6.30.2014

შფოთვის გამკლავების შედარებით მარტივი გზა

წარმატების 365 დღე
47–ე დღე
ერთერთ წინარე დღის მასალებში, კერძოდ 45–ე დღის რჩევებში, ვწერდი: ” მე მინდა გახსოვდეთ: ნებისმიერი ნეგატიური ემოცია გადმოვგცემს იმ შეტყობინებას ანუ ე.წ. მესიჯს, რომ იგი თავის თავში ატარებს გარკვეული სახის მოქმედების ბიძგსა და იმპულსს. კერძოდ, ემოციური დისკომფორტის შეტყობინებაა, რომ თქვენს მიერ მოცემული სიტუაციის აღქმაა დაულაგებელი, შეუსაბამო და არაკომფორტული,  ან თქვენივე მოქმედებები არა არიან გამოსადეგნი, რათა დასახულ მიზანს მიაღწიოთ“ . როცა შფოთვისა და გაუთავებელი წუხილის ემოციაზე ვსაუბრობთ, აქ სიტუაცია უფრო გართულებულია, ვიდრე უბრალოდ ემოციური დისკომფორტის დროს. აქ დისკომფორტმა გადააბიჯა ზღვარს და გადაიზარდა  გაუთავებელ შფოთვასა და წუხილში. სწორედ ეს შფოთვა და წუხილი გიგზავნით თქვენ უკვე განსხვავებულ შეტყობინებას: თქვენ გესაჭიროებათ უკვე ახლა გახდეთ უფრო მომზადებული და გაწაფული, რათა გაუმკლავდეთ იმ სანერვიულო და პრობლემურ სიტუაციას, რასაც შეიძლება სამომავლოდ ჰქონდეს ადგილი. აქედან გამომდინარე შფოთვისა და წუხილის დაძლევის გზა ოთხ ნაბიჯს შეიცავს.
1.      შეეცადე კარგად მოიაზრო ის სიტუაცია, რომელიც ესოდენ გაფრთხობს, იწვევს შიშსა და ღელვას და ამასთან ერთად აქვე და გადაუდებლად შეარჩიე, თუ  მენტალურად და ფიზიკურად რა შეგამზადებს ყველაზე უკეთ, რათა ამ რთულ სიტუაციას გაუმკლავდე;
2.      აქტიურად წარმოისახე და დადგი წარმოსახული მენტალური „ფილმი“, თუ როგორ მოქმედებ ეფექტურად იმ რთულ და შფოთვა–წუხილის გამომწვევ სიტუაციაში, როგორ ძლევ დაბრკოლებებს, როგორ გაუსწორდი სირთულეებს და გადაწყვიტე პრობლემური ვითარება;
3.      დაუსვი შენს თავს კითხვა: „ხომ არ არის რაიმე ზიანის ან რისკის შემცველი ის მოქმედებები, რითაც ამ წარმოსახულ “ფილმში“ უმკლავდებოდი  რთულ და შფოთვა–წუხილის გამომწვევ სიტუაციას?“ თუ იგრძენი ან ინტუიტიურად მიხვდი, რომ ასეთი პოტენციური ზიანი ან რისკი არსებობს, მაშინ ისე გადააკეთე ეს წარმოსახული „ფილმი“, რომ საზიანო რისკები შემცირდეს და გაქრეს.
4.       თუკი არავითარი ზიანის შანსი არ არსებობს, მაშინ გაარძელეთ ყოველდღიურად ამ წარმოსახული „ფილმის“ მენტალური „გაშვება“ და თანაც პარალელურად მიიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება: რახან უკვე მომზადებულად გრძნობთ თავს ამ რთული სიტუაციის გასამკლავებლად, შეწყვიტეთ შფოთვა–წუხილი და „გააღეთ შინაგანი კარები“, რათა  დადგეს კიდევაც ის რთული სიტუაცია, რისთვისაც ადრე სათანადოდ არ იყავით მზად და ახლა კი სრულ მზაობაში იმყოფებით.
ეს სავარჯიშო გაცილებით მარტივია, ვიდრე ის, რომელიც ამის წინა 46–ე დღის სავარჯიშოში შემოგთავაზეთ “საუკეთესო  ხერხი, რათა  გაუმკლავდეთ  შიშიანობასა  და  შფოთვიანობას“. სამაგიეროდ მაშინდელი სავარჯიშო უფრო ეფექტურია, მაგრამ რახან შეიძლება მისი  დამოუკიდებლად გაკეთება რთული აღმოჩნდეს, მზად ვარ პირადი მომართვადობის შემთხვევაში დაგეხმაროთ. თუკი მაინცადამაინც დამოუკიდებლად გსურთ იმოქმედოთ, მაშინ ეს უფრო მარტივი გზა დაგეხმარებათ.


Комментариев нет :

Отправить комментарий