7.21.2014

რწმენა და წარმატება

წარმატების 365 დღე
61–ე დღე
მახსოვს, საბჭოთა პერიოდში რუსულად გამოდიოდა სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალი Знание сила”. ჟურნალის ეს სახელწოდება გახლდათ ფრენსის ბეკონის სიტყვები და ევროპულ სამყაროში განმანათლებლობის ეპოქის სულისკვეთებით იყო წარმოთქმული. განმანათლებლობის პერიოდის  ერთი დამახასიათებელი თვისება ის გახლდათ, რომ ხაზს უსვამდა ცოდნის პრიმატს რწმენაზე. ხშირად ვფიქრობდი იმაზე, თუ რა უფრო გვმატებს ძალას – ცოდნა თუ რწმენა. მახსენდება ერთი ფილოსოფიური არგუმენტი, რომ ცოდნას ვერ შეიძენ შემეცნებითი  აქტის მეოხებით, თუკი იმთავითვე არ გაქვს რწმენა, რომ სამყარო შემეცნებადია. ეს არგუმენტი სწორედ რწმენის პირველადობას უსვამდა ხაზს. ამიტომაც ამ არგუმენტის მიხედვით ძალა არა იმდენად ცოდნაშია, რამდენადაც რწმენაში. ალბათ ყველაზე სწორი იქნება, თუ პიროვნული სიძლიერის გასაღებს ერთდროულად რწმენასა და ცოდნაში დავძებნით. რწმენა ძალიან სუბიექტურად განსაზღვრული აქტია. რწმენა ნიშნავს გწამდეს; ვერავინ ვერ ჩაგინერგავს რწმენას, თუკი თვითონ არ იწამე. ამ კუთხით  არაფრის მთქმელი შეიძლება აღმოჩნდეს ფრაზა: „ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს“. შენ გაგაძლიერებს არა ღმერთი თავისთავად, არამედ შენი რწმენა ღმერთისადმი, ხოლო ეს რწმენა შედეგია იმის, რომ იწამებ. როგორ ან რატომ გაგაძლიერებს ღმერთი, თუკი უღმერთო ხარ და არ გწამ მისი? იმავდროულად, რომ იწამო –  უპირობოდ უნდა მიენდო უფალს. უპირობო ნდობა  კი ნიშნავს იმას, რომ რწმენა თავისთავადია და არ შეიცავს სანაცვლოდ რაიმეს მიღების სურვილს, გარიგებას, ვაჭრობას. ამ სახის მინდობა უპირობო სიყვარულის ტოლფასია. ამიტომაც ღმერთი თავად არის სიყვარული და მისი რწმენაც სიყვარულია.  ის, რომ ათასნაირი არგუმენტები ეძებო და მოიპოვო რაიმე საბუთი ღმერთის არსებობისა და მისი თავისებურებების შესახებ, ეს აბსურდია და ტერტულიანეს გენიალური ფრაზის არ იყოს „მწამს, რამეთუ აბსურდია“. რწმენა იწყება იქ, სადაც გონება უძლურია სწვდეს ჭეშმარიტებას; რწმენა საჭიროა მაშინ, როცა ადამიანი განიცდის  სხვადასხვა მატერიალური ან არა–მატერიალური რესურსების დაფიციტს (ვთქვათ, ბიზნესში ან პოლიტიკაში). მართლაც თუკი რომელიმე პოლიტიკოსს თავსაყრელი აქვს ფინანსური, სოციალური კავშირების, ადმინისტრაციული  სახის რესურსები და ებმება არჩევნებში, მას რაში სჭირდება სპეციალურად იზრუნოს შინაგანი რწმენის  ამაღლებაზე. მან შეიძლება სცადოს სხვებს ჩაუნერგოს რწმენა თავისი პროგრამის უპირატესობაში, მაგრამ საკუთრივ თვითონ ძალზე თვითდაჯერებულია რესურსების სიუხვის გამო. მაგრამ თუ ავიღებთ მხერთმთავარს, რომელსაც ძალზედ შეზღუდული მატერიალური და ადამიანური რესურსები აქვს, ხოლო მოწინააღმდგე რაოდენობრივად აურაცხელია და რესურსებით ფრიად აღჭურვილი, მას უსათუოდ სჭირდება პირველ რიგში გამარჯვების შინაგან რწმენას მოუხმოს, ხოლო შემდეგ თანამებრძოლებშიც გააღვივოს რწმენის ნაპერწკალი.
რწმენაზე უსასრულოდ შეიძლება ვისაუბროთ. მაგრამ ჩვენ აქ გვაინტერესებს რწმენის კავშირი წარმატებასთან. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი უილიამ ჯეიმსი წერდა: „რწმენა ქმნის რეალურ ფაქტს“.  რისიც გულით და სულით გწამთ, ის ხდება თქვენი რეალობა. ბიბლიაში ეს ფორმულირდება შემდეგნაირად: „რწმენითა შენითა მოგეცეს“. თუ თქვენ მთელი არსებით დარწმუნებული ხართ, რომ თქვენი ბედისწერაა მიაღწიოთ გრანდიოზულ წარმატებებს, მაშინ თქვენი მიზნების მისაღწევად ბრძოლას მაშინაც კი გააგრძელებთ, როცა ხელშემწყობი პირობები არ არის და გამარჯვების შანსებიც იწურება. ამიტომაც თქვენი შეჩერება შეუძლებელი ხდება. ხოლო თუკი თქვენ გწამთ, რომ წარმატება უხვი ფინანსური და სხვა მატერიალური ან არა–მატერიალური რესურსების, უბრალო გამართლების ან იღბლის შედეგია, მაშინ მცირეოდენი დაბრკოლებაც კი გამოგიყვანთ მწყობრიდან. სწორედ   რწმენაა ის ძალა,  რაც წაგმართავს ან წარმატების ან კი დიდი მარცხისაკენ.
სამყაროს მიმართ ადამიანთა საბაზო რწმენა ორი სახისაა. რწმენის პირველი სახეობა გულისხმობს კეთილგანწყობილ საბაზო დაშვებას, რომ სამყარო აღსავსეა შესაძლებლობებით, რომ იგი მეგობრულად კარს უღებს ყველას, რომ დადებით ურთიერთობებათა და კეთილგანწყობილ არსებათა არეალია. ვინაც ასეთი რწმენის მატარებელია, იგი ცდილობს პირველ რიგში ადამიანებში დადებითი დაინახოს; ამავე დროს ის ოპტიმისტია; მას არა მხოლოდ მომავლის სწამს, არამედ ადამიანებსაც ნდობის თვალით უყურებს და საკუთარ ძალებში რწმენაც  ახასიათებს. წარუმატებლობისას ფარ–ხმალს არ ჰყრის და სათანადო გაკვეთილები გამოაქვს, მეტწილად პერსონალურ პასუხიმგებლობას იღებს მარცხზე და ღიაა სიახლისადმი. იგი შეიძლება შეეცადოს წარსული შეცდომებისა და წარუმატებლობის გარდაქმნას სამომავლო წარმატებისათვის. რწმენაასეთ სახეობას მასტიმულირებელი ან, მეორენაირად, გამაძლიერებელი რწმენა ეწოდება. მისი გამოხატულებაა ვითარება, რომელიც  გაჟღერებულია შემდეგი ტიპის ფრაზებში: „ყველაფერი გამომივა“, „ნამდვილად შევძლებ....“, „ვიმსახურებ და კიდეც მივაღწევ“, „ირგვლივ აურაცხელი შესაძლებლობებია“, „სამყარო ჩემზე მუშაობს“, „მინდა და მივაღწევ“, „დაბროლებები ბევრია, მაგრამ დაძლევის გზებიც აურაცხელია“, „ალტერნატივები და არჩევანი დიდია“ და სხვა.
მეორე სახის რწმენა სამყაროს არაკეთილგანწყობილების დაშვებას და მასში მტრული  ძალების სიჭარბის დაშვებას ეყრდნობა. სამყაროს ასეთი სახის ხედვის დამახასიათებელი თვისება ნეგატივიზმსა და პესიმიზმში გამოიხატება.  ასეთი ადამიანები ყველგან და ყველაფერში უბედურებას, უსამართლობასა და ადამიანთა მიერ სხვა ადამიანების ჩაგვრას ხედავენ. ისინი ყოველთვის სხვას აბრალებენ საკუთარ წარუმატებლობას ან თვლიან, რომ იღბალი არ სწყალობთ. მათ უადვილდებათ საკუთარი თავი გარემოებათა მსხვერპლად აღიქვან. მათ ნაკლებ ახასიათებთ სხვათა სიყვარული და სხვებზე ზრუნვა.  ისინი პესიმისტები არიან. თვლიან, რომ არაფერი არ გამოუვათ, ძალისხმევას აზრი არა აქვს. ასეთი სახის რწმენას შემზღუდავი ან, მეორენაირად, დამასუსტებელი რწმენა ეწოდება. ამ რწმენათა ძირი  თავის დაზღვევასა და საშიშროებისაგან განრიდებაშია. იგი გამოიხატება ფრაზებით: „ამას ვერ შევძლებ“, „მაინც არაფერი გამომივა“, „აზრი არა აქვს მცდელობას“, „ცხოვრება ტანჯვაა“, „ვინც მდიდარია, ისედაც გამდიდრდება, ვინც ღარიბია, მაინც ღარიბი დარჩება“, „ამ მთავრობის ხელში რა უნდა გააკეთო“, „სად მაქვს მე ამის თავი“, „ეგღა მაკლია, ტყუილად მქონდეს იმის იმედი, რაც მაინც არ გამოვა”, „საშველი მაინც არ არის“, „არის კი რაიმე გამოსავალი?“ და სხვა.
გამაძლიერებელი ანუ მასტიმულირებელი რწმენები წარმატების მიღწევისკენ წარმართავენ ადამიანებს, ხოლო შემზღუდავი ანუ დამასუსტებელი რწმენანი წარმატების მიღწევის ნაცვლად წარუმატებლობისა და მარცხის არიდებისაკენ, თავის დაზღვევისაკენ არიან ორიენტირებულნი. მოკლედ, წარმატებასთან დაკავშირებით ადამიანს შეიძლება ჰქონდეს 2 სახის მოტივაცია: 1) წარმატების მიღწევის და 2) წარუმატებლობის თავის არიდების. პირველ შემთხვევაში მიღწევის იმპულსი განსაზღვრავს ადამიანის აქტივობას, ხოლო მას მხარს უბამს გამაძლიერებელი ანუ მასტიმულირებელი რწმენანი. მეორე შემთხვევაში წარუმატებლობის შიშის იმპულსია წამყვანი და იგი სათავეს იღებს შემზღუდავ ანუ დამასუსტებელ რწმენაშიახლა უკვე თქვენი არჩევანია: ერთის მხრივ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დაზღვეულობა და უსაფრთხოება და ფართო გასაქანი მისცეთ თქვენს შემზღუდავ რწმენებს, რაც ისედაც უხვად არის თქვენში ჩაბუდებული; შედეგად მიიღებთ მეტ დაცულობასა და სტაბილობას იმის ხარჯზე, რომ თქვენს ცხოვრებაში ადგილი არ ექნება ახალ პოზიტიურ ცვლილებებსა და წინსვლას; მეორეს მხრივ, თქვენ შეგიძლიათ უხვად მოუხმოთ გამაძლიერებელ ანუ მასტიმულირებელ რწმენებს და ამის საფუძველზე აირჩიოთ რაიმეს მიღწევა, რაც მიზანდასახულობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს; შედეგად მიიღებთ პოზიტიურ ცვლილებებს გარკვეული რისკების გაწევის ხარჯზე. არის მესამე გზაც: იგი გულისხმობს იმ შემზღუდავი რწმენების შეზღუდვასა და შემცირებას, რომლებიც აფერხებენ წინსვლისა და მიღწევის მოტივაციასა და აქტივობას, მაგრამ ამავე დროს იმ მასტიმულირებელი რწმენების ფრთების შეკვეცას, რომლებიც გადამეტებულად უბიძგებენ ადამიანს გადაიჩეხოს ფანტაზიებში და დაკარგოს რეალობის გრძნობა.  აქ კი საჭიროა სხვადახვა ტექნიკებისა და სავარჯიშოების გამოყენება; თუ დაგჭირდათ, მზად ვარ გემსახუროთ.
არჩევანი თქვენზეა!                

                                  

Комментариев нет :

Отправить комментарий