6.11.2014

სხეულის ენა და ნეგატიური ემოციების განეიტრალება

წარმატების 365 დღე
41 - ე დღე
წინა საუბარში ვისაუბრეთ დეპრესიასთან, შფოთვასა და ემოციურ დისკომფორტთან გამკლავებაზე. ისივ ვთქვით, თუ რა როლი აკისრია ამ მხრივ ვიზუალიზაციას, დადებითი მოგონებების მარაგისა და მენტალური "ალბომის" შექმნას. ნეგატიური ემოციების განეიტრალებაში ამ მენტალური ხერხების გამოყენების გარდა სხეულებრივი პროცესების ჩართვასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ემოციას ესა თუ ის სხეულებრივი გამოვლენა და გამოსახულება ახლავს. ემოციები და მისი სხეულებრივი გამოვლენანი იმდენად მჭიდრო კავშირშია, რომ თავის დროზე ფსიქოლოგ უილიამ ჯეიმსისა და ფიზიოლოგ ლანგეს მიერ თეორიაც კი ჩამოყალიბდა, რომლის თანახმადაც სხეულებრივი პროცესები იწვევენ ემოციას. ეს თეორია მეტაფორულად ასე გამოითქმის: "თქვენ იმიტომ კი არ ტირით, რომ გეწყინათ, არამედ იმიტომ გეწყინათ, რომ ტირით". თავის დროზე ეს შეხედულება სამართლიანი კრიტიკის ქვეშ მოექცა, მაგრამ მაინც კიდევ უფრო მოეფინა ნათელი მჭიდრო ურთიერთობას გრძნობასა და სხეულებრივ პროცესებს შორის. თავის დროზე გენიალურმა ჩარლზ დარვინმა სპეციალური წიგნიც კი მიუძღვნა ემოციის გამომხატველ გამოსახულებით მოძრაობებს. ასეა თუ ისეა, საკუთრივ ემოციური მდგომარეობის სხეულებრივი გამომსახველი მოძრაობები უკუზემოქმედებას ახდენენ ემოციათა მიმდინარეობაზე. ემოციური თვითმართვის კუთხით კი სავარჯიშო ასეთია: როგორც კი უარყოფითი განცდები მოგეძალებათ, გარდა იმისა, რომ მოახდინოთ სასიამოვნო მოგონებების ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ წელში გაიმართოთ, ორ - სამჯერ ღრმად შეისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, სახის კუნთებიდან მოხსნათ დაძაბულობა და შეიქმნათ ოდნავ მომღიმარი და კეთილგანწყობილი გამომეტყველება, ჯესტითა და მიმიკით გამოხატოთ მხიარული ადამიანის გამომეტყველება, ისუნთქოთ ისე, როგორც სუნთქავთ მოსვენებულ და მხიარულ სიტუაციაში, სცადოთ თვალებიდან მხიარული და ნათელი მზერა გამოასხივოთ, ჟესტი და მიმიკა მიუსადაგოთ სასიამოვნო და მხიარულ მოქმედებას და ა.შ. ნელ - ნელა თქვენი უარყოფითი ემოციები - დისკომფორტი, შფოთვა და დეპრესია დაიწყებს განეიტრალებას; არ არის გამორიცხული, რომ დადებითი გრძნობებიც კი გეწვიოთ. ისევ მინდა შეგახსენოთ პრინციპი: ყურადღების ფოკუსის შეცვლა იწვევს ემოციის შეცვლასაც. ეს ყველაფერი შეიძლება მოგეჩვენოთ ხელოვნურ მოქმედებად. მაგრამ ეს ასე არ არის: ჩადევით ამ ქმედებაში ის საზრისი, რომ თქვენ თქვენივე ნებით იწყებთ საკუთარი ემოციების მართვას. უფრო მეტიც მინდა გირჩიოთ: განმარტოვდით სარკის წინ, მიიღეთ მხიარული ადამიანის გამომეტყველება, მაქსიმალურად გახსენით ბაგეები იქამდე, თითქოს ტუჩები იხევა, დაიხატეთ სახეზე სიცილის ან ხარხარის გამომეტყველება და ივარჯიშეთ ასე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ამ ვარჯიშებით თქვენ შეიძენთ უნარს გამოათავისუფლოთ სიხარულის გამომსახველი მოძრაობები, მოხსნათ მათზე ბლოკები და ამდენად გამოათავისუფლოთ პოზიტიური ენერგია. თეატრალებს, ალბათ, ამ ტექსტის წაკითხვისას გაახსენდებათ მეიორხელდის კონცეპცია. გახსოვდეთ: ჩვენ გვაქვს განუსაზღვრელი თვითრეგულაციური პოტენციალი! თუ გსურთ კიდევ უფრო დახელოვნდეთ ემოციათა მართვაში, გაიარეთ სპეციალური ტრენინგი "ემოციათა თვითმართვა".







Комментариев нет :

Отправить комментарий