12.07.2014

ვიპასანა–მედიტაცია და გასხივოსნება


წარმატების 365 დღე

85–ე დღე

მედიტაცია სულიერ წრთობასთან არის დაკავშირებული. მედიტაციის ათასზე მეტი მეთოდი არსებობს.  მათგან ერთერთი გამორჩეულია ვიპასანა–მედიტაცია, რაც გაუტამა ბუდამ შეიმუშავა. ბუდამ გასხივოსნებას ვიპასანა–მედიტაციით მიაღწია. ბუდა ლაპარაკობდა პალის ენაზე და ვიპასანა ამ ენაზე ნიშნავს „ხედვას“.  იმავდროულად ვიპასანა– მედიტაცია დაკვირვების, დადასტურების, მოწმედ ყოფნის პროცესს აღნიშნავს. ბუდამ მედიტაციის ისეთი ნაირსახეობა შეარჩია, რომლიდანაც მისი სხვა მრავალი განსხვავებული სახეობები გამომდინარეობს. მედიტაციის თითქმის ყველა ძირითადი სახეობა შეიცავს დაკვირვებისა და დამოწმების კომპონენტს, რის გამოც მედიტაცია გაცნობიერების უნივერსალური პროცესის სახით გვევლინება. ლათინურად სიტყვა Meditatio ნიშნავს ჭვრეტას. ჭვრეტა კი მოვლენის (შინაგანის თუ გარეგანის) უშუალო აღქმას, მიუკერძოებლ მოცემულობას და ინტუიტურ წვდომას გულისხმობს. იგი ჭეშმარიტების უშუალო წვდომას გულისხმობს, სადაც დისკურსიული აზროვნების ადგილი ინტუიციას აქვს დაკავებული.

ბუდა თავისებური მკვლევარი და ბუნებით მეცნიერი იყო. ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანი იყო მარტივიდან რთულისაკენ სვლის გზა. ვიპასანა–მედიტაცია ფუნდამენტური მედიტაციური ტექნიკაა. მისი გამოყენება სულიერი წრთობის მიზნებისთვის, ყოვლად–ცნობიერისა და ზეცნობიერის სფეროსადმი მისაწვდომობისათვის არის განკუთვნილი. მართალია იგი თავის დროზე ბუდამ შექმნა, მაგრამ მისი გამოყენება სრულიადაც არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ამით თითქოსდა ბუდისტი ხდები. ასეთი პრიმიტივიზმი  მედიტატიურობის მიმდევართ არ ახასიათებთ. ასეთი პრიმიტივიზმი ნებისმიერი სახის ფუნდამენტალისთვის გადამილოცია. ვიპასანა ნეიტრალურია ყოველგვარი რელიგიური მოძღვრებისადმი, იგი მეთოდია და ნებისმიერი სასიკეთო მიზნებისთვის შეიძლება მისი გამოყენება. იგი რელიგიის მიღმა დგას. იგი შეიძლება გამოიყენოს ნებისმიერმა: ქრისტიანმა თუ მაჰმადიანმა, ბუდისტმა თუ ჯაინისტმა, ინდუისტმა თუ ძენის მიმდევარმა, სინტოისტმა, ბაჰაიზმის ან ზოროასტრიზმის მიმდევარმა...  

ვიპასანაში ყველაფერი იწყება სხეულით, რადგან ყველაზე ადვილი სხეულზე და მის შიგნით მიმდინარე პროცესზე დაკვირვებაა. გაცნობიერების საგანი ხდება ხელები, ფეხები, ტანი, თავი, მთელი სხეული, ორგანიზმი. ეს გაცნობიერება არ შემოიფარგლება სტატიური, მჯდომარე ან იოგას რომელიმე პოზაში ყოფნით. გაცნობიერება ეხება სხეულის მოქმედებასაც, მოძრაობასაც მეტაბოლიზმის პროცესებს, სუნთქვას, ჭამას, სიარულს, ფიზიკურ შრომას და სხვა. ეს შეიძლება ნაბიჯ–ნაბიჯ აკეთო. ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისიცაა, რომ შენ მხოლოდ დამკვირვებელი ხარ, შენ სპეციალურად არ აჩქარებ ან არ შეანელებ , ვთქვათ, სუნთქვის, ჭამის, სიარულის, მოძრაობის რიტმს, სპეციალურად არ შეცვლი ერთ მოქმედებას და არ ჩაანაცვლებ მეორეთი. შენ უბრალოდ აცნობიერებ და უკვირდები იმას, რაც თავისთავად მიმდინარეობს, რაც თავისთავადი მოცემულობაა. ეს ძალზე მარტივია და ელემენტარულია, ხოლო ყველაფერი მეცნიერული მარტივიდან იწყება. ამან შეიძლება გარკვეული ხანი დაიკავოს, მაგრამ შედეგი საოცარია: შენ ბევრ რაიმეს ისწავლი შენი სხეულისაგან, გაიგებ მის ფარულ ენას, რადგანაც ყველა შეგრძნება, რითაც სწვდები  სხეულის მდგომარეობას, თავისებური სასიგნალო სისტემა და ენაა. სხეულის ასეთი გაცნობიერება ყურადღების შუქის მინათების ანალოგიურია იმისადმი, რაც აქამდე ბუნდოვანი და სრულიად უჩინარი იყო, უკონტროლო და გაურკვეველი ბუნებისად გესახებოდა. აქედან უკვე ერთი ნაბიჯია იქეთკენ, რომ სომატური პროცესების მართვაზე გაგიჩნდეს ხელმისაწვდომობა.  ამიტომაც ფსიქოსომატური დაავადებების ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში სხეულის გაცნობიერების ტექნიკებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ.

ამის შემდეგ შეიძლება გადახვიდეთ გონებაზე, აზრებზე, ფიქრებზე. შენ ყოვეგვარი შეფასებისა და მიკერძოების, განკითხვისა და კრიტიკის, ზემოქმედებისა და გარდაქმნის, შექებისა და დაწუნების გარეშე აცნობიერებ თუ რა აზრმა გაიელვა, რა ახალი ფიქრი შემოვიდა გონებაში, რა ასოციაციები გაგიჩნდა, წარმოდგენის რა ხატი გეწვია, რა გაგახსენდა, მომავლიდან რა ჩანაფიქრი ეწვია შენს გონებას, საით წაგიყვანა მოგონებებმა, შემზღუდავი თუ მასტიმულირებელი იყო ეს აზრები, ნეგატიური იყო თუ პოზიტიური მოგონებები.... მთავარია, რომ  შენ დაიკავო მიუკერძოებელი აღმქმელის, დამკვირვებლის, მკაფიოდ გამცნობიერებლის პოზიცია. შენ ამ დროს გადაიქცევი დამკვირვებლად, ცნობიერების შუქის მიმნათებლის როლში ხარ, უზრუნველჰყოფ შინაგან განათებას. სხვათა შორის ქართული სიტყვა განათლება ნათელიდან და განათებიდან მოდის. იგი აღმოსავლური გასხივოსნების მსგავსია. ვიპასანა სწორედ გასხივოსნების წრთობის სამედიტაციო სავარჯიშოა. შენს აზრებს უყურე როგორც თეთრ ღრუბლებს ცაში. შენ თითქოს არ უკეთებ ღრუბლებს შეფასებას, არ ახარისხებ მათ ავდრის მომასწავებლად და მზის გამონათების სიგნალად. ღრუბლები არც კარგია და არც ცუდი. ღრუბელი ღრუბელია, იგი მოცემულობაა, იგი მოძრაობს თავისი გზით, შენ არაფრით არ მონაწილეობ მის გაჩენასა და გაქრობაში, მის შეჩერებასა და მოძრაობაში. ასეთივე არ–მონაწილეობითი პოზიცია დაიკავე შენი აზრებისა და ფიქრების მიმართ, აზრები თვითონ ჩნდებიან, მიდიან თავისი გზით და თვითონვე ქრებიან. ისინი გაილვებენ ელვასავით ცის კაბადონზე, მაგრამ შენ მხოლოდ დამკვირვებელი ხარ, შენ მხოლოდ აცნობიერებ აზრებს, მაგრამ არ ერევი მათ ცხოვრებაში.  შენ ხარ სუფთა ცნობიერების პროცესი, დამკვირვებელი, მოწმე, დასტურის მიმცემი რომ ესა და ეს აზრი შემოვიდა და გაიელვა.  აზრებზე უპირობო დაკვირვება–გაცნობიერების დროსაც ხდება საოცრებები. რაც უფრო გაძლიერდება დამკვირებლის პოზიცია, მით უფრო აზრები იწყებენ კლებას, ტვინი გასუფთავდება ზედმეტი ფიქრებისაგან და საბოლოოდ ისადგურებს სიცარიელე, სრული შინაგანი მდუმარება და  ღრმა სიმშვიდე. მშვიდობა შემოაბიჯებს გონებაში. თუ დამკვირვებლის პოზიცია 50% პროცენტითაა წარმოდგენილი, მაშინ აზრებიც 50%–ით იკლებს; თუკი დაკვირვება–გაცნობიერების პროცესი 70%–მდე ავიდა, მაშინ მიმდინარე და აქეთ–იქეთ მორბენალი აზრების რაოდენობა 30% რჩება. თუკი 95%–ით გადაიქეცით სუფთა დამკვირვებლად, მაშინ ხანდახან თუ გაიელვებს  რაიმე აზრი, გონება სრულიად სუფთაა. როგორც ოშო ამბობს, ეს მოგვაგონებს სიტუაციას, როცა პიკის საათია, მაგრამ ქუჩაში არცერთი მანქანა არ მოძრაობს და სრული სიწყნარეა. ამ სიტუაციაში უკვე შენ შეგიძლია შემოიყვანო ერთი აზრი ან იდეა და იგი მაქსიმალურად ცხადი გახადო;  ასეთი ფოკუსირება ქმნის აღმოჩენებისა და ინტუიტიური მიგნებების კრეატიულ მომენტს. შენი ცნობიერება ხდება სუფთა სარკე. მას შეუძლია საგნები და მოვლენები ასახოს თავის აუტენტურ მოცემულობაში. შენ უკვე თავისუფალი ხარ განკითხვისა და მიკერძოებისაგან, შენ გაქვს მზაობა, რომ ჭეშმარიტებას ეზიარო; შენ მზად ხარ წმინდა ფორმები იხილო შინაარსების მინარევების გარეშე; შინაარსების მრავალფეროვნების მიღმა შესძლებ დაინახო ის ფორმა, რომელიც განსაზღვრავს საგნის ან მოვლენის არსს მისი შინაარსების მიუხედავად ( ვაშლი ჩამოვარდება  თუ მსხალი, ციური სხეული დაეცემა მიწაზე თუ ზემოთ აგდებული ბურთი ჩამოვარდება ქვემოთ, სულერთია, ამ შინაარსების მიღმა დაინახავ მიზიდულობის კანონს).

ამის შემდეგ შეგიძლია გადახვიდე ემოციებზე, გრძნობებზე, გუნებ–განწყობაზე. ადამიანებს მიაჩნიათ, რომ თითქოს ემოციები კონტროლს არ ექვემდებარებიან, ისინი თვითონ აღმოცენდებიან ჩვენი ნების გარეშე და დაგვეუფლებიან, გვმართავენ. ასევეა გრძნობები და გუნებ–განწყობაც. ისინი თვლიან თითქოს ნეგატიური ემოციები უნდა დავთრგუნოთ, რათა ჩვენს კოტროლს ქვეშ მოექცნენ. ასეთი შეხედულების გამო ადამიანები თრგუნავენ თავიანთ ემოციებს და დიდ ბორკილებს იჩენენ შინაგან სამყაროში. დათრგუნული ემოციები კი აფეთქებისკენ, ამოფრქვევისაკენ ან არასათანადო გზებით განმუხტვისაკენ ილტვიან; ან სიზმარში ამოჰყოფენ თავს, ან კიდევ ღამის კოშმარებში.  ემოციებისადმი მედიტაციური მიდგომა გულისხმობს, რომ ემოციები ვაქციოთ გაცნობიერებისა და მიუკერძოებელი დაკვირვების საგნად. რაც უფრო მიმღებლობ საკუთარ ემოციებს იმ მოცემულობაში, როგორადაც ისინი გვევლინებიან, რამდენადაც  უშფოთველად აკვირდები მას თითქოსდა გარე–დამკვირვებლის პოზიციიდან, რაც უფრო არ განიკითხავ და არ დაახარისხებ მას თეთრად და შავად, უვარგისად და სასარგებლოდ,  მით უფრო იბუდებს სიმშვიდე სულის სიღრმეში. პირველად ჩნდება განცდა, რომ შენ ხარ საკუთარი შინაგანი სახლის პატრონი და მფლობელი. აქამდე, როცა სევდა გეუფლებოდა, სევდას თავისკენ მიჰყავდი. როცა ბრაზი მოგერეოდა, ბრაზი იყო შენი ბატონი. როცა სიხარულისა და ბედნიერების წუთები გაირბენდნენ  და აღარ ბრუნდებოდნენ აქაც  შენ არაფერი მოგეკითხებოდა. სევდა თავისკენ გექაჩებოდა, ბრაზი კი თავისკენ, წყენა კიდევ ცალკე გწეწავდა, ხოლო განლეული სიხარული და ბედნიერება ცალკე გიტოვებდა დანაკლისის განცდას. ამას ისიც ემატებოდა, რომ ყველა ეს ემოციები გარემოსთან და ამა თუ იმ ადამიანებთან იყო დაკავშირებული. ეს გარემოც და ეს ადამიანებიც გწეწავდნენ იმის გამო, რომ შენ არ იყავი თვითკმარი და ბატონ–პატრონი საკუთარ საუფლოში. ახლა კი, როცა მედიტაციურად აცნობიერებ და უკვირდები შენს გრძნობებს, განცდებსა და განწყობილებას, გეუფლება სრული სიმშვიდის განცდა, შენ ხარ შენ და შენი გრძნობებისა და განწყობილებების მეუფე თვითონ ბრძანდები. აქამდე შენ მონა იყავი, ახლა თავისუფალი ხარ. აქამდე შენი მწყობრიდან გამოყვანა ადვილი იყო და ამდენად ფრიად მოწყვლადი იყავი, ახლა კი არაფერს და არავის არ შეუძლია შენ შეგაშფოთოს შენი ნების გარეშე, აგაფორიაქოს, გაწყენინოს. შენ თვითონ განაგებ შენი გულის ძახილს.

ბუდას ვიპასანა–მედიტაცია საკუთარი სხეულის, აზრებისა და გრძნობების ანუ სხეული–გონება–გულის სამების თვითდაკვირვების გზაა  გასხივოსნებისა და აბსოლუტის წვდომისაკენ. ბუდა აღმოსავლური სამყაროს თავისებური სიმბოლოა. აღმოსავლური სამყარო კი ინტროვერტულია, მისი ხედვის ვექტორი შინაგანი სამყაროსაკენ არის მიმართული. დასავლური სამყარო ექსტრავერტულია, მისი ხედვის ვექტორი გარესამყაროსაკენ არის მიმართული. ამიტომაც მოდით ვიპასანა–მედიტაციას დავამატოთ ექსტრავერტული განზომილება. ამისათვის გავაგრძელოთ გაცნობიერება–დაკვირვების ან ყურადღების მიმართვის ზემოთაღნიშნული ტექნიკა, ოღონდ იგი მივუყენოთ გარე სამყაროს. როგორც ვთქვით, ვიპასანას არსი არის სუფთა გაცნობიერებაში ანუ მიუკერძოებელ ჭვრეტასა და დაკვირვებაში. გარე სამყაროს შესახებ ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ ვიზუალურად (მხედველობითი აღქმით), აუდიალურად (სმენითი აღქმით), კინესთეზიურად (შეხებით, კანის მგრძნობელობით, ტემპერატურის შეგრძნებით, ყნოსვით, გემოს რეცეპტორებით). დავიწყოთ ვიზუალური აღქმით. შევეცადოთ მაქსიმალურად ავკრიფოთ მხედველობითი  შეგრძნების მეოხებით ინფორმაცია, თუ  რას ვხედავთ ჩვენს ირგვლივ, რა ფორმისა და ფერისაა საგნები, რამდენად მკაფიოდ ჩანან, რამდენად ახლოს არიან ან როგორია მათი სიდიდე; რა ჩანს ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად და სხვა. შემდეგ გადავიდეთ იმაზე, თუ რა ისმის გარემოში, საიდან მოდის ხმა, მელოდიაა თუ ხმაური, როგორია ტონალობა, ადამიანთა ხმის ტემბრი, ლაპარაკის ტემპი და სხვა. ამის შემდეგ შეიძლება გავამახვილოთ ყურადღება თუ რას ვეხებით, როგორია ამ საგნების ზედაპირი შეხებისას, რას ვგრძნობთ კანზე ან ხელისგულზე, რითაც ვეხებით, როგორია ტემპერატურა, რა სუნი გვცემს, რა გემოსია ესა თუ ის კერძი ან სითხე და სხვა. ასეთი მედიტაციური და მჭვრეტელობითი დაკვირვების უნარი საკმაოდ დიდი სიდიდრეა და ადამიანის მარგი ქმედების კოეფიციენტს ზრდის ნებისმიერ სფეროში. უნარი დაეყრდნო საკუთარ მდიდარ შეგრძნებებსა და ხედვებს, იყო ობიექტური შენს ინფორმაციის საკუთარი ძალებით აკრეფის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი უნარია. ვიპასანა–მედიტაცია  ამ უნარს ავითარებს  და ამიტომაც იგი სულიერი წრთობის მძლავრი ინსტრუმენტია.

სადეღეისოდ ვიპასანას ტექნიკამ სხვადასხვა მოდიფიკაციები განიცადა. დასავლეთის სამყაროში ახლა იგი ე.წ. Mindfulness- ის ტექნიკებში ტრანსფორმირდა, რასაც ფართო გავრცელება აქვს კოგნიტურ–ბიჰევიორალურ, გეშტალტთერაპიულ  და სხვა სიქოთერაპიული მიდგომებ. იგი გამოიყენება პიროვნული ზრდის პრაქტიკაში, კრეატიულობისა და ბიზნეს–ტრენინგებში....

 იყავით მედიტატიური და გაზარდეთ თქვენი პიროვნული პოტენციალები!

Комментариев нет :

Отправить комментарий