2.28.2015

ბავშვური სპონტანობის დაბრუნება და ხელახლა დაბადება


წარმატების 365 დღე
92–ე დღე
სიცოცხლე მუდმივი დაბადება–კვდომა–ხელახლა დაბადების უწყვეტი პროცესია. ყოველ წუთში ჩვენს ორგანიზმში იბადება  და კვდება მილიონობით უჯრედი. წარამარა ჩვენს ტვინში ჩნდება და ქრება ათასნაირი აზრი, შეგრძნება, მოგონება, წარმოდგენა, ვიზუალური ან აუდიალური ხატი. ყველა ელტვის ხელახლა დაბადებასა და განახლებას. ყველას სურს დაბრუნდეს ბავშვობაში და ხელახლა განიცადოს პატარაობის სანეტარო წუთები. ადამიანები თავიანთ ბავშვობას სამოთხის ელფერით გადმოსცემენ, პოეტები ბავშვობის მოგონებებს უმღერიან.
საქართველოში იბადებოდნენ
და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამაზე:
ეხ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს,
ჩვენი ბავშვობა და სილამაზე“– წერდა ლადო ასათიანი.
დაბრუნდით ბავშვობაში! ეს შესაძლებელია. ჩვენში ცხოვრობს ის პატარა ბავშვი, რაც ვიყავით ბავშვობაში: უშუალო, გულწრფელი, მიმნდობი და მიამიტი, ცელქი და მოძრავი, თამაშის მოყვარული, საოცრად ცნობისმოყვარე, ხალისიანი, მომღიმარი და მომცინარი. დაიწყეთ თამაში, განსაკუთრებით კი, როცა პატარა ბავშვთან ხართ , აჰყევით მას ცეკვა–თამაშში, ილაღეთ მასთან ერთად. დათმეთ თქვენი რესპექტაბელობა. მოიხსენით თქვენი ნიღაბი. თქვენ გაქვთ ჯავშანი, რითაც იბოჭებით. ეს ჯავშანი თქვენი დაცვითი პოზიციის, ვალდებულებების, დათრგუნული და განდევნილი ვნების ან სპონტანობის დათრგუნვის ჯავშანია. ის თქვენ გიცავთ, თუმცა შეიძლება არც კი იყოს დაცვის საჭიროება და აუცილებლობა. თქვენ გინდათ გამოიყურებოდეთ ისე, როგორც მიღებულია საზოგადოებაში, თქვენ გინდათ ჩანდეთ სანიმუშო კაცად, დედად, მამად, საზოგადო მოღვაწედ, ცნობად სახედ. თქვენ ბევრი ყალბი „მე“ გაქვთ, რათა თქვენი ის სპონტანური პატარა ბავშვი დამალოთ, რაც თქვენში ცხოვრობს. გახდით ბავშვივით სპონტანური, არავინ წაგართმევთ სერიოზულობას. მოიშორეთ ხელოვნური ნიღბები და გახდით ბუნებრივი. ცოტა ხნით მაინც მოიცილეთ პირობითობები, რომლებიც გბოჭავენ, გზღუდავენ და ხანდახან გახრჩობენ კიდეც.  გახდით ბავშვივით ცნობისმოყვარე და ნუ დაიკავებთ პოზას, თითქოს ყველაფერი იცით. არავინ არ იცის ყველაფერი და ბოლოს და ბოლოს ბრძენი ისაა, ვინც იცის , რომ არაფერი არ იცის.  თქვენი პოზით რეალურ სიბრძნეს მაინც ვერ შეიძენთ, რაში გჭირდებათ ეს მძიმე ჯავშანი. თქვენი ჯავშანისა გამო არ შეგიძლიათ თავისუფლად იცეკვოთ, იხტუნოთ, იმღეროთ, იყვიროთ, იცინოთ. თქვენ მხოლოდ მაშინ იცინით, როცა თვლით, რომ ამის საფუძველი გაქვთ და როცა ეს მიღებულია. თქვენ არ შეგიძლიათ ისე, უმიზეზოდ, უბრალოდ იცინოთ, როგორც გადაიკისკისებენ პატარები. თქვენ მაინცადამაინც მიზეზი და შესაბამისი პირობები გჭირდებათ, რათა იცინოთ. თქვენ არ შეგიძლიათ იყო ჩვეულებრივად და სრულიად უმიზეზოდ იყოთ მხიარულ ხასიათზე. თქვენ ნებართვას ელოდებით, რათა გაიხაროთ. თქვენ ცდილობთ მაინცადამაინც ჭკვიანური ილაპარაკოთ, გეშინიათ რაიმე შეცდომა არ დაუშვათ უნებლიედ. თქვენ ინიღბებით, იმალებით ათასნაირი ნიღბებისა და კონვენციალური როლების უკან. ერიდებით უშუალობას, გულწრფელობასა და მიამიტობას, რათა არ ჩაგთვალონ პატარა ბავშვად, გამოუცდელად. თქვენ თრგუნავთ თქვენში არსებულ სპონტანურ, ცნობისმოყვარე  და შემოქმედებით არსებას, რაც თქვენში სულდგმულობს თქვენი პატარა ბავშვის სახით. მოიცილეთ თქვენი ტვინიდან თქვენი ცოდნები, გადააგდეთ თქვენი სერიოზულობა, ითამაშეთ პატარა ბავშვივით. თქვენ ამით არაფერსაც არ კარგავთ, რადგან თქვენ არც არაფერი არ გაქვთ დასაკარგი, გარდა თქვენი ხელოვნურობისა და სიყალბეებისა. თქვენ ვერაფერსაც ვერ დაკარგავთ, მაგრამ მოხდება ის, რომ თქვენ ამიერიდან აღარ იქნებით ისეთი, როგორც აქამდე იყავით. ამიტომაცაა საჭირო სპონტანური ბავშვური თამაში. ამით ჩნდება შანსი, რომ თქვენ ფსიქოლოგიურად დაბრუნდეთ იმ პერიოდში, როცა თქვენი შეწყვიტეთ პიროვნული ზრდა. თქვენს ბავშვობაში იყო მომენტი, როცა თქვენ შეწყვიტეთ ზრდა და დაისწავლეთ სიყალბე. მაგალითად, თქვენ ოდესღაც გამოხატავდით აგრესიასა და ბრაზს, ხოლო თქვენი მშობლები ჩაგჩიჩინებდნენ, რომ ასე არ შეიძლება, რომ ასე ცუდი ბავშვები იქცევიან და ა.შ. თქვენ აქამდე ბუნებრივი არსება იყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეგეშინდათ, რომ დაკარგავით მშობლების მხრიდან სიყვარულს და შეიძინეთ თვისება მოითმინოთ ყოველგვარი უმსგავსოება და უსამართლობა.   
ბავშვივით ითამაშეთ და იხტუნეთ, იცეკვეთ და იმღერეთ, რათა დაიბრუნოთ ბავშვობა და განუმეორებლობა. ეს არ არის ადვილი, მაგრამ შემოქმედებითი წარმატების მიღწევის ერთერთი ძირითადი პირობაა.  ეს არ არის ადვილი საქმე, რადგან მოგიხდებათ თქვენი ნიღბების მოცილება. თქვენი პიროვნება უკანა პლანზე უნდა დააყენოთ. თქვენი არსება უკეთ გამოჩნდება და რეალიზდება, როცა თქვენი პიროვნება თავისი შეძენილი როლური რეპერტუარითა და პირობითობებით  უკან გადაიწევს, რადგან თქვენი პიროვნება შესაძლოა ის ციხეა, სადაც პატიმრობაში იმყოფებით. გამოდით ციხიდან, განთავისუფლდით და ეზიარეთ მეორე დაბადებას. დაბადება არ ხდება ტკივილის გარეშე და ეს განთავისუფლებაც მტკივნეული პროცესია.  გარისკეთ!!!
მედიტაციური სავარჯიშო
პირველი ნაბიჯი:  30 წუთის განმავლობაში გახდით პატარა ბავშვივით: ითამაშეთ, იცეკვეთ, იხტუნეთ, იმღერეთ, ბავშვივით იცელქეთ, ცნობისმოყვარეობით შეხედეთ თქვენს ირგვლივ ყველაფერს. მაგრამ არ შეეხოთ არავის, არავის არაფერში ხელი არ შეუშალოთ.
მეორე ნაბიჯი: 15 წუთის განმავლობაში გააკეთეთ „არ–კეთების“ მედიტაცია. იყავით ერთ ადგილას. იჯექით და მოეწყვეთ კომფორტულად. ნურაფერს ნუ გააკეთებთ, ნუ იფიქრებთ, არ იმოძრაოთ. იყურეთ ერთი მიმართულებით, მიეცით თავი სრულ მოცალეობას, ჩაეფალით უმოქმედობისა, სიჩუმისა და სიცარიელის სიტუაციაში, ეზიარეთ დაოს მარადიულობას. რამდენიმე დღის განმავლობაში ერთმნეთზე მიყოლებით გააკეთეთეთ ეს სავარჯიშო, ხოლო შემდგომში თვეში ერთხელ მაინც გააკეთეთ ეს სავარჯიშო და გაბავშვდით.
რას ისწავლით ამ სავარჯიშოთი? ყველაზე მთავარს: სპონტანურობას, გულწრფელობის (არ აგერიოთ გულახდილობაში) ფასს, კრეატიულობას, მოქნილობას, სილაღეს. ეს არ არის ცოტა!
პრენატალური პერიოდის დინამიკა და  ხელახლა დაბადების მედიტაცია.
ახლა კი მინდა ხელახლა დაბადების ერთ ტექნიკაზე გესაუბროთ, რაც სტანისლავ გროფის პრენატალური პერიოდის განვითარების სტადიებს ეყრდნობა. სტანისლავ გროფმა ბავშვის პრენატალური განვითარების სტადიები ანუ მატრიცები აღწერა, მაგრამ მეთოდურად შეიმუშავა ჰოლოტროპული სუნთქვის მეთოდი, რომელიც მისი აზრით გამოხატავდა  ამ პრენატალურ პერიოდს და მის ეტაპებს. მაგრამ ჰოლოტროპული სუნთქვა ამ სტადიების მხოლოდ ერთ პერიოდს, კერძოდ, დედის მუცლიდან გვირაბში გამოსვლის პროცესს ანუ ბრძოლის მატრიცას ეხება. ამიტომ ეს მეთოდი შესაძლოა ვერც კი გამოხატავს სრულად ამ სტადიებს და ვერც იძლევა დასრულებულ თერაპიულ ეფექტს. მე შევეცადე შემევსო ეს დანაკლისი და შემემუშავებინა პრენატალური პერიოდის ფსიქოლოგიის შესაბამისი ფსიქოლოგიური (სუნთქვითი) ტექნიკა. მას ქვემოთ იმის შემდეგ აღვწერ, რაც თავდაპირველად მოკლედ დავახასიათებთ პრენატალ ურიპერიოდის სტადიებს.
I მატრიცა: ედემის მატრიცა. პრენატალური პერიოდი მოიცავს პერიოდს ბავშვის ჩასახვიდან  მისი დაბადების ჩათვლით. პრენატალურ პერიოდში ნაყოფი დედის მუცლად ყოფნისას გროფის მიხედვით„ედემის“ სიტუაციაშია იმ გაგებით, რომ იგი სრულიად შერწყმულია დედის ორგანიზმთან და ყველა მისი მოთხოვნილება მანამდის კმაყოფილდება, ვიდრე იგი აღმოცენებულა. ნაყოფი ნეტარების ხანაშია. იგი სიმბიოზურ ურთიერთობაშია დედის ორგანიზმთან. იგი სრულიად დაცულია დედის ორგანიზმის მიერ, იგი დედის სხეულიდან უშუალოდ იკვებება. თუ ვინიცობაა ამ პერიოდში დედას რაიმე რადიკალური სახის ფიზიკური ან სულიერი დაბრკოლებები და დარტყმები გადახდა თავს, შემდგომში სიყმაწვილისა და ზრდასრულობის პერიოდში ამ პიროვნებას შესაძლოა ექნეს დაუცველობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის ნევროტული გადახრები. თუკი „ედემის“ პერიოდმა ჩაიარა ყოველგვარი პრობლემების გარეშე და დედა სრულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კომფორტში იმყოფებოდა ფეხმძიმობის ხანაში, მაშინ დიდია იმის შანსი, რომ ყმაწვილობისა და ზრდასრულობის პერიოდში პიროვნება უფრო გაწონასწორებული და ადაპტაციის მაღალი ხარისხით ხასიათდებოდეს. ამიტომაც დედის ჯანსაღ გუნებ–განწყობასა და მის ფიზიკურ კომფორტს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვობაში და ზრდასრულობაში პიროვნების ფსიქოლოგიური და ფიზიკური სიჯანსაღის თვალსაზრისით.
II მატრიცა: შებოჭვისა და დისკომფორტის მატრიცა. ეს სტადია უშუალოდ დაბადების პერიოდს უსწრებს წინ. ეს გამოიხატება იმაში, რომ დედის ორგანიზმი იწყებს ჭინთვებს და მარწუხებივით უჭერს ნაყოფს. ნაყოფი დისკომფორტს განიცდის შებოჭვის გამო.  თუკი ეს დიდხანს და ინტენსიურად გაგრძელდა, შემდგომში შესაძლოა ამ პიროვნებას ჰქონდეს დახუთვის, შებოჭილობის, სპაზმატური სახის ფსიქოსომატური დარღვევები (მაგალითად, ასთმა).
III  მატრიცა: ბრძოლის სტადია. ეს არის ის მომენტი, როცა ბავშვი იბადება. ბავშვი გამოდის გვირაბიდან, რომელიც საკმაოდ ვიწროა. ამ გამოსვლას ბრძოლა სჭირდება და იბრძვის დედის ორგანიზმი თავისი ჭინთვებით, მაგრამ ამავე დროს იბრძვის თვითონ ნაყოფიც, რათა გამოძვრეს და განთავისუფლდეს. თუ ამ ბრძოლამ წარმატებით ჩაიარა, პიროვნება მიზანდასახული და მიღწევაზე ორიენტირებული იქნება, რომელიც დაბრკოლებებს არ ეპუება და გამოწვევებს ბრძოლით პასუხობს. თუკი ნაყოფი საკეისროთი დაიბადა, შესაძლოა შემდგომში ისეთი პიროვნების ჩამოყალიბებასთან გვქონდეს საქმე, რომელიც დაბრკოლების შემთხვევაში თავს ანებებს ბრძოლას და უცებ ნებდება ან კიდევ მარცხის შემდეგ მწყობრიდან გამოდის, ვერ შეიწყნარებს მარცხს და მწვავედ განიცდის მას, ხშირად ეუფლება იმედგაცრუების გრძნობა.
IV მატრიცა: შვების მატრიცა. ბავშვი იბადება ამოყვირებით. როგორც ოტო რანკი იტყოდა, დაბადება პირველადი ტრავმაა. ბავშვი შეისუნთქავს ჰაერს და ქმნის ფილტვების საბაზო მოცულობის ჰაერის მასას, რაც მას მთელი ცხოვრება გამოჰყვება, სანამ ბოლო ამოსუნქვისას მთლიანად არ დაცლის ფილტვებს გარდაცვალების დროს. ბავშვს მოაცლიან ჭიპლარს, რაც მას აერთებდა დედის ორგანიზმთან და ამის შემდეგ იგი უკვე ცალკე ორგანიზმია. ბავშვი მოთავსდება დაცულ გარემოში, სადაც სითბოა, შუქი შედარებით მკრთალია, სიჩუმეა. ახალშობილს ექმნება ისეთი გარემო, რომელიც უახლოვდება თავისი ფიზიკური მონაცემებით იმას, რაც მას ჰქონდა პირველი სტადიის „ედემის“ ხანაში. ბავშვი ნეტარებს, როცა დედის ძუძუს წოვს. დედა და მისი ტანი ბავშვის ყველაზე სასურველი გარემოა. კვლევებმა დაადასტურა, თუ რაოდენ დიდი როლი აქვს დედის ნაზ, მზრუნველობით და სიყვარულით აღსავსე მოპყრობას ბავშვის ფიზიკურ და სულიერ სიჯანსაღესა და განვითარებაზე. ამ დროს თითქოს ერთგვარად მეორდება „ედემის“ სტადიის ანალოგიური სიმბიოზური მდგომარეობა, თუმცა ამჯერად ბავშვი უკვე დედის ორგანიზმისაგან გამოყოფილია. დედის ტანთან რეგულარი კონტაქტი, მასთან სიახლოვე, დედის ხმის სიყვარულით გამსჭვალული  ჟღერადობა ბავშვის ჟანსაღი განვითარების ძალზედ მნიშვნელოვანი ფაქტორია. როცა ეგზისტენციალისტურად მოზროვნე ფილოსოფოსები (ჰაიდეგერი, სარტრი) ლაპარაკობენ, რომ ადამიანი გადაგდებულია სამყაროში და განწირულია მარტოობისათვის, ასეთი სულიერი მდგომარეობა უფრო მიესადაგება იმ ადამიანებს, ვინაც დედის ალერსს მოკლებული იყო ჩვილობის პერიოდში.  
 მედიტაციური სავარჯიშო: „ხელახლა დაბადება“
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, მე შევიმუშავე მედიტაციური სუნთქვითი სავარჯიშო, რომელიც პრენატალური პერიოდისა და დაბადების სტადიებს შეესაბამება.
პირველი მატრიცის ანუ „ედემის“ შესაბამისი სუნთქვითი რიტმი უნდა იყოს მდორე, უწყვეტი, შეუმჩნეველი, ზედაპირული. იგი აბსოლუტურად  რელაქსირებულ და უდრტვინელ მდგომარეობას გადმოსცემს, ხოლო ნაყოფის სისხლძარღვოვანი სისტემა დედის მუცელში მართლაც უწყვეტად ღებულობს ჯანგბადს, უწყვეტად და შეუმჩნევლად მიმდინარეობს მისი მეტაბოლიზმის პროცესი. იგი აბსოლუტურად უდრტვინველად და რელაქსირებულად არის განთავსებული დედის ორგანიზმში, ხოლო ის რომ სუნთქავდეს, მისი სუნთქვა დახასიათდებოდა როგორც უაღრესად ზედაპირული და უწყვეტი. აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ექიმი ბუტეიკო ზედაპირულ სუნთქვას იყენებდა სხვადასხვა დარღვევათა სამკურნალოდ, ხოლო ე.წ. რებერფინგის (ხელახლა დაბადების) სკოლის ტექნიკათა შორის უწყვეტი სუნთქვის ვარჯიშს ცენტრალური ადგილი უჭირავს. მაგრამ არც ბუტეიკო და არც რებერფინგის სპეციალისტები უწყვეტ და ზედაპირულ სუნთქვას არ სვამენ იმ კონტექსტში, რომ დაბადების სტადიათა ციკლი დასრულდეს და შეიკრას ერთ მთლიანობად, როგორც ეს არის ჩემს სავარჯიშოში.
 მეორე მატრიცა, რაც შებოჭვასა და დისკომფორტს გამოხატავს, ხასიათდება დაძაბულობით, ორგანიზმის შეკვრითა და დაჭიმვით, ხოლო ნაყოფი რომ სუნთქავდეს, მაშინ მას ექნებოდა სუნთქვის შეკვრა და შეკავება როგორც შესუნთქვის, ისე ამოსუნთქვის შემდეგ.
პრენატალური პერიოდის მესამე სტადია ანუ „ბრძოლის“ მატრიცა ხასიათდება ინტენსიური მოქმედებებით, რაც გადარჩენისთვის ბრძოლის გამოხატულებაა. ნაყოფს რომ სუნთქვა ჰქონდეს, ეს იქნებოდა ინტენსიური ღრმა სუნთქვა, რაც სტანისლავ გროფმა თავისი ჰოლოტროპული სუნთქვის ტექნიკის სახით წარმოადგინა.
მეოთხე სტადია „ედემის“ მდგომარეობის გამეორებაა დაბადების შემდეგ ჩვილობაში. ამიტომაც აქაც წამყვანია ზედაპირული, უწყვეტი და უდრტვინველი სუნთქვა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, მედიტაციური სავარჯიშო „ხელახლა დაბადება“ შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: 1) ზედაპირული და უწყვეტი სუნთქვა რელაქსირებულ მდგომარეობაში; 2) სუნთქვის შეკვრა და შეკავება დაძაბულ, ერთ მუშტად შეკრულ მდგომარეობაში; 3) ღრმა, ინტენსიური და სწრაფი სუნთქვა დაძაბულ და მოძრავ სიტუაციაში; 4) ისევ ზედაპირული და უწყვეტი სუნთქვა რელაქსირებულ მდგომარეობაში.
პირველი ნაბიჯი
თვალდახუჭულ და მოშვებულ, რელაქსირებულ მდგომარეობაში დაიწყეთ უაღრესად ზედაპირული და უწყვეტი სუნთქვა. უწყვეტი ნიშნავს იმას, რომ არ იყოს პაუზა როგორც შესუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის, ისე ამოსუნთქვასა და შესუნთქვას შორის. ხანგრძლივობა 10 წუთი.
მეორე ნაბიჯი
თვალდახუჭულ და აფორიაქებულ მდგომარეობაში შეკუმშეთ კუნთები, მოიხარეთ და შეიკარით ერთ მუშტად. შეისუნთქეთ ჰაერი და შეჰკარით სუნთქვა, შეაჩერეთ ჰაერი ფილტვებში, რის შემდეგაც ამოისუნთქეთ და ასევე შეაკავეთ სუნთქვა; გაიმეორეთ ასე მრავალჯერ.  ხანგრძლივობა 2,5  წუთი.
მესამე ნაბიჯი
გადადით ინტენსიური, სწრაფი და ღრმა სუნთქვის რეჟიმში, იქლოშინეთ. იმოძრავეთ სხეულით, თითქოს იკლაკნებით. ხანგრძლივობა 2,5 წუთი.
მეოთხე ნაბიჯი
ისევე როგორც პირველი ნაბიჯის დროს, თვალდახუჭულ და მოშვებულ, რელაქსირებულ მდგომარეობაში დაიწყეთ უაღრესად ზედაპირული და უწყვეტი სუნთქვა. უწყვეტი ნიშნავს იმას, რომ არ იყოს პაუზა როგორც შესუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის, ისე ამოსუნთქვასა და შესუნთქვას შორის. ხანგრძლივობა 10 წუთი.
ეს მედიტაციური სავარჯიშო არაერთხელ მაქვს გამოყენებული როგორც პიროვნული ზრდის ტრენინგებში, ისე ფსიქოთერაპიულ პრაქტიკაში. მთავარია დააკვირდე და გააცნობიერო ესა თუ ის შეგრძნებები ან აზრები, რომლებიც ამ სავარჯიშოს გაკეთებისას გესტუმრებათ. ამ შეგრძნებათა და აზრთა ანალიზი საინტერესო მასალას მოგაწვდით თუ როგორ დაძლიოთ თქვენი ესა თუ ის სულიერი ან ფსიქოსომატური პრობლემა. მე მქონდა რამდენიმე საინტერესო შემთხვევა, როცა პოსტ–ტრავმატული სტრესული დარღვევებისა და განცდების კარგი გადამუშავება მოხდა ამ ტექნიკის გამოყენების მეოხებით. რახან ეს მედიტაციური სავარჯიშო სუნთქვითი რეჟიმების მონაცვლეობით პრენატალური და დაბადების პროცესის ერთგვარ მოდელირებას აკეთებს, იგი კარგი საშუალებაა განახლების ენერგეტიკა შემოიტანოს ადამიანის სულსა და სხეულში ხელახლა დაბადების ნიშნად. 
გააკეთეთ ბავშვობაში გადასვლისა და ხელახლა დაბადების სავარჯიშოები და განაახლეთ თქვენი არსება!


Комментариев нет :

Отправить комментарий