5.23.2014

გაანეიტრალეთ კატასტროფული აზრები და ნეგატიური ემოციები


წარმატების 365 დღე

36–ე დღე

შემოგესიათ კატასტროფული აზრები, მძიმე მოგონებები, ნეგატიური განცდები? ხშირად ხდება ასეთი შემოსევები თქვენს ცხოვრებაში? გსურთ გაანეიტრალოთ და შეამსუბუქოთ უნებლიე ნეგატიური ემოციებისა და აზრების ზემოქმედება თქვენზე?  გირჩევთ ახლავე ჩაატაროთ ერთი ასეთი სავარჯიშო:

პირველი ნაბიჯი

სპეციალურად მიუშვით თქვენი აზრები და გრძობები, გამოიძახეთ ის კატასტროფული აზრები, სიტუაციები და ნეგატიური ემოციები, რომლებიც ხშირად გეკვიატებიან, ტვინს გიბურღავენ ან გუნებ–განწყობას ამძიმებენ. მაგალითად: შვილი სახლში მოსვლას იგვიანებს, რა დაემართა, ცუდი რამ ხომ არ მოხდა, ავარიაში ხომ არ მოხვდა.... ? რატომ მითხრა ჩემმა დირექტორმა ეს და ეს და შემარცხვინა ხალხში, რა ჩამორეცხავს ამ სირცხვილს? ნამდვილად ჩავიჭრები გამოცდაზე, რა მეშველება...! ნერვიულობისგან გული მიმდის, გული ბაგი–ბუგობს, აწიოკებული და აფორიაქებული ვარ.... რას აკეთებს ეს მთავრობა, როდის დაგვადგება საშველი, სული ამომხდა ლოდინში.... ეს და სხვა ათასნაირი საზრუნავიდან, ემოციიდან და ფიქრებიდან გამოიძახეთ ერთი ასეთი ნეგატიური აკვიატებული აზრი–ემოცია და ორიოდე წუთის განმავლობაში შეეცადეთ ჩაეფლოთ მასში. აღნუსხეთ რა იგრძენით, როცა სპეციალურად მოიხმეთ ამ ნეგატიურ აზრებსა და ემოციებს.

მეორე ნაბიჯი

გვერდზე გადადევით ეს ნეგატიური მოგონებები და ორიოდე წუთის განმავლობაში შინაგნად გაიხსენეთ და გააჟღერეთ ის მხიარული მელოდია ან მუსიკალური ნაწარმოები, რაც ძალიან გიყვართ და რისი წაღიღინებაც თქვენთვის სიამოვნების მომტანია. კარგად დააფიქსირეთ ეს მუსიკალური ფრაგმენტი.

მესამე ნაბიჯი.

ხელახლა მოუხმეთ იგივე ნეგატიურ აზრებს–რეაქციას–ემოციებს, რასაც სულ ცოტა ხნის წინ ჩაურმავდით და თან ნეგატივის ამ ხელახლა გახსენება–მოგონებას გადააფარეთ ის სასიამოვნო და მხიარული მელოდია, რაც სულ ახლახან შინაგნად გააჟღერეთ.

მეოთხე ნაბიჯი

შეადარეთ რა იგრძენით, როცა შინაგანი მელოდიის ფონზე ან ამ ფონის გარეშე მოუხმეთ ნეგატიურ აზრ–ემოციებს. დააფიქსირეთ, თუ რა ცვლილება მოიტანა მხიარული მელოდიის შეუღლებამ ნეგატიური გრძნობების წარმოდგენასთან. თუ თქვენი შეგრძნებით მან შეამცირა, დააბალანსა ან  გაანეიტრალა ნეგატიური ემოცია ან კატასტროფული აზრები, შემდგომშიც გააგრძელეთ ამ მელოდიის გამოყენება ანალოგიური გავარჯიშებისათვის; თუკი ამ სამხიარულო მელოდიამ არ ითამაშა მატრანსფორმირებელი როლი, მაშინ შეცვალეთ იგი   უფრო ეფექტური მელოდიით ან მუსიკალური ფრაგმენტით.

მეხუთე ნაბიჯი.

ყოველდღიურად 5–ჯერ მაინც გააკეთეთ ამ მხიარული მელოდიისა და ნეგატიური ემოციის ურთიერთ შეუღლების სავარჯიშო 21 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ამისათვის დაგეხარჯებათ სულ ათიოდე წუთი. მაგრამ სწორედ 21 დღის განმავლობაში რეგულარული გავარჯიშება ჩამოაყალიბებს ნეგატიური ემოციისა და კატასტროფული აზრების განეიტრალების სათანადო ჩვევას. ამის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ეს შემუშავებული ჩვევა გამოიყენოთ სხვა ნეგატიური აზრებისა და ემოციების სამართავად.

აითვისეთ ნეგატიური აზრებისა და ემოციების შემსუბუქების ჩვევები და გზა გაგეხსნებათ პოზიტიური აზროვნებისა და გრძნობების სამყაროსაკენ!

                              

 

Комментариев нет :

Отправить комментарий