1.02.2015

მედიტაცია „მისტიური ვარდი“

წარმატების 365 დღე
88–დღე
თეზისის სახით მინდა ვთქვა: როცა სატირალი არაფერი გაქვს, მაშინ იცინე გულიანად, ხოლო თუ საცინლად და სამხიარულოდ ნამდვილად არ გაქვს საქმე, იტირე გულიანად. მაგრამ ხანდახან თუ სატირლად გაქვს საქმე, სჯობია იხარხარო, ხოლო თუ სიცილმა აგიტანა და უზომოდ მხიარულობ, სჯობს ამოიტირო და გამოიგლოვო, რაც ამოსატირებელი და გამოსაგლოვია. 
მე–20 საუკუნის ერთერთი დიდი მისტიკოსის, გასხივოსნებული ფილოსოფოსის ოშო რაჯნეშის მედიტაციურ გამოგონებათა  ერთერთი თვალსაჩინო ნიმუშია მედიტაციური ტექნიკა „მისტიკური ვარდი“. იგი კატარზისული და ტრანსფორმაციული ფსიქოთერაპიის თარგზე აწყობილი მეთოდიკაა. ემოციათაგან  ჩვენი ცხოვრების ერთი პოლუსი სიხარულია, ხოლო მეორე პოლუსი მწუხარება. სიხარულს და მხიარულებას ყველაზე უკეთ სიცილი გამოხატავს, ხოლო მწუხარებას ტირილი. სიცილიცა და ტირილიც ხშირ შემთხვევაში დაბლოკვისა და ტაბუირების საგანია.  მაგალითად, მეტროს ვაგონში რომ იჯდეთ და გონებაში ჩარლი ჩაპლინის რომელიმე ფილმის ნაწყვეტის მოგონების გამო გულიანად გადაიხარხაროთ, უდავოდ გიჟად ჩაგთვლიან.   არადა ნამდვილად სახარხაროა ჩაპლინის ფილმების ბევრი ფრაგმენტი. ახლა საპირისპიროდ ტირილის შესახებ ვილაპარაკოთ. ქუჩაში რომ გულამოსკვნით დაიწყოთ ტირილი, აუცილებლად ვინმე შეგაჩერებთ და გეტყვით „დამშვიდდით, ვის არ მოსვლია ცუდი ამბავი და ა.შ.“.  თქვენ რომ ტირილი მაინც გააგრძელოთ, გეტყვიან “პატარა ბავშვი ხომ არა ხარ, რას ტირიხარ“. მაგრამ მაინც რომ გააგრძელო, ვიღაცას შეიძლება ცრემლი გადმოუვარდეს თვალებიდან, გული აუჩუყდეს, აგყვეთ, მაგრამ ახლა იმას ეტყვიან შენ რაღა დაგემართაო. ადამიანები ხშირად იცინიან იმ სიტუაციაში, სადაც სიცილი მიღებულია, მაგრამ იკავებენ სიცილის იმპულსებს, როცა სიცილი მიუღებელია. ადამიანები ასევე ტირიან ნებადართულ და მისაღებ სიტუაციაში, მაგრამ თავს იკავებენ ცრემლებისაგან და ბლოკავენ ტირილს, სადაც ტირილი არ არის მისაღები. მაგრამ სიცილი სიხარულის ჯანსაღი გრძნობის გამოხატვაა და მისით სიხარულის შინაგან გენერირებასა და სხვაზე გადაცემასაც ახდენ, ხოლო ტირილი მწუხარების განქარვების, წყენათა ნალექებისა და ტრავმატული გამოცდილებისაგან გამონთავისუფლების საშუალებაა. ესოდენ სასარგებლო და მნიშვნელოვანია ტირილიცა და სიცილიც. ფსიქოთერაპევტები კომედიების ყურებას ურჩევენ დეპრესიით და მწუხარებით დატანჯულ ადამიანებს. არსებობს სიცილის იოგა, რომლის საინტერესო ორდღიანი ტრენინგიც კი გავიარე მე ერთხელ კალიფორნიაში. სიცილს და იუმორს მაკურნებელი ძალა აქვს იმის გამო, რომ იგი შინაგან კონფლიქტს ამსუბუქებს, შეუძლებელსა და შესაძლებელს, აკრძალულსა და ნებადართულს შორის წინააღმდეგობებს არბილებს. მეორეს მხრივ, არსებობს ტრავმატული გამოცდილების მქონე პირებთან გამოგლოვების ფსიქოთერაპიული ტექნიკების ჩატარების პრაქტიკა. ასე, რომ სიცილიცა და ტირილიც ფრიად საჭირო და სასარგებლო რეაქციებია. მათ კათარზისული ეფექტი აქვთ.
ოშოს „მისტიკური ვარდის“ მედიტაცია სიცილისა და ტირილის ერთ კომბინირებულ პროცედურას გულისხმობს. ოშოსათვის ამოსავალი დებულება ისაა, რომ მედიტაცია როგორც უშუალო ჭვრეტისა და გაცნობიერების პროცესი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ადამიანი გამონთავისუფლებულია შინაგანი კონფლიქტის, დათრგუნულობის, ნეგატივის, დალექილი წყენებისა და მწუხარების ტვირთისაგან. ამიტომაც ჯერ მან უნდა გაიაროს კატარზისის გზა. მხოლოდ ამის შემდეგ,  რელაქსირებულ და შინაგანი სიჩუმის სიტუაციაში შეიძლება მან მიმართოს მედიტაციას, როგორც „მე“–ს ცენტრის წვდომის, ზეცნობიერის გააქტიურების,   საკუთარი ფარული პოტენციალების თვითრეალიზაციის, სულიერი და ფსიქოსომატური განკურნების  საშუალებას. „მისტიკური ვარდის“ მედიტაცია შედგება შემდეგი ნაბიჯებისაგან: 1) სიცილი, 2) ტირილი , 3) „მთის წვერიდან დამკვირვებელი“, 4) ინტეგრაცია.
პირველი ნაბიჯი: სიცილი
მჯომარე ან მწოლიარე სიტუაციაში იწყებთ სიცილს. ვიცი,  თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა გაიღიმოთ ან გაიცინოთ მაშინ, როცა ამის მიზეზი არსებობს გარემოში ანუ როცა რაღაც სასაცილო ხდება. თქვენ ამნაირი დაშვებით საუბრობთ სიცილზე როგორც რეაქციაზე. მაგრამ აქ ლაპარაკია არა რეაქციაზე, არამედ თქვენსავე მიერ თქვენივე ნებით გამოწვეულ ქმედებაზე როგორც სიცილზე; ეს ნიშნავს, რომ სწორედ შიგნიდან ღვივდება სიცილის თესლი, რომელიც ვარდის კოკორივით გაიშლება და აფრქვევს სასიამოვნო ფერსა და სურნელებას. ამიტომ დაარქვა ამ მედიტაციას ოშომ   „მისტიკური ვარდი“. როცა გულიანად იცინი და ამის არავითარი გარეგანი მიზეზი არა გაქვს, არამედ შინაგნად ხარ ისე მომართული, რომ გეცინება, სწორედ ეს არის ნამდვილი სიცილი. იცინე ნამდვილი სიცილით. პირველი 7 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ 45 წუთის განმავლობაში იცინეთ გულიანად ნამდვილი სიცილით. თუ არ გამოგდით ასეთი შინაგნად მომართული ნამდვილი სიცილი, მაშინ დაიძახეთ „იააა–ჰუუუუ“, დაიძახეთ ასე რამდენიმეჯერ და გაიცინეთ.  ნელნელა გამოგივათ ნამდვილი სპონტანური სიცილი. სიცილის დროს შეგძლიათ თავისუფლად იმოძრავოთ. თუ წააწყდებით რაიმე შინაგან ბარიერს, რაც დაკავშირებულია იმ საუკუნოვან ტრადიციებთან, რაც სიცილს ბლოკავდა და აკავებდა, მაშინ ისევ დაიძახეთ „იააა–ჰუუუუ“ და წაგსკდებათ სიცილი; ან კიდევ შეგიძლიათ დაამატოთ აბდაუბდა და უაზრო სიტყვები, რომლებიც როგორც ბგერათა კომპლექსები არაფერსაც არ აღნიშნავენ და ამან შეიძლება კიდევ უფრო გამოიწვიოს სიცილის წასკდომა. 45 წუთის შემდეგ, როცა სიცილს დაამთავრებთ, წყნარათ დაბრძანდით სკამზე, მოეშვით და 15 წუთის განმავლობაში დაიწყეთ მედიტირება ანუ გაცნობიერება თქვენი სხეულის, აზრების, ემოციების, თუ რას ხედავთ და  რა გესმით. იქეცით ტოტალურ გაცნობიერებად. დაე, ეს იყოს უშუალო დაკვირვების, არ–შეფასებითი და არ–განკითხვითი ჭვრეტის  პროცესი.
მეორე ნაბიჯი: ტირილი
შემდგომი 7 დღის განმავლობაში თავი მიეცით მწუხარებასა და ტირილს. გამოიწვიეთ ცრემლ–ღვრა, ამოიტირეთ ამოსატირალი და გამოიგლოვეთ გამოსაგლოვი. ყველა წყენა, უკმაყოფილება, იმედგაცრუება, სასოწრკვეთა, დეეპრესია, შფოთვა, ემოციური დისკომფორტი, დანაკარგი და ზარალი, სინანული, თვით ბრაზი და აგრესიაც კი აქციეთ ტირილისა და მწუხარე ცრემლ–ღვრის საგნად. გამოანთავისუფლეთ თქვენი სული დალექილი სტრესების, ბარიერების, იმედგაცრუებებისა და აგრესიებისაგან. მოინანიეთ გოდებით. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ გონებისმიერი სინანულით, ჩართეთ გული და გულიანად ამოიტირეთ ის, რის სინანულსაც განიცდით. თუ ვერ ტირიხართ, ან რაიმე ბარიერს და შინაგან დაბრკოლებას გრძნობთ, მაშინ  წამოიძახეთ „იაა– ბუუუუუ“, ამოძრავეთ ტანი წინ და უკან, მიიღეთ სახეზე მომტირალის გამოსახულება,  წარმოთქვით აბდაუბდა და უაზრო სიტყვები, რომლებიც როგორც ბგერათა კომპლექსები არაფერსაც არ აღნიშნავენ, მაგრამთქვენ დაუშვით თითქოს ამით მწუხარებას,  სევდასა და სინანულს გამოხატავთ; მან შეიძლება კიდევ უფრო გამოიწვიოს ტირილის წასკდომა; არ შეაჩეროთ იგი. იტირეთ ასე 45 წუთის განმავლობაში.
საბოლოოოდ აქაც უნებურად მოდის რელაქსაციისა და მოშვების ფაზა. გაირინდეთ, მიანდეთ თავი შინაგან სიჩუმეს, დაიწყეთ მედიტაცია თქვენი სხეულის, აზრების, ემოციების, გარემოცვის გაცნობიერების  მეოხებით; თანაც ეს გაცნობიერება და დაკვირვება უნდა იყოს არ–შეფასებითი და არ–განკითხვითი ხასიათის.  იყავით ასეთ მდუმარე მედიტირების მდგომარეობაში 15 წუთის განმავლობაში.
მესამე ნაბიჯი: „მთის წვერიდან დამკვირვებელი“
მესამე კვირის განმავლობაში თქვენთვის მოხერხებულ დროს, ასევე 1 საათის განმავლობაში, მიეცით თქვენი თავი „არაფრის კეთების“  მედიტაციას. წარმოიდგინეთ, რომ ზიხართ რომელი მთის წვერზე და იქიდან უცქერთ სამყაროს, სპეციალურად არაფერს არ აკეთებთ, ოღონდ განეწყვეთ მედიტაციურად: დააკვირდით ყველა თქვენს აზრს, გრძნობას, სხეულებრივ შეგრძნებას, დასანახს და მოსასმენს. ყველაფერს დააკვირდით იმ შეგრძნებით, რომ არ გააიგივებთ თქვენს თავს არც  ერთ აზრთან, გრძნობასთან, სხეულებრივ შეგრძნებასთან, დანახულთან; თქვენ ხართ მთის წვერზე მყოფი და თქვენს გვერდით ჩაივლიან ეს გრძნობები, აზრები, ხილვები, მოსმენილი თუ დანახული: ისინი ჩაივლიან მდინარესავით დინების სახით, მაგრამ თქვენ უცვლელი „მე“ ხართ, რაც მარადიულია და ყოფნის თანაზიარია. თქვენ ხართ „ყოფნა“ და არა რომელიმე ცალკეული აზრი ან გრძნობა ან დანახული საგანი ან სხეულებრივი შეგრძნება. თქვენი „მე“ და თქვენი „აქ და ამჟამად“ ყოფნა ერთმანეთს ერწყმის, თქვენ სრულიად იგივეობრივი ხართ შეგრძნების „მე ვარ“. „მე ვარ“ არის თქვენი არსების ცენტრი, სადაც ხან აქცენტი კეთდება „მე“–ზე, ხან კიდევ „ვარ“–ზე. თქვენ ის ხართ, ვინც ხედავს და არა ის მოვლენა, რასაც ხედავთ; თქვენ ის ხართ, ვინც მოიაზრებს და არა რომელიმე თქვენი ცალკეული აზრი; თქვენ ის ხართ, ვინც გრძნობს და არა რომელიმე თქვენი ცალკეული გრძნობა. თქვენი აზრები, გრძნობები და დანახულ–მოსმენილები მიდიან და მოდიან, იცვლებიან და ქრებიან, თქვენ კი უცვლელი და  მარადიული ხართ: თქვენ ხართ საკუთრივ „ყოფნა“.
მეოთხე ნაბიჯი:   ინტეგრაცია
დაბოლოს, ამ სამი კვირის შემდეგ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს ერთხელ მაინც გამოსცადოთ ის, რომ ჯერ გულიანად იცინოთ, შემდეგ იტიროთ და მოახდინოთ სრული კათარზისი და ამის შემდეგ თავი მისცეთ  შინაგან მედიტაციურ მდუმარებას. 
„მისტიური ვარდის“ მედიტაცია ძლიერი ფსიქოთერაპილი ტექნიკაადა დ იგი შეიძლება საუკეთესო საშუალებადაც კი მოგევლინოთ დეპრესიის, შფოთვიანობის, ფსიქოსომატური და პოსტ–ტრავმატული სტრესული დარღვევების დაძლევის საქმეში. მაგრამ სასურველია იგი ჩაატაროთ სპეციალისტის თანდასწრებით. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!



Комментариев нет :

Отправить комментарий