გადაეჩვიეთ უცნობის დაცნობზე დაყვანას, სცადეთ შეძვრეთ უცნობი სფეროს საქმის კურსში ისე, რომ არ დაიწყოთ ძებნა მაინცადამაინც თქვენთვის ნაცნობი ჩვევის თუ ფორმულის..... აეწყვეთ ახალ, მაგრამ უცნობ რეალობას.

ამ ორი ნაბიჯით თქვენ ერთის მხრივ მარადიულობასთან შეხვედრისკენ მიილტვით, ხოლო მეორეს მხრივ სიკვდილთან როგორც გამოუცნობთან ღირსეულად  შესახვედრად ემზადებით.

ისევ დავუბრუნდები წარმატების მიღწევის თემას. მიღწევა შეგუების საპირისპირო პოლუსია. ნებისმიერი წარმატების მიღწევა უკვე გულისხმობს თავის თავში იმას, რომ თქვენთვის უცნობ სფეროში შეხვედით, სადაც ბევრი კითხვის ნიშნებია და დიდი შრომა გელით, გარკვეული რისკის გაწევა მოგიწევს, რათა სასურველს მიაღწიოთ.  „ვარ“–განცდაც მიღწევის საწინდარია. „ვარ“–განცდისა და ახალი, მანამდე უცნობი შესაძლებლობების ძიების კომბინაცია  მიღწევის საოცარ მოტივაციას ქმნის.

გახდით მიღწევით მოტივირებული, მუდმივად ეზიარეთ რაღაც უცნობს და ახალს, ჩაღრმავდით „მე ვარ“ მედიტაციურ მდგომარეობაში და დაძლევთ კიდეც სიკვდილის შიშს!

 

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий