6.17.2014

მართეთ თქვენი ემოციები: მოკრიტიკე და ბრალმდებელი შინაგანი ხმის რეგულაცია

წარმატების 365 დღე
44–ე დღე
ადამიანს არ შეუძლია უკომუნიკაციოდ, იგი გამუდმებულ დიალოგშია სხვა ადამიანებთან ან საკუთარ თავთან. მას აქვს შინაგანი ხმა. ეს შინაგანი ხმა ხან დაგიყვავებს, ხან გაგახალისებს, ხან ძალებს გმატებს, ხანაც ბრალს გდებს და გაკრიტიკებს, ხანაც გიბრძანებს, ხანაც მხარდაჭერას გთავაზობს. მოკლედ, შინაგან ხმას აქვს მრავალხმოვანება. როცა შინაგანი ხმა დღენიადაგ გადანაშაულებთ ან დამთრგუნველად ჩაგძახით და გაკრიტიკებთ ან თქვენთვის რაიმე სასურველს კატეგორიულად გიკრძალავთ, მისი ამ სახის ზემოქმედება დამასუსტებლად მოქმედებს და დეპრესიულ გუნებ–განწყობას ქმნის. ამიტომაც გთავაზობთ სპეციალურ ხერხს, რათა უვნებელჰყოთ დეპრესიის გამომწვევი შინაგანი ძახილი.
1.      პირველი და ძალზე მნიშვნელოვანია ის, რომ უნდა მოხსნათ საკუთარი თავის  დადანაშაულება იმაში, რომ გჩვევიათ თავის დადანაშაულება, გადამეტებელი თვითკრიტიკა და თვით–აკრძალვები. თუკი თქვენს მოკრიტიკე და მაძაგებელ შინაგან ხმას დაუპირისპირდებით მისივე იარაღით და დაიწყებთ მისი მისამართით თვითდადანაშაულებას, ამას მოყვება თვითდადანაშაულება იმის გამო, რომ ადანაშაულებთ საკუთარ თავს თვითდადანაშაულების გამო და ამგვარად  უსასრულოდ გაიჩენთ თქვენი პიროვნების ახალ ნაწილებს, რომელთაც აღმატებული ხაზით თვითდადანაშაულების პროგრესი ახასიათებს. ეს დაახლოებით იმას ჰგავს, როცა ფობიის მქონე ადამიანს აქვს შიში შიშიანობის გამო და უფრო მეტიც – ეშინია იმის გამო, რომ აქვს შიშიანობის შიში და ასე უსასრულოდ.
2.      რახან მოხსენით საკუთარი თავის დადანაშაულება თვითდადანაშაულების ჩვევისა გამო, გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი: კერძოდ, შეეცადეთ დაინახოთ რაღაც დადებითი თქვენს გადამეტებულად თვით–მოკრიტიკე შინაგან ხმაში. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რა არის დადებითი იმაში, რომ ჩემი შინაგანი ხმა მწარედ ჩამძახის და ყველაფერში მე მადანაშაულებს? თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ამ მწარედ და დამთგრუნველად ზემომქმედ შინაგან ხმას აქვს პოზიტიური განზრახვა, რათა რაღაც სასიკეთოთ შეცვალოთ  შენს ცხოვრებაში; მას აქვს დადებითი და კეთილმოსურნე განზრახვა, მაგრამ მანერა, სტილი, ფორმა და ხერხი ამ განზრახვის რეალიზაციისა აქვს მწარე და დამთრგუნველი. გადაუხადეთ მადლობა თქვენს შინაგან ხმას მისი კეთილმოსურნე განზრახვისათვის და დაიწყეთ მისი მიმღებლობა, შეწყნარება, მაგრამ მიიღეთ გადაწყვეტილება , რათა მართოთ ეს თქვენი შინაგანი ხმა, რათა მან შეცვალოს თავის ფორმა, მანერა, სტილი და დამთრგუნველობა.
3.      რახან შეწყნარება და მიმღებლობა გამოუცხადეთ თქვენს დამთრგუნველ შინაგან ხმას მისი ფარული კეთილი განზრახვისა გამო, ამის შემდეგ გადადგით კიდევ ერთი ნაბიჯი მისივე  მართვის მიმართულებით: დააკვირდით, ვის ხმას წააგავს ის? თქვენი ხმის მსგავსია, თუ თქვენი მშობლების, მასწავლებლის ან ვიღაც სხვა ადამიანის? საიდან მოდის ეს ხმა: ზევიდან ქვემოთ ჩამოგძახის თუ გვერდიდან გებუზღუნებათ? მის ტემპი ჩქარია თუ ნელი, ტემბრი და ინტენსივობა მაღალია თუ დაბალი? მას შემდეგ რაც მის მანერას, სტილს, ინტენსივობასა და ტემპს დაადგენთ, დაიწყეთ მისი მართვა. კერძოდ,  თუ ხმაღალი ხმაა და უხეში, შეეცადეთ  წარმოიდგინოთ, რომ ის თქვენი კეთილმოსურნე მრჩეველია და ჩურჩულით ან ალერსიანი ხმით გთავაზობთ ახლებურად მოიქცეთ; თუ მისი ტემპი ჩქარია და ქაოტური, გადართეთ ნელ ტემპზე; თუ კი  აუტანელი სიტყებით გიტევთ, წარმოიდგინეთ რომ ეს ხმა ნელნელა გშორდებათ, პატარავდება და უსასრულობაში იკარგება. სცადეთ ამგვარი ექსპერიმეტები და გაამდიდრეთ  შინაგანი პროცესების მართვის გამოცდილება. მრავაჯერადი ვარჯიშის შედეგად თქვენი არაცნობიერი თვითონ გააგრძელებს დაწყებულ სამუშაოს და ძილშიაც კი იმუშავებს თქვენთვისვე სასარგებლოდ. უარყოფითი განცდები და შინაგანი ბრალეულობის გრძნობაც დაიხევს უკან.

Комментариев нет :

Отправить комментарий