6.17.2014

დაძლიეთ კატასტროფული მოლოდინები და გააწონასწორეთ თქვენი გუნებ–განწყობა

 წარმატების 365 დღე
43 დღე
წინა საუბარში უსიამოვნო მოგონებების მიერ გამოწვეული ტკივილიანი განცდების მონელების გზები შემოგთავაზეთ. ამჯერად კიდევ ერთხელ კატასროფული მოლოდინების დაძლევაზე ინდა ვისაუბროთ. ვინ იცის რაოდენ ბევრ თქვენთგანს  ჰქონია აკვიატებული კატასტროფული აზრები და მოლოდინები. მართალია, ამ ტიპის აზრები და მოლოდინები ხშირად გადამეტებული მზრუნველობის ფორმით მოგვეჩვენება, მაგრამ ისინი რეალურად არა თუ არ ასრულებელ მზრუნველობით ფუნქციას, არამედ ნამეტნავად დამთრგუნველი  და შემაწუხებელიც კი არის უშუალოდ თქვენთვის და იმისათვისაც კი, ვისაც ეხება ეს ვითომდაც თქვენი მზრუნველობითი დამოკიდებულება. მაგალითად, როცა ქალბატონი კ. ყოველ საღამოს შფოთავს: „რატომ იგვიანებს? რამე ხომ არ შეემთხვა? ვაი, თუ მანქანა რაიმეს დააჯახა...ნამდვილად რაღაც ცუდი დაემართა, თორემ აქამდე ხომ დამირეკავდა.... „ და ა.შ. – ამ დროს არა მარტო ეს ქალბატონია ჩაფლული ამ ნეგატიურ განცდებში, არამედ მზრუნველობის ნაცვლად ამძიმებს მისი მეუღლის ან ქალიშვილის ცხოვრებას, რომელთაც ეხება ეს მისი საშფოთველი.
რეგულარულად ჩაატარეთ ასეთი რამდენიმე ნაბიჯოვანი პროცედურა:
1.      წარმოიდგინეთ ის ნეგატიური სიტუაცია და ამბავი, რაც არ გსურთ მოხდეს, თუმცა შიშის გრძნობით ელოდებით, რომ მაინცადამაინც ეს  მოხდება. შეეცადეთ დაინახოთ კიდეც თქვენი თავი იმ ნეგატიურ სიტუაციაში და შეხედეთ მას გარეგანი დამკვირვებლის თვალით.
2.      ამის შემდეგ შეეცადეთ წარმოიდგინოთ ის პოზიტიური სიტუაცია და ამბავი, რაც ნამდვილად გსურთ მოხდეს, მაგრამ მთლად არ გაქვთ იმედი, რომ მოხდება.  შეეცადეთ დაინახოთ კიდეც თქვენი თავი იმ პოზიტიურ სიტუაციაში და შეხედეთ მას ჯერჯერობით გარეგანი დამკვირვებლის თვალით.
3.      ამჯერად გააკეთეთ მნიშვნელოვანი ნახტომი: შეაბიჯეთ ამ პოზიტიურ წარმოსახვით ნახატში, გარდაისახეთ მასში და ნაცვლად გარეგანი დამკვირებლის პოზიციისა შეეცადეთ ეს პოზიტიური სიტუაცია შიგნიდან შეიგრძნოთ. კიდევ უფრო გაზარდეთ პოზიტიური სურათის ზომები და მისი მკაფიოობის ხარისხი და დატკბით იმ ენერგიის მოზღვავებით, რაც ამ დადებით გრძნობას ახლავს თან.
4.      გააგრძელეთ ამ პოზიტიურ მდგომარეობაში ყოფნა და ამ გადასახედიდან შეხედეთ იმ ნეგატიური მოლოდინის წარმოსახვით სურათს, რაც  პირველი ნაბიჯის დროს წარმოიდგინეთ და დაიწყეთ ამ ნეგატიური წარმოსახვითი ნახატის შემცირება, თითქოსდა წერტილად გადაიქცა, დაიწყო მოძრაობა თქვენგან მოშორების მიმართულებით და შორს, ძალიან შორს გააუჩინარდა.
მე, მაგალითად, წარმოვიდგინე უმუშევრად დარჩენის ნეგატიური სიტუაცია, როცა არც გრანტი მაქვს და არც შეკვეთები აღარ არის, შემდეგ ამის საპირწონედ წარმოვიდგინე წარმატებული და შრომით დატვირთული მომავლის დღეები, როცა თავდავიწყებითა და დიდი სიამოვნებით ვარ ჩართული ჩემს ტრენინგებში;   განვიმსჭვალე იმ გრძნობებითა და ენერგიით, რაც ამ პოზიტიურ ხატთან დაკავშირებით აღმოცენდება; დავაპატარავე უმუშევრობასთან დაკავშირებული წარმოდგენის ნახატი და ნელნელა წერტილად ვაქციე იგი.
გირჩევთ, რომ რეგულარულად აკეთოთ ეს სავარჯიშო მინიმუმ 3 ისეთი კატასტროფების მოლოდინის ემოციებთან დაკავშირებით, რაც რეალურად გაწუხებთ. რაც უფრო რეგულარულად გააკეთებთ ამ სავარჯიშოს, თქვენი არაცნობიერი  მით უფრო გაგრძელებს კატასტროფების მოლოდინის ემოციათა დაძლევას და თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური გუნებ–განწყობის დამკვიდრებას. უარყოფით ემოციათა დაძლევის ამ სამუშაოს თქვენი არაცნობიერი ძილშიაც კი გააგრძელებს.




Комментариев нет :

Отправить комментарий