2.19.2015

მარადიულობის შეგრძნება და სუფიური ტრიალის მედიტაცია


წარმატების 365 დღე
90–ე დღე
ტრიალის მედიტაცია სუფიზმის წიაღში წარმოიშვა. მისი არსი იმაშია, რომ ადამიანი ერთ ადგილზე ტრიალებს და შემდგომ ტრიალით გადაადგილდება ისევე, როგორც დედამიწა ბრუნავს საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო ან კიდევ მზე ბრუნავს საკუთარი ღერძის გარშემო. სიცოცხლის არსი მოძრაობაშია, ხოლო წრიული მოძრაობა მარადიული და უსასრულო მოძრაობის გამოხატულებაა, რადგან წრე მარადიულობის სიმბოლოა. ამდენად ეს ტექნიკა მარადიულობასთან და სამყაროს უსასრულობასთან შერწყმისა და ზიარების ნებას გამოხატავს.  ასეთი ქვეტექსტი იკითხება ამ ტექნიკაში. ეს არის ნათელი ილუსტრირება იმისა, რომ საზოგადოდ მედიტაციური ტექნიკების მოძრაობებსა და ელემენტარულ მენტალურ ქმედებებში გაცილებით ღრმა აზრია ჩადებული, ვიდრე გარეგნულად მოჩანს. მედიტაციური ტექნიკები ადამიანს შემოაბრუნებენ მისივე  საწყისებთან და ჩართავენ უნივერსუმის  უნივერსალურ პროცესებში, რაც საფუძვლად ედება შინაგან ჰარმონიას, წონასწორობასა და სიმშვიდეს, შინაგან განწმენდასა და გაჯანსაღებას.
ტრიალის მედიტაცია შეიცავს სამ ნაბიჯს.
პირველი ნაბიჯი
დღის ნებისმიერ მონაკვეთში,  2–3 საათის უჭმელობის ფონზე, დაიწყეთ ტრიალით ერთ ადგილას. მარჯვენა ხელი ზემოთ აღმართეთ, ხელის გული გაშლილი და ზემოთ მიმართული, ხოლო თითები ერთად შეკრული, მარცხენა ხელი დაბლა დაშვებული და ასევე შეკრული თითებითა და ქვემოთ მიმართული გაშლილი ხელის გულით. დაიწყეთ ტრიალი საათის ისრის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით. მხოლოდიმ შემთხვევაში, თუკი ეს მიმართულება ძალიან არ გესიამოვნად და დისკომფორტის გრძნობა გამოიწვია, მაშინ იმოძრავეთ საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით. იტრიალეთ თვალგახელილმა, ისევე როგორც ბავშვები ტრიალებენ. ტრიალებთ ერთ ადგილას თითქოს თქვენი შინაგანი არსება – „მე“ არის ცენტრი ან ღერძი, ხოლო მოტრიალე სხეული არის ბორბალი, რომელიც ღერძის გარშემო ტრიალებს.
თავდაპირველად 15 წუთი იტრიალეთ ნელ ტემპში. ცხადია გექნებათ თავბუხვევის შეგრძნება, მაგრამ თუ მას გადალახავთ, ნელნელა გაგივლით. ამის შემდეგ 45 წუთის განმავლობაში იტრიალეთ ჩქარა, უფრო და უფრო მოუმატეთ ტემპს. იტრიალეთ დავარდნამდე. თუ სხეულს მოუშვებთ და სპეციალურად არ შეეცვდბით დავარდეთ, თქვენი სხეული მსუბუქად დაეცემა.
მეორე ნაბიჯი
მას შემდეგ რაც  დავარდებით, 15 წუთის განმავლობაში დაწექით პირით მიწისკენ ისე, რომ ჭიპის ადგილი ეხებოდეს მიწას ან იატაკს. წარმოიდგინეთ, თითქოს ერწყმით მიწას ან კიდევ თითქოს ჩვილი ბავშვი ხართ და ეხუტებით დედას, მის მკერდს. თავი მიეცით შინაგან მდუმარებასა და სიჩუმეს. იძირებით თქვენს პირველ საწყისებში, თქვენში გადმოდის ის ძალა და ენერგია, რაც მიწიდან და ჩვენი არსებობის სათავეებიდან მომდინარეობს.
მესამე ნაბიჯი
15 წუთის  ან თუ გნებავთ უფრო დიდი ხნის განმავლობაში თავი მიეცით არ–კეთების მდგომარეობას, არაფერი არ აკეთოთ, მიზანდასახულად არაფერზე არ იფიქროთ, ოღონდ მშვიდად და მიუკერძოებულად ჭვრიტეთ და დააკვირდით თქვენს აზრებს, ემოციებს, სხეულებრივ შეგრძნებებს, ყველაფერს ხილულს და მოსმენადს, რაც თვითონ მიდი–მოდის თქვენს არსებასა და გონებაში  მოცემულ მომენტსა და მოცემულ ადგილას.
ეზიარეთ მარადიულობას!



Комментариев нет :

Отправить комментарий