12.08.2014

ინტეგრალური მედიტაცია

წარმატების 365 დღე
86–ე დღე
ინტეგრალური მედიტაცია ჩემს მიერ შემუშავებული მედიტაციური ტექნიკაა. იგი გულისხმობს პიროვნების იმ ძალებისა და საწყისების მობილიზაციასა და გააქტიურებას, რაც  იდენტობასა და ჩვენი ეგზისტენცის (სამყაროში ყოფნის) ძირებში იღებს სათავეს.  ჩემს იდენტობას ქმნის ის (1) ინდივიდუალური და განუმეორებელი გამოცდილება, რაც შეძენილი მაქვს ცხოვრების განმავლობაში, (2) ფსიქოგენეტური თავისებურებები, რაც გადმომეცა წინაპრებიდან დედისა და მამის შტოდან, (3) ენერგეტიკა და მუხტი, ღირებულებები  და ხედვები, რაც ჩემმა დედ–მამამ (ჩემმა წარმომშობებმა და აღმზრდელებმა) ჩადეს ჩემს წარმოშობასა და აღზრდაში, განახორციელეს რა  უნივერსუმის ნება, რათა მე მოვვლენოდი ამ ქვეყანას,  მიმეღო ზრუნვა და აღზრდა.  ინტეგრალური მედიტაციის ჩემეული სისტემა ამგვარად გაგებული იდენტობის აღმნიშვნელი სიმბოლური სიტყვის ანუ მანტრის შემუშავებაზეა გამიზნული, ხოლო ამ მანტრის შინაგანი წარმოთქმა ქმნის მედიტაციურ ქსოვილს. ამასთან ერთად, შინაგანი წარმოთქმის თუ განმეორების ეს პროცესი არის თავისუფალი, ძალდაუტანებელი, შინაგანი ჭიდილისა და ყურადღების განსაკუთრებული  კონცენტრაციის გარეშე; უფრო სწორად, იგი ტარდება ცნობიერების, ასე ვთქვათ,  არაკონცენტრირებული კონცენტრაციის რეჟიმის პირობებში.  თუ როგორ შემუშავდა ეს მეთოდი, ამისათვის მინდა მივმართო პირადი ისტორიისა და ზოგადად  საკითხის ექსკურსს, რის შემდეგაც საკუთრივ ინტეგრალური მედიტაციის აღწერას შემოგთავაზებთ.
საკითხის ისტორია.
 მე–20 საუკუნის 90–იანი წლების დასაწყისში ჩემი ორგანიზებით ტრანსცენდენტალური მედიტაციის წარმომადგენლები ესტუმრნენ საქართველოს. ამ დროისათვის მათი ლიდერი მაჰარიში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და განაგებდა ტრანსცენდენტალური მედიტაციის მოძრაობას. ინდოელი მაჰარიში ჯერ კიდევ 60–ან წლებში იყო დაახლოებული ბიტლზებთან და გავლენა ჰქონდა მათზე, მან ამერიკაში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გაშალა ფართო მოძრაობა, ჰყავდა მიმდევრები, დაარსა ევროპასა და ამერიკაში მაჰარიშის უნივერსიტეტები, ჩაატარა ბევრი სამცნიერო კვლევა ტრანსცენდენტალური მედიტაციის სარგებლიანობის შესახებ. ტრანსცენდენტალური მედიტაციის როგორც სულიერი წრთობის მეთოდის ძირები ინდურ ვედებშია, რაც ინდური ფილოსოფიის წყაროს წარმოადგენს. მაჰარიშიმ დასავლეთი აზიარა მას. მეცნიერული კვლევების მეოხებით დადგინდა ტრანსცენდენტალური მედიტაციის დადებითი ეფექტები ჯანმრთელობის სფეროსა და პიროვნების პოტენციალების გაშლის მიმართულებით. ჩამოვთვალოთ ზოგიერთი მათგანი. ჯანმრთელობის სფეროში: არტერიული წნევის რეგულაცია, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემცირება, იმუნური სისტემის გაძლიერება, უძილობის მოხსნა, სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა და სხვა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით: სიმშვიდის მოპოვება, სტრესისა და დისტრესის  უარყოფითი ზემოქმედების შემცირება, ინტელექტის დონის ზრდა, ემოციური სტაბილობის განმტკიცება, კრეატიულობის ზრდა, რეაქციის დროის სისწრაფის ზრდა, მავნე ჩვევებიდან გადაჩვევა, მიზანდასახულობისა და საკუთარ ძალებში რწმენის გაძლიერება და სხვა.
ტრანსცენდენტალური მედიტაცია მანტრა მედიტაციის ნაირსახეობაა. მანტრა ნიშნავს ხელოვნურ სიტყვას, იგი არ არის რაიმე კონკრეტული საგნის ან მოვლენის აღმნიშვნელი. ამ ხელოვნურ სიტყვას ანუ მანტრას ერთგვარად პაროლის ფუნქცია აქვს, ხოლო მისი რეგულარული და ხშირი შინაგანი განმეორება მისაწვდომს ხდის სულისა და სხეულის იმ რესურსებს, რომელთა ამოქმედება და მობილიზაცია სასიკეთოდ ზემოქმედებს ორგანიზმსა და პიროვნებაზე. სწორედ იმის გამო, რომ მანტრა კონკრეტული და ნაცნობი შინაარსებიდან დაცლილია და არა აქვს აღმნიშვნელობითი ფუნქცია, ადამიანი მანტრის განმეორებისას არ მიებმება რომელიმე ერთ შინაარსს (თუნდაც ძალიან მნიშვნელოვანს) და ამდენად არ განაპირობებს რაიმე ერთი სახის რესურსის ამოქმედებას, არამედ იგი აპირობებს რესურსთა ერთობლიობის თავისუფალ  აქტუალიზაციას. ამავე დროს მანტრის განმეორება ტრანსცენტალური მედიტაციის დროს არ გულისხმობს ერთ სიტყვაზე ანუ მანტრაზე იმდაგვარ მიჯაჭვასა და ფოკუსირებას, რაც თვითიძულებისა და კონცენტრაციის მდგომარეობას შექმნიდა. პირიქი, მანტრის განმეორება თავისუფალი და არა–ძალდატანებითია, იგი არ გულისხმობს სხვა აზრების გაყრას ტვინიდან, სხვა აზრების აკრძალვასა და დათრგუნვას. პირიქით, მედიტაციის დროს თუკი მანტრის განმეორების ნაცვლად სხვა აზრები შემოდის, მიჰყვები ამ სხვა აზრებს და როცა ისინი დაიცლებიან, მერე ხელახლა უბრუნდები მანტრის განმეორებას.         ამით ხდება იმ ძალებისა ან ნეგატიური განცდების განმუხტვა, რაც გონებაში ამ უმისამართოდ და სპონტანურად  შემოჭრილი აზრების უკან დგას. ამდენად მანტრის არა–ძალდატანებითი და სპონტანური შინაგანი წარმოთქმა და განმეორება და ამასთან ერთად სხვა უნებურად შემოჭრილი აზრებისადმი არ–გაძალიანება და მათი დამკვირვებლის თვალით ჭვრეტა ტრანსცენდენტალური მედიტაციის ნიშან–თვისებაა. ეს არ არის ნებისყოფის კონცენტრაციის პროცესი მანტრაზე, უფრო სწორად კი, ეს არის ერთგვარი პარადოქსალური მდგომარეობა, როცა კონცენტრაცია მიმდინარეობს კონცენტრაციის გარეშე.
ამგვარად, ტრანსცენდენტალური მედიტაციის ერთი ნიშან–თვისებაა მანტრის არა–ძალდატანებითი, თავისუფალი განმეორება ნების  კონცენტრაციის გარეშე. მეორე ნიშან–თვისება ისაა, რომ მანტრას ადამიანს აძლევს მასწავლებელი – ტრანსცენდენტალური მედიტაციის სპეციალისტი, რომელმაც ამის უფლებამოსილება მიიღო თავისი მასწავლებლისგან. ეს არის ერთგვარი ინიციაციის პროცესი.  ამ ინიციაციის პროცესში ადამიანი, რომელიც ტრანსცენდენტალურ მედიტაციას ეზიარება, არის მიმღები ანუ რეციპიენტი, ხოლო ვინც მატრას გასცემს და ინიციაციიის პროცესი მიჰყავს არის მასწავლებელი, რომელსაც თავის მხრივ ჰყავს მასწავლებელი, ვინც ამას აზიარა, ამ უკანასკნელს კი ისევ  ჰყავს მასწავლებელი და ა.შ.  ასე, რომ ეს გახლავთ ერთგვარად ინიციაციის პროცესების მიმდევრობა. ინიციაციის პროცესისადმი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ჩემთვის ნაკლებად მისაღებია ის მომენტი, რომ რეციპიენტი ანუ მატრის მიმღები პასიურია, მან არ იცის რატომ მაინცადამაინც ის მანტრა მიიღო, რაც მას მისცს; რეციპიენტი მხოლოდ ძალიან მწირ ინფორმაციას აძლევს თავის შესახებ მასწავლებელს, მაგალითად, თავის დაბადების თარიღს, თვეს, წელსა და რიცხვს. მასწავლებელი რეციპიენტისთვის სრულიად უცნობი წესების საფუძველზე აძლევს მას მანტრას ვედების პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ასევე საიდუმლო და მიუწვდომელი ცოდნაა რეციპიენტისათვის. გამორიცხულია რეციპიენტის თანამონაწილეობის პროცესი მანტრის შემუშავების დროს.
ინტეგრალური მედიტაციის ტექნიკის აღწერა
მე თავიდავე კრიტიკულად განვეწყვე ტრანსცენდენტალური მედიტაციის მიდგომისადმი იმ საკითხში, რაც ეხება მანტრის შემუშავებას. მე ვთვლი, რომ  ადამიანი არ არის განსაზღვრული მხოლოდ გარედან, არამედ ის თვითონაც მონაწილეობს თავისი ცხოვრების მართვისა და განკარგვის პროცესში.  ამდენად, როცა საქმე ეხება მანტრასა და მედიტაციას როგორც სულიერი ჩაღრმავებისა და წრთობის პროცესს, ადამიანმა  თვითონ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკუთარი მანტრის შემუშავებაში და ჩაერთოს თვითგანსაზღვრის, თვითდადგენისა და თვითსრულყოფის პროცესში.  ისიც მიუღებელია ჩემთვის, რომ ადამიანმა არ იცოდეს იმ ინსტრუმენტის შედგენის თუ შემუშავების პრინციპი, რამაც მისი სულიერი ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს. ჩემი აზრით, ტრანსცენდენტალური მედიტაციის იმ ნაწილში, რაც მანტრას და მის გადაცემას ეხება, სრულად და ბოლომდე არ არის გათვალისწინებული ადამიანის  ის ფუნდამენტური უფლება, რომ იცოდეს იმ ინტერვენციის საიდუმლო, რისი ობიექტიც თვითონაა. ამ ნაკლის მიუხედავად ჩემთვის უდავოა ის სასიკეთო მონაცემები, რაც მეცნიერულად იქნა მოპოვებული ტრანსცენდენტალური მედიტაციის სარგებლიანობის შესახებ. მაგრამ ამასთან ერთად ვთვლი, რომ ნებისმიერი სხვა მეთოდით შემუშავებული მანტრის რეგულარული შინაგანი განმეორების შედეგად შეიძლება იგივე შედეგებს მიაღწიოს ადამიანმა, რასაც აღწევს ტრანსცენდენტალური მედიტაციის დროს, თუკი იგი დაიცავს არა–თვითდაძალებისა და სპონტანური შინაგანი განმეორების პრინცპს, რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი. უბრალოდ, ამ  ადამიანს  შემუშავებული  მანტრის მიმართ უნდა ჰქონდეს დადებითი დამოკიდებულება. როცა ადამიანი თავად მონაწილეობს თავისი მანტრის შემუშავების პროცესში, ამით იგი ექცევა არა გარე განპირობების ჩარჩოებში, არამედ აკეთებს თავისუფალ არჩევანს და განსაზღვრავს თუ რა სასიკეთო ცვლილებები გამოიწვიოს საკუთარ ცხოვრებაში. მანტრა უნდა აიგოს არა მხოლოდ ასტროლოგიური მონაცემებისა და ვედებში გაჟღერებული ხედვების საფუძველზე, არამედ იმ ფუნდამენტური მოცემულობის საფუძველზე, რაც განაგებს მოცემული ადამიანის დგილს ამ უკიდეგანო სამყაროში. ასეთი ფუნდამენტური მოცემულობა არის ჩემი იდენტობა ანუ პასუხი იმ კითხვებზე როგორიცაა –– „ვინ ვარ მე?“, „ვის განვეკუთვნები, ადამიანთა რა კატეგორიას, რა ჯგუფს“ ანუ „ვისი გორისა ვარ“, „ რა ღირებულებების მატარებელი ვარ და რა ცხოვრებისეულ როლთან ვაიგივებ საკუთარ თავს? რა არის ყველაფერზე უფრო უმნიშვნელოვანესი ჩემთვის?“.  იდენტობა, „მეობა“  ჩვენი ცხოვრების ღერძია.  ჩვენი ყველა კონკრეტული ქცევა  არის ჩვენივე იდენტობის ემანაცია და გარეგამოვლენა პრინციპით: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების“. ფსიქოლოგიაში ცნობილია იდენტობის გადამწყვეტი როლი პიროვნების დინამიკურ სტრუქტურასა და მის საქმიანობაში. გრეგორი ბეიტსონისა და რობერტ დილტსის მიხედვით ჩვენი ცხოვრება მოდელირებულია ლოგიკური დონეების შესაბამისად და ლოგიკურ დონეთაგან იდენტობაში როგორც პრიზმაში გარდატყდება როგორც ჩვენი გარემო, სოციუმი, საკაცობრიო და კოსმიური პროცესები, ასევე ჩვენი ქცევის მოტივები, ჩვევები, შესაძლებლობები და ღირებულებები. იდენტობა გარეგანისა და შინაგანის გასაყარზეა, უფრო სწორად კი, გარეგანი და შინაგანი მასში როგორც პრიზმაში ერთიანად გარდატყდება. იდენტობის მომენტს დიდ  მნიშვნელობას ანიჭებდნენ მედიტაციური სწავლებების ისეთი კორიფეები, როგორიც იყვნენ გიორგი გურჯიევი, მაჰარში და ოშო რაჯნიში. გ.გურჯიევის ცნობილი მედიტაციური სავარჯიშო იყო „თვითმოგონების“ სავარჯიშო, რაც რეგულარულ თვითშეხსენებას და ყურადღების ფოკუსირებას გულისხმობდა თუ „ვინ ვარ მე“.  მაჰარშის მედიტაციური სავარჯიშოს არსი იყო რეგულარული განმეორება კითხვისა „ვინ ვარ მე?“. ეს დაახლოებით იმის ანალოგიურია, როგორც მორწმუნე ქრისტიანი  რეგულარულად  იმეორებს თავის შიგნით ლოცვას „უფალო შემიწყალე“. რაც შეეხება ოშო რაჯნიშს, იგი ლაპარაკობს იდენტობაზე, როგორც ჩვენი არსების ცენტრზე, ხოლო ეს ცენტრი ხასიათდება სუფთა ცნობიერებით ანუ იმით, რომ ცნობიერდება საკუთრივ ცნობიერება, რაც მეტაფორულად შეიძლება გადმოიცეს სარკით, რომელშიც ისევ სარკეა ასახული. თუ ჩემი ცნობიერების საგანია სხვადასხვა საგნები და მოვლენები და ამ გაგებით ცნობიერება საგანთ ადა მოვლენათა ერთგვარი სარკეა, პარალელურედ შეიძლება ცნობიერების შუქი მიანათო თვითონ ამ გაცნობიერების პროცესს და გამოგივათ ცნობიერების გაცნობიერება ანუ სარკე ასახული სარკეში. ცხოვრება არის ციკლონი, ხოლო მისი ცენტრი არის სუფთა ცნობიერება ანუ სარკე სარკეში, რაც არის უშუალოდ სინათლე და განათება. მასში აისახება ციკლონიც მთელი თავისი ქარიშხლებითა და ქარბორბალებით და ამ ციკლონის ამსახველი სარკეც. აი, სწორედ ამ პუნქტში ხდება შეხვედრა ყოვლადცნობიერებასთან ან, თუ გნებავთ, ზეცნობიერთან, რაც ღვთიურ საწყისთან შეხვედრაა. და სწორედ აქ არის ჩვენი იდენტობის ძირი – ასე ფიქრობს ოშო.
ასე და ამდაგვარად იდენტობა პიროვნების ღერძია. ჩემის აზრით, თუკი რაიმე კოსმიურ და ღვთიურ საწყისებზე არ ვისაუბრებთ, თითოეული ჩვენთაგანის იდენტობის ძირები სამი ძირითადი წყაროდან იკვებება: 1) მთელი ინდივიდუალური გამოცდილება და ყველა შეძენილი თვისება თუ უნარ–ჩვევა, სოციალური როლები თუ განწყობები; 2) ფსიქოგენეტური ენერგეტიკულ–ინფორმაციული სისტემა, რაც არა მხოლოდ ბიოლოგიურ გენეტიკურ პროგრამას გულისხმობს, არამედ განპირობებულობას მამისა და დედის უშუალო და შორეული წინაპრების ცხოვრების წესიდან, ტრადიციებიდან და სტერეოტიპებიდან, ბედისწერისა და კარმიული ხაზიდან,  ნარრატივებიდან და ფსიქოისტორიიდან; 3) ის მუხტი და ღირებულებები, რაც მომდინარეობს დედიდან და მამიდან, რომელთაც აღასრულეს სამყაროს ნება, რომ წარმოვშობილიყავით და გაგვევლო სოციალიზაცია; ხოლო თუ უცნობია პიროვნების ბიოლოგიური მშობლები,  მაშინ ამ პიროვნების აღმზრდელებიდან  და არა–ბიოლოგიური მშობლებიდან მომდინარე მუხტი, ენერგეტიკა და ღირებულებები ასრულებენ იდენტობის ერთერთი ძირის ფუნქციას.  იდენტობის ძირების ამ გაგებიდან გამომდინარე სამედიტაციო მანტრა ისე უნდა აიგოს, რომ მასში კოდის სახით იყოს  ჩადებული (1) ინდივიდუალობის, (2) მამის მხრიდან გვაროვნული, ( 3) დედის მხრიდან გვაროვნული, (3) დედის ფიგურის  და (4) მამის ფიგურის აღმნიშვნელი ასო–ბგერები. შედეგად მივიღებთ ხელოვნურ სიტყვა–მანტრას, რაც იმ ენერგო–ინფორმაციული კოდის შემცველია, რაც ჩემი ინდივიდუალობიდან, წინაპრებიდან , დედიდან და მამიდან მომდინარეობს.  გადარჩენისა და განვითარების ყველა ჯანსაღი რესურსი  ასეთ მანტრაში სიმბოლურად ერთად არის  თავმოყრილი: ის, რაც კი ჩემი ინდივიდუალური ცხოვრებისა და განვითარების განმავლობაში შემიძენია, რაც კი წინაპრებიდან მოსულა ჩემამდე და რაც კი მშობლებმა „ჩამბერეს“ ჩემი ჩასახვისა და დაბადებისას, რაც კი მათგან და მათი გავლით მთელი გარემოდან  მიმიღია  ზრდა–განვითარებისა სოციალიზაციის პროცესში. ეს არის წარსულიდან აწმყოში მომდინარე რესურსთა ნაკადი, რომელიც მომავალს ედება საფუძვლად. ეს ისეა, როგორც დიდმა ილიამ გადმოაქართულა დიდი გოტფრიდ ვილჰელმ ლეიბნიცის სიტყვები „აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“.  ამგვარი გაგებით აგებული მანტრის რეგულარული განმეორება მობილიზაციას უყოფს იმ შინაგან ძალებსა და ენერგო–ინფორმაციულ სისტემას, რაც არა მხოლოდ ჩვენი  გადარჩენის, არამედ მიღწევებისა და წინსვლის  რესურსებს მოიცავს. ამგვარად გაგებული მედიტაციური პროცესი გულისხმობს ინდივიდუალობის, ფსიქოგენეტური ძალების, ძირითადი წარმომშობი და აღმზრდელი პერსონიფიკაციების ინტეგრირებულად მობილიზაციას, რომლის მეოხებითაც წარსული, აწმყო და მომავალიც ინტეგრირებულად წარმოგვიდგება. ამიტომაც ვუწოდე ამ მედიტაციურ მიდგომას ინტეგრალური მედიტაცია.
ინტეგრალური მედიტაციის მანტრის შემუშავება
მაინც როგორ ხდება ინტეგრალური მედიტაციის მანტრის შემუშავება, რომელშიც იდენტობის ძირები ინტეგრირებულად არის მოცემული?  როგორ ხდება იმ ასო–ბგერათა შერჩევა და ურთიერთშერწყმა, რომ შედგეს ინტეგრირებული იდენტობის სიმბოლურად გამომხატველი ხელოვნური სიტყვა?  ყველაფერი უკავშირდება სახელდების პროცესს. სახელდების ფუნქციის შესახებ  და მის მნიშვნელობაზე სხვადასხვა დროს წერდნენ დიდი გერმანელი ლინგვისტი ჰუმბოლტი, ქართული ფსიქოლოგიური სკოლის მამამთავარი დ. უზნაძე, ცნობილი რუსი ფილოსოფოსი ა. ლოსევი და სხვები. ფაქტია, რომ ყველა რელიგია აქცევს დიდ ყურადღებას სახელს და მის დარქმევას, ხოლო ქრისტიანობაში სახელი ნათლობას უკავშირდება. ასეა თუ ისე,  „პირველითგან იყო სიტყვა, სიტყვა იგი იყო ღვთისა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი“. ეფუძვნებოდა რა ძველბერძნულ სიტყვას „ენერგეია“, ჰუმბოლტი თვლიდა, რომ ნებისმიერი სიტყვა გადმოსცემს არა მხოლოდ იმ მნიშვნელობას, რასაც ესა თუ ის სიტყვა ანიჭებს ამა თუ იმ საგანს, არამედ ენერგიასაც. იმავდროულად ყოველი სიტყვა სახელია, იგი სახელდებაზეა დაფუძვნებული როგორც აღმნიშვნელი, რომელიც მიმართულია აღსანიშნზე. შესაბამისად ჩემი ინდივიდუალობა სახელდებულია ჩემი სახელით. ჩემი ფსიქოგენეტური პროგრამა, რომელიც მამიდან მოდის სახელდებულია იმ გვარით, რაც მამის შტოს გვარია; ხოლო დედის შტოს ფსიქოგენეტიკას დედის გვარი შეიძლება გამოხატავდეს. მამის ინდივიდულობას გამოხატავს მისი სახელი, ხოლო დედისას მისი სახელი. აქედან გამომდინარე ჩვენ გვაქვს რამდენიმე სიტყვა როგორც სახელი, რაც გამოხატავს  ჩემს ინდივიდუალობას, მშობელთა მხრიდან ფსიქოგენეტურ საწყისებს, დედისა და მამისაგან მომდინარე მუხტს. მარტივად რომ ვთქვათ, ხუთი სიტყვა უნდა ავიღოთ: (1) საკუთარი სახელი როგორც საკუთარი ინდივიდუალობის ენერგო–ინფორმაციული მახასიათებლების გამომხატველი სიტყვა, (2) მამის გვარი როგორც მამის გენეტიკური ხაზიდან მომდინარე ენერგო–ინფორმაციული  მახასიათებლების სიმბოლო და (3)შესაბამისად იგივე დედის გვარის შესახებ, (4) მამის სახელი როგორც მამიდან მომდინარე სიცოცხლის დამამკვიდრებელი და ღირებულებითი მუხტი და (5) იგივე დედის სახელის შესახებ. რახან ყველა ენაში თანხმოვანთა რაოდენობა ბევრად აღემატება ხმოვნებისას, თითოეული აღნიშნული სახელიდან  და გვარიდან ვიღებთ თითო თანხმოვანს, მათ შორის ვსვამთ რომელიმე ერთ ხმოვანს და გამოგვივა პირობითი სიტყვა, რომელიც იქნება იდენტობის გამომხატველი ყველა ერთეულის სიმბოლური კომბინაცია. აქ ერთი დეტალიცაა გასათვალისწინებელი: შედგენილი სიმბოლური სიტყვის თანხმოვანთა შერჩევისას უპირატესად ვიღებთ იმ თანხმოვნებს, რომლებიც მეორდებიან მოცემულ სახელებსა და გვარებში. ამით თანხმოვნები ერთმანეთს შეკვეცავენ და გამოგვივა ლაკონური სიტყვა–მანტრა, რომლის შინაგანი წარმოთქმა მარტივია, მოხერხებული და შესაძლოა სასიამოვნო ჟღერადობისაც კი.
ინტეგრალური მედიტირების პროცესი
მას შემდეგ რაც მანტრა შემუშავდა, იგი ხდება თქვენი საიდუმლო კოდი და იწყებთ მასზე მედიტირებას. მედიტაცია კეთდება მჯდომარე მდგომარეობაში, სხეული ვერტიკალურად, ხეხემალი სწორად, სახის, კისრის, მკერდის, მუცლისა და კიდურების კუნთები მოშვებული და მოდუნებული, სუნთქვა მშვიდი და რელაქსირებულ მდგომარეობაში შესვლა. ამ მდგომარეობაში იწყებთ თქვენი მანტრის შინაგან წარმოთქმას, განმეორებას. მედიტირების ხანგრძლივობა მინიმუმ 10  და მაქსიმუმ 20 წუთი. სასურველია მედიტაცია ჩაატაროთ დილით უზმოზე და საღამო ხანს. მანტრის შინაგანი განმეორების პროცესი არ უნდა იყოს ნაძალადევი, კონცენტრირებული და დაძაბული, არამედ უნდა მიმდინარეობდეს სპონტანურად, სხვა შემოჭრილი აზრების ან შეგრძნებების დაკვირვებისა და მათდამი არ–გაძალიანების  რეჟიმში. ასეთი რეგულარული შინაგანი წარმოთქმის შედეგად აქტუალიზირდება ის ენერგო–ინფორმაციული რესურსები, რაც თქვენი იდენტობისათვის, თქვენი სხეულისა და სულისათვის  არის ნიშანდობლივი. ამის შედეგი შეიძლება იყოს ის სასიკეთო პროცესები, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ახალგაზრდული ფორმის შენარჩუნებასთან, ფსიქოლოგიურ კეთილდღეობასთან, სულიერი ძალების გაძლიერებასთან, ფსიქო–ემოციურ რეგულაციასთან. მაგრამ ეს შედეგები მოდის რეგულარული მედიტაციის შემთხვევაში, რასაც გარკვეული დრო სჭირდება.
მე შეძლებისდაგვარად მოკლედ დავალაგე ინტეგრალური მედიტაციის არსი. მას კიდევ აქვს გაგრძელება, მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა. ამ ბოლო 23 წლის განმავლობაში ასობით ადამიანთან ჩავატარე ეს მედიტაციური სავარჯიშო, როცა ჩემთან მოდიოდნენ  ფსიქოლოგიურ კონსულტაციასა და ფსიქოთერაპიაზე. როგორც წესი, ვინც მედიტაციას მიჰყვებოდა, მას ჰქონდა ის დადებითი შედეგები, რაზეც ამ სტატიაში ვისაუბრე. ამ ბოლო დროს მას ხშირად ვიყენებ სურვილთა თვითასრულების ტრენინგებში. თუ თქვენც დაინტერესდით, სიამოვნებით მზად ვარ გემსახუროთ, რათა ეზიაროთ მედიტაციურ კეთილდღეობას.

                                              

Комментариев нет :

Отправить комментарий