2.19.2015

ენერგეტიკული ჩაკრების გააქტივება და კუნდალინი მედიტაცია

წარმატების 365 დღე
89–ე დღე
კუნდალინი მედიტაცია ისევ და ისევ ოშოს მედიტაციურ ტექნიკათა რიგს განეკუთვნება და გულისხმობს თავდაპირველი დაძაბულობისა და ენერგიათა ამორფქვევის შემდგომ რეალაქსაციის მიღწევას. საკუთრივ მედიტაციური გარინდება და ჭვრეტა–გაცნობიერება მხოლოდ ასეთი რელაქსირებული მდგომარეობისა და შინაგანი სიჩუმის მდგომარეობაში ხორციელდება. კუნდალინი მედიტაცია დინამიკური მედიტაციის უმცროსი „დის“ ტიპის ტექნიკაა. მისი მეოხებით მძლავრი ენერგიის მობილიზაცია ხორციელდება. ეს მოზღვავებული ენერგია  რელაქსირებული მდგომარეობის დადგომის შემდეგ  თავის კალაპოტში მოექცევა. იგი მშვიდი და ჩუმი, მაგრამ ფხიზელი და ენერგიული მღვიძარების სიტუაციას ქმნის. მედიტაცია მღვიძარებას და არა ძილისმიერობას გულისხმობს. მდუმარე მღვიძარების  შინაგანი მდგომარეობა სრულ ენერგეტიკულ მზადყოფნას ეფუძვნება. იგი ქმნის იმის წინაპრობას, რომ სრული სახით განხორციელდეს „აქ და ამჟამად“ ყოფნის მკაფიო გაცნობიერება, რომელშიც ისევე „ზის“ მარადიულობა, როგორც მიკროკოსმში „ჩასმულია“ და მყოფობს მაკროკოსმი. უილიამ ბლეიკის ერთი სტროფი (ჩემეული თავისუფალი თარგმანით) კარგად გამოხატავს ასეთ ხედვებს:
„წამის გაელვებაში მარადისს ხედავდე,
ქვიშის მარცვალში კი უსაზღვრო სამყაროს,
უსასრულობა წერტილში ელავდეს,
როს ციცქნა  ყვავილში ცის თაღი  ქანაობს“.
კუნდალინი მედიტაცია რამდენიმე ნაბიჯს გულისხმობს: 1) „ძაგძაგი“–ენერგიის გაღვიძება; 2) თავისუფალი მოძრაობები და ცეკვა; 3) მედიტაცია, გაცნობიერება, მოწმედ ყოფნა; 4) სრული მოსვენება
პირველი ნაბიჯი: ძაგძაგი – ენერგიის გაღვიძება
15 წუთის განმავლობაში თავდავიწყებით ძაგძაგებთ. ამით თქვენ აღვიძებთ სასიცოცხლო ძალებსა და ენერგიას. თვალები დახუჭეთ. ფეხებს დგამთ მხრების სიგანეზე, იწყებთ ადგილზე მოძრაობასა და ქაოტურ ძაგძაგს ფეხის ქუსლებიდან ვიდრე წვივებსა და მუხლებამდე, ნელა გადადიხართ კუდუსუნსა და მენჯის ძვლის, მუცლისა და მკერდის არეზე, მხრებზე, კისერზე, თავზე სახეზე. მთელი სხეული მოიცვა ერთ ადგილზე ძაგძაგის ტიპის ქაოტურმა მოძრაობამ, სხეული თითქოს ერთგვარად „იფერთხება“. ძაგძაგისა და „დაფერთხვის“ ერთ ადგილზე მოძრაობა უფრო და უფრო ინტენსიური ხდება, თითქოს იკარგები მასში, თვითონ ხდები მოძრაობა და აზრები სრულიად გაქრა....
მეორე ნაბიჯი: თავისუფალი მოძრაობები – ცეკვა
15 წუთის განმავლობაში თავი მიეცით თავისუფალ მოძრაობებს. თვალდახუჭულ ან თვალხილულ მდგომარეობაში მიუშვით თქვენი სხეული, რათა მან იმოძრაოს სრულიად სპონტანურად, დაუგეგმავად. ნუ მოუხმობთ დასწავლილ და სპეციალურად გავარჯიშებულ მოძრაობებს, არამედ იმოძრავეთ ატიპიურადაც  კი, მთელი არსებით მიეცით თავი ისეთ მოძრაობებს, რომლებიც სრულიად თავისთავადია. ნელნელა ეს თავისუფალი და თავისთავადი მოძრაობები გადადის ცეკვაში, შეიგრძენით  თავდავიწყებით ცეკვის რიტმი და მოძრაობები...
მესამე ნაბიჯი:   მედიტაცია
მდგომარე მდგომარეობაში , 15 წუთის განმავლობაში, ყოველგვარი შეფასების, განკითხვისა და განსჯის გარეშე აცნობიერეთ და აკვირდით ვითარცა მიუკერძოებელმა მოწმემ თუ რას ხედავთ, რა გესმით, რას გრძნობს თქვენი ფეხები– ხელები– მთელი ტანი, რა აზრები მოგდით თავში, რა გრძნობები გეწვიათ. თქვენ თითქოს მთის მწვერვალზე დგახართ და აკვირდებით თუ როგორ მიდიან და მოდიან, ჩაივლიან და ამოივლიან ეს შეგრძნებები, აზრები, ემოციები და ხედვები. თქვენ არ ხართ არც ერთი მათგანი, არც ის აზრი ან ემოცია ან სხეულებრივი შეგრძნება... თქვენ ხართ სუფთა მიუკერძოებელი მოწმე, სუფთა ცნობიერება „აქ და ამჟამად“,  რომელშიც პოტენციურად „ჩასმულია“ მარადიულობა....
მეოთხე ნაბიჯი: სრული მოსვენება
წამოწექით და  სრულიად მოეშვით. თავი მიეცით სრულ მოცალეობას, არაფერს არ აკეთებთ, არაფერზე არ ფიქრობთ, არაფერზე არ ზრუნავთ...
ვიპასანას, დინამიკური მედიტაციის, ინტეგრალური მედიტაციის, „მისტიური ვარდისა“ და კუნდალინი მედიტაციის დანიშნულება გაცნობიერების უნარის წრთობაა. გაცნობიერება ის უნარია, რითაც მხოლოდ ადამიანია დაჯილდოებული ამ სამყაროში. გაცნობიერების, ჭვრეტის, მიუკერძოებელი, არ–შეფასებითი  და არ–განკითხვითი  დაკვირვების უნარი მედიტაციის პროცესში თვითონ ხდება დაკვირვებისა და გაცნობიერების საგანი. ცნობიერება მართავს სამყაროს, ხოლო მედიტაციის დროს და მედიტაციის შედეგად სწორედ ცნობიერების მართვის პროცესი იხვეწება. ეს კი ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, სხვადასხვა რეალურ ცხოვრებისეული, შემოქმედებითი და სხეულებრივი პრობლემების გადაწყვეტას.

იმედიტირეთ და დახვეწეთ თქვენი არსებობის, წარმატებისა და ბედნიერების  ყველაზე არსებითი იარაღი  –  გაცნობიერების უნარი! 

Комментариев нет :

Отправить комментарий