6.04.2014

ნეგატიური ემოცია–ტკივილი როგორც რესურსი სიმსუქნესთან გამკლავებაში.



წარმატების 365 დღე

38–ე დღე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უსიამოვნება და ტკივილი როგორც ნეგატიური ემოციები შეგვიძლია გვერდში ამოვიყენოთ და გამოვიყენოთ ამა თუ იმ პრობლემის გამკლავებისათვის. ჯერ ერთი, მინდა წინა საუბრებში მითითებული გამაძლიერებელი კითხვების როლს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი. კერძოდ, ნებისმიერი ნეგატიური ემოციის აღმოცენებისას გირჩევთ მიეჩვიოთ  შემდეგი გამაძლიერებელი კითხვების დასმას: „რა არის ამ ნეგატიურ გრძნობაში სასარგებლო? რას მიმანიშნებს იგი, რისკენ მიბიძგებს და როგორ დამეხმარება იგი ჩემი მდგომარეობის გაუმჯობესებაში? რას მასწავლის ეს გრძნობა მე?“. მაგრამ შეგვიძლია კიდევ უფრო წინ წავიდეთ. კერძოდ, გამოვიყენოთ ტკივილისა და უსიამოვნების ემოციები ისეთი პრობლემის გადასაჭრელად, როგორიცაა სიმსუქნისა და ჭარბი სმა–ჭამის გამკლავება. ვცადოთ!

ნაბიჯი პირველი                                                                                                                                             ხომ არ გაქვთ თქვენს თავზე იმის დაკვირვება, რომ ზომაზე მეტად ჭამთ, ვერ იცავთ დიეტას, ვერ უძლებთ ცდუნებას მიირთვათ ისეთი კერძები და ნუგბარი, რაც იწვევს გასუქებასა და ფორმის დაკარგვას? სახვალიოდ ხომ არ გადადებთ ხოლმე დიეტის დაცვასა და ზომიერი ოდენობით კვებას? გთხოვთ გამოკვეთოთ თქვენი პრობლემა.

ნაბიჯი მეორე.                                                                                                                                                           წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გააგრძელეთ უზომოდ ბევრი ჭამა და ხარბად მიირთმევთ გამასუქებელ არაჯანსაღ საკვებს; წარმოიდგინეთ ის უკიდურესი უსიამოვნო და მტკივნეული შედეგები, რაც მოჰყვება ამდაგვარ ქცევას. შეაჯერეთ თქვენი ჭარბი და არა–დიეტური კვება მტკივნეული შედეგების წარმოდგენასთან, გააბით ნეირო–ასოციატური კავშირი ამ ორ წარმოდგენას შორის. 5 წუთის განმავლობაში ხუთჯერ წარმოიდგინეთ ეს ასოციაციური წარმოდგენა, როცა ჭარბი და არა–ჯანსაღი კვება შეუღლებულია მტკივნეულ და უსიამოვნო შედეგებთან. წარმოიდგინეთ, თუ რა უზომოდ გასუქდით ჭარბი კვების შედეგად და რაოდენ გაწუხებთ  სხეულის დამძიმების, მოუხეშავი მოძრაობისა და თქვენი სხეულებრივი დეფორმირების მტკივნეული და დიდად უსიამოვნო გრძნობა, თუ როგორი დამცინავი დამოკიდებულება გაუჩნდათ ადამიანებს თქვენდამი ან როგორ ეცოდებით კიდეც მათ; ისიც კი წარმოიდგინეთ, თუ როგორ გეჯავრებათ საკუთარი თავი, როგორ შეირყა თქვენი ჯანმრთელობა ჭარბი კვებისა და სიმსუქნის გამო.  ეს ყველაფერი წარმოისახეთ ხატოვნად, შეიგრძენით ეს გრძნობები მძაფრად.  რეგულარულად გაიმეორეთ ეს ასოციაციური წარმოდგენა 21 დღის განმავლობაში.

ნაბიჯი მესამე                                                                                                                                                   წარმოიდგინეთ ის სასიამოვნო და სასიხარულო შედეგები, რისი განცდაც გექნებათ ზომიერი, ჯანსაღი  და დანაყრებამდე კვების გამოისობით. თქვენს გონებაში დახატეთ  სურათები, თუ როგორ გსიამოვნებთ და გახარებთ მსუბუქად და  გარეგნულად  კარგ ფორმაში ყოფნა, ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა, საკუთარი თავის დადებითი თვითშეფასება, რომ ზომიერად და ჭამას ცოტათი ადრე წყვეტთ, ვიდრე “გაძღომა“ დამდგარა.   ამ  ხატოვანი წარმოდგენებით გაივარჯიშეთ 21 დღის განმავლობაში.                                                                                                                                          

მტკივნეული წარმოდგენებით დასაჯეთ საკუთარი თავი ჭარბი კვების მანერისა გამო, ხოლო სიხარულის გრძნობით დააჯილდოეთ თქვენი პიროვნება ზომიერი კვების ჩვევისა გამო; რაოდენ საამაყოა თქვენთვის, რომ კარგად გამოიყურებით და ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევთ, რომ განთავისუფლდით სიხარბის ტყვეობისაგან!

 

Комментариев нет :

Отправить комментарий