5.23.2014

მიანათეთ ცნობიერების შუქი დადებით და უარყოფით ემოციებს და დააგროვეთ დადებითი გრძნობები


წარმატების 365 დღე

35–ე დღე

აიღეთ თქვენი ცხოვრების რომელიმე სფერო: ფინანსები, ადამიანებთან ურთიერთობები, სამსახური და დასაქმება (ან დაუსაქმებლობა), ოჯახური ცხოვრება, გართობა, მოგზაურობა და სხვა. გსურთ თუ არა გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა რომელიმე სფეროში, რომელშიც მთლად მყარად ვერ გრძნობთ თავს?

ფურცლის თავში დაწერეთ ეს თქვენი შერჩეული სფერო და მის ქვემოთ ფურცლის შუაში გაატარეთ სწორი ვერტიკალური ხაზი. ხაზის მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის ნეგატიური ემოციები, რაც ამ სფეროში გიგროვდებათ, ხოლო მარჯვენა მხარეს შეადგინეთ დადებითი ემოციების სია. ხომ არ არის უარყოფითი ემოციების დიდი სიჭარბე? ხომ არ გაქვთ რაიმე ერთი ისეთი ნეგატიური ემოცია, რაც ყველა დადებითებს გადაწონის? იქნებ ბალანსშია უარყოფითი და დადებითი ემოციები? იქნებ დადებითი გრძნობები სჭარბობენ უარყოფითს?

ცნობიერების შუქის მინათებით ნეგატიური ასოციაციები ხშირად კარგავენ თავიანთ გაბატონებულ პოზიციას და მსუბუქდებიან. გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ემოციების მართვის სფეროში.

ვისთვისაც ნამდვილად შემაწუხებელია დეპრესიული განწყობილება, გირჩევთ აიღოთ სპეციალური რვეული და მასში ყოველდღიურად ჩაწეროთ 5 ისეთი დადებითი რამ (თუნდაც წვრილმანი), რაც თქვენს ცხოვრებაში ხდება. მაგალითად, მოგიკითხათ ადამიანმა, რომელსაც დიდი ხანია არ შეხვედრიხარ და სხვა ბევრი  რამ, რაც მეტად ხშირად ხდება. რამდენიმე  ხანში გამოგივათ დადებით ხდომილებათა ალბომი, რასაც შეგიძლიათ მიმართოთ და გადაათვალიეროთ. ისწავლეთ ამ და სხვა ხერხებით დადებითი ემოციების დაპროგრამება, დაგროვება და გენერირება. შემდგომ დღეებში მოგაწვდით ემოციური თვითმართვის სხვა ხერხებს.  იცოდეთ, დადებითი ემოციები ისევე ექვემდებარებიან დაგროვებასა და დაზოგვას, როგორც ფული, კაპიტალი. თქვენი დადებითი ემოციები ის კაპიტალია, რომელიც დიდ გავლენას ახდენს თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

დააგროვეთ დადებითი ემოციები და უფრო ხალისით ივლით წარმატების ოღრო–ჩოღრო გზაზე!

 

 
 

Комментариев нет :

Отправить комментарий