7.07.2014

მარტოობის გრძნობა და ურთიერთობათა განახლება


წარმატების 365 დღე

55–ე დღე

მარტოობა ფაქტობრივი მოცემულობაა იმ გაგებით, რომ თითოეული ჩვენთაგანის  ტვინისა და სხეულის შიგნით ეს ერთი არსება ვცხოვრობთ და არავინ ჩვენს გარდა. ჩვენს მაგივრად ვერც ვერავინ დაიბადებოდა და ვერც ვერავინ ვერ მოკვდება, რაგინდ ახლობელი არ იყოს იგი; ჩვენს მაგივრად ვერც ვერავინ ვერ ისუნთქებს, ვერავინ ვერ გამოიცხოვრებს ამ ცხოვრებას, ვერავინ ვერ გამოიტანჯავს შენს სატანჯველს რაგინდ ბევრი გულშემატკივარი და გადაყოლილი ადამიანი არ იყოს შენს გვერდით, და ვერც ვერავინ გაიხარებს იმ სიხარულით, რაც შენი კუთვნილი სიხარულის გრძნობაა. მოკლედ, ერთის მხრივ, ჩვენს არსებობას ამ უკიდეგანო სამყაროში  ტოტალური მარტოობის ბეჭედი აქვს დასმული. მეორეს მხრივ, ჩვენს არსებაში ჩაბუდებულია მთელი სამყარო, მილიონობით სიცოცხლეები, ადამიანები, აწმყო, ცხოველები, წარსული, წინაპრები, ევოლუციის მთელი გზა;  ჩვენი არქიოკორტექსი შეიცავს ინფორმაციას ჩვენი წინარე ცხოვრებების სტადიების შესახებ, არაორგანული ბუნებისა და მინერალების, მცენარეული და ცხოველური სულის  შესახებ;  ჩვენ მატარებელი ვართ ენების და მეტყველების,  კულტურული და მორალური სტანდარტების, რაც გადაკვეთაშია მილიარდობით სხვა ადამიანურ არსებებთან..... ამდენად, ჩვენი არსებობა ტოტალურად სავსეა სამყაროთი თავის საოცარ მრავალფეროვნებაში. ჩვენ ტოტალურად მარტონი ვართ და ამავე დროს ტოტალურად აღსავსე ვართ უსასრულო რაოდენობის სამყაროებით. მართალია ჩვენი ცხოვრება სასრულია, მაგრამ მასში გადაკვეთილია უსასრულო ოდენობის ურთირთკავშირები და ურთიერთზეგავლენები; და როგორც ვაჟა ამბობს:

„ხევი მთას მონებს, მთა ხევსა,

წყალნი ტყეს, ტყენი მდინარეს,

ყვავილნი მიწას და მიწა,

 თავის აღზრდილთა მცინარეს.

და მე ხომ ყველას მონა ვარ,

პირზე ოფლ გადამდინარე...“.

ასეთი ორმაგი ტოტალობის სიტუაციაში ბევრ ადამიანს მოეძალება გაუცხოების, გარიყულობის, მიტოვებულობისა  და  სრული  მარტოობის  გრძნობა. ეს არ არის ცალსახად დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანი მარტოკა ცხოვრობს.  უხვია იმის მაგალითები, რომ მარტოკა მცხოვრები ადამიანი ურთიერთობებში აქტიურად არის ჩართული და ამით ემოციურად სრულ სისავსეს გრძნობს, ხოლო მეორე პირი ოჯახსა და გარემოცვაში უამრავი ადამიანებითაა გარშემორტყმული და მაინც მარტოობისა და მიტოვებულობის გრძნობის ტყვეობაშია. მეორეს მხრივ, არც  მჭიდრო და ინტიმური ურთიერთობების დეფიციტია მარტოობის გრძნობის მკვებავი  წყარო, რადგან  ბევრია  ისეთი  შემთხვევები, როცა ესა თუ ის პირი გამუდმებით იცვლის ინტიმურ პარტნიორებს ზუსტად იმიტომ, რომ მარტოობის  ბაზალური გრძნობა რამენაირად გაანეიტრალოს. მოკლედ, მარტოობის გრძნობის სათავე, ალბათ, პიროვნების სიღრმეებშია და მის უკან ყოველი კონკრეტული ადამიანის  უნიკალური ისტორია დგას. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სხვანაირად დავსვათ კითხვა: რა სიგნალს იძლევა მარტოობის გრძნობა?  მისი ინფორმაცია და  გზავნილი შემდეგია:  მარტოობის გრძნობა გეუბნებათ, რომ თქვენ განიცდით ადამიანებთან კავშირურთიერთობების საჭიროებას, ხოლო მისი ძახილი და მოწოდება ისაა, რომ თქვენ თვითონ პირველმა უნდა  გაუწოდოთ  ხელი ადამიანებს და მოუხმოთ მათ თქვენთან კავშირისაკენ; ისევე, როგორც წყურვილის დროს წყალი თქვენ უნდა დალიოთ და იგი თვითონ არ ჩაისხმება თქვენს ორგანიზმში, ასევე ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის წყურვილის დროს  თქვენ უნდა შეივსოთ იგი და ამისათვის უნდა მოიზიდოთ  და  შემოიყვანოთ თქვენს სამყაროში ეს ადამიანი ან ადამიანები.

დაიწყეთ მოქმედება:

1)      მკაფიოდ განსაზღვრეთ რა ტიპის კავშირი გნებავთ და ვისთან. ინტიმური კავშირი გინდათ თუ მეგობრული? ან იქნებ  ისეთი ადამიანების დეფიციტს განიცდით, ვისთანაც უბრალოდ გაერთობით და იმხიარულებთ? იქნებ გსურთ ვინმემ მოგისმინოთ და გაგიგოთ? იქნებ თქვენ გსურთ ვინმეს მოუსმინოთ და მისი სამყარო გაიზიაროთ? ფაქტიურად თქვენ უნდა გაერკვეთ თქვენსავე ჭეშმარიტ სურვილებსა და მოთხოვნილებებში;

2)      ერთხელ და სამუდამოდ დაუმტკიცეთ თქვენს თავს, რომ მარტოობას თავისი პოზიტიური მხარე გააჩნია. კერძოდ, იგი სულის ძახილია, რომ ადამიანებთან ერთობა გწყურიათ, გსურთ მათ სარგებლობა მოუტანოთ და მათგანაც რაღაც სასარგებლო მიიღოთ, ისწავლოთ და გამოცდილება გაიმდიდროთ.  დააფიქსირეთ, რომ ცხოვრება გაღებისა და მიღების პროცესია, რომ თქვენ გსურთ გქონდეთ   დაბალანსებული ურთიერთობები გაღება–მიღების თვალსაზრისთ; რომ მარტოობისას შანსი გეძლევათ კიდევ ერთხელ ღრმად დაფიქრდეთ ცხოვრების საზრისის შესახებ და რომ ეს საზრისი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობას ეხება;

3)      ყოველგვარი გადადების გარეშე მოუხმე და ხელი გაუწოდე მეორე ადამიანს, რომ დაიმეგობრო იგი.

ამით მე ვამთავრებ ნეგატიურ ემოციათა შესახებ საუბარს. როგორც ყველა წინა საუბარში აღვნიშნავდი, ნებისმიერი ნეგატიური ემოცია (ემოციური დისკომფორტი, შიში, შფოთვა, ბრაზი, იმედების გაცრუება, სასოწარკვეთა, ბრალეულობის კომპლექსი, არასრულფასოვნების განცდა, გადაღლილობა და დათრგუნულობა, მარტოობა) გაწვდით მასტიმულირებელ ინფორმაციასა და გზავნილს, რომ შეცვალოთ ან თქვენი მცდარი და ხელისშემშლელი ხედვა, ან მცდარი და დამანგრეველი ქმედება, ან დესტრუქციული და დამამძიმებელი ურთიერთობა ადამიანებთან. ამ თვალსაზრისით ჩვენი ნეგატიური ემოციები ჩვენივე პოზიტიური ნაწილებია. მათი ტრანსფორმაცია პოზიტივად და ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება გულისხმობს  6 უნივერსალური ნაბიჯის გადადგმას: 1) კარგად განსაზღვრეთ რას განიცდით დანამდვილებით, 2) გააცნობიერეთ  ის, რომ ეს ნეგატიური ემოციები თქვენი საყრდენი და მხარდამჭერი ძალებია, 3)დაინტერესდით თუ რა ემოციისა და გზავნილის მატარებელია ესა თუ ის ნეგატიური ემოცია, 4) გაიხსენეთ თუ როგორ გაუმკლავდით წარსულში ამგვარ ან მის მსგავს ნეგატიურ ემოციას, 5) შეიმუშავეთ რწმენა, რომ თქვენ მას გაუმკლავდებით დღესაც და მომავალშიც და  6) მოქმედებისკენ განეწყვეთ და ნეგატიური ემოციის მასტიმულირებელი გზავნილის მიხედვით იმოქმედეთ კიდეც.


 

 

 

 

Комментариев нет :

Отправить комментарий