6.04.2014

ემოციური მდგომარეობა განსაზღვრავს წარმატებით იმოქმედებთ თუ წარუმატებლად და ისწავლეთ ნეგატიური ემოციის პოზიტიურით ჩანაცვლება


წარმატების 365 დღე

მე–40 დღე

შეგიჩნევიათ თუ არა, რომ ხალისით და სიყვარულით გაკეთებულ საქმეს დადებითი შედეგი მოაქვს, ხოლო ცუდ ხასიათზე ყოფნა და მძიმე ემოციების ფონზე მოქმედება ნაკლე ეფექტურია ან წარუმატებელია? მაგრამ რამდენად შესაძლებელია მუდმივად იყო კარგ ხასიათზე და თუკი ასეთი რამ შესაძლებელია, როგორ მიიღწევა იგი? სწორედ ამდაგვარი მიღწევის გზებზე მინდა ვისაუბრო. მაგრამ მანამ მინდა ერთი შემთხვევა გავიხსენო ჩემი პრაქტიკიდან. ახალგაზრდა მამაკაცი მოღუშული და დაღვრემილი სახით მეკითხება ფსიქოკონსულტაციური სესიის დროს: „უმუშევარი ვარ, ცოლი მე არ მყავს და შვილი, რამე მეშველება?“ მე ვეკითხები:“რა გსურთ ცხოვრებაში ყველაზე უფრო და სულითა და გულით“. იგი ისევ დაღვრემილი უხასიათოდ მპასუხობს: „ ერთი კარგი ცოლი მომაყვანინა, მყუდრო ოჯახი, კარგი ბავშვები და კარგი სამსახური თუ მექნა, ბედნიერი ვიქნებოდი“. მე ვპასუხობ: „თქვენ ჯერ ბედნიერი უნდა იყოთ, რომ კარგი ქალი გამოგყვეთ ცოლად, კარგი ბავშვები რომ აღზარდოთ და დამსაქმებელმა მაინცადამაინც თქვენ რომ შეგარჩიოთ კარგ სამუშაო პოზიციაზე და არა ასე მოღუშული და დაღვრემილი   ვინმე, ვინც თავისი მოღუშული გამომეტყველებით ხასიათს გაგიფუჭებთ“. ამ ნათქვამით მე მას მივანიშნე, პირველ რიგში, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენივე გუნებ–განწყობა და ემოციური მდგომარეობა ვმართოთ ჩვენთვისვე სასარგებლოდ, და მეორეც, დადებით გუნებ–განწყობასა და პოზიტიური ემოციებს მივყავართ დადებით შედეგებამდე საქმეში, პირად ცხოვრებასა და ადამიანებთან ურთიერთობებში. უფრო მეტიც: თუკი სათანადო დადებითი განწყობილებით რეგულარულად იქნებით გამსჭვალული, წარმატებული იდეები და ახალი შესაძლებლობები ნაკადივით შემოედინება თქვენს ცხოვრებაში. ფორმულა მარტივია: დადებითი განწყობილებები აპირობებენ პოზიტიურ შედეგების ნაკადს თქვენს ცხოვრებაში. ასეა ეს, როგორც იტყოდა დათა თუთაშხია. და მაინც დადებითი ემოციებისა და გუნებ–განწყობის გამოწვევისა და მისი დიდხანს შენარჩუნების რა საშუალებები და ხერხები არსებობს? ხერხები ბევრია. ამ ხერხთაგან სადღეისოდ მხოლოდ ერთს განვიხილავთ.                                  პირველი სვლა.                                                                                                                                                                    თავი მოუყარეთ თქვენს  მხიარულ, გამაძლიერებელ და სასიამოვნო მოგონებებს, რომლებიც ან დიდი ხნის წინ ან უახლოეს წარსულში მოხდა და შექმენით  ამ მოგონებათა მენტალური ალბომი.

მეორე სვლა                                                                                                                                                                              როცა დისკომფორტის, დაღლილობის, მოწყენილობის ან სევდიანობის ემოციები გეწვევათ, ერთ წუთას შეყოვნდით და მოუხმეთ თქვენი მეხსიერების „სკივრს“– დადებით მოგონებათა ალბომს, იქიდან ამოატივტივეთ რომელიმე მოგონება, რაც მხიარულებით, თქვენი სიძლიერით, ან სიამოვნების გრძნობით იყო გაჯერებული. მოახდინეთ ამ მოგონების ვიზუალიზაცია ანუ მხედველობითი წარმოდგენა, მისი ერთგვარი შინაგანი სმენითი  გაჟღერება და იმ გრძნობების ამოტივტივება, რაც იმ მომენტში გქონდათ. ამასთან ერთად გირჩევთ ვიზუალიზაციის დროს თვალები ზევით ასწიოთ,თითქოს ზევით ხედავთ ამ მოგონების შესაბამის კადრს და თქვენს თავს ამ სიტუაციაში; სმენითი წარმოდგენის დროს თვალები შეიძლება გქონდეთ ჰორიზონტალურად ან მარჯვნივ დახრილი, ხოლო გრძნობების ამოტივტივებისა და შეგრძნებისას თვალები დაბლა და უპირატესად მარცხნივ დახარეთ. თვალების ეს მოძრაობები კავშირში არის ვიზუალიზაციასთან, კინესთეზიასთან და აუდიალურ აქტივობასთან. ამით თქვენ ცვლით ყურადღების ფოკუსს და ნაცვლად ნეგატიურისა, დადებით წარმოდგენებზე ამახვილებთ შინაგან მზერას. თვით მაშინაც კი, როცა არ გაწუხებთ ნეგატიური ემოცია 5 წუთის განმავლობაში გააკეთეთ ერთგვარი მედიტაცია თქვენი დადებითი მოგონებების ალბომზე. ეს მედიტაციური სავარჯიშო რეგულარულად ჩაატარეთ სულ ცოტა 21 დღის განმავლობაში.

გახსოვდეთ: ყურადღების ფოკუსის შეცვლა იწვევს გრძნობათა ცვლილებებს, ხოლო ფოკუსის შეცვლა ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომაც ამბობდა ანტიკური ფილოსოფოსი ეპიქტეტე ”ჩვენ გვაღშფოთებენ არა საგნები, არამედ ჩვენივე წარმოდგენები საგნების შესახებ“. არა ჩვენ გვმართავენ ემოციები, არამედ ჩვენ ვიწვევთ ჩვენივე წარმოდგენებით ემოციებს და ამდენად ჩვენვე ვმართავთ მათ. ხოლო როცა ადამიანები გვიმტკიცებენ, თითქოს ემოციები თვითონ მიდი–მოდიან, ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი – ხელი აიღონ ემოციათა მართვისაგან. როგორც დეილ კარნეგი ამბობს, ერთი და იგივე ციხის ვიწრო სარკმელიდან ერთი პატიმარი გამუდმებით უყურებდა ტალახს და ცუდ ხასიათზე იყო, ხოლო მეორე უმზერდა ცაში ვარსკვლავებს და მშვენივრად გრძნობდა თავს.

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий