3.23.2015

არ არსებობს იმაზე დიდი წარმატება, ვიდრე დაძლიო უკურნებელი სენი: კ. და ს. საიმონტონის ავთვისებიანი სიმსივნის ფსიქოთერაპია


წარმატების 365 დღე
94–ე  დღე

კარლ საიმონტონი და მისი მეუღლე სტეფანი საიმონტონი კბოს ფსიქოთერაპიის საკითხებზე მუშაობდნენ. ისინი ცდილობდნენ დაენგრიათ მითი, თითქოს კიბო ანუ ავთვისებიანი სიმსივნე უკურნებელი და აუცილებლად მომაკვდინებელი სენია. მათ ეს შეძლეს. მათი ფსიქოთერაპიული მიდგომა კიბოს მკურნალობისადმი კი არ უპირისპირდებოდა ბიოლოგიურ–სამედიცინო მიდგომას, არამედ პირიქით, ავსებდა და ამდიდრებდა მას. კარლი განათლებით ექიმი–ონკოლოგი იყო და წლების განმავლობაში მუშაობდა სხივური თერაპიის სფეროში. სტეფანი ფსიქოლოგი იყო და მის მეუღლეს  მხარში ედგა ფსიქოლოგიური მეთოდების დანერგვის თვალსაზრისით ონკოლოგიურ პრაქტიკაში. კარლმა და სტეფანიმ შეიმუშავეს კიბოს ფსიქოთერაპიის კარგად აწყობილი სისტემა.  ეს სისტემა გულისხმობდა ავთვისებიანი სიმსივნით შეპყრობილთა ჯგუფურ ტრენინგებს, ინდივიდუალურ კონსულტირებას, ავადმყოფის ახლობლებთან მუშაობას, ხატვასა და არტთერაპიას, სხვადასხვა მენტალურ სავარჯიშოებს, ტკივილის მართვისა და მოუნელებელი განცდების გადახარშვის ტექნიკებს, გრელვადიანი ცხოვრებისეული მიზნების დასახვასა და მათი განხორციელების სამოქმედო გეგმების შემუშავებას.  მთელი ეს სისტემა ემსახურებოდა იმას, რათა  ავადმყოფს მაღლა აეწია  ბრძოლის უნარიანობის დონე. ცოლ–ქმარი საიმონტონები პაციენტებში აღვივებდნენ ქმედებაზე დაფუძვნებულ რწმენას, რის  საფუძველზეც ხდებოდა იმუნური სისტემის მობილიზაცია. ეს კი ხელს უწყობდა ავადმყოფობის  გამკლავებას და  გამოიწვევდა ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევი ატიპიური უჯრედების მეთოდურ განადგურებასა და ორგანიზმიდან გამოყვანას. ცხადია, რომ კ. და ს.საიმონტონი ამოდიოდნენ იმ დებულებიდან, რომ სული და სხეული ერთიანი სისტემაა: ჩვენი აზრები, განცდები, წარმოდგენები და ქმედებები ჩვენს ორგანიზმზე ახდენს ზეგავლენას უჯრედოვან დონეზეც კი.  საიმონტონის კონცეპციაში საკუთარ ძალებში რწმენისა და გამოჯანმრთელების მიმართ ოპტიმიზმის ძირითადი ფაქტორია იმუნური სისტემის მობილიზაციისათვის ბრძოლა ფსიქოლოგიური საშუალებებით. თავიანთი შრომა მათ განაზოგდეს წიგნში „GETTING WELL AGAIN“, რაც ამ სფეროში ბესტსელერია და მრავალ ენაზე ითარგმნა.

მთელი ამ სისტემის აქ წარმოდგენა ნამდვილად დიდ ადგილს დაიკავებს და მე მინდა მხოლოდ  ერთ მის ცენტრალურ მომენტზე გავამახვილო ყურადღება: კ.და ს. საიმონტონის ონკო–ფსიქოთერაპიის ბირთვია წარმოსახვის, ვიზუალიზაციის მეოხებით  იმუნური სისტემის მობილიზაცია ატიპიურ ანუ კიბოს უჯრედებთან საბრძოლველად. ონკო–პაციენტებს უტარდებოდათ სპეციალური ტრენინგი რეალაქსაციასა და ვიზუალიზაციაში, რათა პაციენტებს წარმოესახათ (1) ლეოკოციტები როგორც  სიმსივნური უჯრედების კილერი უჯრედები, (2) წარმოედგინათ საკუთრივ ავთვისებიანი წარმონაქმნი და კიბოს უჯრედები, (3) ხოლო ამის შემდეგ წარმოსახვაში დაედგათ მენტალური „ფილმი“ დაუნდობელი ბრძოლის შესახებ, როცა კილერი–ლეიკოცეტები  ანადგურებენ სიმსივნურ უჯრედებს და  გააქვთ მთელი ეს „ნაგავი“ ორგანიზმიდან. ადამიანებს ავარჯიშებდნენ ასეთ ვიზუალიზაციაში და მათ ეს სავარჯიშო უნდა გაეკეთებინათ დღეში 3–ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ნებისმიერი სავარჯიშოს შესრულება ქმედებაა, ხოლო სავარჯიშოთა რეგულარული განმეორებით მიიღწევა ფიქსირებული განწყობისა და ჩვევის  შემუშავება, რაც აღმოაცენებს რწმენას, რაც ქმედებით იკვებება. წარმოსახვა გადასული ქმედებაში, ხოლო ქმედება გადასული რწმენაში გაცილებით დიდი ძალაა, ვიდრე ახსნა –განმარტება, დარწმუნება ან გაცნობიერება. არც გაგება,არც გაცნობიერება ან დარწმუნება არ ქმნის რწმენას, სანამ ეს გაცნობიერებული მასალა არ გადავა მოქმედების მზაობასა და რეალურ ქმედებაში. ამას გარდა, რწმენის საფუძველზე განხორციელებული ქმედება პოზიტიური უკუკავშირის მეოხებით კიდევ უფრო ძლიერდება. ამის შემდეგ 2–3 თვეში ერთხელ პაციენტები ხატავდნენ კიდეც თუ რა წარმოისახეს ამ ზემოთაღიშნული „საბრძოლო მოქმედებების“ სახით ორგანიზმის შიგნით. შემდეგ ხდებოდა ამ ნახატების დემონსტრირება, გარჩევა, კორექცია, გაუმჯობესება, ნახატის საზრისის და შეტყობინების გაშიფრვა და სხვა. ცხადია, ვიზუალიზაციის ეს სავარჯიშოები ხორციელდებოდა იმ კონტექსტში, რაც გულისხმობდა ამ ფსიქოთერაპიული სისტემის სხვა კომპონენტებსაც, რომელიც უკვე ზემოთ ჩამოვთვალე.
როგორი იყო საიმონტონის ონკო–ფსიქოთერაპიული მიდგომის  შედეგები?  სისტემის ეფექტურობის შესამოწმებლად ავტორებმა  გამოიყენეს ორი ინდიკატორი: (1) სიცოცხლის ხანგრძლივობა და (2) ცხოვრების ხარისხი. დოქტორმა კ. საიმონტონმა სპეციალურად აიყვანა პაციენტთა 159 კაციანი ჯგუფი, რომელთა დიაგნოზი იყო „განუკურნებადი“და რომელთაც უტარდებოდა ფსიქოთერაპია, რაც შეხამებული იყო ტრადიციულ სამედიცინო მკურნალობასთან. მეორე ანუ საკონტროლო ჯგუფი იყო ისევ დ ისევ „განუკურნებადის“ დიაგნოზით შეპყრობილი ავადმყოფები, რომელთაც უტარდებოდა ტრადიციული სამედიცინო მკურნალობა ფსიქოთერაპიის გარეშე. ამერიკული სტატისტიკის მიხედვით „განუკურნებადის“ დიაგნოზის მქონე პირთა სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 12 თვეს დიაგნოზის დასმის შემდეგ; ეს მაშინ, როცა მათ უტარდებოდათ ტრადიციული სამედიცინო–სამკურნალო პროცედურები ფსიქოთერაპიის გარეშე.  როცა კ.და ს. საიმონტონმა თავისი ანგარიში დაწერეს ამ კვლევის თაობაზე, უკვე 4 წელი იყო გასული და ფსიქოთერაპია–გავლილი 159 პაციენტიდან  63 ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და განაგრძობდა თავის საქმიანობას, ხოლო საკონტროლო ჯგუფის წევრები ყველანი გარდაცვლილები იყვნენ. ფსიქოთერაპია–გავლილი 159 პაციენტიდან  დანარჩენი ვინც გარდაიცვალა, მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წელიწადნახევრით აღემატებოდა საკონტროლო ჯგუფის გარდაცვლილი პაციენტების სიცოცხლის ხანგრძლივობას. მთავარია არა მარტო სიცოცხლის ხანგრძლივობა, არამედ ცხოვრების ხარისხიც. ამ მხრივ სპეციალურად შესწავლილ იქნა აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია ავადმყოფობამდე და ავადმყოფობის დროს. აღმოჩნდა, რომ ფსიქოთერაპია–გავლილი 159 პაციენტიდან  51% ინარჩუნებდა აქტიური ცხოვრების იგივე დონეს, რაც ავადმყოფობამდე ჰქონდათ, ხოლო დანარჩენები თუ მთლიანად არა , სამი მეოთხედით მაინც იმეორებდნენ ძველებურ აქტიურობას. 
დასკვნა ასეთია: სიმონტონის მიერ შემუშავებული ონკო–ფსიქოთერაპიული სისტემა ავადმყოფებს უხანგრძლივებს სიცოცხლეს და ხელს უწყობს ცხოვრების ხარისხის მაღალი ხარისხის შემუშავებას ავადმყოფობის პერიოდში.
ამჯერად მინდა ნაბიჯ–ნაბიჯ წარმოგიდგინოთ ის ცენტრალური სავარჯიშო, რაც რელაქსაციასა და იმუნურ გაძლიერებას ემსახურებოდა ვიზუალიზაციის მეოხებით. 
ნაბიჯი პირველი: რელაქსაცია
კ. და ს. სიმონტონები აავადმყოფებთან ჯგუფური მუშაობას იწყებდნენ რელაქსაციის უნარის წვრთნით. ეს ერთდროულად ორ მიზანს ისახავდა: 1) ონკოლოგიურ ავადმყოფს შექმნოდა იმის განცდა, რომ  საკუთარი მდგომარეობების მართვა შეუძლიათ; 2) პაციენტში შემუშავებულიყო მშვიდი შინაგანი განწყობის ფონი, რაც  ვიზუალიზაციის სავარჯიშოს ნაყოფიერად ჩატარების სრულიად აუცილებელი წინაპირობაა.
რელაქსაციის მეთოდებიდან შერჩეული იყო ედმონდ ჯეკობსონის „პროგრესული რელაქსაციის“ მეთოდი, რასაც ქვემოთ აღვწერთ.
·         შეარჩიეთ მყუდრო გარემო. კოფორტაბლურად მოთავსდით სკამზე ან სავარძელში. ფეხები ურთიერთ პარალელურად  და ფეხის ქუსლები მთლიანად უნდა ეხებოდეს იატაკს. თვალები დახუჭეთ.
·         მიაქციეთ ყურადღება საკუთარ სუნთქვას.
·         რამდენიმეჯერ ღრმად შეისუნთქეთ და ამოისუნთქეთ ჰაერი და ყველა ამოსუნთქვასთან ერთად თქვენს შიგნით წარმოთქვით: „ვმშვიდდები, ვდუნდები“.
·         ყურადღების კონცენტრაცია გააკეთეთ სახეზე და შეეცადეთ შეიგრძნოთ და გონებრივად წარმოიდგინეთ, თითქოს სახის კუნთები და თვალების ირგვლივ კუნთები დაძაბული და დაჭიმულია. წარმოიდგინეთ ეს აჭიმვა–დაძაბულობა რაიმე ხატის სახით, მაგალითად, შეკრული მუჭის ან მაგრად გადანასკვული თოკის სახით. ამის სემდეგ წარმოიდგინეთ, რომ ნასკვის გახსნისა ან მუჭის მოშვების მსგავსად სახისა და თვალების ირგვლივ კუნთები ეშვება, დაძაბულობა–დაჭიმულობა გადადის სრულ მოდუნებაში. შეიძლება გამოიყენოთ დაჭიმული და შემდგომ უცებ მოშვებული რეზინის ხატი და მეტაფორა. შეეცადეთ შეიგრძნოთ , თუ როგორ მოეშვა სახის კუნთები და როგორ მოეფინება მოშვების ტალღა მთელ სხეულს.
·         ამის შემდეგ რეალურად დაჭიმეთ სახე და მთელი ძალით დახუჭეთ მოუჭირეთ ქუთუთოები, ხოლო შემდეგ მოუშვით სახე და თვალის კუნთები და ქუთუთოები და შეიგრძენით მოდუნების სასიამოვნო შეგრძნება იგრძნოთ სახესა და მთელ ტანში.
·         ეს ყველაფერი გაიმეორეთ სხეულის ყველა დანარჩენი ნაწილის მიმართ. ნელნელა იმოძრავეთ ზევიდან ქვევით, სახიდან ქვედა ყბაზე, კისრისკენ, მხრებზე, მკლავებზე, მაჯაზე, ხელისგულზე, ხელის თითებზე, ზურგზე, მკერდზე, მუცელზე, თეძოებზე, მენჯ–ბარძაყზე, ფეხზე, მუხლზე, ქუსლებზე, ფეხის თითებზე. თავდაპირველად, წარმოიდგინეთ სხეულის დასახული ნაწილების დაჭიმვა, ხოლო შემდეგ მოშვება. ამის შემდეგ კი რეალურად დაჭიმედ სხეულის შესაბამისი ნაწილი და შემდეგ რეალურად მოუშვით და მოადუნეთ იგი.
·         მოადუნეთ მთელი სხეული და ამ რელაქსირებულ მდგომარეობაში დაჰყავით 2–5 წუთი.
მე–2 ნაბიჯი: ვიზუალიზაცია
·         წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით სადმე ბუნების წიაღში ან თქვენთვის მეტად სასიამოვნო ადგილას. შეეცადეთ მაქსიმალურად დეტალურად წარმოიდგინოთ ეს ადგილი: რა ფერებია იქ, რა ხმები ან  ბგერები ისმის, რას გრძნობთ თქვენ იმ გარემოში და რა შეგრძნებები გაქვთ, როცა რაიმეს ეხებით ამ გარემოში. შეეცადეთ თქვენს წარმოსახვაში ამ მეტად სასიამოვნო ადგილას იყოთ 2–5 წუთის განმავლობაში.
·         ამის შემდეგ წარმოიდგინეთ რეალისტურად ან სიმბოლურად თქვენი სიმსივნის უჯრედები. წარმოიდგინეთ, რომ ისინი არატიპიური უჯრედოვანი წარმონაქმნებია სუსტი აგებულებისანი არიან და არასწორი, დამახინჯებული ფორმა აქვთ; ეს უჯრედები არაორგანიზებული მასაა, მაგრამ ერთადერთი თვისება რაც მათ აქვთ, ესაა სწრაფი გამრავლების ტემპი. იცოდეთ, რომ ჩვეულებრივ ჯანსაღ მდგომარებაშიც კი თქვენს ორგანიზმში ასობით და ათასობით ასეთი არატიპიური უჯრედი  ჩნდება, მაგრამ ორგანიზმის დაცვითი სისტემები, იმუნური სისტემა ამ ატიპიურ უჯრედებს ებრძვის და წარმატებით ანადგურებს. გონებრივად დაუშვით, რომ თქვენს ჯანმრთელობას სჭირდება თქვენი იმუნური სისტემა დაუბრუნდეს ბუნებრივ და ჯანსაღ მდგომარეობას.
·       თუკი თქვენ გადიხართ ტრადიციულ სამედიცინო მკურნალობას, საჭიროა წარმოიდგინოთ, რომ მკურნალობა მიმდინარეობს თქვენთვის გასაგები გზებით. 
თუ თქვენ მკურნალობთ რადიოთერაპიით ანუ დასხივებით,  წარმოიდგინეთ, რომ სხივი შედგება მილიონობით ეენერგეტიკული მუხტებით და იგი აზიანებს  უჯრედებს, რაც მას გზაში ხვდება. ნორმალურ უჯრედებს შეუძლიათ აღიდგინონ მიენებული ზიანი, ხოლო სიმსივნურ უჯრედებს ეს არ ძალუძთ. ამიტომ სიმსივნური უჯრედები ნადგურდებიან.  სწორედ ამ პრინციპს ეფუძვნება რადიოთერაპია. თუკი ღებულობთ ქიმიოთერაპიას, წარმოიდგინეთ, რომ თქვენს ორგანიზმში შეყვანილი წამალი ხვდება თქვენს სისხლძარღვებში. წარმოიდგინეთ, რომ ეს წამალი მოქმედებს როგორც საწამლავი. ნორმალური უჯრედები, რომლებიც ჭკვიანები და ძლიერები არიან, თავს არიდებენ საწამლავს, ხოლო სიმსივნური უჯრედები სუსტები და უგუნურებია და ამიტომაც თვით მცირე დოზით ამ საწამლავის მიღება სპობს მათ. ისინი შეიწოვენ საწამლავს, რის შემდეგაც იხოცებიან, ხოლო ორგანიზმს  გარეთ გამოაქვს ეს მკვდარი უჯრედები.
·       ხატოვნად წარმოიდგინეთ, რომ ლეიკოციტები ანუ ე.წ. თეთრი ბურთულაკები. ისინი ძლიერნი არიან და ჯანსაღნი, ორგანიზებულები, მარდნი და ჭკვიანები. ლეიკოციტთა მთელი არმია ჰყავს ორგანიზმს. ლეიკოციტთა ერთი დიდი ნაწილი უშუალოდ ებრძვის ორგანიზმში შემოჭრილ ან მასში წარმოქმნილ მიკრო ორგანიზმებს ან უჯრედოვან  ატიპიურ წარმონაქმნებს და მათ კილერი– უჯრედები ეწოდება, ხოლო მეორე ნაწილი აკონტროლებს, თუ როგორი წარმატებით უმკავდებიან კილერი–ლეიკოციტები „მტერს“. თქვენს წარმოსახვაში დახატეთ ეს შინაგანი“ომი“, შექმენით შინაგანი „ფილმი“ იმის შესახებ, თუ როგორ ანადგურებენ ლეიკოციტები სიმსივნის ატიპიურ უჯრედებს, როგორ მარდად, ვაჯკაცურად  და ჭკვიანურად იბრძვიან ისინი. თქვენ შეიძლება ისინი წარმოიდგინოთ ცოცხალი არსებების ან ადამიანების სახითაც კი. თქვენ შეიძლება წარმოიდგინოთ ისიც კი, რომ ისინი სპეციალურად არიან შეიარაღებულები ბრძოლისათვის. ისინი დიდი უპირატესობით ამარცხებენ და სპობენ ატიპიურ უჯრედებს.
·       წარმოიდგინეთ როგორ მცირდება სიმსივნური წარმონაქმნი ზომებში, როგორ იღებენ და აგროვებენ ლეიკოციტები მკვდარ სიმსივნურ უჯრედებს და ღვიძლისა და თირკმლების მეოხებით ორგანიზმს გამოჰყავს გარეთ შარდის ან განავლის მეოხებით ეს უსარგებლო და მკვდარი უჯრედოვანი მასა. გააგრძელეთ სიმსივნის შემცირების წარმოსახვის პროცესი და თუ როგორ ქრება იგი მთლიანად. წარმოიდგინეთ, რომ სიმსივნური წარმონაქმნის ამ შემცირებისა და გაქრობის კვალობაზე როგორ გემატებათ ენერგია და ხალისი, აპეტიტი და სიცოცხლიუნარიანობა; თუ როგორ კარგად გრძნობთ თავს თქვენს საოჯახო გარემოში, როგორ გცემენ პატივს და უყვარხართ ყველას.
·         თუკი თქვენ რაიმე ადგილას გრძნობთ ტკივილს, მხედველობითად წარმოიდგინეთ, რომ ლეიკოციტების მთელი არმია გაეშურება ტკივილის ადგილას, რათა ტკივილის კერა „დააშოშმინოს“ და ვითარება დაარეგულიროს.  იყავით რადიკალური და შინაგან ძალებში დარწმუნებული: რაც არ უნდა იყოს ამ ტკივილის მიზეზი,  მიეცით თქვენს ორგანიზმს ბრძანება ან კატეგორიალურად მოთხოვეთ მას, რომ მოიშუშოს ტკივილი და განიკურნოს. წარმოიდგინეთ ვიზუალურად და კინესთეზიურად (სხეულებრივ–შეგრძნებითად), თუ როგორ ჯანსაღდება თქვენი ორგანიზმი. 
·         შეეცადეთ  თქვენს წარმოსახვაში საკუთარი თავი დაინახოთ ჯანმრთელად, კარგი გუნებ–განწყობით, ენერგიით აღსავსე.
·         წარმოიდგინეთ თუ როგორ ცდილობთ იმ ამოცანების გადაჭრასა და მიზნების მიღწევას, რაც უკვე დასახული გაქვთ.  თქვენ აღწევთ თქვენს მიზნებს; თქვენი ურთიერთობები გარშემომყოფებთან  კარგია და ღირებული;  რაც უფრო დიდ საზრისს აქსოვთ ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში, მით უფრო ჯანსაღდებით. კიდევ ერთხელ დაფიქრდით იმაზე, თუ რა არის თქვენი ცხოვრების საზრისი, რა არის თქვენთვის ფრიად მნიშვნელოვანი, რა არის თქვენი ღირებულებები, როგორია ამ ღირებულებათა იერარქია.
·         თქვენ ფიქრებში შეაქეთ საკუთარი იმაში, რომ თვითონვე ხელს უწყობთ გამოჯანმრთელებას. მადლიერებას გამოხატავთ საკუთარი თავისადმი, რომ ძალისხმევას სწევთ გაჯანსაღებისათვის. წარმოიდგინეთ, რომ ამ სავარჯიშოს აკეთებთ  დღეში სამჯერ. სავარჯიშოებს გულიანად აკეთებთ და სათანადოდ მობილიზებული გაქვთ ყურადღება და აზრთა კონცენტრაცია.
·         დაბოლოს, შეიგრძენით, თუ როგორ ნელნელა ახელთ თვალებს. გაახილეთ თვალები  და გააგრძელეთ თქვენი საქმიაობა.
შეეცადეთ გააკეთოთ ეს სავარჯიშო დღეში 3–ჯერ, რაზეც ყოველ ჯერზე დაგეხარჯებათ მხოლოდ 15–20 წუთი. სავარჯიშოს ჩატარების შემდეგ ძალზე კარგი იქნება, თუ დახატავთ  ესკიზებს იმის  შესახებ, რაც წარმოისახეთ; სამ თვეში ერთხელ კი საჭიროა ნახატში გადმოიტანოთ ამ ვიზუალიზაციების  დეტალური სურათი. სპეციალისტი დაგეხმარებათ კარგად გაშიფროთ ნახატი და კარგად გაანალიზოთ იგი, რითაც  მოხდება გამოჯანმრთელების პროცესის სწორ კალაპოტში ჩასმა.
თქვენ ნუ იღელვებთ ნახატების ხარისხზე. აქ მთავარი სულაც არ არის ხატვის უნარი. ნუ იღელვებთ აგრეთვე იმაზე, თუკი ვერ შესძელით  ხატების მკაფიოდ „დანახვა“; მთავარია თქვენ რაღაცნაირად შეიგრძნოთ და წარმოიდგინოთ ის ორთაბრძოლა, რაც ლეიკოციტების გამარჯვებასთანაა დაკავშირებული სიმსივნურ ატიპიურ უჯრედებზე.  სულაც არ არის მნიშვნელოვანი თუ რა სიტყვებით გადმოსცემთ თქვენი წარმოსახვების შინაარსს, მთავარია ის ქმედებები, რასაც თქვენ ეწეოდით ამ სავარჯიშოს დროს. ნურც იმაზე ინაღვლებთ, რომ ხშირად არ გამოგდიოდათ ყურადღების კონცენტრაცია და აზრები ან წარმოდგენები დაუმორჩილებლად აქეთ–იქეთ დარბოდნენ ან სხვა აზრები შემოიჭრებოდა ცნობიერებაში. სამაგიეროდ თუკი ყოველგვარი თვითდანაშაულებისა და თვითგვემის მაგივრად გაბედულად შეუდგებით იგივე სავარჯიშოს კეთებას, ყურადღების კონცენტრაცია გაგიუმჯობესდებათ. თვითდადანაშაულების მაგივრად მიმართეთ თვითმიმღებლობას და  ჩათვალეთ, რომ მოცემულ მომენტში ისე გამოგდით ყველაფერი, როგორც უნდა გამოგსვლოდათ. ასეთი მიდგომის შედეგად არ ჩაიციკლებით და  გამოგითავისუფლდებათ  ენერგია, რათა უფრო კონცენტრირებულად ჩაატაროთ შემდგომი სავარჯიშო.  თუ ვინიცობაა, თქვენ ჩავარდით ისეთ მდგომარეობაში, რომ ვერ ასრულებთ სავარჯიშოს იმის გამო, რომ იგი ეჯახება თქვენს გარკვეულ შეხედულებებს, მაშინ უნდა ჩათვალოთ, რომ თქვენ ეჯახებით თქვენს გარკვეულ განწყობებს სიმსივნისა და გამოჯანმრთელების შესახებ. ამით თქვენ გეძლევათ შანსი რაღაც ახალი გააცნობიეროთ, ხოლო ამ გაცნობიერებამ შესაძლოა მოგიტანოთ სარგებლობა.

რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის მნიშვნელობის შესახებ ონკო–ფსიქოთერაპიაში
ცოლ–ქმარმა საიმონტონებმა შეაჯამეს იმ მოსალოდნელი შედეგები, რაც ზემოთმოტანილ  სავარჯიშოსთან არის დაკავშირებული.
1.      ეს სავარჯიშო ამცირებს შიშს. ხშირად შიში სწორედ იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანს აქვს განცდა თითქოს მას არაფრით არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს იმაზე, რაც მის თავს ხდება. ონკოლოგიურ ავადმყოფები განიცდიან იმას, რომ მათი მდგომარეობა მძიმდება, ხოლო თვითონ არაფერი შეუძლიათ იღონონ.  რელაქსაცია და ვიზუალიზაცია ქმნის სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენის უნარის განცდას.
2.      რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის პროცესს შეუძლია მოახდინოს დადებითი ზეგავლენა  პაციენტის  განწყობებზე ავადმყოფობის მიმართ და გააძლიეროს სიცოცხლის ნება და სურვილი.
3.      რახან აზრები და წარმოდგენები ორგანიზმზე ზეგავლენას ახდენენ თვით უჯრედოვან დონეზეც კი, ამდენად რელაქსაციამ და ვიზუალიზაციამ  შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ფიზიოლოგიური პროცესები, რომლებიც გააძლიერებენ იმუნურ სისტემას და  გამოიწვევენ ჰორმონალური სისტემის ცვლილებებს, რათა ავთვისებიანი სიმსივნის დაძლევა განხორციელდეს საკუთრივ ორგანიზმის მიერ.   
4.      ვიზუალიზაციის პროცესში მომხდარი ცვლილებები წარმოდგენის ხატებსა და სიმბოლოებში გამოიწვევს ცვლილებებს ავადმყოფის იმ განწყობებში, რაც პირდაპირადაა დაკავშირებული ავადმყოფობასთან.
5.      რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის პროცესი იწვევს ცვლილებებს პიროვნების არაცნობიერ სფეროში, სადაც სათავეს იღებენ ადამიანთა ავადმყოფური აზრები.
6.      რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის სავარჯიშო იწვევს სტრესის შემცირებას, შინაგანი სიმშვიდის ატმოსფეროს შექმნას, რაც სერიოზულად დადებით ზეგავლენას ახდენს ორგანიზმის ფუნქციებზე.
7.      ამ სავარჯიშოთა შედეგი ისაა, რომ პაციენტი უპირისპირდება უძლურებისა და უიმედობის მდგომარეობას.  პრაქტიკა უჩვენებს, რომ დათრგუნულობის მდგომარეობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს კიბოს წარმოშობასა და მის შემდგომ განვითარებას. როგორც კი ადამიანი წარმოიდგენს დაავადებასთან მისი აქტიური ბრძოლის სცენებს და საკუთარ თავს ჯანმრთელ მდგომარეობაში, აგრეთვე იმას, რომ იგი წყვეტს მისი ცხოვრების ურთულეს პრობლემებს, მაშინ იზრდება ქმედითი ოპტიმიზმის დონე, მცირდება უსუსურობისა და უიმედობის სინდრომი და იზრდება გამოჯანმრთელების ალბათობა.
ვიზუალიზაციის დროს სხვადასხვა რაიმეს წარმოისახავენ  და ხატვის დროს სხვადასხვა  სიმბოლოებს ქმნიან ადამიანები. ამ განსხვავებულობის მიუხედავად სპეციალური კვლევებით დადგინდა ის კრიტერიუმები, რაც ახასიათებთ იმ სიმბოლოებს, რომლებიც მკურნალობის დადებით შედეგთანაა დაკავშირებული:
1.      კიბოს უჯრედები უნდა წარმოსახულ და დახატულ იქნას  როგორც სუსტი აგებულების, მკაფიო სტრუქტურის არ–მქონე უჯრედი. მისი დამსხრევა და განადგურება ადვილი უნდა იყოს.
2.      წარმოსახვისა  და ნახატების ხატები და სიუჟეტი უნდა გადმოსცემდეს მკურნალობის ძალმოსილებას. სამკურნალო საშუალებების  წარმოსახვა და ნახატი უნდა გადმოსცემდეს შინაარსს, სადაც მკურნალობის საშუალებები ამარცხებენ კიბოს.
3.      ჯანმრთელი უჯრედები ადვილად აღადგენენ იმ დარღვევებს, რაც გამოიწვია ქიმიოთერაპიამ ან დასხივებამ, ხოლო კიბოს უჯრედები საბოლოოდ იმსხრევიან.
4.   ლეიკოციტების არმია ძალიან მრავალრიცხოვანი და ძლიერია. ვიზუალიზაციის წარმოსახვით ხატებში და დახატულ ნახატებშიც ლეიკოციტების გამარჯვება გარდაუვალად უნდა იყოს წარმოდგენილი.  
5.   ლეიკოციტები აგრესიულები არიან ყველა ანტისხეულების მიმართ და ისინი ყოველთვის მზად არიან საბრძოლველად, ხოლო ლეიკოციტთა ერთი ნაწილი უზრუნველჰყოფს კონტროლს, რათა მებრძოლმა ლეიკოციტებმა წარმატებით და დაუნდობლად ხოცონ მტერი და მოაგროვონ დახოცილი უჯრედები ორგანიზმიდან გასაყვანად.
6.   ისინი წარმოადგენენ იმ ძალებს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ ორგანიზმის შიგნით დაცულობას, წესრიგს და გამაჯანსაღებელ პროცესებს. ეს გახლავთ ორგანიზმის დამცავი სისტემა, ამიტომაც ლეიკოციტები უნდა იყოს წარმოსახული, როგორც ორგანიზებული, გონიერი და ჭკვიანი, მოხერხებული, მარდი არსებები. წარმოსახვასა და ნახატებში ისინი ყველანაირად უნდა სჯობდნენ კიბოს უჯრედებს, რათა არ დარჩეს არავითარი ეჭვი მათი გამარჯვების შესახებ ავთვისებიან სიმსივნეზე.
7.   დახოცილი კიბოს უჯრედები ორგანიზმიდან გაიყვანება ბუნებრივი გზებით. ამ პროცესის წარმოდგენა პაციენტს აძლევს შინაგან რწმენას იმის შესახებ, რომ ორგანიზმი ნორმალურაფდ ფუნქციონირებს.
8.   წარმოსახვისა და ვიზუალიზაციის ბოლო ფრაგმენტში უნდა ფიგურირებდეს ის, რომ პაციენტი ჯანმრთელია და განთავისუფლდა ავთვისებიანი სიმსივნის ტყვეობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავადმყოფმა მკაფიოდ წარმოიდგინის საკუთარი თავი გამოჯანსაღებული ადამიანის როლში, რომელიც სავსეა სასიცოცხლო ენერგიით.
9.   ავადმყოფი ვიზუალიზაციისას მკაფიოდ უნდა ხედავდეს, თუ როგორ ისახავს იგი მნიშვნელოვან მიზნებს და აღწევს კიდეც მას, როგორ წყვეტს სასიცოცხლო ამოცანებს და გადაჭრის ამა თუ იმ ცხოვრებისეულ პრობლემას.
აქ მოტანილი წარმატებული სიმბოლოებისა წარმოსახვების კრიტერიუმები და ინდიკატორები იდეალურია. ცხადია, ყოველთვის არ გამოვა ისე, რომ ყველა ეს კრიტერიუმი და ინდიკატორი სახეზე იყოს. მაგრამ ნელ–ნელა და ნაბიჯ–ნაბიჯ გამოჯანმრთელების გზაზე მდგომი პაციენტები ამას ახერხებენ, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებულია მტკიცე ნებითა და მონდომებით. წარმოსახვით სავარჯიშოებსა და ვიზუალიზაციებში გამოჯანსაღების  ყველაზე ძლიერ ფაქტორად წარმოდგენილ უნდა იყოს ლეიკოციტები და მათი დაუნდობელი ბრძოლა გამარჯვებისათვის და არა, მაგალითად, მედიკამენტოზური საშუალებები. ამ უკანასკნელთ ადამიანები ისედაც ღებულობენ.
აქ მოტანილი სავარჯიშოები და მიდგომები კ. და ს.საიმონტონის ონკო–ფსიქოთერაპიული პრაქტიკის მხოლოდ ერთი ნაწილია.
საქართველოში ამ მიმართულებით ამჯერად ვცდილობ ამგვარი ტექნიკების დანერგვას მძიმე სომატური და ფსიქოსომატური დაავადებების  ფსიქოთერაპიის კუთხით. ცხადია, მე მაქვს ჩემი დამატებები და საკუთარი მიდგომები, რომელთაც ვიყენებ ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ყველა დაინტერესებული ადამიანისათვის ჩემი კარები ღიაა და მზად ვარ გავუწიო სათანადო სამსახური.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 



Комментариев нет :

Отправить комментарий