4.22.2015

გახდი საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი: თვითდახმარება ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის მეოხებით

წარმატების 365 დღე
95–ე დღე
ჩემი დაბადების 70 წლის თავზე საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის  საკონფერენციო დარბაზში შემაჯამებელი შეხვედრა მქონდა კოლეგებთან და მეგობრებთან. ამასთან ერთად ადამიანის რესურსების განვითარების ფონდის 20 წელი სრულდებოდა, რომელიც დავაფუძნე 1995 წელს. მოღვაწეობის შემაჯამებელი მოხსენების შემდეგ ჩემმა ყოფილმა თანაკლასელმა ვიოლა პაპასკირმა გაიხსენა: „ერთხელ ბავშვობაში, მე–7 კლასში, ნოდარ, შენ მოჰყევი ჯეკ ლონდონის მარტინ იდენზე, რამაც  დიდი გავლენა იქონია ჩემზეო. რაში მდგომარეობდა ეს გავლენა?“. ჩემი სასკოლო პერიოდის ეს მომენტი არ მახსოვდა, მაგრამ დასმულმა კითხვამ ამავე დროს  მეხსიერების სკივრიდან  კიდევ ერთი ფრაგმენტი ამოტივტივა. როცა 1963 წელს თბილისის ივ. ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ვაბარებდი მისაღებ გამოცდებს, გამოცდების წინ იყო გასაუბრება. გასაუბრებაზე  იყო პროფესორი ბარნაბ ხაჭაპურიძე (ღმერთმა აცხონოს), ჩინებული ქართველი ფსიქოლოგი, რომელმაც დამისვა კითხვა: „ ახალგაზრდავ, რატომ აბარებთ ფსიქოლოგიურზე, რის საფუძველზე მიიღეთ ასეთი გადაწყვეტილება?“  ჩემი პასუხი ასეთი იყო: „სკოლაში მიტაცებდა ფილოსოფიური წიგნებისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა. დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე  ჯეკ ლონდონის მარტინ იდენმა, სადაც კარგად არის აღწერილი ადამიანის სრული ტრანსფორმაციის პროცესი. ამ საკითხმა ძალიან დამაინტერესა და ამიტომაც გადავწყვიტე ფსიქოლოგიურზე ჩაბარება“. ეს ფაქტი ჩემი ბიოგრაფიიდან  ნაკლებად მაგონდებოდა. და ვიოლას შეკითხვის შემდეგ უცებ გავაცნობიერე, რომ  მთელი ჩემი მოღვაწეობა  ერთ  კითხვას უტრიალებდა მრავალი წლების განმავლობაში: როგორ ხდება ადამიანის ცხოვრებაში ცვლილებები და როგორ აღწევს ადამიანი ტრანსფორმაციას? ფსიქოთერაპიამდეც მე–20 საუკუნის 80–იან წლებში ტრანსფორმაციის მექანიზმების ძიებამ მიმიყვანა.
სხვადასხვა დროს სხვადასხვაინარად ვუახლოვდებოდი ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის იდეას. 1978 წელს პარიზში ერთწლიანი სტაჟირებისას სოციალურ ფსიქოლოგიაში პარალელულად ვესწრებოდი ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის ჟაკ ლაკანის სემინარებს. შემდგომში გატაცებული ვიყავი კარლ როჯერსის არადირექტიული ფსიქოთერაპიით, რომლის თბილისში მოწვევა ჩემი თაოსნობით მოხდა 1988 წელს. შემდგომში გამიტაცა მილტონ ერიქსონის არადირექტიული ჰიპნოზის ტექნიკებმა, ჯგუფურმა ფსიქოთერაპიამ, ირვინ იალომის ეგზისტენციალურმა ფსიქოთერაპიამ, ვირჯინია სატირის ოჯახურმა ფსიქოთერაპიამ, ჯონ მორენოს ფსიქოდრამამ, ფრიც პერლსის გეშტალტთერაპიამ და ა.შ. დიდხანს სპეციალურად ვსწავლობდი ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას და 1990 წელს მოსკოვში ნლპ–ს ერთერთი შემქმნელის ჯონ გრინდერის მიერ მოწყობილ სემინარშიც ვმონაწილეობდი (ჯონ გრინდერი ტრასფორმაციული გრამატიკიდან მივიდა ნეიროლინგვისტურ პროგრამირებამდე). ჩემი ქალიშვილის – ნატოს ზეგავლენით, რომელიც ახლა წარმატებით მუშაობს ლონდონის ერთერთ კლინიკაში კლინიკურ ფსიქოლოგად, სიამოვნებით ვეცნობი და ვიღრმავებ ცოდნას კოგნიტურ–ბიჰევიორალურ ფსიქოთერაპიაში. დიდხანს ვეცნობოდი ოშოს მედიტაციურ სისტემას და მის ტექნიკებს პიროვნული ტრანსფორმაციის სფეროში, ხოლო ერთ პერიოდში ტრანსცენდენტალური  მედიტაციის წარმომადგენლებიც კი მოვიწვიე თბილისში 1991 წელს და პირველი საჯარო ტრანსცენდენტალურ–მედიტაციური სესიები გაიმართა. 1980 წლიდან ვეწევი ფსიქოთერაპიულ საქმიანობას, ხოლო წინა საუკუნის იმ მძიმე 90–იან წლებში ჯერ აფხაზეთის ომში ნაომარ და დაზარალებულ მებრძოლებთან ვატარებდი ფსიქოთერაპიულ სამუშაოებს, ხოლო 1995 წლიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილი მოსახლეობის ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის პროგრამებს ვხელმძღვანელობდი.  ვწერდი წიგნებსა და სტატიებს, ვმონაწილეობდი საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში, ახლაც ვარ „მოსკოვსკი ფსიხოტერაპევტიჩესკი ჟურნალის“ რედაქციის წევრი. მინდა ვთქვა, რომ მე არ მივაკუთვნებ ჩემს თავს რომელიმე ერთი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობის  ბანაკს.
ამჯერად კი ვქმნი ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის მთელ სისტემას, რომელიც იმ დებულებას ეფუძვნება, რომ ფსიქოთერაპიული პროცესი წარმატებით მიმდინარეობს და პიროვნულ ტრანსფორმაციაში გადადის მაშინ, როცა იგი მიღწევის მოტივაციასა და მიღწევის რესურსების აქტუალიზაციას ეფუძვნება. ფსიქოლოგთა ერთი ნაწილი ფსიქოთერაპიის საფუძვლად და სამიზნედ შეგუებას მიიჩნევს და ადაპტაციის პარადიგმას ეყრდნობა, მეორენი არაცნობიერის გაცნობიერებას უსვამენ ხაზს, მესამენი პიროვნების დაშლილი ნაწილების გეშტალტურ გამთლიანებას ელტვიან, მეოთხენი ახალი ეფექტური ქცევისა და ქმედების შესწავლასა და განმტკიცებას მიიჩნევს მთავარ ამოცანად, ხოლო მეხუთენი კოგნიტური სტრუქტურების  დალაგებასა და გამართვას თვლიან ფსიქოთერაპიული პროცესის საყრდენად. მე ვთვლი, რომ ფსიქოთერაპიული პროცესის თავი და თავი გახლავთ მიღწევის მოტივაციისა და მიღწევის რესურსების აქტუალიზაცია. მიღწევის მოტივაცია და მიღწევის რესურსების მობილიზაცია ფსიქოთერაპიული პროცესის ალფა და ომეგაა იმ გაგებით, რომ ფსიქოთერაპევტსა და პაციენტს (ან კლიენტს) უნდა ჰქონდეთ და თუ არა აქვთ, უნდა შეიმუშავონ თანმხვედრი მიზანდასახულობა, რათა პაციენტმა (კლიენტმა) მიაღწიოს ცხოვრებისეული სიტუაციის ერთგვარ ტრანსფორმაციას; იგი გამოიხატება იმაში, რომ პრობლემა (ან სიმპტომი) დაძლეულია, პიროვნება ჯანსაღდება, მისი კეთილდღეობისა და ბედნიერების ინდექსი მაღლა იწევს, უმჯობესდება მისი აქტივობის ეფექტურობის ხარისხი. ეს ტრანსფორმაცია პაციენტის (კლიენტის) ცხოვრებაში მომხდარი ერთგვარი „კვანტური ნახტომია“. ფსიქოთერაპიის მრავალ განსაზღვრებათა შორის ერთი მათგანი ასე ფორმულირდება: ფსიქოთერაპია გულისხმობს პაციენტის (კლიენტის) აზროვნებასა, გრძნობებსა და მოქმედებებში ცვლილებების გამოწვევის პროცესს. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა: ჩემი გაგებით, ფსიქოთერაპიული პროცესი ჩვეულებრივი ცვლილება კი არ არის, არამედ ტრანსფორმაცია და „კვანტური ნახტომია“, რომელიც ადამიანში თვითდინებით კი არ ხდება, არამედ მას ადამიანი საკუთარი ძალისხმევით და ფსიქოთერაპევტის ხელშეწყობით აღწევს. ეს არის სწორედ მიღწევის და არა მარტივად შეგუების, ან  გაცნობიერების, ან ახლის დასწავლის, ან გონებრივი  გადასტრუქტურების პროცესი. საკვანძო სიტყვა წარმატებული ფსიქოთერაპიის დროს არის „მიღწევა“ და არა, მაგალითად, განკურნება. სულერთია რა იქნება შედეგად – განკურნება, პრობლემის გადაწყვეტა თუ კეთილდღეობის დონის ამაღლება – ყველაფერი მიღწევის სფეროს განეკუთვნება და მინაღწევართა სიაში უნდა მიითვალოს. ამდენადაა ჩემთვის წარმატების მიღწევა უნივერსალური პროცესი, რომელიც ტრანსფორმაციასთან არის დაკავშირებული და რომელმაც შეიძლება მოიცვას როგორც, მაგალითად, თამბაქოს თავის დანებება, ისე გაჯანსაღება, სიმპტომებისა და ტკივილების დაძლევა, გამდიდრება ან ფინანსური სტაბილობა, ან ჩემპიონობა სპორტში ან ხელოვნების სფეროში კონკურსში გამარჯვება, ან ოჯახის შექმნა ან ღირსეული ადამიანების აღზრდა, ან დისერტაციის დაცვა, ბიზნეს–წინსვლა, კარგი სამსახურის შოვნა, ცნობილ პიროვნებად ანუ, როგორც ახლა იტყვიან, ცნობად სახედ გადაქცევა და სხვა ათასნაირი დიდი ან პატარა მიღწევები. შეგუება ან, თუ გნებავთ, გაცნობიერება არსებულთან შეთანაწყობაა, ხოლო მიღწევა არსებულის შეცვლას ან გარდაქმნას ანუ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ფსიქოთერაპია საკუთარი თავის როგორც არსებულის მიმღებლობასაც და ამავე დროს შეცვლა–გარდაქმნის მიღწევას გულისხმობს. ამდენადაა იგი ტრანსფორმაციული პროცესი.
ნებისმიერი ავადმყოფობის დროს შეგიძლიათ გახდეთ საკუთარი თავის ფსიქოთერაპევტი, რაც გაგიადვილებთ გამოჯანსაღების პროცესს. მინდა შემოგთავაზოთ საკუთარი თავის ფსიქოთერაპიის ერთი ტრანსფორმაციული მეთოდი, რომელიც ვიზუალიზაციაში ანუ მკაფიო წარმოსახვაში მდგომარეობს და იგი კ. საიმონტონის ფსიქოთერაპიულ ტექნიკებშია მოხსენიებული. სავარჯიშოს ნაბიჯ–ნაბიჯ წარმოგიდგენთ. რიგითი ნომერი მიანიშნებს თანმიმდევრულ ნაბიჯებს.
1.      გააკეთეთ რეალაქსაცია. დახუჭეთ თვალები. ამისათვის შეგიძლიათ მიმართოთ რომელიმე მედიტაციურ ტექნიკას ან ჯეკობსონის პროგრესული რეალაქსაციის მეთოდს. ეს ტექნიკები და მეთოდი აღწერილი მაქვს ჩემი საავტორო პროგრამის „წარმატების 365 დღის“  წინარე სტატიებში  (85–დან  94–ე დღის ჩათვლით).
2.      ცოტა ხანს დაფიქრდით თქვენს ავადმყოფობაზე ან ტკივილზე, რაც ძალიან გაწუხებთ. თქვენს გონებაში ისე წარმოისახეთ ეს დაავადება, სიმპტომი ან ტკივილი, როგორც თქვენ გესახებათ იგი. რაგინდ უჩვეულო ან აბსურდულიც არ უნდა იყოს თქვენი წარმოსახვის ხატი, დახატეთ იგი თქვენს გონებაში და მიაპყარით მას თქვენი ყურადღება.
3.      ამჯერად წარმოიდგინეთ,  რომ თქვენს მიერ მიღებული წამალი და მკურნალობა ან ანადგურებს თქვენი ავად ყოფნის ან ტკივილის წყაროს, ან კიდევ აძლიერებს თქვენს ორგანიზმს, რათა მან საკუთარი ძალებით გაუმკლავდეს მას.
4.      წარმოიდგინეთ თქვენი ორგანიზმის დაცვითი სისტემები, თქვენი იმუნური სისტემა, ლეიკოციტები ანუ თეთრი ბურთულაკები, რომლებიც სპობენ ავად ყოფნის ან ტკივილის წყაროს და აწესრიგებენ ორგანიზმის შინაგან მდგომარეობას. ისინი ხოცავენ და აგროვებენ ავადმყოფობის ან ტკივილის გამომწვევ ძალებსა და უჯრედებს, ხოლო ღვიძლსა და  თირკმლებს განავლისა და შარდის სახით გააქვთ ორგანიზმიდან ეს „ნაგავი“. შეეცადეთ მკაფიო იყოს წარმოსახვის ეს ხატები თქვენთვის მისაწვდომ დონეზე.
5.       წარმოიდგინეთ და წარმოსახვაში დახატეთ თქვენი თავი როგორც ჯანმრთელი, თავისუფალი ავადმყოფობისა და ტკივილისაგან. დახატეთ თქვენი თავი ლაღ და ენერგიულ ვარიანტში.
6.      წარმოისახეთ თუ როგორი წარმატებით აღწევთ დასახული მიზნებს.
7.      თქვენს გონებაში შეაქეთ თქვენი თავი, რომ ასე უწყობთ ხელს გამოჯანმრთელებაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ დღეში სამჯერ აკეთებთ რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის სავარჯიშოს. მადლობა უთხარით საკუთარ თავს, რომ ყურადღებას აქცევთ საკუთარ ჯანმრთელობას და ზრუნავთ ტკივილების საკუთარი ძალისხმევით მოშუშებაზე.
8.      ნელ–ნელა გაახილეთ თვალები და შეუდექით თქვენს საქმიანობას.
ვიზუალიზაცია შეგიძლიათ განახორციელოთ ნებისმიერი ხატების წარმოდგენით. მაგალითად, შეგიძლიათ თქვენს ნაცნობ ექიმს ჰკითხოთ თქვენი ტკივილის ან ავადმყოფობისა და მისი განკურნების მექანიზმი და მასზე დაყრდნობით შექმნათ თქვენი „შინაგანი ფილმი“; ან უბრალოდ შეგიძლიათ თქვენი ტკივილი ან ავადმყოფობა წარმოიდგინოთ რომელიმე მწერის, ცხოველის ან ფრინველის ან თუ გნებავთ ფანტასტური არსების სახით; ხოლო მისი დაძლევის, მოსპობის ან გამკლავების  მექანიზმის სახით  შეიძლება წარმოისახოთ რაიმე ინსტრუმენტი ან საკუთარი ხელები ან იარაღი და სხვა. წარმოისახეთ ბრძოლა ავადმყოფობის წყაროს წინააღმდეგ. მთავარია, რომ ცოცხლად წარმოიდგინოით ავად ყოფნის ან ტკივილის თქვენეული სიმბოლო და მასზე გამარჯვების პროცესი.
მას შემდეგ, რაც ვიზუალიზაციის სავარჯიშოს ჩაატარებთ, კარგი იქნება თუ რეალურად ქაღალდზე გადმოიტანთ და დახატავთ თქვენი ვიზუალიზაციის შინაარს. თქვენ არ მოგეთხოვებათ მაინცადამაინც კარგი ხატვა. დახატეთ ისე, როგორც შეგიძლიათ. ვიზუალიზაციის ნახატი კარგად გამოავლენს თქვენს განწყობებსა და წარმოდგენებს ავადმყოფობის შესახებ. იგი როგორც ერთგვარი პროექციული ტესტი, გამოავლენს თქვენი პიროვნების ფარულ და გაუცნობიერებელ პლასტებს და სპეციალისტმა მის საფუძველზე შეიძლება სასარგებლო რჩევებიც მოგცეთ.
ამჯერად მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ვარიანტი მაგალითისათვის: 1) ვიზუალიზაცია ჰიპერტენზიის ანუ მაღალ წნევიანობის დროს; 2) ვიზუალიზაცია ართრიტის დროს; 3) ვიზუალიზაცია კუჭის წყლულის დროს.
––ვიზუალიზაცია მაღალი არტერიული წნევის დროს: მაღალი არტერიული წნევის დროს სისხლძარღვები შევიწროებულია, ხოლო კუნთური ქსოვილები და უჯრედები სისხლძარღვების ირგვლივ დაჭიმული და დაძაბულია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში შედის, რაც მოუშვებს დაძაბულობასა  და დაჭიმულობას თქვენი სისხლძარღვების მიმდებარე კუნთურ ქსოვილებში. წარმოიდგინეთ, რომ სისხლძარღვები ფართოვდება  და სისხლი თავისუფლად მიედინება ძარღვებში. თქვენი გონებით დახატეთ, რომ თქვენ ძლევთ ცხოვრებაში სტრესულ სიტუაციებს, რათა ორგანიზმი არ იყოს დაძაბული.
––ვიზუალიზაცია ართრიტის დროს: ართრიტის შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენს კიდურებს აქვს ანთება, ხოლო კიდურების ზედაპირზე  და კანზე ბევრი უსწორმასწორო  პაწაწინა  ბორცვებივით წარმონაქმნებია.  წარმოისახეთ, რომ კიდურებისკენ დიდი სისწრაფით მიექნება თეთრი ბურთულაკების, ლეიკოციტების მთელი არმია. ლეიკოციტები ასუფთავებენ კანის ზედაპირს და იგი ხდება სწორი და გაკრიალებული. ლეიკოციტები აქრობენ ტკივილებს, თქვენს გამოიყურებით ჯანსაღად, ხართ აქტიური, მოძრაობთ თავისუფლად და ლაღად აკეთებთ იმას, რაც თქვენ გსურთ.
––ვიზუალიზაცია კუჭის წყლულის დროს: წარმოიდგინეთ ჭრილობა კუჭის ზედაპირზე. ჭრილობა მრგვალია და კრატერივითაა.ამ ჭრილობას უსწორმასწორო და სველი ზედაპირი აქვს. თქვენს გონებაში წარმოისახეთ მედიკამენტი, რაც თქვენს ორგანიზმში შედის. იგი მჟავიანობის საწინააღმდეგოა და გარს ეხვევა ჭრილობას, ანეიტრალებს მჟავიანობას და აშუშებს ჭრილობას.  წარმოიდგინეთ, რომ ჭრილობის ადგილას აღმოცენდება ნორმალური და ჯანსაღი უჯრედები. ისინი იზრდებიან, მრავლდებიან და მთლად მოეფინებიან იმ უსწორმასწორო წყლულოვან ადგილს. თეთრი ბურთულაკები მოისწრაფვიან  ამ ადგილისაკენ, ისინი ანადგურებენ არაჯანსაღ უჯრედებს, აგროვებენ „ნაგავს“ და ასუფთავებენ ყველაფერს, ასწორებენ წყლულის უსწორმასწორო ზედაპირს, რის შემდეგაც ვარდისფერი და ჯანსაღი თხიერი ზედაპირი რჩება ყოფილი წყლულის ადგილას. თქვენს წარმოსახვაში ყოველგვარი ტკივილები ქრება, თქვენ გამოიყურებით აბსოლუტურად ჯანმრთელად, ხალისიანად და ენერგიულად;  წარმოსახვაში ხალისით და ენთუზიაზმით უმკლავდებით ყველა ცხოვრებისეულ სირთულეებს.
მე სპეციალურად მოვიტანე ისეთი სავარჯიშო და მაგალითად ავიღე ფსიქოსომატური ჩივილები, რათა ხაზი გამესვა სულისა და სხეულის ერთიანობის იდეისათვის; ამავე დროს მინდოდა ხაზი გამესვა ფსიქოთერაპიული ჩარევის ეფექტურობისათვის სხეულებრივი დარღვევების დროს. ცხადია, რომ ფსიქოთერაპიული სავარჯიშოების დიდი ნაწილი  სულიერი ტკივილების მოშუშებასა და შესაბამისი დარღვევების გაჯანსაღებას ემსახურება. ამაზე კი სხვა დროს შეიძლება ცალკე საუბარი.
ცხადია, ამ სავარჯიშოების გაკეთების დროს შეიძლება ბევრი კითხვები გაგიჩნდეთ. ისიც ცხადია, რომ ყველა სომატური ან სულიერი დარღვევა ან ტკივილი თავის სპეციფიკას შეიცავს და ვიზუალიზაციის დროს ამ უამრავი სპეციფიკის გათვალისწინებაა საჭირო. მზად ვარ დაგეხმაროთ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, რათა კარგად მოირგოთ თქვენს პრობლემაზე ამ სავარჯიშოების მოწოდებული სქემა. 





Комментариев нет :

Отправить комментарий