3.23.2015

გაითავისეთ წარმატებული ადამიანის პიროვნული თვისებები


წარმატების 365 დღე
93–ე დღე
ცნობილი  ფსიქოლოგის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის  დევიდ მაკ–კლელანდის კვლევები მიღწევის მოტივაციას  ეხებოდა.   იგი თავის კვლევებს სხვადასხვა ქვეყნებში ატარებდა და აინტერესებდა წარმატებული ცხოვრების ფაქტორები. დ. მაკკლელანდი  მივიდა დასკვნამდე, რომ არსებობს სრულიად აუცილებელი ისეთი 10  პიროვნული თვისება, რომელიც უცილობლად აქვთ წარმატებულ ადამიანებს.   ესენია: 1) საკუთარ ძალებში რწმენა; 2) ახალი შესაძლებლობების ძიება; 3) სიტყვისა და საქმის თანხვედრა და კონრაქტისადმი ერთგულება; 4) მიღებული გადაწყვეტილების მტკიცედ, დაბეჯითებით  და დაჟინებით გატარება; 5) რისკის გაწევის უნარი; 6)საქმის ხარისხიანი კეთება და ზომიერი პერფექციონიზმი; 7) მიზნის დასახვა და მკაფიო მიზნები; 8) დაგეგმვის უნარი, მონიტორინგი და სტრატეგიული ხედვები; 9) მუდმივი ინფორმაციული განახლება, ინოვაცია; 10) თანამოაზრეთა პოვნის, გუნდური მოქმედებისა და სხვათა დარწმუნების  უნარი. ეს გახლავთ ის 10 პიროვნული თვისება, რომელთაგან თუნდაც ერთის არ–ქონა უკვე იწვევს ჩავარდნას. თითოეული ეს პიროვნული თვისება კი  შეძენადია და ტრენინგის მეოხებით წვრთნას ექვემდებარება. მე მინდა შემოგთავაზოთ სავარჯიშო, რომელიც ამ პიროვნული თვისებების შემუშავებასა და წვრთნას ისახავს მიზნად საკუთარი თავისადმი სათანადოს კითხვების დასმის მეოხებით.
სავარჯიშო
როგორც ამ პროგრამის ერთერთ ჩემს სტატიაში მოგახსენეთ, პიროვნული ზრდის თვალსაზრისით  საკუთარი თავისადმი სწორი კითხვების დაჟინებით დასმას დიდი ძალა აქვს. მინდა შემოგთავაზოთ  კითხვები, რომლებიც რეგულარულად შეგიძლიათ დაუსვათ საკუთარ თავს, რათა შეიმუშავოთ წარმატების მიღწევისათვის  სრულიად აუცილებელი  ათივე თვისება.
1.      საკუთარ ძალებში რწმენა.
გწამდეს და ენდობოდე საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებს – ფრიად მნიშვნელოვანი ნიშან–თვისებაა. საკუთარ თავში  რწმენა– არრწმენის თვალსაზრისით  და სხვათა მხრიდან მხარდაჭერის მიღება–არმიღების კუთხით 4 ვარიანტი შეიძლება გამოვჰყოთ:
 ა) თუ ნაკლებად გწამს საკუთარი თავის და იმავდროულად  არც სხვისგან არ გაქვს მხარდაჭერისა და დახმარების  მიღების იმედი, ადვილად შეიძლება გადავარდე უიმედობასა და სასოწარკვეთაში, რაც სრულიად გამორიცხავს რაიმის მიღწევის სურვილს; ამ დროს სასიცოცხლო  ნება  დაქვეითებულია და ადამიანი ერთგვარად ე.წ.შეძენილი უსუსურობის სინდრომის (მარტინ სელიგმანის ტერმინი) ტყვეობაში ჩავარდება.
 ბ) თუკი თუ ნაკლებად გწამს საკუთარი თავის, მაგრამ სხვისაგან დახმარებისა და მხარდაჭერის მიღების მომლოდინედ ხარ, მაშინ შენი ძირითადი საზრუნავი შეიძლება  შემწეობისა და დახმარების მიღება გახდეს და სხვის კმაყოფაზე  ცხოვრებას შეეჩვიო; ამ დროსაც რაიმის მიღწევის იმპულსი და პოტენციალი დაბალია (ასეთ მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სადღეისო).
 გ) თუკი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაღალი რწმენა გაქვს, მაგრამ სხვისაგან მხარდაჭერისა და დახმარების მიღებაზე არ გაქვს აქცენტები გაკეთებული და არც ღებულობ მას, მაშინ შენი ბრძოლა წარმატების მიღწევისათვის მძაფრდება, მაგრამ დიდი დანახარჯები გაქვს დაბრკოლებების დაძლევის კუთხით;  ამ დროს წარმატებას აღწევ, საკუთარი ეფექტურობისა და კმაყოფილების  ხარისხი  იზრდება, მაგრამ დანახარჯებმა შეიძლება გადაამეტოს არგებელს ან სულ ცოტათი გადაამეტონ შემოსავლებმა დანახარჯებს; ამ დროს სიამაყისა და ბედნიერების შეგრძნება შეიძლება უფრო მეტად დაძლეულმა დაბროლებებმა გააძლიეროს, ვიდრე მიღწეულმა წარმატებებმა.  
დ) თუ კი საკუთარი თავისა და შესაძლებლობების მაღალი რწმენა გაქვს და იმავდროულად  სხვათაგან მხარდაჭერასა და დახმარებას სათანადოდ ღებულობ, მაშინ მიღწეული წარმატების სარგებელი აშკარად და ბევრად აღემატება მატერიალურ და სულიერ დანახარჯებს; ამ დროს სიამაყისა და ბედნიერების შეგრძნება შეიძლება უფრო მეტად მიღწეულმა წარმატებებმა და მისმა აფიშირებამ გააძლიეროს, ხოლო მეორე პლანზე გადაიწიოს დაძლეულ დაბრკოლებებზე ფიქრმა.
როგორც ვხედავთ  წარმატების მიღწევისათვის (გ) და (დ) ვარიანტებია მოწოდებული და იგი საკუთარ თავში დარწმუნებულობას ეფუძვნება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია გავზარდოთ თვითრწმენის პოტენციალი. ამის კარგი საშუალებაა რეგულარულად დავუსვათ საკუთარ თავს 2 კითხვა : 1) რამდენად ვენდობი და მწამს ჩემი უნარ–ჩვევებისა და შესაძლებლობების?  2) რა შემიძლია გავაკეთო, რათა უფრო მწამდეს საკუთარი თავის, უნარ–ჩვევებისა და შესაძლებლობების? 
ეს კითხვები დღეში  ხუთჯერ მაინც უნდა დასვათ  საკუთარი თავის მისამართით. თქვენ დაბეჯითებით დასვით ეს კითხვები, ხოლო თქვენი ტვინი, როგორც უნივერსალური ენერგო–ინფორმაციული სისტემა  და ზემძლავრი კომპიუტერი, აუცილებლად მოგაწვდით სათანადო პასუხს სათანადო დროს. ენდეთ თქვენი ტვინის ფარულ შესაძლებლობებს.
2.      ახალი შესაძლებლობების ძიება.
სამყარო სავსეა რესურსებით.  შესაძლებლობები განუსაზღვრელია.
წარმატება, სიმდიდრე და ბარაქა სამყაროს უნივერსალური და ბუნებრივი კანონია.შეხედეთ მცენარეებს, როგორ წარმატებით იზრდებიან მცირე თესლიდან და ხდებიან უზარმაზარ ხეებად, როგორ იდგამენ ფესვებს და როგორ აწვდიან მთელ დედამიწას ჟანგბადს. შეხედეთ ფუტკრებს ან ჭიანჭველებს, თუ როგორ აღწევენ მიზანს, როგორ აქვთ ფუნქციები და შრომა განაწილებული და სოციალური ცხოვრება აწყობილი, ან უდაბნოს ცხოველებს ან ოკეანის თევზებს დააკვირდით თუ რა სიუხვით და მრავალფეროვნებით ხასიათდებიან და წარმატებით წყვეტენ ამ უკიდეგანო სამყაროში ცხოვრების ამოცანებს. უზარმაზარი სიუხვე და ბარაქაა სამყაროში, „გვაქვს უთვალავი ფერითა“ (რუსთველი) და „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები“ (აკაკი). სამყაროს არა მხოლოდ მიზეზ–შედეგობრიობა ანუ კაუზალობა ახასიათებს, არამედ იგი ტელეოლოგიურიცაა  ანუ მას მიზანმიმართულობაც მართავს, ხოლო მიზანმიმართულობა და მიზანდასახულობა სწორედ წარმატების მიღწევის შინაგანი ფაქტორია. აქედან გამომდინარე წარმატების მიღწევა სამყაროს ფუძეში ძევს. მეორეს მხრივ სამყარო არა მხოლოდ ციკლურია თავის მოძრაობაში, არამედ გაფართოების, განვრცობის, გამრავლებისა და გამრავალფეროვნებისაკენ მიისწრაფვის, რაც აპირობებს სიმდიდრეს, სიუხვესა და ბარაქას.   თუკი სამყაროს ესოდენ  ბუნებრივი თავისებურებაა წარმატება და ბარაქა, რატომაა  კაცობრიობის უმეტესობა რუტინაში ჩაფლული, წინსვლაზე არ არის ორიენტირებული და სიღარიბის ჭაობში იძირება? რატომაა, რომ ადამიანს განგებამ ტვინი აჩუქა, როგორც უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ბიოკომპიუტერზე უფრო მძლავრი სისტემა და ადამიანი მაინც უტვინოდ ცხოვრობს და სიღარიბის წუმპეში ეფლობა ?  გამოდის, რომ ადამიანის ცნობიერება და არაცნობიერი ასცდა სამყაროს ბუნებრივი განვითარებისა და ფუნქციონირების უნივერსალურ კანონს წარმატებისა და სიმდიდრის შესახებ. რახან თავი და თავი სწორედ ცნობიერებასა და არაცნობიერშია, მეც ვცდილობ  ჩემი საავტორო პროგრამით („წარმატების 365 დღე“)  მოვაქციო ადამიანები სიღარიბე– დეპრესიის დაძლევისა და თვითრეალიზაციისაკენ. საბედნიეროდ მე არ ვარ მარტო. ვამაყობ, რომ ჩემს უკან დგას სულიერი მოძღვრებებისა და მეცნიერული მიღწევების მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება. ცოდნის ამ უსასრულო სივრცეში მე მხოლოდ ერთი პატარა არსება ვარ, ვინც ცდილობს ამ ჩაჟამებულ, გაძვალტყავებულ და წარუმატებლობაზე ჩაციკლულ ქვეყანაში თავისი თანამემამულეები აზიაროს ბედისწერის, ფინანსების, ემოციების, სულიერი სიჯანსაღის,  პიროვნებათაშორისი ურთიერთობების მართვისა და თვითმართვის ხელოვნებას.
მინდა შემოგთავაზოთ სამყაროსადმი არა პრობლემური, არამედ რესურსული ხედვა და ამისთვის ჩაინიშნეთ შემდეგი კითხვა: რა ახალი და მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და რესურსები  შემიძლია მოვიძიო საკუთარ თავსა და გარე სამყაროში? რა არის ის რესურსები, რითაც მივაღწევს დასახულ მიზანს?
ეს კითხვები დღეში  ხუთჯერ მაინც უნდა დასვათ  საკუთარი თავის მისამართით. თქვენ დაბეჯითებით დასვით ეს კითხვები, ხოლო თქვენი ტვინი, როგორც უნივერსალური ენერგო–ინფორმაციული სისტემა  და ზემძლავრი კომპიუტერი, აუცილებლად მოგაწვდით სათანადო პასუხს სათანადო დროს.
3.      სიტყვისა და საქმის თანხვედრა და კონრაქტისადმი ერთგულება.
წარმატებული ქმედებების ერთერთი მნიშვნელოვანი მომენტი გახლავთ კონგრუენტობა ანუ სიტყვისა და საქმის, აზრისა და ემოციის, ვერბალური ენისა და სხეულის ენის, დაპირებისა და საქმიანობის შედეგის (ან მოტივაციის) შესაბამისობა და თანხვედრა. შრომით საქმიანობასა და ბიზნესში ეს კონტრაქტისადმი ერთგულებაში გამოიხატება, როცა ხელშეკრულების პუნქტებს შეესაბამება მუშაკის საქმიანობა და ამ საქმიანობის შედეგები.
დაპირებების ჩამორიგება და მათი არ შესრულება ან დაპირებების საწინააღმდეგო  ქმედება ძვირად უჯდებათ პოლიტიკოსებს და ასეთი არაკონგრუენტულობა დასჯადია ცხოვრების მიერ. თუკი აზრი ერთს მეტყველებს და ემოცია მის საპირისპიროს, მაშინ ასეთი არაგულწრფელობა და საკუთარ აზრსა და ემოციას შორის წინააღმდეგობა გარკვეულ დისკომფორტს და შინაგან კონფლიქტს ჰბადებს, რაც შესაძლოა რეგულარული განმეორების შემთხვევაში ფსიქოსომატურ ან ნევროტულ დარღვევებში გამოვლინდეს. როცა ვერბალური გამონათქვამები „სხეულის ენის“ საწინააღმდეგო ინფორმაციას გადმოსცემს, მაშინ არათუ ვერ აღწევ თანამოსაუბრის ან აუდიტორიის  დარწმუნებას შენი აზრის სისწორეში, არამედ უნდობლობას აღვივებ შენი პერსონის მისამართით. თუკი შენი სამსახურეობრივი ან ბიზნეს ქმედება ან ქმედების შედეგი ეწინააღმდეგება კონტრაქტში ჩაწერილ პუნქტებს, მაშინ ინტერესთა ან სხვა სახის კონფლიქტი გარდაუვალია, რაც შეიძლება სავალალო შედეგით დამთავრდეს. ყველა ქვეყანასა და კულტურაში პირის გატეხვა უარყოფითად ფასდება.  ასე, რომ კონგუენტულობა და კონტრაქტისადმი ერთგულება წარმატების მიღწევის მნიშვნელოვანი საწინდარია.
ზემოთქმულიდან  გამომდინარე  მნიშვნელოვანია თქვენს თავს რეგულარულად დაუსვათ კითხვები: ყველა დაპირებას ან კონტრაქტის პუნქტს ვასრულებ? ჩემი აზრი შესაბამისობაშია ჩემს გრძნობასთან და ხომ არ მოდის წინააღმდეგობაში? ჩემი საქმე და ქმედება ჩემი სიტყვის შესაბამისია? როგორ შემიძლია შესაბამისობასა და თანხვედრაში მოვიყვანო სიტყვა საქმესთან, გრძნობა აზრთან, ჩემი ქმედება კონტრაქტის პირობებთან? როგორ შემიძლია შესაბამისობაში მოვიყვანო ჩემი „სხეულის ენა“ ჩემსავე ნათქვამთან და მოქმედებებთან? 
ეს კითხვები დღეში  ხუთჯერ მაინც უნდა დასვათ  საკუთარი თავის მისამართით.
4.    მიღებული გადაწყვეტილების მტკიცედ და ზედმიწევნით დაჟინებით გატარება.
წარმატებული ადამიანები სწრაფად და გადაუდებლად იღებენ გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ დაჟინებითა და დაბეჯითებით გაატარებენ მას ცხოვრებაში, ხოლო თუკი ეს გადაწყვეტილება არ ამართლებს, მაშინ მიზანს არ ცვლიან და იგივედ სტოვებენ, ოღონდ ცვლიან და შეიმუშავებენ ახალ გზებსა და მიდგომებს, რომელსაც ისევ მტკიცედ და დაბეჯითებით ახორციელებენ; წარუმატებელნი კი ამის საპირისპიროდ მოქმედებენ ანუ ნელა და დიდი მერყეობით ღებულობენ გადაწყვეტილებას, პირველივე დაბრკოლების აღმოცენებისას იმთავითვე მიატოვებენ არჩეულ მიზანს და გადახტებიან სხვა მიზნებზე.  
ამიტომაც უპრიანია საკუთარ თავს რეგულარულად დაუსვათ კითხვები:  როგორ შემიძლია დაბეჯითებით და მტკიცედ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და მიღებული  გადაწყვეტილების განხორციელება, თუკი ჩემი გარემოდან მოდის დაბრკოლებები, საფრთხეები და ხელის შეშლა?
ეს კითხვა დღეში  ხუთჯერ მაინც უნდა დასვათ  საკუთარი თავის მისამართით.

5.    რისკის გაწევის უნარი.
წარმატების  თვალსაზრისით  ერთნი  ელტვიან გარკვეული რისკის საფასურად  წარმატების მიღწევას , ხოლო  მეორენი ცდილობენ რამენაირად წარუმატებლობა და რისკი აიცილონ თავიდან. წარმატების მიღწევა  გონივრულ  რისკს  ყოველთვის მოითხოვს.
ცხოვრება თვითონ არის ერთგვარი რისკი. როცა მამაკაცის მილიონობით სპერმატოზოიდი ხვდება  დედის საშოში, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ  ის ერთი სპერმატოზოიდი აუცილებლად შეხვდება იმ ერთადერთ კვერცხუჯრედს, რაც დედის საშოშია და გაანაყოფიერებს მას. დიდია რისკი, რომ ის ერთიც კი გზაში დაიღუპოს. როცა ნაყოფი ჩაისახება, მაშინაც დიდია რისკი, რომ იგი უდროოდ დაიღუპოს დედის სხეულში და ვერ მიაღწიოს დაბადების მომენტს. როცა დაბადების ჯერი დგება, არც მაშინაა 100%–იანი გარანტია , რომ ბავშვი გადარჩება. დაბადების შემდეგ კი ყოველ წუთას არის ჩასაფრებული დაღუპვის საფრთხე  და ვინ იცის, ვინც ცოცხლები ვართ, რამდენჯერ  გადავურჩით სიკვდილს. სიკვდილი გარდაუვალობაა და იგი ყოველ ნაბიჯზეა ჩასაფრებული. რახან სიცოცხლე თვითონაა რისკი, ცხადია ჩვენი  ყველანაირი ქმედება შეიცავს მარცხის რისკს. ბევრი ადამიანი დღენიადაგ მარცხის აცილებაზე ზრუნავს და შეიძლება ამაზე ჩაიციკლოს კიდეც. ამის გამო ის ერთ ადგილას იტკეპნება და წინ ვერ მიდის. მარცხის აცილება კარგია, მაგრამ წინსვლის გარანტი მარცხის აცილება კი არ არის , არამედ გონივრული რისკი.
ამიტომაც გთავაზობთ საკვანძო კითხვას, რომელიც თქვენს  თავს  შეგიძლიათ  რეგულარულად  დაუსვათ: რაში მდგომარეობს  რისკები მოცემულ მომენტში? რომელი რისკები ჩანს და რომელია ჯერჯერობით  დაფარული? რა რისკზე შემიძლია წავიდე? რა იქნება ამ რისკის გაწევის შემდგომი შედეგები?  ეს კითხვები  დღეში  ხუთჯერ მაინც უნდა დასვათ  საკუთარი თავის მისამართით.
6.    საქმის ხარისხიანი კეთება და ზომიერი პერფექციონიზმი.
ყველაფერი, რასაც ჩვენ მოვიმოქმედებთ, მოითხოვს ეფექტურობასა და ხარისხის ზრდას. ჩვენი ნამუშევარი და პროდუქტი იქნება ის თუ სხვათა მომსახურება, საუბარი და კომუნიკაცია, სწავლა თუ შრომა, კვება თუ დილის ვარჯიში, თავის მოვლა თუ მოგზაურობა და გართობა, ინტიმური ურთიერთობა თუ შვილების აღზრდა  – ყველაფერი მოითხოვს ხარისხიანად შესრულებას. უსარგებლო და უვარგისი რამ  ჩვენვე გვაყენებს ზიანს და სხვასაც.
წარმატებული ადამიანი მუდმივად ცდილობს სტანდარტებისა და ხარისხის აწევას თავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. ამ თვალსაზრისით  ფრიად სასარგებლოა ხარისხიანობისკენ სწრაფვის   უნარ–ჩვევის წვრთნა, რაც შემდეგი კითხვების დასმას გულისხმობს საკუთარი თავის მისამართით:  როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი საქმიანობის შედეგები და ხარისხი? როგორ შემიძლია ეფექტურობის ზრდა, რა არის ასეთი ზრდის საშუალება და რესურსი?
7.    მიზანდასახულობა და მკაფიო მიზნები.
მიზანდასახულობა ცენტრალური ნიშან–თვისებაა წარმატების მიღწევაში. ითვლება, რომ მიღწევა ფუნქციაა  მიზანდასახულობის. როგორც უკვე ვთქვი, სამყაროს არა მხოლოდ მიზეზ–შედეგობრიობა ანუ კაუზალობა ახასიათებს, არამედ იგი ტელეოლოგიურიცაა  ანუ მას მიზანმიმართულობაც მართავს, ხოლო მიზანმიმართულობა  სწორედ წარმატების მიღწევის შინაგანი ფაქტორია.
მიზნის დასახვა გულისხმობს დროით ორიენტაციას ანუ მიზნები  მომავალისაკენ წაგვმართავენ, მაგრამ ეს მომავალი შეიძლება იყოს ახლომდებარე და მოკლევადიანია, საშუალო დროითი ხანგრძლივობის ან გრძელვადიანი. ამას გარდა, ფრიად მნიშვნელოვანია დასახული მიზანი იყოს კონკრეტული და არა აბსტრაქტული, მკაფიო და არა ბუნდოვანი, რეალისტური და არა რეალობას მოკლებული. ფსიქოლოგიურ წიგნებში უკვე ტრივიალურია იმ ფაქტის  გახსენება, რომ მე–20 საუკუნის 50–იან წლებში ჩიკაგოს ერთერთ კოლეჯში სტუდენტებს  დაურიგეს კითხვარები, სადაც უნდა ჩამოეწერათ მოკლევადიანი, საშუალო ვადიანი და გრძელვადიანი მიზნები. ამავე დროს ეს შევსებული კითხვარები ფასდებოდა იმის მიხედვით, თუ რაოდენ მკაფიო ან ბუნდოვანი, კონკრეტული ან აბსტარქტული იყო სტუდენტთა მიერ მითითებული მიზნები. სტუდენტთა მიერ შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგად გადაირჩა ის კითხვარები, რომლებშიც მოკლევადიანი, შუალედური და გრძელვადიანი მიზნები უკლებლივ იყო ჩამოთვლილი და თანაც ეს მიზნები გამოირჩეოდა მკაფიოობისა და კონკრეტულობის ხარისხის მიხედვით. ამ თვისებებით ხასიათდებოდა სტუდენტთა ნამუშევრების მხოლოდ 5 %–ი. ყველა ნამუშევარი შეინახეს სეიფში და 10 წლის შემდეგ ყველა კურსდამთავრებულს დაურეკეს და დაუსვეს შემდეგი კითხვა: „რამდენი გაქვთ წლიური შემოსავალი დოლარებში?“. აღმოჩნდა, რომ ყოფილ სტუდენტთა იმ  5%–ის შემოსავლები, რომელთა ნამუშევრებიც ხასიათდებოდა მკაფიოობისა და კონკრეტულობის მაღალი ხარისხითა და მოკლევადიანი–შუალედური–გრძელვადიანი მიზნების უკლებლივ მოხსენიებით, აღემატებოდა იმ დანარჩენი 95%–ის ყოფილი სტუდენტების შემოსავლებს, რომელთა ნამუშევარი ხარვეზებს შეიცავდა. აქედან გამომდინარე გაკეთდა დასკვნა, თუ რა დიდი ძალაა აქვს ადამიანთა წინსვლაში მიზანდასახულობას.
ზემოთქმულიდან გამომდინარე  რეგულარულად დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რა არის ჩემი უახლოესი და მოკლევადიანი მიზნები? რა არის ჩემი გრძელვადიანი მიზნები? რომელი მიზნებია ჩემთვის პრიორიტეტული? რამდენად კონკრეტული და მკაფიოა ისინი? როგორ მივაღწიო ამ მიზნებს, რა არის ამ მიზანთა მიღწევის საშუალებები და რესურსები, გზები და ნაბიჯები?
8.    დაგეგმვის უნარი, მონიტორინგი და სტრატეგიული ხედვები.
წარმატებული ადამიანები ყოველთვის გეგმავენ, აკვირდებიან და შეაფასებენ როგორც მიმდინარე  საქმიანობას, ასევე გრძელვადიან პერსპექტივებს. მათ ახასიათებთ სტრატეგიული  ხედვები და ტაქტიკური სვლების წინასწარ განჭვრეტის ჩვევა. ისინი ცხოვრობენ  გარემოსეული ფაქტორებისა და საკუთარი ქმედებების  მუდმივი მონიტორინგის რეჟიმში.
დაგეგმვა ხორციელდება მონიტორინგის საფუძველზე, მაგრამ თვითონ მონიტორინგიც იგეგმება. დაგეგმვას ექვემდებარება მიმდინარე საქმიანობები, ყოველდღიური ცხოვრება და ამავე დროს გრძელვადიანი პერიოდები ( სამწლიანი, ხუთწლიანი, ათწლიანი პერიოდები). იმავდროულად გეგმის გრაფიკი ყოველთვის შეიცავს მოქნილობის კომპონენტს, გეგმაში ყოველთვის შედის კორექტივები. იგეგმება დღე, კვირა, თვე, წელიწადი, წლები. გეგმები როგორც წესი გაწერილია. ასე ხდება მდგრადი განვითარების პირობების შექმნა.
დაგეგმვისა და მონიტორინგის მიმართულებით საკუთარ თავს შეიძლება დავუსვათ შემდეგი ორი კითხვა: როგორ დავგეგმო მიმდინარე და გრძელვადიანი საქმიანობა? როგორ ვაწარმოო ჩემი საქმიანობის წარმატებულობის მონიტორინგი და შეფასება?  თუ მართლა გსურთ მიღწევების რეჟიმში იცხოვროთ, დასვით ეს კითხვები რეგულარულად.
9.    მუდმივი ინფორმაციული განახლება, ინოვაცია.
ჩვენ ვცხოვრობთ ინფორმაციულ საუკუნეში. ინფორმაცია მთავარი კაპიტალია. დღეს წამყვანია ცოდნის ეკონომიკა.
ინფორმაციის მუდმივი განახლება, მოძიება და ინოვაცია წარმატების მიღწევის უცილობელი ფაქტორია ჩვენს ეპოქაში. ინფორმაციულად სამყარო გამუდმებით იცვლება. ჩვენ უსწრაფესად ცვალებად სამყაროში ვცხოვრობთ. სამყარო აჩქარდა. ეს აჩქარება ინფორმაციის განახლებისა და გავრცელების ტემპების ზრდამ განაპირობა. თუ დღეს მოწინავე ხარ, ხვალ შეიძლება მაჩანჩალა გახდე, თუკი ინფორმაციულად წინ არ წახვედი. საჭიროა არა მხოლოდ ინფორმაციის სწრაფი მოძიების ხერხებს ფლობდე, არამედ მათი საიმედოდ შენახვისა და ეფექტური დასტრუქტურების უნარ–ჩვევებიც გქონდეს.
ინფორმაციული განახლების უნარ–ჩვევების  შესამუშავებლად  რეგულარულად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: როგორ უზრუნველჰყო საკუთარი თავი ახალი ინფორმაციით? რა სიახლეა სადღეისოდ ჩემს სფეროში? რა არის ინფორმაციის საუკეთესო წყარო ამ სფეროში? 

10. თანამოაზრეთა პოვნის, გუნდური მოქმედებისა და სხვათა დარწმუნების  უნარი.
თანამოაზრეთა გუნდის ყოლა წარმატების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ადამიანთა დარწმუნება და მოტივირება, ქსელების შექმნა და ეფექტური კომუნიკაცია  წინსვლისა და მიღწევების სრულიად აუცილებელი პირობაა.
თანამოზრეთა გუნდის შეკვრას თავისი წესები და ტექნიკები აქვს. მისი ერთერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ფუნქციათა სწორი გადანაწილება და პასუხისმგებლობების დელეგირება. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს უყურო არა როგორც პასიურ შემსრულებელს , არამედ როგორც აქტიურ ლიდერს. სხვათა დარწმუნების უნარ–ჩვევა  ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკების ფლობას ეფუძვნება. ეფექტური კომუნიკაციისა და სხვათა დარწმუნების ტექნიკების ძირითადი პრინციპია შემდეგი: 1)სხვის დარწმუნებას შეეცადე მხოლოდ იმაში, რისიც შენ თვითონ ნამდვილად გწამს; 2) კომუნიკაციისას ჯერ აეწყვე შენთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანის ღირებულებებს, მიზნებს, ლექსიკას, შეხედულებებს, ფსიქოფიზიოლოგიურ მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდე მას ის ინფორმაცია და არგუმენტები, რაშიც შენ გსურს იგი დაარწმუნო.
რეგულარულად დაუსვით თქვენს საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: როგორ დავარწმუნო ადამიანები, როგორ მოვახდინო მათზე გავლენა და როგორ შევქმნა თანამოაზრეთა ქსელი? როგორ გავაფართოვო ეს ქსელები? რომელი ახალი თანამოაზრეები შემიძლია მოვიპოვო?
·         მე მესმის და ცხადია, რომ თქვენ ვერ შეძლებთ ერთ დღეში ხშირად იმეოროთ იმ კთხვების დასმა საკუთარი თავის მისამართით, რაც აქ  ჩამოვთვალე. ამიტომ არსებობს გაცილებით მარტივი და დროში გაშლილი გზა: ყოველდღე მორიგეობით აქ მითითებული 10 პიროვნული თვისებიდან პირველ დღეს აიღეთ პირველი თვისება და  გაიმეორეთ მისთვის შესაბამისი დასასმელი კითხვები ამ დღეს ხუთჯერ; ამის შემდეგ მეორე დღეს აიღეთ მე–2  თვისება და მისი შესაბამისი კითხვები დასვით ასევე ხუთჯერ და ასე გააგრძელეთ  მე–10 დღის ჩათვლით; 10 დღის შემდეგ ისევ გაიმეორეთ 10–დღიანი ციკლი კითხვების დასმისა დღეში ხუთჯერ. რამდენიმე თვის შემდეგ ნახავთ , რომ თქვენი საქმეები უკეთ მიდის.  რატომ? მარტივი მიზეზი ისაა, რომ ჩამოთვლილი კითხვების რეგულარული დასმით თქვენ აყალიბებთ და აღვიძებთ შესაბამის პოზიტიურ განწყობას, რათა იმოქმედოთ  წარმატების გამომწვევი პიროვნული თვისების შესაბამისად. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია.
ამას გარდა შეგიძლიათ გაიაროთ სპეციალური ტრენინგი, სადაც ამ თვისებათა გამომუშავებისა და „დაქოქვის“ სხვა ახალი კომპონენტები დაერთვება, როგორიცაა შესაბამისი პიროვნული თვისების ფსიქოდიაგნოსტიკა,  მითითებულ პიროვნულ თვისებათა „სხეულის ენის“ შემუშავება, იგივე პიროვნულ თვისებათა შესაბამისი ემოციური „სპექტრის“ გამოწვევის უნარი და სხვა. 
   














Комментариев нет :

Отправить комментарий