1.02.2015

დინამიკური მედიტაცია

წარმატების 365 დღე
87–ე დღე
დინამიკური მედიტაცია ოშოს  მიერ შექმნილი მედიტაციური ტექნიკაა. ოშო თვლიდა, რომ მედიტაციური სისტემები იმ ეპოქებში შეიქმნა, როცა ადამიანს  უფრო მარტივ და შედარებით არასტრესულ პირობებში უწევდა ცხოვრება, მაგალითად, ბუდას ეპოქაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნეში. ამიტომაც მედიტაციური ჩაღრმავებას, რეალქსაციასა და თავისებურ გარინდებას წინ დიდ ბარიერები არ ეღობებოდა. თანამედროვე ადამიანი კი ფრიად წინააღმდეგობრივ, კოფლიქტურ, დაძაბულ და სტრესულ ვითარებებშია ჩართული. ცხოვრების გართულებისა და დიდი დაძაბულობის გამო თანამედროვე ადამიანი არ არის მზად შევიდეს სიმშვიდის, შინაგანი გარინდებისა და რელაქსაციის მდგომარეობაში. გარინდება, სიმშვიდე და რელაქსაცია კი მედიტაციური თვითჩაღრმავების, ჭეშმარიტების არსობრივი ჭვრეტის სრულიად აუცილებელი წინაპირობაა. დღევანდელი ადამიანის ძირითადი მახასიათებელი ძრწოლა და შფოთვაა.  განსაკუთრებით ეს იგრძნობა ისეთ დაულაგებელ და არასტაბილურ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობთ. თანამედროვე ადამიანს მუდამ ემუქრება გაურკვევლობა. იგი ჩართულია სამყაროში, სადაც კატასტროფულად მატულობს ცვლილებათა ტემპები. ადამიანი და საზოგადოება ვერასოდეს ვერ ეწევა ცხოვრებას, მას მუდმივად ემუქრება აუტსაიდერობა, უმუშევრობა და გაკოტრება. მისი სულიერი სამყარო ათასნაირი დალექილი სტრესებით, „უკმარობის ნიაღვარითა“ (გალაქტიონი)  და იმედგაცრუებებითაა აღსავსე. ცივილიზაციის ტვირთი მძიმედ აწევს მხრებზე ადამიანს. ცივილიზაცია და ტექნიკური პროგრესი მას სთავაზობს კომფორტს იმის ფასად, რომ იგი მოწყდეს საკუთარ საწყისებს, ბუნებასა და ბუნებრიობას. მას სთავაზობენ ბიუროკრატიის მარწუხებს და  ათასნაირ პირობითობებს ან რეგულაციებს, რაც ერთის მხრივ ზრდის დაცულობას, მაგრამ მეორეს მხრივ ზღუდავს თავისუფლებას. თანამედროვე ადამიანი იმ სულიერ მდგომარეობაშია, რაც გალაქტიონმა გამოხატა შემდეგი სტრიქონებით: 
„მაგრამ მე რა ვქნა, მე ვისაც სული,
 აწეწილი მაქვს მძიმე ქარებით,
ვინც აღტაცება არ ვიცი სრული,
არც სიხარულით, არც მწუხარებით“.
თანამედროვე ადამიანი რომ რელაქსირებულ მდგომარეობამდე მივიდეს, ჯერ უნდა ჩამოიფერთხოს და განტვირთოს ის სულიერი ნაგავი, რაც ყოველდღიურ რუტინას, შფოთვას, სტრესს, იმედგაცრუებას, გადარჩენისათვის ზრუნვას, ჩახლართულ პრობლემებსა და სასოწარკვეთას, აბსურდულ პირობითობებსა და ხვალინდელი დღის გაურკვევლობას შეიცავს. კაფკას, მიუზილის, კამიუს, სარტრის, დოსტოევსკისა და სხვათა ნაწარმოებების პერსონაჟების  განცდები კაცობრიობის ყველა კუნჭულის ადამიანთა სულსა და გულში შეიჭრა. თანამედროვე ადამიანის თავშესაფარი ცხოვრებისეული რუტინაა თავისი პოლიტიზირების მაღალი ხარისხით, სერიალებით, ნიუსებით, მოარული ჭორებითა და ცნობილ  „ვარსკვლავთა“ სკანდალური ისტორიებით, შოუებითა და შოპინგებით, სპორტული სანახაობებითა და მასობრივი მიტინგებით, დისკოტეკებითა და ტურისტული თავგადასავლებით ადამიანისგან ერთის მხრივ მოითხოვენ იყოს უნიკალური, განუმეორებელი და შემოქმედებითი, მაგრამ მეორეს მხრივ იგი უნდა ჩაჯდეს გარკვეულ სტანდარტებში, რაც სრულიად გაუცხოებული ძალებისა და ინსტანციების მიერ არის დადგენილი. ადამიანი ბევრი შეზღუდვისა და უსამართლობისგან თავისუფლდება, მაგრამ ამით კიდევ უფრო განპირობებული ხდება ახალი შეზღუდვებით, კიდევ უფრო მიბმულია ბიუროკრატიულ აპარატსა, რეგულაციებსა და ინსტიტუციონალურ სტანდარტებზე. ადამიანს სთავაზობენ ახალ-ახალ დასასვენებელ და შვების მომგვრელ საშუალებებსა და ფანტასტურ კომფორტს, მაგრამ იგი კიდევ უფრო ვარდება შფოთვისა და წრიალის ტყვეობაში. გამოდის, რომ რაც უფრო თავისუფლდება ადამიანი რაღაცის ტყვეობიდან, მით უფრო მიებმება იგი მონობას განსხვავებული საგნების ან ვითარებების მიმართ. ეს იმას ჰგავს, როცა ნარკომანი იმკურნალებს და განთავისუფლდება წამალ მიჯაჭვებულობისაგან, მაგრამ მოეძალება ალკოჰოლისადმი მიბმულობა, გაანთავისუფლებენ ალკოჰოლის ტყვეობისაგან და მიებმება ტოტალიზატორს ან ცხენს და ჯირითობას ან ქალებს, ან პოლიტიკას და კიდევ სხვა რაიმეს, რითაც მოხდა წინა ტყვეობის ჩანაცვლება. რატომ ხდება ასე? პრობლემა მიბმულობაშია და არა ნარკოტიკში, ან ალკოჰოლში, ან აზარტულ თამაშებში, ან  ცხენოსნობაში, ან მექალთანეობაში, ან პოლიტიკით დაინტერესებაში და სხვა. ადიქცია (addiction) და ადიქტიურობა ანუ მიბმულობა ეხება არა მხოლოდ ნარკოტიკს, არამედ შრომას და საქმიანობასაც („შრომაჰოლიკი“), შოკოლადსაც და ტკბილეულობას, მეგობართა წრესაც (როცა ვერ იცილებ უხეირო მეგობარს, რომელმაც გაგანიავა) და ადამიანთა ურთიერთობებს და ა.შ. ეს მიბმულობა გაცილებით ფართო თემაა, ვიდრე ალკოჰოლიზმი და ნარკოტიზმი, იგი თავისუფლების თემას ეხება, რადგან ადამიანები გახლართული არიან მიბმულობებში. და  რაშია ნამდვილი თავისუფლების გასაღები? სად არის გამოსავალი, რომ განვთავისუფლდეთ ამ მიბმულობებისა და განპირობებისაგან?  როგორ განვთავისუფლდეთ მიზეზ–შედეგეობრივი, განუწყვეტელი კაუზალობის რკალისაგან ანუ, ინდური ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, სანსარისაგან? სად არის ნამდვილი პასუხი? ოშოს პასუხი მარტივია: მედიტაცია არის პირველი და უკანასკნელი თავისუფლება. თავისუფლება კი ოშოს მიერ განისაზღვრება როგორც „უბრალოდ თავისუფლება“:  როცა ცდილობ გამოიცხოვრო ცხოვრების ყველა მომენტი „აქ და ამჟამად“, როცა არ გაწევს მხრებზე წარსული წყენების ან გადაუწყვეტელი პრობლემების და მომავლის გაურკვეველი ზმანებებისა და ოცნებების მტანჯველი ტვირთი. როცა იგივეობრივი ხარ იმის, რასაც ხედავ, ისმენ, გრძნობ, მოქმედებ და მოიაზრებ: როცა ჭამის დროს ჭამასთან როგორც პროცესთან ხარ გაიგივებული, სეირნობისას სეირნობას მიენდობი, კითხვისას კითხვად იქცევი, სექსის დროს სექსში ხარ მთელი არსებით ჩაძირული, ცხოვრების ნაკადთან სრულად ხარ შერწყმული, საუბრისას მთლიანად საუბრად და მოსმენა–პასუხად იქცევი, ბრაზის დროს ბრაზობ და სიყვარულის ჟამს ჰყვარობ.... როცა ერთს აკეთებ და მეორეს ფიქრობ ან ერთს ფიქრობ და მეორეს აკეთებ და მესამეს გრძნობ, ასეთი გაორებანი და გასამებანი ან ფსიქოსომატური აშლილობებით ან ავარიული სიტუაციებით, ან ურთიერთობათა გაუარესებით ან შემოქმედებითი იმპულსების გაქრობით ან ახალი მძიმე პრობლემების გაჩენით  გიბრუნდება. თავისუფლება იზოლაცია კი არ არის , არამედ იგი შერწყმაა შენს პიროვნულ საწყისებთან, შენი არსების ცენტრთან. ამგვარი გაგებიდან გამომდინარე  ოშომ შექმნა დინამიკური მედიტაციის ტექნიკა.
რა არის დინამიკური მედიტაცია?
დინამიკური მედიტაცია იმით ხასიათდება, რომ თავდაპირველად სპეციალურად იქმნება დაძაბულობის ველი. ჯერ ადამიანი ერთვება ისეთ აქტივობაში, რაც მაღალი ინტესივობით სრულდება, ადამიანი ბოლომდე იხარჯება, ბოლომდე დაცლის თავის დაძაბულობას, ბოლომდე ამოჰყრის ათასნაირ საფიქრალს, ბოლომდე ამოატივტივებს და განტვირთავს დათრგუნვებსა და წყენებს. მხოლოდ განტვირთვისა და შინაგანი განწმენდის შემდეგ ავტომატურად გადადის იგი რელაქსირებულ მდგომარეობაში და მაშინ „დაემართება“ მას მედიტაცია. ჩვეულებრივად ადამიანებს უჭირთ უშუალოდ შევიდნენ რელაქსირებულ მდგომრეობაში, მაგრამ თუკი ისინი ჯერ შევლენ ტოტალურად დაძაბულ მდგომარეობაში, მაშინ ერთ მომენტში დაძაბულობა მიაღწევს პიკს და ავტომატურად დაისადგურებს სიმშვიდე და რელაქსაცია, ორგანიზმს არც კი ექნება სხვა შესაძლებლობა თუ არა რელაქსირებულ მდგომარეობაში ჩავარდნისა. დინამიკური მედიტაცია 4 სტადიისაგან შედგება და ამ ოთხი სტადიიდან პირველი სამი სწორედ უკიდურესი და კრიტიკულ ზღვრამდე მიყვანილი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. ამით მიიღწევა სრული კათარზისი სამ დონეზე: 1) ფიზიკურ დონეზე, 2) ქცევით დონეზე და 3) ენერგეტიკულ დონეზე. მეოთხე სტადია კი არის საკუთრივ მედიტაცია ანუ საკუთარ სიმშვიდესა და სრულ გარინდებაში ჩაძირვა, საკუთარი გარემოს, სხეულის, აზრებისა და გრძნობების სრული გაცნობიერება, მახვილი და უაღრესად ნათელი აღქმა.
პირველი სტადია
იწყებთ ერთდროულად ღრმა და ძალიან სწრაფ სუნთქვას 10 წუთის განმავლობაში, ახდენთ სხეულის სრულ ჰიპერვენტილაციას. თუკი ღრმა და სწრაფი სუნთქვა ერთდროულად არ გამოგდით, მაშინ უპირატესობას სისწრაფეს ანიჭებთ, ცდილობთ ისუნთქოთ სწრაფად, ინარჩუნებთ მაქსიმალურ სისწრაფეს. სწრაფი და ღრმა სუნთქვა აღვიძებს თქვენი სხეულის ენერგიის რეზერვუარს. ამ დროს სუნთქვა ელექტროდენივით დაგივლის მთელ ორგანიზმში. თქვენ მთლიანად ხდებით შესუნთქვა და ამოსუნთქვა, სხვა აზრებიც არც კი მოდის თავში, ტვინი თავისუფლდება აზრებისაგან.
მეორე სტადია
რახან სწრაფი და ღრმა სუნთქვის შედეგად ორგანიზმი დაიტენა ბიოენერგიით, რახან ძალები მოზღვავდა, რახან ამის გამო თქვენ მართლაც ბევრი რამ შეგიძლიათ, მეორე სტადიაზე უნდა მისცეთ სრული თავისუფლება თქვენს სხეულს იმოძრაოს, მიუშვით იგი თვითდინებაზე. ჩაუკვირდით მოქმედების რა იმპულსი გაქვთ და თავისუფლად მიუშვით იგი, მიიყვანეთ ეს მოქმედება მაქსიმუმამდე. შეიძლება ეს იყოს წრიული ბრუნვა, ხტუნვა ან ხელების ქნევა, ამოოხრება ან ამოღრიალება, ტირილი ან სიცილი... რაც არ უნდა იყოს იგი, სხეულს უნდა მისცე ნებადართულობის სიტუაცია და მაქსიმალურად გამოახატვინო მოძრაობით საკუთარი თავი. თუკი პირველ სტადიაში თავი სრულიად გაიგივებული გქონდათ სუნთქვასთან, ამჯერად გააიგივეთ თქვენი თავი სხეულის მოძრაობასთან, იქეცით მოძრაობად, დაკარგეთ თავი მოძრაობაში. თუ ეს მოძრაობა ცეკვის იმპულსია, იქეცით ცეკვად; თუკი სიცილის იმპულსია, იქეცით ხარხარად, ხოლო თუკი ტირილის იმპულსია იქეცით ტირილად და გლოვად და გამოიგლოვეთ ის ტკივილი, რაც გამოგლოვებას მოითხოვს; ეს გახლავთ სხეულთან ერთგვარი თანამშრომლობა. თქვენ გრძნობთ სხეულის ენას, მის პირველად იმპულსს და აძლევთ მას გასაქანს, არ თრგუნავთ მას, არ ჩაახშობთ იმპულსს, რომელსაც სურს ამოხეთქოს სათქმელი, სატირალი, სასაცილო, სამოძრაო, გამოსახატავი.... სხეულის ენა მეტად მდიდარი რეალობაა, მისი სწორი ამოკითხვა და თვითგამოხატვა ერთგვარი მადლია, რითაც თქვენ სხეულისა და სულის ამა თუ იმ ნაწილს მარწუხებისაგან და დათრგუნვისაგან ათავისუფლებთ. ეს მეორე სტადიაც 10 წუთს გრძელდება. აქაც მაქსიმუმის კეთებაა საჭირო, მაგრამ ამჯერად მაქსიმუმი ეხება ამა თუ იმ მოძრაობის თვითგამოხატვას. რახან ამ სტადიაში მთლიანად გადაიქცევით სხეულად და მის მოძრაობად, ცეკვად, სიცილად, ტირილად, ხტუნვად და მაქსიმალურად გამოხატავთ თქვენს შინაგან იმპულსს, ამით ხდება შინაგანი კათარზისი, განწმენდა, ახალი ძალები მოეფინება თქვენს არსებას.
მესამე სტადია
მესამე ნაბიჯი ისევ 10 წუთიანია. ეს სტადიაც პირველი ორის მსგავსად კათარზისს ისახავს მიზნად. ამ დროს გადადიხართ სუფიური მანტრის „ჰუ“–ს ამოყვირებაზე, რითაც ხორციელდება მუცლის მიერ ჰაერის ამოყრა ინტენსიური ამოსუნთქვის მეოხებით. ამ დროს კათარზისის მეოხებით გამონთავისუფლებული ენერგია მიდის შიგნით და ზევით, მაშინ როცა პირველ სტადიაში სწრაფი და ღრმა სუნთქვის დროს ენერგია მიდიოდა შიგნით და ქვევით. ამით მიიღწევა ერთგვარი ენერგეტიკული ბალანსი, რაც  ამზადებს ნიადაგს მედიტაციისათვის.
მეოთხე სტადია
ისადგურებს სიმშვიდე, სიჩუმე და რელაქსაცია. ყველაფერი გაირინდა. ყველაფერი, რაც დათრგუნული იყო, ამოიყარა. შეგიძლიათ მშვიდად უცქიროთ და უშფოთველად, მაგრამ უცხადესი სიცხადით  გააცნობიეროთ თქვენიმე“–ს სიღრმეები, ცხოვრების საზრისი, საკუთარი პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები, სამყაროს რაობა, მარადიულობის შეგრძნება, სხეულისა და სულის ერთიანობა. შეგიძლია მისწვდე ზეცნობიერ სფეროებს, გახდე მოწმე და დამკვირვებელი იმისა, თუ როგორ აკვირდები და იცნობიერებ სამყაროს თავის მთლიანობაში, შენი არსების ცენტრს... მედიტაცია დაგემართება და არა ძალით მოაჩანჩალებ,  სამყაროსთან შერწყმულობის განცდა და სიყვარული დაგემართება, ღმერთი დაგემართება, გადაეცემი და მიენდობი უნივერსუმს. მარადიულობა წამშია ჩატეული, უსასრულობა სასრულში, უკიდეგანო სამყარო ერთ პატარა ატომსა და ელემენტარულ ნაწილაკში, მაკროკოსმი მიკროკოსმში. ამ მდგომარეობის მიღწევა და მისი რეგულარული გამოძახება  უმაღლესი წარმატებისა და ბედნიერების წამებს ქმნის.......
სცადეთ გააკეთოთ დინამიკური მედიტაცია. მაგრამ გთავაზობთ შევიკრიბოთ და ჯგუფურად ვიმედიტიროთ: ამით სასწაულებრივი სულიერი ატმოსფერო იქმნება და მედიტაციური მიღწევები უფრო დამაჯერებელი ხდება.


Комментариев нет :

Отправить комментарий