7.07.2014

სიყვარული: სიცოცხლისა და წარმატების ალფა და ომეგა

წარმატების 365 დღე

56–ე  დღე
ჩვენ ნეგატიური ემოციების გამკლავების გრძელი გზა გამოვიარეთ და თითქმის 20 დღის განმავლობაში – 30–ე დღიდან 55–დღემდე სხვადასხვა ნეგატიური ემოციის დაძლევის საშუალებებს გავეცანით. მაგრამ ნეგატიურის დაძლევის გზა არ არის წარმატების მიღწევის ერთადერთი საშუალება. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გავუმკლავდეთ ნეგატიურს, არამედ უნდა დავეუფლოთ პოზიტიური ემოციების კულტივირების ტექნიკებს, რათა უფრო სრულყოფილად ვიაროთ მატერიალური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობის გზაზე. პირველ რიგში კი სიყვარულს შევეხები როგორც არა მხოლოდ წარმატების, არამედ საზოგადოდ სიცოცხლის ალფასა და ომეგას, საწყისსა და ბოლოს. სიყვარული ცხოვრების საწყისია მეტაფიზიკურად, რელიგიურად, ბიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად, სოციალურად და ხელოვნების, კულტურის კუთხითაც. სიყვარული მეტაფიზიკურად  იმდენად  არის სიცოცხლის საწყისი,  რომ ორი საპირისპირო ძალის შერწყმის უნივერსალური პრინციპის გამოხატულებაა: ინ–ისა და იან–ის, მდედრისა და მამრის, ზეციურისა და მიწიერის და საერთოდ ყოველგვარი მეტაფიზიკური  წინააღმდეგობრივი ძალების ჰარმონიულ ერთიანობას აღნიშნავს. იგი შემაერთებელი ძალაა და არა გამთიშავი, აღმშენებლობითია და არა დამანგრეველი. იგი რელიგიურად იმდენად არის სიცოცხლის საწყისი, რამდენადაც ღმერთი თვითონ არის სიყვარული. ყოვლადსიყვარულის იდეა და პრინციპი სწორედ რელიგიური ხედვებითა და გრძნობებით იკვებება. ბიოლოგიურად იმდენად არის სიყვარული სიცოცხლის წყარო, რამდენადაც სქესობრივი დიმორფიზმი მდედრისა და მამრის შერწყმას განაპირობებს, როგორც სიცოცხლისა და გვარის გაგრძელების ძირეული ინსტინქტის გამოვლენას. ფსიქოლოგიურად იმდენად არის სიყვარული სიცოცხლის წყარო, რამდენადაც აფილაციური ანუ დადებითი და გულთბილი ურთიერთობების უმაღლესი სახეობაა, რაც ცხოვრების საზრისის დადგენას განაპირობებს. სოციალურად იმდენად არის სიყვარული სიცოცხლის წყარო, რამდენადაც იგი ქორწინებით და ოჯახურ თანაცხოვრებას, თაობებს შორის მემკვიდრეობითობას და შემდგომადობას, საზოგადოების აღმშენებლობასა და განახლებას ედება საფუძვლად. ხელოვნებისა და კულტურის კუთხით კი იმდენად არის სიყვარული სიცოცხლის წყარო, რამდენადაც მთელი მხატვრული ლიტერატურა, ფერწერა, მუსიკა, ქანდაკება, თეატრი და კინო, არქიტექურა და ხელოვნებისა და კულტურის პროდუქტთა უდიდესი ნაწილი სიყვარულის თემას უტრიალებს, მისით იკვებება. მართლაც ისეა, როგორც დიდი შოთა ამბობს „სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს“.

„გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“ – ამბობს ძველი აღთქმა. სიყვარულის იდეა კიდევ უფრო გააფართოვა სახარებამ და ქრისტესეული „გიყვარდეს მტერი შენი“ ამ უდიადესი გრძნობის უმაღლესი პრინციპია. მაგრამ მოდით, კიდევ უფრო გავაფართოოთ მრავალი მიმართულებით საწყისი ფორმულა. რატომაც არა? ყოველ შემთხვევაში მე გთავაზობთ დავფიქრდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ფორმულირებათა ღირებულებაზე: „გიყვარდეს საქმე შენი, ვითარცა თავი შენი“; ან „გიყვარდეს სამშობლო შენი, ვითარცა თავი შენი“; ან „გიყვარდეს შენი გარემომცველი ბუნება, ვითარცა თავი შენი“; ან „გიყვარდეს მცენარეები და ცხოველები, ვითარცა თავი შენი“; ან „გიყვარდეს პლანეტა შენი, ვითარცა თავი შენი“ და სხვა. აზრი აქვს თუ არა ამდაგვარ ფორმულირებებს, ეყრდნობა თუ არა ის რაიმე ემპირიულ საფუძველს? ცხადია, რომ აზრი აქვს, რადგან მხოლოდ ის ადამიანები აღწევენ მაღალ პროფესიონალიზმს, ვისაც თავის საქმესთან  იმდენად გაიგივებული აქვს თავისი თავი, რომ იგი უსაზღვროდ უყვარს. იგივე შეიძლება ვთქვათ ნამდვილ პატრიოტზე, ვისაც საკუთარ თავსავით უყვარს სამშობლო და შეიძლება საკუთარი სიცოცხლეც კი დათმოს ამ სიყვარულისათვის. ყველა ამ  ფორმულაში პირველი თანწყობილი წინადადება იცვლება, მეორე კი უცვლელია –„ვითარცა თავი შენი“.  „გიყვარდეს .... ვითარცა თავი შენი“ გულისხმობს, რომ თვითსიყვარული და თვით–მიმღებლობა უცვლელია, ინვარიანტულია. კონტექსტში იგულისხმება, რომ ვერ შეიყვარებ სხვას, მოყვასს, მტერს, საქმეს, სამშობლოს, ბუნებას, მცენარეებსა და ცხოველებს, პლანეტას, თუკი არ გეყვარება საკუთარი თავი. უფრო დეტალურად კი შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მხოლოდ იმ ზომით არის გარესამყაროს სიყვარული და მიმღებლობა შესაძლებელი, რა ზომითაც საკუთარ თავს ვყვარობთ და ვმიმღებლობთ. თუკი შენ საკუთარი თავი გეჯავრება და არ შეგიძლია მისი უპირობოდ მიმღებლობა, მაშ როგორ შეგიძლია შეიყვარო სხვა,  ვინაც შენგან ძალიან განსხვავდება. მითუმეტეს როგორ შეიყვარებ სამშობლოს, საქმეს, მცნარეებსა და ცხოველებს, პლანეტას..... როგორ შეიყვარებ სამყაროს თავის მთლიანობაში, თუკი არ შეიყვარე მისი შემადგენელი უმცირესი, მაგრამ შენთვის ყველაზე მისაწვდომი და ახლობელი ნაწილი,როგორიცაა „თავი შენი“? თუკი ავიღებთ სიყვარულისა და მისი საპირისპიროს – სიძულვილის ღერძს, ხოლო მეორეს მხრივ მე–ს (საკუთარ თავს) და სხვას, შეგვიძლია ავაგოთ მატრიცა, სადაც გამოიყოფა 4 ვარიანტი საკუთარი თავისა და სხვისი ან სიყვარულის ან სიძულვილის თვალსაზრისით:

1)      მიყვარს საკუთარი თავი, მიყვარს სხვა

2)      მიყვარს საკუთარი თავი, მაგრამ მძულს სხვა

3)      მძულს საკუთარი თავი, მაგრამ მიყვარს სხვა

4)      მძულს საკუთარი თავი, მძულს სხვა

ამ ოთხი ვარიანტიდან მხოლოდ პირველია ის, რომელიც გამოხატავს აუტენტურ, ნაღდ სიყვარულს: სიყვარული გადმოცემულია მის ტოტალობაში, რადგან სიყვარულით სავსეა საკუთარ თავთან და სხვებთან ურთიერთობა; მეორე ვარიანტი გულისხმობს ეგოიზმს, როცა საკუთარი თავი გიყვარს სხვისი სიძულვილის ან მისდამი გულგრილობის ხარჯზე; მესამე ვარიანტია თვითგვემა და თვითსიძულვილი იმის ხარჯზე, რომ სხვას ფიანდაზად ეგები, მოესიყვარულები, ასიამოვნებ, მაგრამ თვითსიძულვილი მაინც ისეთი მძიმე უკან დამქაჩავი ძალაა, რომ ნამდვილი სხვისი სიყვარულის ნაცვლად ბოღმანარევი  გრძნობები გაკავშირებს ამ სხვებთან; მეოთხე ვარიანტი ტოტალური კაცთმოძულეობაა, როცა არც   სხვა გიყვარს და არც საკუთარი თავი, სხვასაც გაურბიხარ და საკუთარ თავსაც. რუს პოეტს ბალმონტს სულის ეს მდგომარეობა ასე აქვს გადმოცემული:

„Я ненавижу человечество,

Я от него бегу спеша,

Мое единственное отечество,

Моя пустинная душа».

იმდაგვარ სიყვარულს, როცა საკუთარი თავიც გიყვარს და სხვაც გიყვარს, კულტივირება სჭირდება. კულტივირება ამ შემთხვევაში არა მხოლოდ გაფრთხილებასა და მოვლას გულისხმობს, არამედ განვითარებას, გავარჯიშებას, აქტუალიზაციასა და რეალიზაციას, გამოხატვას, გაძლიერებას. სიყვარული ვერ იქნება სიყვარული, თუ ის ინერტულ, უმოქმედო, ლატენტურ მდგომარეობაშია, მას გამუდმებული გამოხატვა, ამოქმედება და განვითარება სჭირდება. სწორედ ეს იგულისხმება კულტივირებაში.

სიყვარულის კულტივირება გულისხმობს სამი კითხვის დასმას საკუთარი თავის მისამართით და სამი გადაწყვეტილების მიღებას:

1.      კითხვა : როგორ მოვაქციო მთელი ჩემი ყურადღების ფოკუსში თვითსიყვარულისა და სხვათა სიყვარულის, საქმის, ბუნების, ქვეყნის, პლანეტის.... სიყვარულის საკითხები? განაწყვეტილება: გამოჰყავით დღეში ორ–სამჯერ    5  წუთიანი დროითი მონაკვეთი, როცა ზემოთ დასმულ კითხვას დაუსვამთ თქვენს თავს და ჩაუღრმავდებით, ჩაუფიქრდებით  პასუხებს. იცოდეთ: ჩვენი ცვლილებები მთლიანად დამოკიდებულია გადაწყვეტილებაზე და ყურადღების ფოკუსზე. ჩვენ ნელ–ნელა ვხდებით ის, რაზეც ყურადღების ველია მთლიანად  ფოკუსირებული – მთავარია ფოკუსირება და რეგულარობა!

2.      კითხვა: რა მნიშვნელობასა და აზრს ვაქსოვ თვითსიყვარულსა და სხვათა სიყვარულში? რა მიყვარს და რას ვმიმღებლობ საკუთარ თავში, ვინ მიყვარს და რა მიყვარს გარემომცველ სამყაროში, როგორ განვავრცო და განვავითარო ეს თვითსიყვარული და სხვათა  სიყვარული?

გადაწყვეტილება: დღეში ერთხელ მაინც დაუსვით ეს კითხვა საკუთარ თავს და 5 წუთის განმავლობაში თქვენს გონებაში ჩამოთვლეთ რა გიყვართ საკუთარ თავში და რა შეიძლება კიდევ შეიყვაროთ; მათ შორის როგორ შეგიძლიათ მიუტევოთ თქვენს თავს შეცდომები, ნაკლოვანებები და შეიყვაროთ საკუთარი „მე“ თავის წარსულ და მიტევებულ შეცდომებიანად; ჩამოთვალეთ თქვენი გარემომცველი სამყაროდან ვინ და რა გიყვართ და რისთვის გიყვართ, აგრეთვე ვის და რას შეგიძლიათ ამიერიდან დამატებით მიანათოთ სიყვარულის შუქი; მათ შორის განავრცეთ ეს სიყვარული თქვენთვის არასასიამოვნო ან მტრულად განწყობილ პირებზე, მიუტევეთ მათ, ილოცეთ ყველა მათგანის ბედნიერებაზე.

3.      კითხვა: რა ვაკეთო ამ სიყვარულისათვის?  ჩემს კონკრეტულ ქმედებებში როგორ  გამოვხატო თვითსიყვარულისა და სხვათა სიყვარულის გრძნობა, როგორ ავამოქმედო სიყვარულის ეს ენერგია?

გადაწყვეტილება: აკეთეთ სიკეთე, სარგებლობა მოუტანეთ ადამიანებს, კონკრეტული ქმედებებით აიმაღლეთ საკუთარი ღირსების გრძნობა.

უხვად გაეცით სიყვარულის ენერგია  სხვათა, გარემომცველი სამყაროსა და საკუთარი თავის მისამართით –  ენერგიის შენახვისა და მუდმივობის კანონი  გრძნობათა სამყაროშიც  მოქმედებს!

 

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий