2.19.2015

შეინარჩუნე სიმშვიდე ქაოსის, დაძაბულობის, შფოთვის, სტრესის, ბრაზისა და დაუოკებელი სურვილის პირობებში

წარმატების 365 დღე
91–ე დღე
ისე არაფერი სჭირდება წარმატების მიღწევას, როგორც შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერი დაძაბული სიტუაციის დროს.  სიმშვიდის შენარჩუნება ადამიანებს უჭირთ სტრესის, შფოთვა–წუხილის, ბრაზის თუ დაუოკებელი სურვილის აღმოცენების დროს. ადამიანთა დიდი უმრავლესობა ერთბაშად გადაეშვება სულიერ ფორიაქში: როცა სტრესია, სანერვიულოა ან   რაიმე სურვილის ასრულების ჟინით  ისეა შეპყრობილი, რომ მოთმინება ეკარგება, იგი წონასწორობას კარგავს  და გაწამაწიაშია ჩართული. ამ დროს  ადამიანები მთლიანად აიგივებენ საკუთარ თავს სტრესთან, საკუთარ სურვილთან, სასოწარკვეთასა და იმედ–გაცრუებასთან, წუხილთან და  ბრაზთან. მათ ამ დროს ავიწყდებათ და, ვგონებ, არც არასოდეს გაუგიათ ან არ ახსოვთ, რომ თვითონ არ არიან არც ის სტრესი, რაც აღმოცენდა, არც ბრაზი, რამაც განარისხა,  არც წუხილი ან შფოთვა, რამაც შეაწუხა, არც სასოწარკვეთილი მდგომარეობა, და არც სურვილი, რომლის ასრულებასაც დაჟინებით ცდილობს. ამ დროს ადამიანი თითქოს თავს კარგავს სურვილში, ბრაზში, წუხილში, იმედ–გაცრუებაში... ის უკვე როგორც საკუთარი თავის ბატონ–პატრონი დაკარგულია, მისი „მე“ წუხილ–ბრაზ–სურვილ– სტრესში ჩაიკარგა, ხოლო მისი როგორც საკუთარი თავის ბატონ–პატრონის ადგილი დაიკავა ბრაზმა და იგი მთლიანად ბრაზია, სურვილმა და იგი მთლიანად სურვილია, წუხილმა და იგი მთლიანად წუხილია..... ამ დროს ადამიანი საკუთარი თავის ბატონ–პატრონი კი არ არის, არამედ იმ მდგომარეობის ტყვეა, რასთანაც თავი გაიგივებული აქვს და რასთანაც დისტანიცირებას ვერ ახერხებს. იგი წუხილს, ბრაზს, სურვილს, დისტრესს ჰყავს მძევლად ან ტყვედ აყვანილი. იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი როგორც ბატონ–პატრონი დაიბრუნოს და  შეინარჩუნოს, სიმშვიდეა საჭირო, ხოლო სიმშვიდე მიიღწევა მაშინ, როცა ადამიანი მოახდენს  საკუთარი თავის გან–იგივებას და დისტანცირებას სურვილ–სტრეს––ბრაზ–წუხილისაგან. სხვადასხვა რელიგიური სისტემები ადამიანებს სთავაზობენ მარხვასა და მოთმინება–თავშეკავებას, ქრისტიანობა ამის გარდა ლოცვებს, აღსარებას, სინანულს, მონანიებას და ზიარებას; ოჯახი, სკოლა ან სპორტული სექციები უნერგავენ თავშეკავების უნარებს, ექიმი ათასნაირი დიეტის დანიშვნით და ალოკოჰოლის ან სხვა რაიმე ნივთიერებისაგან თავშეკავებას მოითხოვს მკურნალობის პერიოდში და სხვა. საზოგადოებრივი მორალი, ეთიკეტი და ეთიკის ნორმები ასევე შეიცავს გარკვეულ აკრძალვებს და მოუწოდებს თავშეკავებისაკენ ადამიანებს, ხოლო სამართლებრივი ნორმები ათასნაირი რეგულაციებით ზღუდავს თავგასულობას, იმპულსურობას, მიღებული ნორმებისა და წესების დარღვევას. ასე და ამგვარად, ცხოვრება, აღზრდის, რელიგიური, სამართლებრივი და ეთიკური სისტემები მრავალ აკრძალვებსა და რეგულაციებს წაუყენებს ადამიანებს. ამით ისინი აიძულებენ ან უბიძგებენ მათ დაიოკონ აგრესიული მუხტი ან სექსუალური ჟინი, გაანეიტრალონ წუხილი, შფოთვა, სასოწარკვეთა და იმედ–გაცრუება, გონებიდან ამოიგდონ აბეზარი და მავნე ან ამორალური აზრები. ნეგატიური აზრების, სურვილებისა და რეაქციების ასეთი დაოკება და განეიტრალება მიიღწევა ოთხი მექანიზმით: 1) დათრგუნვა, 2) განრიდება , 3) ქრისტიანული მარხვა–აღსარება–მონანიება და მიტევება–ზიარება,  და 4) მედიტაციური გაცნობიერება. ამ 4 მექანიზმიდან პირველი ორი ანუ დათრგუნვა და განრიდება არაეფექტური და უვარგისი გზაა, ხოლო ქრისტიანული მარხვა–აღსარება–მონანიება–მიტევება–ზიარება და მედიტაციური გაცნობიერება ეფექტური და პიროვნული ზრდისათვის ხელშემწყობი გზაა. 
დათრგუნვა
როცა ადამიანი თრგუნავს თავის რომელიმე სურვილს, ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარ თავს უკრძალავს არა მარტო ამ სურვილის დაკმაყოფილებას, არამედ ცდილობს იგი ძირშივე მოსპოს, გონებიდან განდევნოს. იგივე ეხება აგრესიას, ძალადობის გამომხატველ იმპულსსა და ქმედებებს და სხვა დესტრუქციულ  მისწრაფებებს.  იგივე ბედი შეიძლება ეწიოს  იმედ–გაცრუებითა და სასოწარკვეთით ან სტრესული დაძაბულობით გამოწვეულ აზრებსა და გრძნობებს. ყველა ესენი შეიძლება გონებიდან განდევნის, მეხსიერებიდან  წაშლის, ტვინიდან ამოგდების საგანი გახდნენ და ადამიანიც ამ დათრგუნვისათვის დიდ ძალისხმევას მიმართავს.  ამ ძალისხმევას კი თავისი საფასური და საზღაურიც  მოჰყვება:   დათრგუნული სურვილები, იმპულსები, აზრები და ემოციები განიდევნებიან ადამიანის არაცნობიერ ფსიქიკურ სფეროში; მაგრამ  გაგდებისა და განდევნის მიუხედავად ისინი არ წყვეტენ თავის არსებობას და, პირიქით, ახალი ძალით ცდილობენ შემოიჭრან ცნობიერებასა და ქცევებში; მათ შემოაქვთ  „არევდარევა“ და შეასაძლოა ამბოხიც კი  მოუწყონ  პიროვნების ცნობიერ ცხოვრებასა და სიფხიზლის მდგომარეობას, ან კიდევ ძილსა და სიზმარს,  ან კიდევ ორგანიზმის ფუნქციონირებასა და მის ფსიქოსომატურ სისტემას.   განდევნილი ზრახვები, იმპულსები და სურვილები ხან სიზმრებში ამოჰყოფენ თავს ან კოშმარული სცენების ან უცნაური სიმბოლოების სახით; ხან კიდევ ცხადში ზმანებების, ილუზიების, აღუსრულებელი პასიური ოცნებების, აკვიატებული აზრების ან მოქმედებების, ფსიქოსომატური დარღვევების, უნებლიე შეცდომების, უკონტროლო ქცევების, აფექტური რეაქციების,  პანიკური შეტევების ან შფოთვა–დეპრესიის სახით გვევლინებიან. იდეოლოგიები, აღზრდის სისტემები, რელიგიები ხშირად ასწავლიან დათრგუნვას, რაც წარმოშობს ნევროტულ საზოგადოებასა და ინდივიდებს. აბოლოოდ, დათრგუნვა შინაგანი სიმშვიდის აღმოცენებას კი არა, არამედ პირიქით დაძაბულობისა და ფორიაქის პროვოცირებას უწყობს ხელს.
განრიდება
განრიდების ქვეშ იგულისხმება, რომ ადამიანი განერიდება, მოშორდება, დისტანცირდება სტრესული, ბრაზისა და აგრესიული იმპულსებიდან, სხვადასხვა აკრძალული ან საზიანო სურვილების  დაკმაყოფილების სიტუაციებიდან. განრიდების შედეგად ადამიანი დროებით მართლა გვერდზე გადადებს აგრესიასა და სხვადასხვა საზიანო სურვილების დაკმაყოფილებას და სხვა ამბებზე გადაერთვება, მაგრამ როგორც კი დაუბრუნდება ჩვეულ საცხოვრებო სიტუაციას, მაშინ სტრესული დაძაბულობა, აგრესიის მუხტი, განრიდებული სურვილების იმპულსები კიდევ უფრო ძლიერდება და ახალი ძალით ამოიფრქვევა. მაგალითად, დიეტის დაცვის ან მარხვის დაცვის დროს ადამიანები გადაერთვებიან ვეგეტარიანულ საკვებზე და ამ საკვების შედარებით მოკრძალებულ ოდენობაზე, მაგრამ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე გადასვლისას ერთიორად მეტად სჭამენ ხორცეულს და ინაზღაურებენ იმას, რაც დიეტაზე ან მარხვაზე გადართვისას დააკლდათ. განრიდების შედეგად დროებით დისტანცირდები სტრესის, სურვილის ასრულებისა და აგრესიის სიტუაციისაგან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზიანო სურვილის და სიხარბის იმპულსი ან აგრესიის მუხტი ამით მცირდება. პირიქით, ეს იმპულსები და მუხტები, სტრესული დაძაბულობის, იმედგაცრუებისა და სასოწარკევეთის გაცდები კიდევ უფრო მახვილდებიან. ამიტომაც როგორც დათრგუნვა, ისე განრიდება  არაეფექტური გზებია პიროვნული ზრდისა და გაძლიერების გზაზე, ისინი აძლიერებენ თვითდამანგრეველი და თვითდამასუსტებელი ძალების ამოქმედებას ადამიანში.  თუმცა განრიდებას მოაქვს დროებითი და მოჩვენებითი სიმშვიდე, მაგრამ ესეც არ არის ნამდვილი სიმშვიდის მიღწევის ადექვატური გზა.
მარხვა, ლოცვა, აღსარება, მონანიება და ზიარება
„ქრისტიანობა მკურნალი მეცნიერებაა“ – ამბობს მიტროპოლიტი იერეთეოს ვლახოსი თავის წიგნში „ მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია” (თბილისი, „ახალი ივერიონი“ 20010). ქრისტიანობა ადამიანის სულიერი სამყაროს განკურნვის მეოხებით კურნავს „სულსაც და ხორცსაც“. სულიერ ცხოვრებაში კი მართლმადიდებელი ქრისტიანობა გამოჰყოფს სამ ეტაპს: განწმენდა, განათლება და განღმრთობა.  ყურადღება განწმენდაზე მინდა გავამახვილო. მისი როლი დიდია ქრისტიანულ ფსიქოთერაპიაში. იგი მარხვით იწყება. მარხვა ნიშნავს თავშეკავებას არა მარტო ხორცეულის და ცხოველური ცხიმების მიღებისაგან, არამედ სიხარბის, ბილწსიტყვაობის, ნაყროვანების, ლანძღვისა და წყევლა–კრულვის, სიძულვილის, სექსუალური კონტაქტისა და არშიყობის, ოცნების ანუ ამაო ფიქრებში გართვის, სასოწარკვეთის, ზედმეტი ლაპარაკის, ფიზიკური და ვერბალური აგრესიის, ბოროტი ფიქრების, შურის, დაცინვისა და სხვა ცოდვებისაგან. მაგრამ განწმენდისათვის საკმარისი არ არის მარხვა. აუცილებელია ღვთისმსახურთან, მოძღვართან აღსარება და ცოდვათა მონანიება. როცა აღსარებაზეა საუბარი, უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ფსიქოლოგთან ან უახლოეს მეგობართან აღსარება მოძღვართან აღსარებისაგან. სულიერ მოძღვართან აღსარების დროს მოძღვარი აღსარებას ღებულობს იმ აზრით, რომ იგი გამტარი ხაზია ადამიანსა და უფალს შორის; ადამიანმა აღსარების  დროს წარმოთქმული ცოდვები გულწრფელად უნდა მოინანიოს და ასეთ სიტუაციაში მისი მონანიება მართალია ღვთისმსახურის თანდასწრებით  ხორციელდება, მაგრამ რეალურად ეს სინანული უფლის წინაშე აღვლენილი სინანულია. მაგრამ მარხვა, აღსარება და მონანიება ხორციელდება  რეგულარული ლოცვების ფონზე, რასაც ადამიანი ეკლესიაში წირვების დროს და საშინაო პირობებში აღავლენს უფლის სადიდებლად, ცოდვათა მოსანანიებლად და მიტევებისათვის. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი განწმენდისათვის. ლოცვების, მარხულობის, მონანიებისა და ცოდვათა მიტევების შემდეგ დგება ზიარების ჟამი, რაც მოძღვრის კურთხევის შემდეგ ხორციელდება. ზიარება სიმბოლოა ქრისტესთან, უფალთან შერწყმის, მასთან საკუთარი თავის იდენტიფიცირების, ხორციელად და სულიერად განკურნების, რათა უფლის მადლი გადმოვიდეს ადამიანზე. როცა ლოცვები, მარხულობანი, აღსარებები, მონანიებანი, მიტევებანი და ზიარებანი რეგულარულად ხორციელდება, ადამიანი დაადგება განღმრთობის გზას. ეს სრული სიმშვიდისა და ღმერთთან ერთიანობის შინაგანი შეგრძნებაა და ნებისმიერი თვალსაზრისით – საქმე იქნება ეს, ჯანმრთელობა თუ პირადი ცხოვრება – ადამიანი ეფექტურად ანხორციელებს თავის მისიას და ემზადება მარადიულობასთან შესახვედრად. ასეთია მოკლედ, ქრისტიანული განწმენდის პროცესი. ცხადია, ეს თემა კიდევ უფრო მოითხოვს გაშლას, მაგრამ სასურველია ეს თემა თეოლოგმა ან ღვთისმსახურმა უფრო დეტალურად გაშალოს.
ცხადია, რომ სიმშვიდის სრული შენარჩუნების ქრისტიანული გზა იმას მოითხოვს, რომ პიროვნება იყოს ქრისტიანი, ეზიაროს ეკლესიურობას, ჰყავდეს მოძღვარი და დაიცვას ათი მცნება. მაგრამ რა ჰქნას მან, ვინაც მუსულმანია, ბუდისტი, სინტოისტი, ჯაინისტი ან სხვა რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის მიმდევარი ან თუნდაც ათეისტია? მთელი კაცობრიობა რომ ერთ სოფლად მოვიაზროთ, როგორც აღმოჩნდა, მასში მაცხოვრებელთაგან მხოლოდ 30% არის ქრისტიანი და კიდევ უფრო მცირე რაოდენობისაა მართლმადიდებელი ქრისტიანები. დანარჩენი ან სხვა რელიგიურ მრწამსს იზიარებს ან სულაც ათეისტია. რა უნდა იღონონ სხვა რელიგიის წარმომადგენლებმა ან ათეისტებმა, თუკი მათ მიზნად დაისახეს შეიმუშავონ შინაგანი სიმშვიდის ჩვევა დაძაბულ, ბრაზის, შფოთვის ან მძაფრი სურვილის სიტუაციებში? თუ არსებობს ისეთი ტექნიკები, რომლებიც რელიგიურად ნეიტრალურია და ნებისმიერი რელიგიის მიმდევარს ან ათეისტს შეუძლია გამოიყენოს  ისე, რომ ამით თავისი რელიგიური აღმსარებლობის დოგმებიდან არავითარი გადაცდომა არ ექნება? დიახ, ასეთი ტექნიკები არსებობს მედიტაციის სახით. ერთერთ მათგანს აქ განვიხილავ და მისი ავტორი ოშო რაჯნეშია, თუმცა ჩემი მოდიფიკაციიტა შემოთავაზებული.
მედიტაცია
როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, ოშო მედიტაციას განსაზღვრავს როგორც მიუკერძოებელი, არ–შეფასებითი და არ –განკითხვითი ჭვრეტისა და გაცნობიერების პროცესს. ამ დროს ადამიანი მიუკერძოებელი მოწმის, დაუინტერესებელი  და უშუალო დადასტურების სიტუაციაშია და დამკვირვებლის პოზიციაშია. იგი ყოველივეს აკვირდება და  ამავე დროს არავითარ შეფასებას და განკითხვით მსჯელობას არ მიმართავს. მედიტაციას საქმე აქვს საგნისა და მოვლენის უშუალო მოცემულობასთან და ამ დროს იგი დაკვირვების საგნის არსში ისე შედის, როგორც ამას აღწერდა დიდი გერმანელი ფილოსოფოსი, ფენომენოლოგიის შემქმნელი ე.ჰუსერლი. ოშომ სამედიტაციო ტექნიკების მთელი სისტემა ააგო. ერთერთი მათგანია მედიტაციური ტექნიკა სახელწოდებით „ციკლონის ცენტრი“.
როცა ბრაზი, მძაფრი სურვილი, შფოთვა ან წუხილი გვეუფლება და გვამოძრავებს, მაშინ სურვილის, ბრაზის, წუხილის ობიექტზე მივიმართებით და აზრების ან განცდების „ციკლონი“ შემოგვიტევს. ჩვენ თვითონ ვხდებით ამ ციკლონის ნაწილი, მთლიანად მასში ვიძირებით. ამ ციკლონს ჰყავს თავისი საპირისპირო მხარე, რადგან სამყაროში ყველაფერი თავისი საპირისპიროთი არის გაწონასწორებული. რაც კი რამ არსებობს, ის არსებობს მხოლოდ მისი საპირისპიროს წყალობით. აზრებისა და განცდების ხსენებულ ციკლონსაც აქვს თავისი საპირისპირო პოლუსი – ესაა „მე“, ჩემი თვითონი, ჩემი განუმეორებელი, უშფოთველი, მდგრადი არსება,  რაც ცენტრია ჩემი არსებობის. ციკლონი ეხება პერიფერიას, სადაც ბოგინობენ სურვილები, შფოთვა, წუხილი, ბრაზები, სიხარული და ღვარძლი, სიამოვნება და უსიამოვნება, დაძაბულობა და საზრუნავები; ხოლო ცენტრში დაივანებს „მე ვარ“–განცდა, მეობა, თავისთავადობა, იდენტობა და საკუთარ თავთან იგივეობა.   თქვენ გაქვთ ესა და ეს სურვილები, მაგრამ თქვენ ხართ თქვენი „მე“ და არა რომელიმე თქვენი სურვილი; თქვენ შფოთავთ და წუხთ, მაგრამ თქვენი “მე“ გაცილებით უფრო მეტია და ტევადი, ვიდრე თქვენი ერთი ან ორი ნაწილი, როგორიცაა შფოთვა და წუხილი. თქვენ ბრაზობთ, მაგრამ თქვენი მეობა ვერ დაიყვანება თქვენს ბრაზზე, ბრაზის გარდა ათასობით ნაწილი აქვს თქვენს „მე“–ს, რომელიც თქვენი არსებობის ღერძი და ცენტრია. თქვენ აღგეძრათ სექსუალური ჟინი, მაგრამ თქვენ არ ხართ მხოლოდ სექსი, თქვენი არსება როგორც მთლიანი გაცილებით მეტია, ვიდრე თუნდაც უდიდესი სექსუალური ვნება. თქვენ არ ხართ არცერთი თქვენი აზრის, განცდის ან ემოციისაა და ქმედების  ტოლფასი და იგივეობრივი, თქვენ არ ხართ დაყვანადი თქვენი სხეულის რომელიმე ერთ ან ორ ან სამ  ორგანოზე, თქვენს ამა თუ იმ სხეულებრივ შეგრძნებებზე (ტკივილი, დაძაბულობა, სიამოვნება, დისკომფორტი). თქვენი „მე“ სულისა და სხეულის ისეთი ერთიანობა და მთლიანობითი წარმონაქმნია, რომელსაც მრავალი წახნაგი, ნაწილი და თავისებურება გააჩნია. თქვენ ერთი, განუმეორებელი და ერთიანი ხართ, თუმცა ათასნაირი განზომილებები გაქვთ.
ზემოთთქმულიდან  გამომდინარე, მენტალური ციკლონისა და შინაგანი გაწამაწიის სიტუაციაში შინაგანი სიმშვიდე, მდუმარება და გაწონასწორება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ნაცვლად ბრაზის, სურვილის ან წუხილის ობიექტზე მიმართულობისა თქვენ ყურადღება წარიმართება „მე“–საკენ, თქვენი არსებობის ცენტრისაკენ, „მე ვარ „–განცდისაკენ. თუკი უკიდურესი ბრაზის, გაუსაძლისი აღელვების სიტუაციაში, მძაფრი სურვილებისა და ვნებების მოზღვავებისას თქვენი ყურადღების შუქს მიანათებთ საკუთარ „მე“–სა და თქვენი იდენტობის ცენტრს, მაშინ აუცილებლად დაცხრება ვნებები, გაიფანტება საზრუნავები, უკან დაიხევენ ფუჭი და ამაო აზრები, შეწყდება შინაგანი ბოდიალი და აფორიაქება. შეწყდება ის მდგომარეობა, რაზეც გალაქტიონმა თქვა:
„მაგრამ მე რა ვქნა, მე ვისაც სული,
აწეწილი მაქვს მძიმე ქარებით...“.
ვიცი, ჩემო მკითხველო, თქვენ უკვე მზად გაქვთ შეკითხვა და საყვედური: „როგორ მოვახერხო ბრაზის, წუხილის, ვნებათაღელვის, დაუოკებელი სურვილების მდგომარეობაში ჩემს „მე“–ზე ყურადღების გადართვა და სიმშვიდის გამოწვევა, როცა უკვე მთლიანად აყვანილი ვყავარ შფოთვა–წუხილს, ვნებათა ღელვას ან გაცეცხლებულ ბრაზს?“ გიორგი გურჯიევი თავის ცენტრში საფრანგეთში, ფონტებლოოში სპეციალურად უწყობდა თავის მოსწავლეებს ისეთ სიტუაციებს, როცა ისინი წინასწარი მოლაპარაკებით ოთახში შემოსულ პიროვნებას სპეციალურად ათასნაირად ამასხარავებდნენ, ლანძღვადნენ და როდესაც ეს პიროვნება უკვე აფეთქების ზღავრზე აღმოჩნდებოდა, გ. გურჯიევი დაიძახებდა თავის ცნობილ „სტოპ“–ს და შესძახებდა ამ პიროვნებას: “სდექ! შეინარჩუნე სიმშვიდე“. ასე ვარჯიშდებოდა სიმშვიდის შენარჩუნების უნარი თვით უმწვავეს სიტუაციებშიც კი. მაგრამ ეს გურჯიევი იყო და მისი მოწაფეებიც იწვრთნებოდნენ. ეს თქვენ არ გეხებათ და ამდენად თქვენი საყვედური სრულიად კანონიერია: მართლაც ძალზე ძნელია გადაერთოთ თქვენი „მე“–ს ცენტრზე, თუკი უკვე აყვანილი ჰყავხართ ვნებათაღელვასა და დაუოკებელ სურვილებს ან ბრაზს. ამიტომაც სპეციალურად უნდა გაივარჯიშოთ იმაში, რომ შეიმუშავოთ სპეციალური უნარები: შეინარჩუნოთ სიმშვიდე, მედიტაციური მდუმარება და სუფთა გონებით ჭვრეტა იმ სიტუაციებშიც კი, როცა სურვილები მძვინვარებენ, აგრესია და ბრაზი მოგაწვათ, შფოთვა და ვნებათაღელვა გარდაუვალია. სწორედ ასეთ სავარჯიშოს გთავაზობთ, რაც ოშომ შეიმუშავა თავის მედიტაციურ წიაღსვლებში.
სავარჯიშო: სიმშვიდე „ციკლონის“ დროს
პირველი ნაბიჯი
თქვენ მართლაც არ გამოგივათ სიმშვიდის შენარჩუნება დაძაბულ სიტუაციებში, თუკი სპეციალურად არ ხართ გაწვრთნილი. ხოლო იმისათვის, რომ გაიწვრთნათ, სპეციალურად უნდა გამოიწვიოთ სურვილთა ვნებათაღელვისა და აგრესიის ან უზარმაზარი გულისტკივილის გრძნობები და ამასთანავე  ყურადღება გადაიტანოთ თქვენს უშფოთველ „მე“–ს ცენტრზე. ამისათვის ჯერ საჭიროა ვიზუალურად წარმოიდგინოთ ის სიტუაცია, როცა ან დაუოკებელი ვნებათა ღელვისა და სურვილების ბობოქრობის, ან აგრესიისა და ბრაზის, ან შფოთვისა და წუხილის სიტუაციაში ბრძანდებოდით წარსულში ან ბრძანდებით აწმყოში ან ელით სამომავლოდ. თქვენს წარმოდგენაში დახატეთ როგორი იყო/არის/ან შესაძლოა იყოს ეს სიტუაცია, ვინ იყო ან არის იქ, როგორ გამოიყურებოდით ან გამოიყურებით თქვენ. ამას დაუმატეთ ამ სიტუაციის აუდიალური კომპონენტები: რა ისმოდა, რა ხმები იყო, რა სიტყვები და ფრაზები ჟღერდებოდა. ამას ისიც დაამატეთ, თუ რას გრძნობდით, რას გრძნობთ ან რას იგრძნობთ მომავალში ასეთ სიტუაციებში.
ნაბიჯი მეორე
მარტო ვიზუალურად, აუდიალურად და გრძნობითად წარმოსახვა არ არის საკმარისი. საჭიროა შეხვიდეთ როლში, გააკეთოთ ინსცენირება, ერთგვარად გამოიცხოვროთ და ცხადად განიცადოთ ის ბრაზი, დაუოკებელი სურვილები და ვნებათაღელვა, შფოთვა ან წუხილი,  რაც ვიზუალაურად, აუდიალურად და გრძნობითად წარმოიდგინეთ. შედით მსახიობივით როლში, ამოატივტივეთ შესაბამისი განცდები, გააკეთეთ შესაბამისი ქმედებების ინსცენირება. ამავე დროს და პარალელურად ყურადღების შუქი მიანათეთ თქვენს  უშფოთველ და მდგრად „მე“–ს, თქვენს თავში გაიმეორეთ სიტყვები „მე ვარ“, შეიგრძენით თქვენი პიროვნული ღერძი, რომლის ირგვლივ ტრიალებს თქვენი ცხოვრება, შეიგრძენით თქვენი „მე“ როგორც თქვენი სულიერი ცხოვრების ცენტრი, რომელიც საოცარი სიმშვიდითა და სტაბილურობით ხასიათება.  ერთმანეთთან შეაუღლეთ და  ერთადროულად  შეიგრძენით ორი რამ: 1) დაუოკებელი სურვილის, ვნებათაღელვის, აგრესიისა და ბრაზის, შფოთვა–წუხილის „ციკლონი“ და 2) „მე“–ს უშფოთველობა და პიროვნული ცენტრის მდგრადობა, გაწონასწორებულობა და სასიამოვნო სიმშვიდე.
მესამე ნაბიჯი
კიდევ უფრო გააღრმავეთ „მე“–ს ცენტრზე ყურადღების კონცენტრირება, თავი მიეცით რელაქსაციასა და სიმშვიდეს.

თუკი თქვენ ამ სავარჯიშოს გააკეთებთ თუნდაც ერთი–ორი კვირის განმავლობაში, მაშინ თქვენ საფუძველს ჩაუყრით იმ უნარის გამომუშავებას, რომ ნებისმიერი აგრესიული და ვნებათაღელვის, შფოთვისა და სტრესის, დაუოკებელი სურვილების სიტუაციაში დაგეუფლოთ შინაგანი სიმშვიდის გრძნობა. სულის მშვიდობა კი ნებისმიერი წარმატებისა და ხარისხიანი ცხოვრების უცილობელი ფაქტორია. 

Комментариев нет :

Отправить комментарий