5.23.2014

დაძლიეთ თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევა სავარჯიშოთი: წარმატება უდრის დიდი სიამოვნებისა და სიხარულის მიღებას უსიამოვნებისა და ტკივილის შემცირების ხარჯზე


წარმატების 365 დღე
37–ე დღე

როგორ მოგწონთ ეს განსაზღვრება? ემხრობით იმას, რომ ეს იყოს არა ერთადერთი, მაგრამ მაინც წარმატებულობის  ერთერთი საინტერესო  განსაზღვრება? მე მგონი, თქვენს შორის დიდი უმეტესობა ხელს მოაწერდა იმას, რომ მიზნად დაესახა ისეთი უნარ–ჩვევების შემუშავება, რაც ტკივილ–უსიამოვნების  შემცირების ხარჯზე სიხარულ–სიამოვნების ზრდას უზრუნველჰყოფს. მაგრამ ვიცი, რომ აქვე დასვამთ კანონიერ კითხვას: მაინც როგორ? შევეცდები ნაბიჯ–ნაბიჯ გავცე პასუხი კითხვას: როგორ?  
                                                                                                       
   ნაბიჯი  პირველი                                                                                                                                              გამოჰყავით ისეთი ქცევა, ჩვევა ან სიტუაციები, რაც პრობლემურია თქვენთვის, თუმცა კი ვერ ახერხებთ ამ პრობლემის გადაწყვეტას. ასეთი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მაგრამ მე შევარჩევდი, მაგალითად, თამბაქოს მოწევას. ის პროცედურა, რასაც თამბაქოსთან მიმართებაში აღვწერ,შეგიძლიათ ანალოგიურად გამოიყენოთ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.   
 ნაბიჯი მეორე    
დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: „რამდენად ნამდვილად მსურს ამ პრობლემის გადაწყვეტა? მაგალითად, რამდენად ნაღდად მსურს თავი დავანებო თამბაქოს მოწევას და  განვთავისუფლდე ამ ჩვევისაგან?“. ეს კითხვა ბევრნაირად მოსინჯეთ და ჩამოშალეთ უფრო დეტალურ კითხვებად: ”საიდან ვიცი და რა მიდასტურებს, რომ მართლაც გულითა და სულით მინდა თავი დავანებო თამბაქოს? ეს სურვილი მართლაც ჩემი სურვილია თუ სხვის მიერ არის ჩაგონებული? რას მოვიგებ, თუკი ამ სურვილს ავისრულებ? რას დავკარგავ, თუკი ეს სურვილი გამიქრა?“ თუკი დავრწმუნდით, რომ ნაღდად და გარდაუვალად გსურთ ამ სურვილის აღსრულება, მაშინ გადადით მესამე ნაბიჯის შესრულებაზე.                                                                                                
ნაბიჯი მესამე
ჩამოწერეთ 2–3 ისეთი უკიდურესი ტკივილი, რაც პრობლემური ჩვევების გაგრძელებას მოჰყვება; ჩვენი შერჩეული მაგალითის შემთხვევაში, წარმოიდგინეთ ის უკიდურესი ტკივილი და დისკომფორტი, რაც თამბაქოს რეგულარულ მოწევას შეიძლება მოჰყვეს. მაგალითად, ვინმემ შეიძლება წარმოიდგინოს, თუ როგორ დაიტანჯება იმ ტკივილებით, რაც შეიძლება  მოჰყვეს ნიკოტინის მიერ წარმოქმნილ სასუნთქი გზებისა და ფილტვების სიმსივნეს ან გულისა და სისხლძარღვების მწვავე დაავადებებს.  მოახდინეთ ვიზუალიზაცია და შექმენით ასეთი ტკივილების სურათი ან წარმოსახვით შეიგრძენით ასეთი უკიდურესი ტკივილები.  ამ უკიდურესი ტკივილის წარმოსახვის მეოხებით „ააყირავეთ“ თამბაქოს ჩვევა და  მოიხმეთ  სიძულვილისა და ზიზღის ის გრძნობა, რაც ფოკუსირდება თამბაქოს მოწევაზე.  
ნაბიჯი  მეოთხე                                                                                                                   ჩამოწერეთ ისეთი 2–3  უკიდურესი სიამოვნება და სიხარული, რაც შეიძლება პრობლემის გადაწყვეტას მოჰყვეს: მაგალითად, სიხარული, რაც შეიძლება შედეგად მოიტანოს თამბაქოს მიტოვებამ. მოახდინეთ ასეთი სიხარულისა და სიამოვნების ვიზუალიზაცია; წარმოისახეთ თქვენი თავი, თუ როგორ ტკბებით, ამაყობთ და კმაყოფილებას გამოთქვამთ თამბაქოს ტყვეობისაგან განთავისუფლებით.                                                                                    
ნაბიჯი მეხუთე  
მას შემდეგ, რაც თქვენ შეაუღლეთ უკიდურესი ტკივილი თამბაქოს მოწევასთან, ხოლო უკიდურესი სიამოვნება და სიხარული   თამბაქოს მოწევის მიტოვებასთან, დაიწყეთ სპეციალური ვარჯიში: 1–1,5 წუთის განმავლობაში წარმოისახეთ დიდი სურათი, რომ თამბაქოს  მოწევის გამო სასტიკად იტანჯებით რეალური უკიდურესი ტკივილებით, მერე სწრაფად „ააყირავეთ ეს“ სურათი და წარმოიდგინეთ, რომ იგი იმსხვრევა ან იფერფლება, ხოლო მის ადგილს სწრაფად იკავებს  ახალი ნათელი სურათი, რომელშიც თქვენ ღებულობთ დიდ სიამოვნებას და განიცდით დიდ სიხარულს თამბაქოს თავის დანებების შემდეგ. დაე, ეს ბოლო პოზიტიური  სურათი გაიზარდოს, გახდეს უფრო და უფრო მკაფიო, დადგეს თქვენს თვალწინ ან პოზიტიური გრძნობები დაგეუფლოთ და  შემოაბიჯოს თქვენს შინაგან სამყაროში. ეს სავარჯიშო ერთ ჯერზე გააკეთეთ ხუთჯერ საშუალოდ 21 დღის განმავლობაში. იცოდეთ: ტვინი მით უფრო სწრაფად სწავლობს, რაც უფრო მკაფიოა წარმოდგენა და სისხლსავსეა თქვენი წარმოსახული ემოცია.                                                                                                                                 
 
ნაბიჯი
თქვენს შიგნით გაიმეორეთ შემდეგი  პოზიტიური აფირმაციები:  
მე თამბაქოს მოწევა  მივატოვე ;                                                                                                      
მე უკვე თავი  დავანებე თამბაქოს;                                                                                                
მე უკვე სრულიად გამოვემშვიდობე თამბაქოს;                                                                                             
 მე უკვე სრულიად განვთავისუფლდი თამბაქოს მოწევისაგან. 
 
მე „წარმატების 365 დღე“–ში უკვე ვწერდი, თუ რატომ უნდა ჩაისვას პოზიტიური აფირმაციები ან აწმყო ან წარსულ დროში და არავითარ შეთხვევაში არ ჩაისვას მომავალ დროში. ამიტომ ამას ამჯერად აღარ განვმარტავ. უბრალოდ საჭიროა აფირმაციები შინაგნად გავიმეოროთ 21 დღის განმავლობაში. 
აუცილებელია კიდევ ერთხელ გაითვალისწინოთ, რომ თამბაქოს მოწევის პრობლემა მაგალითისათვის შევარჩიე, თორემ ეს სავარჯიშო შეგიძლიათ სხვა პრობლემების გადაწყვეტას  მიუსადაგოთ.                                                                                                               
„ააყირავეთ“ უკიდურესი ტკივილის მომტანი მავნე ჩვევები და თვალწინ დაიყენეთ სიხარულის მომტანი პოზიტიური გადაწყვეტილებები, რათა გზა გაგეხსნათ წარმატებისაკენ!                                                                                                                                                                                                                          

                                                                                                                                                                                   

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий